სტუ-ის ვიცე-რექტორი კურსდამთავრებულ საერთაშორისო სტუდენტებს – „თქვენ ხართ ჩვენი ელჩები მთელ მსოფლიოში“

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენი პროფესიული განვითარების გზაზე. თითოეულ თქვენგანს აქვს მტკიცე საფუძველი, რომ წარმატებით გაუმკლავდეს თანამედროვე სამყაროს ცვალებად გამოწვევებს, იქნება ეს მეცნიერება, ინჟინერია, ტექნოლოგიები, ბიზნესი თუ სხვა დარგები. ჩვენი უნივერსიტეტი, თეორიული ცოდნის პარალელურად, სტუდენტებს სთავაზობს პროფესიულ პრაქტიკასთან დაკავშირებულ კომპეტენციებს. თქვენ გაიარეთ სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების ისეთი გზა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას იყოთ ცვლილებების ინიციატორები თქვენს ქვეყნებში. მჯერა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თქვენს მეხსიერებაში დარჩება როგორც პროფესიონალიზმისკენ მიმავალი გზის საწყისი“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ 2024/2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულ საერთაშორისო სტუდენტთა გაცილების ღონისძიებაზე განაცხადა. 

არქიტექტურა, მშენებლობა, ბიზნესტექნოლოგიები, ინფორმატიკა, დიზაინი – ეს ის მიმართულებებია, რომელთა შესწავლით სტუ-ში უცხო ქვეყნის ახალგაზრდები აქტიურად ინტერესდებიან, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, სწორედ ამ მიმართულებებისადმი მზარდი ინტერესი ასახავს საერთაშორისო სტუდენტების მოლოდინსა და მზადყოფნას, მიიღონ ხარისხიანი განათლება. 

GTU Cover 2.png

„საქართველოს განათლების სისტემა ინტეგრირებულია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში და ეფუძნება ბოლონიის პროცესის პრინციპებს, რაც ქვეყნის საგანმანათლებლო ხარისხს კონკურენტუნარიანს ხდის საერთაშორისო დონეზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სკოლა, უცხო ქვეყნის ახალგაზრდებისთვის, მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად, იდეალურ ადგილს წარმოადგენს. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ორი წლის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ – „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო სრული აკრედიტაცია მოიპოვა. ამას გარდა, ხუთი პროგრამა უკვე მზადაა მოიპოვოს ABET აკრედიტაცია. ჩვენი უნივერსიტეტი ორიენტირებულია ინოვაციაზე და სტუდენტზე მორგებულ სასწავლო პროცესზე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა ნიშნავს, სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკაზე დაფუძნებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება. 

ძვირფასო კურსდამთავრებულებო, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენი პროფესიული განვითარების გზაზე. ამიერიდან, თქვენ ხართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური ოჯახის მნიშვნელოვანი წევრები, ჩვენი ელჩები მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.

2024/2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულ საერთაშორისო სტუდენტთა გაცილების ღონისძიება დასრულდა კონცერტით, რომელშიც საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ. 

პროფესორ რევაზ მახვილაძის ხსოვნას – სტუ-ის რექტორის სამძიმარი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მკვლევრის, პროფესორ რევაზ მახვილაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტს, გარდაცვლილის მეგობრებსა და აღზრდილებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამშენებლო ფაკულტეტის ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის, ინჟინრისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, პროფესორ რევაზ მახვილაძის გარდაცვალების გამო.

ბატონ რევაზს ღირსეული ადგილი ეკავა საქართველოს საინჟინრო და სამეცნიერო წრეებში. მისი მოღვაწეობა მოიცავდა 150-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომს, ორ საავტორო მოწმობასა და რვა სახელმძღვანელოს, რომელთაგან ბევრი დღემდე აქტიურად გამოიყენება როგორც საგანმანათლებლო, ისე პრაქტიკულ-საინჟინრო საქმიანობაში.

რევაზ მახვილაძე იყო მაგალითი პროფესიული კეთილსინდისიერებისა და მაღალი აკადემიური კულტურისა. ათწლეულების განმავლობაში მან აღზარდა ინჟინერთა არაერთი თაობა, რომელთა უმეტესობა წარმატებით მოღვაწეობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვუსამძიმრებთ ბატონი რევაზის ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტს, მის მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. 

