სტუ-სა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი შვილების განათლების ხელმისაწვდომობას ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებით შეუწყობენ ხელს, მათ შორის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, უნივერსიტეტთან შეთანხმებით, იზრუნებს ვეტერანებისა და მათი შვილების სწავლის წლიური საფასური არაუმეტეს 50%-ის ოდენობით დააფინანსოს. 

აღნიშნულის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მოაწერეს ხელი.

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს კომპეტენციის ფარგლებში მხარეთა პარტნიორობას იმ მიზნით, რომ ერთობლივად დაიგეგმოს და განხორციელდეს ისეთი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს განათლების ხელმისაწვდომობას იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები ან მათი ოჯახის წევრები არიან.

Untitled design (7).png

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, ნდობისა და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, პირადად, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს. მოხარული ვართ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება თანამშრომლობის მემორანდუმით გავამყარეთ. დოკუმენტი ითვალისწინებს იმ სტუდენტების განსაკუთრებულ მხარდაჭერას, რომლებიც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები ან მათი შვილები არიან. მემორანდუმით გვსურს განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ იმ პირებისა და მათი ოჯახების მიმართ, რომელთაც თავიანთი თავდადებით უდიდესი წვლილი მიუძღვით ქვეყნის წინაშე. ამ შეთანხმებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის წილ სოციალურ პასუხისმგებლობას და მხარდაჭერას იმ ახალგაზრდების მიმართ, რომელთა მშობლებმა ღირსეულად დაიცვეს სამშობლო. გისურვებთ წარმატებებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორობა სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება“, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 

სტუ-ში დაგეგმილი ატესტაციისთვის კომპიუტერული უნარების ტესტის თემატიკა

19-20 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  გაიმართება ატესტაცია დასაქმებულების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების მუშაკის (დასაქმებულის) მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დასადგენად.

ტესტი შედგება 30 თანაბარწონიანი კითხვისგან (ჯამურად 30 ქულა), დავალების შესასრულებლად განკუთვნილია 40 წუთი. 

კომპიუტერული უნარების ტესტის თემატიკა იხილეთ ბმულზე.

„პროფესორ-მასწავლებლები, მრავალი წლის შემდეგაც, მზად არიან, პროექტის განხორციელების დეტალებზე ყოფილ სტუდენტთან იმსჯელონ“- სტუ-ის კურსდამთავრებული

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების მიერ მრავალწლიანი ტრადიციის მქონე სპეციალობის საფუძვლების გაცნობამ, სამეცნიერო კვლევების შედეგების გაზიარებამ, ახალი ტიპის ცემენტებისა და მასალების კვლევებში მონაწილეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებაში“, – ამის შესახებ საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ ხარისხისა და კვლევა-განვითარების მენეჯერი თეო რობაქიძე აცხადებს. 

თეო რობაქიძემ უმაღლესი განათლების სამივე საფეხური – ბაკალავრიატი (2005 წელი), მაგისტრატურა (2007 წელი) და დოქტორანტურა (2010 წელი) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე გაიარა.

როგორც თეო რობაქიძე აცხადებს, ცემენტის ინდუსტრია მუდმივად ითხოვს გამოცდილ სპეციალისტებს. კომპანია „ჰანიველ ცემენტი“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის რეგულარულად სთავაზობს სტაჟირების პროგრამებს, რომელთა მიზანია წარჩინებული სტუდენტების გამოვლენა და ცემენტის ინდუსტრიაში მათი მოზიდვა. 

