სტუ პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, სამართლის დოქტორის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მკვლევრის – ალექსანდრე ტალიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.

„77 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი – ალექსი ტალიაშვილი – შესანიშნავი მკვლევარი და იურისტი, აკადემიური საბჭოს წევრი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომელიც დიდ ძალისხმევას დებდა მომავალი თაობის პროფესიონალთა აღზრდაში, ადამიანი, გამორჩეული პიროვნული თვისებებით, სიბრძნითა და კეთილშობილებით, უნივერსიტეტისა და კოლეგების სიყვარულით. 

პროფესორი ალექსი ტალიაშვილი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ორგანოების სამმართველოს უფროსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია და სახელმძღვანელო.

გულისტკივილით ვემშვიდობებით ძვირფას კოლეგას და უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ალექსის ოჯახს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს, მის მეგობრებსა და აღზრდილებს. 

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები დაინიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში – სტუ) საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 06 მაისის გადაწყვეტილების (ოქმის რეკვიზიტები: #2; 06.05.2025) შესაბამისად, სტუ-ის  ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები დაინიშნა 2025 წლის  28 მაისს.

კანდიდატთა სამოქმედო გეგმის მოსმენა სტუ-ის  საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოში გაიმართება 2025 წლის 27 მაისს.

არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება 2025 წლის 14 მაისს და მიმდინარეობს 2025 წლის  21 მაისის ჩათვლით.

სტუ-ის  საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

კონკურსანტმა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი; 

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;

ე) სამოქმედო გეგმა;

საბუთები მიიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, მის: კოსტავას ქ. #77, მე-8 სართული, ოთახი #815ა. საბუთების მიიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) 10:00-დან 17:00 საათამდე (შესვენება 13:00-14:00 საათი).

სტუ-ში ენერგეტიკის სექტორის განვითარების შესახებ იმსჯელეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) და სემეკ-ის მიერ დაფუძნებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტში ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებსა და ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს. 

ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯუბო ტურაშვილი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი მსხვილი ორგანიზაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელები, დარგის ექსპერტები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ გახსნეს. 

2 (1).png

რექტორმა ენერგეტიკის სექტორის განვითარების შესაძლებლობები მიმოიხილა და ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ფლაგმანი უმაღლესი სკოლის მისიაზე ენერგეტიკისა და მისი მომიჯნავე საინჟინრო დარგებისთვის ახალგაზრდა კადრების მომზადებისა და მათი პროფესიონალებად ფორმირების, ასევე, სექტორში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების მიმართულებით. 

დავით გურგენიძის განცხადებით, ენერგეტიკის დარგის განვითარების გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგებისა და ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი განვითარება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისა და ინდუსტრიების მჭიდრო პარტნიორობით უნდა განხორციელდეს. 

„ენერგეტიკის სექტორი საქართველოს მდგრადი განვითარების და ტექნოლოგიური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ენერგეტიკის სისტემაში. ძლიერი, ინოვაციური ენერგეტიკული სისტემის გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგების ეფექტიანი განვითარება და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადობა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, უნივერსიტეტმა, ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა და ინდუსტრიებმა, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და ერთად ჩამოვაყალიბოთ პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობა.

უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაა სტუდენტებს მისცეს არა მხოლოდ მყარი თეორიული საფუძველი, არამედ თანამედროვე ინდუსტრიული მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენი მისიაა ისეთი სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, დააკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს და გლობალურ გამოწვევებზეც შეძლებენ რეაგირებას.

ვიმედოვნებთ, სემეკ-ის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ მიზნის მისაღწევად, პარტნიორობა კი გააძლიერებს აკადემიურ საზოგადოებასა და ინდუსტრიას შორის კავშირს, შექმნის ახალი პლატფორმებს ერთობლივი კვლევისა და ინოვაციისთვის, ხოლო ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება და სამომავლოდ, შეძლონ კარიერული განვითარება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციას და პროგრესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“, – აღნიშნა რექტორმა.

სემეკ-ის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლზე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში. 

