ლიეტუვის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში – ანდრიუს კალინდრას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალმხრივი თანამშრომლობისათვის, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის ლიეტუვის რესპუბლიკის საგანმანათლებლო-სამეცნიერო წრეებთან კავშირების გაღრმავებასა და პარტნიორობაში შეტანილი პირადი განსაკუთრებული წვლილისათვის, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში – ანდრიუს კალინდრას, რექტორმა დავით გურგენიძემ საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მედალი გადასცა.

რექტორმა ლიეტუვის ელჩს მადლობა გადაუხადა და ისაუბრა ანდრიუს კალინდრას დიდ წვლილზე ორი ქვეყნის – საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. დავით გურგენიძის განცხადებით, დიდია ელჩის ღვაწლი არა მხოლოდ ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის წარმატებით ფუნქციონირების, არამედ საქართველოსა და ლიეტუვას შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული კავშირების გაძლიერების მხრივაც.

in-1 (1).png

„აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრა აქტიურად მონაწილეობდა ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში და დიდ მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, როგორც მეგობარი ქვეყნის ელჩი ჩვენს ქვეყანაში.

მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. ცენტრის მხარდაჭერით, სტუ-ის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებსა და პროფესორებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ ლიეტუვური ენა, ისარგებლონ მობილობის პროგრამებით, გაემგზავრონ ლიეტუვის წამყვან უნივერსიტეტებში და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კულტურულ პროგრამებსა თუ ღონისძიებებში“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
 
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პირადად რექტორს დავით გურგენიძეს და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლიეტუვის საელჩოს თანამშრომლობამ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა.

„ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეძლო და გახდა წამყვანი ინსტიტუცია ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში. „განათლება ეს არის ყველაზე მძლავრი იარაღი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული იმისათვის რომ შეიცვალოს სამყარო“ – ნელსონ მანდელას ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ ვუსურვებ თქვენს უნივერსიტეტს წარმატებას. ტექნიკურ უნივერსიტეტი მუდამ უნდა დარჩეს ლიდერი, რომელიც წაიყვანს ქვეყანას ცოდნისაკენ, ინოვაციებისაკენ, განვითარებასა და მშვიდობისაკენ“, – განაცხადა საზეიმო ღონისძიებაზე ლიეტუვის ელჩმა.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე პროფესორ მერაბ ახობაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, 80 წლის იუბილეს ულოცავს სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მერაბ ახობაძეს.

„ბატონო მერაბ,

აკადემიური პერსონალის და სტუდენტების სახელით, გილოცავთ 80 წლის იუბილეს. გისურვებთ წარმატებებს, მხნეობას და კეთილდღეობას ოჯახთან ერთად.

დღევანდელი დღე გვაძლევს საშუალებას ორმაგად გამოვხატოთ თქვენდამი სიყვარული და მადლიერება, რამეთუ თქვენი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და  მის თითოეული სტუდენტის წარმატებას.

მრავალჟამიერ თქვენ! გილოცავთ!

პატივისცემით, 

აკადემიკოსი დავით გურგენიძე“

სტუ-ში „ჰორიზონტი ევროპის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის და „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მკვლევრებისთვის საგრანტო კონკურსების შესახებ მორიგი ღია საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც WIDERA, თავის ERA-ს (ევროპული კვლევის არეალი) ნაწილში, სთავაზობს მეცნიერებსა და მკვლევრებს.
 
შეხვედრაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში – თამარ ლომინაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – ქეთევან ქოქრაშვილმა და „ჰორიზონტი ევროპა“ (ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა) საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა – ლევან ხეცურიანმა.

მათ ისაუბრეს პროგრამის მიზნებისა და საერთაშორისო პროექტებში ქართველ მეცნიერთა ჩართულობის მხარდაჭერის შესახებ.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საინფორმაციო დღეები, რომელსაც „ჰორიზონტი ევროპა – საქართველო“ მართავს, დიდი შესაძლებლობაა მეცნიერთა და მკვლევართათვის.

