სტუ-ში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, ცნობილი პიანისტი, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი მუსიკალური შესრულებით წარდგება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, ცნობილი ფრანგი პიანისტი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი მუსიკალური შესრულებით – „ზნეობრიობის შესახებ მუსიკაში“ წარდგება. 

პიანისტ სტუპელის მუსიკალური შესრულება მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დარბაზის სცენაზე (მე-3 სართული) გაიმართება. 

სტუპელი წარმოადგენს ფრანგულ-გერმანულ პროგრამას რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის და პოლ დიუკას ნაწარმოებებით, კონცერტის დასასრულს კი, როგორც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი და კონგრესის მონაწილე, მუსიკისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართებაზე ისაუბრებს.

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესი, თემით – „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“, რომელიც ამ პრესტიჟული სამეცნიერო ფორუმის დაარსებიდან 70 წლისთავს ეძღვნება, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში იმართება და მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მასპინძლობს. მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო ფონდები და საქართველოს მთავრობა. ჰეგელის ფილოსოფიისა და მისი რეცეფციის ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით, კონგრესი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მეცნიერ-მკვლევრები იღებენ. 

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის მონაწილე, პროფესორი სტუპელი, რომელიც ბერლინში (გერმანია) დაფუძნებული ფრანგი პიანისტია, მუშაობს არა მხოლოდ ფრანგულ კულტურულ ინსტიტუციებთან მთელ მსოფლიოში, არამედ გერმანიის წარმომადგენლობებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ნუაკშოტში, მავრიტანიაში. მისი სურვილია, შექმნას კულტურული კავშირები და ამით წვლილი შეიტანოს კულტურულ დიპლომატიაში.

ვლადიმირ სტუპელი არის მკვეთრი ინდივიდუალიზმით, მდიდარი ტონალური და ემოციური პალიტრით გამორჩეული სოლისტი. მისი შესრულება ტექნიკურად სრულყოფილი, მომაჯადოებელი და დაუვიწყარია (გამოცემები: Washington Post, Der Tagesspiegel Berlin, Frankfurter Allgemeine Zeitung). აღსანიშნავია მისი როგორც მიწვეული სოლისტის თანამშრომლობა მსოფლიოს განთქმულ ორკესტრებთან, მათ შორის: Berlin Philharmonic Orchestra, the Konzerthaus Orchestra Berlin, the Gewandhaus Orchestra Leipzig, the Symphony Orchestra of the Bavarian Radio, the German Symphony Orchestra and the Radio Symphony Orchestra Berlin, the Staatskapelle Weimar, the Staatskapelle Mainz, and the Staatsphilharmonie Kassel; ამერიკის შეერთებულ შტატებში: Wheeling Symphony, Lancaster Symphony და Lake Placid Sinfonietta. სტუპელი თანამშრომლობს ცნობილ დირიჟორებთან, მათ შორის არიან: კრისტიან ტილემანი, მიხაილ იუროვსკი, ლეოპოლდ ჰაგერი, მარეკ იანოვსკი, სტეფან მალზეუ, პატრიკ რინგბორგი და სხვები. ბოლო წლებში სტუპელმა სახელი გაითქვა როგორც დირიჟორმა. 

სტუპელი 2022 წელს დაჯილდოვდა ფრანგული ორდენით – Chevalier des Arts et des Lettres. ის  ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პიბოდის ინსტიტუტის კამერული მუსიკის ფაკულტეტის პროფესორი და ისლანდიის ხელოვნების აკადემიის (რეიკიავიკი, ისლანდია) მიწვეული პროფესორია; აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა ლუბეკის მუსიკის აკადემიაში (გერმანია), მოცარტის აკადემიაში (ფილადელფია), ნამურის კონსერვატორიაში (საფრანგეთი); სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრესტიჟული საერთაშორისო პრემია; არის მუსიკის არაერთი საერთაშორისო პრესტიჟული კონკურსისა და ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.  

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა სასწავლო წელი საერთაშორისო პროექტებით დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს მე-8 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით – „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ იწყებს. 

ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომლის თანაორგანიზატორები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, სილეზინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გლივიცე, პოლონეთი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი, საქართველო) და რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი, ხოლო სპონსორები და პარტნიორები არიან კომპანიები „ავტოტექნო“, „ლაიონ ტრანსი“, „გრინვეი“ და „ავტობანი“, 70-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს, მათ შორის, ევროპის სხვადასხვა პარტნიორი უნივერსიტეტების 20-ზე მეტი მკვლევარი. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით ფაკულტეტზე სრული შევსებაა და საერთო ჯამში, ჩაირიცხა: 216 ბაკალავრი, 30 მაგისტრანტი და 3 დოქტორანტი, მობილობით კი ფაკულტეტზე 73 სტუდენტი აგრძელებს სწავლას. 