ვინც ცხოვრებას რწმენით, პასუხისმგებლობითა და მომავლის იმედით ემსახურება, ის მუდამ იცოცხლებს ჩვენს მეხსიერებაში – ასეთი იყო ბატონი რევაზი. უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი – „ჩვენი მიზანია დარგის პროფესიონალებისა და მომავლის ლიდერების აღზრდა“

„ჩვენი ფაკულტეტი აერთიანებს ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს – სამართალს და საერთაშორისო ურთიერთობებს. ეს მიმართულებები განსაზღვრავს თანამედროვე სახელმწიფოს ფუნქციონირებას, სამართლებრივ წესრიგს, საერთაშორისო თანამშრომლობასა და გლობალურ განვითარებას. დარგის განვითარებისთვის აუცილებელია კრიტიკულად მოაზროვნე პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ უნარი, ღირსეულად წარმართონ როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო პროცესები“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა. 

2024/2025 სასწავლო წელს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ბაკალავრიატის 334, მაგისტრატურის 112 და დოქტორანტურის 11 სტუდენტი დაასრულებს. 

სასწავლო წელს ფაკულტეტზე სხვადასხვა მიმართულების პროექტები განხორციელდა. მათ შორის: „აკადემიური დისკუსიები”, „შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან“, „იმიტირებული პროცესები”, „მოდელირებები”, „მრგვალი მაგიდა“.

გარდა ამისა, ფაკულტეტზე გაიმართა სხვადასხვა ციკლური საჯარო ლექციები,  ვორქშოპები, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციები როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, აკადემიური პერსონალისთვის.  
             
სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის თქმით, უნივერსიტეტი ზრუნავს, შექმნას არა მხოლოდ გარემო მაღალი სტანდარტის განათლების მისაღებად, არამედ სივრცე, სადაც, ამავდროულად, პასუხისმგებლობიანი და პატრიოტები მოქალაქეები აღიზრდებიან.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მოღვაწეობენ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური აკადემიური და სამეცნიერო წრეები, რომლებიც არ შემოიფარგლებიან მხოლოდ თეორიული სწავლებით, არამედ აქტიურად ზრუნავენ, რომ ახალგაზრდებს აუცილებელი პრაქტიკული უნარებიც განუვითარონ სამართალმცოდნეობასა და დიპლომატიაში. ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს საჯარო და კერძო სექტორთან, რაც სტუდენტებს აძლევს დიდ შესაძლებლობას რეალურ გარემოში სტაჟირებისა და კარიერული განვითარებისათვის. სტუდენტები სარგებლობენ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით, მათ შორის „ERASMUS+“-ის ფარგლებში. გვყავს წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც მუშაობენ მოსამართლეებად, ადვოკატებად, დიპლომატებად, საჯარო მოხელეებად და საერთაშორისო ორგანიზაციებში სპეციალისტებად. სამართალი სოციალური სამართლიანობისა და წესრიგის საფუძველია. სწორედ მისი მეშვეობით, მომავალი პროფესიონალი უნდა გახდეს იმ ადამიანების ხმა, ვისაც სამართლებრივად დაცვა სჭირდება. საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა კი მომავალი სპეციალისტისთვის შესაძლებლობაა, გახდეს გლობალური პროცესების მონაწილე, იმუშაოს დიპლომატიაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. იმის გათვალისწინებით, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების როლი ერთ-ერთი გადამწყვეტია სახელმწიფოს განვითარებაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პირადად რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ფაკულტეტის განვითარება-გაძლიერებას ფაკულტეტი უზრუნველყოფილია თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები პრაქტიკასთან ინტეგრირებულ პროგრამებს ასწავლიან. მიმდინარე სასწავლო წელი, პრაქტიკულად, დასრულებულია. მომავალი სასწავლო წლიდან კი კვლავინდებურად გავაგრძელებთ მუშაობას და სვლას მიზნისკენ – ჩვენი სტუდენტები გახდნენ დარგის პროფესიონალები და მომავლის ლიდერები“, – აცხადებს ივანე გიორგაძე.

