სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ში გაივლიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან აფილირებულ SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მათგან კომპანიის საქმიანობის, სტრატეგიის, სამომავლო გეგმების, ასევე, სტაჟირების პროგრამების გავლისა და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია გაიზიარეს.
SOCAR Midstream Gas Operations-ი მზადყოფნას გამოთქვამს მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და პირველ ეტაპზე უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტების ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე ახაგალზრდა მკვლევრები კომპანიის სათავო ოფისსა და საქართველოს წარმომადგენლობაში დასაქმების პერსპექტივით დააინტერესოს.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებთან 2-დღიან შეხვედრაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულებების – ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების, სამშენებლო, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტების ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტები, ასევე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე და შესაბამისი ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები.
სტუდენტებს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ი წარუდგინა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზაზა ბუაჩიძემ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს თანამშრომლობას კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-თან, რაც ჩვენს სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს, უშუალოდ ჩართონ რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მართვის პროცესებში. საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უშუალო მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეს ახალი პარტნიორობა ესახება ერთ-ერთ ყველაზე რეალურ გზად იმისათვის, რომ ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მეცნიერები ჩაერთონ თანამედროვე საინჟინრო გამოწვევების გადაჭრაში და პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა დარგის საერთაშორისო პროფესიონალებისგან მიიღონ. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ის ფაქტი, რომ SMGO მათ არა მხოლოდ სტაჟირებას, არამედ სამომავლო დასაქმების პერსპექტივასაც სთავაზობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმა კომპანიებმა, მათ შორის რეგიონულმა, ახალგაზრდებს რეალური სამუშაო გარემო შესთავაზონ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რაც გრძელვადიანი ინვესტიციაა ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაში. დარწმუნებული ვართ, SOCAR Midstream Gas Operations-ი მათ თანამშრომლობის მაღალ სტანდარტს შესთავაზებს. ასევე, დარწმუნებული ვართ, რომ პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაცილებით ფართომასშტაბიანი გახდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, უზრუნველყოს საუკეთესო საინჟინრო კადრების მომზადება, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მსხვილ ენერგოპროექტებში წარმატებით ჩაერთვებიან“, – აღნიშნა ზაზა ბუაჩიძემ.
SOCAR Midstream Gas Operations-ის ბაქოს და თბილისის ოფისების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებმა – ჯამილა მურსალოვამ, აიტენ მამედოვამ, გუნაი გულიევამ და ნინო მაისურაძემ ახალგაზრდებს 2015 წელს სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის უშუალო მხარდაჭერით დაფუძნებული კომპანიის მისია, მიზნები და სტრატეგიული მიმართულებები გააცნეს. მათი თქმით, SOCAR Midstream Gas Operations-ი რეგიონულ და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს, და ახორციელებს გაზის სახმელეთო ექსპორტის მილსადენებისა და ობიექტების, მათ შორის უმსხვილესი საინჟინრო ნაგებობების – სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP), ტრანსანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენის (TANAP) და ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) მართვა-ზედამხედველობას; როგორც SMGO-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კომპანიის სურვილია მჭიდროდ ითანაშრომლოს ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთა ტერიტორიაზე ტრანსსასაზღვრო მილსადენები გადის და უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისეთ მნიშვნელოვან აქტორთან, როგორიც საქართველოა.
მათი თქმით, SMGO კარიერული განვითარების პროგრამებსა და სტრუქტურებს მაღალ დონეზე აყალიბებს, ქმნის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის სამუშაო პირობებს, რათა სარგებელი მოუტანოს როგორც კომპანიას, ისე თანამშრომლებს. SOCAR Midstream Gas Operations-ის HR-მიმართულების წარმომადგენლებმა კომპანიის სახელით, გამოხატეს მზაობა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით სტაჟირების სხვადასხვა პროგრამა შესთავაზონ.
აზერბაიჯანული კომპანიის საქართველოს ოფისის საინჟინრო მიმართულების მენეჯერებმა – სერგო სამხარაძემ, გიორგი ასანიძემ, მერაბ სალუქვაძემ და იასე სიჭინავამ სტუდენტებს კომპანიის საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეები გააცნეს და იმ ინოვაციურ მიდგომებზე გაამახვილეს ყურადღება, რასაც კომპანია სამუშაო პროცესში იყენებს და ეტაპობრივად ნერგავს ახალი ტექნოლოგიების სახით; მათ შორის ესაუბრნენ SCP-ის კომერციული ოპერატორის ფუნქციებზე, SCP სისტემის კომერციული და ტექნიკური გაფართოების შესაძლებლობებზე, SCP-ის, TANAP-ის და TAP-ის კომერციულ, ტექნიკურ და ოპერაციულ საქმიანობაზე, კომპლექსური ოპერაციული რისკების შემცირებაზე.
მომდევნო დღის შეხვედრა SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებმა ფოკუს-ჯგუფების ფორმატში გააგრძელეს. სტუ-ის სტუდენტები, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, სასურველი მიმართულების ფოკუს-ჯგუფებში გაერთიანდნენ და კომპანიის წარმომადგენელთა ბლიც ამოცანების გადაჭრაზე იმუშავეს.
როგორც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, სხვადასხვა მიმართულების ფოკუს-ჯგუფი კომპანიის მხრიდან მიზნობრივად შეიქმნა, რათა ყველაზე მეტად მოტივირებული და ნიჭიერი სტუდენტები, კურსდამთავრებულები თუ დარგის მკვლევრები პროფესიების მიხედვით გამოავლინოს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი პასუხისმგებლობაა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის ისეთი გარემო შევქმნათ, რომელიც მათ პროფესიულ ზრდას, კარიერულ წინსვლასა და რეალურ დასაქმებას უზრუნველყოფს. ჩვენი ამოცანაა, თეორიული ცოდნა მაქსიმალურად დავაკავშიროთ პრაქტიკულ შესაძლებლობებთან და სტუდენტები თანამედროვე საინჟინრო ბაზრის მოთხოვნებისთვის მოვამზადოთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პარტნიორობა SOCAR Midstream Gas Operations-თან და მსგავსი პროფილის რეგიონულ თუ საერთაშორისო მოთამაშეებთან, რომლებიც ახალგაზრდებს მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოცდილებას სთავაზობენ. რაც უფრო მეტი სტუდენტი დასაქმდება რეგიონულ და საერთაშორისო კომპანიებში, მით უფრო გაიზრდება ჩვენი უნივერსიტეტისა და მისი კურსდამთავრებულების რეპუტაცია როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე. ასეთ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის პროფესიული რესურსის გაძლიერებისთვის. უნივერსიტეტი ზრუნავს, მოტივირებულ ახალგაზრდებს შეუქმნას შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ პოტენციალი. ფოკუს-ჯგუფები, რომლებიც SOCAR Midstream Gas Operations-თან ერთად შევქმენით, საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ საუკეთესო ახალგაზრდები და მათ კარიერული წინსვლის რეალური გზები შევთავაზოთ“, – ამბობს ნატო ქათამაძე.
ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობის შედეგებს კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის HR-მიმართულების წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურს გაუზიარებს, შესაბამისად, სტაჟირების პროგრამებში ფოკუს-ჯგუფებით გამოვლენილ საუკეთესო კანდიდატურებს მიიწვევს.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...