სტუ-ში მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის საჯარო ლექცია გაიმართება

3 ოქტომბერს, 16:00 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში “ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის” ინიციატივით, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, სტუ-ის თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ანანია ჯაფარიძე სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს, თემაზე – “ქალდეა; ქართული ცივილიზაციის სათავეებთან”. 

ციკლური საჯარო ლექციების თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითთმართველობა და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბი.

სტუ-ში შემოქმედებითი ჯგუფების ახალი წევრებით შევსება დაიწყო

ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილი შემოქმედებითი ჯგუფები, ახალი წევრების შერჩევის მიზნით, „ქასტინგს“ აცხადებენ!

ყველას, ვისაც გიყვართ სიმღერა, დაკვრა, ცეკვა და სცენა, გიწვევთ გახდეთ ჩვენი შემოქმედებითი გუნდის წევრები

ახალი წევრების შერჩევის განრიგი:

  • იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელა –  ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 17:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის ივანე ჯავახიშვილის დარბაზი. მისამართი: მერაბ კოსტავას ქუჩა #77 (სააკაძის მოედანზე); ხელმძღვანელი ციცი ფალავანდიშვილი – 599 51 21 35;
  • სტუ-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ – ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 საათზე, სტუ-ის II სასწავლო კორპუსი, ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზი; მისამართი: მერაბ კოსტავას #67 (საზოგადოებრივი მაუწყებლის მოპირდაპირედ); ხელმძღვანელები: თემურ კობახიძე და ნინო ლაზიშვილი – 599 77 94 77 | 599 41 11 71;
  • სტუ-ს სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 12:00- დან 17:00-საათამდე, სტუ-ის II სასწავლო კორპუსი, III სართული, თეატრ-სტუდია „მოდინახე“; მისამართი: მერაბ კოსტავას #67 (საზოგადოებრივი მაუწყებლის მოპირდაპირედ); ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე –  599 10 04 83
  • სტუ-ის ჯაზ-ბენდი – ოთხშაბათს და პარასკევს, 14:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, კულტურის განყოფილება. მისამართი: მერაბ კოსტავას # 77 (ბენდს ესაჭიროება როგორც ვოკალისტები, ასევე ჩასაბერ და დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის მსურველი ახალგაზრდები); ხელმძღვანელი ირაკლი კალმახელიძე –  577 42 10 17
  • სტუ-ის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფი „ქალდეა“ – შაბათს 16:00 საათზე, სტუ-ის  VI სასწავლო კორპუსი, I სართული, #119 აუდიტორია;  მისამართი: მერაბ კოსტავას # 77; ხელმძღვანელი თამაზ ჯამაგიძე – 555 33 64 85
  • MUSIC ART HOUSE – 8 ოქტომბერს, 14:00-დან 17:00 საათამდე; სტუ-ის I სასწავლო კორპუსი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, #562 აუდიტორია; მისამართი: მერაბ კოსტავას #68; ხელმძღვანელი გიორგი ქურასბედიანი – 557 532 811

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა მსურველს გელით!

სტუ-ში პროფესორ მუხრან მდივანის საჯარო ლექცია ჩატარდება

5 ოქტომბერს, 15:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში ჩატარდება სტუ-ის და ჯიპას ასოცირებული პროფესორის, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის ტრენერის, მუხრან მდივანის საჯარო ლექცია თემაზე: „პარლამენტარიზმი და ადამიანის უფლებები“.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორები: მუხრან მდივანი და “ქრისტიანული კულტურის კვლევების ლაბორატორიის” ხელმძღვანელი კახა ძაგანია.

სტუ-ის კანცლერმა სიჩუანის უნივერსიტეტებთან კოლაბორაციის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სიჩუანის პროვინციის უმაღლეს სასწავლებლებთან სამომავლო კოლაბორაციისა და სამეცნიერო-აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილა. 