იაპონიის მთავრობის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, სტუ-ის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ იაპონიის მთავრობის კვლევით პროგრამაში — „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევა მდგრადი განვითარებისთვის“  (Science and Technology Research Partnership for Sustainable Development SATREPS). 

აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია იაპონიისა და განვითარებადი ქვეყნების მკვლევრების საერთაშორისო ერთობლივი კვლევისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი კვლევით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე (შევსებული სააპლიკაციო ფორმა) 2025 წლის 1 სექტემბრის 16:00 საათამდე, უნდა გააგზავნონ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ელექტრონულ ფოსტაზე; info@rustaveli.org.ge 

სააპლიკაციო ფორმა 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

სტუ-ში ადგილობრივი შრომის ბაზრის კვლევა ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივითა და უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით,  შრომის ბაზრის მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რომელიც  დამსაქმებლების მოთხოვნების გაანალიზებას, სტრატეგიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებასა და პროფესიული მომზადების ეფექტურობის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

კვლევაში ათი სხვადასხვა პროფილის ორგანიზაცია, მათ შორის,  მინიმარტი, არ ემ ჯი აურამაინი, ნოვატორი ტექნოლოგიური სისტემები, ავტოტექნო,  ფილიალი სადგური თბილისი, თელასი, ედელვაისი, ქათული ავეჯის კლასტერი, კოლორ პაკი და უნისტილი მონაწილეობდნენ.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის განცხადებით, კვლევები ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირების საშუალებაა, რომელიც ქმნის გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველს და დადებით გავლენას ახდენს როგორც განათლების ხარისხზე, ასევე დასაქმების მაჩვენებლებზე.

„კვლევების ჩატარება უმნიშვნელოვანესია რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში კვლევა ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პროფესიული პროგრამები შრომით ბაზართან შესაბამისობაში მოიყვანოს. კვლევა მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. კომპანიები იღებენ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ საკუთარი მოთხოვნები და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარონ მომავალ კადრებს. სტუდენტებისთვის კვლევა საშუალებას იძლევა უკეთ გაიაზრონ რა უნარები და კომპეტენციებია მოთხოვნადი შრომის ბაზარზე და ამის მიხედვით დაგეგმონ კარიერული განვითარება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ განხორციელებული შრომის ბაზრის კვლევა, მიზნად ისახავდა არსებული ეკონომიკური გარემოს საჭიროებების სიღრმისეულ ანალიზს, რაც უმნიშვნელოვანესია განათლების სისტემასა და შრომის ბაზარს შორის ეფექტური კავშირის უზრუნველსაყოფად. კვლევის ძირითადი ამოცანები მოიცავდა სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დონესთან დაკავშირებული გამოწვევების გამოვლენას, დამსაქმებლების მიერ დასაქმებისას საჭირო უნარებისა და კომპეტენციების იდენტიფიცირებას, ასევე პროფესიული განათლების პროგრამების შინაარსობრივი და სტრუქტურული განახლების საჭიროებების განსაზღვრას.

კვლევის
ფარგლებში ჩატარებულ ფოკუსჯგუფებში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიც არიან: მინიმარტი, არ
ემ ჯი აურამაინი, ნოვატორი ტექნოლოგიური სისტემები, ავტოტექნო, ფილიალი სადგური თბილისი,
თელასი, ედელვაისი, ქართული ავეჯის კლასტერი, კოლორ პაკი და უნისტილი, რომელთა
ჩართულობამ საშუალება მოგვცა, შეგვეგროვებინა მრავალმხრივი,
სფეროებზე მორგებული ანალიტიკური ინფორმაცია, რაც შრომითი
მოთხოვნილებების უკეთ გასააზრებლად მნიშვნელოვანია. გრძელვადიან
პერსპექტივაში ასეთ ფორმატში ჩატარებული კვლევა ქმნის
საინფორმაციო ბაზას, რომლის საფუძველზე შესაძლებელია პროფესიული პროგრამების განვითარება
ისე, რომ მათი შინაარსი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის დინამიკას, რაც
თავის მხრივ, ზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შანსებსა და ბიზნეს სექტორის ეფექტიანობას“,
– აცხადებს ნატო ქათამაძე.

