გალერეა „უნივერსში“ სტუდენტური გამოფენა – „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გალერეა „უნივერსში“, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფური გამოფენა – „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“ გაიმართა. 

ექსპოზიციაში არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის 10 სტუდენტის მიერ შექმნილი 60 ნამუშევარი – ფერწერული ტილოები, შავ-თეთრი გრაფიკა, სხვადასხვა მასალისგან შესრულებული კოლაჟები, მინიატურული ფორმის ნახატები და დიდი პანოები იყო გაერთიანებული. 

სტუდენტთა ნამუშევრებს მაღალი შეფასება მისცეს ფაკულტეტის დეკანმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა, ასევე, მოწვეულმა სტუმრებმა – ცნობილმა მხატვრებმა და გალერისტებმა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე აღნიშნავს, სტუდენტური გამოფენა ყოფითობაში დაკარგული მშვენიერების ძიებას მიეძღვნა.

ნინო იმნაძის თქმით, პრაგმატულ რეალობას ახალგაზრდებმა ფერადოვნებით აღსავსე ხედვები დაუპირისპირეს და წარმოადგინეს საუკეთესო ნამუშევრები, რომლებიც ნებისმიერ ცნობილ გალერეას დაამშვენებდა. 

გალერეა „უნივერსში“ სტუდენტური გამოფენა - „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“ გაიმართა.jpg
 
„შეუძლებელია არ აღფრთოვანდე იმ ნამუშევრებით, რომლებიც ჩვენმა სტუდენტებმა წარმოადგინეს. სამყაროს მათეული ხედვა, შემოქმედებითი აზროვნება, ფერთა საუცხოო გამა, გასაოცარი პლასტიკა და კომპოზიცია, ტილოზე, ქაღალდზე თუ დიდ პანოებზე გადმოტანილი უნიკალური არქიტექტურული ობიექტები, პორტრეტები, უჩვეულოდ საინტერესო კოლაჟები – ყველაფერი ეს თამამად უპირისპირდება ჩვენს პრაგმატულ რეალობას და გაჯერებულია დაკარგული მშვენიერების ძიების დაუოკებელი სურვილით, ყოვლისმომცველი სიყვარულით.  „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“ – სწორედ ამ ქოლგის ქვეშ ერთიანდება არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის 10 სტუდენტის 60 ნამუშევარი, რომელიც, თამამად შემიძლია ვთქვა, ნებისმიერ ცნობილ გალერეას დაამშვენებდა.

ახალგაზრდებმა წინა პლანზე წამოსწიეს ის, რაც ყველაზე მეტად აკლია დღევანდელ პრაგმატულ ყოფითობას – ლიტერატურა, შემოქმედებითობა, ფერწერულობა, ხალასი ფერადოვნება.

მადლობას ვუხდით სტუდენტებს არაჩვეულებრივი გამოფენისთვის, იმ ამაღლებული განწყობისთვის, რომელმაც თითოეული ჩვენგანი მოიცვა. უნივერსიტეტში შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ჩვენი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსსა“ და მის ხელმძღვანელს, პროფესორ ლალი ღოღელიანს, რომელიც მუდამ მზად არის უმასპინძლოს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტურ გამოფენებს. სწორედ შემოქმედებითი პროცესის მხარდაჭერით ხდება შესაძლებელი ტალანტების გამოვლენა, რაც ძლიერი სტიმულია ნებისმიერი სტუდენტისთვის“, – ამბობს ნინო იმნაძე.
 
გალერეა „უნივერსში“ არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოფენამ – „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“ – სამი დღე გასტანა. საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღია იყო ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის. 

სტუ-ის ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო საბჭო ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

მიწის, წყლისა და ტყის რესურსების განყოფილება:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – (0,5 საშტატო ერთეული).
       

  • განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 05 დეკემბრიდან – 11 დეკემბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქუჩა N67, სტუ-ს მე-10 სასწავლო კორპუსი, მეხუთე სართული, ოთახი N503, ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი, პასუხისმგებელი პირი: რ. ფირცხალავა, ტელ: 599 46 93 07.
  • კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 11 დეკემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2024 წლის 11 დეკემბერს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ცენტრის ვებგვერდზე.
  • კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2024 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

II. საკონკურსო პირობები.

კონკურსის ძირითადი პირობები:

  • მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • მეცნიერის (მთავარი მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; 

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი.

  • კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ცენტრის ვებ-გვერდებზე;
  • საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სტუ-სა და „TAM მენეჯმენტს“ შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე, კომპანიამ სტუდენტებისთვის სტიპენდია დააწესა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის კომპანიამ – „TAM მენეჯმენტი“ (თბილავიამშენი), სტიპენდია დააწესა. 

სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები TAM მენეჯმენტის გენერალური დირექტორის მოადგილეს კახა ჟღენტს შეხვდნენ, სადაც გადაწყდა, რომ უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, კომპანია საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის მოტივირებული და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიას დააწესებს. 

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე,  უკვე მესამე წელია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „საავიაციო ინჟინერია“ სწავლება განახლდა, რომლის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული კომპანია „TAM მენეჯმენტი“.

თავის მხრივ,  „TAM მენეჯმენტი“ ქართული საავიაციო მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია სამხედრო, სამოქალაქო და სხვადასხვა კლასის თვითმფრინავების სარემონტო სამუშაოებში, მოდერნიზებაში, დიზაინში და წარმოებაში.

Cover gtu.png (18).jpg

კომპანიის ისტორია იწყება 1941 წელს სახელმწიფო საავიაციო ქარხნის შექმნიდან, 2015 წლიდან კი TAM მენეჯმენტის სახელით აგრძელებს საქმიანობას. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მოქმედი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის – „საავიაციო ინჟინერია“, დანერგვაში პირადად კომპანიის დირექტორს, ბატონ პანტიკო თორდიას და კომპანიის მენეჯმენტს  დიდი წვლილი მიუძღვის.

მადლობას გიხდით პროგრამის კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობისა და სტუდენტთა მოტივაციის ამაღლების მიზნით,  სტუდენტებისათვის, კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით, სახელობითი სტიპენდიის დანიშვნის გამო. ვფიქრობთ, რომ ეს გაზრდის მათ მოტივაციას კარგად ისწავლონ. ასევე, გაზრდის ამ მნიშვნელოვანი  პროფესიის მიმართ მომავალი თაობის ინტერესს“, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 

„TAM მენეჯმენტის“ სათავო ოფისში გამართული შეხვედრა ინტერაქციულ და საინტერესო რეჟიმში გაგრძელდა. კომპანიის წარმომადგენლები, სტუდენტებს ესაუბრნენ ავიამშენებელი ქარხნის ისტორიის და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, დაათვალიერებინეს თვითმფრინავების, მრავალფუნქციური და შვეულმფრენების სარემონტო წარმოება, საკონსტრუქტორო ბიურო და სხვა. 

კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე – “ჰორიზონტი ევროპა” – პროგრამის კოორდინატორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი აცხადებს კონკურსს ვაკანტურ თანამდებობაზე – “ჰორიზონტი ევროპა” – პროგრამის კოორდინატორი. 

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული.

მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2024 წლის 02 ნოემბრიდან – 12 ნოემბრამდე. 

სტუ-ის თანამშრომლებისთვის Erasmus+ ეროვნული ოფისი საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

5 ნოემბერს, 13:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, სტუ-ის თანამშრომლებისთვის Erasmus+ ეროვნული ოფისი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას Key Action 2-ის პროგრამების შესახებ.

შეხვედრა ჩატარდება სტუ-ის I სასწავლო კორპუსში, 508-ე აუდიტორიაში (ბიბლიოეთეკა), კოსტავას ქ. N68.

სამუშაო ენა – ქართული.

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე.

შეხვედრის გრაფიკი იხილეთ ცხრილში.

UNI4VERSE საუნივერსიტეტო კონკურსზე რეგისტრაცია 3 ნოემბრამდე გრძელდება!

პროექტი UNI4VERSE – „მწვანე ეკონომიკა და განახლებადი რესურსები“ ორიენტირებულია მწვანე ეკონომიკის გამოწვევების და პრობლემების გადაჭრის გზების მიგნებაზესა ინოვაციური სტარტაპ იდეების ჩამოყალიბებაზე, რომელიც, საბოლოოდ, ფინალური საუნივერსიტეტო კონკურსით უნდა შეჯამდეს.

მიმდინარე პროექტის ფარგებში, სტუდენტებს განსაკუთრებული შესაძლებლობა გეძლევათ, შექმნათ ინოვაციური გადაწყვეტილებები მწვანე ეკონომიკის სფეროში.

  • Uni4verse-ში მონაწილეობა შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტების გუნდებს.
  • რეგისტრაციის გავლა 3 ნოემბრამდე შეგიძლიათ.
  • აუცილებელი პირობაა, წარადგინოთ ინოვაციური იდეები მწვანე ეკონომიკის მიმართულებით.
  • გუნდი უნდა შედგებოდეს 4 წევრისგან და ჰყავდეს უნივერსიტეტის მხრიდან რჩეული მენტორი.
  • წარდგენილი იდეა შეიძლება, იყოს გამოგონება ან/და სტარტაპი.
  • იდეების მიმართულება უნდა მოიცავდეს სარეგისტრაციოში ჩამოთვლილ ან/და გუნდის მიერ იდენტიფიცირებულ, მწვანე ეკონომიკის მიმართულებით, გამოწვევის მოგვარებას.

