საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, სტუ-ის რექტორმა და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა რექტორებმა აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა რექტორებმა, ასევე, უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

Untitled design (6).png

„აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგ, ამ გამორჩეულად მძიმე ისტორიულ დღეს ვიხსენებთ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი თავგანწირვით დაამტკიცეს, რომ მამულისთვის თავდადება არის უმაღლესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ღრმა ეროვნული თვითშეგნებიდან იღებს სათავეს.

აგვისტოს ომის გმირებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყნის სუვერენიტეტი და ღირსება,  მათი სახელი უკვდავია! 
დღეს სახელმწიფო ეროვნულ უსაფრთხოებას ღირებულებებით და მაღალი მოქალაქეობრივი ცნობიერებით იცავს, სადაც განათლებისა და მეცნიერების სისტემას განსაკუთრებული მისია აკისრია. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს მიაგებს ადამიანებს, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს მშობლიური მიწა-წყლის დასაცავად. ისინი ცოცხლობენ ჩვენს საქმიანობაში, ღირებულებებში, სტუდენტთა განათლებასა და ცნობიერების ფორმირებაში. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ხერხემალი, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს თავისი ქვეყანა – დიდება გმირებს!“, – აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

Untitled design (5).png

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა აგვისტოს ომის გმირების თავდადებას, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად შესწირეს სამშობლოს. ზვიად გაბისონიას თქმით, ქართველი ჯარისკაცი არის საქართველოს ეროვნული ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითი. 

“გმირთა საფლავები შეგვახსენებს, რომ საქართველოს თავისუფლება მათ თავგანწირვაზე დგას. მათი გმირობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველია. გმირთა ხსოვნა გვავალდებულებს დავაფასოთ მშვიდობა და არასოდეს დავივიწყოთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა დაიცვეს მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სიყვარულს ზვარაკად შესწირა”, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის მეცნიერის ვიზიტი სტუ-ში

„თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კვლევები, რომლებიც მიმართულია ინდუსტრიულ სისტემებში ინოვაციური მასალებისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე. ამ კონტექსტში, მაღალი შეფასების ღირსია კვლევა, რომელიც ეძღვნება ფართოზოლოვანი ანტენების შექმნის მეთოდოლოგიას, პოლიმერული მასალების ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების გამოყენებით, ინდუსტრია 4.0-ის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. კვლევა წარმოადგენს შინაარსობრივად და მეთოდოლოგიურად გააზრებულ მცდელობას, დაფუძნდეს ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას მოქნილი, მსუბუქი, ეფექტიანი და ფართოზოლოვანი ანტენური სისტემები, სრულად ინტეგრირებადი თანამედროვე ციფრულ და ავტომატიზებულ სამრეწველო პლატფორმებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიესალმება კვლევით ინიციატივებს, რომლებიც პასუხობენ როგორც თანამედროვე სამეცნიერო გამოწვევებს, ასევე, პირდაპირ უკავშირდებიან სამრეწველო ინოვაციებისა და ეროვნული ტექნოლოგიური განვითარების საჭიროებებს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის (Liverpool John Moores University) ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ზოგადი საინჟინრო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარის, პროფესორის, დოქტორ ანდრე ბატაკოს სტუ-ში ვიზიტისას განაცხადა. 

ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის (Liverpool John Moores University) ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ზოგადი საინჟინრო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მოწვეულ იქნა ლაზერული დამუშავების ჯგუფის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნანა ბაქრაძის მიერ, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის პროექტის — „ფართოზოლოვანი ანტენების შემუშავების კვლევა, პოლიმერების ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების ახალი მეთოდის საშუალებით, ინდუსტრიაში 4.0 გამოსაყენებლად”, — ფარგლებში.

