სტუ-ის მეცნიერი IAEA-ის სათავო ოფისში საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში მოხსენებებით წარსდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა გიორგი ნაბახტიანმა ვენაში (ავსტრია), ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სათავო ოფისში, გაერთიანებული კონვენციის გამოყენებულ ბირთვულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ მე-8 განსახილველ შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში მიიღო. საქართველოს დელეგაციას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე ხელმძღვანელობდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სათავო ოფისში უნივერსიტეტის მეცნიერი გაწეული სამუშაოს შესახებ საქართველოს ანგარიშით (ანალიზი) წარდგა, რომელიც მისივე ავტორობით იქნა დამუშავებული.

1 (3).png

გიორგი ნაბახტიანის ვრცელი მოხსენება მოიცავდა ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბირთვულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს გამოცდილებას და ამ მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების სრულ ანალიზს. სტუ-ის მეცნიერმა უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, კანადის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების და სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა შეკითხვებს, ასევე, მონაწილეობა მიიღო სხვა ქვეყნების ანაგარიშების შეფასებაში. 

როგორც პროფესორი გიორგი ნაბახტიანი აღნიშნავს, IAEA-ის სათავო ოფისში ასევე შედგა რადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვის სისტემების (SRIS/SWIFT) განვითარება-დანერგვის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა, რომელზეც ის კონსულტანტის რანგში წარსდგა და SRIS/SWIFT სისტემების განვითარების თაობაზე რიგი წინადადებები წარმოადგინა.

2 (2).png

მეცნიერის თქმით, ის მოხსენებით გამოვიდა და ჯგუფის მუშაობას უძღვებოდა IAEA-ის შტაბ-ბინაში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზეც, რომელიც რადიოაქტიური წყაროების მიწისპირა სამარხში დაფლობის საკითხებს ეხებოდა. 
 
„როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარისთვის, დიდი პატივი იყო საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში, ვენაში, IAEA-ის შტაბ-ბინაში, მერვე განსახილველ შეხვედრაში მონაწილეობა. ეს იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარმოგვედგინა ჩვენი ქვეყნის მიღწევები დახარჯული ბირთვული საწვავისა და რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიმართულებით. საქართველოს გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო ექსპერტებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებთან დიალოგი აძლიერებს გლობალურ ბირთვულ უსაფრთხოებას და ხაზგასმით ადასტურებს საერთაშორისო სტანდარტების მიმართ საქართველოს ერთგულებას”, – აცხადებს სტუ-ის მეცნიერი.

სტუ-ში საერთაშორისო ABET ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ამერიკელმა სპეციალისტებმა ABET აკრედიტაციის მაძიებელი რამდენიმე ქართულ და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციისათვის მზაობის შესახებ დასკვნა წარმოადგინეს.

შემაჯამებელ შეხვედრამდე ABET ჯგუფს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე შეხვდა და, ამერიკელ ექსპერტ-კონსულტანტებთან ერთად, ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან შესრულებული სამუშაო განიხილა და მოსალოდნელ პერსპექტივებზე იმსჯელა.

საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთდროულად ხუთ ქართულ და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას ამზადებს: ენერგეტიკის ფაკულტეტის „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“, სამშენებლო ფაკულტეტის „სამოქალაქო ინჟინერია“, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის „კომპიუტერული ინჟინერია“, „კომპიუტერული მეცნიერებები“ და „ბიოსამედიცინო ინჟინერია“. 

შემაჯამებელ შეხვედრაში სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ABET აკრედიტებული ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე, ABET ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, კლემსონის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ჯო ტერნერი, სირაკუსის, ორეგონისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების (აშშ) პროფესორი ფრენსის ედვარდ ნოელი, მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი უილიამ ჰენრი ჰაითერი, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ABET აკრედიტაციის მაძიებელი პროგრამების ხელმძღვანელები და ხარისხის მართვის მენეჯერები მონაწილეობდნენ. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფის სამუშაო ვიზიტის მისია საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და ABET საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებისთვის უნივერსიტეტის საინჟინრო პროგრამების მზადების პროცესის კონსულტირება, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამების ABET სტანდარტებთან შესაბამისობის განხილვა და ამ მიმართულებით რეკომენდაციების გაცემა იყო. 

ვიზიტის ფარგლებში ABET ჯგუფმა საკონსულტაციო შეხვედრები ჩაატარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, ენერგეტიკის და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტებზე საერთაშორისო აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო პროგრამების ABET მოსამზადებელ ჯგუფებთან და აკადემიურ პერსონალთან.