რეგისტრაციის ბმული: https://apps.mygita.ge/zs/dKBTC0

სპორტულ გუნდებში შესარჩევი შეხვედრები იწყება

სტუ-ის სტუდენტებისთვის სპორტულ გუნდებში მოსახვედრად  შესარჩევი შეხვედრები იწყება.

გაეცანით სარეგისტრაციო თარიღებს ბმულზე.

გისურვებთ წარმატებებს!

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024“, გაიხსნა. 

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტთან ერთად,  დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან. 

2 (4).png

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024“, სტუ-ის ვიცე-რექტორმა გახსნა.

პროფესორმა თამარ ლომინაძემ კონფერენციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თალიკო ჟვანიას, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. 

როგორც ვიცე-რექტორმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, რომლის მეცნიერებსა და სტუდენტებს თავისი წვლილი შეაქვთ დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მოღვაწეობენ მსოფლიოს წამყვან კვლევით უნივერსიტეტებში, სტუდენტები კი, მონაწილეობენ არაერთ კვლევაში და თითოეული მათგანის წარმატება პირდაპირ კავშირშია ჩვენს უნივერსიტეტთან, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ძალისხმევასთან, მეცნიერებმა და სტუდენტებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ცოდნა, საერთაშორისო სივრცეში საქართველოსა და უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლებისთვის. მნიშვნელოვანია, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიდიოდეს სტუდენტებთან ერთად, ამიტომ ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დღევანდელ კონფერენციას ესწრებიან როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. კონფერენციის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მასში ჩართულია 100-ზე მეტი მონაწილე და წარმოდგენილია 75 მოხსენება, საინტერესო თემებით, მნიშვნელოვანი კვლევებით. კონფერენციაში ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობენ გერმანელი, უნგრელი, უკრაინელი, პოლონელი, აზერბაიჯანელი და სომეხი მეცნიერები. წარმატებას ვუსურვებ კონფერენციას“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ. 

3.png

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საერთაშორისო კონფერენციას ორი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი.

პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მასპინძლობს მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში“, რომელშიც მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 

„კონფერენციის მუშაობა ოთხ სექციად წარიმართება, ესენია: თანამედროვე ტენდენციები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში; ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კომუნიკაცია, ქსელური და აპარატურული უზრუნველყოფა; ინფორმაციული საზოგადოება, ხელოვნური ინტელექტი, გამოწვევები და შესაძლებლობები, ICT როლი საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში; მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი. თითოეულ სექციას და მონაწილეს ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებ. ვსარგებლობ შემთხვევით და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ვიცე-რექტორებს, პროფესორებს თამარ წერეთელს, თამარ ლომინაძეს, კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს.

მადლობა ჩვენს გერმანელ კოლეგას, დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორ მარიო ნიუგებაუერს, იმ დიდი წვლილისათვის, რომელიც მიუძღვის ორი ინსტიტუციის თანამშრომლობის გაღრმავებაში. მივესალმები ჩვენს უდიდეს მეგობარს, თანამემამულეს, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორ გენადი წიქორიძეს. დღეს, ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან კოლეგები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მადლობა პროფესორ იბრაიმ დიდმანიძეს კონფერენციის ორგანიზებაში აქტიური ჩართულობისთვის.

აქვე აღვნიშნავ, რომ რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გერმანელი სტუდენტები სტუმრობდნენ, რა დროსაც საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ ტრადიციას – ჩატარდა სტუდენტთა პირველი საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენცია – „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოწვევები “, სადაც ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი იდეები და კვლევის შედეგები“, – განაცხადა თალიკო ჟვანიამ.  

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024“, ორ დღეს გასტანს და ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება.
 

სტუ-ის დოქტორანტების კვლევითმა პროექტებმა რუთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტების კვლევითმა პროექტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს. 

კონკურსში გამარჯვებული სამი პროექტის ავტორები მშენებლობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ქეთევან წიქარიშვილი და წყლის რესურსების ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტები – მარიამ ყავრელიშვილი და  ლაშა ყაველაშვილი არიან.

სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის განცხადებით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წლევანდელ კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტების მიერ მოპოვებული გამარჯვება ზრდის, როგორც უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესებას აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსებში, ასევე, საერთაშორისო კვლევით პროექტებში მათი ინტეგრირების შესაძლებლობებს. 

„სასიხარულოა, რომ სამშენებლო ფაკულტეტის სამმა დოქტორანტმა რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მაღალ დონეზე შესრულებული სამი სამეცნიერო პროექტი წარადგინა და გამარჯვება მოიპოვა. ეს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების და მათთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა დიდი წარმატებაა.

