ლანდშაფტურ არქიტექტურაში სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ლანდშაფტური არქიტექტურის მიმართულების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც სტუდენტური შემოქმედებისა და პროფესიული უნარების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

გამოფენაში, რომლის სასწავლო თემატიკად არჩეულია სტუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარე ღია სარეკრეაციო სივრცე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მეორე კურსის 20-ზე მეტმა ბაკალავრმა მიიღო მონაწილეობა.

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნუგზარ ხვედელიანის თქმით, სტუდენტებისათვის მიცემული დავალება აერთიანებდა საგანმანათლებლო სივრცის ყველა კომპონენტს – მობილობას, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შორის მოქნილ კომუნიკაციას, სასწავლო, საგამოფენო, სამუშაო, გასართობ, მოსასვენებელ, სავაჭრო ფუნქციებს. გარდა ამისა, გამოფენაზე ციფრულ ფორმატში წარმოდგენილი იყო კეთილმოწყობის სხვადასხვა კონცეფცია ისეთი ტერიტორიებისათვის, როგორიცაა დიღმის ტყე-პარკი, დიღმის ჭალები, თბილისის ზღვის მიმდებარე არეალი, ძველი იპოდრომი და მახათას მთა.

„ლანდშაფტური არქიტექტურა ურბანულ განვითარებაში, განსაკუთრებით კი, ჩვენი ქალაქების პირობებში, სადაც მწვანე სივრცეებისა და ადამიანზე მორგებული გარემოს დეფიციტი აშკარად საგრძნობია, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია. ჩვენი სტუდენტების ნამუშევრები არა მხოლოდ პროფესიული უნარების განვითარებას, არამედ ძალიან აქტუალურ საზოგადოებრივ გამოწვევებზე რეაგირებასაც ემსახურება. მეორე კურსის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტები გვიჩვენებს, რომ მათ უკვე გააჩნიათ სისტემური მიდგომა როგორ უნდა გაერთიანდეს არქიტექტურა, გარემოსდაცვა, სოციალური ფუნქცია და კულტურული კონტექსტი ერთიან დიზაინურ ხედვაში. განსაკუთრებით მიმაჩნია სასწავლო პროცესის დაკავშირება რეალურ ურბანულ სივრცეებთან. ფაკულტეტის მიმდებარე არეალის ხელახალი გააზრება არ ყოფილა მხოლოდ თეორიული დავალება, არამედ ესაა მცდელობა სტუდენტური შემოქმედების ქალაქის განვითარებაში პირდაპირი ჩართვისთვის “, – აცხადებს დეკანი.

ლანდშაფტის დიზაინი - სტუ-ის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ თამარ ჭანტურიას თქმით, სტუდენტებმა მოამზადეს პროექტები, რომლითაც განიხილავენ სტუ-ის პირველი სასწავლო კორპუსის სივრცის, როგორც საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის, ასევე, საზოგადოებრივი ურთიერთქმედების და დასვენების სივრცედ გარდაქმნის გზებს. პროექტები ითვალისწინებს მულტიფუნქციური ზონების შექმნას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ სასწავლო და საგამოფენო გარემოს მოწყობას, არამედ მობილური სამუშაო სადგურების, მწვანე არეალების, სტუდენტური კაფეების, მცირე სავაჭრო ობიექტების და ღია ამფითეატრის ერთიან ეკოსისტემაში ინტეგრაციას.

„გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დამთვალიერებელთა განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევდა ციფრულ ფორმატში წარმოდგენილი ლანდშაფტური კეთილმოწყობის კონცეფციები, რომლებიც სხვადასხვა ურბანული თუ ნახევრადველური სივრცეების განვითარებას მოიცავს. მათ შორის გამოირჩევა: დიღმის ტყე-პარკის რეკრეაციული პოტენციალის გამოყენების იდეები, რომლებიც გულისხმობს ეკო-სბილაკების მოწყობას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და საგანმანათლებლო დანიშნულების ეკო-პავილიონების განთავსებას; დიღმის ჭალების ბიოფილური არქიტექტურის კონცეფციები, სადაც სტუდენტებმა შეიმუშავეს წყლის რესურსების მართვის ინტეგრირებული სისტემები და ფლორა-ფაუნის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა; თბილისის ზღვის მიმდებარე არეალის რეკრეაციულ-კულტურულ ცენტრად გარდაქმნის პროექტები, რომელიც მოიცავს საგამოფენო სივრცეებს, საბავშვო ზონებს, წყლის სპორტის ინფრასტრუქტურას და ლანდშაფტურ ხელოვნებას; ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე განსახილველი იყო ურბანული ტყის კონცეფცია, რომელიც ქალაქში მწვანე “ფილტრის” ფუნქციას შეითავსებს და ასევე მოემსახურება სოციალურ ინტეგრაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესს და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასშეუწყობს ხელს; მახათას მთის პროექტები განსაკუთრებულად ხაზს უსვამს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებებთან ჰარმონიულ შერწყმას, მოიაზრებს სანახაობრივი ბილიკების, მედიტაციური სივრცეებისა და გადმოსახედების მოწყობას ისე, რომ ბუნებრივი ლანდშაფტი მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნას. გამოფენამ ცხადჰყო, რომ ლანდშაფტური არქიტექტურა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ესთეტიკური სივრცის შექმნა. ესაა სოციალური, ეკოლოგიური და ფუნქციური საკითხების კომპლექსური გადაჭრა. სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ხედვები ამ მიმართულებით გვიჩვენებს, რომ ახალ თაობას გააზრებული აქვს თანამედროვე ურბანული განვითარების ტენდენციები და მზად არის წვლილი შეიტანოს ქალაქის მდგრადი მომავლის ფორმირებაში“, – აცხადებს თამარ ჭანტურია.

გამოფენა 11 ივლისამდე გაგრძელდება.

მოდის დიზაინის ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტთა ნაშრომების დაცვა-ჩვენება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე არქიტექტურის საფუძვლების, თეორიისა და სახვითი ხელოვნების აკადემიური დეპარტამენტის საბაკალავრო პროგრამის – „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“ – მეოთხე კურსის სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა-ჩვენება გაიმართა. 

დაცვა-ჩვენებაზე ნაშრომები წარმოდგენილი იყო პორტფოლიოსა და მასალაში შესრულებული კაფსულა-კოლექციის სახით, საერთო ჯამში 5 ლუქი.         

მოდის დიზაინის ტექნოლოგიების პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ ლია ლურსმანაშვილის განცხადებით, ჩვენებაზე სტუდენტებმა თანამედროვე მოდის დიზაინის შესახებ თავიანთი კონცეპტუალური და ტექნოლოგიური ხედვა წარადგინეს. მისი თქმით, თითოეულ ნამუშევარში ასახული იყო როგორც ინდივიდუალური სტილი, ისე ტენდენციებზე დაფუძნებული ინტერპრეტაციები.

პროგრამის ხელმძღვანელის შეფასებით, წლევანდელ კურსდამთავრებულთა კაფსულა-კოლექციები გამოირჩეოდა ქსოვილთა მრავალფეროვანი კომბინაციით, სილუეტების ინოვაციური გადაწყვეტითა და მდგრადი მოდის პრინციპების გათვალისწინებით.

„ნამუშევრებიდან ჩანს, თუ რაოდენ მაღალ პროფესიულ სტანდარტებს აღწევენ საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ჩვენი წლევანდელი კურსდამთავრებულები. თითოეული ნამუშევარი ადასტურებს მათ უნარს, დამოუკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ სრულფასოვანი დიზაინ-პროექტი – კონცეფციის ჩამოყალიბებიდან პრაქტიკულ განხორციელებამდე. დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა წარმატებით მოახერხეს საკუთარი ინდივიდუალური ხელწერის წარმოჩენა თანამედროვე მოდის დინამიკაში, რითაც გამოავლინეს როგორც კრეატიული აზროვნება, ისე რეალურ პროფესიულ გარემოში ინტეგრირების უნარი“, – აცხადებს ლია ლურსმანაშვილი. 

როგორც მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები აღნიშნავენ, ისინი შეეცადნენ ნათლად წარმოეჩინათ პროფესიული მზაობა და ერთმანეთისგან განსხვავებული, ინდივიდუალური ხედვა. მათი თქმით, კაფსულა-კოლექციების შექმნა სასწავლო პროცესში დაგროვილი გამოცდილების, იდეებისა და შთაბეჭდილებების ერთობლიობით არის შთაგონებული.  

