სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელამ კონცერტი გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელა, რომელსაც მიმდინარე წელს დაარსებიდან 60 წელი უსრულდება, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე კონცერტით წარდგა. 
ვაჟთა სახალხო კაპელა 1965 წელს იუზა კუბლაშვილმა ჩამოაყალიბა და 24 წლის განმავლობაში, 1965-1989 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში შემოქმედებით  ჯგუფს ქორმაისტერობას სოსო ფალავანდიშვილი უწევდა. 1981 წლიდან, 44 წლის განმავლობაში, საუნივერსიტეტო კაპელას სათავეში უდგას მუსიკოსი და დირიჟორი ციცინო ფალავანდიშვილი.

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელის, ბადრი ლებანიძის თქმით, უნივერსიტეტში მუსიკისა და სიმღერის სიყვარულმა შექმნა მძლავრი ტრადიცია, რომელსაც ვაჟთა სახალხო კაპელა ღირსეულად აგრძელებს.

სტუ-ის ვაჟთა კაპელა

„60 წლის განმავლობაში მრავალი თაობის სტუდენტი, ხელმძღვანელი და თანამოაზრე ქმნიდა ვაჟთა სახალხო კაპელას, სადაც თავიანთი შემოქმედებითი გზა დაიწყეს ზურაბ სოტკილავამ, პაატა ბურჭულაძემ, სახელმწიფო ოპერის სოლისტებმა თემურ გუგუშვილმა, გია (ჯარჯი) ასათიანმა; ბერლინის ოპერის სოლისტმა მიხეილ ბახტაძემ; ტენორების კონკურსის ლაურეატმა მიხეილ სილაგაძემ; „ცისფერმა ტრიომ“ – დავით აბესაძემ, თამაზ სეფერთელაძემ, მალხაზ თავართქილაძემ; „ტრიო თბილისმა“ (ზაზა მამალაძე, რევაზ გუნიავა, ნუგზარ აფხაიძე); ტრიო “სიმმა“ (ზაზა ვეფხვაძე, რეზო გელაშვილი, ზურაბ ცქიტიშვილი); ანსამბლმა „მგზავრებმა“ (გიგი დედალამაზიშვილი, ლაშა დოხნაძე, დათო გოგელია, ბეჟან ამირანაშვილი, გუგა კუბლაშვილი); ანსამბლ „შავნაბადას“ დამაარსებელმა და კაპელმაისტერმა დავით გოგელიამ; „ქართული ხმების“ წევრებმა, ძმებმა ბაკურაძეებმა; ანსამბლ „ალილოს“ მომღერალმა ზურაბ დათიკაშვილმა; ანსამბლ „ბონუსის“ წევრმა პაატა მელაძემ.

 საქართველოში ძნელად მოიძებნება ფოლკლორული ანსამბლი, სადაც ვაჟთა კაპელას აღზრდილები არ მღეროდნენ, მათ შორის არის: „ერისიონი“, „რუსთავი“, საქართველოს სხვადასხვა რაიონის ფოლკლორული ჯგუფები და ანსამბლები.
ექვსი ათეული წელი იყო სიხარულით სავსე შრომის, ხელოვნების სიყვარულით გაჯერებული კონცერტებისა და კულტურული ხიდების გაბმის პერიოდი, არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ. მუსიკა, სიმღერა, ხალხური ტრადიციები და ერთობა, რასაც ჩვენი კაპელა მთელი 60 წლის განმავლობაში ამკვიდრებდა, ქმნის განათლების ორგანულ ნაწილს, რასაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თითოეულ ახალგაზრდას სთავაზობს. ამაშია ჩვენი განსაკუთრებულობა –  სტუდენტებს არა მხოლოდ ინჟინერიას, ტექნოლოგიებსა და მეცნიერებას ვასწავლით, არამედ ვუღვივებთ ხელოვნებისადმი სიყვარულს. ამ გზის გაგრძელება ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.
შეუძლებელია ხაზგასმით არ აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერის შესახებ. სწორედ, აკადემიკოს დავით გურგენიძის ძალისხმევამ შესძინა ახალი სიცოცხლე კაპელას. დღეს ვაჟთა გუნდს აქვს სარეპეტიციო ფართი, საჭირო ინსტრუმენტები, საკონცერტო ფორმა, რისთვისაც რექტორს მადლობას მოვახსენებთ –  მადლობა, რომ ჩვენთან ხართ!  მადლობა, რომ აფასებთ ხელოვნებას, კულტურას და ქართულ სიმღერას. და დიდი მადლობა ჩვენს უნივერსიტეტს იმ ნიადაგისთვის, რომელზეც მუსიკა და ტექნიკა თანაბრად ძლიერდება“, – ამბობს ბადრი ლებანიძე. 

