სტუ-ის წარმომადგენლები Erasmus+ ReGrow პროექტის გახსნით შეხვედრას დაესწრნენ

20-24 იანვარს, საბერძნეთში, ქალაქ სალონიკიში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ReGrow პროექტის გახსნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც სტუ-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

კერძოდ, ღონისძიებას სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსი, გიორგი მიქიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეა მურვანიძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პარტნიორებთან მოლაპარაკებები გამართეს და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გახსნით ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ პროექტის სამწლიანი განხორციელების ეტაპები და მისი ძირითადი მიზნების შესახებ ისაუბრეს.
 
პროექტი ReGrow მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინაში უმაღლესი განათლების მოდერნიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას ზუსტი მიწათმოქმედების (Precision Agriculture) სამაგისტრო პროგრამის შექმნის გზით.

2 (3).png

პროექტი აერთიანებს ინოვაციურ სასწავლო პროგრამას, რომელიც ეფუძნება მდგრად პრაქტიკებს, მოწინავე ტექნოლოგიებსა და ციფრულ ტრანსფორმაციას. მისი მიზანია, რომ უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა და აგრარული სექტორის პროფესიონალებმა მიიღონ თანამედროვე ცოდნა და უნარები, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ReGrow-ის სამაგისტრო პროგრამის ჩარჩო (MSc Curriculum Framework), რომელიც დაეფუძნება დეტალურ კვლევას, გაანალიზებს თანამედროვე ტენდენციებს, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და არსებული განათლების ხარვეზებს.

გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს აკადემიური პერსონალისა და ტრენერების გადამზადებას, რათა მათი ცოდნა და უნარები შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის საჭიროებებს.

დამატებითი გამოცდები იწყება!

მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, ვინც დასკვნით გამოცდაში მიიღო FX შეფასება (41-დან 51 ქულამდე ან/და ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის ზღვარი – მიიღო 11 ქულაზე ნაკლები), 6-7 თებერვალს, დამატებითი გამოცდები ჩატარდება.

აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში ჩასაბარებელი დამატებითი გამოცდების ცხრილები იხილეთ ონლაინ პლატფორმაზე.

სტუ-ის სტუდენტებმა საშემოდგომო საწარმოო პრაქტიკა მეღვინეობის ქართულ, მსხვილ საწარმოებში გაიარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა საშემოდგომო საწარმოო პრაქტიკა, რომლის მიზანს რთველის დაგეგმვა-ორგანიზება, ღვინის წარმოების მეთოდების, მათ შორის, ქართული ტრადიციული მეთოდის, მოწყობილობათა ოპერირების, ღვინის საწარმოში მიმდინარე პროცესების, წარმოებაში არსებული გამოყენებული ენოლოგიური მასალების გაცნობა და პრაქტიკული სწავლება წარმოადგენს, მეღვინეობის ქართულ, მსხვილ საწარმოებში გაიარეს. 

სასწავლო კურსების განხორციელების მიზნით, მომავალი მევენახე-მეღვინეები გადანაწილებულები იყვნენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებში განთავსებულ ღვინის საწარმოებში, როგორიცაა: „თელიანი ველი“ „სევსამორა“, „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების მარანი“, „ღვინის კომპანია შუმი“, „მტევინო“, „შილდა“, „ალექსანდროული“, „კონჭოს მარანი“, „ქიმძმარაულის მარანი“, ბოლნისელ საოჯახო მეღვინეთა გაერთიანება – „ღვინო ბოლნისი“ შპს ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორია. 

სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსის ნინო ჩხარტიშვილის განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობის კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული წვლილი შექავთ პროფესიონალი კადრის მომზადების მიმართულებით. 

1.png

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მევენახეობა-მეღვინეობის კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს, კომპანიებს: „თელიანი ველი“ „სევსამორა“, „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების მარანი“, „ღვინის კომპანია შუმი“, „მტევინო“, „შილდა“, „ალექსანდროული“, „კონჭოს მარანი“, „ქიმძმარაულის მარანი“, ბოლნისელ საოჯახო მეღვინეთა გაერთიანებას – „ღვინო ბოლნისი“, შპს ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიას, რომლებსაც ყოვეწლიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მომავალი მევენახე-მეღვინეების პრაქტიკული უნარ-ჩვენების განვითარების, თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამტკიცების საქმეში. 

მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლო პროგრამების განხორციელების პროცესში საწარმოო პრაქტიკებს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. ამ პერიოდში, გაზაფხული-შემოდგომის სემესტრებში, სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ მევენახეობა-მეღვინეობის უმნიშვნელოვანეს ოპერაციებში როგორიცაა, საგაზაფხულო სამუშაოები ვენახში, რთველის დროის განსაზღვრა და დაგეგმვა, საწარმოში ყურძნის მიღება-გადამუშავება და სხვა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის საშემოდგომო სემესტრი, რომელიც წარმოადგენს სამაგისტრო თემის ექსპერიმენტულ ნაწილის განხორციელების პერიოდს.

საერთაშორისო ინტერნშიფების განხორციელებისთვის მიმდინარეობს  მოლაპარაკებები დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებთან, რომელიც, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართვას ისახავს მიზნად. მსგავსი პრაქტიკა გვქოდა. ისრაელის სახელმწიფოს არიელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 5 სტუდენტი ეწვია და საწარმოო პრაქტიკა კახეთისა და ქართლის რეგიონებში გაიარა “, –  განაცხადა პროფესორმა ნინო ჩხარტიშვილმა.

მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო სტუდენტები ყოვეწლიურად პროგრამის შესაბამისად საველე და საწარმოო პრაქტიკებს საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გადიან. 

საქველმოქმედო აქცია წეროვანის დევნილთა დასახლებაში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, დეკანის მოადგილეებმა, პროფესორებმა ლილი პეტრიაშვილმა, ნონა ოთხოზორიამ და ამავე ფაკულტეტის სტუდენტებმა თამარ ქოზაშვილმა და რომა კასაბურმა, ასევე, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ წეროვანის დევნილთა დასახლებაში ორ მრავალშვილიან ოჯახს ტანსაცმელი გადასცეს. 

საქველმოქმედო აქციათა ციკლი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დეკემბერ-იანვრის თვეში, წინასაახალწლო და საშობაო ღონისძიებებით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გორის ხანდაზმულთა სახლის – „შენი თბილი კერა”, თბილისის პანსიონატ „იმედის“ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს და წეროვანში, სოციალურად დაუცველთა – ცეზარ და ავთანდილ ჟამურელების მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტი, ასევე, პირველადი დახმარებისა და პირადი ჰიგიენის ნივთები გადაეცათ. 

როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ აღნიშნა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, „ქალთა ასოციაციასთან“ ერთად, პერმანენტულად ატარებს საქველმოქმედო აქციებს.

„ჟამურაშვილების ოჯახებს წელს მეორედ ვეწვიეთ. საახალწლოდ დავეხმარეთ სურსათ-სანოვაგით, ამჯერად კი ბავშვებს გადავეცით ტანსაცმელი ოთხივე სეზონისთვის. ძმები ჟამურელების ოჯახებში 10 არასრულწლოვანი იზრდება. ისინი 2008 წლიდან ახალგორში ცხოვრობენ. ავთანდილ ჟამურელის და ნინო კახურაშვილის 5 შვილიდან უფროსი 16 წლისაა, უმცროსები, ტყუპები – სამის, ხოლო ცეზარისა და გვანცა კაპარაშვილის ოჯახის უფროსი შვილი 14-ის, უმცროსი კი 5 წლისაა. აქციის ფარგლებში შევაგროვეთ ტანსაცმელი, სათამაშოები, შევიძინეთ აუცილებელი ნივთები, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ამ ბავშვებს. რექტორის ინიციატივის ხორცშესხმის მიზნით, სტუ-ის ქალთა ასოციაციასთან ერთად, ფაკულტეტი კვლავ გააგრძელებს საქველმოქმედო აქციათა ციკლს”, – აცხადებს თალიკო ჟვანია. 

უნივერსიტეტი რეგულარულად ზრუნავს საზოგადოების ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე – მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.

სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო კომისიამ 2025 წლის 29 იანვრის სხდომაზე შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2025 წლის 28 იანვრის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული სტუდენტური თვითმმართველობის ხელახალი არჩევნები.

იხილეთ შემაჯამებელი ოქმი.

სტუ-ის ბაკალავრებს ორი – ქართული და ფრანგული უნივერსიტეტების დიპლომები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის პროფესორმა აჰმედ ზუარმა, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგრო-სასურსათო ტექნოლოგიის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის (l’Université de Rennes 1) დიპლომები გადასცეს. 

