სტუ-ში NAFSA 2025-ში მონაწილეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო სივრცეში ორგანიზებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში – „NAFSA 2025 – წლიური კონფერენცია და გამოფენა“ (NAFSA 2025 – Annual Conference & Expo) – მონაწილეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე უძღვებოდა.
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში (კალიფორნიის შტატი) გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში მონაწილეობა საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში მიიღო. საქართველოს დელეგაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები – ბაია კვიციანი და თამარ ღვამიჩავა ხელმძღვანელობდნენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი NAFSA 2025-ზე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ და დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ფიცხელაურმა წარმოადგინეს.
საინფორმაციო-საანგარიშო შეხვედრას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ესწრებოდნენ ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
როგორც თეა მურვანიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე, რომელშიც მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტი ქვეყნის 10 000-მდე დელეგატი მონაწილეობდა, საქართველო წარმოდგენილი იყო სტენდით – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტით – „Education In Georgia“, რომელიც საქართველოში მოქმედ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აერთიანებს.
მისი თქმით, NAFSA 2025-ში მონაწილეობა ქართული უნივერსიტეტებისთვის, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უნიკალური შესაძლებლობაა გააფართოოს საერთაშორისო თანამშრომლობა, გაზარდოს ცნობადობა და ხილვადობა და, ამასთან ერთად, მოიძიოს ახალი საერთაშორისო პარტნიორები, რაც ასე მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის კუთხით.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ NAFSA მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო ფორუმია, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო განათლების სფეროს ლიდერებსა და სპეციალისტებს, მასში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტრატეგიისა და გლობალური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. პირველ რიგში, ასეთი გამოფენები ხელს უწყობს, გაიზარდოს ჩვენი უნივერსიტეტის გლობალური ხილვადობა და პარტნიორობა, რადგან 100-ზე მეტი ქვეყნის ასობით უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობა ჩვენს უნივერსიტეტს აყენებს მსოფლიოს იმ წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუციების რიგში, რომლებიც აქტიურად ეძებენ კვლევითი, გაცვლითი და კოლაბორაციული თანამშრომლობის შესაძლებლობებს. NAFSA იზიდავს საერთაშორისო მიღების, რეკრუტინგისა და გაცვლითი პროგრამების პროფესიონალებს, რაც პოტენციურ პარტნიორებთან და რეკრუტერებთან პირდაპირი კავშირების დამყარების საუკეთესო საშუალებაა. საქართველოს სტენდს – „Education in Georgia-ს“ სივრცეს მრავალი მონაწილე ესტუმრა და ადგილზე გაეცნო ქართული უნივერსიტეტების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, მიიღო ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, VR სათვალის მეშვეობით დაათვალიერა როგორც საუნივერსიტეტო კამპუსები, ისე ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ 50-ზე მეტ სესიასა და პრეზენტაციაში, გვქონდა შეხვედრები, რომელთა მიზანი ახალი კოლაბორაციების შესახებ შეთანხმებების ინიციირება და ერთობლივი ახალი პროგრამების განხილვა იყო.
რაც მთავარია, გამოფენაში მონაწილეობით ჩვენმა უნივერსიტეტმა შეიძინა მოქნილი პლატფორმა საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისა და გლობალური მობილობის პროგრამების განხორციელებისთვის. გარდა ამისა, NAFSA-ს პლატფორმა დიდ დახმარებას გაგვიწევს კურიკულუმების და კვლევების ინტერნაციონალიზაციისა და საგანმანათლებლო სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური პროგრამები სრულ თანხვედრაშია NAFSA-ს STEM განათლების გლობალური განვითარების კონცეფციასთან, ასევე, მდგრადი და ინტერკულტურული საგანმანათლებლო პრაქტიკების ხელშეწყობასთან. ვიმედოვნებთ, რომ NAFSA-ზე შეძენილი კავშირები მეტად გაძლიერდება და გადაიზრდება ახალ მემორანდუმებში, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და ახალ გაცვლით პროგრამებში. კერძოდ, უკვე ვგეგმავთ ვიმუშაოთ ურთიერთგაგების ახალ მემორანდუმებზე ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებთან, ავამოქმედოთ ახალი გაცვლითი პროგრამები საინჟინრო-ტექნოლოგიური და არქიტექტურის მიმართულებით, გავაძლიეროთ საერთაშორისო აქტივობები ერთობლივი სემინარებით, კონფერენციებითა და სტუდენტური რეკრუტინგის მისიებით, პარალელურად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გააგრძელებს მონაწილეობას NAFSA-ს რეგიონულ ღონისძიებებსა და სემინარებში. „Education in Georgia“-ს ეგიდითა და საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში NAFSA 2025-ში მონაწილეობა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გლობალური პოზიციონირებისა და აკადემიური გავლენის გაძლიერების მიმართულებით. ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“, – აღნიშნა თეა მურვანიძემ.
შეხვედრის დასასრულს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხა.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...