„სპეციალობად ტექნიკური მიმართულება ავირჩიე, კონკრეტულად, ქიმიური ინჟინერია. უნივერსიტეტში სწავლის პირველ კურსზე, სფეროს დეტალურად გაცნობის შემდეგ, ძირითად სპეციალობად ცემენტის ტექნოლოგიის მიმართულებით განვაგრძე სწავლა. დოქტორანტურაში სწავლისას მივიღე შეთავაზება, ჩემი კარიერა დამეკავშირებინა უნივერსიტეტთან. რა თქმა უნდა, გარემო, რომელსაც მთავაზობდნენ, ძალიან საინტერესოა, მაგრამ გადავწყვიტე საქმიანობა პრაქტიკულ სფეროში გამეგრძელებინა, რადგან სწავლის პროცესში დეტალურად განხილული მოწყობილობა-დანადგარები და ტექნოლოგიური ხაზი, პრაქტიკულად ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში. მზად ვიყავი საწარმოო გამოწვევები მიმეღო და ამავდროულად, უნივერსიტეტთან კავშირი გამეგრძელებინა. ვიცოდი ეს არჩევანი უფრო რთული გზა იქნებოდა, მაგრამ საინტერესო. სადოქტორო ნაშრომის მომზადების შემდგომ, გადავდგი ახალი ნაბიჯი ჩემს საქმიანობაში და 2011 წელს, ჩემი სპეციალობით, შევუერთდი წარმატებულ კომპანიას, ყოფილ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, ამჟამინდელ „ჰანიველ ცემენტს‘‘. აქ მიღებული დიდი გამოცდილების ფონზე, უკვე თამამად შემეძლო მშობლიურ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზეც მემუშავა. პროფესორ-მასწავლებლები მრავალი წლის შემდეგაც მზად არიან, ნებისმიერი სიახლის თუ მიმდინარე პროექტის განხორციელების დეტალებზე, თავიანთ კურსდამთავრებულებთან იმსჯელონ, გაუზიარონ თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება, მეცნიერული ცოდნა და დაეხმარონ სწორი მიმართულების არჩევაში. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო სტუდენტებს, აბიტურიენტებს: ცემენტის მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგია ერთ-ერთი პერსპექტიული და სტაბილური საინჟინრო მიმართულებაა, რასაც განაპირობებს ცემენტისა და მისი პროდუქტების უწყვეტი მოთხოვნა ბაზარზე, ხოლო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუძლია ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური განათლება მისცეს სტუდენტებს. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს უნივერსიტეტს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს“, – აცხადებს თეო რობაქიძე.

სტუ-ის სტუდენტები ComCom-ის მედიააკადემიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკით დაინტერესებული სტუდენტები კომუნიკაციების კომისიის (ComCom) მედიააკადემიის მედიასკოლის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ჟურნალისტის პროფესიის სრულფასოვნად დაუფლების, ჟურნალისტიკის სფეროში კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობებს გაეცნენ. 

საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებისა და ComCom-ის მედიააკადემიის ორგანიზებით ჩატარდა, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების გარდა, ჟურნალისტიკით დაინტერესებული სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, სტუ-ის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე ComCom-ის მედიააკადემიის ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილი და სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი ანა გიორბელიძე ახალგაზრდებს ესაუბრნენ მედიასკოლის სტუდიის ინტენსიური 4-თვიანი პრაქტიკული კურსის შესახებ, რომელიც ქვეყანაში მედიასტანდარტის ამაღლების მიზნით, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს ცოდნისა და გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას სრულიად უფასოდ სთავაზობს. მათი თქმით, კურსი, რომელიც ახალგაზრდებს სამომავლოდ ჟურნალისტიკის სფეროში კარიერის დაწყებაში დაეხმარება, მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე, პრაქტიკულ სამუშაოებს. კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის შექმნას დამოუკიდებლად შეძლებენ.

Untitled design (4).png

შორენა შავერდაშვილის განმარტებით, კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან რადიო და სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვების, სიუჟეტების, ინტერვიუების და პოდკასტების მომზადებას, ახალი ამბების მომზადება-წაყვანას რადიოსთვის, ტელევიზიისა და ონლაინ პლატფორმებისთვის, დაეუფლებიან ოპერატორის ხელოვნებას, მეტყველებასა და სატელევიზიო უნარ-ჩვევებს, ასევე, აუდიო და ტელემონტაჟს, ხმის რეჟისურას, არასაინფორმაციო სატელევიზიო სიუჟეტებისა და გადაცემების მომზადებას, პროდიუსირებასა და წაყვანას რადიოსა და ტელევიზიისთვის, შეისწავლიან სატელევიზიო ბადის შექმნას, ფორმატირებას, ფროდაქშენს და სოციალური მედიის ჟურნალისტიკას. 