კურსდამთავრებულთათვის ქართული და ფრანგული უნივერსიტეტების დიპლომების გადაცემის ცერემონიას, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის, უნივერსიტეტ რენ 1-ის და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

IMG_3825.jpeg

რექტორმა დავით გურგენიძემ და პროფესორმა აჰმედ ზუარმა საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს: ნუცა ჭიკაძეს, თამარ ზედგინიძეს, გარეგინ კირაკოსიანს, სალომე მიქაძეს, ნინო გაგელიძეს, ნინო ლუარსაბიშვილს, გიორგი ყეინაშვილს, ლიზი პაპაშვილს, ცოტნე ქიტუაშვილს, მილენა მალხასიანს, ნოდარ დალაქიშვილს, თინათინ ფოცხვერიასა და ლაშა ჯანგველაძეს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ქართულ-ფრანგული დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ქართული და ფრანგული უნივერსიტეტების დიპლომები, სასურსათო ტექნოლოგიის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, სტუ-ის კურსდამთავრებულთა რიგით მეოთხე გამოშვებამ მოიპოვა.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ს შორის თანამშრომლობა ეტაპობრივად ფართოვდება. ჩვენ რამდენიმეწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა გვაკავშირებს ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრავალმხრივი მხარდაჭერით დაარსდა. ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კოორდინაციას უწევს სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალავრო და მეღვინეობა-მევენახეობის სამაგისტრო ორდიპლომიანი პროგრამების განხორციელებას. სასიხარულოა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების პროგრამის ბაკალავრთა უკვე მეოთხე გამოშვებამ მოიპოვა ერთდროულად ორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის დიპლომები, რაც სტუდენტებისა და მათი პედაგოგების დიდი შრომის შედეგია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, ექვსმა წარმატებულმა სტუდენტმა სტაჟირების სრული კურსი საფრანგეთში გაიარა.

მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ ალექსანდრე წულაძეს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტ რენ 1-ს – საგანმანათლებლო პროცესის ორმხრივად მხარდაჭერისთვის. ვულოცავ ჩვენს ბაკალავრებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! დარწმუნებული ვართ, ისინი სწავლას მაგისტრატურაშიც შემართებით გააგრძელებენ და შეძენილ ცოდნას, პროფესიონალიზმს ქვეყნის განვითარებას მოახმარენ“, – აღნიშნა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

სტუდენტებს ქართულ-ფრანგული პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს ვიცე-რექტორებმა თამარ წერეთელმა და თამარ ლომინაძემ, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, აკადემიკოსმა ედიშერ კვესიტაძემ, უნივერსიტეტ რენ 1-ის წარმომადგენლებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე, 2020-2021 სასწავლო წლიდან ამოქმედდა ერთობლივი, ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა – „სასურსათო ტექნოლოგიები“, რომელიც ასევე მოიცავს საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის 60-კრედიტიან მოდულს – „წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში“, ერთობლივ პროგრამაზე სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან ფრანგი პროფესორები და ექსპერტები, რომლებიც ქართველ სტუდენტებს თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები 4-თვიან სტაჟირებას გადიან რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებში – საფრანგეთსა და საქართველოში. სტუდენტთა დასკვნით შეფასებას, ფრანგული მხარის მონაწილეობით, სპეციალური ჟიური იძლევა.

სტუ-ის სტუდენტები სამხრეთ კორეის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამხრეთ კორეაში, სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებით, კორეის უნივერსიტეტის (Korea University) წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, სტუ-ის ფაკულტეტების წარმომადგენლები, ასევე, სამხრეთ კორეის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, მრავალელემენტიანი ნანონაწილაკების ტექტონიკის ცენტრის მკვლევარი, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ლევან რატიანი, ხოლო ონლაინ რეჟიმში ერთვებოდნენ კორეის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კომისიისა და მაგისტრატურის SK გლობალური სტიპენდიის პროგრამის წარმომადგენლები. 

ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე სტუდენტებს მსოფლიოს ერთ-ერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში – სამხრეთ კორეაში, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებსა და მათგან მომდინარე დადებით შედეგებზე ესაუბრა, ასევე, გააცნო კორეული უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი მიმართულებები და კონკრეტული სამეცნიერო ინტერესები. 

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს იმ საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდა სპეციალისტთა და მკვლევართა ჩამოყალიბებისა და საერთაშორისო სივრცეში მათი ინტეგრირებისკენ. 

