სტუ-სა და „ნიკორა ტრეიდს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ჰოლდინგი ქსელში დასაქმებულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ნიკორა ტრეიდს“ შორის, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებისა და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, ამავე სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, მემორანდუმის მიზანია კომპანიასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის დამყარება, რათა მხარეებმა ერთობლივად შეუწყონ ხელი სტუდენტებს მოქნილი გრაფიკით მუშაობის დაწყებასა და სწავლის დაფინანსების შესაძლებლობის მოპოვებაში. 

„მემორანდუმის ფარგლებში კომპანია იღებს ვალდებულებას უნივერსიტეტს მიაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია დაფინანსებისა და კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ, ხოლო უნივერსიტეტი თავი მხრის უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

მივესალმებით კომპანიის მხრიდან ასეთ ინიციატივას, რამეთუ ცოდნის მიცემასთან ერთად სტუდენტთა დასაქმება ერთ-ერთი პრიორიტეტია. უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს დაამყაროს კონტაქტი შრომის ბაზარზე არსებულ კვალიფიციურ ორგანიზაციებთან, გააფორმოს თანამშრომლობის მემორანდუმი და სტუდენტებს გაუადვილოს დასაქმების პროცესი. კონკრეტული შემოთავაზებით სტუდენტებს, რომლებიც დასაქმდებიან მათ ქსელში (ნიკორა, ლიბრე), კომპანია სრულად დაუფინანსებს სწავლის გადასახადს (2250 ლარი). ეს ვრცელდება უკვე დასაქმებულ სტუდენტებზეც, რაც ჩვენთვის მისაღები და მისასალმებელია,“- განაცხადა თამარ წერეთელმა. 

როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, უნივერსიტეტი ორიენტირებულია სტუდენტზე, სწავლასა და შემდგომში მათ დასაქმებაზე. „ნიკორა ტრეიდის“ ინიციატივას მივესალმებით და ვისურვებთ, რომ ბევრი მიმდევარი გამოუჩნდეთ შრომის ბაზარზე,“ – აცხადებს ზაზა ბუაჩიძე. 

სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, უნივერსიტეტი სტუდენტებს მუდმივად ეხმარება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანისა და დასაქმების შანსების გაზრდაში.

„ჩვენი განყოფილება მუდმივად ზრუნავს სტუდენტების დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაზე. „ნიკორა ტრეიდთან“ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ორგანიზაციას მონაწილეობა აქვს მიღებული უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ყველა დასაქმების ფორუმში. მათ ქსელში სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებულ სტუდენტთა რიცხვი ყოველწლიურად მზარდია. მემორანდუმის გაფორმება იყო ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება“, – აცხადებს ნატო ქათამაძე.

სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ICT in Life 2024”

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით,  სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ICT in Life 2024” მიმდინარეობს. 

სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება. 

კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მკვლევრები და სტუდენტები, ფაკულტეტის დეკანმა გახსნა.

როგორც პროფესორმა თალიკო ჟვანიამ განაცხადა, კონფერენცია მკვლევრებსა და სტუდენტებს ახალი კონტაქტების დამყარებისა და სამეცნიერო მიღწევების ინტერნაციონალიზაციის საშუალებას აძლევს. 

Cover gtu.png (21).jpg

“შემთხვევითი არ არის, რომ კონფერენციის პარტნიორი და თანაორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან ერთად დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტია. დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (HTW Dresden) ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია გერმანიაში, რომელიც ორიენტირებულია გამოყენებით მეცნიერებებზე.

ასწლოვანი ისტორიის მქონე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ჩვენს ქვეყანაში, ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის მიმართულებით, 71 წელია განათლების ერთ-ერთი უმთავრესი კერაა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან აკავშირებს ათ წელზე მეტი ხნის თანამშრომლობა. სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას შარშან ჩაეყარა საფუძველი, წელს უკვე მეორედ ვატარებთ. საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, მასში მონაწილეობა კი საფუძველს ჩაუყრის ახალი სამეცნიერო კვლევითი კონტაქტების დამყარებას. წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს”, – განაცხადა თალიკო ჟვანიამ. 

სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში – “ICT in Life 2024”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის 80-მდე სტუდენტი მონაწილეობს. კონფერენციაზე წარმოდგენილია 50-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის შედეგები, ინტერდისციპლინური კვლევები და ინოვაციური იდეები. კონფერენცია ორი დღე გასტანს. მონაწილეებს კი, სერტიფიკატები გადაეცემათ. 

მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია “სტუ – ნანო 2024”

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია – „ნანოტექნოლოგიები“ (სტუ – ნანო 2024) მიმდინარეობს. საერთაშორისო კონფერენცია ხუთდღიანია და მას მსოფლიოს 17 ქვეყნის – საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, იტალიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ეგვიპტის, თურქეთის, ირანის, კანადის, მექსიკის, რუსეთის, სომხეთის, უკრაინის, უნგრეთისა და ყაზახეთის სამეცნიერო დელეგაციები ესწრებიან.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა გახსნა. როგორც მან აღნიშნა, ნანოტექნოლოგიური კონფერენცია საქართველოში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და ე.წ. რეგულარული სერია თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის ამ მნიშვნელოვანი სფეროს ყველაზე უფრო აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება.

კარლო კოპალიანის თქმით, „სტუ – ნანო 2024“-ზე მეცნიერები, მკვლევრები, ინჟინრები და ტექნოლოგები განიხილავენ ახალი ნანომასალების სინთეზის მეთოდებს, მათი სტრუქტურის, ფიზიკური, ქიმიური და ტექნოლოგიური თვისებების კვლევებს, აგრეთვე, ტექნიკაში მათი გამოყენების შესაძლებლობებს. 

1-Sida.png

„სასიხარულოა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაცია სამეცნიერო მიმართულებით. საერთო ჯამში, კონფერენციის ეროვნულმა საორგანიზაციო კომიტეტმა პრეზენტაციების 120 აბსტრაქტი მიიღო.

ავტორებს შორის არიან როგორც ამ სფეროს კარგად ცნობილი მკვლევრები, ასევე, პერსპექტიული ახალგაზრდა სპეციალისტები და დოქტორანტი სტუდენტები. ისინი წარმოადგენენ წამყვან უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებს მსოფლიოს 17 ქვეყნიდან. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 40-ზე მეტი წამყვანი მეცნიერი ესწრება კონფერენციას.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი კარგ პლატფორმად გადაიქცევა ნანონომინაციებისა და ნანოტექნოლოგიებისათვის, რომ გამართონ ფართო დისციპლინათშორისი დისკუსია და ამ გზით არამარტო ინტენსიური გახადონ არსებული თანამშრომლობა, არამედ ხელიც შეუწყონ მომავალ თანამშრომლობას ნანოტექნოლოგიურ კვლევებში. მივესალმები მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს. წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა. 

„სტუ – ნანო 2024“-ის ზეპირი და პოსტერული სესიების თემატიკა მრავალფეროვანია. ის მოიცავს ნანოტექნოლოგიას, ნანოფიზიკას, ნანოქიმიას, ნანობიოოლოგიასა და ნანომედიცინას, ასევე ნანომასალათმცოდნეობას, ნანოინჟინერიასა და ნანოელექტრონიკას, ეხება ნანოუსაფრთხოებასა და ნანოგანათლებას და ა.შ. 17 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტებისა და სამეცნიერო ცენტრების მკვლევართა მიერ 140-მდე მოხსენებაა წარმოდგენილი.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა განაცხადა, 1959 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა, რიჩარდ ფეინმანმა თავის მოხსენებაში – “იქ, ქვევით საკმარისი ადგილია” – პირველად წამოაყენა მოსაზრება, რომ შესაძლოა ატომების გადაადგილება მექანიკურად, მანიპულატორების საშუალებით. პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, ითვლება, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი ნანოტექნოლოგიების განვითარებაში. ტერმინი „ნანოტექნოლოგია“ კი, პირველად, 1974 წელს გამოიყენა ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ნორიო ტანიგუჩიმ, რითაც რამდენიმე ნანომეტრის ზომის ობიექტის შექმნა განსაზღვრა. 

“ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოშკალის დონეზე.

დღეისათვის, ნანოტექნოლოგია ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფეროა, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დარგში.

კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერების ჩართვას საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა.

მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდს, კონფერენცია ფონდის საგრანტო ეგიდით მიმდინარეობს“, – განაცხადა დეკანმა. 

ქართველი და უცხოელი მეცნიერები და სტუდენტები კონფერენციაზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგებს წარადგენენ და სამეცნიერო დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ. 

ემერიტუსის ალექსანდრე რობიტაშვილის ხსოვნას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, რობიტაშვილების ოჯახს, კოლეგებსა და აღზრდილებს სამძიმარს უცხადებენ ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ემერიტუსის, ალექსანდრე რობიტაშვილის გარდაცვალების გამო. 

“ჩვენგან წავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგი, გულწრფელი და უბადლო მეგობარი, მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, რომელმაც თავისი ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში აღზარდა დარგის პროფესიონალი კადრი. სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახსა და კოლეგებს”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

ალექსანდრე რობიტაშვილის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა მთლიანად იყო დაკავშირებული პოლიტექნიკური ინსტიტუტის, შემდგომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჯერ კავშირგაბმულობის, შემდეგ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტთან. მას დიდი როლი მიუძღვის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის ჩამოყალიბებაში, წლების განმავლობაში იყო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, არის მრავალი სამეცნიერო შრომის, სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი. 2020 წელს მიენიჭა ემერიტუსის აკადემიური წოდება. 

რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ლიეტუვის რესპუბლიკის ახალ ელჩს, დარიუს ვიტკაუსკასს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ლიეტუვის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება დარიუს ვიტკაუსკასს შეხვდა და მასთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, პროფესორ ვიდას კავალიუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი მარია სულაბერიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

რექტორმა ელჩთან საუბრისას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიეტუვის უმაღლეს სასწავლებლებს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების, ასევე, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილა. 

ლიეტუვას ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი ტექნიკურ უნივერსიტეტში.png

აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს და ლიეტუვას ერთმანეთთან ხანგრძლივი, გულითადი მეგობრობა და განსაკუთრებული პარტნიორობა აკავშირებთ. უნივერსიტეტს არაერთი წელია მჭიდრო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობები აქვს ლიეტუვის უნივერსიტეტებთან, რასაც ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის წარმატებული ფუნქციონირება ადასტურებს.

„ჩვენმა ქვეყნებმა ერთნაირად რთულად განვლეს საბჭოთა ავტორიტარიზმის ათწლეულები და გაუძლეს უახლესი ისტორიის მძიმე წლებს. ფასდაუდებელია ჩვენი ხალხების თავისუფლებისკენ სწრაფვა, ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და გულითადი მეგობრობა, რასაც მომავლის საერთო ხედვა აძლიერებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უკვე მრავალი წელია მჭიდრო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობები აქვს ლიეტუვას უნივერსიტეტებთან.

ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში წარმატებით ფუნქციონირებს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, რომელიც ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უფასოდ დაეუფლოს ლიეტუვურ ენას, გაეცნოს მის კულტურას და მონაწილეობა მიიღოს სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში. ცენტრი მისი დამფუძნებლის, ჩვენი დიდი მეგობრისა და მეცნიერის, პროფესორ ვიდას კავალიუსკასის სახელს ატარებს. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამუდამოდ უკვდავყო მისი ხსოვნა და გარდაცვალების შემდეგ მას უნივერსიტეტის უმაღლესი საპატიო ჯილდო, ოქროს მედალი მიანიჭა.