3.png

„დღეს ჩვენ გავეცანით ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიებს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლების პროცესში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიიღონ თეორიული და პრაქტიკაზე დამყარებული ფუნდამენტური ცოდნა, რაც უმნიშვნელოვანესია პროფესიონალ ენერგეტიკოსად ჩამოყალიბებისთვის. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტს 95-წლიანი ისტორია აქვს და არის ლიდერი ენერგეტიკოსების ჩამოყალიბების მიმართულებით. სემეკი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. კომისიაში დასაქმებული არაერთი პროფესიონალი ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. კომისიაში სტაჟირება გაიარა ტექნიკური უნივერსიტეტის 18-მა სტუდენტმა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე წარმატებით დასაქმდნენ არა მარტო კომისიაში, არამედ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებში. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ენერგეტიკის ფაკულტეტის განვითარებას და ახალგაზრდების მოზიდვას ენერგეტიკის სექტორში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ინდუსტრიებს შორის ქმედითი კოოპერაციის აუცილებლობაზე იმ მიზნით, რომ სექტორისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდეს ახალგაზრდა კადრები და გაცილებით ეფექტიანად წარიმართოს კვლევითი საქმიანობა. 

ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებსა და ძირითად ასპექტებზე ისაუბრეს ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯუბო ტურაშვილმა, ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორმა, ენერგეტიკის ექსპერტმა გია არაბიძემ, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და სხვა მოწვეულმა პირებმა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც რექტორმა დავით გურგენიძემ და სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მოაწერეს ხელი.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, მემორანდუმის ამოქმედება ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორებში განათლების პოპულარიზაციას, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების შემუშავებას.

უნივერსიტეტი და სასწავლო ცენტრი ერთობლივად იზრუნებენ თემატური სამეცნიერო ღონისძიებების მოწყობის, ინტელექტუალური და ტექნიკური პოტენციალის გაზიარების, ასევე, სტუდენტებისა თუ პერსონალის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტთათვის სტაჟირებისა და სასწავლო-საწარმოო პრაქტიკების ორგანიზებას. 

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დისკუსია გაიმართა, სადაც ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მათი დაძლევის გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

გარდა ამისა, სტუმრები ადგილზე გაეცნენ ენერგეტიკის ფაკულტეტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ინფრასტრუქტურას – ტექნიკურ და სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ ბაზას, მათი ფუნქციონირებისა და საგანმანათლებლო-პრაქტიკული სწავლების სპეციფიკას. 

„უნივერსიტეტი ჩემი პროფესიული იდენტობის საყრდენად იქცა“ – სტუ-ის კურსდამთავრებული

„როდესაც ვაჯამებ განვლილ გზას, რომელმაც სამართალდამცავ სტრუქტურამდე მიმიყვანა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს გზა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიდან დაიწყო. აქ მიღებულმა ცოდნამ და უნარებმა მომამზადა როგორც პროფესიონალი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩემი პროფესიული იდენტობის საყრდენად იქცა“, – ამის შესახებ სტუ-ის კურსდამთავრებული გიორგი გახოკია აცხადებს. 

გიორგი გახოკიამ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2018 წელს დაასრულა და მუშაობა სამართალდამცავ სტრუქტურაში დაიწყო. 

როგორც გიორგი გახოკია აცხადებს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა მისცა შესაძლებლობა გაეცნო დარგში მოღვაწე პროფესიონალები, რომლებიც სასწავლო კურსებს უძღვებოდნენ და თეორიული ცოდნის პარალელურად, დიდი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, სტუდენტებს საინტერესოდ უზიარებდნენ ცოდნას. 

„ფაკულტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა კანონიერებასა და სამართლის უზენაესობის პრინციპს, რაც ჩემი პროფესიული იდენტობის საყრდენად იქცა. კონსტიტუციური სამართლის, კრიმინალური მართლმსაჯულების და საერთაშორისო სამართლის თემებზე ლექციებმა ხელი შემიწყო გამემყარებინა სიღრმისეული ცოდნა როგორც საქართველოს შიდა სამართლებრივი სისტემების, ისე გლობალური სამართლის შესახებ. ეს ცოდნა დღესაც მეხმარება რთულ სამართლებრივ გარემოში პროფესიონალურად მოქმედებაში და სამართლიანობის დაცვის საქმეში.