თამარ ლომინაძის განმარტებით, უნივერსიტეტი, რომელიც სამხრეთ კორეის უმაღლესი სასწავლებლების ტოპ სამეულში შედის, გამოხატავს მკაფიო ინტერესს, მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად მიიზიდოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების ის სტუდენტები, რომლებიც განათლებას ეუფლებიან ინფორმატიკის, საინჟინრო და ნახევარგამტარების ფიზიკის, ხელოვნური ინტელექტის (AI), ენერგეტიკისა და მექანიკის ინჟინერიის განხრით. 

„ვიმედოვნებთ, ჩვენი ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები ჯეროვნად შეაფასებენ ამ ორმხრივ სასარგებლო შეთავაზებას, შედეგად კი, სწავლასა და კვლევებს წარმატებით გააგრძელებენ კორეის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის მაგისტრატურაში“, – აღნიშნა შეხვედრაზე თამარ ლომინაძემ. 

კორეის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კომისიისა და მაგისტრატურის SK გლობალური სტიპენდიის პროგრამის წარმომადგენლებმა სტუ-ის სტუდენტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კორეის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე, ჩარიცხვის მოთხოვნებზე, სწავლის სპეციფიკაზე, მაღალი სტიპენდიით, საუკეთესო საცხოვრებელი პირობებითა და მაღალი სტანდარტის კვლევითი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფაზე.

როგორც მათ აღნიშნეს, სწავლის პარალელურად, ქართველი სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან კორეის უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარე უმსხვილესი კორეული კორპორაციის “SK ჯგუფის” ინოვაციების განვითარებისა და დანერგვის პროექტებში, რაც კორპორაციის მხრიდან, დამატებით იქნება ანაზღაურებული. 

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულმა ლევან რატიანმა, რომელიც ამჟამად, კორეის უნივერსიტეტის მაგისტრანტი და მრავალელემენტიანი ნანონაწილაკების ტექტონიკის ცენტრის მკვლევარია, შეხვედრის მონაწილე სტუდენტებს კორეის უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების ყოფა-ცხოვრების, სასწავლო-კვლევით პროცესებში მათი ჩართულობისა და განვითარების მრავალმხრივ შესაძლებლობებზე ესაუბრა. 

სტუდენტებთან კორეის უნივერსიტეტის (Korea University) წარმომადგენლების შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კორეის უმაღლესი სასწავლებლის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი, რომელზეც მხარეებმა სამხრეთ კორეაში, მაგისტრატურის საფეხურზე სტუ-ის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები განიხილეს.

სტუ-ში ჰიდრავლიკის კათედრის დაარსებიდან 98 და ჰიდროტექნიკის კათედრის დაარსებიდან 94 წლისთავი აღინიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ უძველეს, ჰიდრავლიკის კათედრას დაარსებიდან 98 წლისთავი, ხოლო ჰიდროტექნიკის კათედრას, დაარსებიდან 94 წლისთავი შეუსრულდა. 

კათედრების დაარსების მნიშვნელობაზე, საქართველოში ჰიდროინჟინერიის განვითარების ეტაპებსა და მიმდინარე კვლევებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ესაუბრნენ სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მირიან ყალაბეგიშვილი და დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრები – პროფესორები: ნიკოლოზ დანელია, არჩილ მოწონელიძე, რობერტ დიაკონიძე, ლალი ღოღელიანი, ამირან საყვარელიძე, გიორგი დალაქიშვილი და სხვა ღვაწლმოსილი ჰიდროინჟინრები. 

ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკის კათედრების დაარსების თარიღების აღნიშვნას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჰიდროინჟინრები ესწრებოდნენ. 

ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მირიან ყალაბეგიშვილმა, კოლეგების სახელით, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტებსა და დარგის სპეციალისტებს. 

როგორც მირიან ყალაბეგიშვილმა აღნიშნა, საქართველოში ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსთა მომზადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე 1922 წელს დაიწყო, ხოლო ჰიდრავლიკის კათედრის დაარსების თარიღად 1927 წლის იანვარია მიჩნეული. 

