სტუ სამაგისტრო პროგრამებზე დამატებით მიღებას აცხადებს

გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის ვაკანტურ ადგილებზე (ვაკანტური ადგილები იხილეთ დანართი 1) დამატებითი რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულ პლატფორმაზე – register.gtu.ge, 2025 წლის 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის 18:00 საათამდე (რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია და განცხადების ფორმა იხილეთ დანართი 2, დანართი 3 );

  • სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, მისაღები გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2025 წლის 17 სექტემბერს, 10 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი – 2, პირველი სართული), კოსტავას ქ. N68;

  • სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდები ჩატარდება 2025 წლის 17 სექტემბერს, 12 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი – 2, პირველი სართული), კოსტავას ქ. N68;

  • სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2025 წლის 17 სექტემბერს, 10 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, კოსტავას ქ. N68 მე-5 სართული, ოთახი N508, (ბიბლიოთეკაში); 

  • გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 18 სექტემბერს. სააპელაციო განაცხადების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე, 17 სექტემბერიდან 19 სექტემბრის 11 საათამდე. გამოცდების საბოლოო შედეგები (აპელაციის გათვალისწინებით) გამოქვეყნდება 19 სექტემბერს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე;

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისა და სასპეციალიზაციო გამოცდის შედეგების საფუძველზე (საკონკურსო ქულა), კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტები (ჩასარიცხ აპლიკანტთა სიები) განთავსდება 2025 წლის 22 სექტემბერს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; 

  • სტუ-ის ფაკულტეტების დეკანატებში მაგისტრანტობის კანდიდატებმა სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ 2025 წლის 23 სექტემბრიდან -24 სექტემბრის ჩათვლით.

ფაკულტეტების საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ დანართში 4

„ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“ – იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორკშოპი სტუ-ში

2-4 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონია-საქართველო-ევროპის საერთაშორისო ვორკშოპის – „ლაზერით ინდუცირებული პლაზმის ფიზიკისა და ტექნოლოგიების შესახებ მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის“  („ლაზერული პლაზმის გამოყენება – თბილისი 2025“), ჩატარდება.

ვორკოპს მხარს უჭერენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (www.gtu.ge), საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის იაპონური მხარე (www.istc.int), იაპონიის საელჩო თბილისში და ევროკავშირის COST-ის პროგრამის პროექტი „პროტონ-ბორის ბირთვული სინთეზი“.

ვორკშოპის მიზანია,  ქართველი მეცნიერების მონაწილეობითა და კოორდინირებით,  დარგის წამყვანი, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების იაპონიდან და ევროპიდან შეკრება, ლაზერული გამოსხივებით ინდუცირებული პროცესების წარმართვის ძირითადი საკითხების განხილვა, მათი სხვადასხვა, როგორიცაა, ბირთვული სინთეზი, ნანო პიკო სტრუქტურების დამზადება, ბიოლოგიური პროცესების რეგულირება და სხვადასხვა მიმართულებით გამოყენება.

ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ ორგანიზებული პროგრამებისა და პროექტების ერთობლივი განხორციელებისათვის,   შეიქმნას აღმოსავლეთ-დასავლეთის საპარტნიორო ჯგუფები.  

ვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ და მოხსენებებით გამოვლენ დიდი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროექტების ხელმძღვანელები ცნობილი მეცნიერები იაპონიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, ასევე, გათვალისწინებულია ქართველი მეცნიერების რამდენიმე საერთაშორისო დონის მოხსენება.

ამასთანავე, ვორკშოპის კიდევ ერთი მიზანია, ქართველი მეცნიერების აქტიური ჩართვა იმ საკაცობრიო ამოცანების გადაწყვეტაში, რომელზეც ამერიკელი, იაპონელი, ფრანგი, იტალიელი და გერმანელი კოლეგები მუშაობენ.