მაგრამ რაც ნამდვილად გამოარჩევდა ფაკულტეტს, იყო სტუდენტური თვითშემოქმედების მხარდაჭერა. ლექტორებმა მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი ჩვენი კრიტიკული აზროვნების განვითარებას. სწავლის პერიოდში მონაწილეობა მივიღე არაერთ იმიტირებულ პროცესში, სამართლებრივ დებატებში, რამაც მნიშვნელოვნად დახვეწა ჩემი უნარები, რომელთაც უკვე ყოველდღიურად ვიყენებ საქმიანობისას. ამ და სხვა გამოცდილებამ გამიჩინა ახალი ხედვები სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზე, რაც დღემდე ახდენს გავლენას ჩემს პროფესიულ ქმედებებზე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული განათლება ჩემთვის არ ყოფილა მხოლოდ პროფესიისთვის მზადება – ეს იყო შესაძლებლობა მექცია ჩემი კარიერა მიზანმიმართულ და ღირებულებებით აღსავსე საქმედ“, – აცხადებს სტუ-ის კურსდამთავრებული.

სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ ფესტივალ IFSAAT-2025-ის გრანპრი გადაეცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახემ“, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გამართული საერთაშორისო სამოყვარულო ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალის – IFSAAT-2025 – მთავარი ჯილდო და სხვადასხვა ნომინაციებში პრიზები მოიპოვა. 

საერთაშორისო ფესტივალზე „მოდინახეს“ დასი სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის მიერ ვაჟა-ფშაველას ცნობილი ნაწარმოებისა და ალექსანდრე ბასილაიას ამავე სახელწოდების მუსიკალური კომპოზიციის მიხედვით დადგმული სპექტაკლით – „ჩხიკვთა ქორწილით“ წარდგა. საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სტუდენტური დასის სპექტაკლმა ფესტივალის ჟიური უმაღლესი შეფასება – გრანპრი და პირველი ადგილი დაიმსახურა. 

„საუკეთესო რეჟისორული ინტერპრეტაციისთვის“ პრიზი „მოდინახეს“ დასის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მთავარ რეჟისორს, ნუგზარ ბუცხრიკიძეს ერგო, „საუკეთესო ქორეოგრაფია“ სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ცისანა კობახიძეს, ასევე, „მოდინახეს“ დირექტორსა და რეჟისორს, გიორგი ჭანტურიას გადაეცათ, ხოლო სპეციალური პრიზი – „ფესტივალის აღმოჩენა“ გიორგი ჭანტურიამ დაიმსახურა.

1.png

როგორც საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი აღნიშნავს, სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა და საერთაშორისო მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„ფესტივალ IFSAAT-2025-ზე მოპოვებული გამარჯვება გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი საუნივერსიტეტო დასის მთავარი გზავნილი ინტერნაციონალური მაყურებლის გულებს ჩასწვდა. ეს წარმატება ეკუთვნის არა მხოლოდ ნიჭიერ ახალგაზრდა მსახიობებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს თეატრალური ხელოვნების განვითარებას საქართველოს უნივერსიტეტებში. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტურ დასზე ზრუნვისა და ქვეყნის გარეთ საუნივერსიტეტო შემოქმედების პოპულარიზაციის უდიდესი მხარდაჭერისთვის. მათ ხელშეწყობის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ „ჩხიკვთა ქორწილმა” ანშლაგით ჩაიარა და ფესტივალის მთავარი პრიზიც მოიპოვა”, – ამბობს ნუგზარ ბუცხრიკიძე. 

თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ საერთაშორისო სამოყვარულო ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალში – IFSAAT-2025 – 20-ზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდულმა თეატრალურმა დასმა მიიღო მონაწილეობა. 

სტუ, პირველად საქართველოში, ევროპული ორგანიზაციის, EYE-ის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველად საქართველოში, ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული ორგანიზაციის – „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ (EYE) რიგით 55-ე საერთაშორისო კონფერენციას (ასამბლეა) მიმდინარე წლის 18-21 სექტემბერს უმასპინძლებს.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება EYE-ის აღმასრულებელმა კომისიამ აპრილის ბოლოს, ორგანიზაციის ეგიდით მალტაში გამართულ 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე კენჭისყრის საფუძველზე მიიღო და ასამბლეის დახურვის ცერემონიაზე გაასაჯაროვა. 

ორგანიზაციაში – „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ (EYE) – საქართველოს 2024 წლიდან წარმოადგენს „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტი“ (GYEC), რომელიც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) მიერ დაფუძნებული ახალგაზრდა სპეციალისტთა ორგანიზაციაა, ხოლო მისი მუშაობა ფართოდ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და GSCE-ის მხრიდან. 

