დოქტორ მერაბ ადეიშვილის ახალი მონოგრაფიის პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, მერაბ ადეიშვილის ახალი მონოგრაფიის – „საინჟინრო დარგების განვითარება საქართველოში – განათლება, მეცნიერება, მშენებლობა“ – პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნში სრულყოფილად არის გადმოცემული მე-20 საუკუნის ქართული ინჟინერიის განვითარების ტენდენციები, საკვანძო ეტაპები, საინჟინრო განათლების, ინდუსტრიებისა და მეცნიერების სისტემის ფორმირების საკითხები, ასევე, საინჟინრო დარგებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ქართველ ინჟინერთა უმნიშვნელოვანესი წვლილი საქართველოს აღმშენებლობაში.
ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერ-მკვლევრები, საინჟინრო-ტექნოლოგიური დაგების წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები და სტუდენტები ესწრებოდნენ, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, დოქტორ მერაბ ადეიშვილის მონოგრაფია მრავალმხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანია საინჟინრო დარგებით დაინტერესებული მკითხველისა და, განსაკუთრებით, ახალი თაობისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორი, ერთიანი საინჟინრო განათლების, მეცნიერებისა და ინდუსტრიის განვითარების ღრმა ანალიზით, გადმოსცემს საქართველოში თანამედროვე საბაზო ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების ტენდენციებს, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების პირველი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების ისტორიას, ქართული სამეცნიერო-საინჟინრო სკოლის მიღწევებს, აღწერს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ქართველ ინჟინერთა მიერ შექმნილ უნიკალურ შენობა-ნაგებობებს, აანალიზებს უნივერსიტეტში მოღვაწე ინჟინერ-მეცნიერთა და საინჟინრო დარგების წამყვან სპეციალისტთა წვლილს საინჟინრო ინდუსტრიების განვითარებასა და ქვეყნის აღმშენებლობაში.
დავით გურგენიძის თქმით, მონოგრაფიის წარდგენა, ავტორის სურვილით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა, იმ ალმა-მატერში, რომლის კურსდამთავრებული დოქტორი მერაბ ადეიშვილია და სადაც, წლების განმავლობაში, ის საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და დღესაც არის ქართული საინჟინრო აზროვნების კერა და სამჭედლო წამყვანი საინჟინრო კადრებისა, რომელთა ხელით ნაშენებია და შენდება საქართველო. სწორედ უნივერსიტეტის კედლებში ყალიბდება ის გამორჩეული გონი, რომელიც სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესისა და საინჟინრო ინდუსტრიების შექმნა-განვითარების საფუძველია. ამ უდიდესი საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეული კურსდამთავრებული მერაბ ადეიშვილია – მეცნიერი, პედაგოგი და ჩვენი საინჟინრო მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელი. საგულისხმოა, რომ მისი ახალი მონოგრაფიის -„საინჟინრო დარგების განვითარება საქართველოში“ – პრეზენტაცია მშობლიურ უნივერსიტეტში გაიმართა – აქ, საიდანაც მერაბ ადეიშვილის პროფესიული გზა იწყება და სადაც, წლების მანძილზე, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალ თაობებს უზიარებს.
წარმოდგენილი მონოგრაფია ერთგვარი ეპიკური მოგზაურობაა ქართული ინჟინერიის განვითარების ისტორიაში და ასახავს მთელი საუკუნის დინამიკას: პირველი ქართული უმაღლესი საინჟინრო სკოლის დაფუძნებას, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მიღწევებს, გამარჯვებებს და იმ დაუღალავ შრომას, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა, პროფესორ-მასწავლებელთა და კურსდამთავრებულთა ხელით, პროგრესის საფუძველი შექმნა. ეს ნაშრომი სწორედ ამ ნიჭიერ და თავდადებულ ინჟინრებს, მეცნიერებსა და მოაზროვნეებს ეძღვნება, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ინჟინერიის განვითარებაზე.
მონოგრაფია იწყება დიდი ნიკო ნიკოლაძის სიტყვებით: „ქვეყნის აღორძინებას გამოყენებითი მეცნიერება და საინჟინრო კადრები სჭირდება“ და ეს სიტყვები ლაიტმოტივად მიჰყვება ნაშრომს. პირველი თავიც – „ულმობელი საქმის კაცი“ – ნიკო ნიკოლაძეს ეძღვნება, რომელმაც, თავისი განსწავლულობითა და პრაქტიკული ხედვით, საფუძველი ჩაუყარა ინჟინრების მომზადებას, საინჟინრო დარგებისა და ინდუსტრიების განვითარებას საქართველოში.
თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ 600-გვერდიანი მონოგრაფია ენციკლოპედიური მნიშვნელობის გამოცემაა, რომელიც აერთიანებს ისტორიულ ანალიზს, მოგონებებს, ნარკვევებს და ღრმა პროფესიულ ხედვას. ეს არის ძვირფასი შენაძენი არა მხოლოდ ქართული ინჟინერიისთვის, არამედ ჩვენი საზოგადოების კოლექტიური მეხსიერებისთვის. ის მოგვითხრობს, თუ როგორ მოხდა განათლების, მეცნიერებისა და ინჟინერიის შერწყმა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ვფიქრობთ, ქართული ინჟინერიის ისტორიას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაც არის, აუცილებლად უნდა გაეცნონ ჩვენი სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები, ჩვენი საზოგადოება. წარმატებებს ვუსურვებთ ამ შესანიშნავი წიგნის ავტორს და მადლობას ვუხდით მას იმ შესაძლებლობისთვის, რაც ქართული ინჟინერიის ისტორიის მომავალი თაობებისთვის გაზიარებას უკავშირდება”, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
მონოგრაფია, ვიზუალური მასალის თანხლებით, ავტორმა წარადგინა. მერაბ ადეიშვილმა მადლობა გადაუხადა რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, წიგნის რეცენზენტებს – სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრებს და იმ პირებს, ვინც ნაშრომზე მუშაობის პროცესში მას დახმარება თუ კონსულტაცია გაუწია.
როგორც მერაბ ადეიშვილმა აღნიშნა, მონოგრაფია, რომელიც 9 თავისა და დანართისგან შედგება, 1700-მდე საილუსტრაციო მასალას მოიცავს, მათ შორისაა საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი ფოტოები და დოკუმენტური მასალები.
ავტორმა ყურადღება გაამახვილა ინჟინერიის განვითარების საკვანძო ეტაპებზე, ისაუბრა საქართველოს პოლიტექნიკური ფაკულტეტის, ინსტიტუტისა და შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც დიდი საინჟინრო საგანმანათლებლო და სამეცნიერო გაერთიანების დაარსების შესახებ, მიმოიხილა საინჟინრო განათლების ტენდენციები, საინჟინრო-სამეცნიერო მიღწევები, ასევე, ინდუსტრიების ფორმირებისა და მათი განვითარების ეტაპები.
მონოგრაფიის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა, სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებმა, ასევე, საინჟინრო დარგების სპეციალისტებმა და მიწვეულმა სტუმრებმა.
მერაბ ადეიშვილის მონოგრაფია – „საინჟინრო დარგების განვითარება საქართველოში – განათლება, მეცნიერება, მშენებლობა“ – დარგის სპეციალისტების გარდა, მკითხველთა ფართო წრეს დააინტერესებს. მისი გამოყენება ასევე მნიშვნელოვანი იქნება სამშენებლო და სხვა ტექნიკურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, როგორც დამატებითი სახელმძღვანელო მასალა ინჟინერიის ისტორიაში.
Related
GTU Rector, Academician David Gurgenidze, Expresses His Condolences to the Family and Colleagues on the Passing of Elene Abashidze
On behalf of the university community, the Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow over...
GTU Rector Awarded University Gold Medals and Honorary Diplomas to Eleven Professors
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, based on the GTU Academic Council decision, awarded GTU gold...
“Using Artificial Intelligence Tools in the Educational Process” – Training for Public School Teachers
The Faculty of Informatics and Control Systems of the Georgian Technical University has successfully completed the training program “Using Artificial...
Memorandum of Understanding Signed Between GTU and Oil and Gas Corporation
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli, and General Director of the Georgian Oil and Gas Corporation, Ekaterine...
International Scientific Conference “Dialogue of Civilizations, Problems and Challenges” Held at GTU
The II International Scientific Conference “Dialogue of Civilizations, Problems and Challenges” was held at the Georgian Technical University, organized by...
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...