ვიმედოვნებთ, რომ დისკუსიების შედეგად ვორკშოპზე ჩამოყალიბებული წარმოდგენები შექმნიან სათანადო სინერგიას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგებს შორის მომავლის მთავარი მიზნების მისაღწევად – ლაზერული გამოსხივებით ინდუცირებული – ახალი ბირთვული პროცესებისა და ნანო-პიკოტექნოლოგიებით მწვანე ენერგიის მაღალეფექტური წყაროების შექმნა და თანამედროვე სამედიცინო ფიზიკის ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების განვითარება.

        იაპონია-საქართველო-ევროპის ვორკშოპი – ლაზერული ფიზიკისა და ტექნოლოგიის ახალი მიღწევები მწვანე ენერგიისა და ბიოსამედიცინო აპლიკაციებისთვის პირველია, მომავალში დაგეგმილი კონფერენციების სერიიდან, რომლებიც დაკავშირებულია თანამედროვე ბირთვული და ლაზერული ფიზიკისა და ტექნიკის მოწინავე მეთოდებსა და ტექნოლოგიებთან და მათ გამოყენებასთან.

ვორკშოპის ჩატარების იდეა 2024 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა,
როდესაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები იაპონური მხარის მოწვევითა და მხარდაჭერით   ოსაკას საერთაშოროს გამოფენაში მონაწილეობდნენ, სადაც სპეციალურ საგამოფენო სივრცეში, ლაზერული ფიზიკისა და ტექნოლოგიის დარგში,   თავისი დამუშავებების დემონსტრაცია მოახდინეს.

სტუ-ის მორიგი საერთაშორისო აღიარება ოსაკას მსოფლიო გამოფენა-ფორუმზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართულ მსოფლიო გამოფენა-ფორუმზე (Osaka Expo 2025) მორიგი წარმატებისთვის დააჯილდოვეს. მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა-ფორუმი ექვსი თვის განმავლობაში, 13 აპრილიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და მასზე ჩვენი ქვეყანა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის კვლევითმა ინსტიტუტმა წარადგინა. 
საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიურმა ცენტრმა (ISTC) ქართულ-იაპონური სამეცნიერო კოლაბორაციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობით  წარდგენილ საგრანტო პროექტს – „GE-2776: კობალტისფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესება დოპირებითა და მიკროსტრუქტურის მოდულაციით“ – უმაღლესი შეფასება მისცა და ოსაკას ექსპოზე მისი პრეზენტაცია საკუთარ პავილიონში, ცენტრის მიერ დაფინანსებულ გამორჩეულად წარმატებულ სამ პროექტთან ერთად გამართა. 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ISTC-ის ხელმძღვანელობამ ქართულ-იაპონურ კვლევით კოლაბორაციას უმაღლესი შეფასება მისცა და იაპონიის მთავრობასთან შეთანხმებით, ოსაკას გამოფენა-ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ორი ქართველი მეცნიერის ვიზიტი დააფინანსა. ვიცე-რექტორის თქმით, Osaka Expo 2025-ში სტუ-ის კიბერნეტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ვახტანგ ჟღამაძემ და ნათია მარგიანმა მონაწილეობა მიიღეს.  
„ოსაკაში, მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენა-ფორუმზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი მეცნიერთა ჯგუფის წარმატება ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის კიდევ ერთი თვალსაჩინო დემონსტრაციაა. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა და თავისი კვლევითი შესაძლებლობებით, საგრანტო პროექტის შესრულების მაღალი ხარისხით დამსახურებული საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
საგრანტო პროექტი, რომელიც კობალტისფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესებას ეხება, პირდაპირ უკავშირდება თანამედროვე ენერგოეფექტურობის, მდგრადი განვითარებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გლობალურ გამოწვევებს. ის ფაქტი, რომ  ISTC-მა სწორედ ამ პროექტს მიანიჭა უმაღლესი შეფასება და წარადგინა ოთხ გამორჩეულ ნამუშევარს შორის, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა შრომა სრულად შეესაბამება უმაღლეს თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტს და ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მზარდ როლს არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო კვლევით სივრცეში. 
მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ ოსაკას ექსპოზე მოპოვებული კიდევ ერთი აღიარება ამაღლებს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციას, ზრდის ნდობას ქართული მეცნიერების მიმართ და რაც ასე მნიშვნელოვანია, ქმნის მყარ საფუძველს ახალი კვლევითი კოლაბორაციებისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თაოსნობით, აქვს გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო კვლევების წარმართვისა და ინტელექტუალური პოტენციალის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების უნარი. წარმატებებს ვუსურვებ გამარჯვებულებს,“ – განაცხადა თამარ ლომინაძემ. 