#1-შიდა-05.05.2025-სტუ-EYE 55_ე კონფერენციას სტუ უმასპინძლებს.png

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ დელეგაცია, ორგანიზაციის პრეზიდენტის, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს (SDSU-G) და სტუ-ის სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულ გიორგი მოლოდინისა და გენერალური მდივნის, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრის, ანნა გოგალაძის სახით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და GSCE-ის მხარდაჭერით, პირველად მონაწილეობდა EYE-ის საერთაშორისო კონფერენციაში.

საგულისხმოა, რომ მალტის კონფერენციაზე ასევე შედგა „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ ახალი ხელმძღვანელობის არჩევნები, რომლის ფარგლებშიც, გიორგი მოლოდინი EYE-ის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად წარადგინეს. 

როგორც „ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ პრეზიდენტი აღნიშნავს, EYE-ის ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, გააძლიერებს საერთაშორისო სივრცეში ქართველი ახალგაზრდების პოზიციონირების შესაძლებლობებს, გაუხსნის მათ ახალ კავშირებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, საინჟინრო მიმართულების ორგანიზაციებსა და ინჟინერიის სხვადასხვა დარგებში მოქმედ პროფესიონალებთან.  

გიორგი მოლოდინის თქმით, მალტის ასამბლეაზე „ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის” დელეგაციამ წარმატებით წარმოაჩინა ის მნიშვნელოვანი მისია, მიზნები და საქმიანობა, რასაც ახორციელებს, ერთი მხრივ, საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება (GSCE), რომელიც ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (ECCE) და მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (WCCE) ოფიციალური წევრია, და მეორე მხრივ, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების ფლაგმანი უმაღლესი სკოლა – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 

გიორგი მოლოდინის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ, თავისი გამოსვლებით, პროცესებში აქტიური ჩართულობით და საინჟინრო მიმართულებებში ინფორმირებულობით, EYE-ის წევრთა დიდი უმრავლესობის დაინტერესება და მხარდაჭერა მოიპოვა. 

#2-შიდა-05.05.2025-სტუ-EYE 55_ე კონფერენციას სტუ უმასპინძლებს.png

„EYE-ის ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი დელეგაციისთვის – ახალი კავშირებით, ახალი შესაძლებლობებით, თუნდაც იმით, რომ წარმატებით შევძელით წარმოგვედგინა ჩვენი ქვეყანა, საქართველოში განვითარებული საინჟინრო მიმართულებები; შევძელით სრულყოფილად გადმოგვეცა GSCE-ის მიზნები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი მისია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო კადრების მომზადებას გულისხმობს. დაინტერესება EYE-ის წევრებისა და დელეგატების მხრიდან დიდი იყო და ეს ძალიან გვახარებს. ვფიქრობთ, სწორედ ეს ფაქტორი გახდა გადამწყვეტი, რომ „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ აღმასრულებელმა კომისიამ, კენჭისყრის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მორიგი კონფერენცია ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაატაროს. პირველად საქართველოში, უნივერსიტეტი EYE-ის ასამბლეას წელს, 18-დან 21 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი ევროპული ქვეყნის 100-მდე ახალგაზრდა დელეგატი. საგულისხმოა ისიც, რომ მალტის ასამბლეაზე, ერთი წლის ვადით, EYE-ის ახალი ხელმძღვანელობა აირჩიეს – პრეზიდენტი, ასევე, ხუთი ვიცე-პრეზიდენტი და ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ის ფაქტი, როცა საფინანსო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტად ჩემი კანდიდატურა წარადგინეს”, – ამბობს გიორგი მოლოდინი.

„ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ ეგიდით, მორიგი საერთაშორისო კონფერენციის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართვის გადაწყვეტილებას რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ეხმიანება და მას მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს. 

„სასიხარულო და ამავდროულად, დიდი პატივია, რომ „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების” 55-ე საერთაშორისო კონფერენცია პირველად გაიმართება საქართველოში, კერძოდ კი ჩვენს უნივერსიტეტში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. EYE-ის გადაწყვეტილება ნათელი დადასტურებაა იმ საერთაშორისო აღიარებისა, რაც ქართულ საინჟინრო განათლებას, მეცნიერებას და ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადებას მოიცავს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრიორიტეტი, საერთაშორისო სტანდარტების განათლების მიღებასთან ერთად, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო კავშირების, გამოცდილებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნაა. EYE-ის ასამბლეის მასპინძლობა სწორედ ამ მისიის ლოგიკური გაგრძელება იქნება. 