პროფესორმა ბატაკომ საქმიანი შეხვედრა გამართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ თამარ ლომინაძესთან, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის თანამშრომლებთან და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრებთან.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, სტუ-ისა და ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივი კონსორციუმის ინიცირების შესაძლებლობების გათვალისწინებით, სამომავლო კოლაბორაციული პროექტის შექმნის იდეის განხილვა.

გარდა ამისა, პროფესორი ანდრე ბატაკო, ქართველ კოლეგებთან ერთად, აქტიურადაა ჩართული საგრანტო პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამეცნიერო-კვლევით და საექსპერტო სამუშაოებში.

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტი — „ფართოზოლოვანი ანტენების შემუშავების კვლევა, პოლიმერების ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების ახალი მეთოდის საშუალებით, ინდუსტრიაში 4.0 გამოსაყენებლად“ — ითვალისწინებს პოლიმერულ მასალათა ზედაპირების მიზანმიმართულ ლაზერულ დასხივებას, რის შედეგადაც მასალების ზედაპირებზე წარმოიქმნება ახალი ტიპის თვისებების მქონე მთელი რიგი მოდიფიცირებული უბნები. პროექტის შესრულების შედეგად მიღწეული იქნება შემდეგი მიზნები:

  • ლაზერული ზემოქმედებით პოლიმერულ ზედაპირებზე მიღებული გარკვეული გეომეტრიისა და ელექტროგამტარობის ტიპის უბნების კვლევა, ელექტრონიკასა და ელექტროტექნიკაში გამოყენების მიზნით;
  • სტუ-ის მკვლევართა მიერ მიღებული გარკვეული ტექნოლოგიის და კონსტრუქციის პოლიმერების ზედაპირებზე ლაზერული დასხივებით ფორმირებული ელექტროგამტარი უბნების კვლევის საფუძველზე, შემუშავებული იქნება ფართოზოლოვანი დიაპაზონის ანტენების (1-10 გჰც) დამზადების შესაძლებლობა. 

„კვლევა მნიშვნელოვან ინოვაციურ პოტენციალს მოიცავს და ეხმიანება თანამედროვე ინჟინერიისა და ტექნოლოგიების განვითარების გლობალურ ტენდენციებს. იგი აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ მასალათმცოდნეობას, კომუნიკაციის სისტემების ინჟინერიას და წარმოების ინტეგრირებულ პროცესებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კვლევისთვის შერჩეული მეთოდოლოგია – ლაზერული დასხივებით ელექტროგამტარი უბნების ფორმირების გამოყენება პოლიმერულ მასალებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს ერთ-ერთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტას ელექტრონული კომპონენტების მინიატურიზაციისა და მოქნილი, მაღალი წარმადობის ანტენების დამზადების მიმართულებით. კვლევა მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო წრეებისთვის, ასევე, ინდუსტრიული სექტორისთვის, საინჟინრო, სატელეკომუნიკაციო და მექანიკური სისტემების განვითარებისთვის“, – აცხადებს თამარ ლომინაძე.

პროექტის იდეას და განხორციელებას საფუძვლად დაედო მკვლევართა გუნდის მიერ მიღებული პატენტი – ელექტროგამტარი ბილიკის მიღების მეთოდი № 1642658 СССР, А/(51) 5В29С71/04,1990 წ., რომლის ბაზაზეც გამოკვლეული იქნება ფართოზოლოვანი დიაპაზონის ანტენების დამზადების ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავების შესაძლებლობები.

სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ასოცირებული პროფესორის ქეთევან როყვას ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზას ეწვივნენ. 

ვიზიტის მიზანი იყო სტუდენტებისათვის თეორიული ცოდნის პრაქტიკული სამუშაოებით გაღრმავება, თანამედროვე აგროტექნოლოგიური მეთოდების გაცნობა და აგრონომიული კვლევითი საქმიანობის პროცესის ადგილზე შესწავლა. 

2 (4).png

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების სტრატეგიებს, მევენახეობისა და მებაღეობის თანამედროვე მიდგომებს, აგრეთვე სხვადასხვა კვლევით ინოვაციას, რომელიც ცენტრში ხორციელდება.