ერთ-ერთი კურსდამთავრებული, თეო ინასარიძე ამბობს, რომ მისი კოლექცია ეფუძნება ხუთ სტიქიას, რომლებიც ფიზიკურ და სულიერ წონასწორობას ქმნის, აერთიანებს ბუნებრივ ორგანულობასა და თანამედროვე ტექნოლოგიურ ხედვას; ამასთან, ყოველი სტიქია ასახავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას, ცვლილების უნარს და ბუნებასთან კავშირს, თარგები კი რეინტერპრეტირებულია ფერის, ფორმის, ტექსტურისა და მოძრაობის საშუალებით. დიანა ბაშიძე აღნიშნავს, რომ მისი კოლექცია შეიქმნა გარემოზე დაკვირვებით, მისი სტრუქტურების, ტექსტურებისა და შრეების აღქმით. კურსდამთავრებული ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივ მასალებზე, ხელით შესრულებულ დეტალებზე, რაც თითოეულ ლუქს უნიკალურ იდენტობას სძენს და ქმნის სამყაროს, სადაც სიმკაცრე და სინაზე ერთ სივრცეში თანაარსებობს. ნანუკა თადუმაძის კოლექცია შთაგონებულია ქოუბოის თავისუფალი სულით, ველური დასავლეთის სიმტკიცითა და ბოჰოს სტილის ბუნებრიობით, რაც უნებურად ილექება გარშემომყოფთა მეხსიერებაში. მისი თქმით, ნამუშევრებში გააზრებულია ინდივიდუალიზმის, თავგადასავლებისა და თავისუფლების იდეალები, რაც თანამედროვედ ინტერპრეტირებული ფორმებითა და ფაქტურებით გადმოიცემა. ნინი ტურაშვილი ედვარდ ლორენცის პეპლის ეფექტზე საუბრობს და ამბობს, რომ უმნიშვნელო მოვლენებს მასშტაბური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. მისი პეპლის ეფექტის კოლექცია სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით არის შექმნილი. სალომე თურქაძის ნამუშევრები უდაბნოს მირაჟის ეფექტით არის ინსპირირებული. ამბობს, რომ შეეცადა, შეექმნა უდაბნოს სიცარიელე, რომელიც სავსეა სიღრმითა და სიცოცხლით. მისეული შინაგანი ტრანსფორმაცია უდაბნოს აქცევს სიმარტივისა და სიმშვიდის სიმბოლოდ. ანა ბოლქვაძემ საკოლექციო სამოსი დედას მიუძღვნა. როგორც განმარტავს, ამ ნამუშევრებით ის არ უბრუნდება წარსულს, არამედ აგრძელებს ცხოვრებას დედისგან მიღებული სინათლით, სიფაქიზითა და სიყვარულით, ამბობს, რომ დაცვა-ჩვენება მისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რომელმაც დიდი შრომა და პროფესიონალიზმი მოითხოვა, მიღებულმა შედეგმა კი მისცა მოტივაცია, გააგრძელოს სწავლა და საქმიანობა მოდის  სფეროში, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზეც. ქეთი გოგიჩაიშვილმა კოლექციის ძირითად გზავნილად პლანეტა სატურნის სიმბოლიკა, მისი ფიზიკური თუ მითოლოგიური შრეები გამოიყენა. ამბობს, რომ სატურნი, როგორც ასტროლოგიური ფიგურა, ერთდროულად სიძლიერისა და შეზღუდვის სიმბოლოა, რომელიც დროის მსვლელობასთან, დისციპლინასთან და გარდაქმნასთან ასოცირდება.  თიკო კეკელიძის სამოსი წყლის ისტორიაა – არა მხოლოდ როგორც ბუნებრივი ელემენტის, არამედ როგორც განცდისა და მეხსიერების მდგომარეობა. როგორც ის აღნიშნავს, წყალი სიცოცხლის პირველი არქეტიპია, მოძრავი სიჩუმეა, ძალაა, რომელიც არ ყვირის. კურსდამთავრებული ამბობს, რომ ადამიანიც წყლის მსგავსად იცვლება, გარბის, იყინება და ორთქლდება. ელენე ჩიკვაძის შთაგონების წყარო ბუნების განუმეორებელი ქმნილებებია და მისი აზრით, ყოველი მათგანი უნიკალური და თავისებურად მომხიბლავია. მის ყურადღებას იპყრობს ლოკოკინას ლორწოვანი და დროდადრო მოელვარე კვალი, ღამურას გაფარფატება ღამეულ ცაში, ბუზის უსასრულო ზუზუნი, მრავალფეხას შემაძრწუნებელი, მაგრამ მომაჯადოებელი მოძრაობა, კალია – უცნაური მზერითა და გასაოცარი პოზით, თითქოს ზემოდან დაჰყურებდეს მსხვერპლს და სხვა. მისი განმარტებით, წარმოუდგენელი კავშირია არსებებს შორის და ყველა მათგანი არღვევს მოლოდინს. ლიზი წამალაშვილმა კი თავის კოლექციას საფუძვლად დაუდო სამყაროს შექმნის თემა – „და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად – ღვთის ხატად შექმნა იგი“. „ადამიანი დღემდე ილტვის უფლისკენ, ბაძავს მას და მისი ინსპირაციის წყარო ღვთისგან შექმნილი სამყაროა. არ არსებობს მასზე დიდი მხატვარი. ამიტომაც მსურს, ჩემი შემოქმედებით სამყაროს შემოქმედს მივბაძო“, – ამბობს კურსდამთავრებული.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა-ჩვენებაზე დიდი ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიური კომპეტენციების დემონსტრირებას. სტუდენტებმა წარადგინეს ნამუშევრები, რომლებიც შესრულებული იყო უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით, მდგრადი მასალების გამოყენებითა და ინოვაციური ჭრილის ტექნიკებით. პროგრამის ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი პრეზენტაციები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუდენტთა დახელოვნებისთვის, არამედ რეალურად აჩვენებს ფაკულტეტის აკადემიური პროგრამის ეფექტიანობას, რაც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული, ხარისხიანი განათლების მიღებას უზრუნველყოფს. პროფესორ ლია ლურსმანაშვილის თქმით, წარმოდგენილი კოლექციები მკაფიოდ ასახავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოდის დიზაინის ტექნოლოგიების პროგრამის კურსდამთავრებულთა მზაობას, თავი დაიმკვიდრონ  როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში და გახდნენ იმ ახალი თაობის ნაწილი, რომელიც მოდის დიზაინს მრავალმხრივი, მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული ხედვით ქმნის.

„სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი არა მხოლოდ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავად ქმნის სტანდარტებს“

„სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ გარემოს –  სწავლას, რომელიც ეფუძნება მრავალწლიან ტრადიციებს და მომავალზე ორიენტირებულ ინოვაციებს. ჩვენ ვზრდით მომავალ ლიდერებს, მეცნიერებსა და პროფესიონალებს, ჩვენ ერთად ვქმნით მდგრადი, განვითარებული და დამოუკიდებელი საქართველოს საფუძველს! 2024-2025 სასწავლო წელს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა 56-მა სტუდენტმა,  სამაგისტრო – 31-მა, ხოლო  სადოქტორო – 2-მა.  წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – ამის შესახებ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ კუნჭულიამ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.

მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში  სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე  ოთხი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელთა მიზანია ქვეყანაში ახალი სამთო-მომპოვებელი საწარმოების ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ფაკულტეტზე არსებული სამთო-გეოლოგიური ცენტრის ბაზისთვის შესყიდული იქნა ახალი სამთო-გეოლოგიური ელექტრონული პროგრამები, რომელთა მეშვეობით ხდება სასწავლო კურსების ორგანიზება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვის. კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით ფაკულტეტზე მოეწყო „ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციის ლაბორატორია“, გარემონტდა „შრომის უსაფრთხოების“  სასწავლო ლაბორატორიები. 2024 / 2025 სასწავლო წელს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მეცნიერებმა მოიპოვეს 1 საგრანტო პროექტი. 
„სამთო და გეოლოგიური დარგები საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა რესურსების ეფექტიანად გამოყენებასთან. დღეს, როცა ქვეყანა დგას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე, როცა მწვანე ტრანზიციის გზებსა და სუფთა ტექნოლოგიებზე გადასვლის შესაძლებლობებს განვიხილავთ, სამთო-გეოლოგიური მეცნიერებას ახალი მისია ეკისრება. ჩვენი ფაკულტეტი, როგორც ქვეყნის ერთადერთი აკადემიური პლატფორმა ამ მიმართულებით, არა მხოლოდ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავად ქმნის სტანდარტებს. სწორედ აქ ეყრება საფუძველი იმ პროფესიონალებს, რომლებიც საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს ჭკვიანურად და ეკოლოგიურად განავითარებენ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სტუდენტს სთავაზობს უნიკალურ გარემოს — სწავლას, რომელიც ეფუძნება მრავალწლიან ტრადიციებს და მომავლისკენ მიმართულ ინოვაციებს. ფაკულტეტის სახელით მხარდაჭერისთვის მადლობას მოვახსენებთ რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და ჩვენს პარტნიორ  „არემჯის“, – აცხადებს თეიმურაზ კუნჭულია. 

