კონკურსი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის თსუ-ისა და ტეხასის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში


ცხადდება კონკურსი საქართველოში აკრედიტებული საჯარო კვლევითი უნივერსიტეტების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის (რომლებმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვეს არა უადრეს 2020 წლის 1-ელი იანვრისა), თსუ-სა და აშშ-ის ტეხასის უნივერსიტეტის (UT Dallas) ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ტრეინინგის პროგრამა მიზნად ისახავს კვლევითი უნარებისა და პროფესიული კავშირების განვითარებას.

სააპლიკაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 იანვრის 23:59 საათი (თბილისის დროით). ინტერვიუ აპლიკანტებთან ჩატარდება 2026 წლის მარტის დასაწყისში. შერჩეული აპლიკანტები დალასში გაემგზავრებიან 2026 წლის მაისის ბოლოდან და დარჩებიან ტეხასის უნივერსიტეტში (University of Texas in Dallas) 8 კვირის განმავლობაში.

პროგრამა დაიწყება ორკვირიანი ინტენსიური ტრეინინგით ინგლისურ ენაში, გაგრძელდება აკადემიური და საგრანტო განაცხადების წერის სწავლებით, დისერტაციის მომზადებით, აკადემიური საზოგადოების წინაშე წარდგენის სწავლებით და სხვ.

გამგზავრებამდე ორი თვით ადრე, გამარჯვებული კანდიდატები აუცილებლად უნდა დაესწრონ ვირტუალურ საორიენტაციო სესიებს. პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებულია მონაწილეებისთვის ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ბილეთის ანაზღაურება, საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფა, დალასში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათის დაფინანსება და დღიური ანაზღაურების გამოყოფა.

პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

დაინტერესების შემთხვევაში, დეტალები იხილეთ აქ.


მსგავსი

მოგვწერეთ