ქეთევან როყვას თქმით, ვიზიტი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ ზრდას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული რეალური გამოწვევებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თეორიული ცოდნა პრაქტიკასთან დააკავშირონ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზა ამისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. მსგავსი ვიზიტები სტუდენტების მოტივაციას აძლიერებს, მათში პროფესიულ ინტერესს აღვივებს და მომავალ სპეციალისტებს თანამედროვე აგრონომიული გამოწვევებისთვის ამზადებს. გვჯერა, რომ ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში და ახალგაზრდა კადრების მომზადებაში“, – აცხადებს ქეთევან როყვა. 

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა ქსოვილის კულტურის (In Vitro) ლაბორატორია დაათვალიერეს. მათ ლაბორატორიის უფროსმა, ახალგაზრდა მეცნიერმა თეკლე ზაკალშვილმა ლაბორატორიის მუშაობის პრინციპებისა და მცენარეთა უჯრედულ დონეზე გამრავლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისინი გაეცნენ ინ ვიტრო მეთოდის მნიშვნელობას ჯანსაღი და გენეტიკურად სტაბილური ნერგების მიღების პროცესში, რაც მნიშვნელოვანია სერტიფიცირებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნებისთვის.

სტუდენტებმა, ასევე, დაათვალიერეს პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, რომელიც 2017 წლიდან ნიადაგის სრულყოფილ ქიმიურ-ფიზიკურ ანალიზს ახორციელებს.

3 (1).png 
„სტუდენტებმა უშუალოდ ის პროცესები იხილეს, რომლებიც აუცილებელია ნიადაგის ნაყოფიერების, შემცველობისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დასადგენად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლიანობისა და გარემოს მდგრადობის შეფასების პროცესში. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები, ასევე, გაეცნენ თესლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას და დააკვირდნენ თესლის სერტიფიცირების პროცესს. მათ შორის იყო ისეთი კომპონენტებიც, როგორიცაა თესლის სიწმინდის, ტენიანობისა და აღმოცენების მაჩვენებლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ლაბორატორიული შემოწმება. სტუდენტებმა დაათვალიერეს თანამედროვე ჰიდროპონიკის სათბური. აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და რესურსეფექტურ ტექნოლოგიას სოფლის მეურნეობის სექტორში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სურსათის უსაფრთხოებისა და ინოვაციური მიწათმოქმედების ხელშეწყობაში“, – აცხადებს ქეთევან როყვა. 

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში ვიზიტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს გრძელვადიან, სისტემატურ თანამშრომლობას.

მემორანდუმის საფუძველზე მუდმივად ხორციელდება მსგავსი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ვიზიტები აგრარული ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ სექტორის რეალურ გამოწვევებს, ტექნოლოგიურ პროგრესს და კვლევით-ინოვაციურ საქმიანობას.

სტუ-ის დამხმარე მომსახურეთა ატესტაციის შედეგები

დამხმარე მოსამსახურეთა ატესტაციის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონულ პლატფორმაზე results.gtu.ge.

ამასთან, გაცნობებთ, რომ ატესტაციის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში, რექტორის 2025 წლის 15 ივლისის N868539 ბრძანებით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის სახელზე დაწერილი განაცხადის საფუძველზე.

სტუ-ის პროფესორი ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

„ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტში განხორციელებული ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლისთვის გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში სტრატეგიული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მსგავსი ფორმატის საერთაშორისო დიალოგი სამომავლო სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველია“, – ამის შესახებ სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის (IDS) პროფესორმა ნიკა შავიშვილმა RIBA-ში განხორციელებული ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. 