სტუ-ის რექტორი კურსდამთავრებულებს: „გახდით მაგალითი მომავალი თაობებისთვის – პროფესიონალები და ქვეყნისთვის საამაყო მოქალაქეები!“

„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ლექტორებს, პროფესორებს, რომლებმაც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების პარალელურად, გვასწავლეს, როგორ გავხდეთ ჩვენი საქმის პროფესიონალები – საუკეთესო მშენებლები, არქიტექტორები, ქიმიის ტექნოლოგები, აგრარული მეცნიერებების, ბიოსისტემების და გარემოს დაცვის ინჟინრები, მკვლევრები. მათ თავიანთი პროფესიული ეთიკითა და დამოკიდებულებით გვიჩვენეს, რას ნიშნავს იყო ღირსეული სპეციალისტი და მოტივირებული ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უნდა შეიტანოს წვლილი, გვასწავლეს, რომ განათლებისა და მეცნიერების გზა შრომისმოყვარეობით, პრაქტიკით, პასუხისმგებლობითა და საქმის სიყვარულით აგებული გზაა. ჩვენ ვტოვებთ აუდიტორიებს, მაგრამ თან მიგვაქვს ის, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შევიძინეთ – ცოდნა, ღირებულებები და რწმენა იმისა, რომ თითოეულს შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შევიტანოთ“, – ასე მიმართეს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიებაზე  პროფესორ-მასწავლებლებს.

კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამშენებლო, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, მთის მდგრადი განვითარებისა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას ულოცავს და  პროფესიულ კარიერაში წარმატებული ნაბიჯების გადადგმას უსურვებს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

სტუ-ის კურსდამთავრებულთა გაცილება

„დღეს განსაკუთრებული დღეა. ჩვენ ვაცილებთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!

ეს არის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი. შეინარჩუნეთ ცოდნის მიმართ სიყვარული, გაიაზრეთ საზოგადოების განვითარების პროცესში თქვენი პროფესიის მნიშვნელობა და იყავით ის ადამიანები, ვინც ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. გთხოვთ, არასოდეს დაივიწყოთ ალმა-მატერი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თქვენს მომავალს.

კურსდამთავრებულებო სამშენებლო ფაკულტეტიდან, თქვენი პროფესია ქმნის ფუნდამენტს ქვეყნის განვითარებისთვის, უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის.

ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებო, თქვენ შეგწევთ უნარი, გარდაქმნათ ბუნებრივი რესურსები, შექმნათ ინოვაციური მასალები, რაც განაპირობებს ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესს და წარმოების დინამიკას.

კურსდამთავრებულებო სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტიდან, სწორედ თქვენ უნდა განსაზღვროთ ტექნოლოგიური წინსვლა ტრანსპორტისა და მექანიკური ინჟინერიის დარგებში. გვჯერა, თქვენი პროფესიული საქმიანობით, გადამწყვეტ სიტყვას იტყვით საქართველოს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში, თანამედროვე, სანდო და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემების შექმნაში. იმუშავეთ ინოვაციებზე, განავითარეთ ინდუსტრია და იყავით პროგრესის მამოძრავებელი ძალა.

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის კურსდამთავრებულებო, თქვენი პროფესიები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით. თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი რეგიონების უსაფრთხო და გონივრულ განვითარებას.

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებო, თქვენ ხართ შემოქმედი ვიზიონერები, რომლებიც ჩვენი სივრცის ესთეტიკას, ჩვენი ქალაქებისა და რეგიონების ურბანულ განვითარებას და ფუნქციურობას განსაზღვრავენ.

ყველა თქვენგანს მოგიწოდებთ, გამოიყენეთ ის ცოდნა, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღეთ. თქვენს ხელშია ის ინტელექტუალური კაპიტალი, რომელიც საქართველოს ახალ რეალობაში წარმატებას მოუტანს. იმუშავეთ, იშრომეთ, განავითარეთ თქვენი პროფესია. გახდით მაგალითი მომავალი თაობებისთვის – პროფესიონალები და ქვეყნისთვის საამაყო მოქალაქეები!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდამ იქნება თქვენი პარტნიორი და თქვენი წარმატების თანამგზავრი. გისურვებთ წარმატებას მომავლის გზებზე!“, – აღნიშნა თავის მიმართვაში რექტორმა.