განიხილეს საბაკალავრო პროგრამების თვითშეფასების ანგარიშები, საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტური მასალები და დეტალურად გაეცნენ სასწავლო ინფრასტუქტურასა და სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ ბაზას. ABET ექსპერტ-კონსულტანტების შეფასებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები უდავოდ მაღალ შეფასებას იმსახურებს. 

როგორც შემაჯამებელ შეხვედრაზე ABET ჯგუფის ხელმძღვანელმა, კლემსონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯო ტერნერმა აღნიშნა, წინასწარი დასკვნის საფუძველზე, სავსებით შესაძლებელია 2026-2027 ABET შეფასებების ციკლისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე წარდგენა. 

„დასაფასებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური კორპუსის ძალისხმევა და მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ ხუთმა საგანმანათლებლო პროგრამამ, ახლო მომავალში, ABET აკრედიტაცია მოიპოვოს. ჩვენ უკვე, სამი წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ჩატარდა მოცულობითი სამუშაოები, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები და დიდი იმედი მაქვს, 2026-2027 წლებში ხუთივე პროგრამა ABET აკრედიტაციას მოიპოვებს. მეტიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ისინი ჩაერთვებიან ამ ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პროგრამაში“, – განაცხადა ჯო ტერნერმა. 

სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ABET აკრედიტებული ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, იმს ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელის, ირინე გოცირიძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით მუშაობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. 

„ABET ექსპერტ-კონსულტანტებთან სამუშაო შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც თითოეული პროგრამისთვის და მათი განმახორციელებელი პერსონალისთვის, ასევე, ზოგადად, უნივერსიტეტისთვის, რადგან ეს საერთაშორისო ექსპერტ-კონსულტანტების მხრიდან გაცემული აკადემიური პროგრესის შემაჯამებელი შეფასებაა. საგულისხმოა, რომ 2023 წელს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ, პირველად ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში, მოიპოვა ABET აკრედიტაცია, რაც დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგი იყო. ამ რთულ პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. დარწმუნებული ვართ, 2026 წელს უნივერსიტეტი სრულად იქნება მზად საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად და შესაბამისად, ხუთივე პროგრამა წარმატებით გაივლის აკრედიტაციას საინჟინრო და კომპიუტერულ მეცნიერებათა პროგრამების კომისიებში“, – ამბობს ირინე გოცირიძე.

ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ ახალგაზრდობის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფისა და მათთვის ახალი შესაძლებლობების გახსნისთვის.

ვიცე-რექტორის თქმით, ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის გაიღო, კეთილშობილურ მიზანს ემსახურება.

„ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მიღებით, გზას ვუხსნით ჩვენს ახალგაზრდებს, რათა მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების განათლება და პრაქტიკული უნარები, რაც მათ მსოფლიო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან პირობებში ცააყენებს და ღისეულად დასაქმებაში დაეხმარება. საგულისხმოა, რომ ABET ჯგუფთან შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიული ბაზა არ ჩამოუვარდება ამერიკის შეერთებული შტატების ტოპ ათეულში შესული უნივერსიტეტების ლაბორატორიებს. ეს ჩვენი უნივერსიტეტის უდიდესი მიღწევაა. ამ მიმართულებით დასაფასებელია ყველა იმ ადამიანის წვლილი, ვინც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გამართული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება უზრუნველყო. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, გვინდა მადლობა ვუთხრათ საქართველოს მთავრობას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს – მათი მხარდაჭერის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. დარწმუნებული ვართ, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ და ვიმედოვნებთ, ხუთივე პროგრამა – რექტორის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროგრამის ხელმძღვანელებისა და აკადემიური პერსონალის ერთობლივი ძალისხმევით – საერთაშორისო აკრედიტაციას ღირსეულად მოიპოვებს. შედეგი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი სასწავლებლის ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოზიციებს გააძლიერებს, ჩვენი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ხარისხის განათლებისა და საერთაშორისო დიპლომის მიღების შესაძლებლობებს გაზრდის, რითაც ჩვენი ახალგაზრდების მომავალი გარანტირებულად უკეთესი იქნება. დარწმუნებული ვართ, ორ წელიწადში შევძლებთ თამამად განვაცხადოთ, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელის სტუდენტებს, მათ შორის საერთაშორისო სტუდენტებს, ერთდროულად ამდენ საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლას შესთავაზებს“, – აღნიშნავს თამარ ლომინაძე.

ცნობისათვის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო (ABET) მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია ინჟინერიის, საინჟინრო ტექნოლოგიების, გამოყენებითი, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების განათლების ხარისხის მონიტორინგზე, შეფასებასა და სერტიფიცირებაზე.