ცნობისთვის: 1922 წელს, თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიტექნიკური ფაკულტეტი ჩამოყალიბდა. პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე თავდაპირველად სამი განყოფილება იყო: სამშენებლო, მექანიკური და სამთამადნო. სამთამადნო განყოფილებას გააჩნდა სპეციალობები – სამთო (საექსპლუატაციო), მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური. 1928 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელსაც დასაწყისში გააჩნდა შემდეგი ფაკულტეტები: სამშენებლო ფაკულტეტი, მექანიკური ფაკულტეტი, სამთო-ქიმიური ფაკულტეტი. დღეისათვის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება უმაღლესი განათლების სამივე – საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. 

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუდენტები, მათ შორის გრაფიკოსნი,  რომლებმაც საპატიო მიზეზით გააცდინეს საგამოცდო ცენტრში ჩასაბარებელი გამოცდები და მიღებული აქვთ ნებართვა, გამოცდის ჩაბარებას შეძლებენ 5 ივლისს, 11:00 საათზე. 

გამოცდის ადგილი: სტუ-ის I კორპუსი, კომპიუტერული ცენტრი 2, სართული  I.

სტუ მასშტაბური საგრანტო პროექტის – FORGE-AI-ის განხორციელებას იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტი, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ დაფინანსებით, ახალი საგრანტო პროექტის –„FORGE-AI: ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის” (FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) – განხორციელებას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში სასტარტო შეხვედრა გაიმართა.

FORGE-AI ევროკავშირის პროგრამა HORIZON EUROPE-ის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი მასშტაბური საგრანტო პროექტია, რომლის განხორციელებას კოორდინაციას უწევს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი. სამწლიან პროექტში, რომლის საერთო ბიუჯეტი 2 მლნ ევროს აღემატება, ჩართულია 13 საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის – სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია და ინსტიტუტის მეცნიერები, უცხოელი მკვლევრები გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრიდან და სხვა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებიდან, „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის, საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტოს (GITA) და ორგანიზაციის – „ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“ (COST) წარმომადგენლები, ასევე, სამეცნიერო და აკადემიური წრეები.

შეხვედრა ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროკომისიის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, HORIZON EUROPE-ის მონაწილე ორგანიზაციებს შორის, საქართველოს ყველაზე წარმატებულ უმაღლეს საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციად არის აღიარებული.

„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან HORIZON EUROPE-ში წარდგენილი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად მიღებული საგრანტო დაფინანსების ოდენობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უპირობოდ ლიდერობს. მოპოვებული საგრანტო დაფინანსება უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციებში, განახორციელოს საერთაშორისო კვლევითი პროექტები, განავითაროს კვლევითი ინფრასტრუქტურა და გააძლიეროს თანამშრომლობა წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან და მსხვილ კვლევით ცენტრებთან. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტისთვის ახალი მასშტაბური საგრანტო პროექტის – FORGE-AI – დაწყება უდავოდ მნიშვნელოვანია. საგულისხმოა, რომ HORIZON EUROPE-ის დაფინანსებით ინსტიტუტი ასევე ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულების საგრანტო პროექტს – GAIN, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება.

FORGE-AI მიმართულია საქართველოში ინოვაციური კვლევითი კულტურის განვითარებისკენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში. პროექტი არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის კვლევების გაღრმავებასა და ახალი ტექნოლოგიური ცოდნის შექმნას, არამედ გაამყარებს საფუძველს ახალგაზრდა თაობის მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე გასასვლელად. ეს საგრანტო პროექტი, რომელიც 3 წლის განმავლობაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კოლაბორაციით განხორციელდება, მოგვცემს შესაძლებლობას, დავამკვიდროთ სამეცნიერო თანამშრომლობის ახალი სტანდარტი, გავზარდოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი ინსტიტუტების საერთაშორისო ცნობადობა, რათა კიდევ უფრო მეტმა ქართველმა მეცნიერმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან და წარმატებით მიიღონ მონაწილეობა HORIZON EUROPE-ის პროგრამაში“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.

საერთაშორისო პროექტის – FORGE-AI – მიზნებისა და განსახორციელებელი კვლევების შესახებ მოხსენებით წარდგა სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დოქტორი გიორგი გიორგობიანი. მისი თქმით, პროექტი მიზნად ისახავს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საქართველოს კვლევისა და ინოვაციების (R&I) სისტემის საინოვაციო პოტენციალი და სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ახალგაზრდა მკვლევართა კარიერის გასაძლიერებლად მდგრადი პირობები უზრუნველყოს. როგორც მეცნიერმა აღნიშნა, დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის დარგში წამყვანი ახალგაზრდა მკვლევრების და კვლევის მენეჯერების („ტალანტების“) ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება, სექტორთაშორისი მობილობისა და ცოდნის მიმოქცევის დამატებითი ღირებულების დანერგვა და დემონსტრირება, ასევე, ეროვნული ინოვაციების მხარდამჭერი დაფინანსების მექანიზმების მოდერნიზება კარიერის ამაღლების პრინციპებისა და აქტივობების ჩართვით.