საგრანტო პროექტის – „GE-2776: კობალტისფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესება დოპირებითა და მიკროსტრუქტურის მოდულაციით” – უცხოელი კოლაბორატორია ცნობილი იაპონელი მეცნიერი, ნაგაოკას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი მასატოში ტაკედა.  ქართველ მეცნიერებთან წარმატებული თანამშრომლობის ნიშნად, გასულ წელს საერთაშორისო სამეცნიერო–ტექნოლოგიურმა ცენტრმა დააფინანსა პროფესორ ტაკედას სამეცნიერო ვიზიტი საქართველოში, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე – GTUnano2024 – დასასწრებად. იაპონელმა მეცნიერმა წარადგინა პრეზენტაცია და ამავე დროს, იყო ამ კონფერენციის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრი. იაპონელი კოლეგა აგრეთვე ესტუმრა სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის კიბერნეტიკის ინსტიტუტს და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორია დაათვალიერა.  

ISTC-ის ოფისის ინიციატივით, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში პროფესორ ტაკედასთან ერთად მომზადდა Osaka Expo 2025-ზე წარსადგენი პრეზენტაციის ორენოვანი (ინგლისური და იაპონური) ვერსიები. ISTC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზენტაციას გამოფენის დამსწრე ბიზნეს და სამეცნიერო წრეების მხრიდან განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად. 

Osaka Expo 2025-ზე, ასევე, წარმატებული სამეცნიერო გუნდების დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ISTC-ის აღმასრულებელი დირექტორის სახელით, ქართველი მეცნიერები დაჯილდოვდნენ მაღალი გემოვნებით შესრულებული „აღიარების სერტიფიკატით“, რომელიც Osaka Expo 2025-ზე იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის წარმომადგენელს – ნათია მარგიანს გადასცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი არქიტექტორის, გიული გეგელიას გარდაცვალების გამო

რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის არქპალატის საპატიო წევრის, ამავე კავშირის გამგეობისა და ეთიკის საბჭოს წევრის –  გიული გეგელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გეგელიების ოჯახს, მის ახლობლებს, უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირს. 

როგორც რექტორის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, პროფესორ გიული გეგელიას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ქართული არქიტექტურის განვითარებასა და ახალგაზრდა თაობის პროფესიულ აღზრდაში. მისი მოღვაწეობა საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობის ისტორიაში დარჩება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტით, სამეცნიერო თუ პედაგოგიური მიღწევით.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის – გიული გეგელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, ჩვენი უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირს  – ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც გიული გეგელიას მრავალწლიანი პროფესიული გზა აკავშირებდა.