მისი თქმით, მედიასკოლაში უკლებლივ ყველა საგანს ჟურნალისტიკის სფეროს პროფესიონალები უძღვებიან, ხოლო სტუდია აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, რაც კურსის სტუდენტებს რეალურ ნიუსრუმში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას შესძენს. 

როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებს დასაქმების კუთხით ფართო არჩევანის შესაძლებლობა მისცეს.  

„იმ მიზნით, რომ სტუდენტებს დასაქმების კუთხით მივცეთ ფართო არჩევანის საშუალება, კარიერული განვითარების განყოფილება, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორგანიზებას უწევს დასაქმების მასშტაბურ ფორუმებს, რეგულარულად აწყობს ინდივიდუალურ შეხვედრებს კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ინდუსტრიებთან, რითაც სამუშაოს მაძიებელ სტუდენტებს უადვილებს სასურველი ვაკანსიის მოძიების პროცესს. 

ComCom-ის მედიააკადემიის წარმომადგენლებთან შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მედიააკადემიამ, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს 4-თვიან ინტენსიურ კურსს. ვფიქრობთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს, ძირითადი პროფესიის პარალელურად, შეუძლია დაეუფლოს ახალ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს და ამ გზით შეიძინოს მეორე, ჟურნალისტის პროფესიაც. ეს კარგი შესაძლებლობაა დარგობრივი ჟურნალისტიკის განვითარებისთვის, რაზეც მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში მზარდია“, – აღნიშნავს ნატო ქათამაძე.
 
ცნობისათვის, ComCom-ის მედიასკოლის ჟურნალისტიკის კურსზე მოსახვედრად მსურველებმა შესარჩევი კონკურსი უნდა გაიარონ. საუკეთესო კანდიდატები წერითი ტესტირებითა და ზეპირი გასაუბრებით შეირჩევიან. წარმატებულ კურსდამთავრებულებს მედიააკადემია შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემს და პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციას გაუწევს.

სტუ-ში NAFSA 2025-ში მონაწილეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო სივრცეში ორგანიზებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში – „NAFSA 2025 – წლიური კონფერენცია და გამოფენა“ (NAFSA 2025 – Annual Conference & Expo) – მონაწილეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე უძღვებოდა.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში (კალიფორნიის შტატი) გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში მონაწილეობა საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში მიიღო. საქართველოს დელეგაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები – ბაია კვიციანი და თამარ ღვამიჩავა ხელმძღვანელობდნენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი NAFSA 2025-ზე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ და დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ფიცხელაურმა წარმოადგინეს. 

საინფორმაციო-საანგარიშო შეხვედრას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ესწრებოდნენ ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

როგორც თეა მურვანიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე, რომელშიც მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტი ქვეყნის 10 000-მდე დელეგატი მონაწილეობდა, საქართველო წარმოდგენილი იყო სტენდით – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტით – „Education In Georgia“, რომელიც საქართველოში მოქმედ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აერთიანებს.

მისი თქმით, NAFSA 2025-ში მონაწილეობა ქართული უნივერსიტეტებისთვის, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უნიკალური შესაძლებლობაა გააფართოოს საერთაშორისო თანამშრომლობა, გაზარდოს ცნობადობა და ხილვადობა და, ამასთან ერთად, მოიძიოს ახალი საერთაშორისო პარტნიორები, რაც ასე მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის კუთხით. 