როგორც სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის მიმართულების კოორდინატორი თამარ გაგნიძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არსებობის ყველა ეტაპზე  სტუდენტურ შემოქმედებას დიდი ყურადღება ეთმობოდა, რაც დღემდე გრძელდება.

სტუ-ის ვაჟთა კაპელა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ოდითგანვე ცნობილია როგორც არა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამეცნიერო მიღწევების მქონე ტექნოლოგიური მექა, არამედ უმდიდრესი კულტურულ-შემოქმედებითი ტრადიციების მქონე უმაღლესი სკოლა. სიამაყით მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოში, და ალბათ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, არცერთ უნივერსიტეტს არ ჰყავს ასეთი ძირძველი შემოქმედებითი ჯგუფები! არცერთ სტუდენტურ თვითშემოქმედებით კოლექტივს არ მოუპოვებია სახელმწიფო სახალხო კოლექტივის წოდება – ჩვენ კი ასეთი ოთხი ჯგუფი გვყავს! ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სხვადასხვა წლებში მოღვაწე პოლიტექნიკური ინსტიტუტის თუ აწ უკვე,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორების  და ადმინისტრაციის ხელშეწყობა და თანადგომა.
ტრადიციები გრძელდება – უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, ჩვენი რექტორი ყოველხრივ  უწყობენ ხელს სტუდენტებს, რათა, საგანმანათლებლო პროცესის პარალელურად, მათ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლინება შესძლონ. ვაჟთა სახალხო კაპელის კონცერტი სწორედ ამის დადასტურებაა –  სცენაზე, ახალგაზრდა თაობასთან ერთად, წინა თაობების მომღერლები იდგნენ და ეს იყო დიდი ბედნიერება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და რექტორის, ბატონი დავითის ხელშეწყობით, კაპელას და ყველა სხვა შემოქმედებით ჯგუფს, კომფორტული მუშაობისთვის საჭირო ყველა პირობა აქვს შექმნილი, რათა ღირსეულად წარმოადგინონ ჩვენი უნივერსიტეტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ!“ – აცხადებს თამარ გაგნიძე. 

1998 წელს ციცინო ფალავანდიშვილი, სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა; 2022 წელს კი, განსაკუთრებული ღვაწლისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ციცინო ფალავანდიშვილს სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კაპელა არაერთი საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ლაურეატი გახდა: გრან-პრი – საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (ვილნიუსი, 1984); გრან-პრი – ვაჟთა გუნდების კონკურსი „Rigas Gailis“ (ლატვია, ქ.რიგა 1989), ხოლო 1990 წელს, იმავე კონკურსზე, მაყურებელთა სიმპათიის პრიზი; გრან-პრი – საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი (ლიეტუვა, ვილნიუსი, 1990); საერთაშორისო ფოლკლორული კონკურსი (თბილისი, 1991); საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (პოლონეთი, ქ. პოზნანი, 1997); საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (საბერძნეთი, კუნძული როდოსი, 2005); „უნივერსიადა 2022“ პირველი ადგილი (თბილისი, 2022); 
ვაჟთა სახალხო კაპელასთან მოღვაწეობს ვოკალური ანსამბლი და ვოკალური კვარტეტი. კაპელა და მასთან არსებული ვოკალური ანსამბლი წარმატებით მართავდა კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ: გერმანიაში, პოლონეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ფინეთში, ბალტიისპირეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.  2011 წელს, სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელას იუზა კუბლაშვილის სახელი მიენიჭა.

სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიამ „მოდინახემ“ მე-80 სეზონი დახურა

„უკვე 80-ჯერ დაიხურა თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სეზონი. 80 წარმატებული წელი და 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ავტორის ნაწარმოებების გაცოცხლებული გმირები. „მოდინახე“ ახალგაზრდებს 80 წელია აძლევს საშუალებას გაითავისონ კლასიკური ქართული ლიტერატურა, მოირგონ თეატრალური სახეები და წარსდგნენ ერთგული მაყურებლის წინაშე. მსგავსი პროექტები მხოლოდ თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას არ ემსახურება, ესაა მეგობრობის და შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის. კულტურა კი სწორედ იქ იწყება, სადაც ახალგაზრდები ენთუზიაზმით სწავლობენ და ქმნიან ღირებულს“, – ამის შესახებ სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ  „მოდინახეს“ მეოთხმოცე სეზონის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა. 

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დრამატული დასის პირველი საღამო 1945 წლის 5 ნოემბერს გაიმართა. მაშინ, დრამატული დასის დამაარსებელი  არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტი, შემდეგში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სამხატვრო ფონდის დირექტორი, დორიან კიტია იყო.  სხვადასხვა წლებში,  აქ  მოღვაწეობდნენ საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ ჩხეიძე, დიდი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი, მსახიობი ავთანდილ კახნიაშვილი, ავთანდილ გელოვანი, მარლენ კიტია, კოტე მახარაძე, გოგი ქავთარაძე, ავთანდილ ევნაძე ტელერეჟისორი ტარიელ კურცხალია, საქართველოს დამსახურებული არტისტები ბორის წიფურია, აბესალომ ლორია და მურმან ჯინორია. 1945 – 2025 წლების განმავლობაში თეატრის სცენაზე დადგმულია 100 მეტი ქართველი და უცხოელი ავტორების ნაწარმოები.

სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიამ „მოდინახემ“ მე-80 სეზონი დახურა

სახალხო თეატრ-სტუდიამ წლევანდელი წელი ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღებით“ დახურა. როგორც ლევან ფიფია აცხადებს, სპექტაკლი „მოდინახეს“ სცენაზე პირველად 45 წლის წინ დაიდგა, ინსცენირება და რეჟისურა ეკუთვნის სამხატვრო ხელმძღვანელს ნუგზარ ბუცხრიკიძეს. 

„მოდინახემ“ წარმატებით დაასრულა 2024/2025 წლის თეატრალური სეზონი და დასკვნით წარმოდგენად მაყურებელს წარუდგა ნოდარ დუმბაძის უკვდავი რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „თეთრი ბაირაღები“, რომელმაც დიდი მწერლის ჰუმანისტური იდეებითა და სიღრმისეული ემოციებით კიდევ ერთხელ შეგვახსენა ხელოვნების ძალა და ადამიანობის მნიშვნელობა.
კულტურა სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარებას, ემოციური ინტელექტისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაღრმავებას.
ჩვენთვის, როგორც ტექნიკური პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლისთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ პროფესიონალი არქიტექტორების, მშენებლების, ტექნოლოგებისა და ჰუმანიტარული მიმართულების მეცნიერების მომზადება, არამედ მათი ინტელექტუალურ ღირებულებებსა და ჰუმანისტურ პრინციპებზე დაფუძნებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თეატრ-სტუდია „მოდინახე“, რომელიც ახალგაზრდა ადამიანებს შემოქმედებითი გამოცდილების ირგვლივ აერთიანებს, აძლევს მათ თვითგამოხატვის და პროფესიულ-საზოგადოებრივი უნარების გაძლიერების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომაა რომ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით ვითარდება კულტურული სივრცეები. უნივერსიტეტი მხარს ვჭერს ყველა სტუდენტურ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნების სიყვარულის, ეროვნული მემკვიდრეობის გაცნობასა და სულიერი ღირებულებების განმტკიცებას.
მივულოცავთ თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სეზონის წარმატებით დასრულებას და დიდი მადლობა თითოეულ სტუდენტს, პედაგოგს და ორგანიზატორს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი კულტურული პროცესის შექმნაში“, – აცხადებს ლევან ფიფია. 