საგრანტო პროექტის – FORGE-AI  განხორციელების მიმართულებებზე გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრის მეცნიერმა, ანდრეი გირენკომ ისაუბრა. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის – HORIZON EUROPE-ის დაფინანსების მოპოვების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიზნით ქართული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიურ პოზიციონირებაზე ყურადღება გაამახვილეს „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა, GITA-ს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ჯობავამ და COST-ის სამეცნიერო მიმართულების ოფიცერმა, დოქტორმა ინგა დადეშიძემ. სასტარტო შეხვედრაზე პრეზენტაციებით წარდგნენ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეცნიერები, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს. 

დავით გურგენიძე თავის მიმართვაში ხაზს უსვამს იმ გზის მნიშვნელობას, რომელსაც ახალგაზრდები ცხოვრების ახალ ეტაპზე გაივლიან. მისი თქმით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდ მიზანთან მიახლოების პირველი ეტაპია. რექტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარანტირებულ შესაძლებლობებზე, რომლებსაც მომავალ სტუდენტებს საქართველოს განათლების სისტემა აძლევს, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ცოდნას, ასევე,  პროფესიონალისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს დაეუფლონ. 

„ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპის დაწყებას, რომელიც განსაზღვრავს თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. 

21-ე საუკუნე ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაა, რომელშიც პროფესიონალიზმი და თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომები აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობისთვის. 

ახალგაზრდებო, სწორი საგანმანათლებლო სივრცის არჩევას გადამწყვეტი როლი აქვს, როგორც თქვენს ცხოვრებაში, ასევე ჩვენი საზოგადოების წინსვლაში. განათლება არის საძირკველი, რომელზეც შენდება თქვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი, რამეთუ უნივერსიტეტში სწავლება-სწავლის პროცესი ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ცოდნის ხელმისაწვდომობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ეთიკა, კოლეგიალობა და უკეთესი მომავლის რწმენა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტია ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს უმაღლესი ტექნიკური და ტექნოლოგიური განათლების სფეროში და წარმატებით ავითარებს ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც. უნივერსიტეტი არა მხოლოდ თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ აკადემიურ პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს, არამედ უწყვეტად ნერგავს კვლევებზე დაფუძნებულ ინოვაციურ მიდგომებს, თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და რეალურ შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს, გახდნენ მომავლის ინჟინრები, მეცნიერები, ლიდერები ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში.

გისურვებთ წარმატებებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!
გქონდეთ საკუთარი ძალების, ცოდნისა და მიზანდასახულობის რწმენა“, – აღნიშნულია რექტორის მიმართვაში. 

ქეთევან ქუთათელაძე: „ენერგეტიკის ფაკულტეტი წარმატებით ასრულებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი კადრები“

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო და კვლევითი პროექტები, ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი, ფუძნდება თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიები, გვყავს 141, მათ შორის, ბაკალავრი – 95, მაგისტრი – 41 და 5 დოქტორანტი, კურსდამთავრებული. 2024/2025 სასწავლო წლის განმავლობაში ჩვენი სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი“, – ამის  შესახებ ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.

მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ენერგეტიკის ფაკულტეტზე განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სწავლება-სწავლისა და კვლევის პროცესს აძლიერებს. კერძოდ, განახლდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა 3 სალექციო აუდიტორია. ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის დეპარტამენტში საბაკალავრო პროგრამისთვის – “ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია”,  მოეწყო ელექტრომაგნეტიზმის ახალი ლაბორატორია.

როგორც ენერგეტიკის ფაკულტეტის ახლად არჩეული დეკანმა აღნიშნა, ენერგეტიკის სფეროს მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება იმ ფონზე, როცა სახეზეა გლობალური კლიმატური გამოწვევები და როცა მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოება, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება.

ქეთევან ქუთათელაძის თქმით, ამ საკვანძო საკითხების გადაჭრაში დიდი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს მიუძღვის, იმედანად, რამდენადაც ფაკულტეტი უკვე 103 წელია წარმატებით ასრულებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო და სამეცნიერო კადრები.

„ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანად არჩევა ჩემთვის არის არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ პასუხისმგებლობა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და მთლიანად უნივერსიტეტის წინაშე. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ენერგეტიკის ფაკულტეტის ყოფილ დეკანის, პროფესორ ლენა შატაკიშვილს მიმართ, რომლის ხელმძღვანელობით და, რაც მთავარია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ფაკულტეტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც სასწავლო პროცესის, ისე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებით. მადლობას ვუხდი ფაკულტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, სტუდენტებს, ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისა და გამოხატული ნდობისთვის. ჩემი, როგორც ახლად არჩეული დეკანის ხედვა ეფუძნება შემდეგ პრიორიტეტებს:

1. აკადემიური და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება — ხელს შევუწყობ ინოვაციური კვლევითი პროექტების განვითარებას, ლაბორატორიული ბაზის გაუმჯობესებასა და სტუდენტთა კვლევით საქმიანობაში ინტეგრაციას;

2. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება — ფაკულტეტი უნდა ჩაერთოს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ქსელებში, რაც განაპირობებს ცოდნის ტრანსფერს და თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას;

3.
ახალგაზრდა კადრების მხარდაჭერა და პროფესიული განვითარება — განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას, მათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, რექტორის მხარდაჭერით,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი კიდევ უფრო განიმტკიცებს საკუთარ პოზიციებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნა ქეთევან ქუთათელაძემ.

სტუ-ის სტუდენტები საგაზაფხულო სემესტრს პალერმოს უნივერსიტეტში გადიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების იჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საგაზაფხულო სემესტრს იტალიის ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ სივრცეში — პალერმოს უნივერსიტეტში გადიან. გაცვლითი პროგრამა მოიცავს აგრონომიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებებს და მიზნად ისახავს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, ევროპული აკადემიური სტანდარტებისა და პრაქტიკული უნარების შეჯერებას თანამედროვე აგრარულ გამოწვევებთან. 
სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების იჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ ლექციებში, სამეცნიერო პროექტებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში ისეთი მნიშვნელოვანი თემების ფარგლებში, როგორიცაა ვაზის ვირუსული დაავადებები, სოციალური მარკეტინგი ღვინის ინდუსტრიაში, აგრარული მექანიზმები და მცენარეთა დაცვის თანამედროვე სტრატეგიები.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა არ არის მხოლოდ აკადემიური გამოცდილების გაფართოების შესაძლებლობა — ეს არის ნაბიჯი გლობალური სამეცნიერო სივრცისაკენ. საგაზაფხულო სემესტრის გატარება იტალიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სტუდენტებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა გაიღრმაონ, არამედ უშუალოდ შეეხონ იმ პრაქტიკულ გარემოს, რომელშიც იქმნება თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია ისეთი სპეციალობებისთვის, როგორიცაა აგრონომია, მევენახეობა-მეღვინეობა და აგრარული ტექნოლოგიები. სტუდენტები იღებენ მრავალმხრივ გამოცდილებას, ეცნობიან ევროპულ სტანდარტებს, გადიან პრაქტიკულ ტრენინგებს თანამედროვე ლაბორატორიებსა და საველე მეურნეობებში, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს მათ პროფესიულ კომპეტენციებს და კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. უნივერსიტეტისთვის კი, მსგავსი პროექტები წარმოადგენენ მძლავრ ბერკეტს საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად, აკადემიური რესურსების გაზიარებისა და ინოვაციების დანერგვისთვის. სტუდენტების საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური მონაწილეობა ზრდის უნივერსიტეტის რეპუტაციას, ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებთან და ხელს უწყობს კვლევითი მიმართულებების განვითარებას.