ასეთი შეხვედრები და შესაბამისად, საგრანტო კონკურსები, უნივერსიტეტის მეცნიერებს ეხმარება კვლევების განვითარებაში და ზრდის უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების შესაძლებლობებს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თავმოყრილია ინოვაციური იდეების, გამოგონებების დიდი რაოდენობა, რასაც რეალიზაცია, ინოვაციური პროდუქტის შექმნის ხელშეწყობა სჭირდება. შესაბამისად, „ჰორიზონტ ევროპა“ და ზოგადად, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კოლაბორაცია, ამ მიმართულებით განვითარების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.

ევროპული ფონდებიდან მოძიებული დაფინანსება ხელს უწყობს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტებსა და ჩვენს კვლევით ინსტიტუტებში, ინოვაციური კვლევებისა და გამოგონებების რეალიზებას“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქეთევან ქოქრაშვილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია „ჰორიზონტ ევროპის“ საგრანტო კონკურსებში.

„საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ყველაზე მეტი პროექტი, სწორედ, ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს მოგებული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობებს და მის მდგრადობას“, – აღნიშნა ქეთევან ქოქრაშვილმა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ლევან ხეცურიანმა ERA-ს (ევროპული კვლევის არეალი) ახალი კონკურსების შესახებ ისაუბრა. ხეცურიანის თქმით, ERA-ს კვლევითი პოლიტიკისა და პროგრამების მტკიცე თანხვედრით, ევროპის ქვეყნები უფრო ეფექტიანები ხდებიან კვლევის სექტორში.

ERA პრიორიტეტს ანიჭებს ინვესტიციებს და რეფორმებს კვლევასა და ინოვაციაში.

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, ასევე, სტუდენტების საგრანტო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, ღია საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

სტუ-ში პროექტის – „ქალთა ტექ ჰაბი“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, პროექტის – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering – The Women’s Tech Hub) ფინალურ კონფერენციას უმასპინძლა.

პროექტის – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ ფინალურ კონფერენციას ესწრებოდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, საპროექტო გუნდის წევრები, პროექტში ჩართული ტრენერ-მასწავლებლები და ბენეფიციარები. საოპერაციო გუნდის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, წარმატებული ინიციატივებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქალთა ტექ ჰაბი“, ქალთა როლის გასაძლიერებლად და ინჟინერიისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის სფეროებში მათი წარმომადგენლობის ზრდის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.

„ქალთა ტექ ჰაბი“ საინჟინრო სფეროში უნივერსიტეტის სტუდენტ და კურსდამთავრებულ ქალთა კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა გახდა. მიზნის მიღწევაში პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინოვაციური მექანიზმები დაგვეხმარა (სემინარები, ბიზნესსექტორთან კოოპერაცია და სხვა). ასევე წარმატებით შემუშავდა შესაბამისი ვებპლატფორმა, რომელიც ამ სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მომავალშიც საინტერესო აქტივობებს შესთავაზებს. პროექტი „ქალთა ტექ ჰაბი”, შექმნის დღიდან, ნებისმიერი საფეხურისა და სასწავლო პროგრამის სტუდენტების მტკიცე მხარდაჭერას უზრუნველყოფს და ქმნის პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტს – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering – The Women’s Tech Hub) კოორდინაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უწევს. პროექტმა დაფინანსება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების 2023 წლის პროგრამის ფარგლებში მოიპოვა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კარიერული პლატფორმა, საინჟინრო დარგებიდან ვაკანსიების მოზიდვაზე, ქალ ინჟინერთა დასაქმებასა და მათ კარიერულ განვითარებაზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს. ხოლო პროექტში ჩართვის მსურველებს ტრენინგ-მოდულებს მომავალშიც შესთავაზებს. ამასთან, პროექტის ეგიდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კვლავ ჩატარდება „ინოვაციური იდეების კონკურსი“, „სტუ-ს მეწარმეობის დღე – თანაბარი შესაძლებლობებისთვის“, „წარმატების ისტორიების“ სესიები და სხვა აქტივობები.

სტუ-ში საგრანტო კონკურსების შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მკვლევრებისთვის საგრანტო კონკურსების შესახებ მორიგი ღია საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 

შეხვედრის ფარგლებში, მკვლევრები სხვადასხვა საგრანტო მიმართულების სიახლეებსა და შესაძლებლობებს გაეცნენ.