2024/2025 წლის თეატრალურ სეზონში თეატრ-სტუდიამ ორ  საერთაშორისო ფესტივალში, თურქეთსა და საქართველოში, მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, ხოლო 90-ზე მეტ სპექტაკლს  27 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. სეზონის დახურვის ღონისძიებაზე სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოყვარულ მსახიობებს მადლობის სიგელები გადასცა.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი – „მთის მდგრადი განვითარების სწავლება – მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინოვაციური მიდგომები აკადემიურ სივრცეში“. 
ფორუმს, რომელიც  „საქართველო – I2Q – ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)“ დაფინანსებული პროექტის –  „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ შექმნა მთის უნივერსიტეტთან (მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი) თანამშრომლობით”, ფარგლებში გაიმართა, ესწრებოდნენ: მილანის უნივერსიტეტის პროფესორები: ანა გიორგი, სტეფანო კორსი, მატეო ვიზზარი, სილვანა მატელიო. ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთიანი რეგიონების პრობლემების კვლევის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი, აკადემიკოსი კობა არაბული და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ადმინისტრირების ერთეულის ხელმძღვანელი ანა გომელაური.
ფორუმი, რომლის თემატიკაა მდგრადი განვითარების მიზნები, განათლება და გლობალური მიზნების ოქროს სტანდარტი (GOLD STANDARD FOR THE GLOBAL GOALS), მთის პარტნიორობა (MOUNTAIN PARTNERSHIP, FAO) მხარდაჭერით ჩატარდა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა.

„მესამე ათასწლეულის გამოწვევების ფონზე, როცა გლობალური კლიმატის ცვლილებები და  ბუნებრივი რესურსების ამოწურვა ჩვენგან ახალ ხედვებსა და ინოვაციურ მიდგომებს მოითხოვს, გამორჩეულად მნიშვნელოვანია ისეთი სამეცნიერო პლატფორმების შექმნა და მხარდაჭერა, როგორიცაა დღევანდელი ფორუმი – „მთის მდგრადი განვითარების სწავლება – მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინოვაციური მიდგომები აკადემიურ სივრცეში“.   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ამ ფორუმის ჩატარება სტრატეგიული მნიშვნელობის  მოვლენაა. იგი ხაზს უსვამს ჩვენს უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით, მიმდინარე იმ ღრმა პროცესებს, რომლებიც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და კვლევითი კომპონენტების  გლობალურ განვითარების დღის წესრიგთან ინტეგრაციას. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წვლილი ფორუმის ორგანიზებასა და კონცეფციის ჩამოყალიბებაში. სწორედ ეს ფაკულტეტი ქმნის სივრცეს, სადაც მეცნიერება, განათლება და პრაქტიკა პასუხობს ქვეყნისა და მთიანი რეგიონების განვითარების საჭიროებებს. ფორუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას მეცნიერებისთვის, სტუდენტებისთვის რათა იმსჯელონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მდგრადი რესურსების მართვა, ეკოსისტემების დაცვა, კლიმატური ადაპტაცია და განათლების როლი ამ პროცესებში. მადლობას მოვახსენებ  თითოეულ მონაწილეს, ორგანიზატორსა და მხარდამჭერს – თქვენი წვლილი გადამწყვეტია ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში“, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 
ფორუმი რამდენიმე სექციად ჩატარდა და მასზე წარდგენილი იყო 40-ზე მეტი ნაშრომი.

საგანგებო განცხადება: სტუ-ის სასწავლო კორპუსების მიმდებარე ტერიტორიებზე პარკირება შეიზღუდება!

29 ივნისიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებთან არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით, სრულად შეიზღუდება ავტომობილების პარკირების შესაძლებლობა უნივერსიტეტის ავტოსადგომ სივრცეებში შემდეგ ტერიტორიებზე:

თბილისი, მერაბ კოსტავას №77 – III და VI სასწავლო კორპუსების მიმდებარე სივრცეებში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული შეზღუდვები და შესაბამისად დაგეგმოთ გადაადგილება.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

სტუ-ის რექტორი ფაზისის აკადემიის წევრად აირჩიეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ფაზისის აკადემიის 1752 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა გია კვაშილავამ ფაზისის აკადემიის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფაზისის აკადემიის  XXVI სამეცნიერო სესია გაიმართა. სესიას, რომელიც გახსნა ფაზისის აკადემიის პრეზიდენტმა, ესწრებოდნენ სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრები და აკადემიის წევრები. დოქტორ გია კვაშილავას თქმით, ფაზისის აკადემიისთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ფაზისის აკადემიის წევრთა რიგებში მიღება. 