ABET-ის მიერ აკრედიტებულ პროგრამებს, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 180 000-ზე მეტი სტუდენტი ამთავრებს, მათ შორის ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (California Institute of Technology), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology), სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University) და სხვ.

დოქტორ მერაბ ადეიშვილის ახალი მონოგრაფიის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, მერაბ ადეიშვილის ახალი მონოგრაფიის – „საინჟინრო დარგების განვითარება საქართველოში – განათლება, მეცნიერება, მშენებლობა“ – პრეზენტაცია გაიმართა. 

წიგნში სრულყოფილად არის გადმოცემული მე-20 საუკუნის ქართული ინჟინერიის განვითარების ტენდენციები, საკვანძო ეტაპები, საინჟინრო განათლების, ინდუსტრიებისა და მეცნიერების სისტემის ფორმირების საკითხები, ასევე, საინჟინრო დარგებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ქართველ ინჟინერთა უმნიშვნელოვანესი წვლილი საქართველოს აღმშენებლობაში.
 

2 (1).png

ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერ-მკვლევრები, საინჟინრო-ტექნოლოგიური დაგების წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები და სტუდენტები ესწრებოდნენ, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

როგორც რექტორმა აღნიშნა, დოქტორ მერაბ ადეიშვილის მონოგრაფია მრავალმხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანია საინჟინრო დარგებით დაინტერესებული მკითხველისა და, განსაკუთრებით, ახალი თაობისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორი, ერთიანი საინჟინრო განათლების, მეცნიერებისა და ინდუსტრიის განვითარების ღრმა ანალიზით, გადმოსცემს საქართველოში თანამედროვე საბაზო ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების ტენდენციებს, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების პირველი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების ისტორიას, ქართული სამეცნიერო-საინჟინრო სკოლის მიღწევებს, აღწერს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ქართველ ინჟინერთა მიერ შექმნილ უნიკალურ შენობა-ნაგებობებს, აანალიზებს უნივერსიტეტში მოღვაწე ინჟინერ-მეცნიერთა და საინჟინრო დარგების წამყვან სპეციალისტთა წვლილს საინჟინრო ინდუსტრიების განვითარებასა და ქვეყნის აღმშენებლობაში. 

დავით გურგენიძის თქმით, მონოგრაფიის წარდგენა, ავტორის სურვილით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა, იმ ალმა-მატერში, რომლის კურსდამთავრებული დოქტორი მერაბ ადეიშვილია და სადაც, წლების განმავლობაში, ის საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და დღესაც არის ქართული საინჟინრო აზროვნების კერა და სამჭედლო წამყვანი საინჟინრო კადრებისა, რომელთა ხელით ნაშენებია და შენდება საქართველო. სწორედ უნივერსიტეტის კედლებში ყალიბდება ის გამორჩეული გონი, რომელიც სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესისა და საინჟინრო ინდუსტრიების შექმნა-განვითარების საფუძველია. ამ უდიდესი საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეული კურსდამთავრებული მერაბ ადეიშვილია – მეცნიერი, პედაგოგი და ჩვენი საინჟინრო მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელი. საგულისხმოა, რომ მისი ახალი მონოგრაფიის -„საინჟინრო დარგების განვითარება საქართველოში“ – პრეზენტაცია მშობლიურ უნივერსიტეტში გაიმართა – აქ, საიდანაც მერაბ ადეიშვილის პროფესიული გზა იწყება და სადაც, წლების მანძილზე, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალ თაობებს უზიარებს.

წარმოდგენილი მონოგრაფია ერთგვარი ეპიკური მოგზაურობაა ქართული ინჟინერიის განვითარების ისტორიაში და ასახავს მთელი საუკუნის დინამიკას: პირველი ქართული უმაღლესი საინჟინრო სკოლის დაფუძნებას, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მიღწევებს, გამარჯვებებს და იმ დაუღალავ შრომას, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა, პროფესორ-მასწავლებელთა და კურსდამთავრებულთა ხელით, პროგრესის საფუძველი შექმნა. ეს ნაშრომი სწორედ ამ ნიჭიერ და თავდადებულ ინჟინრებს, მეცნიერებსა და მოაზროვნეებს ეძღვნება, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ინჟინერიის განვითარებაზე. 

მონოგრაფია იწყება დიდი ნიკო ნიკოლაძის სიტყვებით: „ქვეყნის აღორძინებას გამოყენებითი მეცნიერება და საინჟინრო კადრები სჭირდება“ და ეს სიტყვები ლაიტმოტივად მიჰყვება ნაშრომს. პირველი თავიც – „ულმობელი საქმის კაცი“ – ნიკო ნიკოლაძეს ეძღვნება, რომელმაც, თავისი განსწავლულობითა და პრაქტიკული ხედვით, საფუძველი ჩაუყარა ინჟინრების მომზადებას, საინჟინრო დარგებისა და ინდუსტრიების განვითარებას საქართველოში.

თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ 600-გვერდიანი მონოგრაფია ენციკლოპედიური მნიშვნელობის გამოცემაა, რომელიც აერთიანებს ისტორიულ ანალიზს, მოგონებებს, ნარკვევებს და ღრმა პროფესიულ ხედვას. ეს არის ძვირფასი შენაძენი არა მხოლოდ ქართული ინჟინერიისთვის, არამედ ჩვენი საზოგადოების კოლექტიური მეხსიერებისთვის. ის მოგვითხრობს, თუ როგორ მოხდა განათლების, მეცნიერებისა და ინჟინერიის შერწყმა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ვფიქრობთ, ქართული ინჟინერიის ისტორიას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაც არის, აუცილებლად უნდა გაეცნონ ჩვენი სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები, ჩვენი საზოგადოება. წარმატებებს ვუსურვებთ ამ შესანიშნავი წიგნის ავტორს და მადლობას ვუხდით მას იმ შესაძლებლობისთვის, რაც ქართული ინჟინერიის ისტორიის მომავალი თაობებისთვის გაზიარებას უკავშირდება”, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

მონოგრაფია, ვიზუალური მასალის თანხლებით, ავტორმა წარადგინა. მერაბ ადეიშვილმა მადლობა გადაუხადა რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, წიგნის რეცენზენტებს – სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრებს და იმ პირებს, ვინც ნაშრომზე მუშაობის პროცესში მას დახმარება თუ კონსულტაცია გაუწია.

როგორც მერაბ ადეიშვილმა აღნიშნა, მონოგრაფია, რომელიც 9 თავისა და დანართისგან შედგება, 1700-მდე საილუსტრაციო მასალას მოიცავს, მათ შორისაა საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი ფოტოები და დოკუმენტური მასალები.  

ავტორმა ყურადღება გაამახვილა ინჟინერიის განვითარების საკვანძო ეტაპებზე, ისაუბრა საქართველოს პოლიტექნიკური ფაკულტეტის, ინსტიტუტისა და შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც დიდი საინჟინრო საგანმანათლებლო და სამეცნიერო გაერთიანების დაარსების შესახებ, მიმოიხილა საინჟინრო განათლების ტენდენციები, საინჟინრო-სამეცნიერო მიღწევები, ასევე, ინდუსტრიების ფორმირებისა და მათი განვითარების ეტაპები. 

მონოგრაფიის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა, სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებმა, ასევე, საინჟინრო დარგების სპეციალისტებმა და მიწვეულმა სტუმრებმა.

მერაბ ადეიშვილის მონოგრაფია – „საინჟინრო დარგების განვითარება საქართველოში – განათლება, მეცნიერება, მშენებლობა“ – დარგის სპეციალისტების გარდა, მკითხველთა ფართო წრეს დააინტერესებს. მისი გამოყენება ასევე მნიშვნელოვანი იქნება სამშენებლო და სხვა ტექნიკურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, როგორც დამატებითი სახელმძღვანელო მასალა ინჟინერიის ისტორიაში. 

სტუ-სა და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე, შენობების ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირების გადამზადების მიზნით, „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსთან“ პარტნიორობით, პროფესიული გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა შემუშავდება და დაინერგება. 

აღნიშნულის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის ხელმოწერის ღონისძიება, რომელსაც ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, პროფესორ-მასწავლებლები, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის, ასევე, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. 

თამარ წერეთლის განცხადებით, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების გადაწყვეტილება მხარეებმა ქვეყნის ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ერთობლივად შემუშავების მიზნით მიიღეს. 

2.png

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, შენობების ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირების პროფესიული გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან კოოპერაციით შემუშავდება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ,,ინკლუზიური განვითარება მდგრადი და მწვანე ბიზნესპრაქტიკის დანერგვით საქართველოში” – ფარგლებში დაინერგება. მისი თქმით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის წინაპირობების შექმნას და მას ,,ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო (EECG)“, ,,World Vision საქართველო“ და ,,საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ (GFA) ახორციელებენ.

თამარ წერეთლის განცხადებით, მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, უნივერსიტეტსა და ენერგოეფექტურობის ცენტრს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, რაც მხარეებს საშუალებას მისცემს ერთობლივად იზრუნონ ახალგაზრდა, კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებასა და მათ სამომავლო დასაქმებაზე.