ქავერი-13.06.2025-სტუ-NAFSA_2025-მონაწილეობა-დელეგაციის წევრობა.png

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ NAFSA მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო ფორუმია, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო განათლების სფეროს ლიდერებსა და სპეციალისტებს, მასში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტრატეგიისა და გლობალური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. პირველ რიგში, ასეთი გამოფენები ხელს უწყობს, გაიზარდოს ჩვენი უნივერსიტეტის გლობალური ხილვადობა და პარტნიორობა, რადგან 100-ზე მეტი ქვეყნის ასობით უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობა ჩვენს უნივერსიტეტს აყენებს მსოფლიოს იმ წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუციების რიგში, რომლებიც აქტიურად ეძებენ კვლევითი, გაცვლითი და კოლაბორაციული თანამშრომლობის შესაძლებლობებს. NAFSA იზიდავს საერთაშორისო მიღების, რეკრუტინგისა და გაცვლითი პროგრამების პროფესიონალებს, რაც პოტენციურ პარტნიორებთან და რეკრუტერებთან პირდაპირი კავშირების დამყარების საუკეთესო საშუალებაა. საქართველოს სტენდს – „Education in Georgia-ს“ სივრცეს მრავალი მონაწილე ესტუმრა და ადგილზე გაეცნო ქართული უნივერსიტეტების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, მიიღო ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, VR სათვალის მეშვეობით დაათვალიერა როგორც საუნივერსიტეტო კამპუსები, ისე ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ 50-ზე მეტ სესიასა და პრეზენტაციაში, გვქონდა შეხვედრები, რომელთა მიზანი ახალი კოლაბორაციების შესახებ შეთანხმებების ინიციირება და ერთობლივი ახალი პროგრამების განხილვა იყო.

რაც მთავარია, გამოფენაში მონაწილეობით ჩვენმა უნივერსიტეტმა შეიძინა მოქნილი პლატფორმა საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისა და გლობალური მობილობის პროგრამების განხორციელებისთვის. გარდა ამისა, NAFSA-ს პლატფორმა დიდ დახმარებას გაგვიწევს კურიკულუმების და კვლევების ინტერნაციონალიზაციისა და საგანმანათლებლო სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური პროგრამები სრულ თანხვედრაშია NAFSA-ს STEM განათლების გლობალური განვითარების კონცეფციასთან, ასევე, მდგრადი და ინტერკულტურული საგანმანათლებლო პრაქტიკების ხელშეწყობასთან. ვიმედოვნებთ, რომ NAFSA-ზე შეძენილი კავშირები მეტად გაძლიერდება და გადაიზრდება ახალ მემორანდუმებში, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და ახალ გაცვლით პროგრამებში. კერძოდ, უკვე ვგეგმავთ ვიმუშაოთ ურთიერთგაგების ახალ მემორანდუმებზე ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებთან, ავამოქმედოთ ახალი გაცვლითი პროგრამები საინჟინრო-ტექნოლოგიური და არქიტექტურის მიმართულებით, გავაძლიეროთ საერთაშორისო აქტივობები ერთობლივი სემინარებით, კონფერენციებითა და სტუდენტური რეკრუტინგის მისიებით, პარალელურად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გააგრძელებს მონაწილეობას NAFSA-ს რეგიონულ ღონისძიებებსა და სემინარებში. „Education in Georgia“-ს ეგიდითა და საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში NAFSA 2025-ში მონაწილეობა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გლობალური პოზიციონირებისა და აკადემიური გავლენის გაძლიერების მიმართულებით. ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“, – აღნიშნა თეა მურვანიძემ.

შეხვედრის დასასრულს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხა.

სტუ-ის რექტორი სტუდენტ ლაშა მაისურაძეს პარამკლავჭიდში ევროპის ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამის სტუდენტს, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრ ლაშა მაისურაძეს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს. 

პარამკლავჭიდელმა ლაშა მაისურაძემ რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის მკლავჭიდის ჩემპიონატზე, 90 კგ და 60+ კგ წონით კატეგორიებში მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობისას, ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა. 

როგორც რექტორი აცხადებს, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებისა და მისი წევრის, ლაშა მაისურაძის უდიდესი გამარჯვება და ზოგადად, საერთაშორისო ტურნირებში ქართველ პარასპორტსმენთა წარმატებული ასპარეზობა ყოველ ჯერზე აღფრთოვანებას იწვევს. 