უნივერსიტეტის კანცლერი სიჩუანის პროვინციის სამ უმაღლეს სასწავლებელში – მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტში (ზიგონგი), სამხრეთ-დასავლეთის ნავთობის უნივერსიტეტსა (ჩენდუ) და სამხრეთ-დასავლეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (მიანიანგი) – სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა. 

სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ, პროფესორ ტუო სიანგუოსთან და ვიცე-პრეზიდენტ, პროფესორ ლუო ჰუიბოსთან სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ჩინური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სტუ-ის კანცლერმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფუცის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნებასთან დაკავშირებულ მიმდინარე და სამომავლო საკითხებზე იმსჯელა, ასევე, განიხილა უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობები.

Cover gtu.png (17).jpg

ჩენდუში მდებარე სამხრეთ-დასავლეთის ნავთობის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტ, პროფესორ ფეი ქსიანჯუნთან და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის დირექტორ დაი ლეისთან შეხვედრაზე პროფესორმა კარლო კოპალიანმა განიხილა სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა მობილობის საკითხები როგორც სამხრეთ-დასავლეთის ნავთობის, ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.  

მიანინგში, სტუ-ის კანცლერი სამხრეთ-დასავლეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ჰუანგ ცის, არქიტექრურის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ჯია ბინს და ჩინური უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა.

მხარეებმა ერთმანეთს უნივერსიტეტების ფაკულტეტების საქმიანობა და წარმატებული პროექტები გააცნეს, ასევე, მომავალი თანამშრომლობის მიმართულებით, ორმხრივ მიმზიდველი სფეროები განიხილეს, გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობებზე. 
 
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი აღნიშნავს, ჩინეთის სიჩუანის პროვინციის უნივერსიტეტებში სამუშაო ვიზიტი ნაყოფიერი სამომავლო კოლაბორაციისა და მრავალმხრივ საინტერესო ერთობლივი პროექტების განხორციელების საწინდარი იქნება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფუცის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაარსდება. 

„ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე კონფუცის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსების საფუძველი სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმია.

კონფუცის ინსტიტუტი ჩინური ენისა და კულტურის შემსწავლელი საუნივერსიტეტო ცენტრის ფუნქციასაც იტვირთებს და ამას გარდა, ნაყოფიერად და აქტიურად ითანამშრომლებს, როგორც ჩინეთის კვლევების ჩვენს საუნივერსიტეტო ცენტრთან, ასევე, უნივერსიტეტის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და ცენტრთან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა, ჩინელ კოლეგებთან ერთად, ინოვაციების ერთობლივად დანერგვის მიმართულებით იმუშაონ. დარწმუნებული ვართ, განათლებისა და მეცნიერების დარგში კოლაბორაცია დადებით შედეგს მოუტანს როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტს, ასევე, სიჩუანის უნივერსიტეტებსაც, საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობებს კი გაცილებით მრავალმხრივს გახდის“, – აცხადებს სტუ-ის კანცლერი. 

სტუ-ში სტუდენტების მიერ გადაღებული ანიმაციური ფილმის საპრემიერო ჩვენება გაიმართება

3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დიპლაბში გაიმართება ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების კოლაბორაციით გადაღებული ანიმაციური ფილმის საპრემიერო ჩვენება და ფილმის ავტორთა საჯარო ლექცია.

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ევოლუციის შესახებ მოგვითხრობს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გრანტის ფარგლებში შეიქმნა.

გამარჯვებული საგრანტო პროექტის ავტორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ფაკულტეტის პროფესორი სოფო დემეტრაშვილი და “ქრისტიანული კულტურის კვლევების ლაბორატორიის” ხელმძღვანელი, პროფესორი კახა ძაგანია. 

სტუ-ის რექტორმა CERN-ის საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელთან ახალი მემორანდუმების გაფორმებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელა

საქართველოს ტექტიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორ ემანუელ თესმელისს შეხვდა და მასთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების ორი ახალი მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა.

