საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქველმოქმედო აქციათა ციკლი დაიწყო
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, წინასაახალწლო ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, საქველმოქმედო აქცია მოხუცებულთა სახლ „იმედიდან“ დაიწყო, სადაც 35 ბენეფიციარს პროდუქტები, პირველადი დახმარებისა და ჰიგიენის ნივთები გადასცეს.
უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, წინასაახალწლო საქველმოქმედო ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს ხანდაზმულთა მხარდაჭერას, ტრადიციულად იმართება. ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ პანსიონატ „იმედის“ ბენეფიციარებს ჰუმანიტარული პაკეტები გადასცეს.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსგავსი აქტივობებით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკადემიური საზოგადოების როლს საზოგადოებრივი სოლიდარობის გაძლიერებასა და ჰუმანური ღირებულებების დამკვიდრებაში. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, უნივერსიტეტის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა ხელს უწყობს სტუდენტებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სოციალური ჩართულობის კულტურის განვითარებას, საქველმოქმედო ღონისძიებები კი იქცევა განათლებისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ურთიერთკავშირის მნიშვნელოვან მაგალითად.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საქველმოქმედო ღონისძიებები არ წარმოადგენს ერთჯერად აქტივობას, არამედ ის არის უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობის სისტემური გამოხატულება. მსგავსი, უკვე ტრადიციად ქცეული ინიციატივა ემსახურება როგორც მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას, ასევე სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოების ღირებულებათა ერთიანობის გაძლიერებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა, რადგან სწორედ ამ გზით ყალიბდება მათში სოციალური პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა და მოქალაქეობრივი თვითშეგნება. უნივერსიტეტი, როგორც საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ინსტიტუტი, ვალდებულია იყოს აქტიური მონაწილე იმ პროცესებში, რომლებიც ადამიანურ ღირსებასა და სოლიდარობას ეფუძნება. მადლობას ვუხდი თითოეულ სტუდენტს, თანამშრომელს აქციაში ჩართულობისთვის, რექტორს კი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, – განაცხადა პროფესორმა თალიკო ჟვანიამ.
როგორც სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, სტუ-ის ფაკულტეტები, „ქალთა ასოციაციასთან“ ერთად, წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებენ.
„ქალთა ასოციაციისთვის მსგავსი შეხვედრები მხოლოდ დახმარების გაწევა არ არის – ეს არის ადამიანური ურთიერთობის, ყურადღებისა და თანაგრძნობის გამოხატვა. ხანდაზმულ ადამიანებთან პირადი კონტაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის არანაკლებ ფასეულია სითბო, ვიდრე მატერიალური დახმარება. წინასაახალწლო პერიოდში ასეთი ინიციატივები გვახსენებს, რომ საზოგადოებრივი ერთიანობა იწყება თითოეული ადამიანის მიმართ ზრუნვით. სწორედ ეს არის ქალთა ასოციაციის მთავარი მისია. მადლობა მინდა გადავუხადო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს თანამშრომლობისთვის, რექტორს კი მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ქალთა საუნივერსიტეტო ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ.
საქველმოქმედო ღონისძიებები გაგრძელდება და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე იქნება ორიენტირებული.
მსგავსი
დავით მაკასარაშვილის ხსოვნას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ადმინისტრაციის გამორჩეული თანამშრომლის - დავით მაკასარაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების...
სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ში გაივლიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან აფილირებულ SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის...
სტუ-ში შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი შვიდკაცა რაგბიში გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის პირველობა შვიდკაცა რაგბიში გაიმართა, რომელშიც უპირობო გამარჯვება და უნივერსიტეტის ოქროს თასი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების...
„უნარები,ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო პრაქტიკები“ – კიბერუსაფრთხოების მასტერკლასი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის კიბერუსაფრთხოების 3-დღიანი ინტენსიური მასტერკლასი - „უნარები, ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო...
„სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება“ – ვორქშოფი სტუ-ში
18-19 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის...
სტუ სტარის დამატებითი კასთინგი
მსურველთა მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში, სტუ სტარის დამატებითი კასთინგი ჩატარდება. მსრუველები...