შჩეცინის უნივერსიტეტი – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მომავლის ლიდერები: პროექტის მენეჯმენტი და ინოვაცია”
2026 წლის 24 აპრილს შჩეცინის უნივერსიტეტში (University of Szczecin) (შჩეცინი, პოლონეთი) ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მომავლის ლიდერები: პროექტის მენეჯმენტი და ინოვაცია” (Leaders of the Future: Project Management and Innovation).
კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ტარდება – მასში მონაწილეობა შესაძლებელია ონლაინფორმატშიც.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულ ახალგაზრდებსა და მკვლევრებს, რომელთა ინტერესის სფეროა პროექტების მენეჯმენტი, ლიდერობა, მეწარმეობა და ინოვაცია.
კონფერენცია მოიცავს ორ ძირითად თემატურ სფეროს:
პროექტის მენეჯმენტი და ლიდერობა:
• მდგრადი პროექტების მენეჯმენტი,
• პროექტის მენეჯმენტი ციფრულ ეპოქაში (ხელოვნური ინტელექტი, ავტომატიზაცია, მოქნილი მეთოდოლოგიები),
• პროექტის ლიდერობა და გუნდის განვითარება,
• ESG მიზნების ინტეგრაცია პროექტის მთლიან ციკლში,
• პროექტის მდგრადობის გაზრდა კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი რისკების მიმართ,
• ეთიკური გადაწყვეტილების მიღება პროექტებში და ლიდერების სოციალური პასუხისმგებლობა,
• სხვა მსგავსი თემები;ინოვაცია და მეწარმეობა:
• მეწარმეობის განვითარება (სტარტაპები, კრაუდფანდინგი, ბიზნესმოდელები),
• მომავლის ტექნოლოგიები ბიზნესსა და მენეჯმენტში,
• მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა (ცოდნის გადაცემა, კვლევისა და განვითარების პროექტები),
• მდგრადი ბიზნესმოდელები და მწვანე ინოვაცია,
• წრიული ეკონომიკა და პროდუქტების ეკოდიზაინი,
• სოციალური მეწარმეობის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში,
• სხვა მსგავსი თემები.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და შესაძლებელია ზეპირი პრეზენტაციის სახით (პრეზენტაციის მაქსიმალური დრო: 15 წუთი). სამეცნიერო ღირებულების გარდა, თითოეულ პრეზენტაციას ექნება დიდაქტიკური დატვირთვაც — იგი დასრულდება გამოცდილი აკადემიური პერსონალის, შესაბამისი სფეროს სპეციალისტების უკუკავშირით, რომლებიც მონაწილეებს შესთავაზებენ რჩევებს, თუ როგორ გააუმჯობესონ კვლევა.
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.
მსგავსი