სტუ-ის სტუდენტი ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდის შესამუშავებლად კვლევას ატარებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტი ლევან ელიაშვილი, ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის მიზნით, მასში შემავალ ცალკეულ ორგანულ ნაერთებში, ნახშირბადისა და აზოტის სტაბილურ იზოტოპთა განსაზღვრის ახალი მეთოდების დანერგვაზე მუშაობს.

თემის – “ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის მიზნით, მასში შემავალ ცალკეულ ორგანულ ნაერთებში, ნახშირბადისა და აზოტის სტაბილურ იზოტოპთა განსაზღვრის ახალი მეთოდების დამუშავება” ფარგლებში, დოქტორანტმა დაამუშავა აზოტისა და ნახშირბადის სტაბილურ იზოტოპთა განსაზღვრის მეთოდები იმ ნაერთებისთვის, რომელსაც  ღვინო შეიცავს.

როგორც ლევან ელიაშვილი აცხადებს,  კვლევისას შერჩეულ იქნა რამდენიმე ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და მათში არსებულ ორგანულ მჟავებსა და ნახშირწყლებში, შეფასდა ნახშირბად-13-ის იზოტოპის გავრცელება.    ასევე, დამუშავდა ამინომჟავებში აზოტ-15-ის იზოტოპის განსაზღვრის მეთოდები, რათა შემდგომში ღვინისთვის იქნას გამოყენებული, რაც  არის ახალი მიდგომა აზოტშემცველ ნაერთებში აზოტ-15-ის იზოტოპის ატომური წილის განსაზღვრისთვის. მეთოდი შესაძლებლობას იძლევა იზოტოპური კონცენტრაცია განისაზღვროს არა მხოლოდ მთლიან მოლეკულაში, არამედ, ცალკეულ აზოტურ ცენტრებში.

„ქართული ღვინო ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას მსოფლიო ასპარეზზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში წარმოებული ღვინო აკმაყოფილებდეს ხარისხის მოთხოვნებს. ამ მოთხოვნათა ნორმები არ გამორიცხავს ფალსიფიკაციას, კერძოდ,  შესაძლებელია ღვინო აკმაყოფილებდეს მასში ძირითადი პარამეტრების ნორმებს, მაგრამ იყოს ფალსიფიცირებული, ამის დადგენა კი ატომურ (იზოტოპურ) დონეზე შესაძლებელია. ამდენად,  თუ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს შევისწავლით იზოტოპურად, შეუძლებელი გახდება მათი ფალსიფიკაცია. ვფიქრობ, თემის ფარგლებში ჩატარებული კვლევა,  დაინტერესებულ  პირებს მისცემს საშუალებას გაეცნონ იზოტოპური ანალიზის თავისებურებებს, ამა თუ იმ ნაერთის ფრაგმენტაციის ხასიათს და სპექტრის გაშიფვრას.  კვლევამ დაადასტურა, რომ  იზოტოპური ანალიზები ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკაა ღვინის ავთენტიფიკაციისთვის“, – აცხადებს ლევან ელიაშვილი.

სტუ-ს სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

აღნიშნული კონფერენციის ეგიდით ფაკულტეტზე ერთი სექცია – ,,მთის მდგრადი განვითარების გლობალური გამოწვევები“, მუშაობს.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები: I ადგილი – ანა დოლიძე, II ადგილი – მარიამ ბაქრაძე, III ადგილი – ლიზი ბაგაშვილი. 

ასევე, წარმატებული იყო სტუდენტ ანა შაორშაძის საკონფერენციო მოხსენება, რომელიც მან ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, სექციაში – “გარემოსდაცვითი ინჟინერია“, წარადგინა და პირველი ადგილი დაიკავა.

ინფორმაციისთვის, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, საუნივერსიტეტო სივრცეში 2021 წლის 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღეს დაფუძნდა.

 საქართველოს (კავკასიის) მთიანი რეგიონების მოსახლეობის სიღარიბის დაძლევისა და მთაში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური გარემოს შექმნაში ხელშეწყობის მიზნით ფართო პროფილის, საერთაშორისო სტანდარტის, ერთიან ევროპულ სამთო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისად და გაეროს მდგრადი განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, სტუდენტებს ოთხ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, სთავაზობს, ესენია: მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება (კვალიფიკაცია-გარემოსმცოდნეობის ბაკალავრი); მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი (კვალიფიკაცია-ტურიზმის ბაკალავრი); მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა (კვალიფიკაცია-მენეჯმენტის ბაკალავრი); ბუნებრივი საფრთხეები მდგრადი გარემო და დაცვა (კვალიფიკაცია-ინჟინერიის ბაკალავრი გარემოს ინჟინერიაში).