„მიღებულ სტუდენტთა რაოდენობრივი მაჩვენებელი საუკეთესოა ბოლო 5 წლის განმავლობაში, ხოლო თუ გავითვალისწინებთ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ამჟამად მოქმედ რაოდენობას, მაშინ შედეგი საუკეთესოა ბოლო 10 წლის მონაცემებთან შედარებით.

2024-2025 სასწავლო წლის ორგანიზებისთვის ფაკულტეტზე განხორციელდა არაერთი ღონისძიება სასწავლო და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, განახლდა და გარემონტდა სასწავლო, დამხმარე და ლაბორატორიული ფართები, კერძოდ: მოწესრიგდა და სრულად განახლდა პირველი სასწავლო კორპუსის სველი წერტილები; განახლდა და გარემონტდა ურთიერთ-შეცვლადობის ლაბორატორია, სასწავლო აუდიტორიები და თანამშრომელთა სამუშაო სივრცეები. მექანიკის ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამისათვის შეიქმნა სასწავლო აუდიტორია, ასევე, მოეწყო სტუდენტური სივრცე და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით.

გერმანული კომპანია ELREHA-სა და საქართველოს მემაცივრეთა ასოციაციის მხარდაჭერით, გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა სასწავლო-პრაქტიკული აუდიტორია, სადაც დაგეგმილია პროფესიული გადამზადების პროგრამის – „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურება“ განხორციელება.

გარდა ამისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინოვაციის ინკლუზიურობის და ხარისხის პროგრამის – “საქართველო I2Q (IBRD)” ეგიდით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტის – „კვლევებისა და ინოვაციების მხარდამჭერი პროგრამა – ReInnova” ფარგლებში, გარემონტდა და უახლესი ინვენტარითა და აპარატურით აღიჭურვა თანამედროვე კონცეფციის სტუდენტური სივრცე – “ფიქრის ლაბორატორია”. აღსანიშნავია, რომ ავიაციის ინჟინერიის პროგრამისათვის განკუთვნილი სადემონსტრაციო ნიმუში – „მერკურის“ ტიპის თვითმფრინავი განთავსდა I კორპუსის სკვერში. საგანმანათლებლო პროგრამების სილაბუსებთან შესაბამისობით, სხვადასხვა სასწავლო კურსებში განახლდა ძირითადი და დამხმარე ლიტერატურა და სასწავლო მასალები”, – აცხადებს ბორის გითოლენდია. 

ახალ სასწავლო წელს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, კომპანია „ავტოტექნოს“ ფინანსური მხარდაჭერით, სტუდენტებისთვის სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, იქმნება ინოვაციური კონცეფციის „სასწავლო ცენტრი“, რომლის გახსნის ღონისძიება 15 ოქტომბერსაა დაგეგმილი. 

2024-2025 სასწავლო წელს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმით, გათვალისწინებულია არაერთი ღონისძიება და აქტივობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს სასწავლო გარემოსა და საუნივერსიტეტო ცხოვრებას როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, პროფესორ-მასწავლებლებისათვის.

სტუ-ში სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დღე აღინიშნა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ლავრენტი გუდავაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ასევე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და სხვა მოწვეული სტუმრები. 

ღონისძიება სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ანზორ აბშილავამ გახსნა. მან ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა 2023-2024 სასწავლო წელს განახორციელეს, ასევე, ისაუბრა ახალ, 2024-2025 სასწავლო წლის გეგმებზე.

Cover gtu.png (13).jpg

დეკანმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. დღეს ჩვენი დღეა. 1922 წელს, მას შემდეგ, რაც თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე პოლიტექნიკური ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე თავდაპირველად სამი განყოფილება იყო: სამშენებლო, მექანიკური და სამთამადნო. სამთამადნო განყოფილებას გააჩნდა სპეციალობები – სამთო (საექსპლუატაციო), მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური. მას შემდეგ, უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ზრდის მაღალკვალიფიციურ სამთოელებსა და გეოლოგებს.

მრავალი წელია, სამთო-გეოლოგიური დარგის წარმომადგენლები და კერძო სექტორი ღიად საუბრობენ სპეციალისტების ნაკლებობაზე, რაც ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. თუმცა, 2024/25 სასწავლო წლის ეროვნული გამოცდებით სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩარიცხულთა რაოდენობა, გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია, რისთვისაც, მადლობა მინდა გადავუხადო რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის.

