სტუ-ის მიერ მომზადებულმა მოსწავლეთა გუნდებმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველი და მეორე ადგილი მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის მიერ მომზადებულმა მოსწავლეთა გუნდებმა – MARINEGUARD-მა და STARFISH-მა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველი და მეორე ადგილი, ასევე, მნიშვნელოვან გამარჯვებასთან ერთად, NASA-ს კოსმოსური ცენტრის (აშშ) საზაფხულო სკოლისა და სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) iD Tech-ის საგზურები მოიპოვეს; გარდა ამისა, კონკურსზე რჩეული გუნდის სტატუსი დაისაკუთრა სტუ-ის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის მიერ მომზადებულმა კიდევ ერთმა გუნდმა – BEES, რომელიც ათასწლეულის ინოვაციის წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტია. 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეთა გუნდების ხელმძღვანელები და მენტორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი დავით სონღულაშვილი და ამავე ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტები – მარეხ მაზანაშვილი და უტა კილასონია.

გამარჯვებული და ფინალისტი პროექტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა. 

პირველი ადგილი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მთავარი პრიზი – NASA-ს კოსმოსური ცენტრის საზაფხულო სკოლაში გამგზავრება – მოიპოვა გუნდ MARINEGUARD-მა, რომლის შემადგენლობაში არიან ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის STEM აკადემიის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის, ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის სკოლის და სკოლა “სხივის” მოსწავლეები: ზვიად ფრუიძე, ლუკა ფორჩხიძე, ელენე ქაჩიბაია, ლუკა წოწორია, ანა სალდაძე. 

MARINEGUARD-მა შექმნა ინოვაციური უპილოტო ნავი, რომელიც, ჩაღვრილი ნავთობის აღმოჩენის მიზნით, მონიტორინგს უტარებს საზღვაო წყლებს და დაბინძურებულ ზონებს სპეციალური ფილტრებით ავტომატურად ასუფთავებს. 

მეორე ადგილზე გავიდა გუნდი – STARFISH, რომლის შემადგენლობაში არიან ბათუმის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“, ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისა და ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები: გიორგი გობაძე, ნიკა აბულაძე, ალექსანდრე ჯელია, ელისაბედ გეგეშიძე და მარტა თოდუა.

1 (8).png

STARFISH-მა ჭკვიანი და ეკომეგობრული თევზის ფერმა შექმნა. მეორე ადგილზე გასული გუნდი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) ტექნოლოგიების ბანაკში (iD Tech) მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ერთ-ერთი ფინალისტი გუნდი – BEES, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ რჩეული გახდა. გუნდის წევრებმა – თბილისის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის”, ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” STEM აკადემიის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და თბილისის ვლადიმერ კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: სანდრო ჩიქოვანმა, ლაზარე ჩაჩუამ, ელენე ლუხუტაშვილმა, დემეტრე ხაჩიძემ და დაჯი კუჭავამ ფუტკრის შხამის მიღების ინოვაციური მეთოდისთვის მოწყობილობა შექმნეს.

2 (6).png

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა გუნდებს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერებსა და დოქტორანტებს, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების საუნივერსიტეტო ცენტრს მორიგ ღირსეულ გამარჯვებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს. 

როგორც რექტორი აცხადებს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში ტრადიციულად წარმატებით მონაწილეობენ და გამარჯვებას მოიპოვებენ საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტთან არსებული ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების საუნივერსიტეტო ცენტრის მიერ მომზადებული მოსწავლეთა გუნდები.

„ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს – უკვე თამამად შეგვიძლია მათ გამომგონებლები ვუწოდოთ – მეცნიერების ურთულეს გზაზე გადადგმულ პირველ წარმატებულ ნაბიჯებს. დარწმუნებული ვარ, მათი მომავალი ინტერესები უკვე განსაზღვრულია და ეს უთუოდ იქნება მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფერო. ახალგაზრდების გამარჯვებას ვულოცავთ მათ მენტორებს – საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორს, ბატონ დავით სონღულაშვილს, დოქტორანტებს მარეხ მაზანაშვილს და უტა კილასონიას, რომლებმაც მოსწავლეთა გუნდებს ღირსეული მენტორობა გაუწიეს და პირველი მნიშვნელოვანი წარმატებისკენ გზა გაუკვალეს. ეს მორიგი გამარჯვებაც უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა უნივერსიტეტისთვის, რადგან სწორედ ამგვარი პროექტების შექმნითა და ამ გზით არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში ახალი, კონკურენტული საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნა. ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას გვაძლევს მეტად დავუახლოვდეთ თანამედროვე მსოფლიოს, ხელს უწყობს ახალი თაობის გამომგონებელთა, ინჟინერთა და ინოვატორთა გაძლიერებას, რაც საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი პრიორიტეტია. დასაფასებელია, რომ ახალგაზრდებმა დაისახეს მიზანი, ბევრი იშრომეს და შეძლეს ინოვაციური იდეების განხორციელება, რაშიც დიდია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი მეცნიერების წვლილი. გილოცავთ კიდევ ერთხელ და თქვენგან მომავალშიც არაერთ გამარჯვებას ველით“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

ცნობისთვის, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 2014 წლიდან იმართება და უფროსკლასელებში STEM დისციპლინების, ინოვაციური პროექტებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას ისახავს მიზნად. პროექტის მიზანია ახალგაზრდების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც სამომავლოდ, მათ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში დაეხმარება.

სტუ-ის ვიცე-რექტორი კომპანია „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი და ენერგეტიკის ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევრები კომპანია „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის დირექტორს გოჩა მუსელიანს შეხვდნენ. 

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „ენ-სი ჯგუფი 2022“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა, სადაც მხარეებმა იმსჯელეს ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნებზე, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობაზე, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარებასა და უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის ეფექტიანი პარტნიორული ურთიერთობების ფორმირებაზე. 

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ენ-სი ჯგუფი 2022“-ს შორის მყარი პარტნიორობის ჩამოყალიბება საშუალებას იძლევა კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებასა და მათ დასაქმებაზე. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და მკვლევრების ისეთ დიდ პროექტებში ჩართვაზე, რომელსაც „ენ-სი ჯგუფი 2022“ ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. 

2 (7).png

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ენ-სი ჯგუფი 2022“ შორის მემორანდუმის გაფორმებისას, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის თანამშრომლობა იქნება კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შედგეს ეფექტიანი და ურთიერთსასარგებლო ქმედითი და ნაყოფიერი პარტნიორობა უმაღლეს სკოლასა და ბიზნესს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის მხრიდან სრულ ჩართულობას – ქვეყანაში მიმდინარე ამ მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის დაგეგმვასა და რეალიზებაში თითქმის ყველა ფაკულტეტის სტუდენტები, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთვებიან. პროექტი ითვალისწინებს კასკადური ჰესების მშენებლობას შიდა ქართლის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში. ამ დიდი გეგმის განსახორციელებლად კომპანიის წარმომადგენლებს უკვე მეორედ შევხვდით. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ბაზა, შეგვიძლია როგორც სტუდენტების, ასევე მეცნიერ-მკვლევრების ჩართულობით მივაღწიოთ მიზანს, რომლის განხორციელება საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

გოჩა მუსელიანის თქმით, კომპანიის გამართული მუშაობა დიდწილადაა დამოკიდებული კადრების მაღალკვალიფიციურობაზე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ენ-სი ჯგუფი 2022“-ი პროექტის განხორციელებას ადგილობრივი ძალებით გეგმავს, შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიისთვის განსაკუთრებულად ღირებულია იმ ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვის მხრივ, რომლებიც განათლებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეუფლებიან.

როგორც მან აღნიშნა, განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან, რის შემდგომაც გამორჩეული ახალგაზრდები გრძელვადიანი პერსპექტივით დასაქმდებიან.

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა გახსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფაკულტეტის პედაგოგებმა, მეცნიერებმა და ახალგაზრდა მკვლევარმა ქალებმა შეხვედრა გამართეს. 