საინფორმაციო შეხვედრაზე სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი, ოფისის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მკვლევრებს დეტალურად ესაუბრა ჰორიზონტი ევროპის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, USAID-ის, ERASMUS+-ის, კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) და სხვა საერთაშორისო ფონდებისა თუ დონორი ორგანიზაციების საგრანტო მიმართულებების, მიმდინარე და დაგეგმილი საგრანტო კონკურსების, კვლევითი პროექტების დაფინანსების პირობების, სქემებისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ, ასევე, ინფორმაცია მიაწოდა სიახლეების შესახებ. 

როგორც გიორგი მიქიაშვილი აღნიშნავს, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ღია საინფორმაციო შეხვედრების მოქნილი ფორმატი უნივერსიტეტის მეცნიერებს დახმარებას უწევს კვლევების განვითარებაში, რაც გულისხმობს როგორც დაფინანსების შესაძლებლობების მოპოვებას, ასევე, უნივერსიტეტის მასშტაბით, საგრანტო წინადადებების შემუშავებას და უკვე დაფინანსებული პროექტების მართვის კოორდინირებას.

შეხვედრაში მონაწილეობდა ჰორიზონტი ევროპის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ლუკა ქემოკლიძე, რომელმაც უნივერსიტეტის მეცნიერებს კონსულტირება გაუწია და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, ასევე, სტუდენტების საგრანტო საქმიანობის კულტურის დანერგვა-პოპულარიზაციის, მასში თანამშრომელთა მაქსიმალური ჩართვის, კვლევითი პროგრამების ფართო სპექტრის განვითარებისა და განხორციელების მხარდამჭერის მიზნით, ღია საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულად მართავს. 

სტუ-ის 10 სტუდენტი კომპანია Lion Trans-ში დასაქმდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ათი სტუდენტი, ავტომობილების დილერის მოსამზადებელი ტრენინგკურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კომპანია Lion Trans-ში დასაქმდება.

ავტოდილერის მოსამზადებელი ტრენინგკურსის მონაწილე სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას, რომელიც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის Lion Trans-ის ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში გაიმართა, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, Lion Trans-ის გენერალური დირექტორი ლევან სუხიტაშვილი, ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

როგორც ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, ინტენსიური ტრენინგკურსი, მიმდინარე წლის მაისიდან ამოქმედდა და 2 თვის განმავლობაში ფაკულტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა ავტოინდუსტრიის სფეროში მნიშვნელოვანი და სპეციფიკური პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული კომპეტენციები აეთვისებინათ.

ბორის გითოლენდიას თქმით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და კომპანია Lion Trans-მა ავტოდილერის მოსამზადებელი ინტენსიური ტრენინგკურსი სტუდენტებისთვის დამატებითი სწავლების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმით განმტკიცებული პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივად შეიმუშავეს.

„კურსის მიზანი იყო, დაინტერესებული მსმენელისთვის გაეცნო ავტოსადილერო ინდუსტრიის თეორიული არსი და კომპანია Lion Trans-ის რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, პრაქტიკულ ავტოსადილერო საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები. ტრენინგკურსი ინოვაციურია და ის კარგად ასახავს როგორც სადილერო ბიზნესის დარგობრივ საჭიროებებს, ასევე, ბიზნესპრაქტიკაში მართვის პრინციპების გამოყენების შესაძლებლობებს. ტრენინგკურსი Lion Trans-თან პარტნიორობით, სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ და სამ თეორიულ მოდულად დავყავით: „ავტომობილის ზოგადი მოწყობილობა“; „მომსახურების სტრატეგია და ეფექტურობა“ და „ავტოდილერის პრაქტიკული მოდული“. სამივე მოდულის ათვისების შემდეგ, სტუდენტებმა პრაქტიკული სწავლებები Lion Trans-ის სათაო ოფისში გაიარეს, აითვისეს აუქციონის პლატფორმაც, რომელსაც მხარს უჭერს ერთ-ერთი მასშტაბური ამერიკული ავტოაუქციონი – IAA. აღსანიშნავია, რომ ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ, Lion Trans-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ათი წარმატებული სტუდენტი კომპანიაში გააგრძელებს მუშაობას“, – აღნიშნა ბორის გითოლენდიამ.

უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მადლობა გადაუხადა კომპანია Lion Trans-ის გენერალურ დირექტორსა და ტრენინგკურსის მონაწილეებს. თამარ წერეთლის განცხადებით, საგანმანათლებლო ინსტიტუციასა და ბიზნესსექტორს შორის მსგავსად წარმატებული თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს როგორც მოტივირებული სტუდენტების კარიერულ ზრდას და ავტოინდუსტრიის განვითარებას, ასევე, დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიურ წინსვლაზე.

„უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ათი წარმატებული სერტიფიცირებული სტუდენტი დასაქმდება ავტოინდუსტრიის სფეროში მოქმედ მსხვილ კომპანიაში. Lion Trans-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ათივე ახალგაზრდას ექნება წვდომა კომპანიის შესაბამის პლატფორმებზე, სადაც თავისუფლად განახორციელებენ ავტოსადილერო საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივობებს და რეალურ ბიზნესპროცესში ჩაერთვებიან. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, ასევე, ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის სახელით, მადლობას ვუხდით Lion Trans-ის გენერალურ დირექტორს, ბატონ ლევან სუხიტაშვილს, კომპანიის დამფუძნებლებსა და ყველა იმ პირს, რომლებიც ავტოდილერთა მოსამზადებელი ტრენინგკურსის შემუშავებაში მონაწილეობდა. მადლობას ვუხდით ახალგაზრდებს, რომლებმაც თავიანთი შრომით და მონდომებით უნივერსიტეტის მოლოდინი გაამართლეს. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ უნივერსიტეტსა და ბიზნეს შორის წარმატებული თანამშრომლობა, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს როგორც მოტივირებული სტუდენტების კარიერულ განვითარებას და ბიზნესკომპანიების შევსებას ახალგაზრდა პროფესიონალი კადრებით, ასევე, დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიურ მომავალზე“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კომპანია Lion Trans-ის პარტნიორობით შემუშავებული ავტომობილების დილერის მოსამზადებელი ტრენინგკურსი, პირველ ეტაპზე, მხოლოდ სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი. სასწავლო კურსის პრაქტიკული შედეგების გათვალისწინებით, სამომავლოდ, კურსის გავრცობა და დაინტერესებულ პირთათვის მისი შეთავაზება იგეგმება.

რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ქართულ სახელმწიფოს და სამეცნიერო საზოგადოებას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ქართულ სახელმწიფოს და სამეცნიერო საზოგადოებას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს და ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. 

თავის მიმართვაში რექტორი ყურადღებას აღნიშნული მოვლენის უდიდეს სამეცნიერო მნიშვნელობაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ 25 წლის წინ, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – გასაშლელი რეფლექტორის ღია კოსმოსში გაშვებით, ქართული მეცნიერების ისტორიაში ახალ ეპოქას მიეცა დასაბამი.

„დღეს ქართული სამეცნიერო საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ღია კოსმოსში გასვლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. 25 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველო და მსოფლიო საზოგადოება უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და ისტორიული ფაქტის მომსწრე გახდა – ქართველთა მიერ ხელთქმნილმა პირველმა კოსმოსურმა საინჟინრო ნაგებობამ, დიდგაბარიტიანმა გასაშლელმა რეფლექტორმა წარმატებით გაიარა გამოცდა, გასცდა დედამიწას და უკიდეგანო კოსმოსში, დამოუკიდებელ ორბიტაზე დაიწყო ფრენა. მას შემდეგ, ყოველ 23 ივლისს, ეს ღირსშესანიშნავი დღე აღინიშნება. ამ მოვლენით საქართველოს ისტორიაში დასაბამი მიეცა დროის ათვლის კიდევ ერთი საწყისს.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს, უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ ამ ლეგენდარული კოსმოსური ნაგებობის გენერალურ კონსტრუქტორს, გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს, ქართველ მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც თავდაუზოგავად მუშაობდა კოსმოსური ობიექტის შექმნაზე და მთელ ქართულ საზოგადოებას! 

0002-INN.png

გვეამაყება, რომ ეს დღე დაკავშირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრებისა და მეცნიერების მოღვაწეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპთან – სწორედ ჩვენმა მეცნიერებმა ჩაუყარეს საფუძველი დიდგაბარიტიანი რეფლექტორის კოსმოსში გაშვების ისტორიას; მეტიც, გასაშლელი რეფლექტორი დაპროექტდა, დამზადდა და წინასაფრენოსნოდ გამოიცადა საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ, ბატონი ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით.

ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენით კოსმოსური ობიექტის ავტორებმა საქართველოს დამსახურებულად დაუმკვიდრეს საპატიო ადგილი კოსმოსურ
ქვეყნებს შორის.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შექმნისა და ღია კოსმოსში ნაოსნობის ფაქტი სხვამხრივაც მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რადგან ამ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში საქართველოში საფუძველი ჩაეყარა კოსმოსური ნაგებობებისა და სამხედრო-საინჟინრო დარგების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებას, მისი დაფუძნება კი შესაძლებელი გახდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჩვენი სამეცნიერო, საინჟინრო, ტექნიკური, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პოტენციალის ერთობლივი, სისტემური და ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად. 

საზოგადოების საყურადღებოდ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გაშვება კოსმონავტიკის ისტორიასა და სამეცნიერო გამოცემებში აღიარებულია პრიორიტეტული მიმართულების საწყისად კოსმოსურ ტექნოლოგიებში; აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი პირველი ქართული დიდგაბარიტიანი კოსმოსური რეფლექტორის ორბიტაზე გაყვანისა და წარმატებული გამოცდის თარიღი კი, როგორც მოვლენა, შეტანილია კოსმოსის ათვისების უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ქრონიკათა ჩამონათვალში. ორმაგად საამაყოა, რომ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანიდან 25 წლის შემდეგაც, ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) წევრი სახელმწიფოებისთვის, ჯერჯერობით, მიუღწეველია დიდგაბარიტიანი კოსმოსური რეფლექტორის კოსმოსში გაყვანა და წარმატებული გაშლა.
 
25 წლის წინ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწყებული მასშტაბური ექსპერიმენტის – „რეფლექტორის“ ისტორია დღესაც წარმატებით გრძელდება.

აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრებთან და მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედითი მხარდაჭერით, დღესაც წარმატებით აგრძელებს კოსმოსურ ნაგებობებსა და სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციებზე მუშაობას.

0001-INN.png

ამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC-თან პარტნიორობის ფარგლებში, მიმდინარეობს თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები კოსმოსური რეფლექტორების და სხვა კოსმოსური ობიექტების პროექტირება-შექმნის მიმართულებით. ამ სამუშაოებისთვის სასტენდო კომპლექსი უზრუნველყოფილია საუნივერსიტეტო სივრცეში, სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრ „ანალიზხელსაწყოში“.

სხვადასხვა დროს შესრულდა სამეცნიერო-საინჟინრო სამუშაოები, მათ შორის, გერმანულ კომპანია Daimler Benz Aerospace-თან და იტალიურ Alenia Aerospacio-თან პარტნიორობით, ასევე, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, შესრულდა ევროპული კოსმოსური სააგენტოს შეკვეთები გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორის სხვადასხვა ვარიანტის შესაქმნელად. ყველა ეს სამუშაო არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართველ ინჟინერ-მეცნიერთა მიერ წარმატებისკენ გადადგმული მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გარანტი იმისა, რომ კოსმოსის ათვისების მიმართულებით, საქართველო აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.

ჩვენი ქვეყნისთვის ამ ღირსშესანიშნავ თარიღს კიდევ ერთხელ ვულოცავთ აკადემიკოსს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილს, ვულოცავთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის საინჟინრო-სამეცნიერო წრეებს, ვულოცავთ მთელ საქართველოს“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ღია კოსმოსურ სივრცეში გაშლისა და გამოცდის ამსახველი ფოტოკადრები გადაღებულია ფრანგი ასტრონავტის, ჟან-პიერ ენიერეს მიერ.

სტუ-ის ბაკალავრი, სამხრეთ კორეის სახელმწიფოს დაფინანსებით, სწავლას სეულის უნივერსიტეტში გააგრძელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გოგა ბებია, სამხრეთ კორეის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამის – „კორეის გლობალური სტიპენდიის“ (GKS) ფარგლებში მოპოვებული დაფინასებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან სწავლას სეულში, დონგგუკის უნივერსიტეტში (Dongguk University) სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. 

ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრს სამხრეთ კორეის სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა სწავლის სრული დაფინანსებითა და 2-წლიანი სტიპენდიით უზრუნველყოფს. 