ვულოცავთ ახალგაზრდებს და გვჯერა, სამეცნიერო მიმართულებით, ისინი მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწევენ.

მშენებლობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა, ქეთევან წიქარიშვილმა, პროფესორ მარინა ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, წარადგინა სრულყოფილად არგუმენტირებული საკონკურსო პროექტი – „შენობების რეკონსტრუქციის მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის კვლევა“.

რაც შეეხება წყლის რესურსების ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტ ლაშა ყაველაშვილს, ასოცირებულ პროფესორ ზაალ ცინაძის მენტორობით, განახორციელა პროექტი – „საქართველოს რეგიონების უწყვეტი წყალმომარაგების ოპერირების მეთოდოლოგიის შემუშავება”, ხოლო ამავე პროგრამის დოქტორანტის, მარიამ ყავრელიშვილის საკონკურსო პროექტი – „სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყლის მედიკამენტოზური დაბინძურების კვლევა თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით”, ჩემი ხელმძღვანელობით შემუშავდა.

უნივერსიტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თაოსნობით, მეცნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მრავალმხრივ უწყობს ხელს, ეფექტიანად მიიღონ მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო კვლევით კონკურსებში. ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ხარისხის ასამაღლებლად, მკვლევართა ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობის გამოსავლენად. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს პროცესი უზრუნველყოფს საერთაშორისო სივრცეში ახალგაზრდა მეცნიერთა სრულფასოვან ინტეგრირებას“, – აღნიშნავს ზურაბ გვიშიანი.  

ცნობისათვის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა „2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსში“ 39 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.  

სტუდენტებისთვის Kingston Technology-ს წარმომადგენლებმა მასტერკლასი ჩაატარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტებს, კომპიუტერული მეხსიერებების მწარმოებელი, ცნობილი ამერიკული კორპორაცია Kingston Technology-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა მასტერკლასი ჩაუტარეს. 

მასტერკლასს, რომელიც სტუ-ის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში გაიმართა, სტუდენტებთან ერთად, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჩხაიძე და ლაბორატორიული კომპლექსის თანამშრომლები ესწრებოდნენ.  

ფაკულტეტის დეკანის, თალიკო ჟვანიას შეფასებით, Kingston Technology-ის მასტერკლასი მრავალმხრივ საინტერესო და ინფორმაციული იყო სტუდენტებისთვის.

Cover gtu.png (17).jpg

„ცნობილი ამერიკული კორპორაცია Kingston Technology ერთ-ერთია საერთაშორისო ბაზარზე, რომელიც აწარმოებს და ავითარებს კომპიუტერულ მეხსიერებათა ინოვაციურ პროდუქტებს. მასტერკლასი მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი სტუდენტებისთვის.

ახალგაზრდებმა Kingston Technology-ის წარმომადგენლებისგან მიიღეს აქტუალური ინფორმაცია კომპიუტერული მოწყობილობების და ფლეშ მეხსიერების, მათი ტიპებისა და გამოყენების საჭიროებების თაობაზე, შეიტყვეს საინტერესო ფაქტები ოპერატიული მეხსიერების განვითარების ისტორიიდან.

ისინი უშუალოდ ჩაერთნენ კომპიუტერული მოწყობილობების გაძლიერების და მეხსიერებით აღჭურვის პრაქტიკულ პროცესში. აღსანიშნავია, რომ, მასტერკლასის ფარგლებში, Kingston-მა ფაკულტეტს საჩუქრად გადასცა ოპერატიული და სწრაფი SSD მეხსიერებები, რომელთა მეშვეობით რამდენიმე სასწავლო კომპიუტერი გაძლიერდა“, – აღნიშნა თალიკო ჟვანიამ. 

ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარიამ ჩხაიძის თქმით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გასავითარებლად, ასევე, ინდუსტრიებსა და უნივერსიტეტს შორის კოლაბორაციის გასააქტიურებლად.

„ეს პირველი მასტერკლასი იყო „კინგსტონისგან“, რაც, ვფიქრობთ, მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის საწინდარია. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მოქმედ სხვა მსხვილ კომპანიებთანაც გაგრძელდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მასტერკლასის პროცესში სტუდენტებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დამყარებული უშუალო კომუნიკაცია ზრდის ახალგაზრდების ინტერესს, მოტივაციას და პროფესიულ ცოდნას“, – აღნიშნა მარიამ ჩხაიძემ.

მასტერკლასის ფარგლებში, Kingston Technology-ის წარმომადგენლებმა სტუდენტებისთვის სახალისო პრიზებიც გაათამაშეს, ღონისძიების დასასრულს კი, ახალგაზრდების თანხლებით, სტუ-ის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიული კომპლექსი და ელექტრონიკის მუზეუმი დაათვალიერეს. 

Support

Why are you writing to us?