მადლობა სტუდენტებს, რომელთა თითოეული წარმატებული ნაბიჯი ქვეყნისა და უნივერსიტეტის სახლის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო „არემჯის“, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად უჭერს მხარს ფაკულტეტს“, – განაცხადა დეკანმა.

როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტზე სტუდენტებს ყველა საშუალება აქვთ მიიღონ ევროპული სტანდარტის განათლება. 

პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, სამთო-გეოლოგია ერთ-ერთი ურთულესი და ქვეყნის აღმშენებლობისთვის საჭირო პროფესიაა. 

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დღეს. ფაკულტეტისა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარად 102 წლისაა. სამთო-გეოლოგია არის სამრეწველო დარგი, რომელთანაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარება და წინსვლა. წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ დარგის განვითარების პარალელურად, ახალგაზრდებში დაინტერესება გაიზარდა. 

უნივერსიტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უდიდესი მხარდაჭერით, ყოველდღიურად აუმჯობესებს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ფაკულტეტზე განახლდა ინფრასტრუქტურა. უნივერსიტეტი პარტნიორებთან ერთად ზრუნავს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტზე მოღვაწე მეცნიერებს, დეკანატს, სტუდენტებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით „არემჯის“ და წარმატება ვუსურვო მათ“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.

სტუ-ის ვიცე-რექტორი რადიო Commersant-ის ეთერში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ რადიო Commersant-ის გადაცემაში – “კომერსანტის დილა” ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის შესახებ ისაუბრა. 

აღნიშნული პრესტიჟული სამეცნიერო ფორუმი, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, იმართება საქართველოში. 

მისი მასპინძელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია.

სტუ დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობას აცხადებს

სტუ-ში დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პირველკურსელთათვის და მათთვის, ვინც ამავე უნივერსიტეტში, 2024-2025 სასწავლო წლისათვის, მოიპოვეს მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება, რიგგარეშე მობილობა ცხადდება. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რიგგარეშე მობილობის წესით გადმომსვლელმა განცხადება უნდა დაწეროს სტუ-ში და იქვე წარადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი საჭირო დოკუმენტაცია.
მისამართი: თბილისი; კოსტავას 77; ადმინისტრაციული კორპუსი; მე-3 სართული; ოთახი 334.
საბუთები მიიღება: 2024 წლის 1-4 ოქტომბრის ჩათვლით 10 00 სთ-დან – 16 00 სთ-მდე;

2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის სტუ-ში რიგგარეშე მობილობა ცხადდება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე 

screen .png

რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც, 2024-2025 სასწავლო წლისათვის, ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (პირველკურსელები), უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).

3. საშუალო განათლების ატესტატის ასლი; 

  • მობილობის მსურველმა პირებმა, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წლისათვის, ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).

3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;

4. პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები; 

5. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

6. ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი; 

მაგისტრანტმა – ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა); 
   
შენიშვნა: 

„სამართლის“ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

  • ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვრული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, აცნობებს მობილობის მსურველ პირს, არაუგვიანეს 2024 წლის 5 ოქტომბრისა; 
  • მობილობის მსურველი ვალდებულია, გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს წერილობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ–ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.

შენიშვნა:
 

  • ბრძანება სტუ–ში რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2024 წლის 14 ოქტომბრისა.
  • მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ. 

სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ჟიული შარტავას ბიუსტის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

„32 წელი შესრულდა ჟიული შარტავას ბოლო სექტემბრიდან. „მე ისეთი დამოუკიდებელი საქართველოს მომხრე ვარ, სადაც იქნება მაღალი პოლიტიკური კულტურა, ჭეშმარიტი ტოლერანტობა და ჭეშმარიტი დემოკრატია“, – ამ სიტყვების ავტორმა, რომლის კარიერა კომკავშირიდან დაიწყო, დამოუკიდებელ საქართველოში მხოლოდ ორიოდე წელი იცხოვრა.

ძალიან რთულია ემოციების გარეშე ისაუბრო ადამიანზე, რომელმაც თავისი ცხოვრების ერთი, მნიშვნელოვანი ეტაპი განვლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კედლებში.

ჩვენ, მის კოლეგებსა და მეგობრებს, საბედნიეროდ, გვაქვს საშუალება მომავალ თაობებს მოვუყვეთ ადამიანის შესახებ, რომელმაც სიცოცხლე დაუნანებლად მიიტანა სამშობლოს სამსხვერპლოზე”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ განაცხადა ზუგდიდში, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტის გახსნაზე. 