ღონისძიება ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. როგორც პროფესორმა თალიკო ჟვანიამ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალ მეცნიერებსა და მკვლევრებს გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება-დამუშავებასა და სისტემატიზაციაში დიდი როლი მიუძღვით.

„მსოფლიო 11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ დღეს უკვე მესამედ აღნიშნავს. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ტექნოლოგიების საუკუნეში ინფორმატიკის, როგორც სამეცნიერო დარგების ერთობლიობის, რომელიც ინფორმაციის ცნების სხვადასხვა ასპექტს სწავლობს, განვითარების მიმართულებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალ მეცნიერებს დიდი როლი აკისრიათ. ჩვენ ვხედავთ ახალ სახეებს, რაც ნიშნავს, რომ მეცნიერებაში ახალგაზრდა ქალების ჩართულობის პროცესი უწყვეტია. წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა თალიკო ჟვანიამ. 

2 (5).png

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეცნიერმა ქალებმა თალიკო ჟვანიამ, თამარ ბერბერაშვილმა, თამარ ბჟალავამ, მარიამ ბერიაშვილმა, მაგული ბედინეიშვილმა, ირინე ხომერიკმა, ანა კეკელიძემ, ლილი პეტრიაშვილმა, ნონა ოთხოზორიამ, მედეა თევდორაძემ, ეკატერინე სანაიამ, ნათია ქუხილავამ და ნანი არაბულმა  მოწვეულ სტუმრებსა და სტუდენტებს თავიანთი სამეცნიერო მიღწევები და სამომავალი გეგმები გაუზიარეს. 

„სასიხარულოა, რომ შეხვედრის მონაწილეთა ერთიანი სულისკვეთებაა, შევუქმნათ ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებს მეტი პირობა, რათა მათ შეძლონ მეცნიერების ნებისმიერ სფეროში საკუთარი უნარებისა და იდეების რეალიზება. ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ მეცნიერება იყოს თანასწორი, ინკლუზიური და ყველასთვის ღია სივრცე. ჩვენ უნდა გავუკვალოთ გზა მომავალ თაობების, რათა მეცნიერება იყოს ის სფერო, სადაც წარმატება განისაზღვრება არა გენდერით, არამედ ცოდნით, ნიჭითა და შრომისმოყვარეობით”, – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა.

ინფორმაციისთვის, 2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ  რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. ამ დღეს გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ადამიანებს მოუწოდებს მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე მესამე წელია მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ციკლი ტარდება.

სტუ-ის რექტორი ქალ მეცნიერებსა და მკვლევრებს შეხვდა

„მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს, ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალ მეცნიერებთან და ახალგაზრდა ქალ მკვლევრებთან შეხვედრა და თქვენთან ერთად, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი ახალი პროექტის, სამეცნიერო სპარინგის, რომელიც ასევე ქალი მეცნიერის თამარ ლომინაძის ორგანიზატორობით, ქალმა მეცნიერმა მარიამ ცაცანაშვილმა შეიმუშავა, შესახებ მსჯელობა. ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ძალიან ძვირფასი და მდიდარი სამეცნიერო ტრადიციები აქვს და მიხარია, რომ გამოწვევების მიუხედავად, მეცნიერებამ შეინარჩუნა ის სულისკვეთება, რაც საქართველოში თითოეულ ჩვენგანს ყოველთვის თან ახლდა”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნივერსიტეტის ქალ მეცნიერებსა და მკვლევრებთან შეხვედრისას განაცხადა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა ქალ მეცნიერებს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რაც მათ მეცნიერების განვითარების საქმეში შეიტანეს. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰყავს არაერთი გამორჩეული ქალი მეცნიერი და მკვლევარი, რომელთაც ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მრავალჯერ ასახელეს.