ჩვენს უნივერსიტეტსა და ლიეტუვის უმაღლეს სასწავლებლებს შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული კავშირების გაძლიერების და საუნივერსიტეტო ცენტრის მხარდაჭერის მხრივ, უდიდესი იყო საქართველოში ლიეტუვის ყოფილი ელჩის, ბატონი ანდრიუს კალინდრას დამსახურება, რისი გათვალისწინებათაც, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მას ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

მხარდაჭერისთვის, უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, მადლობას მოვახსენებ როგორც საქართველოს, ისე ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობას, ლიეტუვის პირველ ლედის, ქალბატონ დიანა ნაუსედიენეს, რომელიც ბოლო წლებში ორჯერ იმყოფებოდა ჩვენს უნივერსიტეტში, სადაც შეხვედრები ჩაატარა ახალგაზრდებთან და პედაგოგებთან. დარწმუნებული ვართ, საქართველოში ლიეტუვის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება დარიუს ვიტკაუსკასი ასევე ძლიერად შეიყვარებს საქართველოს და ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიეტუვის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობას არაერთი ახალი, ერთობლივი პროექტების მხარდაჭერით განამტკიცებს“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, დარიუს ვიტკაუსკასმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს გულთბილი დახვედრისთვის, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის მხარდაჭერისა და ორი ქვეყნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო წრეებს შორის ურთიერთობათა გაღრმავების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.  

„მადლობას გიხდით საქართველოსა და ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობისადმი განსაკუთრებული პატივისცემისთვის, იმ მნიშვნელოვანი მისიისთვის, რასაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ეწევა. თქვენი ზრუნვის შედეგად, ორი ქვეყნის აკადემიურ და სამეცნიერო საზოგადოებებს, ჩვენს ახალგაზრდობას შორის მეგობრობა განუხრელად მტკიცდება და გაცილებით ღრმა მნიშვნელობას იძენს“, – აღნიშნა დარიუს ვიტკაუსკასმა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იმ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობებიც, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წლის მანძილზე როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე, ლიეტუვის უმაღლეს სასწავლებლებში გაიმართება. 

ვიცე-რექტორი თამარ ლომინაძე და ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკლაუს ლარგიერი რადიო “იმედის” ეთერში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პროფესორმა ნიკლაუს ლარგიერმა რადიო “იმედის” გადაცემაში – “დილის სტუმარი” ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის შესახებ ისაუბრეს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2024 წლის 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესს მასპინძლობს.

სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ პროფესორ ვლადიმირ სტუპელს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში,  პროფესორ ვლადიმირ სტუპელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის  წოდება მიანიჭა.

აკადემიკოს დავით გურგენიძისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრს, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პიბოდის ინსტიტუტის კამერული მუსიკის ფაკულტეტის პროფესორსა და ისლანდიის ხელოვნების აკადემიის (რეიკიავიკი, ისლანდია) მიწვეულ პროფესორს,  ვლადიმირ სტუპელს საპატიო დოქტორის წოდება  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით  წარმატებული  კოლაბორაციისთვის, სამუსიკო ხელოვნების სფეროსა და ფილოსოფიის დარგში შეტანილი საპატიო წვლილისთვის, ქართველ სტუდენტებთან და პიანისტებთან დიდსულოვანი თანამშრომლობისთვისა და მათი მხარდაჭერისთვის, მრავალფეროვანი მუსიკალური გამოცდილების გაზიარებისა და ფასდაუდებელი ხელმძღვანელობისთვის მიენიჭა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი არის მუსიკოსი არაჩვეულებრივად მდიდარი ბგერისა და ემოციის დიაპაზონით. 

„ვულოცავ ბატონ ვლადიმირს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებას. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი მომავალი თაობების აღზრდაში. ჩვენს უნივერსიტეტს დღეს შეემატა კიდევ ერთი ელჩი, მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი და პედაგოგი. ვფიქრობ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ასევე ვლადიმირ სტუპელისთვის ეს არის დიდი პატივი. წარმატებებს ვუსურვებ მას”, – განაცხადა რექტორმა. 

პროფესორმა ვლადიმირ სტუპელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს. 

„ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანია ის სტუდენტები, რომელთაც ვუზიარებთ ცოდნას, სიყვარულს, ემოციებს. ბედნიერი ვარ იმ ურთიერთობებით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჩემსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსა და სტუდენტებს შორის.