დღეს, ზუგდიდში ჟიული შარტავას ბიუსტის გახსნის ცერემონიას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ესწრებოდა. პროფესორ ზურაბ გუდავაძის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ჟიული შარტავა სწავლობდა და მოღვაწეობდა, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის ეროვნული გმირის სახელი სამარადჟამოდაა უკვდავყოფილი. 

„ჟიული შარტავა პირველი პირი იყო და შეეძლო თავი დაეხსნა, მაგრამ ეს არ გააკეთა, რითაც თაობებს მისცა მაგალითი თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულისა, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს და როგორი უნდა იყოს პატრიოტი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეროვნული გმირის სახელს ერთ-ერთი ულტრათანამედროვე ლაბორატორიული კომპლექსი ატარებს, სადაც სტუდენტები და მომავალი მეცნიერები კვლევებს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ატარებენ.

დღეს, ზუგდიდში გაიხსნა ეროვნული გმირის ბიუსტი. სიმბოლურია, რომ ბატონი ჟიულის 32-ე ჩამქრალი სექტემბრის აღსანიშნად, ბაბუის ბიუსტი შვილიშვილმა, ლიკა შარტავამ გახსნა. მინდა წარმატებები ვუსურვო მას”, – განაცხადა ზურაბ გუდავაძემ. 

ჟიული შარტავა 1985-1986 წლებში რუსთავის საქალაქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. 2004 წელს ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

სტუ-ში, პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა, რომელიც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, რეგულარულად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. 

ჰეგელის წლევანდელი საერთაშორისო კონგრესი საიუბილეოა და მისი დაარსებიდან 70 წლისთავს ეძღვნება. საქართველო პირველი სახელმწიფოა, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ აღნიშნული მაღალი რანგის მსოფლიო სამეცნიერო ფორუმი იმართება, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტი ფორუმის პირველი მასპინძელი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოდან. 

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი, თემით – „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მიმდინარეობს. სამეცნიერო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო ფონდები და საქართველოს მთავრობა.

2 (3).png

საერთაშორისო კონგრესი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობენ ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებისა და მსოფლიო მასშტაბით კლასიკური გერმანული ფილოსოფიის 250-მდე გამოჩენილი მეცნიერ-მკვლევარი, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. რექტორი კონგრესის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა და სამეცნიერო ფორუმის დაფუძნების საიუბილეო თარიღი მიულოცა.

როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ჰეგელის საერთაშორისო კონგრესის საქართველოში ჩატარების ფაქტი უპრეცედენტო და რეზონანსულია და ზრდის, არა მხოლოდ, კვლევების ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივებს, არამედ მასპინძელი ქვეყნისა და უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობებს. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს პატივი უმასპინძლოს ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს, რომელიც საიუბილეოა და ეძღვნება ამ პრესტიჟული სამეცნიერო ფორუმის დაარსებიდან 70 წლისთავს. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ჰეგელის კონგრესი ტარდება. ჩვენს ქვეყანაში კონგრესის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭომ, რომელიც წარმოდგენილია ჰეგელის საზოგადოებისა და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წამყვანი მეცნიერ-პროფესორებით სხვადასხვა ქვეყნიდან. საბჭოს სხდომას, რომელიც 2022 წლის სექტემბერში, ხორვატიაში, ზადარის უნივერსიტეტში ჩატარდა, ვესწრებოდი ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ მამუკა ბერიაშვილთან ერთად, რომელიც ამავდროულად, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრია. დაგვეთანხმებით, მსგავსად მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმის ჩატარებას, სამეცნიერო შესაძლებლობებისა და გაწეულ დიდ შრომასთან ერთად, მორალური უფლებაც სჭირდება.

ამ სიტყვების დასტურად უნდა აღინიშნოს, რომ გერმანული კლასიკური ფილოსოფიის და კერძოდ, ჰეგელის, როგორც მოაზროვნისადმი ინტერესი საქართველოს აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ყოველთვის მკაფიოდ იყო გამოხატული. არაერთი ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი განისწავლა გერმანულ უნივერსიტეტებში ჰეგელის, კანტისა და სხვა მეცნიერთა ნააზრევზე.