„საქართველოს ჰყავს გამორჩეული ქალი მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები, რომელთაც ჩვენს ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით გაუთქვეს სახელი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თითოეული მეცნიერი ამ ქალბატონების გზის სახელოვანი გამგრძელებლები ხართ. 21-ე საუკუნე სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის ხანაა, დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში ღირსეულ წვლილს შეიტანთ როგორც სამეცნიერო, ასევე, აკადემიური მიმართულებით. დღეს სტარტი აიღო ახალმა პროექტმა, სამეცნიერო სპარინგმა, რომლის ძირითადი მისიაა უნივერსიტეტი იყოს იმ სიახლეების ავანგარდში, რაც დღეს მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს. ესაა ერთგვარი გეგმა, როგორ უყურებენ ქართველი მეცნიერი ქალები საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას, ამ სივრცეში სწავლება-სწავლის, მეცნიერებისა და კვლევების უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას, წინსვლას. გილოცავთ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს და წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას ახალი პროექტის განხორციელების ეტაპები გააცნო. როგორც პროფესორმა მარიამ ცაცანაშვილმა აღნიშნა, პროექტი თაობათა შორის ურთიერთობებზეა დაფუძნებული. 

„დღევანდელი სამეცნიერო სპარინგი 4 ეტაპს მოიცავს. ჩვენ შევეცდებით, გამოვიკვლიოთ, როგორ შეუძლია ჭკვიან უნივერსიტეტის კონცეფციას გადაჭრას უმაღლესი განათლების სისტემაში წამოჭრილი სადავო ჰიპოთეზები. კერძოდ, ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას იმ საკითხებს, თუ როგორ შეიძლება შორის ხელოვნური ინტელექტის პირობებში შევინარჩუნოთ ტრადიციული აკადემიური ღირებულებები, გავაძლიეროთ სტუდენტების დამოუკიდებელი აზროვნების და კვლევის უნარები ისე, რომ არ შეიცვალოს სასწავლო პროცესის ადამიანური ასპექტები. ასევე, შევეცდებით, გავარკვიოთ, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს (AI) სათანადო პასუხი გასცეს სამეცნიერო კვლევებისათვის წამოჭრილ სადავო ჰიპოთეზებს. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმ საკითხებზე, თუ როგორ შეიძლება AI გამოყენებამ გააძლიეროს, მაგრამ არ შეცვალოს ტრადიციული სამეცნიერო მეთოდოლოგია და როგორ შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას მონაცემების სანდოობა და ეთიკური სტანდარტები”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში მარიამ ცაცანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. ამ დღეს გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ადამიანებს მოუწოდებს მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე მესამე წელია მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ციკლი ტარდება.

სტუ-ში ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელთა ალიანსის შექმნის მიზნით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე  ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელთა ალიანსის შექმნის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
 
ღონისძიებას, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მთიანი რეგიონების პრობლემების კვლევის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი და ტურიზმის ექსპერტი, პროფესორი კობა არაბული, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი მალხაზ ღვინჯილია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ქემერტელიძე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი სოფო თევდორაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მიქელაძე, შავი ზღვის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ეკა დევიძე, იაკობ გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი მანანა ალადაშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი გიგი ყუფარაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 

საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თენგიზ გორდეზიანი, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაია თოფურია და ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ მალაღურიძე. 

2 (4).png

ღონისძიება მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა გახსნა. პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ ისაუბრა მთის მდგრადი განვითარების პრობლემებზე, ამ კუთხით ფაკულტეტის როლზე, მის მიღწევებზე და ახალ შესაძლებლობებსა და გეგმებზე. 

„შეხვედრის მონაწილეები  ჩვენს ინიციატივას დაეთანხმნენ, რათა დაფუძნდეს ალიანსი, ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე. შევთანხმდით, რომ აუცილებელია განყენებული/ცალკეული გამოცდილების, ცოდნისა და ინფორმაციის თავმოყრა. მნიშვნელოვანია, რომ ალიანსი იქნება ახალგაზრდებისთვის ტურიზმის დარგში ცოდნის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარების შეძენის შესანიშნავი შესაძლებლობა.

ალიანსის წევრები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდგრადი მთის განვითარების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. მათ შორის, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის განკუთვნილ ფოტოკონკურსში – „მყინვარები, როგორც წყლის რესურსები“, რომელიც თებერვალ-მარტში გაიმართება და მყინვარების დაცვის საერთაშორისო წელს მიეძღვნება. ალიანსი მხარს დაუჭერს სტუდენტურ გაზეთს „სამშობლო იწყება მთებით“. გაზეთში გაშუქდება მთიან რეგიონებთან დაკავშირებული ალიანსისა და ფაკულტეტთა სხვადასხვა ღონისძიება”, – აცხადებს ნოე ხოზრევანიძე. 