პროფესორი ნიკა შავიშვილი ლონდონში ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ნიკა შავიშვილი RIBA-ს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 

როგორც IDS-ის პროფესორი შავიშვილი აცხადებს, ვიზიტის ფარგლებში დეტალურად გაეცნო ინსტიტუტის აკრედიტაციისა და ვალიდაციის პროცედურებს. განხილვის მთავარი მიზანი იყო საჭირო მოთხოვნების გაანალიზება, რათა IDS-მა უზრუნველყოს არქიტექტურული განათლების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ RIBA-სგან უშუალოდ მივიღოთ რეკომენდაციები. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარება, რომ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო პრაქტიკის მოთხოვნებზე მორგებული პროგრამების განვითარებაში გავზარდოთ უცხოელი სტუდენტების მოზიდვის შესაძლებლობები. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო დიზაინის სკოლა რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ინოვაციურ საგანმანათლებლო ცენტრად ყალიბდება. მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორიცაა RIBA, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს IDS-ის ძალისხმევას ხარისხიანი განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას და ცნობადობას მსოფლიო არქიტექტურული განათლების სივრცეში. თანამშრომლობა ასევე შეუწყობს ხელს სტუდენტთა მობილობის გაზრდას, საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებას და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას“, – აცხადებს ნიკა შავიშვილი. 

სტუ-ის სტუდენტურმა გუნდებმა Robo Battle 2025-ზე საპრიზო ადგილები დაიკავეს

„თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში პრაქტიკა აღარ არის დამატებითი კომპონენტი, იგი გადაიქცა სასწავლო პროცესის შემადგენელ ბირთვად, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნისა და გამოცდილების სინთეზს. ამ მიმართულებით, Robo Battle 2025-ზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდების წარმატებული მონაწილეობა ასახავს უნივერსიტეტის გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას, რომლის საფუძველიც არის STEM განათლების ინტეგრაცია ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში და სტუდენტების მხარდაჭერა”, – ამის შესახებ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ განაცხადა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდებმა უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიპოვეს ტექნოლოგიურ ფორუმზე – Robo Battle 2025, რომელიც გაიმართა Tbilisi Digital Fest-ის ფარგლებში, ლოკაციაზე Radio City | District 4. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) მიერ და მასში მონაწილეობდა 92 საბრძოლო რობოტების (315 მონაწილე) და 49 სუმო რობოტების (132 მონაწილე) გუნდები.

Untitled design (1).png

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს სასწავლო პროცესში დამატებითი ასპექტის, როგორიცაა, ტექნოლოგიური კონკურსები, ჰაკათონები, რობოტიკისა და პროგრამირების ტურნირები, ინტეგრაციის მიმართულებით.

პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, Robo Battle 2025-ში უნივერსიტეტმა 1 რობოტით – 0,5-იდან – 1,5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში და 4 რობოტით – 1,5-იდან – 5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მიიღო მონაწილეობა.

პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა Foxhound, გიორგი შაკიაშვილის, სალომე მახარაძის, ნიკოლოზ მერაბიშვილის და ალექსი მამნიაშვილის  შემადგენლობით, მეორე ადგილი – გუნდმა Thrasher, გოჩა ზედგინიძის, ოთარი ჭინჭარაშვილის, ნიკოლოზ ელიზბარაშვილისა და მარიამი მაისურაძის შემადგენლობით. 

Untitled design (2).png

„ჩვენი სტუდენტების გამარჯვება Robo Battle 2025-ზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ – ტექნიკური ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული გამოცდილება და შემოქმედებითი უნარების განვითარება ფაკულტეტის პრიორიტეტია. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში ტექნოლოგიების მიმართ ინტერესს აღვივებს, ესაა პლატფორმა, სადაც მათ შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და გუნდურ მუშაობაში დახელოვნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს სტუდენტებს მათი ინოვაციური იდეების განხორციელებაში და მიაწოდოს ის რესურსები, რაც საჭირო აქვთ წარმატების მისაღწევად. მინდა განსაკუთრებით გამოვკვეთო ის ფაქტი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და, მათ შორის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, მიზანმიმართულად მუშაობს, რომ სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა ჰქონდეთ, არამედ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, იმუშაონ პროექტებზე, ჩაერთონ ინოვაციურ ექსპერიმენტებსა და საერთაშორისო კონკურსებში. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ Robo Battle 2025-ზე ჩვენს სტუდენტურ გუნდებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და კვლევითი საქმიანობის მაღალ ხარისხს. ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას მსგავს ინიციატივებში, ეს იქნება ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თუ ინოვაციური პროექტების დაფინანსება“, – აცხადებს თალიკო ჟვანია. 