შიდა-12.06.2025-სტუ-სტუდენტი ლაშა მაისურაძე-პარამკლავჭიდი-ევროპის ჩემპიონი.png

„ღრმა პატივისცემითა და სიამაყით გამსჭვალული ვულოცავ პარამკლავჭიდელ ლაშა მაისურაძეს – ჩვენი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტს – ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ უდიდეს გამარჯვებას! ოთხი ოქროს მედლის დაუფლება და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ნათლად მეტყველებს მის განსაკუთრებულ ნიჭზე, შრომისმოყვარეობასა და შეუპოვრობაზე. ჩვენი პარასპორტსმენების წარმატებას სწორედ ეს უნარები განსაზღვრავს. პარასპორტი ხომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოვლინებაა ადამიანური სიმტკიცისა და შეუპოვრობისა. ის არაჩვეულებრივი შედეგი, რომელიც საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე აჩვენა, მხოლოდ დაუღალავი შრომით, უდიდესი სიმტკიცითა და ნებისყოფით მიიღწევა. ქართველ პარამკლავჭიდელთა და მათ შორის ლაშა მაისურაძის გამარჯვება გვახსენებს, რომ ჭეშმარიტი წარმატება გამოწვევების დაძლევისკენ ორიენტირებულ სწრაფვაშია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სტუდენტს, ლაშა მაისურაძეს დიდებულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს აკადემიურ და სპორტულ ასპარეზზე“, – აღნიშნავს დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით – 126 მედლით დაასრულა. ქართველმა პარამკლავჭიდელებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში 56 ოქრო, 46 ვერცხლი და 24 ბრინჯაო მოიპოვეს.

სტუ-ის სტუდენტური დასი – „მოდინახე“ სიღნაღის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ სიღნაღის საერთაშორისო თეტრალური ფესტივალის გამარჯვებულია. ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით,  საუნივერსიტეტო დასს პირველი ადგილი და მთავარი პრიზი გადაეცა. 

სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალზე „მოდინახე“, სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარ რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის ხელმძღვანელობით, მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით რეჟისორ გიორგი ჭანტურიას მიერ დადგმული სპექტაკლით –  „უკანასკნელი თოლია“ – წარსდგა.

ფესტივალი, რომელზეც ქართულ სამოყვარულო თეატრებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის დასებიც იყო წარმოდგენილი, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სიღნაღის მერიის მხარდაჭერით, მესამედ ჩატარდა. ღონისძიების მიზანი სამოყვარულო და სახალხო თეატრების მხარდაჭერაა. 

როგორც „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი აღნიშნავს, საუნივერსიტეტო დასმა სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა მეორედ მიიღო და ამჯერად, ახალგაზრდა რეჟისორ გიორგი ჭანტურიას მიერ დადგმულმა სპექტაკლმა როგორც მაყურებელთა, ისე ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

შიდა-12.06.2025-სტუ-მოდინახე-სიღნაღის ფესტივალი-გრანპრი.png

„სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა, რომელმაც საქართველოს რეგიონებიდან და უცხოეთიდან თეატრის მესვეურებს მოუყარა თავი, დიდი წარმატებით ჩაიარა და ჩვენთვის სასიხარულო შედეგით დასრულდა. იყო მაყურებლის ოვაცია, თეატრმცოდნეებისა და რეჟისორებისაგან მოლოცვა. ჩვენი გამარჯვებული საუნივერსიტეტო დასი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სახალხო თეატრია საქართველოში, სიღნაღის მერმა დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ „მოდინახეს“ წარმატება იმ დიდი მხარდაჭერისა შედეგია, რაც დასს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან აქვს. ეს წარმატება ეკუთვნის არა მხოლოდ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, არამედ ყველას, ვინც ზრუნავს  თეატრალური ხელოვნების განვითარებაზე საქართველოს უნივერსიტეტებში. სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა ვუთხრა რექტორს, აკადემიკოსს დავით გურგენიძესა და მის გუნდს – კანცლერს, ბატონ კარლო კოპალიანს, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს. არაჩვეულებრივი ფესტივალის ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურის სამინისტროს, კახეთის მხარის გუბერნატორსა და სიღნაღის მერს, ფესტივალის მენეჯმენტსა და ჟიურის წევრებს და რაც მთავარია, მაყურებელს, რომელმაც „უკანასკნელი თოლია“ დიდი ოვაციით მიიღო. ყოველი წარმატება უდიდესი მოტივაციაა მთელი საუნივერსიტეტო დასისთვის, რათა ახალ დადგმებსა და როლებზე მეტი შთაგონებით და ამაღლებული შემოქმედებითი განწყობით ვიმუშაოთ“, – ამბობს ნუგზარ ბუცხრიკიძე. 