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა და პედაგოგთა ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. 

სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა ფრაგმენტები ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, ასევე, თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების, პოეტების, დრამატურგების, პუბლიცისტებისა და ფილოსოფოსების ცნობილი ტექსტებიდან დედანსა და თარგმანში საჯაროდ წაიკითხეს, გარდა ამისა, შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი ნაწარმოებებიდან ამონარიდები შესთავაზეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში მიწვეულმა მწერალთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრმა, მწერალმა და მთარგმნელმა ნანა შალამბერიძემ თავისი შემოქმედება გააცნო, ასევე, საკუთარი ნაწარმოებებიდან და თარგმანებიდან ნაწყვეტები წაიკითხა. 

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურად აღინიშნება, ღონისძიებაში კი, პედაგოგებთან ერთად, სტუდენტებიც ენთუზიაზმით ერთვებიან.

„ამ თარიღისადმი მიძღვნილ კვირეულში, ყოველწლიურად, სხვადასხვა ქვეყნის 30 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წელსაც შეუერთდა ამ საერთაშორისო ინიციატივას, რითაც მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. მთავარი მიზანი წიგნის კითხვის პროცესით ჩვენი ახალგაზრდების დაინტერესებაა იმდენად, რომ თვითონაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. მნიშვნელოვანია ისიც, ამით გვიძლიერდება ურთიერთმოტივაცია, რათა სწორედ დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესის, სწრაფად ცვლადი ინოვაციების, გაჯეტების, სოციალური ქსელების საუკუნეში შევიყვაროთ კითხვა, ერთმანეთს გავუზიაროთ განუმეორებელი შთაბეჭდილებები, გზა გავუხსნათ ახალგაზრდებს, თამამად გადმოიტანონ თავიანთი ნააზრევი ფურცელზე, აღმოვაჩინოთ ნიჭიერი, ახალბედა ავტორები და წავახალისოთ მათი შემოქმედებითი შესაძლებლობები“, – აღნიშნა თალიკო ჟვანიამ.

ღონისძიების ფარგლებში, თითოეულმა მონაწილემ ფრაგმენტი ერთი კონკრეტული ავტორის კონკრეტული წიგნიდან წაიკითხა.

გარდა ამისა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა ქართველი პოეტების ლექსებზე შექმნილი ცნობილი სიმღერები შეასრულეს.

სტუ-ის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2024-2025 სასწავლო წლის (საზაფხულო)  მეორე სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველებმა, 3 თებერვლიდან 6 თებერვლის ჩათვლით რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ შესაბამის ფაკულტეტს (სადაც სწავლობენ ან სწავლობდნენ).

  • სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილების რაოდენობა და პირობები იხილეთ დანართში 4.
  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამა „არქიტექტურა“, რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“). მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ შიდა საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტური, რომელიც 2025 წლის 6 თებერვალს, 11:00 საათზე ჩატარდება (მისამართი: თბილისი; კოსტავას N68, სტუ-ის I კორპუსი, ოთახი 408).
  • დიზაინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე- ,,დიზაინი”, მობილობის მსურველებისთვის შიდა საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტური 2025 წლის 4 თებერვლიდან 6 თებერვლის ჩათვლით, 12:00 საათზე ჩატარდება (მისამართი: თბილისი; კოსტავას კოსტავას ქუჩა 75, სტუ-ის VIII კორპუსი).
  • სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, დაშვების წინაპირობებთან ერთად, იხილეთ დანართში 1; 2; 3. სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე დაშვების წინაპირობებში (დანართი 2 და 3) მითითებულია ის პროგრამები, რომლებზეც გამოცხადებულია შიდა მობილობა და გააჩნია წინაპირობა. ის პროგრამები, რომლებსაც წინაპირობა არ აქვთ, ცხრილში მითითებული არ არის.

შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ფაკულტეტის წარმომადგენელს. (საკონტაქტო პირები იხილეთ დანართში 5)

სტუ-ის სამეცნიერო შრომათა კრებულში სტატიების მიღება დაიწყო

სტუ-ის თანამშრომლებისთვის და ყველა საფეხურის სტუდენტისთვის სტუ-ის სამეცნიერო შრომათა კრებულში („შრომები“ N 3(537) 2025) სტატიების მიღება დაიწყო.

კრებულში სტატიების გამოქვეყნება სტუ-ის თანამშრომლებისთვის და ყველა საფეხურის სტუდენტისთვის უფასოა. სტატიების მიღება 15 აპრილს დასრულდება. 30 სექტემბერს, კრებულის PDF ვერსია საიტზე აიტვირთება. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შრომათა კრებულის ვებგვერდზე, გაეცანით ინფორმაციას (ავტორთა საყურადღებოდ) ან დაგვიკავშირდეთ: T 2388632, T 70-50.

კრებული არის ყოველკვარტალური, მულტიდისციპლინური, რეფერირებადი, რეცენზირებადი გამოცემა. მას მინიჭებული აქვს ISSN, DOI, და რეგისტრირებულია Copernicus-ის, Google scholar-ისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკის „ივერიელის” მონაცემთა ბაზაში.

აგრეთვე რეფერირდება პოლითემატურ ქართულ რეფერატულ ჟურნალში (ქრჟ) ქართულ და ინგლისურ ენებზე. სტატიები და რეფერატები აგროკულტურის შესახებ ექსპორტირდება გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო საინფორმაციო სისტემაში – UN FAO AGRIS. შრომების რეფერატები ქართულ და ინგლისურ ენებზე ასახულია მონაცემთა ბაზაში – საქართველოს პუბლიკაციები. 

2023 წლიდან სტუ-ის რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პერიოდული ჟურნალი „შრომები“ ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-Non Commercial 4.0 International-ით (CC BY-NC 4.0.) 2024 წლის მარტიდან კრებულს მინიჭებული აქვს ევრაზიის სამეცნიერო ჟურნალების ინდექსი და განთავსებულია მათ ბაზაში Eurasian Scientific Journal Index. 

2024 წლის აგვისტოდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ჟურნალი „შრომები“ საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირებად ბაზაში – International Scientific Indexing (ISI) დარეგისტრირდა – მიენიჭა impact Factor, (ISI)-ის მიხედვით impact Factor 3,792 ნიშნულით განისაზღვრა.

სტუ-ში მწვანე დაფინასებასთან დაკავშირებით, საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია – „მწვანე დაფინანსება და მისი ინსტრუმენტები – უცხოეთის და საქართველოს გამოცდილება“ გაიმართა. 

საჯარო ლექციას, რომელიც საუნივერსიტეტო პროექტის – „მწვანე ფინანსები და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტები“ – ფარგლებში ჩატარდა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მზევინარ ნოზაძე უძღვებოდა. 

საჯარო ლექციას, სტუდენტებთან ერთად, ესწრებოდნენ დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, დეკანის მოადგილეები – პროფესორი გუგული ყურაშვილი და ასოცირებული პროფესორი გიორგი სულაშვილი, ასევე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევრები და  პროფესორ-მასწავლებლები. 

2 (1).png

როგორც მზევინარ ნოზაძემ აღნიშნა, მწვანე, იგივე მდგრადი დაფინანსება იმ ტიპის აქტივობათა პოპულარიზაციას და ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომლებიც ეხება სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას. მისი თქმით, მსოფლიოში სულ უფრო მზარდია ისეთი პროექტებისა და აქტივობების ფინანსური მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების განეიტრეალებისკენ, ცნობიერების ზრდისკენ ისეთ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება, ინკლუზიურობა, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა, შემოსავლის თანასწორობა, შრომითი უფლებები და სხვა. 