გიული გეგელიას მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სადაც მოღვაწეობის თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არქიტექტურული განათლების განვითარებასა და სტუდენტთა არაერთი თაობის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გიული გეგელიას სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით, სიღრმითა და  სიახლისადმი მუდმივი სწრაფვით. თბილისსა და საქართველოს რეგიონებს ამშვენებს მის მიერ მაღალი ოსტატობით რეალიზებული არაერთი ნამუშევარი, რომელთა შორისაა: საცხოვრებელი მიკრორაიონი „სანზონა“, საცხოვრებელი მიკრორაიონი ბახტრიონისა და იყალთოს ქუჩებს შორის, ბაკურიანის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი, სამხატვრო გალერეა და „ხსოვნის კლუბი“ სენაკში, ეთნოგრაფიული მუზეუმი ნოქალაქევში, რუსთაველის თეატრის რეკონსტრუქციის გეგმა, ცნობილი მოქანდაკის – ელგუჯა ამაშუკელის სახლი-სახელოსნო თბილისში, საქალაქო სასამართლოს შენობა და საცხოვრებელი კომპლექსები ფოთში, თბილისში, წყნეთში, მცხეთაში და მრავალი სხვა. 

პროფესორ გიული გეგელიას ავტორობით გამოიცა 8 სამეცნიერო ნაშრომი თბილისის ისტორიული რაიონის რეკონსტრუქციისა და რესტავრაციის საკითხებზე; არაერთი სტატია თბილისის ისტორიული უბნების მხატვრული შეფასების, ადაპტაციის, ძველი და თანამედროვე განაშენიანების ურთიერთკავშირის დადგენის საკითხებზე; განხორციელდა 100-ზე მეტი პროექტი და მშენებარე ობიექტის სამეცნიერო-მეთოდური და საპროექტო ხასიათის გამოკვლევები. ნაყოფიერი და წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისათვის მას მიღებული აქვს მრავალი  საპატიო ჯილდო.

გიული გეგელიას სახელი და მოღვაწეობა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში“, – აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში. 

სტუ-ში სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ICT in Life 2025” გაიმართება

4-5 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით,  სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ICT in Life 2025” ჩატარდება.

კონფერენცია, სადაც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას, მეოთხედ ჩატარდება.

როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ განაცხადა, კონფერენცია სტუდენტებს ახალი კონტაქტების დამყარებისა და სამეცნიერო მიღწევების ინტერნაციონალიზაციის საშუალებას მისცემს.  

გერმანელი პროფესორების მხარდაჭერით კონფერენციის მონაწილე სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები გერმანიაში, ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო გამოცემაში დაიბეჭდება.

მეცნიერებისა და ინოვაციების დღე სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით, მეცნიერებისა და ინოვაციების დღე ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიება-„მწვანე სოფლის მეურნეობა და ინოვაციური მიდგომები: მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მდგრადი მომავლისათვის” – FAO-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ პარტნიორობით, მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, აკადემიური წრეები, ახალგაზრდა ლიდერები, სოფლის მეურნეობის დარგში პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის წარმომადგენლები და ექსპერტები. მათ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის, მომავლის მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დარგში, მეცნიერებისა და ინოვაციის ინტეგრირების გზები განიხილეს, ასევე, აღნიშნულ პროცესებში მომავალი თაობის ჩართულობის გააძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

მეცნიერებისა და ინოვაციების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, მამუკა მესხმა გახსნეს.

ვიცე-რექტორმა ყურადღება გაამახვილა ღონისძიების მნიშვნელობასა და მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერის აუცილებლობაზე. როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, ქვეყანაში მეცნიერების განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის, ასევე ეკონომიკის სხვადასხვა დარგის და მათ შორის სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პროცესში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მრავალწლიანი კომპეტენცია და გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„საგულისხმო და მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებისა და ინოვაციების დღე FAO-ს წარმომადგენლობამ საქართველოში ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმთან“ პარტნიორობით ჩაატარა. ეროვნულ დონეზე „ტექინფორმი“ ცოდნის გადაცემისა და გავრცელების ერთ-ერთი საკვანძო ორგანიზაციაა და ჩვენს ქვეყანას 1958 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო, ტექნიკურ და ინოვაციურ ცენტრებსა თუ სამეცნიერო კვლევით ქსელებში; 2020 წლიდან კი, FAO-ს მანდატით, „ტექინფორმი“ სოფლის მეურნეობაში სამეცნიერო სერვისების პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის საკითხებში FAO AGRIS-ის ეროვნული ჰაბია და მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ამ დარგში მეცნიერების მხარდაჭერისა და ცოდნის გავრცელების კუთხით.