საგანმანათლებლო პროგრამები ახალია და მისი ანალოგი, როგორც საქართველოს, ისე მის სამეზობლო ქვეყნების სხვა უნივერსიტეტებს არ აქვთ.

ახალგაზრდა ფაკულტეტი, ევროპულ სტანდარტთან სრული იდენტური ფორმირებისა და სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა-განვითარებისათვის, თანამშრომლობს ისეთ წარმატებულ ევროპულ უნივერსიტეტებთან, როგორიცაა: იტალიის მთის საერთაშორისო უნივერსიტეტი, შოტლანდიის მაღალმთისა და კუნძულების უნივერსიტეტი.

სტუ-ის მხარდაჭერით, ფიზიკის მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტებმა საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა პირველ ეროვნულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენცია საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და ორგანიზაციასთან ერთად, ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორი და მხარდამჭერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო.

საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაცია მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს, რომელთა მხარდაჭერითაც ფიზიკის მასწავლებლებისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.

კონფერენციის მუშაობა ორ სესიად წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის ფიზიკის პედაგოგებმა. მათ ისეთ აქტუალურ თემებზე იმსჯელეს, როგორიცაა: პროექტული სწავლება და კლუბური მუშაობა – მოტივაციის ამაღლების საუკეთესო გზა; სკოლის STEAM და ECO კლუბების მუშაობის გამოცდილების გაზიარება; ფიზიკის სწავლება ჰარკნესის მეთოდით; ყველაზე ეფექტური სასწავლო მეთოდი – აზროვნების თავისუფლება; სხეულთა წონასწორობა და მარტივი მექანიზმები ძველი თბილისის არქიტექტურასა და ქანდაკებებში; მობილური აპლიკაციები და მოწყობილობები და სხვ. კონფერენციის ფარგლებში, ფიზიკის პედაგოგები სასტენდო მოხსენებებით წარდგნენ და ვორქშოფები ჩაატარეს, კონფერენციის დასასრულს კი, ორგანიზატორებმა მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ასევე, საუკეთესო მომხსენებლები დააჯილდოვეს.

მეცნიერების დარგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, დარგობრივი სამეცნიერო კონფერენციები, სკოლების მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით, ტრადიციულ ხასიათს ატარებდეს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივაა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ინოვაციური მიდგომების გამოყენებით STEM საგნების სწავლების მხარდაჭერა სკოლის მოსწავლეებში. ამ ტენდენციის გასაძლიერებლად, ჩვენს უნივერსიტეტში მეოთხე წელია მოქმედებს აბიტურიენტთათვის განკუთვნილი  უფასო კურსები STEM საგნებში, მათ შორის, ფიზიკაში. მიგვაჩნია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, განსაკუთრებით, ფიზიკის განვითარება და ამ მიმართულებით უახლესი საერთაშორისო მიდგომების, უახლესი კვლევების გაზიარება პირველ რიგში სწორედ იმ სეგმენტში უნდა ხდებოდეს, რომელიც სკოლის მასწავლებლებს მოიაზრებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან კარგ მასწავლებელს პირდაპირი და შთამბეჭდავი გავლენა აქვს მოსწავლეებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციას პირველი ეროვნული კონფერენციის ჩატარებას, წარმატებებს ვუსურვებთ მათ და ღონისძიების მონაწილე ყველა მასწავლებელს. ვისურვებდით, რომ შინაარსობრივად და სამომავლო გეგმებით დატვირთული მსგავსი ღონისძიებები ტრადიციულ ხასიათს ატარებდეს. თავის მხრივ, ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება სამეცნიერო აქტივობების მხარდამჭერი“, – აღნიშნავს თამარ ლომინაძე.

სტუ-ის სტუდენტები, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართველ მწერლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტები, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, პოეტს, პროზაიკოსსა და დრამატურგს ნინო სადღობელაშვილს და მწერალსა და დრამატურგს ბასა ჯანიკაშვილს შეხვდნენ.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. როგორც მან განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მეორე წელია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორია.

INS---basa-janikashvili.png

 “ბუნებრივია, ყველა პროფესია, მით უმეტეს, საგანმანათლებლო სისტემა წიგნისა და ცოდნის პოპულარიზაციას უნდა ცდილობდეს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც მეორე წელია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორია, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიება ტარდება, უნივერსიტეტის გამომცემლობა კი წლიურად 100-დან 120-მდე სამეცნიერო წიგნს გამოსცემს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია.

ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან შედგება. მათ შორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ აქ არის დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს.

სასიხარულოა, რომ ბიბლიოთეკას ჰყავს ათასობით აქტიური მკითხველი. სწორედ ესაა უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მისია, ღონისძიების მიზანი კი არის სტუდენტებს ახლოს გააცნოს შემოქმედებითი ადამიანები, მწერლები, რომელთაც თავისი გზა გაკვალეს ქართულ ლიტერატურაში. მადლობას მოვახსენებ ნინო სადღობელაშვილს და ბასა ჯანიკაშვილს უნივერსიტეტში სტუმრობისთვის”, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ნინო სადღობელაშვილმა და ბასა ჯანიკაშვილმა სტუდენტების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

სტუ-სა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

თანამშრომლობის დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ მოაწერეს ხელი. 

მემორანდუმის თანახმად, სამეცნიერო პრიორიტეტებსა და სახელმწიფო ინტერესებზე დაყრდნობით, მხარეები აგრარულ სექტორში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო გამოწვევებზე ერთობლივი ძალებით იმუშავებენ, ასევე, განავითარებენ და გააღრმავებენ მეცნიერთა შორის კვლევით ურთიერთობებს, რაც თავის მხრივ, მომავალი თაობებისთვის საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლების მიღებასა და კვლევების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული კოლაბორაცია, მხარეთა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით, მკვეთრად დადებით ასახვას პოვებს არსებული სამეცნიერო გამოწვევების დაძლევის პროცესში. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან. მემორანდუმის გაფორმებით, კიდევ უფრო აქტიურად და მიზანმიმართულად გამოვიყენებთ იმ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც გააჩნია უნივერსიტეტსა და აკადემიას და ერთობლივ ძალისხმევას მივმართავთ ქვეყანაში უმაღლესი განათლებისა და აგრარული მეცნიერებების განვითარების მხარდასაჭერად, პროფესიონალთა ახალი თაობების აღსაზრდელად.

უნივერსიტეტში მოქმედებს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, რომელიც მრავალმხრივ წარმატებულია, როგორც სამივე საფეხურის მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროგრამებით, ასევე, წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან კოლაბორაციით შემუშავებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით, რომელთა დასრულების შემდეგ ახალგაზრდები ორმაგ, ქართული და ევროპული უნივერსიტეტის დიპლომს იღებენ.

INS---akademia.png

ფაკულტეტი აღჭურვილია აგრარული და მომიჯნავე მიმართულებების უახლესი ლაბორატორიული ბაზით. ასევე, აღსანიშნავია უნივერსიტეტის სრულიად ახალი, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, რომლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები, გარკვეულწილად, კავშირშია აგრარულ მეცნიერებებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების ჩართულობით, საშუალება გვეძლევა გაცილებით აქტიურად ვიმუშაოთ ახალი სამეცნიერო ცენტრების დაფუძნებაზე, ერთობლივ პროექტებზე, ერთობლივ ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა რეალიზაციის შედეგად, ერთი მხრივ, ხელს შევუწყობთ აგრარულ ინდუსტრიებში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას და ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას, მეორე მხრივ კი – სამეცნიერო ტერმინოლოგიის სრულყოფას, ქართული აგრარული მეცნიერების განვითარებას, საერთაშორისო სივრცეში მისი შესაძლებლობების აქტიურად წარმოჩენას, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური, აგრარული, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ სახელმწიფო უწყებებისთვის წინადადებების მომზადებას“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ. 

რექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან ერთობლივ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელება მემორანდუმის ფარგლებში უახლოესი მომავლიდან დაიწყება. მისი განცხადებით, მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით, რეგულარულ ხასიათს მიიღებს ერთობლივი სამეცნიერო დისკუსიები, სიმპოზიუმები, კონფერენციები, ტრენინგები და სემინარები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: აგრარული მიმართულების თანამედროვე მეთოდების, სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, ბიომეურნეობების განვითარება, ეკოლოგიურ კატასტროფებთან ბრძოლა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის სისტემის სრულყოფა, მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და სხვ.; როგორც რექტორმა აღნიშნა, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ საგრანტო კვლევითი პროექტების მომზადებაზე სტუდენტების მონაწილეობით, სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებაზე, ასევე, სამეცნიერო მიღწევებისა და ქართული მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი ღონისძიებებისა თუ გამოფენების ორგანიზებაზე. 