გამომსვლელმა ყურადღება გაამახვილა მდგრადი დაფინანსებისა და მწვანე ინიციატივებში ინვესტირების შესაძლებლობებზე, გამოცდილებასა და ინსტრუმენტებზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და აღნიშნა, რომ მწვანე დაფინანსების მხრივ განსაკუთრებით მზარდია ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტების, ანუ მწვანე და მდგრადი ბონდების გამოყენების ტენდენცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც ეტაპობრივად იკიდებს ფეხს. მისი თქმით, ქართული კომპანიების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს მწვანე, სოციალური და მდგრადი ობლიგაციების გამოშვება, რომელთა მოცულობა ყოველწლიურად მზარდია.

როგორც მზევინარ ნოზაძემ აღნიშნა, მწვანე პროდუქტები და მათგან მომდინარე სერვისები ნებისმიერ ქვეყანაში დადებით გავლენას ახდენს კომპანიების კონკურენტუნარიანობაზე, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის პოზიციონირებას მწვანე მიწოდების ჯაჭვებში, რაც თავის მხრივ, არა მხოლოდ ზრდის ექსპორტის პოტენციალს საერთაშორისო ბაზარზე, არამედ ენეგოეფექტურობის და რესურსეფექტურობის გამოყენებით, წვლილი შეაქვს ეკონომიკის უარყოფითი გავლენების შემცირებაში გარემოსდაცვითი, ჯანდაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით.

საჯარო ლექცია ინტერაქციურ ფორმატში ჩატარდა – დაისვა არაერთი შეკითხვა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან, ასევე, გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები მდგრად და მწვანე დაფინანსებასთან დაკავშირებით.

„სტუდენტი სტუდენტისთვის“ – სტუ-ის წარმატებული პროექტი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი წარმატებული პროექტის – „სტუდენტი სტუდენტისთვის“, პირველი ეტაპი დასრულდა. 

პროექტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ახორციელებს და ლექციათა კურსს მოიცავს. კერძოდ,  მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები ლექციებს ბაკალავრიატის სტუდენტებს უკითხავენ. 

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, უნივერსიტეტი, სტუდენტების სასწავლო პროცესში მეტად ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელთა შორის „სტუდენტი სტუდენტისთვის“ ერთ-ერთი გამორჩეულია. 

2 (2).png

„პროექტი „სტუდენტი სტუდენტისთვის“ ერთი წელია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ხუთი ლექცია ჩატარდა. ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ლექციათა ციკლი, რომელსაც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ატარებენ, მოიცავს გამომთვლელი მანქანების (კომპიუტერების) საშუალებით ინფორმაციის დამუშავების, კომპიუტერის არქიტექტურის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა უახლეს საკითხებს. სასიხარულოა, რომ პროექტმა სტუდენტთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. მეორე და მესამე საფეხურის სტუდენტებისთვის პროექტი გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობაა. მეტი კომუნიკაცია, მეტი განათლება, მეტი დისკუსია, კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ახლის ძიება, ძველის გადამუშავება – ესაა შედეგი, რომელზედაც გავდივართ. წარმატებებს ვუსურვებ პროექტის მონაწილეებს“, – აცხადებს დეკანი.

პროექტის – „სტუდენტი სტუდენტისთვის“, ფარგლებში სტუდენტმა რაფაელ კალანდაძემ გამართა სემინარები ხელოვნური ინტელექტისა და ბიო-სამედიცინო ინჟინერთა კლუბებისთვის მანქანურ სწავლებასა და მონაცემთა ანალიზში.

ასევე, სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში წარმოადგინა მოხსენება – “გენერაციული ხელოვნური ინტელექტი მცირე რესურსიანი ენებისთვის”, ავტორმა გააკეთა პრეზენტაცია პირველი ქართული ენობრივი მოდელის შექმნის შესახებ, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს ქართული ენისთვის.

დოქტორანტმა ალექსი კობაიძემ წაიკითხა ლექცია – “Lidar სენსორი და ხელოვნური ინტელექტი”. ლევან ბაბუხადიამ „ხელოვნური ინტელექტი და მისი სამომავლო რისკები”, ხოლო გიორგი გელაშვილმა „კომპიუტერული არქიტექტურის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და საფუძვლები”. 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?