„დარწმუნებული ვართ, პარტნიორობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ შორის გახდება ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შედგეს ეფექტიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა უნივერსიტეტსა და ენერგოსექტორში მოქმედ ორგანიზაციას შორის. დოკუმენტი, რომლის ხელმოწერაც შედგა, ითვალისწინებს უნივერსიტეტის მხრიდან სრულ ჩართულობას ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოაუდიტის მიმართულებით ახალგაზრდა კადრების მოსამზადებლად. აღნიშნულ პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთვებიან და ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანას არაერთ გამოცდილ ახალგაზრდა სპეციალისტს შევძენთ, რომელთაც გარანტირებულად ექნებათ დასაქმების გრძელვადიანი პერსპექტივა. წარმატებას ვუსურვებ მხარეებს დასახული მიზნების განხორციელებაში“, – აღნიშნა ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა. 

სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერთა მენტორობით აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა გუნდები ინოვაციური STEM პროექტების შექმნაზე იმუშავებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მოქმედ ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრს სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის მე-9-10 კლასების მოსწავლეები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ეწვივნენ და იმ ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ, რომლებიც საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდებმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტის მეცნიერთა მენტორობით განახორციელეს და სხვადასხვა დროს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვება მოიპოვეს. 

სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდები ინოვაციურ პროექტებს უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრის, ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილისა და უნივერსიტეტის მკვლევართა მენტორობით შეიმუშავებენ და სამომავლოდ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე – „ლეონარდო და ვინჩი“ – წარადგენენ.

მეცნიერებით დაინტერესებულ ნიჭიერ მოსწავლეეებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელით, მხარდაჭერა მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა აღუთქვა.

სტუ-ის ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრში მოსწავლეებთან შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, მინისტრის მრჩეველი ნინო ლობჟანიძე, სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო სიჭინავა და ფიზიკის პედაგოგი ლია ოხანაშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის პროცესში, სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ახალდჩამოყალიბებულ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, ეფექტურად გამოიყენონ ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების საუნივერსიტეტო ცენტრის მდიდარი ლაბორატორიული რესურსი და სწავლების თანამედროვე მეთოდებთან ერთად, წარმატებით შეითვისონ დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის STEM უნარ-ჩვევები. პროფესორმა თალიკო ჟვანიამ მოსწავლეებს სამეცნიერო ასპარეზზე წარმატებები უსურვა. 

როგორც სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერმა, ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საუნივერსიტეტო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული მოსწავლე-ახალგაზრდების არაერთი თაობა აღიზარდა და ინოვაციური საინჟინრო გამოგონებების მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

დავით სონღულაშვილის თქმით, სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ახალი გუნდები უკვე უახლოესი მომავლიდან, სტუ-ის მეცნიერ-მკველევართა მენტორობით, პროექტებზე მუშაობას ონლაინ ფორმატში შეუდგებიან. 

„საგულისხმოა, რომ ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების საუნივერსიტეტო ცენტრში აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა ნიჭიერი თაობები აღიზარდა და მათ მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს. მხედველობაში გვაქვს მათ მიერ STEM მიმართულებით შემუშავებული ინოვაციური პროექტები და სხვადასხვა კონკურსებში მოპოვებული გამარჯვებები. სასიხარულოა, რომ ამჯერადაც, სენაკის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები იმდენად არიან მოტივირებული, რომ მზადყოფნას გამოთქვამენ, ჩამოაყალიბონ გუნდები, რომლებიც STEM პროექტებზე იმუშავებენ. მათ მენტორობას გავუწევთ როგორც მე, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრები. სამუშაო საკმაოდ ბევრია. უახლოესი მომავლიდან მუშაობას ინტენსიურად, ონლაინ ფორმატში შევუდგებით, ასევე, დაგეგმილი გვაქვს საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ტრენინგების ჩატარება. ყველა სამუშაო ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების საუნივერსიტეტო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება. მომზადებულ პროექტებს წარვადგენთ ისეთ მნიშვნელოვან STEM ღონისძიებაზე, როგორიცაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი – „ლეონარდო და ვინჩი“. მადლობას ვუხდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, პირად მინისტრს, ბატონ ბექა ღვაჩლიანს, მოადგილეს, ბატონ დავით მიქავას, აფხაზეთიდან დევნილი მოტივირებული და ნიჭიერი მოზარდი თაობის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა. 

პროფესორმა დავით სონღულაშვილმა სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრსა და მოადგილეს ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების საუნივერსიტეტო ცენტრში შექმნილი ინოვაციური პროექტები, რეალური, ვირტუალური და დისტანციურად მართვადი ლაბორატორიები დაათვალიერებინა, შეხვედრის დასასრულს კი, საჯარო სკოლასა და მოსწავლეებს STEM პროგრამის კომპლექტები, ულტრაბგერული რობოტი, ფიზიკა-ქიმიის ვირტუალური ლაბორატორიული კურსისა და აფხაზური ენის შემსწავლელი კურსის ელექტრონული პროგრამები საჩუქრად გადასცა. 

„სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობები, რაც მათ საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად აყალიბებს“ – სტუ-ის კურსდამთავრებული

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის, ევროპულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და გლობალური აღიარების საშუალებით, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ უნივერსიტეტმა ფუნდამენტური როლი შეასრულა ჩემი კარიერის ფორმირებაში. მან მომცა მყარი აკადემიური საფუძველი მევენახეობა-მეღვინეობაში და გამიხსნა გზა ფასდაუდებელი საერთაშორისო გამოცდილებებისკენ“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნიკოლოზ კირვალიძე აცხადებს.
ნიკოლოზ კირვალიძემ 2024 წელს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და ენოლოგიის ინგლისურენოვანი მაგისტრატურა დაამთავრა.

როგორც ნიკოლოზ კირვალიძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მოტივაცია, მევენახეობისა და ენოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის უნიკალურობის გარდა, იყო უდიდესი სურვილი, მიეღო საერთაშორისო გამოცდილება იმ უამრავი შესაძლებლობებისა და პროგრამების საშუალებით, რომლებსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტს სთავაზობს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, პროფესიული მიმართულებით ვიმყოფებოდი იტალიაში, მილანის უნივერსიტეტში. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ კი საშუალება მომეცა, მონაწილეობა მიმეღო Vinifera EuroMaster-ის ორდიპლომიან პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მეორე კურსის პირველი სემესტრი გავიარე გერმანიაში, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში, სადაც კიდევ უფრო გავიღრმავე ცოდნა ჩემი მიმართულებით და მივიღე მყარი ფუნდამენტი მეორე, დამამთავრებელი სემესტრისთვის, რომელიც საფრანგეთში, ბორდოს ვაზისა და ღვინის სამეცნიერო ინსტიტუტში გავატარე სამაგისტრო ნაშრომზე სამუშაოდ.

გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში საშუალება მომეცა მონაწილეობა მიმეღო თანამედროვე კვლევებში და ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებიც გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის კლიმატის ცვლილებას ეხება. ასევე, შესაძლებლობა მქონდა მემუშავა მევენახეობა-მეღვინეობის წამყვანი რეგიონების ექსპერტებთან, რაც უდიდესი პროფესიული გამოცდილება იყო ჩემთვის.

გავიღრმავე ცოდნა ვაზის ფიზიოლოგიაში, ვენახის მართვაში, მეღვინეობის განსხვავებულ ტექნიკებში, ღვინის სენსორულ შეფასებასა და ვაზის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებში. ასევე, საშუალება მომეცა, გავცნობოდი სხვადასხვა ქვეყნის ინოვაციურ მიდგომებსა და გლობალურ პრაქტიკებს მევენახეობა-მეღვინეობაში.

ვფიქრობ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც მევენახეობა-მეღვინეობაში მაღალი დონის განათლებას ეძებს, ამასთან ერთად, სურს მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება და შექმნას მტკიცე პროფესიული კავშირები მსოფლიოში აღიარებულ სპეციალისტებთან.

უნივერსიტეტში სტუდენტებს ეძლევათ პრაქტიკული და კვლევითი შესაძლებლობები, რაც მათ საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად აყალიბებ“, – აცხადებს ნიკოლოზ კირვალიძე

სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

5-21 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ კონფერენციის ვებგვერდზე 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით. 

კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი ვალდებულია, გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია და მიმაგრებული ფაილის სახით (MS Word ფორმატი), წარადგინოს საკუთარი ნაშრომის ქართულ და ინგლისურენოვანი თეზისი (იხ. თეზისის ტექნიკური გაფორმების ინსტრუქცია).

კონფერენციაში მონაწილე დარეგისტრირებული სტუდენტი ვალდებულია, ნაშრომის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს შესაბამისი სექციის ხელმძღვანელთან, ფაკულტეტზე. 

ძირითადი თარიღები:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს ვებგვერდზე 2025 წლის 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით.
  • სამეცნიერო ნაშრომის წარდგენა შესაბამისი სექციის ხელმძღვანელთან, ფაკულტეტზე, იწარმოებს 30 აპრილიდან 20 მაისამდე; 
  • კონფერენციის გახსნის თარიღი: 4 ივნისი, 16:00 საათი, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. №77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზი;
  • კონფერენციის სექციების მუშაობა გაიმართება 5 ივნისიდან 21 ივნისამდე შესაბამის ფაკულტეტზე;
  • კონფერენციის დახურვის თარიღი: 8 ივლისი, 16:00 საათი, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. №77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი; 
ქ. თბილისი, მ. კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი №236; 
ტელ.: (+995 32) 2 77 11 11/7044.
ელ. ფოსტა: studconf@gtu.ge.

