სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებსა და კოლეგებს დედაენის დღეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ქართველ ერს, სტუდენტებს, კოლეგებსა და თანამშრომლებს ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდის – დედაენის დღეს ულოცავს.
14 აპრილს ქართველმა ხალხმა შეძლო დაეცვა მშობლიური ენა და მას შემდეგ ენა და სახელმწიფო ერთად ძლიერდება და ვითარდება, რაც ევროპულ ოჯახში ღირსეული დაბრუნების საფუძველია.
„გილოცავთ დედაენის დღეს ყველას, განსაკუთრებით მომავალ თაობას, ვინაიდან სახელმწიფო ენის ბედი დღეს თქვენს ხელშია.
1978 წლის 14 აპრილიდან 46 წლის შემდეგ, დედაენის დღის აღნიშვნისას უნდა გვახსოვდეს, რომ ენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანია. უნდა გვახსოვდეს, რომ – „ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“ და რომ, საქართველოში „ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“.
იოანე ზოსიმეს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“-ს დაწერიდან 10 საუკუნის შემდეგ, 1978 წელს, ჩვენ დავიცავით „ლაზარეს ენა“ საბჭოთა მარწუხებისგან, კონსტიტუციის 75-ე მუხლში კი ჩავწერეთ: „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის ქართული ენა“ – ქართველმა ხალხმა უდიდესი ბრძოლით მოიპოვა უფლება, ჰქონოდა საკუთარი სახელმწიფო ენა და აღეზარდა თაობები ეროვნული თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან 46 წლის შემდეგ, არ გვჭირდება მტკიცება იმისა, რომ მსოფლიოში არსებული დამწერლობებიდან, ქართული ერთ-ერთი უძველესია, რაც სწორედ 1978 წელს განვითარებული მოვლენების დამსახურებაა – 14 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ძვირფასი თარიღია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.
ქართულმა ენამ ბევრი განსაცდელი გამოიარა, თუმცა არ დაუკარგავს ქვეყნის მომავლის მშენებლობისთვის საჭირო ძალა. საუკუნეებია ენა და სახელმწიფო ერთად ვითარდება, ასე მოვედით დღემდე და მალე, სამი სახეობის უნიკალური ანბანით ევროპული ოჯახის წევრი გავხდებით.
ქართული ენა არის „შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა” და სწორედ ამ ძალის დამსახურებაა, რომ ქართულმა ენამ კაცობრიობას მრავალი სიმდიდრე, მათ შორის, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრი – „ვეფხისტყაოსანი” აჩუქა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ბოროტებაზე დედაენის გამარჯვების დღეს და შეგახსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სიტყვებს: „ქართული ენა არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი… ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი”, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...