სწორედ ისინი გახდნენ შემდგომ ქართული საუნივერსიტეტო სივრცის ფუძემდებლები – შალვა ნუცუბიძე, მოსე გოგიბერიძე,  კონსტანტინე ბაქრაძე და მრავალი სხვა. ადამიანის ყოფიერება, ქმნადობა, ცნება და თავისუფლების განხორციელების პირობები, ფილოსოფიისა და თეოლოგიის ურთიერთმიმართების პრობლემები, აზროვნების შემოქმედებითობა, საკუთარი თავის რეალიზაციისა და შემეცნების პროცესი, ჭეშმარიტებისა და შემეცნების საკითხები ქართველ მეცნიერთა მუდმივი განსჯის საგანი იყო. კონგრესის საქართველოში მასპინძლობას ქართული მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობის განვითარებისა და მის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობად მოვიაზრებთ. 

მივესალმებით კონგრესის მონაწილეებს, მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერებს, მოწვეულ სტუმრებს, ჩვენს საუნივერსიტეტო საზოგადოებას და სტუდენტებს. წლევანდელი კონგრესის ფარგლებში, ჰეგელის ფილოსოფიის ისეთი ასპექტები იქნება განხილული, რომლებიც შეეხება სახელმწიფოს თეორიას, სუბიექტურობის ფილოსოფიას, რელიგიისა და სამართლის ფილოსოფიას და აღიარების თეორიას, რაც გარკვეულწილად წარმოდგენილია მნიშვნელოვან თანამედროვე სოციალურ თეორიებში, რომელთა ცნობილი ავტორები კონგრესის მთავარი მომხსენებლები არიან.

მხარდაჭერისთვის მადლობას მოვახსენებთ ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებას, მის პრეზიდენტს, პროფესორ მირიამ გერჰარდს, საზოგადოების საპატიო პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრებს. საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით უპირობო ქმედითი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

ეს ყოველივე ხელს უწყობს კვლევითი იდეების გენერირებას, თავისუფალი სამეცნიერო საზოგადოების ფორმირებას და პარალელურად, ზრდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჩვენი ახალგაზრდა მკვლევრების შესაძლებლობებს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, უქმნის მათ ძლიერ მოტივაციას, რომ კვლევების შედეგები საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერებს წარუდგინონ და პროექტებზე მუშაობა მათთან თანამშრომლობით გააგრძელონ.

ვულოცავთ ყველა მონაწილეს ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესის გახსნას და ვიმედოვნებთ, რომ ეს ჩვენი სამეცნიერო კოლაბორაციის მხოლოდ დასაწყისია.

დარწმუნებული ვართ, ჰეგელის საერთაშორისო კონგრესის დღეები მნიშვნელოვანი და ემოციებით დატვირთული იქნება – მრავალი საინტერესო შეხვედრა ჩატარდება, დავამყარებთ ახალი კონტაქტებს მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებთან, წამყვან უნივერსიტეტებთან, დავსახავთ ახალ გეგმებს და საფუძველს ჩავუყრით არაერთ ახალ წამოწყებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღიაა ინტერნაციონალური კოლაბორაციისთვის და აქვს სრული მზაობა, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ანგარიშგასაწევ აქტორად ჩამოყალიბდეს, რაც თანამედროვე ქართული სამეცნიერო და აკადემიური სივრცის განვითარების საფუძველია. ჰეგელის საერთაშორისო კონგრესის მასპინძლობა კი ამ პერსპექტივას მეტად გააძლიერებს“, – განაცხადა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ

კონგრესის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა მირიამ გერჰარდმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტმა, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეას არნდტმა, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა, ფილოსოფიის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტმა, ზადარის უნივერსიტეტის პროფესორმა იურე ზოვკომ, ბონის რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტის პროფესორმა თეო კობუშმა, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პროფესორმა ნიკლაუს ლარგიერმა, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრმა, პროფესორმა ბრედი ბოუვენმა, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრმა მამუკა ბერიაშვილმა. 

როგორც მამუკა ბერიაშვილმა აღნიშნა, ჰეგელის როგორც ფილოსოფოსის და მოაზროვნის მემკვიდრეობა, თავისი სააზროვნო სისტემების ფართო სპექტრით, აქტუალობით, რელევანტურობით და ღირებულებით, ფასდაუდებელია ახალი ცოდნის შესაქმნელად და განმსჭვალავს არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებსაც. 