სტუ-სა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების მნიშვნელოვან დოკუმენტებს მხარეები ხვალ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოაწერენ ხელს.  

პირველი მემორანდუმი CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერტიმენტის ფაზა 2-ის განახლებას ეხება, ხოლო მეორე დოკუმენტი – CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC – Future Circular Collaider) რეალიზების სამუშაობს. ორივე მემორანდუმი CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტებში სამუშაოებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა, ინჟინერთა და სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.

როგორც ემანუელ თესმელისმა სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია უმაღლეს შეფასებას აძლევს დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე უმსხვილეს CMS ესპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა, ინჟინერთა და სტუდენტთა ჯგუფის საქმიანობასა და მიღწევებს, ასევე, დიდად აფასებს CMS კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ქმედით მხარდაჭერას.

მისი თქმით, CERN-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კოლაბორაციის შეუცვლელ წევრად მოიაზრებს და შესაბამისად, სტუ-ის რექტორსა და მეცნიერთა ჯგუფს აძლევს საშუალებას ჩაერთონ არა მხოლოდ CMS ექსპერიმენტის მე-2 მასშტაბურ ფაზაში, არამედ, მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC) ფიზიკური პროგრამის განხორციელებაშიც. 

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმების ხელმოწერა,  მათი ამოქმედება და CERN-ის სამომავლო გლობალურ სამეცნიერო საქმიანობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტისა და მის მეცნიერთათვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

„CERN-ში მიმდინარე ერთ-ერთი უდიდესი CMS ექსპერტიმენტის ფაზა 2-ის განახლება ითვალისწინებს არა მხოლოდ ამჟამად მოქმედი დეტექტორების განახლებას, არამედ, ზოგიერთი დეტექტორის ახლით ჩანაცვლებასაც.

განახლების პროგრამაში უაღრესად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ახალი ტიპის მაღალი გრანულირების უნივერსალური კალორიმეტრის  – HGCAL-ის შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მსგავსი კალორიმეტრი მეცნიერებაში არ შექმნილა და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები, მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევარები შეიტანენ. 

რაც შეეხება მეორე, ჩვენთვის ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მემორანდუმს, ის ითვალისწინებს მომავლის ციკლური კოლაიდერის, FCC-ის ფიზიკური პროგრამის განხორციელებას, რაც დიდი ადრონული კოლაიდერის, LHC-ის ფიზიკური პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, LHC-ის რეალიზების პარალელურად, მიმდინარეობს FCC კოლაბორაციაში ქვეყნების გაერთიანება, სამუშო ჯგუფების შექმნა და სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები.

გარდა ამისა, FCC კოლაბორაციისთვის ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები როგორც ამაჩქარებლის, ასევე, უახლესი ტიპის დეტექტორების მიმართულებით. ამ სამუშაოებში აქტურად არიან ჩართულნი ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერ-ინჟინრები, რომლებიც FCC პროგრამის ტექნიკური დიზაინის რეპორტის – TDR-ის შექმნაზე მუშაობენ. 

ორივე მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის მრავალწლიან სამეცნიერო კოლაბორაციას, რომლის ფარგლებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტის ცნობილ მეცნიერებთან ერთად, არაერთ ახალგაზრდა ნიჭიერ მკვლევარს მიეცემა.

მადლობას ვუხდით ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ინტელექტუალური შესაძლებლობების ჯეროვნად დაფასებისთვის, გამოცხადებული ნდობისა და მეგობრობისთვის“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი ზურაბ გუდავაძე, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე და  სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრი, დოქტორი ირაკლი ლომიძე.

7-8 ოქტომბერს, იმს-ის ფაკულტეტზე, სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “ICT in Life 2024” გაიმართება

7-8 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (HTWD) ორგანიზებით სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება თემაზე: “ICT in Life 2024.” 

დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (HTW Dresden) ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია გერმანიაში, რომელიც ორიენტირებულია გამოყენებით მეცნიერებებზე. იგი დაარსდა 1992 წელს, გამოირჩევა სტუდენტებისათვის პრაქტიკული განათლებისა და ინდუსტრიულ პარტნიორობაზე ორიენტირებული სწავლებით.

HTW Dresden გთავაზობთ მრავალფეროვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ისეთ სფეროებში როგორიცაა ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, ეკონომიკა და დიზაინი. უნივერსიტეტი განსაკუთრებით აქცენტს აკეთებს ინოვაციებზე, ინტერდისციპლინარულ კვლევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. 

მას გააჩნია პარტნიორული ურთიერთობები მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტთან, ხოლო შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აკავშირებს ათ წელზე მეტი ხნის თამანშრომლობა.

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტი გთავაზობთ ახალ სასერტიფიკატო კურსს!

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტთან არსებული ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიურო სტუდენტებისთვის, ასევე უნივერსიტეტებისა და ენერგოსაწარმოების პერსონალისთვის აცხადებს რეგისტრაციას ერთდღიან სასერტიფიკატო კურსზე “ენერგოაუდიტის ფინანსური საფუძვლები”.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი. კურსის საფასური 40 ლარია. 

კურსი დაეხმარება მსმენელს:

  • ენერგოაუდიტის პროექტების ფინანსური ანგარიშების შედგენაში;
  • ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მოთხოვნების საფუძვლიან გაცნობაში.

სასერტიფიკაციო კურსი, 2 ნოემბერს, 11 საათზე სტუ-ის მე-8 სასწავლო კორპუსის, პირველ სართულზე საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება. 

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა მიიღოთ სიღრმისეული ცოდნა ენერგოაუდიტის შესახებ გამოცდილი სპეციალისტებისგან. 

მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 75. 

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

557 03 22 99 | 555 36 33 30
Ddeiko@icloud.com

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტების მეცნიერებმა და სტუდენტებმა ტანას ხეობაში გასვლითი ეკოლაშქრობა-სემინარი ჩაატარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, ასევე, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში, ტანას დაცულ ტერიტორიაზე ეკოლაშქრობა ჩაატარეს. 

საერთაშორისო კონფერენციაში „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი – გამოწვევები და შესაძლებლობები“ და ტანას ხეობაში გასვლით ლაშქრობა-სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპის, კერძოდ: იტალიის, კანადის, გერმანიის, ჩეხეთის, თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები და სტუდენტები. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე აცხადებს, საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მეცნიერებმა და სტუდენტებმა ტანას დაცულ ტერიტორიაზე წარმატებული და მრავლისმომცველი ეკოლაშქრობა ჩაატარეს.

„საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა ტანას ხეობაში მიზანმიმართულად გავაგრძელეთ. ტანას ხეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის.

ხეობას ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება და გამორჩეულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებით. ამდენად, როგორც ჩვენი, ასევე უცხოელი მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის აქ გამართული სამეცნიერო-კვლევითი სექცია ორმაგ დატვირთვას ატარებს.

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომლის დამსახურებაა საერთაშორისო კონფერენციის ასეთ მაღალ დონეზე ჩატარება. მხარდაჭერისთვის მადლობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კურორტების განვითარების სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ასოციაციას (GTA), სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ „ტექინფორმს“, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო-საქართველოს ოფისს (JICA), გრასრუტ ინსტიტუტს (The GRASSROOTS INSTITUTE, კანადა), მილანის უნივერსიტეტს (იტალია), სასტუმროს Pullman Tbilisi Axis Towers, ტურისტული კომპანიას Magic Roads Georgia, გარემოს დაცვის ეკოცენტრს (გაეროს ECOSOC საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია), კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაციას, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონულ ცენტრს.

მადლობა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის დირექტორს ბექა ჯაყელს, კონფერენციაში ჩართულ ქართველ და უცხოელ მეცნიერებსა და სტუდენტ-ახალგაზრდობას, რომლებმაც საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარეს კონფერენციის 3 დღე“, – აღნიშნავს რუსუდან ქუთათელაძე. 

ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია — „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი – გამოწვევები და შესაძლებლობები“ — სამი დღის განმავლობაში, 3 სექციად, ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტების გარდა, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი და უცხოელი მკვლევრები, რომლებიც აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარდგნენ.

მეცნიერებმა, ახალგაზრდებთან ერთად, იმსჯელეს მთის ტურიზმის მდგრადი განვითარების გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებსა და საკითხებზე.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა. ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, დავით გურგენიძემ და მაია ომიაძემ მოაწერეს ხელი.

სტუ-ის ვიცე-რექტორი და ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრს ეწვივნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება დარიუს ვიტკაუსკასი პროფესორ ვიდას კავალიუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრს ეწვივნენ, სადაც ცენტრის ხელმძღვანელ მარია სულაბერიძესთან ერთად, 2024-2025 სასწავლო წლის ფარგლებში, ლიეტუვური ენის შემსწავლელი კურსების ახალი სეზონი გახსნეს. 

შეხვედრას ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის თანამშრომლები, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, სტუდენტები და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

ცენტრის ხელმძღვანელმა მარია სულაბერიძემ შეკრებილ საზოგადოებას ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც 2024-2025 სასწავლო წლის ფარგლებში განხორციელდება. მან ცენტრის მუშაობის მიმართულებებზე, საგანმანათლებლო-კულტურულ პროექტებზე, სტუდენტურ გაცვლით პროგრამებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ლიეტუვური ენის შესწავლის შესაძლებლობებზე ისაუბრა. მარია სულაბერიძის თქმით, ლიეტუვური ენის კურსები ცენტრში რამდენიმე ნაკადად წარიმართება.

ვიცე-რექტორმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყების პარალელურად, ლიეტუვური ენის შემსწავლელი კურსების ახალი სეზონის გახსნა მიულოცა და ახალგაზრდებს სწავლასა და კარიერულ განვითარებაში წარმატებები უსურვა. 

როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვის რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს, რასაც აძლიერებს პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის აქტიური მოღვაწეობა. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, წარმატებით ფუნქციონირებს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, სადაც სტუდენტები ეუფლებიან ლიეტუვურ ენას, ეცნობიან ლიეტუვის ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს.

სტუდენტებისთვის მოქმედებს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები და საგანმანათლებლო პროექტები, ცენტრის ახალგაზრდა ხელმძღვანელი მარია სულაბერიძე, ორმხრივად საინტერესო ინიციატივების განხორციელებით, ღირსეულად აგრძელებს საუნივერსიტეტოს ცენტრის დამაარსებლის, პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ტრადიციებს და ნოვატორული სწავლების წესებს ამკვიდრებს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა სტუდენტების დაინტერესება ლიეტუვური ენითა და კულტურით.

მადლობას მოვახსენებ საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობებს, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება დარიუს ვიტკაუსკასს და მის წინამორბედს, ბატონ ანდრიუს კალინდრას მეგობრობისა და საუნივერსიტეტო ცენტრის მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ხელს უწყობს საქართველოსა და ლიეტუვის ახალგაზრდობის, ორი ქვეყნის სამეცნიერო და აკადემიური წრეების მეტად დაახლოებას, რაც ქმნის დიდ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ლიეტუველ კოლეგებთან ერთად, სამეცნიერო კვლევებსა და მიღწევების გაუმჯობესებაზე იმუშაონ”, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დარიუს ვიტკაუსკასმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რექტორს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერისა და ლიეტუვის უნივერსიტეტებთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს ორი ქვეყნის ახალგაზრდა თაობების შორის მეგობრობის გაღრმავებაში, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაფართოებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიეტუვის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და მეცნიერებს შორის.

შეხვედრის დასასრულს, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი დაათვალიერა და სტუდენტებს გაესაუბრა. 

Support

Why are you writing to us?