პალერმოში წასულია მაგისტრატურის ოთხი წარმატებული სტუდენტი. მათ შორის: ნიკა ქალიაშვილი, რომლის ინტერესები მოიცავს აკაროლოგიას, ფიტოპათოლოგიას, მცენარეთა ინტეგრირებულ დაცვასა და ნიადაგმცოდნეობას. ნიკას პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბით ფართოა — მან ჯერ კიდევ 2022 წელს, ასევე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ისწავლა პორტუგალიის ბეჟას უნივერსიტეტში. 2024 წელს კი გახდა აგრო-ლიგის გამარჯვებული მცენარეთა დაცვის მიმართულებით. პალერმოში ნიკას თანამშრომლობა აქვს ადგილობრივ წამყვან პროფესორებთან და მონაწილეობს კვლევით აქტივობებში, რაც კიდევ უფრო აფართოებს მის სამეცნიერო ჰორიზონტს; ირაკლი ათანელიშვილი, რომელიც მუშაობს პროფესორ ანტონინო გალატის ხელმძღვანელობით და იკვლევს, როგორ იყენებენ მცირე და საშუალო მეწარმეები სოციალურ მედიას ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების გასაზრდელად. მისი დასკვნები მიუთითებს, რომ სწორად დაგეგმილი კამპანიები ზრდის ლოიალურობასა და გაყიდვებს, განსაკუთრებით ნიშურ, მაღალი ხარისხის პროდუქციაზე; გიორგი ლაზარიაშვილი, რომელიც მუშაობს ისეთ ცნობილ მეცნიერებთან, როგორიც არიან სტეფანო პანო და ანდრეა კარუზო. მისი კვლევა ეფუძნება ვირუსების აღმოჩენის თანამედროვე მეთოდოლოგიებს, რაც მომავალში დაეხმარება მას მევენახეობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტურად რეაგირებაში. გიორგის პრაქტიკული გამოცდილება შთამბეჭდავია: 2025 წელს დააარსა საკუთარი მარანი — მეღვინეობა კამარა, რომელიც ტრადიციულსა და ინოვაციურ მიდგომებს აერთიანებს. ასევე არის 2024 წლის აგრო ოლიმპიადის პრიზიორი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით და ლუკა ქორიძე, რომელიც აქტიურად მუშაობს ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში პროფესორებთან: სტეფანო პანო, ანდრეა კარუზო, სლავიცა მატიჩი და სალვატორე დავინო. მან გაიარა პრაქტიკული მომზადების კურსი ისეთ თანამედროვე მეთოდებში, როგორიცაა Real Time qPCR, LAMP და Primer Design. იგი იკვლევდა ყველაზე გავრცელებულ ვირუსებს სიცილიის ვენახებში. ლუკა ასევე გახლავთ სტუ-ის წარჩინებული კურსდამთავრებული და მონაწილეობდა გერმანიაში საზაფხულო სტუდენტურ დასაქმების პროგრამაში, რამაც მის პიროვნულ განვითარებასა და პრაქტიკულ მიდგომებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა”, – აცხადებს ნინო ჩხარტიშვილი.

ცოტა ხნის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია – ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორების, ნინო თოფურიას და ალექსი ლაბაძის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის, მარგარიტა სეროპიანის შემადგენლობით – „ERASMUS+“ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით პალერმოს უნივერსიტეტში იმყოფებოდა. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების შემუშავებისა და სასწავლო პროგრამების ჰარმონიზაციის მიმართულებით.

ენობრივი კომპეტენციის დასადგენი ტესტირება აკადემიური პერსონალისთვის

9 ივლისს, 11:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ენობრივი კომპეტენციის დასადგენი ტესტირება  ჩატარდება.

ტესტირება გათვალისწინებულია სტუ-ის მიერ გამოცხადებულ აკადემიური პერსონალის კონკურსის მონაწილეებისთვის, რომლებსაც კონკურსის პირობებით, საგანთა ჯგუფის მიხედვით შესაბამისი უცხო ენის (ინგლისური, რუსული), არანაკლებ, B2 დონეზე ცოდნის ვალდებულება აქვთ ან სურთ ლექციების წაკითხვა უცხო ენაზე (ინგლისური, რუსული).
მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი, კოსტავას ქ. N68, კომპიუტერული ცენტრი 1 (მე-6 სართული).

გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველთა საყურადღებოდ!

უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთათვის მობილობა იწყება. დაინტერესებულმა სტუდენტებმა რეგისტრაციისთვის, 2025 წლის 7 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით, უნდა მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს- სადაც სწავლობდით ან სწავლობთ.

შიდა მობილობის ვაკანტური ადგილებისა და პირობების სანახავად გაეცანით დოკუმენტს  დანართი 1

სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი დაშვების წინაპირობებთან ერთად იხ.  დანართებში 2; 3; 4.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენელს (საკონტაქტო პირები იხ. დანართი 5).

საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზე მოსახვედრადაც აუცილებელია გასაუბრების გავლა:

  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამა „არქიტექტურა“; საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“;) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 14 ივლისის , 11:00 საათზე.


    მისამართი:   კოსტავას №68, სტუ-ის  I კორპუსი,  მე-4 სართული, ოთახი 402 ა
    .

  • დიზანის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამა ,,დიზაინი”) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 7 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.

    მისამართი:  კოსტავას № 75,  სტუ-ის VIII კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 4.

Support

Why are you writing to us?