უნივერსიტეტის
პირველ სასწავლო კორპუსში გამართული კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება  კონცერტით 
დასრულდა,  რომელშიც საუნივერსიტეტო
შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია უნიკალური აკადემიური პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდების სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენას, კვლევითი კომპეტენციების განვითარებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს. 

სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. სამეცნიერო ღონისძიება 57 დარგობრივ სექციად წარიმართა და მასში 580-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა: 

  1. სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავა 3-მა სექციამ და ნაშრომი წარადგინა 18-მა სტუდენტმა;
  2. ენერგეტიკის ფაკულტეტი 6 სექციითა და 46 სტუდენტით წარდგა;
  3. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი – 5 სექციითა და 39 სტუდენტით; 
  4. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი – 6 სექციითა და 51 სტუდენტით;
  5. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი – 2 სექციითა და 39 სტუდენტით;
  6. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი – 2 სექციითა და 55 სტუდენტით;
  7. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე 133-მა სტუდენტმა 9 სექციად იმუშავა;
  8. დიზაინის საერთაშორისო სკოლის 23-მა სტუდენტმა – 1 სექციად;
  9. აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე – 54-მა სტუდენტმა 6 სექციად;
  10. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 20-მა სტუდენტმა 4 სექციად; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 52-მა სტუდენტმა 66 სექციად;
  11. მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე – 13-მა სტუდენტმა 1 სექციად;
  12. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე  6-მა სექციამ 37 სტუდენტის მონაწილეობით იმუშავა. 

სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელმაც მიმდინარე წლის 5 ივნისიდან 21 ივნისამდე გასტანა, პირველი ადგილი მოიპოვა 143-მა სტუდენტმა, მეორე – 105-მა, ხოლო მესამე 63-მა.
კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე  სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებსა და ორგანიზატორს – სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტსა და მის ხელმძღვანელს, ლევან ფიფიას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია მნიშვნელოვანი სივრცეა, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი კვლევითი პოტენციალი, გაიღრმავონ აკადემიური უნარები და  საერთაშორისო მასშტაბით ჩაერთონ სამეცნიერო დიალოგში.

სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში

რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტს, პროგრამულ ჯგუფებს, ტექნიკურ პერსონალს და იმ მენტორებს, რომელთა დახმარებითაც სტუდენტებმა ღირსეული და მაღალაკადემიური ნაშრომების წარდგენა შეძლეს. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა მხარდამჭერი და მომავალშიც არაერთ ინიციატივას განხორციელებს სტუდენტური კვლევების წასახალისებლად.
 
„გვახარებს ის გარემოება, რომ კონფერენცია ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იძენს და საერთაშორისო სტუდენტების მონაწილეობაც იზრდება. ეს ადასტურებს ჩვენი უნივერსიტეტის მზარდ როლს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში. სტუდენტების მონდომება და კვლევითი ინტერესები ნამდვილად იმსახურებს აღიარებას. ეს კონფერენცია არა მხოლოდ შედეგების გაზიარებაა, არამედ ახალი სამეცნიერო იდეების, თანამოაზრეების მოძიებისა და სამომავლო თანამშრომლობის დასაწყისიცაა. 

პირველ რიგში, მსურს, გულითადად მივულოცო თითოეულ მონაწილეს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობა. მათ წარმოაჩინეს შთამბეჭდავი კვლევითი ნაშრომები, ახალი ხედვები და ინოვაციური იდეები, რაც ნათლად მეტყველებს მომავალი თაობის ინტელექტუალურ პოტენციალზე.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მრავალმხრივი თემატიკა სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების, ინფორმატიკის, ხელოვნური ინტელექტის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ქიმიური ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის ინჟინერიის, სამთო-გეოლოგიის, ენერგეტიკისა თუ ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სტუდენტებმა გამოავლინეს ღრმა და მრავალმხრივი ცოდნა თავიანთ სფეროებში.