„აღნიშნულის დასტურია თუნდაც „სიკეთის იდეა“ და „აღიარების სოციალური თეორია“, რომელიც უშუალოდ მომდინარეობს ჰეგელის სამართლის ფილოსოფიიდან და დღემდე გამოიყენება როგორც თეორიული ჩარჩო სოციალური მოვლენების ანალიზისთვის – სოციალური თანასწორობის, სოციალური სამართლიანობის და თავისუფლების პოლიტიკური განხორციელების კონტექსტში. გარდა ამისა, ამ თეორიებით გამსჭვალულია დღევანდელობის ისეთი საკვანძო გამოწვევები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ეკოლოგია, გარემოს დაცვის ეთიკა, ბიოეთიკა და სხვა.

ნიშანდობლივია, რომ წლევანდელი კონგრესის ერთ-ერთ სექცია, ასევე, მოიცავს ჰეგელის კვლევას გერმანიის ფარგლებს გარეთ. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა, რომ ჰეგელის ნაშრომებსა და გერმანულ იდეალიზმს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებიც იკვლევენ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით. ვიმედოვნებთ, ჩვენი უნივერსიტეტი ამ მიმართულებითაც თავის წვლილს შეიტანს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეებში“, – აღნიშნა მამუკა ბერიაშვილმა.

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი 5 დღის განმავლობაში, 5 ოქტომბრის ჩათვლით, 8 სექციად იმუშავებს: სიკეთე და ზნეობრიობა: ლოგიკური, რელიგიურ-ფილოსოფიური და სახელმწიფოს თეორიული განზომილებები; სიკეთე და ზნეობრიობა ჰეგელის სულის ფილოსოფიაში და ბუნების ფილოსოფიაში; აღიარება როგორც თავისუფლების განხორციელების პრინციპი; სუბიექტი როგორც ლოგიკური ცნება: შედეგები სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის; სიკეთე და ზნეობრიობა სამართლის ფილოსოფიური პერსპექტივიდან; ომი და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპი ჰეგელის „სამართლის ფილოსოფიაში“; ჰეგელის ფილოსოფიის რეცეფცია საქართველოში და გერმანიის ფარგლებს გარეთ; ბუნება VS კულტურა სიკეთის იდეის კონტექსტში. კონგრესის მასალები ჰეგელის წელიწდეულში – Hegel-Jahrbuch-ში გამოქვეყნდება.

კონგრესის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები, რომლებიც სტუ-ის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დარბაზის სცენაზე გაიმართება: სპეციალურად კონგრესის მონაწილეთათვის და მოწვეული სტუმრებისთვის, დღეს, ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სახელოვნებო ჯგუფების კონცერტი.

პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ჯაზური, ფოლკლორული და საესტრადო ხელოვნების ნიმუშები; 3 ოქტომბერს კი, გაიმართება პიანისტ, პროფესორ ვლადიმირ სტუპელის მუსიკალური შესრულება – „ზნეობრიობის შესახებ მუსიკაში“, რომელზეც ის წარადგენს ფრანგულ-გერმანულ პროგრამას რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის და პოლ დიუკას ნაწარმოებებით, ასევე, მუსიკისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართებაზე ისაუბრებს. 

სტუ-ში გაიმართა X საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“

სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციის ორგანიზატორები, სტუ-სთან ერთად, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი და ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი არიან.

კონფერენციას ესწრებოდნენ სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერ-მკვლევრები, დარგის სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე; მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი გელაშვილი; გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი; ,,რიჩ მეტალს გრუპის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯონდო შუბითიძე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი თამარ წუწუნავა; თსუ-ს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ ქუთელია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ მაღალაშვილი. 

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა და სამთო-გეოლოგიური დარგის მნიშვნელობასა და საერთაშორისო კონფერენციის მიზნებზე ისაუბრა.

პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, კონფერენცია ეძღვნება გეოლოგიის დარგის და სამთო საქმის სხვადასხვა მიმართულების აქტუალურ საკითხებს, გარემოსდაცვითი პრობლემების შეფასებისა და გადაწყვეტის ღონისძიებებს. კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების თანამიმდევრულ შესწავლას, მინერალური რესურსების კლასიფიკაციას, წყლის რესურსებს – მტკნარი, მინერალური და თერმული, მათ რაციონალურ გამოყენებასა და სწორი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას.

ასევე, ნარჩენების მართვას, დიდი სამთო და გეოლოგიური საწარმოების საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების შესწავლას. 

შიდა (2).png

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, აგრეთვე მნიშვნელოვანია სამთო საქმის და გეოლოგიის დარგებში დაგროვილი საკითხები, პრობლემები და სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი რესურსული პოლიტიკა, რომელიც სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების თანამედროვე გამოცდილებასა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის უახლეს მიღწევებს ეფუძნება.