დარწმუნებული ვართ, ეს საერთაშორისო კონფერენცია გახდება პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ევროპული ქვეყნებისა და საქართველოს ახალგაზრდა ინჟინრებს, შესაძლებლობას მისცემს ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს მეტად წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა და უნარები, მეტად გაეცნონ თანამედროვე საინჟინრო ტენდენციებს. მჯერა, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და ამავდროულად, აამაღლებს საინჟინრო განათლების ხარისხს.

მნიშვნელოვანი წარმატება განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორს – საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებას და მის ახალგაზრდულ ორგანიზაციას – „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტს”. მათ შეძლეს ჩვენი ქვეყნის, თავიანთი ორგანიზაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენა საერთაშორისო სივრცეში. ასევე, ვულოცავ კომიტეტის პრეზიდენტს, ახალგაზრდა ინჟინერ გიორგი მოლოდინს EYE-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას. ვიმედოვნებთ, კომიტეტი გააფართოებს საქმიანობას, დაამყარებს ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ქართულ უნივერსიტეტებსა და პროფესიულ ორგანიზაციებთან, ასევე, ევროპულ უმაღლეს სკოლებთან თუ საინჟინრო წრეებთან და მათი სამომავლო წარმატება გახდება ძლიერი, თანამედროვე და ღია საინჟინრო თაობის ჩამოყალიბების მძლავრი წინაპირობა საქართველოში“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ (EYE) არასამთავრობო ორგანიზაციაა 500 000-ზე მეტი წევრით ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ფართოვდება, მიზნად ისახავს წარმომადგენლობის დაფუძნებას ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) წევრია.

სტუ პროფესორ ნანა სამსონიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერის – ნანა სამსონიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.

„86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი ნანა სამსონია – გამორჩეული მეცნიერი და ღვაწლმოსილი პედაგოგი, ერთგულად რომ ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ზრდიდა პროფესიონალთა თაობებს, უშურველად გასცემდა სიკეთესა და სიყვარულს. 

პროფესორი ნანა სამსონია 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრაზე, 1993-2021 წლებში კი ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის „ენერგეტიკის ეკონომიკისა და მენეჯმენტის“ სასწავლო სამეცნიერო მიმართულებას. მისი ავტორობით გამოიცა არაერთი სახელმძღვანელო, მათ შორის: „ენერგეტიკის ეკონომიკა, დაგეგმვა და მენეჯმენტი“, „საბაზრო ეკონომიკა“ და „ენერგეტიკის ფინანსების მენეჯმენტი“, 2003 წელს კი, მისი თანაავტორობით გამოცემულ სახელმძღვანელოს – „სათბობენერგეტიკული კომპლექსის საწარმოთა ეკონომიკა“ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია მიენიჭა.
   
წლების მანძილზე ნანა სამსონია „ნოუ-ჰაუს“ ფონდის პროექტებში მონაწილეობდა. სწორედ მისი უშუალო ჩართულობით შემუშავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების ევროპულ სტანდარტზე გადასვლის გეგმები და პროგრამები, შეიქმნა ბოლონიის პროცესის შემადგენელი კომპონენტების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენებასთან დაკავშირებული მითითებები. 

უდიდესი გულისტკივილით ვემშვიდობებით ძვირფას კოლეგას და უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ქალბატონი ნანას ოჯახს, ენერგეტიკის ფაკულტეტს, მის მეგობრებსა და აღზრდილებს. 

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

სტუ-ში პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, თსუ-ის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯაბა სამუშიას საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის საჯარო ლექცია – „თამარის ეპოქა“ – გაიმართა. 

საჯარო ლექციათა ციკლს, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, ორგანიზებას უწევენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია. 

საგანმანათლებლო-შექმეცნებით ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელი, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები და მოწვეული პირები ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

2 (3).png

რექტორის განცხადებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიაქროს ერთობლივი პროექტი – „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად. 

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, ცნობილი ისტორიკოსის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ჯაბა სამუშიას ლექცია – „თამარის ეპოქა“ – ახალგაზრდებს შეახსენებს საქართველოს ისტორიის იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდს, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ქვეყნისა და ქართველი ხალხის ძირითადი ღირებულებებისა და თვითმყოფადობის ჩამოყალიბების პროცესზე. 

