სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“ გაიმართა
„ზაარლანდის ფედერალური მიწის დედაქალაქის – ზაარბრიუკენის სახელით გულითად მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის, რომელიც 36-წლიან ნაყოფიერ და შემოქმედებით პერიოდს მოიცავს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შემდგარი დელეგაციის გულთბილად მიღებისთვის. თავდაპირველი საფუძველი ყველა ერთობლივი აქტივობისთვის სწორედ დაძმობილებულ ქალაქებს – თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის პარტნიორობა იყო. პარტნიორობის დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურ სტრუქტურებს, ამ შემთხვევაში ქალაქების მერიებს, უფრო მოკრძალებული როლი ეკისრებათ – ისინი მოდერაციას და მხარდაჭერას უწევენ პროცესებს. თუ მოვახდენთ იდეების კონკრეტიზებას, რომ სტუდენტებს მიეცეთ ორმაგი, ქართული და გერმანული დიპლომების მიღების შესაძლებლობა და სავარაუდოდ, სხვა აკადემიური ხარისხი ან კვალიფიკაციები, რომლებიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში იქნება შესაძლებელი, მე ამას მხოლოდ მივესალმები და მივმართავ ყველა მონაწილეს – თქვენ ქმნით ძალზე განსაკუთრებულს ახალგაზრდების კეთილდღ¬ეობისთვის! გთხოვთ, დარჩეთ ასეთი აქტიურები და გისურვებთ, რომ ყოველთვის გქონდეთ საჭირო შესაძლებლობები ამ თანამშრომლობის გასაგრძელებლად. გისურვებთ დიდ წარმატებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში და რაც მთავარია, საუნივერსიტეტო ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო ეფექტიან განვითარებას,“ – ასე მიმართა ქალაქ ზაარბრიუკენის (გერმანია) მერმა უვე კონრადტმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“, მონაწილეებს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის – „ხელისუფლება და საზოგადოება – ისტორია, თეორია, პრაქტიკა“ ორგანიზებით, ყოველწლიური, რიგით XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“ გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისგან შემდგარი დელეგაცია.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. მან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობა გადაუხადა ზაარბრიუკენის მერს – უვე კონრადტს, ასევე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციასა და მის ხელმძღვანელს, პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერს, რომელმაც XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ზაარბრიუკენის მერის წერილობითი მიმართვა და კეთილი სურვილები გადასცა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოგესალმებით XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“ – მონაწილეებს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვმასპინძლობთ მეცნიერებს, მკვლევრებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომელთაც აერთიანებთ ცოდნის, განვითარების და საზოგადოების კეთილდღეობისთვის ზრუნვის საერთო მიზანი. კონფერენციის თემატური ღერძი – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის თანამედროვე გამოწვევები – მოითხოვს ღრმა ანალიზს, ინტერდისციპლინურ ხედვასა და საერთაშორისო თანამშრომლობას. სწორედ ასეთი თანამშრომლობა ქმნის ინოვაციურ იდეებს და უზრუნველყოფს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის. ჩვენ ერთად ვიმსჯელებთ კონფერენციის თემატურად დატვირთულ სექციებზე, სადაც წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის – უცხოელ მეცნიერთა კვლევები. მადლობას ვუხდი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს, რომელთა ჩართულობა ამ კონფერენციაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს პარტნიორობას, საერთო სამეცნიერო ინტერესებს და კულტურათშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას. გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
სამეცნიერო კონფერენციას ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე მიესალმა.
როგორც მან აღნიშნა, კონფერენციამ მეცხრამეტედ შეკრიბა მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რათა ფორუმზე წარმოადგინონ სამეცნიერო საქმიანობის შედეგები ერთ-ერთ ისეთ ურთულეს დარგში, როგორიცაა საჯარო მმართველობა და განიხილონ სახელმწიფოსა და საზოგადოების თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი პრობლემები. მისი განცხადებით, მისასალმებელია, რომ დღეისთვის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის პროფესორთა შემადგენლობის 60%-ზე მეტი სწორედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულია.
დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, საჯარო მმართველობა საქართველოში შედარებით ახალი დარგია, თუმცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამ სფეროში საგანმანათლებლო პროგრამა დანერგა. მისი თქმით, სტუ-ის საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას ხშირად გადიან გერმანიაში, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში, რომელთანაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 36-წლიანი პარტნიორობა აკავშირებს.
როგორც რუსუდან ქუთათელაძემ აღნიშნა, საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლიც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც იმართება საჯარო ლექციები, სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები, კულტურული პროგრამები, სემინარები, რომელთა მიზანი ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ინჟინერიის, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში ახალი ინიციატივების სტიმულირებაა. დეკანის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, აღნიშნულ ფორმატში საინტერესო საჯარო ლექციებით წარსდგნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები: თამარ იაშვილი – თემით „საქართველოს ეკონომიკური ტრანფორმაცია“; ანზორ აბრალავა – „ქართულ-გერმანული ურთიერთობების მოკლე ისტორიული რაკურსი“; რუსუდან სტრელკოვა – „გერმანული ლუდის პოპულარობა და კვლევის მეთოდები“; ნინო ქავთარაძე – „ბიზნესის ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა“.
XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“ – მუშაობა სამ სექციად გაგრძელდა: საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და მეთოდოლოგია; პოლიტიკა და კულტურა; საჯარო მმართველობის ეკონომიკური საკითხები და სამართლებრივი ბაზა.
სამეცნიერო ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, გამოიცემა საკონფერენციო ნაშრომების კრებული, მინიჭებული საერთაშორისო ინდექსით.
Related
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...
GTU Rector – Let us ask the Virgin Mary to give us strength, so that our choice in the future will become a source of goodness, peace, and development for Georgia
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates his colleagues and students on the Day of the...
GTU Rector – May God bless Your Holiness, the Georgian Church, and all of Georgia
On behalf of the university community, Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates the Georgian Orthodox Church,...
Guram Makharadze – 85
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Professor Guram Makharadze...
The Rector of the Georgian Technical University expresses condolences on the death of young teacher and researcher Levan Dundua
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, expresses his sorrow on...