შეთავაზებული რეკომენდაციები კი ეხება რეფორმას, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ სამთო-გეოლოგიური დარგის გაძლიერება და განვითარებაა. 

„საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში სამთო-გეოლოგიურ დარგს უდიდესი როლი აკისრია. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, განვიხილოთ არსებული პრობლემები, დავსახოთ მათი აღმოფხვრის გზები, ვიმსჯელოთ ახალ ტექნოლოგიებსა და იმ სასწავლო პროცესზე, რომელიც უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე მიმდინარეობს.

სამთო-გეოლოგიური დარგის სპეციალისტები და კერძო სექტორი ღიად საუბრობენ სპეციალისტების ნაკლებობაზე, რაც ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. თუმცა, 2024/25 სასწავლო წლის ეროვნული გამოცდებით სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩარიცხულ აპლიკანტთა რაოდენობა, გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ძალიან მალე ეს პრობლემა გადაიჭრება და დარგს ეყოლება მაღალკვალიფიციური კადრები. ჩვენ ამ წარმატებას, „არემჯისთან“ ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდით.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორი, ჩვენი ქვეყნის ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა: „არემჯი“, „საქნახშირი“, „ჯორჯიან მანგანეზი“. ჩვენი სტუდენტები ამ კომპანიებში გადიან საწარმოო პრაქტიკას და წარმატებით საქმდებიან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველწლიურად აუმჯობესებს სასწავლო გარემოს, რისი დასტურიც კერძო სექტორის მხრიდან მზარდი ინტერესია. უნივერსიტეტის სახელით, მადლობას ვუხდით მათ მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, კონფერენცია იქნება მომავალი საინტერესო პროექტების დასაწყისი“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ. 

კონფერენციის მონაწილეებს წარმატება უსურვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ. 

„დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი თარიღი და ამავდროულად, იმედის დღე, რომ საქართველო ღირსებით, წინსვლითა და მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს დროებით დაკარგულ ტერიტორიას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა კონფერენცია, სადაც მკვლევრები ჩემთვის და ყველა სამთოელისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

ცოტა ხნის წინ კოლეგებმა მაჩვენეს ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოზე არსებული ვითარების ამსახველი ფოტომასალა. ძნელად მოიძებნება ადამიანი, არამც თუ სამთოელი, რომელიც ამ ფოტოებს მშვიდად დაათვალიერებდა. განადგურებულია ადგილი, სადაც ჩვენი და ჩვენი პედაგოგების დიდი შრომაა ჩადებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად, დღევანდელ კონფერენციის მსვლელობაში და ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართული სტუდენტები. სასიხარულოა, რომ მათი დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, სწორედ ეს მაძლევს საშუალებას აღვნიშნო – ძალიან მალე დადგება დრო და ჩვენ ერთად ავაღორძინებთ აფხაზეთს, ტყვარჩელს”, – განაცხადა ზურაბ გუდავაძემ. 

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მუშაობა სამ სექციად წარიმართა. მომხსენებლებმა იმსჯელეს სამთო-გეოლოგიური დარგისთვის ისეთი მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: მიწისქვეშა ლითონის კომუნიკაციებისა და ნაგებობების ელექტროქიმიური კოროზიისგან დაცვა; ჭიათურის საბადოს ჟანგეულ-კარბონატული მადნის დახასიათება; ფეთქებადი „მოლეკულური ნაერთების“ კომპონენტთა შემცველობისა და აფეთქების უნარზე მათი გავლენის შესწავლა, მათი სინთეზი და მუშაუნარიანობის განსაზღვრა; ვერტიკალური ელექტრული ზონდირების ეფექტურობა საინჟინრო-გეოლოგიური ამოცანების გადაწყვეტისას; შავი ზღვის აჭარის სექტორის მორფოდინამიკა და სტიქიური პროცესები; ფოთის სანაპირო ზონის დაცვის ღონისძიებები; პლასტიკური მასების დარტყმამედეგობის შეფასების საკითხები; ზღვის გარემოში ნარჩენების მდგრადი მართვის პრინციპების მიმოხილვა; ლაქებიანი ტუფები – მადნის ძებნა-ძიების კრიტერიუმები და სხვა მრავალი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მეცნიერების ფესტივალზე წარმატებით გამოვიდა

„ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მდინარის მოტივტივე ტურბინის მოდელი, ახალი სახეობის მზის ელემენტები, რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიები, ჭკვიანი მორწყვის სისტემა Arduino UNO, ტრანსფორმირებად სახის რეფლექტორული ანტენის ჩარჩოს კონსტრუქციული გადაწყვეტის ამოცანა, ჭკვიანი კარის მოდელი Arduino UNO, თვითმფრინავის ძრავის დისტანციური მართვა, კომპიუტერების მუზეუმი, რეალური ხიდის კონსტრუქცია და სხვადასხვა ვარიანტის ხიდების 3D ანიმაცია, პორტატიული ნიტრატ-ტესტერი სასოფლო-სამეურნეო კვების პროდუქტებისათვის, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, საქართველოს მინერალები, ქანები და მადნები, კომპოზიციები, პროექტები, მაკეტები, – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ექსპოზიციიდან, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტისა და 15 ინსტიტუტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა წარადგინეს გორში მეცნიერების ფესტივალზე.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალის ფარგლებში ერთგვარად შეჯამდა მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიმართულებით მიღწევები”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ მეცნიერების ფესტივალში საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში ტარდება მეცნიერების ფესტივალი – “ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”. 

Cover gtu (9).jpg

ფესტივალი 16 სექტემბერს ზუგდიდში დაიწყო და 19 ოქტომბრამდე საქართველოს ყველა დიდ ქალაქს მოიცავს. 

26 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში გორში გაიმართა ღონისძიება, სადაც დამთვალიერებლების წინაშე წარდგა ფესტივალის ორგანიზებაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი პარტნიორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების წვლილი ახალგაზრდა თაობის მკვლევართა აღზრდაში უსაზღვროდ დიდია.

თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, გლობალური კოლაბორაციის ფარგლებში, წარმატებით ახორციელებენ საერთაშორისო პროექტებს მსოფლიოს ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN-ი შვეიცარიაში, KEK-ი და J-PARC-ი იაპონიაში, Fermilab-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ახალგაზრდა მკვლევრების მაღალკვალიფიციურობას. 

„საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებას ატარებს, რაც მომავალ მეცნიერებს ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის განვითარებისა და წარმატებისთვის. გვჯერა, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს მხარდაჭერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრები ჯეროვნად გამოიყენებენ და საქართველოს სახელს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში წარმატებით გაიტანენ“, – აღნიშნავს თამარ ლომინაძე. 

მეცნიერების ფესტივალზე – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა ექსპოზიციებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

სტუ-ის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების 31 წლისთავზე გმირთა მემორიალი და სახელოვანი კურსდამთავრებულის, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განაცხადებით, სოხუმის დაცემის დღე 31 წლის შემდეგაც საქართველოს ისტორიის უმძიმეს მოვლენად რჩება, თუმცა, ამავდროულად, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების იმედით აღგვავსებს.

„31 წელი გავიდა იმ ავადსახსენებელი მოვლენებიდან. მას შემდეგ ეს დღე მძაფრი ტკივილით და უზომო სევდით გვავსებს – შეგვახსენებს სოხუმის დაცემას, დაკარგულ ტერიტორიებს. ამ ტრაგიკულ დღეს პატივს მივაგებთ სამშობლოსთვის გულანთებულ მებრძოლებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სიცოცხლე შესწირეს. მათ შორის იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები.

შიდა (3).png

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული გმირი ჟიული შარტავა ჩვენი უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულია. გმირების ხსოვნა ისტორიამ უკვდავყო.

არასოდეს დავივიწყებთ საკუთარ ქვეყანაში განსაცდელის პირისპირ დარჩენილ ასიათასობით დევნილის ადამიანურ ტრაგედიებს. ეს დღე არასოდეს წარიშლება ჩვენი მეხსიერებიდან. 

გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სანუკვარი ოცნება და საერთო მიზანი: „ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რა თქმა უნდა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პლატფორმა გამოვიყენეთ ამ თემაზე სასაუბროდ.

ჩვენ მივმართეთ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზს მიღმა და ჩვენი მთავარი მოწოდება არის ის, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ერთიან, მშვიდობიან, განვითარებულ საქართველოში და ეს გზავნილი კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა გავიმეოროთ.

ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე გადის“.

სწორედ ამ სანუკვარი მიზნის სისრულეში მოსაყვანად, აფხაზეთიდან შორს და აფხაზეთში გაზრდილ თაობებთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ შერიგების, ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საქართველოს ტერიტორიული გაერთიანებისკენ, ვიშრომოთ, ვისწავლოთ და აღვზარდოთ ღირსეული ახალი თაობები, რათა შევდგეთ ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოდ“, – აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ. 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?