როგორც სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე აღნიშნავს, უნივერსიტეტის წარმატებულმა ბაკალავრმა, გოგა ბებიამ, კორეის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა საქართველოში სამხრეთ კორეის საელჩოს „Embassy Track”-ის გავლით მიიღო, რაც საქართველოდან, ყოველწლიურად, მხოლოდ 5 სტუდენტის შერჩევას ითვალისწინებს.

„კორეის გლობალური სტიპენდია, რომელიც, მსოფლიოს საგამანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი პრესტიჟული დაფინანსებაა, ასევე, ცნობილია როგორც სამხრეთ კორეის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა.

სტიპენდიის მოსაპოვებლად გოგამ მრავალეტაპიანი შერჩევის პროცესი გაიარა სამხრეთკორეული პროგრამის წარმომადგენელ კომპანიასა და სამხრეთ კორეის წამყვან სამ უნივერსიტეტში.

შერჩევის შედეგად, ჩვენმა ბაკალავრმა შეთავაზება სამივე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტიდან მიიღო, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დიდი წარმატებაა.

ჩვენმა კურსდამთავრებულმა, არჩევანი დონგგუკის უნივერსიტეტზე შეაჩერა, სადაც ის სექტემბრიდან ქიმიის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. ვიმედოვნებთ, ჩვენი კურსდამთავრებულისთვის სეულის დონგგუკის უნივერსიტეტში გატარებული ორი წელი კვლევითი მიმართულებით მრავალმხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდება, შეძენილ ცოდნას კი ის ქართული მეცნიერების განვითარებას მოახმარს“, – აცდახებს დეკანი. 

კურსდამთავრებულის ცოდნასა და კვლევით უნარებს მაღალ შეფასებას აძლევს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი ირინე ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ბაკალავრი გოგა ბებია, ასევე, ფლობს კორეული ენის უმაღლეს საერთაშორისო სერთიფიკატს (TOPIK), რას მას საშუალებას აძლევს, დონგგუკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა კორეულ ენაზე, დამატებითი კურსის გავლის გარეშე განაგრძოს.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები

2024-2025 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ცნობილია.

იხილეთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 18 ივლისის  N122/ნ ბრძანება.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი სახელმწიფო დაფინანსებით მომდევნო სასწავლო წლებში უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა სასწავლო წელს ათვისებული ექნება აღნიშნული პროგრამებით გათვალისწინებული არანაკლებ 45 კრედიტი.

მესამე კურსის დახურვის შემდეგ კი, არანაკლებ 180 კრედიტი.

საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის უნდა მიმართოთ უნივერსიტეტს.

სტუ-ში სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ: https://gtu.ge/abiturientebisatvis/funded-programs/

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტმა კურსდამთავრებულების გაცილება ღონისძიებით აღნიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა არქიტექტურის, მოდის დიზაინის ტექნოლოგიების და არქიტექტურათმცონეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს გაცილების ღონისძიება მოუწყვეს. 

2023-2024 სასწავლო წელს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ბაკალავრიატის 123-მა, მაგისტრატურის 50-მა და დოქტორანტურის 6-მა სტუდენტმა დაასრულა.

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება, პედაგოგებთან ერთად, დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ მიულოცა.

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, მოგმართავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ფაკულტეტის სახელით. გვინდა მოგილოცოთ ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასრულება.

უკვე მოგმართავთ როგორც ახალგაზრდა კოლეგებს, პროფესიონალებს, ჩვენს იმედს და ხვალინდელ დღეს! საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თქვენ დაეუფლეთ ისეთ მნიშვნელოვან სპეციალობებს, რომლებზეც ბევრად არის დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის ყოფა-ცხოვრება, ჩვენი ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მომავალი სწორი ურბანული განვითარება.

სწორედ თქვენი შემოქმედებითობა, ფართო თვალსაწიერი, სივრცითი თუ დიზაინ აზროვნება, ერგონომიკული გათვლები განაპირობებს მოქალაქეთა ყოფიერების სიმსუბუქეს და სილაღეს, მათი დასვენებისა და კომფორტის შესაძლებლობებს, ხშირად, ჯანმრთელობასაც კი. ეს საპასუხისმგებლო პროფესიებია და გვჯერა, სიცოცხლის ბოლომდე დარჩებით მათი ერთგული და კარიერულ გზაზე სვლისას მუდამ დაიცავთ ღირსებას, მოუფრთხილდებით თქვენს სახელს და ამასთან ერთად, დაიცავთ თქვენი უნივერსიტეტის ღირსებასა და პრესტიჟს.

