სტუ-ში ჰიდრავლიკის კათედრის დაარსებიდან 98 და ჰიდროტექნიკის კათედრის დაარსებიდან 94 წლისთავი აღინიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ უძველეს, ჰიდრავლიკის კათედრას დაარსებიდან 98 წლისთავი, ხოლო ჰიდროტექნიკის კათედრას, დაარსებიდან 94 წლისთავი შეუსრულდა.
კათედრების დაარსების მნიშვნელობაზე, საქართველოში ჰიდროინჟინერიის განვითარების ეტაპებსა და მიმდინარე კვლევებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ესაუბრნენ სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მირიან ყალაბეგიშვილი და დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრები – პროფესორები: ნიკოლოზ დანელია, არჩილ მოწონელიძე, რობერტ დიაკონიძე, ლალი ღოღელიანი, ამირან საყვარელიძე, გიორგი დალაქიშვილი და სხვა ღვაწლმოსილი ჰიდროინჟინრები.
ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკის კათედრების დაარსების თარიღების აღნიშვნას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჰიდროინჟინრები ესწრებოდნენ.
ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მირიან ყალაბეგიშვილმა, კოლეგების სახელით, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტებსა და დარგის სპეციალისტებს.
როგორც მირიან ყალაბეგიშვილმა აღნიშნა, საქართველოში ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსთა მომზადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე 1922 წელს დაიწყო, ხოლო ჰიდრავლიკის კათედრის დაარსების თარიღად 1927 წლის იანვარია მიჩნეული.
„1928 წელს, პირველი გამოშვების რვა ქართველ ინჟინერს შორის ოთხი – ინჟინერ-ჰიდრომშენებელი იყო. პოლიტექნიკური ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სწორედ 1928 წელს გამოეყო და ჰიდრავლიკის კათედრა, თავისი შემადგენლობით, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გადავიდა. ოთხი წლის შემდეგ, 1931 წელს კი, დაფუძნდა ჰიდროტექნიკის კათედრა. ჰიდრავლიკის კათედრა გაფართოვდა და 1933 წელს „ჰიდრავლიკისა და ჰიდრომანქანების“ კათედრად ჩამოყალიბდა, რომლის ხელმძღვანელობა ისევ პროფესორმა იური ესმანმა გააგრძელა. 1942 წელს, პროფესორ გალაქტიონ ჯიმშელეიშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანდა ჰიდრავლიკისა და ჰიდრონაგებობათა კათედრები. 1955 წლიდან გაერთიანებულ კათედრას უძღვებოდნენ ცნობილი მეცნიერ-ჰიდროინჟინრები: ანდრო ლოსაბერიძე და ნიკოლოზ დანელია.
კათედრაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი სპეციალისტები, როგორებიც იყვნენ პროფესორები: ბესარიონ ჭიჭინაძე, პარმენ ჯიქია, ლევან გველესიანი, ნიკოლოზ ქართველიშვილი, გიორგი ჩოგოვაძე, ნოდარ კერესელიძე, შიო ნაფეტვარიძე, თეიმურაზ ვოინიჩ-სიანოჟენსკი, პავლე შენგელია და სხვები. ეს იყო ერთ-ერთი ძლიერი და წამყვანი კათედრა, რომელზეც სტაჟირებას გადიოდნენ არა მხოლოდ საბჭოთა რესპუბლიკების, არამედ შვედი, ეგვიპტელი და კანადელი სპეციალისტებიც.
1971 წლიდან, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა, ჰიდრავლიკისა და ჰიდრომანქანების, წყალმომარაგებისა და წყალარინების, ასევე, თბომომარაგებისა და ვენტილაციის კათედრების ბაზაზე, შეიქმნა ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი, რომლის პირველი დეკანი იყო პროფესორი ივანე ამაღლობელი. სხვადასხვა წლებში ფაკულტეტს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები: ანდრო ლოსაბერიძე, ნიკოლოზ დანელია, ნიკოლოზ მოწონელიძე, თამაზ ამბროლაძე, ვაჟა ჩიხლაძე, ოთარ ფურცელაძე, ზურაბ დანელია, ლალი ღოღელიანი.