სტუდენტების ენთუზიაზმი, მეცნიერებისადმი ერთგულება და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვა ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. დარწმუნებული ვარ, ეს კონფერენცია ახალგაზრდა თაობის პროფესიული განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდებს“, – აცხადებს რექტორი.

სტუ-ის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის ტესტირებას 230 პროფესორ-მასწავლებელი აბარებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ ღია საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის, უცხოურ ენებში ენობრივი კომპეტენციის დადგენის მიზნით, ტესტირება  მიმდინარეობს.

ტესტირება, რომელიც უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში ტარდება, განკუთვნილია იმ პროფესორ-მასწავლებლებისთვის, რომლებიც გეგმავენ:

ა) მონაწილეობა მიიღონ 2025-2026 სასწავლო წლიდან, 4 წლის ვადით, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ღია საერთაშორისო კონკურსში და, აღნიშნული კონკურსის პირობების თანახმად, საგანთა ჯგუფების მიხედვით, შესაბამისი უცხოური ენის, არანაკლებ, B2 დონეზე ცოდნის ვალდებულება აქვთ;

ბ) გარკვეულ საგნებში ლექციები უცხოურ ენაზე წაიკითხონ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, თამარ წერეთლის განცხადებით, უცხოურ ენებში ენობრივი კომპეტენციის დასადგენი ტესტირება დღის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად ტარდება და მასში მონაწილეობს, საერთო ჯამში, 230 კონკურსანტი.

„ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცის ინტერნაციონალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, აკადემიური პერსონალის ენობრივი კომპეტენციის მაღალ დონეს გულისხმობს. სწორედ ამიტომ, უცხოურ ენაში ტესტირება არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული ღია საერთაშორისო კონკურსის მოთხოვნაა, არამედ სისტემური წინაპირობაა უნივერსიტეტის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციისთვის, უცხოურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე, რაც B2 და უფრო მაღალი დონის უცხოური ენის ცოდნის გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ კონკურსში მონაწილე აკადემიური პერსონალი სრულად აკმაყოფილებდეს ამ სტანდარტს და შეეძლოს აკადემიური საგნების უცხოურ ენაზე მაღალ დონეზე წაკითხვა, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციებში ეფექტიანად ჩართვა“, – განმარტავს თამარ წერეთელი.

როგორც ვიცე-რექტორი აღნიშნავს, 2025-2026 სასწავლო წლიდან 4 წლის ვადით აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული ღია საერთაშორისო კონკურსი მიმდინარე წლის 16 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

სტუ-მ კერძო სექტორთან კიდევ ერთი მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანია „ვასაძის პურის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ვასაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  

მემორანდუმის მიზანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის მაღალხარისხიანი საწარმოო პრაქტიკის ეფექტიანად განხორციელებაა. შეთანხმების ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას უშუალოდ „ვასაძის პურის“ საწარმოო ობიექტებზე მიიღებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გაიღრმაონ.

ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ხაზი გაუსვა საწარმოო პრაქტიკის რეალურ გარემოში განხორციელების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესისთვის. თავის მხრივ, გიორგი ვასაძემ დაადასტურა კომპანიის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და გაუზიაროს მათ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. მისი თქმით, მემორანდუმი წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს უმაღლესი განათლების სისტემის და კერძო სექტორის ეფექტური თანამშრომლობის განვითარებისთვის. მან მადლობა გადაუხადა სტუ-ის ვიცე-რექტორს თანამშრომლობისთვის, ხოლო სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს ღონისძიების ორგანიზებისთვის. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „ვასაძის პურს“ შორის მემორანდუმის საფუძველზე დაწყებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება სასწავლო პროცესში პრაქტიკულ კომპონენტზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებისთვის. სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამა მოითხოვს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ხარისხიან პრაქტიკულ გამოცდილებასაც – „ვასაძის პურთან“ თანამშრომლობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესებს რეალურ საწარმოო გარემოში გაეცნობიან, რაც არა მხოლოდ მათ პროფესიულ უნარებს გააძლიერებს, არამედ გაზრდის დასაქმების პერსპექტივებსაც. აუცილებლად უნდა აღინიშნოს კერძო სექტორის პასუხისმგებლობა და მზაობა ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისთვის. სწორედ ასეთი პარტნიორობა ქმნის იმ ბაზას, რომელიც აკადემიურ სივრცესა და ბიზნესს შორის სინერგიას უწყობს ხელს. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „ვასაძის პურს“ თანამშრომლობისთვის. მჯერა, ჩვენი ერთობლივი პროექტი წარმატებით განხორციელდება და მომავალში კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს“, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ადმინისტრატორის, ნიკოლოზ შავერდაშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის გაფორმებული მემორანდუმი ახალ პერსპექტივებს უხსნის სტუდენტებს, რომელთათვის, თეორიული ცოდნის პარალელურად, აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილების შეძენა, ხოლო რეალურ პირობებში შრომითი გარემოს შეგრძნება და საკუთარი პროფესიული პოტენციალის აღმოჩენა კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.  