ბედნიერი ვარ  ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესში მონაწილეობით. განსაკუთრებით მახარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების დამოკიდებულება ხელოვნებისა და მუსიკის მიმართ. მადლობას მოვახსენებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აკადემიურ საბჭოს, რექტორს – მხარდაჭერისა და დაფასებისთვის”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ვლადიმირ სტუპელმა. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, ცნობილი ფრანგი პიანისტი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი წარსდგა მუსიკალური შესრულებით – „ზნეობრიობის შესახებ მუსიკაში“. სტუპელმა წარმოადგინა ფრანგულ-გერმანული პროგრამა და შეასრულა რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის და პოლ დიუკას ნაწარმოებები. მან, ასევე, მუსიკისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართებაზე ისაუბრა.

ინფორმაციისთვის, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესი, თემით – „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“, რომელიც ამ პრესტიჟული სამეცნიერო ფორუმის დაარსებიდან 70 წლისთავს ეძღვნება, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში იმართება და მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მასპინძლობს.

მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო ფონდები და საქართველოს მთავრობა.

ჰეგელის ფილოსოფიისა და მისი რეცეფციის ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით, კონგრესი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მეცნიერ-მკვლევრები იღებენ. 

სტუ-ის რექტორმა ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტსა და ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტს, პროფესორ მირიამ გერჰარდს და ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტს, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეას არნდტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

აკადემიკოს დავით გურგენიძისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტს, ოლდენბურგის კარლ ფონ ოსეცკის უნივერსიტეტის პროფესორ მირიამ გერჰარდს და ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტს, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეას არნდტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებას შორის წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისთვის, სტუ-ის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სასწავლო და კვლევითი პროცესის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი სტუდენტებისა და სტუ-ის აკადემიური პერსონალის მხარდაჭერისთვის, მიენიჭათ. 

1 (7).png

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტი მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებასთან. 

“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, მეცნიერების მორიგი ზეიმის დღეები იყო. ჩვენ ვუმასპინძლეთ ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს, რომელიც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. ჰეგელის წლევანდელი საერთაშორისო კონგრესი საიუბილეოა და მისი დაარსებიდან 70 წლისთავს მიეძღვნა.

საქართველო კი პირველი სახელმწიფოა, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ აღნიშნული მაღალი რანგის მსოფლიო სამეცნიერო ფორუმი იმართება, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტი ფორუმის პირველი მასპინძელი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოდან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტს, პროფესორ მირიამ გერჰარდს და ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტს, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეას არნდტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭოს. მაქვს პატივი მივულოცო ჩვენს კოლეგებსა და მეგობრებს ეს საპატიო წოდება და წარმატებები ვუსურვო”, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა მირიამ გერჰარდმა და ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტმა, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეას არნდტმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს მადლობა გადაუხადეს. 

ინფორმაციისთვის, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესი, თემით – „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“, რომელიც ამ პრესტიჟული სამეცნიერო ფორუმის დაარსებიდან 70 წლისთავს ეძღვნება, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში იმართება და მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მასპინძლობს.

მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო ფონდები და საქართველოს მთავრობა. ჰეგელის ფილოსოფიისა და მისი რეცეფციის ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით, კონგრესი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მეცნიერ-მკვლევრები იღებენ. 

სტუ-ს და CERN-ს შორის გაფორმებული მემორანდუმების თანახმად, ქართველი მეცნიერ-ინჟინრები მომავლის ციკლური კოლაიდერის ფიზიკური პროგრამის განხორციელებაში ჩაერთვებიან

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და  ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის არსებული სამეცნიერო კოლაბორაცია სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება“, – ამის შესახებ სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების ორი ახალი, უმნიშვნელოვანესი მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა. 

დოკუმენტებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორმა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა ემანუელ თესმელისმა მოაწერეს ხელი. 

ურთიერთგაგების მემორანდუმი #1 CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლებას და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა მონაწილეობის გაგრძელებას ეხება, მემორანდუმი #2 კი, CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC – Future Circular Collaider) რეალიზების სამუშაოებში უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.  