გამარჯვებული სპექტაკლის რეჟისორის, გიორგი ჭანტურიას თქმით, „მოდინახემ“ შეძლო სპექტაკლის მთავარი სათქმელი და იდეა მაყურებლამდე ზუსტად მიეტანა.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, საუნივერსიტეტო დასთან ერთად, მონაწილეობა მიმეღო სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში. ვფიქრობ ჩვენი სპექტაკლის მთავარი სათქმელი და იდეა მაყურებლამდე ზუსტად მივიტანეთ. ფესტივალის მთავარი პრიზის მოპოვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების კიდევ ერთი გამარჯვებაა. დარწმუნებული ვარ, ეს შედეგი უფრო დიდ მოტივაციას შეგვიქმნის – მეც და დასის მსახიობებსაც“, – აღნიშნავს გიორგი ჭანტურია.

სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მორიგ წარმატებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს. 

„ვულოცავ უნივერსიტეტის სტუდენტურ დასს სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მოპოვებულ წარმატებას. პირველი ადგილი და ფესტივალის მთავარი პრიზი ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების შემოქმედებითი აზროვნებისა და გაწეული იმ დიდი შრომის დაფასებაა, რასაც ისინი, სწავლის პარალელურად, ყოველდღიურად უძღვნიან თეატრალურ ხელოვნებას. ფესტივალის ფავორიტი შესანიშნავი სპექტაკლი – „უკანასკნელი თოლია“, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის, ჩვენი უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულის, ჟიული შარტავას ცხოვრების ბოლო ეპიზოდს აცოცხლებს, ამის ნათელი დადასტურებაა. საამაყოა, რომ ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული საუნივერსიტეტო თეატრალური დასი – „მოდინახე“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცის განუყოფელი ნაწილია და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სტუდენტურ ცხოვრებაში. მისი მორიგი  წარმატებაც პირდაპირ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერა აკადემიურ სივრცეში. დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება შემდგომი შემოქმედებითი ინსპირაციის წყარო გახდება ახალი სპექტაკლებისა და როლების შესაქმნელად“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

სტუ პალერმოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობას აღრმავებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია – ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორების, ნინო თოფურიას და ალექსი ლაბაძის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის, მარგარიტა სეროპიანის შემადგენლობით, „ERASMUS+“ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით პალერმოს უნივერსიტეტში იმყოფებოდა. 

პალერმოს უნივერსიტეტის მხრიდან დელეგაციას მასპინძლობდა ამავე უნივერსიტეტის აგრარული, სურსათის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის შეფასების მიმართულებით პროფესორი ანტონინო გალატი.

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პალერმოს უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და „ERASMUS+“ პროექტების ფარგლებში სამომავლო აქტივობების განხორციელება.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ იტალიელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ინფორმატიკის, ბიზნესტექნოლოგიებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებებით მიმდინარე საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების შესახებ. მხარეებმა იმსჯელეს აგრარული, მათ შორის, ღვინის ეკონომიკისა და მარკეტინგის, ასევე ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, ერთობლივი ორდიპლომიანი პროგრამების შემუშავების შესახებ. 

„საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარგარიტა სეროპიანმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, კიდევ ერთხელ დააფიქსირა თანამშრომლობის შესახებ მზაობა და ისაუბრა იტალიურ მხარესთან სამომავლო გეგმებზე, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას, სტუდენტების მობილობის პროცესის ხელშეწყობასა და ერთობლივი საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებას. ჩვენმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა პალერმოს უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სატყეო მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორთან და ნიადაგმცოდნე მკვლევართან, ჯუზეპე ლო პაპასთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო უნივერსიტეტების ქსელში და თანამშრომლობს სხვადასხვა აკადემიურ და კვლევით ინსტიტუციასთან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი იყო“, – აცხადებს ნინო ჩხარტიშვილი.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თქმით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ნიადაგმცოდნეობის მიმართულებით კვლევითი ინიციატივები, თანამედროვე მიდგომები აგრარული მეცნიერებების სწავლების სფეროში, ასევე, სტუდენტებისა და მკვლევრების ჩართულობის გაძლიერების შესაძლებლობები. როგორც პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე აცხადებს, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო კოლაბორაციულ პლატფორმებზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ერთობლივი პროექტების განხორციელება, გამოცდილების გაზიარება და ინსტიტუციური პარტნიორობის გაძლიერება. 

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საგაზაფხულო აკადემიურ სემესტრში პალერმოს უნივერსიტეტში სწავლობს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიგნისა და ბიზნესტექნოლოგიის ფაკულტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები. პალერმოს უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც ქართულ და იტალიურ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას მომავალშიც შეუწყობს ხელს“, – აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე. 

შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების შემუშავებისა და სასწავლო პროგრამების ჰარმონიზაციის მიმართულებით.

სტუ-ში დანტე ალიგიერის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტთან პარტნიორობით, დანტე ალიგიერის საზოგადოების წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – დანტეს საერთაშორისო დღე (Dantedi 2025) აღინიშნა. 

დანტეს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, თემით – „კულტურულ-საგანმანათლებლო ხიდი იტალიასა და საქართველოს შორის“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

Untitled design (1).png

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონო, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენელი, მსოფლიოში იტალიური სკოლების გაერთიანება ADASIM-ის გენერალური დირექტორი, პროფესორი ემილიო ლოცი, ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში, პროფესორი ალესანდრო სალაკონე, ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის ITALS-ის ლაბორატორიის ექსპერტი, ურბინოს უნივერსიტეტის კომუნიკაციის მეცნიერებათა, ჰუმანიტარული და საერთაშორისო კვლევების კათედრის ასოცირებული პროფესორი ჯუზეპე მაუჯერი, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე, ცნობილი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, საქართველოს პარლამენტის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პედაგოგები, იტალიური ენის სასწავლო კურსების მსმენელები და მიწვეული სტუმრები.

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-იტალიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუციებს შორის კოლაბორაციასა და მისი სამომავლო გაფართოების შესაძლებლობებზე.

დავით გურგენიძემ ასევე ისაუბრა დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტში მიმდინარე ერთობლივ საერთაშორისო პროექტებზე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება. 

როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს ჰიბრიდული დიდაქტიკური ცენტრი – „დანტეს კაბინეტი“, ხოლო იტალიურ ენას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მხარდაჭერით და ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტთან პარტნიორობით, მომავალი სასწავლო წლიდან, როგორც მეორე უცხოურ ენას, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შესთავაზებს. 