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანია თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ინტეგრაციის მიმართულებით, რაც ხაზს უსვამს დღევანდელ მოთხოვნებსა და გამოწვევებთან ადაპტირებული საგანმანათლებლო პროცესის აუცილებლობას. განათლებისა და ბიზნესის ტანდემი ამყარებს ინოვაციური, კონკურენტული და მდგრადი ეკონომიკის შექმნის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში, ახალგაზრდები არა მხოლოდ აქტიური მონაწილენი არიან, არამედ იკავებენ ლიდერულ პოზიციებს პროფესიულ, სოციალურ და ტექნოლოგიურ პროცესებში. სწორედ ასეთი ტიპის პარტნიორობაზეა აგებული საუკეთესო თანამედროვე საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს როგორც პროფესიულ ზრდას, ისე საზოგადოების მდგრად განვითარებას“, –  აცხადებს ნიკოლოზ შავერდაშვილი.

TechCrunch-ის სტარტაპ კონკურსში მონაწილეობის უნიკალური შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

Silkroad Innovation Hub სტუ-ის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს იწვევს TechCrunch-ის ყველაზე პრესტიჟულ სტარტაპ კონკურსში: TechCrunch Startup Battlefield- Central Eurasia, მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის მიზანია, ინოვაციური სტარტაპების აღმოჩენა და მათი გაძლიერება გლობალურ ბაზარზე. მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი იდეები წარადგინონ მსოფლიოს წამყვანი ინვესტორებისა და ტექნოლოგიური ლიდერების წინაშე.

შერჩევის პროცესი და ფინალი

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  რვა ქვეყნის წარმომადგენლებს: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი და თურქეთი.

რეგიონული შერჩევის შედეგად, გამოვლინდება 3 საუკეთესო სტარტაპი, რომელიც უკვე, TechCrunch Startup Battlefield-ის ფინალურ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას.  კონკურსი 2025 წლის 27–29 ოქტომბერს, სან-ფრანცისკოში გაიმართება.

გამარჯვებულისათვის(რეგიონის საუკეთესო 3 წევრი) გათვალისწინებულია:

  • l 100,000 აშშ დოლარის ოდენობის პრიზი და სტენდ TechCrunch Disrupt-ზე განთავსება;

  • l მგზავრობის და  განთავსების ხარჯისა დაფარვა გუნდის 2 წევრისთვის;

  • l მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორების წინაშე პრეზენტაციის ჩატარების შესაძლებლობა; 

  • l გლობალური მედიაგაშუქება TechCrunch.com-ზე.

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

  • l სტუ-ის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს;

  • l 2-4 წევრიან გუნდებს;

  • l სტარტაპებს, რომლებსაც უკვე აქვთ პროდუქტის ფუნქციონალური ვერსია (MVP) და მის განვითარებაზე მუშაობენ;

  • l სტარტაპ იდეას, რომელიც მორგებულია ბაზრის მოთხოვნებზე და აქვს ზრდის პოტენციალი.

 

Silkroad Inovation Hub-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია: https://road2battlefield.com/

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა: 2025 წლის 15 ივლისი

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?