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები.

სტუ მკლავჭიდში საკვალიფიკაციო შეჯიბრს – GEORGIAN ARMWRESTLING GAMES-ს უმასპინძლებს

9 ივნისს, თბილისში, საკვალიფიკაციო შეჯიბრი მკლავჭიდში – GEORGIAN ARMWRESTLING GAMES (GAG) გაიმართება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მკლავჭიდელს, მათ შორის სტუდენტებს.
 
მსოფლიოში მკლავჭიდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ორგანიზაცია- EAST VS WEST-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ექსკლუზიური უფლების თანახმად, GEORGIAN ARMWRESTLING GAMES-ში გამარჯვებულ ათლეტებს გადაეცემათ ლიცენზია, რითაც ისინი თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში – EAST VS WEST FINAL QUALIFY , მიიღებენ მონაწილეობის უფლებას. 

GEORGIAN ARMWRESTLING GAMES, სტუ-ის ადმინისტრაციული შენობის (მისამართი: მერაბ კოსტავას 77) მე-3 სართულზე, ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში, 12:00 საათიდან დაიწყება. მანამდე კი, 8 ივნისს (10:00-დან 15:00 საათამდე) მონაწილეთა აწონვა ჩატარდება.

GEORGIAN ARMWRESTLING GAMES შემდეგ წონით კატეგორიებში ჩატარდება:
• 75 კგ (მარცხენა /მარჯვენა)
• 85 კგ (მარცხენა /მარჯვენა)
• 95 კგ (მარცხენა /მარჯვენა)
• 105 კგ (მარცხენა /მარჯვენა)
• 105 +კგ (მარცხენა /მარჯვენა)

GEORGIAN ARMWRESTLING GAMES -ში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე ათლეტი, მათ შორის 30-მდე უცხოელი სპორტსმენი. შეჯიბრს სპეციალური სტუმრის სტატუსით ცნობილი ქართველი სპორტსმენები, უცხოელი პარტნიორები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სტუ-ში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, „მოდინახემ“ საქველმოქმედო სპექტაკლი გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით და სტუ-ის ქალთა ასოციაციისა ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიაში – „მოდინახე“ აღინიშნა. მოყვარული სტუდენტი მსახიობები მაყურებლის წინაშე ნოდარ დუმბაძის სპექტაკლით – „ბოშები“, წარდგნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ბავშვის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, სახელმწიფოში მოქმედი პროგრამები მოზარდების მომავალს მაქსიმალურად უზრუნველყოფს, ხელისუფლება კი არსებული გამოწვევების აღმოფხვრაზე წარმატებით მუშაობს.

“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება. ყოველი დღე ბავშვისაა, ისინი არიან მომავალი თაობა და ჩვენი ვალია ყველა ღონეს მივმართოთ, რათა მათ სწავლისა და განვითარებისთვის მშვიდობიანი გარემო შევუქმნათ. დღევანდელი, ლამაზი დღისთვის მინდა მადლობა გადავუხადო სახალხო თეატრს-სტუდიის რეჟისორსა და მსახიობებს, ღონისძიების ორგანიზატორებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს მასშტაბურ საქველმოქმედო აქციებს. ბავშვთა საერთაშორისო დღე, რომელსაც ეძღვნება დღევანდელი საქველმოქმედო აქცია, მინდა მივულოცო ყველა ბავშვს და ვუსურვო მათ ოცნებების და მიზნების ასრულება”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

gtu (2).png

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ნაზი კუციავამ, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მოწვეულ სტუმრებს – დედაქალაქში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს, აფხაზეთიდან დევნილთა ოჯახების მცირეწლოვან წარმომადგენლებს, საჯარო სკოლის იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ლიეტუვის სათვისტომოს მრავალშვილიანი ოჯახების წევრ ბავშვებს.

პროფესორმა ნაზი კუციავამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს, სახალხო თეატრ-სტუდიის – „მოდინახეს“ რეჟისორსა და მსახიობებს. მისი განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბავშვთა საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად გრანდიოზული ღონისძიებებითა და საქველმოქმედო აქციებით აღნიშნავს. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით, სტუ-ის ქალთა ასოციაციამ უნივერსიტეტის სახალხო-თეატრ სტუდიაში, მოვიწვიეთ მრავალშვილიანი ოჯახები, სკოლის მოსწავლეები, ლიეტუვის სათვისტომოს წარმომადგენლები, ასევე, ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლების შვილები, შვილიშვილები. მათ წინაშე „მოდინახე“ შესანიშნავი სპექტაკლით წარდგა.