„თვალსაჩინო და მნიშვნელოვანია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის წვლილი მეცნიერების განვითარებაში, განსაკუთრებით კი, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში. ვფიქრობ, მისი წევრობა კიდევ უფრო გააძლიერებს ფაზისის აკადემიის ინტელექტუალურ პოტენციალს და გახდება ახალი სამეცნიერო იდეების, ახალი თანამშრომლობის სტიმული. ვულოცავთ აკადემიკოს დავით გურგენიძეს ფაზისის აკადემიაში გაწევრიანებას და ვუსურვებ მას წარმატებას სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში“, – აღნიშნა გია კვაშილავამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა ფაზისის აკადემიის პრეზიდენტსა და აკადემიის  XXVI სამეცნიერო სესიის მონაწილეებს. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, გასული საუკუნის 70-იან წლებში ეროვნულად მოაზროვნე ქართველმა მამულიშვილებმა ისტორიული ფაზისის აკადემია აღადგინეს. 1974 წლის 29 ივნისს, აკადემიის აღდგენის დოკუმენტს ხელი მოაწერეს სასიქადულო ქართველმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ილია ვეკუამ, საქართველოს კულტურის მინისტრმა ოთარ თაქთაქიშვილმა, საქართველოს საზოგადოება „ცოდნის“ პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დამიანე გოგოხიამ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ჩიტაიამ. აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია გახლდათ აკადემიის პირველი პრეზიდენტი, ხოლო სხვადასხვა დროს, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტები იყვნენ პროფესორი ილია ტაბაღუა, აკადემიკოსი ცოტნე მირცხულავა და პროფესორი ნუგზარ ნადარაია. ფაზისის აკადემიის დამფუძნებელთა კრების წევრები იყვნენ ქართული საზოგადოების მხრიდან დიდად დაფასებული და ავტორიტეტული მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები: სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ამირანაშვილი, ანდრია აფაქიძე, პავლე ინგოროყვა, ეგნატე ფიფია, თეოფანე დავითაია, შოთა ძიძიგური, კონსტანტინე ბარამიძე, ლეონიდე გორგილაძე, მიხეილ დარასელია, ზურაბ ანჩაბაძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ლევან ფრუიძე. დავით გურგენიძის თქმით, დღეს ფაზისის აკადემია გვახსენებს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს, ინტელექტუალური და სულიერი მემკვიდრეობის ღრმა ფესვებს, საიდანაც თანამედროვეობის სახელოვანი მეცნიერები აგრძელებენ დიდ მეცნიერთა გაკვალულ გზას და იკვლევენ კოლხეთის ისტორიას. 

„ფაზისის აკადემიის როლი ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში განსაკუთრებით ფასეულია. ის არა მხოლოდ ინარჩუნებს ჩვენს კულტურულ იდენტობას, არამედ იძლევა ნიადაგს ახალი იდეებისა და ინოვაციების გასაღვივებლად. მეცნიერთა თაობები, რომლებიც ამ აკადემიიდან მოდიან, გვახსენებენ, თუ რამდენად აუცილებელია საზოგადოებაზე ორიენტირებული მოღვაწეობა. უდიდესი პატივისცემის ნიშნად, მინდა აღვნიშნო, რომ სიგელი, რომელიც აკადემიის პრეზიდენტმა გადმომცა, არ არის ჩემი პირადი მიღწევა, ეს არის თითოეული ჩვენგანის დაუღალავი შრომის შედეგი. იმ ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან ჩვენს საერთო მიზანს – განათლებული, პროგრესული და მეცნიერებაზე დაფუძნებული საქართველოს მომავლის აშენებას. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას და წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ. 
ფაზისის აკადემიის XXVI სამეცნიერო სესიაზე სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის მანქანების დეპარტამენტის პროფესორმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ფაზისის აკადემიის წევრმა გელა ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება თემაზე –  „მეწყერსაშიშ ზონებში ლითონის ნარანდიანი ხიმინჯების გამოყენების მეთოდები“.

„ვამაყობთ ჩვენი სტუდენტების მიღწევებით, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობით“

ფაკულტეტზე მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო და კვლევითი პროექტები, ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი, ფუძნდება თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიები და სასწავლო ცენტრები, გვყავს კურსდამთავრებული 60 ბაკალავრი, 25 მაგისტრი და 1 დოქტორანტი – ამის შესახებ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ბორის გითოლენდიამ განაცხადა.

მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რომლებიც სწავლება-სწავლისა და კვლევის პროცესს აძლიერებს. შეიქმნა „ფიქრის ლაბორატორია“, კომპანია „ავტოტექნოს“ სასწავლო ცენტრი, B2B გაყიდვების ლაბორატორია.

მოკლევადიანი პროფესიული პროგრამის განსახორციელებლად, საინჟინრო მომსახურების ცენტრმა და მაცივარაგენტების რეციკლიზაციის შეგროვების ცენტრმა, სამაცივრო ტექნიკის მომსახურე ტექნიკოსებისთვის, სასწავლო ლაბორატორია ერთობლივი ძალისხმევით გაარემონტეს და აღჭურვეს. 

ამჟამად, მიმდინარეობს ბაუმერის სასწავლო ცენტრისა და ტვირთების ექსპედირების პროფესიული პროგრამისთვის აუდიტორიის რეაბილიტაცია. ფაკულტეტი, საგრანტო პროექტების ოფისთან კოორდინაციით, ჩაერთო ERASMUS+ პროგრამის KA102 აქტივობის საგრანტო პროექტში – „საერთო საზოგადოებრივ გამოწვევებზე ორიენტირებული წრიული ეკონომიკის ენერგეტიკული განათლების ინიციატივა აზერბაიჯანს, საქართველოს, საბერძნეთს, მოლდოვასა და რუმინეთს შორის (EU-AGM – ERASMUS-EDU-2024- CBHE- STRAND-2101177142). გარდა ამისა, წარმატებით მიმდინარეობს პროექტი ReINNOVA – ,,კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში“.

პროექტის დონორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF), მსოფლიო ბანკის დაფინანსებით; პარტნიორი კი – კილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). ასევე, ERASMUS+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის ფარგლებში, წარმატებით მიმდინარეობს პროექტი – „ისწავლე-გააუმჯობესე-გაყიდე-მიაღწიე წარმატებას – LISS24“ (Learn – Innovate – Sell – Succeed).

როგორც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია აღნიშნავს, უნივერსიტეტი მკაფიოდ უჭერს მხარს ინოვაციებსა და თანამედროვე საინჟინრო განათლების განვითარებას. 

„სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა, რომელიც ერთ-ერთი ტრადიციული და ისტორიული ფაკულტეტია, 2024-2025 სასწავლო წელს არაერთი მოკრძალებული ინიციატივა განახორციელა. მათგან რამდენიმეს გამოვარჩევდი, კერძოდ: აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტმა, ადმინისტრაციული დეპარტამენტების და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, წარმატებით განახორციელა მნიშვნელოვანი საგრანტო ინიციატივები, მათ შორის – პროექტი ReINNOVA, რომელიც განათლების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ხელს უწყობს კვლევებისა და ინდუსტრიებთან თანამშრომლობის ინტეგრაციას. ამავე კონტექსტში გამოვარჩევთ ERASMUS+ LISS24 პროექტს, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს განივითარონ პრაქტიკული და მეწარმეობრივი უნარები, განსაკუთრებით B2B გაყიდვების კუთხით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სტუდენტების მიღწევებით, მათ შორის, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა თუ ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობით. 

მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ინფრასტრუქტურის განახლებაშიც. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით, წელს სრულად განახლდა სველი წერტილები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა I სასწავლო კორპუსში, განახლდა ე.წ. სტუდენტური სივრცეები, გარდა ამისა, საერთაშორისო პროექტების ეგიდით და უნივერსიტეტის რექტორის პირადი ჩართულობით, დასრულდა თავისი შინაარსითა და კონცეფციით გამორჩეული „ფიქრისა“ და „B2B გაყიდვების“ ლაბორატორიების კეთილმოწყობა და აღჭურვა. აღსანიშნავია ინდუსტრიის მონაწილეობა სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. ამ მხრივ სასიხარულოა, რომ კომპანია „ავტოტექნოს“ მხარდაჭერით, კეთილმოეწყო და აღიჭურვა კომპანიის სახელობითი „სასწავლო ცენტრი“, მემაცივრეთა რეციკლიზაციის ასოციაციის თანადგომით კი, განახლდა და კეთილმოეწყო სამაცივრო ტექნიკის ტექნიკოსების მოსამზადებელი პროგრამა. საგულისხმოა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით, სრულად განახლდა გრაფიკული დიზაინის კლასი და აღიჭურვა უახლესი ტექნიკით. ჯამში, სააკრედიტაციოდ განაცხადი გაკეთდა 5 ახალ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. გამოსარჩევია, რომ წელს ფაკულტეტმა მოიპოვა ახალი და ინოვაციური სამაგისტრო პროგრამის – „სამეწარმეო მენეჯმენტის“ განხორციელების უფლება, რომელიც ერთადერთია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. 

აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი აქტიურად მუშაობს სამეცნიერო კუთხით. ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამონაწილეობით გამოიცა არაერთი სტატია თუ სამეცნიერო ნაშრომი. კვლევითი თვალსაზრისით, მათ შორის გამოირჩევა სამეცნიერო პროექტი, რომელიც ეხება ინდუსტრია 4.0-თვის საჭირო ტექნოლოგიებზე ფართოზოლოვანი ანტენებისა და ინოვაციური პოლიმერული ელექტრონიკის კვლევას. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პირადად რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მუდმივად საქმის კურსშია და სრულად უჭერს მხარს ფაკულტეტის განვითარებასა და საერთაშორისო ჩართულობას. ის დიდი პოტენციალი, რომელიც ფაკულტეტს გააჩნია, გვიქმნის მყარ საფუძველს, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც განათლებისა და ინოვაციების ჰაბი“, – აცხადებს ბორის გითოლენდია.

სტუ-ის რექტორმა სამი პროფესორი ოქროს მედლით დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ორ და არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ერთ პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული დამსახურებისათვის სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. 

რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე ოქროს მედალი გადასცა არქიტექტორს, პროფესორ ჯუმბერ მალაღურიძეს, რომელიც დღემდე აქტიურად ეწევა საპროექტო, სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას. ჯუბმბერ მალაღურიძე არის 219 ნაშრომის, მათ შორის: 27 აშენებული, 11 განუხორციელებელი პროექტის,10 სასწავლო – მეთოდური პროგრამისა და 6 სახელმძღვანელოს, 47 სამეცნიერო სტატიის და 4 მონოგრაფიის, 10 საზოგადოებრივ – პოლიტიკური სტატიისა და 106 მხატვრული ნამუშევრის (გრაფიკა, ფერწერა, ძერწვა ) ავტორი.

ასევე, რექტორმა ოქროს მედალი გადასცა საქართველოს და საერთაშორისო აკადემიებიის ნამდვილ წევრს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, “საავტომობილო ტრანსპორტის” დეპარტამენტის უფროსს, 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორს ჯუმბერ იოსებიძეს და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორს, საავიაციო ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელს, მრავალი ნაშრომის ავტორს, რომლის ძალისხმევით მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ სტუ-ში შესაძლებელი გახდა ისტორიული საავიაციო-საინჟინრო პროგრამის აღდგენა, რამილ ზუკაკიშვილს. 

როგორც რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, ჯუმბერ მალაღურიძის, ჯუმბერ იოსებიძის და რამილ ზუკაკიშვილის მრავალი წელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობასა და მაღალი სტანდარტის სწავლება-სწავლის პროცესში დიდი წვლილი შეაქვთ, შედეგად აკადემიურმა საბჭომ მათი სტუ-ის უმაღლესი ჯილდოთი – ოქროს მედლით, დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედალი მეცნიერის მოღვაწეობის აღიარებაა, ეს არის მადლობისა და დაფასების სიმბოლო იმ ღვაწლისთვის, რომელიც არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას, არამედ თავგანწირვას, ერთგულებას და შემოქმედებით ძალას ეფუძნება. დღეს ეს ღირსეული ჯილდო, აკადემიური საბჭოს გადაწტყვეტილებით, გადავეცით გამოჩენილ მეცნიერ-პედაგოგებს, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრებით, სამეცნიერო წვლილითა და მომავალი თაობების აღზრდისადმი მიძღვნილი საქმიანობით დაიმკვიდრეს საყოველთაო აღიარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება აფასებდეს ღირსეულ მეცნიერებს. მათ, ვინც ყოველდღიურად აშენებს ცოდნის ტაძარს, ქმნის ნოვაციურ იდეებს და უზიარებს ამ სიმდიდრეს სტუდენტებს. ასეთი ადამიანები არამარტო ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის ინტელექტუალური საყრდენი არიან. გულითადად ვულოცავ ჩვენს მეცნიერებს ღირსეულ ჯილდოს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიას და ახალ მიღწევებს“ – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ. 