„1928 წელს, პირველი გამოშვების რვა ქართველ ინჟინერს შორის ოთხი – ინჟინერ-ჰიდრომშენებელი იყო. პოლიტექნიკური ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სწორედ 1928 წელს გამოეყო და ჰიდრავლიკის კათედრა, თავისი შემადგენლობით, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გადავიდა. ოთხი წლის შემდეგ, 1931 წელს კი, დაფუძნდა ჰიდროტექნიკის კათედრა. ჰიდრავლიკის კათედრა გაფართოვდა და 1933 წელს „ჰიდრავლიკისა და ჰიდრომანქანების“ კათედრად ჩამოყალიბდა, რომლის ხელმძღვანელობა ისევ პროფესორმა იური ესმანმა გააგრძელა. 1942 წელს, პროფესორ გალაქტიონ ჯიმშელეიშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანდა ჰიდრავლიკისა და ჰიდრონაგებობათა კათედრები. 1955 წლიდან გაერთიანებულ კათედრას უძღვებოდნენ ცნობილი მეცნიერ-ჰიდროინჟინრები: ანდრო ლოსაბერიძე და ნიკოლოზ დანელია.

კათედრაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი სპეციალისტები, როგორებიც იყვნენ პროფესორები: ბესარიონ ჭიჭინაძე, პარმენ ჯიქია, ლევან გველესიანი, ნიკოლოზ ქართველიშვილი, გიორგი ჩოგოვაძე, ნოდარ კერესელიძე, შიო ნაფეტვარიძე, თეიმურაზ ვოინიჩ-სიანოჟენსკი, პავლე შენგელია და სხვები. ეს იყო ერთ-ერთი ძლიერი და წამყვანი კათედრა, რომელზეც სტაჟირებას გადიოდნენ არა მხოლოდ საბჭოთა რესპუბლიკების, არამედ შვედი, ეგვიპტელი და კანადელი სპეციალისტებიც.

1971 წლიდან, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა, ჰიდრავლიკისა და ჰიდრომანქანების, წყალმომარაგებისა და წყალარინების, ასევე, თბომომარაგებისა და ვენტილაციის კათედრების ბაზაზე, შეიქმნა ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი, რომლის პირველი დეკანი იყო პროფესორი ივანე ამაღლობელი. სხვადასხვა წლებში ფაკულტეტს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები: ანდრო ლოსაბერიძე, ნიკოლოზ დანელია, ნიკოლოზ მოწონელიძე, თამაზ ამბროლაძე, ვაჟა ჩიხლაძე, ოთარ ფურცელაძე, ზურაბ დანელია, ლალი ღოღელიანი. 

ამიერკავკასიაში უდიდესი, ბაზისური ელექტროსადგურის – ენგურჰესის, ასევე სხვა დიდი ჰესების მშენებლობის პარალელურად, დღემდე, უნივერსიტეტის ჰიდროინჟინრების მიერ დამუშავდა და წარმოებაში ფართოდ დაინერგა სამდინარო წყალამღები ნაგებობების სრულყოფილი ტიპები და მათი ტექნიკური ექსპლუატაციის რაციონალური ჰიდრავლიკური სქემები; გადაიჭრა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს მდინარეებში კალაპოტშიგა პროცესების მიმდინარეობისას, კაშხლური წყალამღების ბიეფების ფორმირებისას, კალაპოტის საერთო და ადგილობრივი ეროზიის, ნაპირდაცვისა და კალაპოტის რეგულირების პროცესში, დამუშავდა ნაკადების მდგრადობისა და მდგრადი ნაკადების მოდელირების საკითხები, კოლხეთის დაბლობის რეგიონებიდან ზედაპირული წყლების დაჩქარებული არინების გაანგარიშების მეთოდიკა, ასევე, სხვადასხვა სიმკვრივის ნაკადების ჰიდრავლიკის ამოცანები ჰიდროტექნიკური მშენებლობისათვის და ჩატარდა მრავალი სამეცნიერო კვლევა, ასევე, დაიძლია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი გამოწვევა. 

დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკის უძველესი კათედრების სამართალმემკვიდრე ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტია, რომელიც სამშენებლო ფაკულტეტზე მოქმედებს და აქვს ჯანსაღი ამბიცია მოამზადოს სპეციალისტთა და მკვლევართა ახალგაზრდა თაობები და უნივერსიტეტის სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კოლაბორაციით, გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნიკური ამოცანები“, – აღნიშნა მირიან ყალაბეგიშვილმა.

ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის ამოცანებზე, მიმდინარე კვლევებსა და საგანმანათლებლო პროცესზე, ვიზუალური მასალის თანხლებით, პროფესორმა ლალი ღოღელიანმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰიდროტექნიკური მშენებლობის მიმართულებით, მზადდება მაღალი დონის საინჟინრო და სამეცნიერო კადრები, რომელთა პროფესიული დონე უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტების კონკურენტუნარიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 
 
„დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, განვავითაროთ მაღალი დონის, კონკურენტუნარიანი სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, უზრუნველვყოთ ჰიდრო და სამოქალაქო ინჟინერიის განვითარების უწყვეტობა და მისი ინტეგრირება საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. უნივერსიტეტის მიზანია, კურსდამთავრებული ახალგაზრდები გახდნენ წამყვანი საინჟინრო ძალა ქვეყანაში ჰიდროტექნიკური ობიექტების პროექტირების, საინჟინრო კვლევებსა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. სწორედ ამისთვის, საგანმანათლებლო პროგრამებით სასწავლო პროცესში უზრუნველყოფილია ექსპლუატაციაში არსებული ჰიდროტექნიკური ობიექტების საინჟინრო პრობლემებში ჩართულობა, საინჟინრო საკითხების დამუშავება და მათი წარდგენა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებზე. ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომია მაღალი დონის სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიები.

დეპარტამენტის მკვლევრები აქტიურად არიან ჩართულნი ენგურჰესის, ჟინვალჰესის, ხრამჰესის, სიონჰესის, ალგეთის და სხვა მაღალ და დაბალდაწნევიანი კაშხლებისა და გვირაბების მონიტორინგის შედეგების ანალიზსა და მათი საიმედოობის შეფასებაში, ექსპერტიზაში, სამეცნიერო კვლევებში. თითოეულ ჩვენგანს, პედაგოგებს, სიხარულით გვავსებს ჩვენი კურსდამთავრებული ახალგაზრდების წარმატებები – დღეს ისინი ღირსეულად არიან დასაქმებული სხვადასხვა წამყვან საინჟინრო ორგანიზაციაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა ლალი ღოღელიანმა. 

შეხვედრაზე ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორებმა სტუდენტებსა და ჰიდროინჟინრებს დეპარტამენტში მიმდინარე ახალი სამეცნიერო კვლევები და საერთაშორისო პროექტები გააცნეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილი ასოცირებული პროფესორის, ტრისტან ბუაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები მწუხარებას გამოთქვამენ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ბატონ ტრისტან ბუაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეთხოვება შესანიშნავ ადამიანს, კოლეგასა და პედაგოგს, ნიჭიერ მკვლევარს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, ტრისტან ბუაძეს, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდებოდა.

მრავალმხრივი იყო მისი სამეცნიერო ინტერესები – ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ზოგადთეორიული, სტოქასტური სისტემების სტატისტიკური ანალიზისა და სტატისტიკურ შეფასებათა პარამეტრული და არაპარამეტრული ამოცანების კვლევები, ალბათობათა განაწილების სიმკვრივეების არაპარამეტრული და პროექციული შეფასებები, გამოყენებითი სტატისტიკისა და ეკონომეტრიკის საკითხები, მასობრივი მომსახურების მათემატიკური მოდელები, უსასრულო განზომილებიანი სტატისტიკური სტრუქტურები და სხვა. 

სამეცნიერო კვლევებში, ბატონ ტრისტანთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული მისი სტუდენტები, სხვადასხვა თაობის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს თავად არიან წარმატებული სპეციალისტები და მკვლევრები. 

სამძიმარს ვუცხადებთ, ბატონი ტრისტან ბუაძის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. უფალმა გაუნათლოს სასუფეველი“.

„ლურჯი ევროპა – 2024-2025 დენი დე რუჟმონის წერის კონკურსში“ მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ “ლურჯი ევროპა – 2024-2025 დენი დე რუჟმონის წერის კონკურსში” (Blue Europe – 2024-2025 “Denis de Rougemont” Writing Contest). 

კონკურსი ღიაა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის მთელი ევროპიდან, ასევე, იმ კურსდამთავრებულთათვის, რომლებმაც აკადემიური ხარისხი 2024 წელს მოიპოვეს. 

საკონკურსო რეგისტრაციისა რეფერატების წარდგენის ვადა 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით გრძელდება.

კონკურსის ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, ხოლო შერჩეული ნამუშევრები გამოქვეყნდება Blue Europe-ის ვებგვერდსა და წელიწდეულში. 

გამარჯვებულ კონკურსანტს გადაეცემა ჯილდო 1000 ევროს ოდენობით, მეორე ადგილზე გასული კონკურსანტი კი 500 ევროს მიიღებს.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის, ინსტრუქციებისა და მონაწილეობის პირობების მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე.

Support

Why are you writing to us?