ეს ღონისძიება არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტისა და FAO-ს ნაყოფიერი თანამშრომლობის კარგი მაგალითია, არამედ ერთგვარი პლატფორმაც, სადაც სამეცნიერო საზოგადოებას, სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძო სექტორს და ახალგაზრდა თაობას ერთიანდებიან საერთო მიზნის – მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარების – გარშემო. გვჯერა, ეს არის სივრცე, სადაც მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ინოვაციური ტექნოლოგიები და ინჟინერიის თანამედროვე მიღწევები რეალურ სასიკეთო შედეგებეს მოგვიტანს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისი მრავალწლიანი აკადემიური და სამეცნიერო გამოცდილებით, მზად არის იყოს ლიდერი არა მხოლოდ ინჟინერიისა და ტექნოლოგიების, არამედ სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პროცესშიც. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ჩვენი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები გახდნენ ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა – ისინი, ვინც მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენებით შექმნიან ახალ მოდელებს, შეძლებენ კლიმატის ცვლილების გამოწვევების ეფექტიანად დაძლევას.

ჩვენ ვხედავთ ჩვენს მისიას იმაში, რომ უნივერსიტეტი იყოს ცოდნისა და ინოვაციის კერა, სადაც აკადემიური თავისუფლება, კვლევითი პოტენციალი და პრაქტიკული გამოცდილება ერთიანდება. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს არა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას, არამედ ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და გლობალური საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. სწორედ ამით უნდა შეიქმნას მძლავრი იმპულსი ინოვაციური ხედვების დასანერგად,“ – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის  მოადგილემ საქართველოში, მამუკა მესხმა აღნიშნა, ღონისძიების მიზანია ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მსჯელობა, როგორიცაა სოფლის მეურნეობის სექტორში მონაცემთა შეგროვება და გამოყენება, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. მისი თქმით, FAO მხარს უჭერს საქართველოს განავითაროს აღნიშნული შესაძლებლობები, ხელს უწყობს პარტნიორობას, რომელიც ახალგაზრდებს, აკადემიურ წრეებსა და ინდუსტრიის სხვა აქტორებს საშუალებას აძლევს ერთობლივად შექმნან ინოვაციური გადაწყვეტები მდგრადი მომავლისთვის.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა სტუ-ის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორი პროფესორი ნელი მახვილაძე. მან FAO-სთან 27-წლიანი ნაყოფიერი კოლაბორაციის შესახებ ისაუბრა და სოფლის მეურნეობის სერვისების ხელმისაწვდომობის, სამეცნიერო პოტენციალის გაძლერებისა და დარგის პოპულარიზაციის მიმართულებით ბოლო 6 წლის განმავლობაში განხორციელებული ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტები მიმოიხილა. ნელი მახვილაძის თქმით, „ტექინფორმისა“ და FAO-ს პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოსთვის ხელმისაწვდომია ისეთი მნიშვნელოვანი პლატფორმები, როგორიცაა: FAO AGRIS, FAO AGROVOC, Research4Life-ის მონაცემთა ბაზები და სხვადასხვა ინოვაციური რესურსი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას ქართულ რეალობასთან აკავშირებს და ამასთან ერთად, გამოყენებით მეცნიერებას განავითარებს, გარდა ამისა, ხელს უწყობს ინოვაციური იდეების მხარდაჭერას, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიასთან შედეგზე ორიენტირებული დიალოგის წარმართვასა და დარგით ახალგაზრდების დაინტერესების  მექანიზმების გაძლიერებას.   