მადლობას მოვახსენებ რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდით დგას, მადლობა ჩვენს თეატრს, მსახიობებს იმისთვის, რომ მათ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს ბავშვებს“, – აცხადებს ნაზი კუციავა. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 1 ივნისს, „ნიკო ნიკოლაძის კლუბის“ დედაენის ბაღში გამართული საქველმოქმედო ღონისძიებით გაიხსნა. იმავე დღეს, გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში უნივერსიტეტი კიდევ რამდენიმე საქველმოქმედო აქციას გამართავს.

სტუ-ში ფოთის თეატრმა ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლის ჩვენება გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლის  „ნიკო ნიკოლაძის“ ჩვენება გაიმართა.

სპექტაკლი, დიდი ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ფოთის თეატრში დაიდგა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე ფესტივალის ფარგლებში წარდგა.

fotis teatri niko nikolazeze spectakli gtu

დამსწრე საზოგადოებას სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, სპექტაკლი სხვადასხვა დროს წარმატებით წარდგა ქართველი და საერთაშორისო მაყურებლის წინაშე. თბილისის ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ფესტივალზე მიღებული აქვს პრიზი: საუკეთესო სპექტაკლი – Best Performance.

“ფოთის თეატრის დასი წარმოგვიდგენს სპექტაკლს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვან თემას, ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. “რა უბედურება იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ ქართლელმა, კახელმა,იმერელმა ოდესმე ქართველობა ითაკილონ და თავიანთი თავი ქართლელობით, კახელობით, იმერლობით მოიწონონ. ხალხის ამგვარ ხასიათს მამულის ნამდვილი სიკვდილი და მიწასთან გასწორება მოსდევს… იმეცადინეთ, იშრომეთ, რაც გინდათ, ოღონდ თქვენი მამული გიყვარდეთ,” – ბრძანა დიდმა მოღვაწემ. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი სწორედ ამ იდეით წარმართავს საუნივერსიტეტო ცხოვრებას. მადლობა მინდა მოვახსენო ფოთის თეატრს სპექტაკლისთვის”, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
სპექტაკლის დასასრულს, ფოთის თეატრის წარმომადგენლებს – რეჟისორს, მსახიობებს და დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მიმართა. მან მადლობა გადაუხადა თეატრს ნიკო ნიკოლაძის ცხოვრების საინტერესოდ წარმოდგენისთვის. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და გოჩა ჩოგოვაძის სახელობის იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრა უკვე მეორე წელია თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორები არიან. 

gtu niko nikoladze speqtakli

“ერთმოქმედებიან სპექტაკლში ოთხმა შესანიშნავმა მსახიობმა დიდი ნიკო ნიკოლაძის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი მნიშვნელოვანი დეტალები იმდენად საინტერესოდ წარმოადგინა, რომ თითოეული ჩვენგანი მათი ნიჭიერებით აღფრთოვანებულნი ვართ.

ბედნიერებაა, რომ საქართველოში მრავალი სახელოვანი მოღვაწე აღიზარდა, რომელთაც ჩვენს სამშობლოს მსოფლიოში გაუთქვეს სახელი. მათ შორის ნიკო ნიკოლაძე გამორჩეულია. დიდია მისი წვლილი ჩვენი უნივერსიტეტის დაარსებაში. ნიკო ნიკოლაძის სახელის გაგონებისას, პირველი, რაც გვახსენდება მის მიერ ქალაქ ფოთის აღმშენებლობაა, ამდენად, ფოთის თეატრში ამ შესანიშნავი სპექტაკლის დადგმა, სიმბოლურია.

ვისარგებლებ შემთხვევით და ახალგაზრდებს მივმართავ, დიდმა ნიკო ნიკოლაძემ ბრძანა: „მას აქეთ, რაც მე ჩემს თავს ვიცნობ, მე ერთი წადილის მეტი არა მქონია, ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიცია… მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავად თუ კარგად, როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა”. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, გამოიყენეთ სამშობლოსთვის, ემსახურეთ საქართველოს, იწამეთ სამშობლო და ჩვენ, თქვენი აღმზრდელები, ყოველთვის თქვენს გვერდით გვიგულეთ. წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

სტუ-ში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული “ნიკო ნიკოლაძის კლუბის” ღონისძიებით გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული დაიწყო. 

კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება „ნიკო ნიკოლაძის კლუბმა“ ჩაატარა. კლუბის პრეზიდენტის თქმით, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ერთ-ერთ ყველაზე უძველეს საერთაშორისო დღესასწაულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველწლიურად სხვადასხვა ფორმატში აღნიშნავს. მარიამ კაკაურიძის განცხადებით, „ნიკო ნიკოლაძის კლუბმა“ დედაენის ბაღში ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.

bavshvta datsvis dge teqnikur universitetshi

„ნიკო ნიკოლაძის კლუბმა“ ბავშვთა საერთაშორისო დღე ღია სივრცეში გადმოიტანა, რითაც ჩვენ შევძელით, ნებისმიერი ბავშვისთვის გაგვეხალისებინა დღევანდელი დღე. ეს იყო ზღვა ემოციებით და სიხარულით დატვირთული აქცია, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტები, კერძოდ – წიგნი, ფერადი ფანქრების დიდი ნაკრები, სახატავი რვეული, ყვავილები, ასფერიანი ფერადი ცარცი, ფლომასტერი და სხვა, მათთვის საჭირო ნივთები გადავეცით. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ღონისძიების განსხვავებულ ფორმატში ჩატარების ინიციატივისათვის, მხარდაჭერისთვის მადლობა პარტნიორ კომპანიებს. ბავშვებს კი მშვიდობიან საქართველოში ეცხოვროთ“, – აცხადებს მარიამ კაკაურიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქართველ და მსოფლიოს ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, ბავშვების ბედნიერ მომავალზე პასუხისმგებლობა, ძირითადად, მშობლებსა და პედაგოგებს ეკისრებათ. კაცობრიობის მთავარი მისია კი – მომავალ თაობაზე ზრუნვაა. 

bavshvta datsvis dge saqartvelos teqnikur universitetshi

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს! მშვიდობა იყოს კაცობრიობის მომავალი თაობების მთავარი მეგზური ბედნიერებისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელიც ბავშვებში ცოდნის სიყვარულის ამაღლებისკენაა მიმართული. პირველი ივნისი უნივერსიტეტმა „ნიკო ნიკოლაძის კლუბის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებით დაიწყო. სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტების აქციას – ახალგაზრდები ბავშვებისთვის, მხარს, უნივერსიტეტთან ერთად, რამდენიმე კომპანია უჭერს. მადლობა მინდა მოვახსენო ყველას და მშვიდობა ვუსურვო ჩვენს მომავალ თაობებს“, – აცხადებს დავით გურგენიძე. 

ცნობისთვის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე დაარსდა, ხოლო 1950 წელს, 1 ივნისს პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებას ჩაატარებს. 

სტუ-ში გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალით დაიწყო.

ფესტივალის ფარგლებში, რომელიც იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების ქსელის პატრონაჟით და თბილისის მერიისა და მარნეულის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში. 

როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მეორედაა ფესტივალის ერთ-ერთი მასპინძელი. 

teqnikuri universiteti festivali.png

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი, ტრადიციულად, გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალით იწყება. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო, საინტერესო და მრავალფეროვანი ფესტივალი, რომლის მასპინძლობა დიდი პატივია. საქართველოს ჩათვლით, ფესტივალში ექვსი ქვეყანა მონაწილეობს, ჩვენი უნივერსიტეტი კი ერთ-ერთი მასპინძელია, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოჩა ჩოგოვაძის სახელობის იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის – „ინფორმაციული საზოგადოება“ ხელმძღვანელს და ფესტივალის დირექტორს, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის გენერალურ მდივანს, ლევან ხეთაგურს და ასევე ფესტივალის სხვა ორგანიზატორებს. დღეს მაყურებლის წინაშე წარდგება ირანის ისპაანის პროვინციის – შაჰინ შაჰრი, თეატრალური ჯგუფი “კოტი”, წარმოდგენით – „დღეს მე გავხდები ხე“. სცენარი, სპეციალურად, ფესტივალისთვის ქართულად ითარგმნა და დღეს ირანელი მსახიობები ქართველ მაყურებელს მშობლიურ ენაზე წარუდგენენ მეტად საინტერესო სპექტაკლს. წარმატებას ვუსურვებ ფესტივალის ორგანიზატორებს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან ეროვნული სასახლე, საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი და სხვა. ფესტივალის პარტნიორები კი არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გოჩა ჩოგოვაძის სახელობის იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრა,  თოჯინების თეატრი, სოხუმის თეატრი, მოზარდმაყურებელთა თეატრი და სხვა.  

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?