ინფორმაციისთვის: Robo Battle 2025 წარმოადგენს ინსპირაციულ სივრცეს ინჟინრების, დიზაინერებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის. მისი მიზანია ახალგაზრდების წახალისება STEM ტექნოლოგიურ და ინჟინრულ სფეროებში.

ღონისძიება ფოკუსირებულია ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე და ერთდღიანი ფესტივალის ფორმატით აერთიანებს მრავალ აქტივობას:

  • რობოტების ბრძოლას,
  • SUMO რობოტების შეჯიბრს,
  • საინჟინრო შოუს,
  • დრონების ზონებს,
  • ინტერაქტიულ სივრცეებს და კიდევ ბევრ სხვა ინოვაციურ ელემენტს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მსოფლიოში ცნობილი ქართველი რეჟისორის და საზოგადო მოღვაწის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქართული კინოს კორიფეს, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული შემოქმედის, დიდი ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. 

ელდარ შენგელაიას ფილმები: „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და მრავალი სხვა დღესაც აქტუალურია, ასახავს ერის ხასიათს და იმ სულიერ ღირებულებებს, რომელთა დაცვისა და გადარჩენისთვის ბატონი ელდარი მთელი ცხოვრება იღვწოდა. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ელდარ შენგელაიას თანამშრომლობა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან. ეს იყო გენიალური შემოქმედებითი ტანდემი, რომელმაც ქართული კინემატოგრაფი მსოფლიოში ცნობილი გახადა თავისი უნიკალური ენით, იუმორითა და სიღრმით. მათი შემოქმედება უკვე ქართული კინოს ოქროს ფონდი და ერის კულტურული მემკვიდრეობაა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით ვუსამძიმრებ ბატონ ელდარ შენგელაიას ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს, ვისთვისაც იგი დარჩება მარად ცოცხალ მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნება იქცეს ერის რწმენისა და ღირსების სარკედ. 
ელდარ შენგელაიას სახელი და ღვაწლი ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, – ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმრის წერილში.

ინფორმაციისთვის: ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრესინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.

ელდარ შენგელაიას მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

„თქვენ გვერდით დგას უნივერსიტეტი, რომელიც მზად არის, იყოს თქვენი მხარდაჭერისა და განვითარების პლატფორმა“ – სტუ-ის ვიცე-რექტორი

„თქვენ შორის ვხედავ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებმაც უკვე დაგეგმეს საკუთარი მომავალი. ამ გზის დაწყება მნიშვნელოვანია სწორედ აქ და ახლა – გარემოში, სადაც თქვენი ინტერესები შეიძლება გადაიზარდოს სიღრმისეულ ცოდნაში, პრაქტიკულ გამოცდილებასა და წარმატებაში. სწორედ ასეთ შესაძლებლობებს გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი! თქვენი სტუმრობა ჩვენთვის უდიდესი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობაა. დღეს, როდესაც იწყებთ ფიქრს პროფესიულ გზაზე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენ გვერდით დგას უნივერსიტეტი, რომელიც მზად არის იყოს, თქვენი მხარდაჭერისა და განვითარების პლატფორმა“, – ასე მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა უნივერსიტეტში სტუმრად მყოფ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს ახალი თაობის განათლებისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას.

3.jpg

კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტისა” და ახალდაბის მედიაკაფე “ლუტრეზის” ჩართულობით, „ფონდი ტასოს” დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალდაბის სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა. 

სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, ღონისძიების მიზანი, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებსა და ფაკულტეტების სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგულარულად იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში STEM სფეროების პოპულარიზაციასა და მომავალი სპეციალისტების აღზრდის ხელშეწყობას.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს დავანახოთ თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ უნივერსიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებისა და ფაკულტეტების სპეციფიკას. გარდა ამისა, ჩვენი უნივერსიტეტი მომავალ თაობებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, ითანამშრომლონ სხვა ქვეყნების სტუდენტებთან და აკადემიურ წრეებთან, რაც წარმატებისთვის აუცილებელია. უშუალო კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მათი აქტიური ჩართვა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში, იქნება ეს ლაბორატორიული ვიზიტები, პროფესორებთან ურთიერთობა, სტუდენტურ აქტივობებზე დაკვირვება თუ თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეხება, ახალგაზრდებს რეალურ წარმოდგენას უქმნის იმ გარემოზე, სადაც მომავალში შეიძლება თავიანთი სტუდენტობა გაატარონ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებად არიან აღიარებულნი როგორც საქართველოში, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს, მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების გარკვეულ ნაწილში ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მუშაობენ. მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილებას, „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტის”, ახალდაბის მედიაკაფე “ლუტრეზს” და „ფონდ ტასოს” ღონისძიების ორგანიზებისთვის”, – აცხადებს თამარ წერეთელი. 

სტუ-ის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის ნატო ქათამაძის თქმით, სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის თანამედროვე კვლევითი ლაბორატორიები და ტექნიკური ინფრასტრუქტურა, გაეცნენ მიმდინარე სამეცნიერო პროექტებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს.

2 (3).png

ასოცირებული პროფესორის, ნატო ქათამაძის განცხადებით, გაცნობითი ხასიათის ღონისძიებები ახალგაზრდებს ეხმარება საკუთარი ინტერესების, უნარებისა და მიზნების სწორად იდენტიფიცირებაში. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამორჩეულია იმით, რომ მაღალი ხარისხის განათლებასთან ერთად ახალგაზრდებს სთავაზობს მჭიდრო კავშირს დარგში მოღვაწე სამთავრობო თუ კერძო სექტორთან. უნივერსიტეტში მოქმედებს კარიერული განვითარების განყოფილება, რომელიც აქტიურად მუშაობს სტუდენტების სამეწარმეო სექტორთან, საინჟინრო კომპანიებთან, ტექნოლოგიურ სტარტაპებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებაზე. ჩვენი სტუდენტები ადრეულ კურსებზე იწყებენ სტაჟირებას პარტნიორ ორგანიზაციებში და ხშირად სწორედ იქ აგრძელებენ მუშაობას, უკვე კურსდამთავრებულის სტატუსით. ჩვენთან, ასევე, ფუნქციონირებს პროფესიული განვითარების ცენტრი, სადაც მიმდინარეობს ტრენინგები, სემინარები, კარიერული ფორუმები, ინდივიდუალური კონსულტაციები და სხვა უამრავი ღონისძიება, რაც სტუდენტებს ეხმარება პიროვნულ განვითარებაში და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში“, – აცხადებს ნატო ქათამაძე. 

შეხვედრის ბოლოს, ვიცე-რექტორმა სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 

სტუ-ის მეცნიერ-მკვლევართა დელეგაციამ ხუთდღიან საერთაშორისო ვორქშოპში მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლევაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრარული სექტორისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. უნივერსიტეტი მრავალი წელია მიზანმიმართულად მუშაობს ადგილობრივი პრაქტიკის ანალიზზე, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლასა და მისი ჩვენი ქვეყნის პირობებთან შესაბამისობაში ადაპტირებაზე, რაც, თავის მხრივ ემსახურება საქართველოში მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა და მაღალპროდუქტიული სოფლის მეურნეობის მოდელის ჩამოყალიბებას“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი აცხადებს. 