სტუ და CERN.png

დავით გურგენიძის განცხადებით, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმების ხელმოწერის საფუძველზე, CERN-ის სამომავლო სამეცნიერო საქმიანობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტისა და მისი მკვლევრებისთვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტებისთვის. როგორც რექტორმა აღნიშნა, CERN-თან სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავება საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს  ხელშეწყობით ხორციელდება.
 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელი მოეწერა ორ მემორანდუმს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობას მიიღებენ ისეთ გლობალურ პროექტებში, როგორიცაა CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლება და CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის – FCC-ის რეალიზების სამუშაოებში მონაწილეობა. მეორე დოკუმენტს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „საუკუნის მემორანდუმი“, რომელიც რეგიონში პირველად, სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ფორმდება. დოკუმენტი ითვალისწინებს მომავლის, 100 კილომეტრი სიგრძის ციკლური კოლაიდერის, FCC-ის ფიზიკური პროგრამის განხორციელებას, რაც დიდი ადრონული კოლაიდერის, LHC-ის ფიზიკური პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება. ამჟამად, LHC-ის რეალიზების პარალელურად, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები, მათ შორის, FCC კოლაბორაციაში ქვეყნების გაერთიანება, სამუშო ჯგუფების შექმნა; FCC-თვის ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ამაჩქარებლის და უახლესი ტიპის დეტექტორების მიმართულებით. ყველა ამ სამუშაოში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი, ამ ინსტიტუტის დირექტორის, CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის, პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით. ისინი ამ ეტაპზე FCC პროგრამის ტექნიკური დიზაინის რეპორტის – TDR-ის შექმნაზე მუშაობენ.

მეორე მემორანდუმის თანახმად, CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლება ითვალისწინებს არა მხოლოდ ამჟამად მოქმედი დეტექტორების განახლებას, არამედ, ზოგიერთი მათგანის ახლით ჩანაცვლებასაც. განახლების პროგრამაში უაღრესად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ახალი ტიპის მაღალი გრანულირების უნივერსალური კალორიმეტრის  – HGCAL-ის შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მსგავსი კალორიმეტრი მეცნიერებაში არ შექმნილა და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები, მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები შეიტანენ.

დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ჩვენი  მეცნიერებისთვის. სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის არსებული სამეცნიერო კოლაბორაცია სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება. დღეს, სწორედ ამ მიზნით, ჩვენს უნივერსიტეტში იმყოფებიან ფიზიკოსები, მსოფლიოში სიცოცხლის შემეცნების ერთ-ერთი უმსხვილესი კოლაბორაციიდან – ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან. ამასთან ერთად, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, საქართველოში მე-5 დღეა მიმდინარეობს ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს. ამ დიდებულ სამეცნიერო ფორუმში მსოფლიოს თვალსაჩინო მეცნიერები მონაწილეობენ და ახალგაზრდებს ფილოსოფიაში წამყვან იდეებს უზიარებენ. როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ, მთელი კაცობრიობის არსი და შემეცნება ფიზიკა და ფილოსოფიაა. ამიტომ, გულწრფელად მიგვაჩნია, რომ ჩვენს უნივერსიტეტში მეცნიერების ზეიმია. 

მადლობას ვუხდით ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ინტელექტუალური შესაძლებლობების ჯეროვნად დაფასებისთვის, გამოცხადებული ნდობისა და მეგობრობისთვის, მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიმართულებით ქმედითი მხარდაჭერისთვის. და ბოლოს, ყველა მსგავსი დოკუმენტის ამოქმედება ახალგაზრდა თაობის მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში შეუწყობს ხელს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

CERN-თან ურთიერთგაგების მემორანდუმების ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, CERN-ის საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის უფროსი მრჩეველი, პროფესორი ქრისტოფ შაფერი, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგ, ჰეგელის საერთაშორისო კონგრესი იტალიაში, რომა ტრეს უნივერსიტეტში გაიმართება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესის დახურვის ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმადაც ჰეგელის მორიგი, 36-ე საერთაშორისო კონგრესი იტალიაში გაიმართება.
 