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ აკადემიური საბჭოს წევრად მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული, ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ ურთმელიძე, აკადემიური საბჭოს წევრად დაამტკიცა. 

„არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემებზე“ – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ში

27 ივნისს, 11:00 – 18:00 საათზე სტუ-ის არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემებზე“.

ღონისძიება აუდიტორია C – 405 ჩატარდება. კონფერენცია ქართულ და ინგლისურ ენაზე წარიმართება.

მომხსენებლებისთვის რეგლამენტით 15 წუთია გათვალისწინებულია.

მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისათვის, კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე.

„მწვანე ციებ-ცხელება: ექსპერიმენტები და მცდელობები“ – იტალიელი არქიტექტორის ლექცია სტუ-ში

25 ივნისს, 16:30 სთ-ზე სტუ-ის არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე cm 2 Associati კომპანიის ხელმძღვანელი და TIMM Architects კომპანიის წამყვანი არქიტექტორი ფრანჩესკო ადორნი Zoom პლატფორმით ლექციას ჩაატარებს თემაზე: „The green rush: experiments and attempts. მწვანე ციებ-ცხელება: ექსპერიმენტები და მცდელობები“.

ლექცია ინგლისურ ენაზე წარიმართება. დასწრება თავისუფალია.
 
საორგანიზაციო ჯგუფი / Organizing Committee:

  • Gia Natsvlishvili/გია ნაცვლიშვილი, პროფესორი g.natsvlishvil@gtu.ge
  • Nino Chachava/ნინო ჩაჩავა, პროფესორი n_chachava@gtu.ge
  • Shota Gelashvili/ შოთა გელაშვილი, ასისტენტ პროფესორი sh.gelashvili@gtu.ge
  • ID: 552 400 89.  
    Password: GTU 2020.

სტუ-ის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „შერეკილები“ ბორჯომის ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდმა „შერეკილებმა“ მორიგი წარმატება მოიპოვა და ბორჯომის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდმა, რომელიც 8 წევრს აერთიანებს, ბოჯომის ფესტივალის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.

როგორც სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპატამენტის ხელმძღვანელი ლევან ფიფია აღნიშნავს, მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდის წარმატება იმ დიდი მხარდაჭერის შედეგია, რაც ახალგაზრდებს მუდმივად აქვთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და უშუალოდ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხრიდან.

„ბორჯომის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფესტივალზე ჩვენი საუნივერსიტეტო გუნდი – „შერეკილები“ – პირველ სამეულში მოხვდა და დამსახურებულად მოიპოვა ვიცე-ჩემპიონის ტიტული. ამ მორიგ გამარჯვებას ვულოცავთ „შერეკილების“ რვავე წევრს, მათ გულშემატკივარ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. ჩვენი გუნდის წარმატება სწორედ იმ დიდი მხარდაჭერის შედეგია, რაც ახალგაზრდებს მუდმივად აქვთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან და უშუალოდ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხრიდან. მეორე მხრივ კი, მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდი, შექმნის დღიდან, ძალისხმევას არ იშურებს, იყოს კრეატიული და, მაღალი კონკურენციის ფონზე, დაუღალავი შრომით მიაღწიოს წარმატებებს. შედეგი სახეზეა – „შერეკილები“ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბდა და წლევანდელ სტუდენტურ ფესტივალზე პირველი ადგილის მოპოვების შემდეგ, ბორჯომის ფესტივალზეც წარმატებას მიაღწია. კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებას ჩვენს გუნდს და ჩვენს უნივერსიტეტს – წინ არაერთი წარმატება გველის!“, – ამბობს ლევან ფიფია.

ცნობისათვის, ბორჯომის მხიარულთა და საზრიანთა ფესტივალი საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

Support

Why are you writing to us?