მეცნიერებისა და ინოვაციების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაგრძელდა პრეზენტაციებითა და სადისკუსიო პანელებით
იმის შესახებ, თუ როგორ ქმნის ინოვაციები და ტექნოლოგიები მდგრადი და  კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მომავალს. მონაწილეებმა
იმსჯელეს მანქანური სწავლების
და დიდ მონაცემებთან მუშაობის თავისებურებებზე, ხელოვნური ინტელექტის როლზე, დაფინანსების შესაძლებლობებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების
გზებზე; გარდა ამისა, განიხილეს კლიმატის ცვლილებაზე მორგებული „ჭკვიანი“ გადაწყვეტილებები
და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

კახეთის რეგიონის სკოლის მოსწავლეებს სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტმა უმასპინძლა

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდანვე ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ, თუ როგორ მიმდინარეობს სასწავლო და კვლევითი პროცესები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამ ტიპის ღონისძიებები მოსწავლეებს არა მხოლოდ მათთვის საინტერესო სფეროს არჩევაში ეხმარება, არამედ აძლევს მოტივაციას, მომავალში ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ. რეალურად ნანახი გარემო, თანამედროვე ლაბორატორიები და სტუდენტებთან უშუალო ურთიერთობა, ხშირად, გადამწყვეტ როლს თამაშობს პროფესიის არჩევისას. მსგავს აქტივობებს სწორედ ამ მიზნით ვატარებთ,” – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ ფაკულტეტზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) და სემეკის მიერ დაფუძნებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის  ერთ-ერთი წარმატებული პროექტის ფარგლებში, ენერგეტიკის ფაკულტეტმა კახეთის რეგიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

პროფესორ ქეთევან ქუთათელაძის თქმით, მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევითი ლაბორატორიები, სადაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მათ ენერგეტიკის დარგთან დაკავშირებული სიახლეები და განვითარების პერსპექტივები გააცნეს.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებას გააჩნია მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ფუნქცია. ერთი მხრივ, ის ხელს უწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ენერგეტიკის დარგის განვითარების ტენდენციების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, აძლიერებს უნივერსიტეტისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ურთიერთკავშირს. ახალგაზრდებს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ თანამედროვე საგანმანათლებლო და კვლევით ინფრასტრუქტურას, პროფესორ-მასწავლებელთა საქმიანობას, გაცილებით უფრო გააზრებული არჩევანი შეუძლიათ გააკეთონ მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით. ამგვარი პრაქტიკა არა მხოლოდ უნივერსიტეტის პოპულარიზაციას ემსახურება, არამედ აყალიბებს მომავალ თაობას, რომელიც საჭირო კომპეტენციით იქნება აღჭურვილი ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებთან გასამკლავებლად”, – აცხადებს ქეთევან ქუთათელაძე.

სტუ-ის მეცნიერები მინერალური წყლების პოტენციალს მდგრადი გამოყენებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების კონტექსტში იკვლევენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები  საგრანტო პროექტზე – „საქართველოს მთათაშუა დეპრესიის მინერალური წყლების კვლევა მათი ჰიდროქიმიური მახასიათებლებისა და რესურსული პოტენციალის დადგენის მიზნით“ მუშაობენ. 

კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავს მთათაშუა დეპრესიის მინერალური წყლების კომპლექსურ შესწავლას, მათ შორის, წყლის ქიმიური შემადგენლობის, ჰიდროდინამიკური პირობებისა და რესურსების მოცულობის განსაზღვრას, ჩართულნი არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი ლუდმილა ღლონტი, მეცნიერები – ინგული ნანაძე, მანანა კოპაძე, ავთანდილ სონღულაშვილი და ინჟინერი ლაშა ხვიჩია. 

