სტუ-ის უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემია და ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი ფაკულტეტის უმაღლესი რეტინგის მქონე ოთხმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა, ამასთან ერთად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით სტუ-ში ჩარიცხული უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი, ამჟამინდელი აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი ბაკალავრი ფონდის პრემიის მფლობელი გახდა.
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ გასული სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდის მხრიდან პრიორიტეტულად აღიარებული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: გულჯან ჯაფაროვა – სამშენებლო ფაკულტეტიდან, უჩა მჭედლიშვილი – არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან, მარიამ ბაქრაძე – სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტიდან და შოთა იველაშვილი – აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან. ფონდის პრემია კი, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტს – ლიკა-მარიამ შუბითიძეს გადაეცა, რომელიც არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველკურსელია.
სტიპენდიანტ და პრემიის მფლობელ სტუდენტებს ჯილდოების დამადასტურებელი სერტიფიკატები უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელმა, ცნობილმა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე გადასცეს. დაჯილდოებას შესაბამისი ფაკულტეტების სტუდენტები, დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც გოგა ჩანადირმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხივე სტიპენდიანტი საგანმანათლებლო ფონდისგან, შემოდგომის სემესტრში, ხუთი თვის განმავლობაში, ყოველთვიურად, 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს, ხოლო პრემიის მფლობელ სტუდენტს ფონდი ერთჯერად ჯილდოს – 1500 ლარს გადასცემს.
უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტებს ახალი წარმატება სტუ-ის ვიცე-რექტორმა მიულოცა. თამარ წერეთლის განცხადებით, საგანმანათლებლო ფონდის ბენეფიციარობა დიდ სტიმულს აძლევს არა მხოლოდ ჯილდოს მფლობელ ახალგაზრდებს, არამედ მოტივაციას ზრდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებშიც.
„სტიპენდიების მოპოვება ძლიერი სტიმულია არა მხოლოდ ბენეფიციარი ახალგაზრდებისთვის, არამედ მათი პედაგოგებისა და უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებისთვისაც. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობას ვუხდით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს მნიშვნელოვანი ინიციატივისა და სწავლის წახალისებისთვის. სასიხარულოა, რომ სტუდენტების შრომა ასე ფასდება და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ, გარანტირებული სახელმწიფო სტიპენდიის გარდა, დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ფონდიც აჯილდოებს. სტიპენდია მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სწავლაზე ორიენტირებული ყველა ახალგაზრდისთვის. სწორედ მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენს საზოგადოებაში სწავლა დაფასებულია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანია, თითოეულ ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი შრომითა და შედეგით მიაღწიოს წარმატებას და მიღებული ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმაროს. ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ დამსახურებულ აღიარებას და კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებთ,“ – აღნიშნა თამარ წერეთელმა.
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ჯილდოს მფლობელი სტუდენტების შეფასებით, მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდებს მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის საგანმანათლებლო ფონდი სტიპენდიას უნიშნავს. როგორც ახალგაზრდებმა აღნიშნეს, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მხარდაჭერაა სტუდენტებისთვის, რომ მუდმივად ჰქონდეთ ახლის შემეცნების სურვილი, იგრძნონ, რომ კარგად სწავლა საზოგადოებაში დაფასებულია, რაც მათი თქმით, აუცილებელია პროფესიონალად ჩამოყალიბების გზაზე.
ჯილდოების გადაცემის შემდეგ, ფონდის წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სასტიპენდიო პროგრამის მიზნებისა და მნიშვნელობის, ასევე, მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, სემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...