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დელეგაციამ  საერთაშორისო პროექტის – „ოჯახური მეურნეობებისა და მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვების განვითარება ჩეხეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის გამოცდილების გაზიარება“ – ფარგლებში, ჩეხეთში გამართულ ხუთდღიან საერთაშორისო ვორქშოპში მიიღო მონაწილეობა.  

პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, საქართველოში, ისევე როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სოფლის მეურნეობის სექტორი ძირითადად ოჯახურ მეურნეობებზეა დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახურ მეურნეობებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ ძირითადი გამოწვევა გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანი და მდგრადი პოზიციის შენარჩუნებაა.

როგორც ჩხარტიშვილი აცხადებს, პროექტის მიზანი სწორედ ამ გამოწვევებზე რეაგირება და პოლონეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში უკვე აპრობირებულ, წარმატებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით ბიზნესსტრატეგიებისა და მოდელების გაზიარებაა, რაც საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ოჯახური მეურნეობების გაძლიერებას და მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვების (SFSC) დანერგვას შეუწყობს ხელს.

„SFSC-ის მოდელი ეფუძნება ადგილობრივი ბაზრების გამოყენებას, პროდუქციის ფერმიდან პირდაპირ გაყიდვას, სოციალური ქსელების ეფექტიანად გამოყენებასა და მარკეტინგის ინოვაციურ მიდგომებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ფერმერებისა და მომხმარებლების შორის კავშირის აღდგენას და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე წლებია აქტიურად მონაწილეობს ისეთ საერთაშორისო ინიციატივებში, რომლებიც ორიენტირებულია ფერმერთა საქმიანობაზე და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აგრარული სექტორის მხარდაჭერა მხოლოდ თეორიული ცოდნით არ შემოიფარგლოს და მჭიდროდ უკავშირდებოდეს ადგილობრივ საჭიროებებსა და პრაქტიკულ განვითარებას. მიმდინარე პროექტი ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებული მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვების (SFSC) მოდელები აითვისონ, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ ბაზარზე პოზიციონირებასა და მდგრად განვითარებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ ფერმერებთან საქართველოში, სადაც მათთან მოხდება პრაქტიკული მაგალითების გაზიარება, მორგებული ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და გეოგრაფიულ რეალობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინოვაციურ სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას წარმატებით დანერგონ SFSC პრინციპები თავიანთ საქმიანობაში და გააძლიერონ ეკონომიკური მდგრადობა“, – აცხადებს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი. 

საერთაშორისო პროექტი – „ოჯახური მეურნეობებისა და მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვების განვითარება ჩეხეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის გამოცდილების გაზიარება“, Visegrad+ Grants-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მას კოორდინაციას უწევს მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში.

სტუ-ის რექტორი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია საერთაშორისო კონკურსის მონაწილეებს აფილირებული პროფესორის სტატუსის მოპოვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის სახელით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია საერთაშორისო კონკურსის მონაწილეებს, კონკურსის შედეგების თანახმად, უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის სტატუსის მოპოვებას ულოცავს. 

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კონკურსში ჩართულობისა და აკადემიური პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის მეცნიერ-მკვლევრებს, პედაგოგებს, მათ შორის უცხოელ კოლეგებს, და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ ღია საერთაშორისო კონკურსში ასევე მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო მასშტაბით სახელმოხვეჭილმა მეცნიერებმა.