თეზისის ტექნიკური გაფორმების ინსტრუქცია (ჩამოსატვირთი).

ტექსტის ზომა – 12 pt; ტექსტის ფონტი – Sylfaen, სტრიქონებს შორის დაშორება: 1, ზედა საზღვარი: 3 სმ., ქვედა საზღვარი: 2 სმ., მარჯვენა საზღვარი: 2 სმ., მარცხენა საზღვარი: 2.5 სმ.

სტუ-ის რექტორის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გაკეთდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გაკეთდა. 

უნივერსიტეტის სახელით, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გააკეთა. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერ-მკვლევრები და სტუდენტები მწუხარებას გამოვთქვამთ მსოფლიო კათოლიკური სამწყსოსა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურის, რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკურ ეკლესიას, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ კათოლიკეებს, ვატიკანსა და წმინდა ეპარქიას. 

გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულითადი სამძიმარი“, – აღნიშნულია სამძიმრის ჩანაწერში. 

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების დღეს, კათოლიკე სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და საქართველოს კათოლიკე მრევლისადმი სამძიმარი სოციალურ ქსელში, უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

სტუ-ში ინკლუზიური განათლების ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

„ინკლუზიური განათლება მხოლოდ კონცეფცია არ არის, ის ყოველდღიური ძალისხმევაა, იმისათვის რომ შევქმნათ ხელმისაწვდომი, მხარდამჭერი და ყოვლისმომცველი საგანმანათლებლო გარემო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც წამყვანი უმაღლესი სკოლა, აღიარებს თავის უმნიშვნელოვანეს როლს ამ მისიის განხორციელებაში. ჩვენ ვართ არა მხოლოდ ცოდნისა და ინოვაციის ცენტრი, არამედ სოციალური პროგრესისა და ინკლუზიურობის სამაგალითო წყარო“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ბუაჩიძემ ინკლუზიური განათლების ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება, რომელიც ინკლუზიური განათლების ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა, სტუ-ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრის ინიციატივითა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ჩართულობით გაიმართა. 

შიდა-25.04.2025-სტუ-ინკლუზიური განათლების ცნობიერების ამაღლება-ღონისძიება.jpg

სტუ-ის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრის ხელმძღვანელს ეკა ნარეშელაშვილს და ინკლუზიური განათლების სპეციალისტ თამარ მახარაშვილს ღონისძიების ორგანიზებისთვის, ასევე, მოწვეულ სტუმრებს – პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლებს, გიორგი არზიანსა და ნინო გორგაძეს, განათლების ფსიქოლოგსა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტ ნინო ნიკოლეიშვილს.

როგორც ზაზა ბუაჩიძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე რამდენიმე ათეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი ირიცხება. 

„ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომ არც ერთ ადამიანს არ შეეზღუდოს სწავლის, განვითარების და წარმატების შესაძლებლობა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, აქტიურად უჭერს მხარს და ზრუნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შეიქმნას და განვითარდეს ინკლუზიური სერვისები. ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურით, დამხმარე ტექნოლოგიებით, აკადემიური მხარდაჭერის სისტემებითა და ცნობიერების ამაღლების ინიციატივებით, ჩვენ ვცდილობთ დავანგრიოთ ბარიერები და ყველას გავუხსნათ კარი განათლებისკენ. ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა უწყვეტი პროცესია, რომელიც მოითხოვს ყველა მონაწილე მხარის – პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების, პოლიტიკის შემქმნელების და მთელი საზოგადოების ჩართულობას. საჭიროა მოვუსმინოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, გავითვალისწინოთ მათი საჭიროებები და ვიმოქმედოთ გონიერებითა და გულისხმიერებით. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამ მიზნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როცა ერთად ვიკრიბებით, ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებებსა და იდეებს, ჩვენ ვზრდით ცნობიერებას და პოზიტიური ცვლილებებისთვის ვქმნით საფუძველს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ ერთობლივი ძალისხმევა ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ინკლუზიური განათლება ნორმა იქნება და არა გამონაკლისი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის იყოს ლიდერი და უზრუნველყოს, რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“, – განაცხადა ზაზა ბუაჩიძემ.

სტუ-ის პროფესორებმა პარი-საკლეს უნივერსიტეტში ლექცია-სემინარები ჩაატარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა – პაატა კერვალიშვილმა და თამარ ბერბერაშვილმა ევროკავშირის პროგრამა ERASMUS+-ის ფარგლებში, საფრანგეთში, პარი-საკლეს უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტსა (ECP) და მოლეკულური მეცნიერების ინსტიტუტში (ISMO) ლექცია-სემინარები გამართეს.