„ეს მორიგი შეხვედრაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც იმართება სასულიერო პირთა, მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით და ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ღონისძიებათა ციკლში შესულია ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ლექცია – „თამარის ეპოქა“. ბატონი ჯაბა, მისთვის ჩვეული შესანიშნავი თხრობის სტილით, აუდიტორიას, რომლის უმრავლესობას სტუდენტები შეადგენენ, გულგრილს არ ტოვებს და შეახსენებს საქართველოს ისტორიის იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხანას, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ეროვნული ფასეულობების განსაზღვრაში. დღევანდელობის ჭრილში, საჯარო ლექციათა ციკლი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საუკუნეების წინ, ისევე როგორც დღეს, საქართველოს მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პროექტით ახალგაზრდობამდე უნდა მივიტანოთ მთავარი იდეა, რომლის გაცნობიერებაც სასიცოცხლოდ აუცილებელია – საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი პროგრესულად მოაზროვნე კაცობრიობის ნაწილია. რაც შეეხება ჩვენი დიდი წინაპრების გადაწყვეტილებებს, მათ შესწავლა, გაანალიზება, შეჯერება და თანამედროვეობისთვის მისაღები ფორმების მიცემა სჭირდება – უნივერსიტეტში გამართული მსჯელობა სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა“, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ. 

როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელმა ლექციის დაწყებამდე აღნიშნა, საქართველოში გარდამავალმა პერიოდმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თანამედროვე მსოფლიოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის წარმატებით განხორციელება შეუძლებელია ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის გათვალისწინების გარეშე, რაც ეროვნული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის სიღრმისეულად გაცნობიერებას მოითხოვს.

ლექციით – „თამარის ეპოქა“ – აუდიტორიის წინაშე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია წარსდგა. მეცნიერმა ისაუბრა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ერთ-ერთი უძლიერესი მონარქის – თამარის შესახებ, რომლის მმართველობის პერიოდში საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.

როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, თამარის ეპოქის გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ძლიერი სოციალურ-ეკონომიკური ბაზისი იყო. მეცნიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა თამარის პერიოდის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეებზე, რეფორმებსა და გადახდილ მნიშვნელოვან ბრძოლებზე. 

საჯარო ლექციის დასასრულს, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ ახალგაზრდებს თამარის ეპოქაში განვითარებულ მოვლენებზე, დამატებით, არაერთი მნიშვნელოვანი ცნობა მიაწოდა. 

ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა.

პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები.

ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე.

„გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“ – სტუ საერთაშორისო სამეცნიერო სემინარს მასპინძლობს

14 -16 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“ უმასპინძლებს.

სემინარი ტარდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელოსტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ლუბლინის სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელ უნივერსიტეტს, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნულ უნივერსიტეტს და ჟეშოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში. 

14 მაისს 11:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში სემინარი ოფიციალურად გაიხსნება. 

 მსმენელთათვის წარმოდგენილი იქნება სექციები:

  • გარემოს ინჟინერია;
  • წყლის რესურსები;
  • მშენებლობა.

სემინარის სამეცნიერო კომიტეტი გამოსცემს მონოგრაფიას. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა მასალები უნდა წარმოადგინონ 10 მაისამდე ელექტრონული ფოსტით: eit@gtu.ge.

სტატიის გაფორმების წესი იხილეთ ბმულზე.

ღონისძიების პროგრამა გაეგზავნება დარეგისტრირებულ მონაწილეებს. 

დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს.

საკონტაქტო პირი: გინა გურეშიძე g.gureshidze@gtu.ge

ენერგეტიკის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 01 მაისის სხდომაზე (სხდომის ოქმი №6) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე: 

1. ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის 24 ივნისს.

2. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;

4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ 2025 წლის 3 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში – თბილისი, კოსტავას 75, მე-3 სართული, ოთახი №314 განცხადებები მიიღება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა. 

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას;

დ) სამოქმედო გეგმა.

6. კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ენერგეტიკის ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 23 ივნისს. 

7. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2025 წლის 23 მაისამდე, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. #77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული).

პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება. 

8. არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად. 

ენერგეტიკის ფაკულტეტის საბჭო.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?