ამიერკავკასიაში უდიდესი, ბაზისური ელექტროსადგურის – ენგურჰესის, ასევე სხვა დიდი ჰესების მშენებლობის პარალელურად, დღემდე, უნივერსიტეტის ჰიდროინჟინრების მიერ დამუშავდა და წარმოებაში ფართოდ დაინერგა სამდინარო წყალამღები ნაგებობების სრულყოფილი ტიპები და მათი ტექნიკური ექსპლუატაციის რაციონალური ჰიდრავლიკური სქემები; გადაიჭრა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს მდინარეებში კალაპოტშიგა პროცესების მიმდინარეობისას, კაშხლური წყალამღების ბიეფების ფორმირებისას, კალაპოტის საერთო და ადგილობრივი ეროზიის, ნაპირდაცვისა და კალაპოტის რეგულირების პროცესში, დამუშავდა ნაკადების მდგრადობისა და მდგრადი ნაკადების მოდელირების საკითხები, კოლხეთის დაბლობის რეგიონებიდან ზედაპირული წყლების დაჩქარებული არინების გაანგარიშების მეთოდიკა, ასევე, სხვადასხვა სიმკვრივის ნაკადების ჰიდრავლიკის ამოცანები ჰიდროტექნიკური მშენებლობისათვის და ჩატარდა მრავალი სამეცნიერო კვლევა, ასევე, დაიძლია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი გამოწვევა.
დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკის უძველესი კათედრების სამართალმემკვიდრე ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტია, რომელიც სამშენებლო ფაკულტეტზე მოქმედებს და აქვს ჯანსაღი ამბიცია მოამზადოს სპეციალისტთა და მკვლევართა ახალგაზრდა თაობები და უნივერსიტეტის სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კოლაბორაციით, გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნიკური ამოცანები“, – აღნიშნა მირიან ყალაბეგიშვილმა.
ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის ამოცანებზე, მიმდინარე კვლევებსა და საგანმანათლებლო პროცესზე, ვიზუალური მასალის თანხლებით, პროფესორმა ლალი ღოღელიანმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰიდროტექნიკური მშენებლობის მიმართულებით, მზადდება მაღალი დონის საინჟინრო და სამეცნიერო კადრები, რომელთა პროფესიული დონე უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტების კონკურენტუნარიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
„დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, განვავითაროთ მაღალი დონის, კონკურენტუნარიანი სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, უზრუნველვყოთ ჰიდრო და სამოქალაქო ინჟინერიის განვითარების უწყვეტობა და მისი ინტეგრირება საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. უნივერსიტეტის მიზანია, კურსდამთავრებული ახალგაზრდები გახდნენ წამყვანი საინჟინრო ძალა ქვეყანაში ჰიდროტექნიკური ობიექტების პროექტირების, საინჟინრო კვლევებსა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. სწორედ ამისთვის, საგანმანათლებლო პროგრამებით სასწავლო პროცესში უზრუნველყოფილია ექსპლუატაციაში არსებული ჰიდროტექნიკური ობიექტების საინჟინრო პრობლემებში ჩართულობა, საინჟინრო საკითხების დამუშავება და მათი წარდგენა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებზე. ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომია მაღალი დონის სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიები.
დეპარტამენტის მკვლევრები აქტიურად არიან ჩართულნი ენგურჰესის, ჟინვალჰესის, ხრამჰესის, სიონჰესის, ალგეთის და სხვა მაღალ და დაბალდაწნევიანი კაშხლებისა და გვირაბების მონიტორინგის შედეგების ანალიზსა და მათი საიმედოობის შეფასებაში, ექსპერტიზაში, სამეცნიერო კვლევებში. თითოეულ ჩვენგანს, პედაგოგებს, სიხარულით გვავსებს ჩვენი კურსდამთავრებული ახალგაზრდების წარმატებები – დღეს ისინი ღირსეულად არიან დასაქმებული სხვადასხვა წამყვან საინჟინრო ორგანიზაციაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა ლალი ღოღელიანმა.
შეხვედრაზე ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორებმა სტუდენტებსა და ჰიდროინჟინრებს დეპარტამენტში მიმდინარე ახალი სამეცნიერო კვლევები და საერთაშორისო პროექტები გააცნეს.
Related
Rector of the Georgian Technical University expresses condolences to the family and relatives over the death of Associate Professor Natia Maisuradze
Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, expresses his sorrow over the...
GTU Rector, Academician David Gurgenidze, Wishes Success to the Entrants
Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, Chairman of the Permanent Conference of Rectors of Higher Educational Institutions...
Working Visit of the GTU Delegation to Hamburg University of Applied Sciences
From June 22–26, an international workshop and a series of working meetings were held at Hamburg University of Applied Sciences...
The Scientific Council of the GTU Institute of Mathematics Announces a Competition for Scientific Positions
The Scientific Council of the Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics of the Georgian Technical University announces an open competition...
Memorandum Signed Between GTU and “Global Cell”
The Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli, and the Director of “Global Cell LLC”, Giorgi Maduashvili, signed...
GTU Rector, Academician David Gurgenidze, Expresses His Condolences to the Family and Colleagues on the Passing of Elene Abashidze
On behalf of the university community, the Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow over...