როგორც ლუდმილა ღლონტი აღნიშნავს, საქართველოს მთათაშუა დეპრესიის ფარგლებში ძირითადად გავრცელებულია თერმული და გოგირდწყალბადიანი მინერალური წყლები, რომლებსაც,  განსაკუთრებული ქიმიური შედგენილობის წყალობით, გააჩნია კანის, გულ-სისხლძაღვთა, ძვლოვან-სახსროვანი სისტემის დაავადებათა სამკურნალო თვისებები. ამჟამად ამ წყლების ნაწილის რესურსი ათვისებულია და მის ბაზაზე ფუნქციონირებს რამდენიმე ბალნეოლოგიური კურორტი, თუმცა ამ ტიპის წყლების გარკვეული ნაწილი, არასაკმარისად შესწავლის გამო, ჯერაც გამოუყენებელია. მეცნიერის თქმით, წყლების რესურსების და ქიმიური შედგენილობის დაზუსტება-წარმოჩენა ბიძგს მისცემს მათ ბაზაზე ახალი სამკურნალო ობიექტების, ბალნეოკურორტების, სანატორიუმების შექმნასა და მათ ფუნქციონირებას. 

„საქართველოს მთათაშუა დეპრესიის მინერალური წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი რესურსული პოტენციალი მაღალია. რაოდენობრივად წყაროების დებიტი საკმარისია როგორც შიდა მოხმარებისა და სამკურნალო ბალნეოლოგიური გამოყენებისთვის, ისე საერთაშორისო ექსპორტისთვის.  წყლების უნიკალური ქიმიური შემადგენლობა, როგორიცაა ბუნებრივი გოგირდწყალბადი, მიკროელემენტები, თერმომინერალური წყლები, ხარისხობრივად მათ უნიკალურ ნიშას აძლევს მსოფლიო ბაზარზე. ბუნებრივი მინერალური წყლების მდგრადი გამოყენების მთავარი გამოწვევებია  რესურსების გადამეტებული გამოყენება, ქიმიური შემადგენლობის ცვლილების რისკი, დაბინძურება, კლიმატის გავლენა, ტექნიკური პრობლემები და არასაკმარისი მონიტორინგი. მათ დასაძლევად საჭიროა გონივრული კვოტები, მკაცრი მონიტორინგი და წყაროების დაცვა, რათა მინერალური წყლები მომავალ თაობებსაც შეუნარჩუნდეს. კვლევის შედეგები ინტეგრირდება რეგიონის სტრატეგიაში სამი მიმართულებით: სამედიცინო – ოფიციალური აღიარება და სამკურნალო ცენტრების განვითარება;  ტურისტული – კურორტების მოდერნიზაცია, ბრენდინგი, საერთაშორისო მარკეტინგი;  გარემოსდაცვითი – წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი გამოყენება. კვლევის ფარგლებში, არსებული ფონდური მასალების და ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე, ვადგენთ მინერალური წყლების გამოსავლებს. ჩვენი კვლევის მიზანია ახალი მინერალური წყლების გამოსავლების მოძიება-აღწერა და არსებული წყაროებისა და ჭაბურღილების მონიტორინგი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში სამომავლო კვლევები მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: მინერალური წყლების გრძელვადიან მონიტორინგს, რა დროსაც რეგულარულად უნდა მოხდეს სეზონური ნიმუშების აღება და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება; წყაროების ციფრული რუკების შექმნას GIS ტექნოლოგიებით; ასევე, წყლების უნიკალური თვისებების კვლევასა და საერთაშორისო პოპულარიზაციას“, – აცხადებს ლუდმილა ღლონტი. 

საგრანტო პროექტი – „საქართველოს მთათაშუა დეპრესიის მინერალური წყლების კვლევა მათი ჰიდროქიმიური მახასიათებლებისა და რესურსული პოტენციალის დადგენის მიზნით“ – სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევაა, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს შეაფასოს ბუნებრივი რესურსების მართვის პროცესი და პრაქტიკა. კვლევა ეფუძნება ინტეგრირებულ მიდგომას: ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მინერალური წყლების რესურსების რაოდენობრივი და თვისებრივი შეფასების მეცნიერულად სარწმუნო ბაზის შექმნას, რაც აუცილებელია მათი რაციონალური, მდგრადი და ეკონომიკურად მიზნობრივი გამოყენებისთვის; მეორე მხრივ კი, მნიშნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების დაცვაში. გარდა ამისა, მინერალური წყლების მართვის ოპტიმიზაცია და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის რეგიონული ტურიზმისა და სანატორიულ-ბალნეოლოგიური სექტორის გაძლიერებას, ასევე, ბუნებრივი გარემოს კონსერვაციას. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მსგავსი კვლევები განაპირობებს მიწისქვეშა წყლების რეზერვების გადამეტებული ამოღების პრევენციას და ხელს უწყობს ეკოსისტემის წონასწორობის შენარჩუნებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია კლიმატური ცვლილების ფონზე. 