ლექციების თემატიკა ქართველ მეცნიერთა აღიარებული მიღწევების დემონსტრირებასა და ლაზერული ფიზიკისა და ტექნოლოგიების დარგში მათ გაზიარებას, ასევე, ნანობიოსისტემების ვიბრაციული სპექტროსკოპიის ლაზერულ-სპექტროსკოპიული მეთოდების განვითარებას ეხებოდა. 

2 (26).png

როგორც სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, ლექცია-სემინარებმა პარი-საკლეს ფიზიკური ქიმიისა და მოლეკულური მეცნიერების ინსტიტუტების მკვლევართა დიდი დაინტერესება გამოიწვია, გაიმართა დისკუსიები და გამოითქვა არაერთი მოსაზრება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის აღიარების კიდევ ერთი დადასტურებაა. 

„პროფესორ თამარ ბერბერაშვილთან ერთად, ფრანგი კოლეგებისთვის წავიკითხეთ ლექციები შემდეგ თემებზე: მოლეკულების ვიბრაცია და ოსცილაცია, რეზონანსი და ენერგიის გადაცემა, ვიბრაციული სპექტროსკოპია, ბირთვულ-რეზონანსული ვიბრაციული სპექტროსკოპია, ბირთვული სინთეზისთვის ლაზერული მეთოდით სამიზნეების შექმნა. გარდა ამისა, ვიბრაციული სპექტროსკოპიის როლსა და მომავალზე ჩავატარეთ ოთხი სემინარი და შევეხეთ ისეთ თემებს, როგორიცაა: ნანოსისტემების სპექტროსკოპია, სხვადასხვა წარმოშობის ნანონაწილაკების რეზონანსული კვლევის მეთოდები, ვიბრაციული პროცესების კვლევის გამოთვლითი მეთოდები ნანოსისტემებში და რეზონანსული სპექტროსკოპიის კვანტური მეთოდები. ამ კვლევებმა ECP-ის და ISMO-ის მეცნიერთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. 

საგულისხმოა, რომ ლექცია-სემინარების ჩატარების პარალელურად, შევხვდით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ ვესაუბრეთ პარი-საკლეს უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ კამილ გალაპს და ვიცე-პრეზიდენტს სამეცნიერო დარგში, პროფესორ მეჰრან მოსტაფავის, გავაცანით ჩვენი ახალი სამეცნიერო სამუშაოების შედეგები. პარი-საკლეს პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვეს სურვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან კოოპერაციით, დაფუძნდეს ერთობლივი სამეცნიერო ლაბორატორია, რომელიც კვლევებს მიმართავს ლაზერული ფიზიკისა და სპექტროსკოპიის მიმართულებით და ასახვას პოვებს მწვანე ენერგეტიკაზე, ბიომედიცინასა და კომპიუტერული სისტემების განვითარებაზე.
 3 (7).png

როგორც შეხვედრებზე პარი-საკლეს მოლეკულური მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თომა პინომ და ინსტიტუტის მეცნიერებმა აღნიშნეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, უახლესი ტიპის კვლევითი ლაბორატორიის დაფუძნება შესაძლებელია ISMO-ს ბაზაზე, რაც, ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის ქართულ-ფრანგული ერთობლივი ჯგუფის საქმიანობასთან ერთად, კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ-ფრანგულ კოოპერაციას უახლესი სამეცნიერო-ინოვაციური მიმართულებების განვითარებაში. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმოებულ სამეცნიერო კვლევებს სულ უფრო მეტი აღიარება აქვს საერთაშორისო სივრცეში”, – ამბობს პროფესორი კერვალიშვილი.

პროფესორ თამარ ბერბერაშვილის თქმით, პარი-საკლეს უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრები ცნობილ მეცნიერებთან, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტების ერთ-ერთ აქტიურ მონაწილესთან, პროფესორ პედრო დე ოლივეირა-ალამედასთან, ასევე, პროფესორ ქრისტოფ უმბერტთან; სტუ-ის მეცნიერები გაეცნენ პარიზი-საკლეს უნივერსიტეტის მოლეკულური მეცნიერებისა და ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტებში მიმდინარე ახალ ექსპერიმენტებსა და ახალდასრულებული კვლევების შედეგებს.

ვიზიტის ფარგლებში, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა, ფრანგ კოლეგებთან ერთად, ასევე, იმსჯელეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პარი-საკლეს უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-აკადემიური კოლაბორაციის გაფართოებისა და ქართველი და ფრანგი ახალგაზრდა მკვლევრების ქმედითი მხარდაჭერის შესაძლებლობებზე. 

Support

Why are you writing to us?