„სასიხარულოა, რომ დიდი შოთა რუსთველის ქვეყანაში დანტე ალიგიერის საერთაშორისო დღე აღინიშნება. Dantedi-ის აღნიშვნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. წლევანდელი თემა – „კულტურულ-საგანმანათლებლო ხიდი იტალიასა და საქართველოს შორის“ – მრავალმხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეების მეტად დაახლოებისთვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივითა და ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მრავალმხრივი მხარდაჭერით, ასევე, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის უშუალო ჩართულობით და საქართველოში იტალიის საელჩოს თანადგომით, ერთობლივად შემუშავდა საერთაშორისო პროექტი, რის შედეგადაც ჩვენს უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს ჰიბრიდული დიდაქტიკური ცენტრი – „დანტეს კაბინეტი“, რომელიც ინტეგრირებულია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ციფრულ პლატფორმა Dante Global-თან. ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების ეფექტური და ხარისხიანი უფასო კურსის შეთავაზებას სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. სასწავლო კურსი მთლიანად მორგებულია ევროპულ სტანდარტებსა და თანამედროვე მეთოდოლოგიებზე. სასიხარულოა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს ამ პროექტის მეორე ფაზა წარმატებით განხორციელდა. ამ ეტაპზე, დიდი სურვილი გვაქვს, ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისისა და საქართველოში იტალიის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით, ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტთან პარტნიორობით, იტალიური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა, მომავალი წლიდან შევთავაზოთ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს. დარწმუნებული ვარ, იტალიური ენის შესწავლით განსაკუთრებით დაინტერესდებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე და დიზაინის საერთაშორისო სკოლაში სწავლობენ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მჭიდრო და წარმატებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო კოლაბორაცია იტალიის წამყვან უნივერსიტეტებთან, სადაც, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, არაერთი ჩვენი სტუდენტი თუ ახალგაზრდა მკვლევარი იღებს განათლებას და ეწევა კვლევით საქმიანობას. უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით იტალიის ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონოს, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენელს, ბატონ ალესანდრო სალაკონეს, რომელსაც ვთხოვ გადასცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და პირადად ჩემი საუკეთესო სურვილები ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტს, პროფესორ ანდრეა რიკარდისა და გენერალურ მდივანს, პროფესორ ალესანდრო მაზის. ვფიქრობთ, ჩვენს უნივერსიტეტს და დანტეს საზოგადოებას შორის თანამშრომლობა და მეგობრობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება. და ბოლოს, დარწმუნებული ვართ, ყველა ის სტუდენტი თუ მკვლევარი, რომელიც იტალიურ ენასა და კულტურას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „დანტეს კაბინეტის“ მეშვეობით ეზიარება, სამომავლოდ გახდება ერთგვარი კეთილი ნების ელჩი საქართველოსა და იტალიის ურთიერთობებში“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

აუდიტორიას მიესალმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა, რომელმაც საქართველო-იტალიის ერთობლივ საგანმანათლებლო, უმაღლეს და სამეცნიერო პროექტებზე, ასევე ორ ქვეყანას შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე კი საანგარიშო მოხსენებით წარსდგა და საერთაშორისო პროექტის – „დანტეს დიდაქტიკური ცენტრის საქმიანობის გაფართოება და იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების განვითარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ – შედეგები შეაჯამა, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით განსახორციელებელ იმ სამომავლო პროექტებზე ისაუბრა, რითაც ხელი შეეწყობა ორ ქვეყანას შორის აკადემიური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას; დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენელმა კავკასიის რეგიონში, პროფესორმა ალესანდრო სალაკონემ ახალი პროექტებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან, ალიგიერის საზოგადოების გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანტეს დიდაქტიკური ცენტრის საქმიანობის გაფართოებისა და იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების პროექტის მესამე ფაზა განხორციელდება; ხოლო საოპერო მომღერალი, მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე იტალიასა და საქართველოს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში დანტე ალიგიერის საზოგადოებისა და PLIDA-ს საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვების მნიშვნელობას შეეხო. 

დანტეს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ იტალიური ენის ინტერდისცპლინური სასწავლო კურსის მსმენელი სტუდენტები. 

ღონისძიების დასასრულს, დავით გურგენიძემ, თამარ ღვამიჩავამ, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ნინო ცერცვაძემ და ალესანდრო სალაკონემ პროექტის – „დანტეს დიდაქტიკური ცენტრის საქმიანობის გაფართოება და იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების განვითარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ – მონაწილე სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის ADA-ს ატესტატები და PLIDA-საერთაშორისო სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცეს. 

დასკვნითი გამოცდები იწყება!

23 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, სტუ-ში დასკვნითი გამოცდები ჩატარდება. 

დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე – elearning.gtu.ge.

გამოცდების განრიგი ნახეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტესტირების ცენტრის ვებგვერდზე https://testing.gtu.ge/.

საგამოცდო და ელექტრონულ სასწავლო რესურსების ცენტრში დასკვნით გამოცდებზე დასასწრებად თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას.

Support

Why are you writing to us?