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2025/2026 სასწავლო წელს, ერთწლიან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და მისაღები გასაუბრებების განრიგის შესახებ.

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთწლიან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (არანაკლებ 60 კრედიტი) ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2025 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის და უქმე დღის გარდა), სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, VI კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 702ა, კოსტავას ქ.N 77. 
  • ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე (არანაკლებ 60 კრედიტი), დაშვების წინაპირობის შესაბამისად, გასაუბრება უცხო ენაში (იმ აპლიკანტთათვის, ვინც სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, ვერ წარმოადგინა უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი არანაკლებ B2 დონის) ჩატარდება 2025 წლის 12 სექტემბერს, 10:00 საათზე, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, VI კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 704ა, კოსტავას ქ.N 77.
  • ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა გასაუბრება სპეციალობაში დარგობრივ კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 16 სექტემბერს, 1000 საათზე, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, VI კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 704ა, კოსტავას ქ.N 77.
  • გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 17 სექტემბერს. სააპელაციო განაცხადების მიღება მოხდება გასაუბრების ჩატარების ადგილზე, 17 სექტემბერიდან 18 სექტემბრის 1400 საათამდე. აპელაციები განიხილება 18 სექტემბერს. გასაუბრების საბოლოო შედეგები(აპელაციის გათვალისწინებით) გამოქვეყნდება იმავე დღეს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
  • მაგისტრანტობის კანდიდატებთან სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები გაფორმდება 2025 წლის 22 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით. 

საჭირო დოკუმენტები და ინსტრუქცია:

სადოქტორო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 სასწავლო წელს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე – register.gtu.ge, 2025 წლის 10 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით;
  • სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად , გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2025 წლის 18 სექტემბერს 10 საათზე, სტუ-ის1 კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრუ-1, მე6 სართული, კოსტავას ქ. 68)
  • უცხო ენაში გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 19 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2025 წლის 18 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათამდე (კვირა დღის გარდა), გამოცდის ჩატარების ადგილზე. საბოლოო შედეგები, აპელაციის გათვალისწინებით, გამოქვეყნდება 22 სექტემბერს, სტუ-ის ვებგვერდზე; 
  • გასაუბრებები საფაკულტეტო დროებით მიმღებ კომისიებთან შესაბამის ფაკულტეტებზე ჩატარდება 2025 წლის 24 სექტემბერს, 10:00 საათიდან;
  • გასაუბრების შედეგები (საფაკულტეტო დროებითი კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერი – ჩასარიცხ აპლიკანტთა სია, გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე, 2025 წლის 25 სექტემბერს;
  • საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2025 წლის 25 სექტემბრიდან 26 სექტემბრის 16:00 საათამდე;
  • ჩასარიცხ აპლიკანტთა სიები (აპელაციის გათვალისწინებით) გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე, 2025 წლის 29 სექტემბერს; 
  • საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (2025 წლის 30 სექტემბერიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, (კვირა დღის გარდა) აპლიკანტი ვალდებულია უნივერსიტეტთან გააფორმოს აკადემიური (სასწავლო) და ადმინისტრაციული (საფინანსო) ხელშეკრულებები.

საჭირო დოკუმენტები და ინსტრუქცია:

Support

Why are you writing to us?