პრესტიჟული სამეცნიერო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ჰეგელის 36-ე საერთაშორისო კონგრესის მასპინძლობის დამადასტურებელი სიმბოლური გრაგნილი რომა ტრეს უნივერსიტეტის (იტალია) წარმომადგენელს, პროფესორ ფრანჩესკა იანელის გადასცა. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესის დახურვის ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, კონგრესის მონაწილე მეცნიერ-მკვლევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საერთაშორისო კონგრესზე, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებისა და მსოფლიო მასშტაბით კლასიკური გერმანული ფილოსოფიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების 250-მდე გამოჩენილი მეცნიერ-მკვლევარი, 300-ზე მეტი ნაშრომი იქნა განხილული. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა კონგრესის მონაწილე მეცნიერ-მკვლევრებს, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებას, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტს – ოლდენბურგის კარლ ფონ ოსეცკის უნივერსიტეტის პროფესორ მირიამ გერჰარდს და ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტს – ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეას არნდტს, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრს, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პიბოდის ინსტიტუტის კამერული მუსიკის ფაკულტეტის პროფესორსა და ისლანდიის ხელოვნების აკადემიის (რეიკიავიკი, ისლანდია) მიწვეულ პროფესორს, ვლადიმირ სტუპელს, სტუმრებსა და სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს, დეკანს, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილს და პროფესორ მამუკა ბერიაშვილს. 

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, კონგრესი, რომელიც საიუბილეო თარიღს – ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების დაარსებიდან 70 წლისთავს მიეძღვნა, პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად ჩატარდა. რექტორის განცხადებით, სამეცნიერო ფორუმის ფარგლებში, ჰეგელის ფილოსოფიის ისეთი ასპექტები იქნა განხილული, რომლებიც ეხება სახელმწიფოს თეორიას, სუბიექტურობის ფილოსოფიას, რელიგიისა და სამართლის ფილოსოფიას და აღიარების თეორიას, რაც გარკვეულწილად წარმოდგენილია მნიშვნელოვან თანამედროვე სოციალურ თეორიებში, მათი ცნობილი ავტორები კი კონგრესის მთავარი მომხსენებლები იყვნენ.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდა ჰეგელის საერთაშორისო კონგრესი, რომელიც საზოგადოების დაარსებიდან 70 წლისთავს მიეძღვნა. მადლობას მოვახსენებ კოლეგებს, მეცნიერებს, რომელთაც კონგრესის ფარგლებში ძალიან საინტერესო საკითხებზე იმსჯელეს. მადლობას მოვახსენებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ყოფილ მინისტრს, გიორგი ამილახვარს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს.

საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტს, ოლდენბურგის კარლ ფონ ოსეცკის უნივერსიტეტის პროფესორ მირიამ გერჰარდს და ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტს, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეას არნდტს, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრს, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პიბოდის ინსტიტუტის კამერული მუსიკის ფაკულტეტის პროფესორსა და ისლანდიის ხელოვნების აკადემიის (რეიკიავიკი, ისლანდია) მიწვეულ პროფესორს, ვლადიმირ სტუპელს. ისინი შეუერთდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელჩებს. წარმატებებს ვუსურვებ მათ.

ამასთან ერთად, დღეს, CERN-თან სამეცნიერო კოლაბორაციის მიმართულებით, ორ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს მოეწერა ხელი. ამ ურთიერთგაგების მემორანდუმების საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ინჟინრები CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის FCC-ის რეალიზებაში აქტიურად ჩაერთვებიან და ასევე, CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლების სამუშაოებში მონაწილეობას გააგრძელებენ.

ეს არის მეცნიერებაში ახალი ეტაპის დასაწყისი, რომელშიც საქართველო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი უნივერსიტეტისა და მისი მკვლევრებისთვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ საინჟინრო-ტექნოლოგიური თუ ჰუმანიტარული მიმართულებით სამეცნიერო კოლაბორაციების გაღრმავება საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უდიდესი ხელშეწყობით ხორციელდება”, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

ჰეგელის საერთაშორისო კონგრესი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით, რეგულარულად, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. 

Support

Why are you writing to us?