კონკურსის შედეგების თანახმად:

  • სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში, ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ფიზიკის თანამედროვე ექსპერიმენტების მეთოდებსა და მონაცემების მიღება-ანალიზის მიმართულებით ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ფიზიკოსები: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) პროფესორი, COMET ექსპერიმენტის მენეჯერი, იაპონიის განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მრჩეველი სატოში მიჰარა;
  • სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს ლექციათა კურსს წაუკითხავს ბელოსტოკის ტექნიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი და ყოფილი რექტორი, ცნობილი მეცნიერი და ინჟინერი ლეჰ დენისი;
  • სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტში ლექციებს წაიკითხავს კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ბიზნესის სკოლის მეწარმეობის დირექტორი კოლინ რიგბი, რომელიც ასევე განავითარებს „მეწარმეობის მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამას და იზრუნებს როგორც არსებული აკადემიური პროგრამების ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაძლიერება-განვითარებაზე, ისე მაღალი საფეხურის ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა-დაგეგმვაზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ხაზს უსვამს კონკურსის მონაწილეთა პროფესიული კომპეტენციის მნიშვნელობას უნივერსიტეტის განვითარებაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა უმაღლესი განათლების ხარისხი, კვლევითი პოტენციალის გაძლიერება და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაცია უმაღლესი სკოლისთვის სტრატეგიული პრიორიტეტებია. 

რექტორის თქმით, სწორედ მსგავსი დონის აკადემიური კადრების ჩართულობა განაპირობებს უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.

„ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გულითადად გილოცავთ აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ ღია საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებას! თქვენი პროფესიონალიზმი, კვლევითი გამოცდილება და აკადემიური შესაძლებლობები ის საძირკველია, რაზეც ჩვენი უნივერსიტეტი მომავალს აშენებს. 

მოხარული ვართ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სწორედ თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროთ მომავალ ინჟინრებს, ტექნოლოგებს, მკვლევრებს, მეწარმეებს, ჰუმანიტარებს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლთა კვალიფიციურ ცოდნაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა. 

ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ხელმისაწვდომობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი მისიაა, რაც თქვენი ძალისხმევითა და პასუხისმგებლობით, საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. მჯერა, თითოეული თქვენგანის წვლილი უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწრაფი განვითარების, ინსტუტუციური პროგრესისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდოლოგიების დანერგვის, საგანმანათლებლო პროცესისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის, ასევე, უნივერსიტეტის, მისი კურსდამთავრებულების საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით. თქვენი უშუალო ჩართულობით, ყველა ეს პროცესი შეუქცევადად აისახება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ხილვადობის გაძლიერებაზე. 

მისასალმებელია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძის უშუალო ჩართულობით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სამუშაოები საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სტრატეგიულ ნაბიჯს, რომელიც აღიარებს უმაღლესი განათლების სისტემის როლის მნიშვნელობას ქვეყნის ინტელექტუალური, ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული წინსვლის საქმეში. რეფორმის განსახორციელებლად მუშაობს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის მთავარი ამოცანაა უნივერსიტეტების სისტემური გაძლიერება, სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეფორმის ამოქმედება მიზნად ისახავს ღირსეული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რითაც სტუდენტებს, მეცნიერ-მკვლევრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესთავაზებს ინოვაციურ, საერთაშორისო პრაქტიკებზე დაფუძნებულ, მოქნილ და განვითარებაზე ორიენტირებულ სისტემას. ამავდროულად, რეფორმა ჩვენს ახალგაზრდებს გაუმარტივებს შესაძლებლობას, მიიღონ ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება საკუთარ ქვეყანაში.

კოლეგებო, გისურვებთ წარმატებას, ნაყოფიერ აკადემიურ საქმიანობას, შემოქმედებით წინსვლასა და არაერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევას!“, – აღნიშნულია რექტორის მიმართვაში. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით ღია საერთაშორისო კონკურსი მიმდინარე წლის 9 ივნისს გამოცხადდა. საკონკურსო კომისიებისა და მათი სამდივნოების შექმნის შესახებ დადგენილება აკადემიურმა საბჭომ 8 ივნისს მიიღო. 

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 2021 წლის 30 ივნისის ერთობლივი სხდომის #01-05-17/07 დადგენილებით, აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის მეორე მუხლის თანახმად: 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ირჩევს საკონკურსო კომისია.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?