გვჯერა, რომ კარიერული წინსვლისას მუდმივად გაიღრმავებთ ცოდნას, შეიძენთ ახალ პროფესიულ უნარებს და არ დასჯერდებით მიღწეულს. გახსოვდეთ, ალმა-მატერის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის – თქვენი წარმატება ჩვენი სიხარული და წარმატებაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თქვენ გვერდითაა – პედაგოგებთან ერთად, შეძლებთ ნებისმიერ საკითხზე მსჯელობას, პრობლემების გაზიარებას, ჩვენ მუდამ მხარს დაგიჭერთ გამოწვევების დაძლევაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა ნინო იმნაძემ. 

001-INN (1).png

ახალგაზრდებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადასცა ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა. 

„მაქვს პატივი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით მოგილოცოთ სტუდენტობის წარმატებით დასრულება, გისურვოთ ჯანმრთელობა და არჩეულ პროფესიაში წინსვლა. დიდი სურვილი მაქვს გაგაცნოთ რექტორის მიმართვა: „სტუდენტობის დაუვიწყარი წლები, აღსავსე შემეცნებითა და თავდაუზოგავი შრომით, დღეიდან თქვენივე მომავალს განაპირობებს.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, უნარები და გამოცდილება გადამწყვეტ როლს შეასრულებს თქვენს საქმიანობაში, დაგეხმარებათ დაძლიოთ გამოწვევები, იყოთ ინოვაციური და პროგრესული, პატივი სცეთ დემოკრატიულ ფასეულობებს, მიაღწიოთ წარმატებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. ვისურვებდი, მომავლის გზაზე ყოფილიყავით ცნობისმოყვარე, მიზანსწრაფული და ღია შემეცნებისთვის, ეძიებდეთ ახალ ცოდნას, გამოცდილებას და არასოდეს შეგეწყვიტოთ სრულყოფისკენ სწრაფვა. გთხოვთ, მჭიდრო კავშირი შეინარჩუნოთ თქვენს ალმა-მატერთან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელი ის დიდი რესურსია, რომლის მხარდაჭერის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ.

გახსოვდეთ, მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენ გვერდით თქვენი უნივერსიტეტია, რომელმაც საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი გამოჩენილი მეცნიერი, არქიტექტორი, ინჟინერ-ტექნოლოგი და მკვლევარი აღზარდა, რომელიც თავის მოვალეობად თვლის, მიზნების აღსრულებაში გზა გაგიკვლიოთ, ინოვაციური იდეების განხორციელებაში ხელი შეგიწყოთ და თქვენი წარმატებითაც იამაყოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ მსოფლიო მიღწევებს, ნაყოფიერ და ბედნიერ წლებს! გახსოვდეთ, ცოდნა ძალაა და თქვენშია ის კოდი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროს!”, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიების მუსიკალური მხარდამჭერი იყო საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფი – „ნექსთ სთეიშენ“, რომლის წევრებიც ფაკულტეტის სტუდენტები არიან. 

ინფორმაციისთვის: არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიაზაინის ფაკულტეტი ერთ-ერთი უძველესია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა არქიტექტურული პროცესების რეალურ ცხოვრებასთან დაახლოებას.

ფაკულტეტის ისტორია 1922 წლიდან იწყება, 1928 წელს კი, პირველი კურსდამთავრებულები იყვნენ საქვეყნოდ ცნობილი არქიტექტორები: არჩილ ქურდიანი, ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი, მიხეილ შავიშვილი, ბორის გოქაძე, სანდრო თევზაძე და მიხეილ ჩხიკვაძე.

სხვადასხვა დროს ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა შორის არიან გამოჩენილ არქიტექტორთა შესანიშნავი კოჰორტა, რომელთაც შექმნეს ქართული არქიტექტურისა და ხუროთმოძღვრების შედევრები და რომელთა შემოქმედებაც ფართოდ არის ცნობილი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, შვიდი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?