Erasmus+ დღეები 2024 – ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტის პროფესორების აკადემიური მობილობა სტუ-ში


Erasmus+ დღეების ფარგლებში, 2024 წლის 14-19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტის (“Angel Kanchev” University of Ruse) (რუსე, ბულგარეთი) სატრანსპორტო ფაკულტეტის პროფესორები, პროექტის კოორდინატორი ასენ ცვეტანოვ ასენოვი (Asen Tsvetanov Asenov) და ველიზარა ივანოვა პენჩევა (Velizara Ivanova Pencheva).

ბულგარელი კოლეგები Erasmus+ აკადემიური მობილობით სტუმრობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს. ფაკულტეტის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან შეხვედრაზე მათ განიხილეს ლოგისტიკასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და არსებული გამოწვევები ბულგარეთსა და საქართველოში.

ბულგარელმა სტუმრებმა, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ VIII საერთაშორისო სამეცნიერო, ქართულ-პოლონურ კონერენციაში ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”.

გაიმართა სამუშაო შეხვედრა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტშიც, სადაც დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილმა და მარიკა ზვიადაძემ პროექტის კოორდინატორთან, პროფ. ასენოვთან განიხილეს მიმდინარე პროექტის დეტალები, ასევე, ახალი საპროექტო განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის ანგარიშგებისთვის საჭირო სტატისტიკური მონაცემების მომზადებასა და დამუშავებას.

Erasmus+ დღეების ფარგლებში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ორგანიზებითა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით, ბულგარელი სტუმრებისთვის გათვალისწინებული იყო სოციალურ-კულტურული აქტივობებიც, სადაც ბულგარელ კპლეგებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ ქართულ ტრადიციებს, დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო, უფრო ახლოს გაცნობოდნენ თბილისისა და ყაზბეგის ღირსშესანიშნაობებს.

საგულისხმოა, რომ პროექტის ფარგლებში არაერთი წარმატებული მობილობა განხორციელდა, მათ შორის, 6 თანამშრომელი ბულგარეთიდან და 1 სტუდენტი სტუ-დან. ამჟამად რუსის უნივერსიტეტში ნომინირებულია ტექნიკური უნივერსიტეტის 2 თანამშრომელი მიმდინარე აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრში მობილობის განსახორციელებლად.


მსგავსი

მოგვწერეთ