სტუ-ში მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ PLMCN-2024-მა მუშაობა დაასრულა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგულარულმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ — „სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკა ნანოსტრუქტურებში – PLMCN-2024“ (International Conference on Physics of Light-Matter Coupling in Nanostructures) — მუშაობა დაასრულა.
მაღალი რანგის 4-დღიანი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი, რომელიც ქვეყნის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში პირველად ჩატარდა, 9 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. PLMCN-2024-ის ორგანიზატორი, სტუ-თან პარტნიორობით, ფუნდამენტური ფიზიკის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტია (MIFP – რომი, იტალია).
PLMCN-2024-ის მუშაობა, 9-დან 13 აპრილის ჩათვლით, 12 სექციად მიმდინარეობდა: პოლარიტონიკები; კვანტური კორელაციები; Single Photons; Many-body; ფაზური გარდაქმნები; კვანტური ჰიდროდინამიკა; ფოტონიკური გისოსები; Spin & Vortices; მოწყობილობები; მასალები; ეგზოტიკური გარემო (მატერია); მრგვალი მაგიდა და მოწვეული მომხსენებლები.
სექციებზე კვლევები წარმოადგინეს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მკვლევრებმა, ასევე, მსოფლიოს ცნობილმა მეცნიერებმა. მსჯელობა და დისკუსიები შეეხო ისეთ ფუნდამენტურ და გამოყენებით საკითხებს, როგორიცაა ახალი თაობის ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობები და ოპტიკის მიმართულებით მიმდინარე კვლევები, ფოტონური და სპინტრონიკული სტრუქტურები, პოლარიტონიკული ლაზერები, ახალი ოპტიკური მოწყობილობები, ნახევარგამტარული და ორგანული ნანოსტრუქტურების დამუშავების ტექნოლოგიები, თხევადი კრისტალების და ნანოსტრუქტურის სინერგიის განვითარება ე.წ. მწვანე ტექნოლოგიებისთვის, ოპტიკის თანამედროვე მიღწევების როლი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ხელოვნურ ინტელექტში, მონაცემთა დამუშავებაში და სხვ.
PLMCN-2024-ის შემაჯამებელ სესიაზე, რომელიც კონფერენციის სასექციო მუშაობის დასრულების შემდეგ გაიმართა, რომის ფუნდამენტური ფიზიკის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტის (MIFP) პრეზიდენტმა, დოქტორმა ჯუზეპე ერამომ, სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორთა და მონაწილეთა სახელით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მასპინძლობისა და ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც დოქტორმა ერამომ აღნიშნა, „სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკა ნანოსტრუქტურებში“ საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი პრესტიჟული სამეცნიერო კონფერენციაა, რომლის მიზანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ახალი ხედვებისა და იდეების გაზიარება, ასევე, მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა და სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მკვლევართა და სტუდენტთა შორის კოლაბორაციის გაღრმავებაა.
„PLMCN კონდენსირებული გარემოს ფიზიკისა და ოპტიკის მიმართულებით ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონფერენციაა. ეს სამეცნიერო ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. საგულისხმოა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა და სიახლე, რაც მოგვიანებით გახდა კიდეც ნობელის პრემიით დაჯილდოების საფუძველი, პირველად სწორედ PLMCN-ზე იქნა წარდგენილი. თბილისში ჩამოსვლამდე, კონფერენცია სტუმრობდა ტოკიოს, რომს, ჰავანას, ბერლინს, გლაზგოს, მონპელიეს, მედელინს, კუერნავაკას, ჰერაკლიონს, მაგდებურგს, ჰანჯოუს და სხვა ქალაქებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 2024 წლისთვის კონფერენციის მასპინძელი ქალაქისა და ორგანიზაციის გამოსავლენად გამოცხადებულ კონკურსში თბილისმა გაიმარჯვა და მასპინძლის სტატუსი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოიპოვა. გადაწყვეტილება საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტმა და პროგრამის კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა ფაბრის ლაუსმა (ესპანეთი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი საერთაშორისო რეპუტაციისა და რეიტინგის გათვალისწინებით მიიღეს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, PLMCN-2024-ის მონაწილეები არიან მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, მათ შორის პროფესორები: ჯერემი ბაუმბერგი (კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), ბორის ალტშულერი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკი, აშშ), პავლოს სავიდისი (ვესტლეიკი, ჰანჯოუ, ჩინეთი). არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო წლებში რომელიმე მათგანი ნობელის პრემიაზე წარადგინონ. წლევანდელ კონფერენციაზე განხილული თემები მოიცავს კვანტურ გამოთვლებს, ახალ მასალებს მომავალი ტექნოლოგიებისთვის, ფოტონიკასა და სპინტრონიკას. უნდა აღვნიშნოთ, რომ PLMCN კონფერენცია საიუბილეო, 25-ე გამოცემაა და მოლოდინი გვაქვს, რომ ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს PLMCN-ის ისტორიაში. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის მეცნიერებს, პროფესორებსა და სტუდენტებს – დახვედრისა და კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, ასევე, იმ უაღრესად საინტერესო სამეცნიერო კვლევებისთვის, რომლებიც ქართველმა მეცნიერებმა კონფერენციის სექციებში წარმოადგინეს. კონფერენციის ორგანიზატორები და დელეგატები დიდად ვაფასებთ განთქმულ ქართულ სტუმართმოყვარეობას, უძველეს კულტურას, ქართულ ღვინოსა და მასთან დაკავშირებულ უძველეს ტექნოლოგიებს. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ მალე კვლავ მოვხვდებით საქართველოში“, — აღნიშნა ჯუზეპე ერამომ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის — „სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკა ნანოსტრუქტურებში – PLMCN-2024“ — მუშაობაში მსოფლიოს 15 ქვეყნის (მათ შორის: საქართველო, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, შვედეთი, და ა.შ.) ცნობილმა მეცნიერებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა მიიღეს მონაწილეობა. PLMCN-ი 2000 წლიდან რეგულარულად იმართება ევროპის, აზიისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...