სტუ, პირველად საქართველოში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2024 წლის 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესს უმასპინძლებს, რომელიც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. 

საქართველო არის პირველი სახელმწიფო, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღნიშნული მსოფლიო ფორუმი ჩატარდება, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება პირველი მასპინძელი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოდან. ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი, თემით „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება. 

ჰეგელის ფილოსოფიისა და მისი რეცეფციის ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება „ჰეგელის საერთაშორისო კონფერენციას“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მართავს.

მისი ჩატარების უფლების მიღებას 4-8 წლამდე ვადა სჭირდება. თითოეულ კონკურსში, როგორც წესი, მოთხოვნას 3-4 სხვადასხვა ქვეყანა წარადგენს.

კონგრესი ფინანსდება ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების, ასევე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო ფონდის მიერ. ცნობისათვის, ჰეგელის პირველ კონგრესს 1956 წელს ნიურნბერგმა (გერმანია) უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ რიგით 35-ე, საიუბილეო კონგრესის საქართველოში გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭომ 2022 წლის სექტემბერში, ზადარის უნივერსიტეტში (ხორვატია) ერთხმად მიიღო.

ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს სხდომას, რომლის შემადგენლობაც წარმოდგენილია ჰეგელის საზოგადოებისა და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წამყვანი მეცნიერ-პროფესორებით სხვადასხვა ქვეყნიდან, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი, რომელიც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრია. 

პლენარულ სხდომებზე, როგორც წესი, მოწვეულები არიან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებისა და კლასიკური გერმანული ფილოსოფიის გამოჩენილი წარმომადგენლები მსოფლიო მასშტაბით. კონგრესის მონაწილეთა რაოდენობა, როგორც წესი, 450-ს არ აღემატება. 

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს გახსნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

კონგრესის მონაწილეებს მიესალმებიან: ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი მირიამ გერჰარდი; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ასევე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები; სტუ-ის ვიცე-რექტორი თამარ ლომინაძე; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ივანე ჯაგოდნიშვილი და სხვა ქართველი და უცხოელი მეცნიერები.

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესზე ძირითად მომხსენებელთა რანგში წარდგებიან პროფესორები: ანდრეას არნდტი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი); შტეფან გოზეპატი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი); ქრისტოფ მენკე (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი); თეო კობუში (ბონის რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი) უორენ მონტაგი (Occidental College); ნიკლაუს ლარგიერი (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი); აქსელ ჰონეტი (კოლუმბიის უნივერსიტეტი); ვიოლეტა ვაიბელი (ვენის უნივერსიტეტი); გიგა ზედანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); ლაშა ბრეგვაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ფრანჩესკა იანელი (რომა ტრეს უნივერსიტეტი).

კონგრესი 5 დღის განმავლობაში 8 სექციად იმუშავებს: 

  • სიკეთე და ზნეობრიობა: ლოგიკური, რელიგიურ-ფილოსოფიური და სახელმწიფოს თეორიული განზომილებები; 
  • სიკეთე და ზნეობრიობა ჰეგელის სულის ფილოსოფიაში და ბუნების ფილოსოფიაში; 
  • აღიარება როგორც თავისუფლების განხორციელების პრინციპი; 
  • სუბიექტი, როგორც ლოგიკური ცნება: შედეგები სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის; 
  • სიკეთე და ზნეობრიობა სამართლის ფილოსოფიური პერსპექტივიდან; 
  •  ომი და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპი ჰეგელის „სამართლის ფილოსოფიაში“; 
  • ჰეგელის ფილოსოფიის რეცეფცია საქართველოში და გერმანიის ფარგლებს გარეთ; 
  • ბუნება VS კულტურა სიკეთის იდეის კონტექსტში.

კონგრესის მასალები ჰეგელის წელიწდეულში, Hegel-Jahrbuch-ში გამოქვეყნდება.

კონგრესის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები, რომლებიც სტუ-ის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დარბაზის სცენაზე გაიმართება.

სპეციალურად კონგრესის მონაწილეთათვის და მოწვეული სტუმრებისთვის, 30 სექტემბერს, 19:00 საათზე, შედგება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სახელოვნებო ჯგუფების კონცერტი. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ჯაზური, ფოლკლორული და საესტრადო ხელოვნების ნიმუშები. 
 
3 ოქტომბერს, 20:00 საათზე კი, გაიმართება პიანისტის, პროფესორ ვლადიმირ სტუპელის მუსიკალური შესრულება „ზნეობრიობის შესახებ მუსიკაში“, რომელზეც ის წარადგენს ფრანგულ-გერმანულ პროგრამას რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის და პოლ დიუკას ნაწარმოებებით, ასევე, ისაუბრებს მუსიკისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართებაზე. 

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესის ჩატარების ადგილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული (მისამართი: მერაბ კოსტავას 77);

კონგრესის გახსნის თარიღი და დრო: 2024 წლის 30 სექტემბერი, 09:00 სთ.

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კონგრესის ვებგვერდზე და კონგრესის სოციალურ მედიაში

სტუ-ის სტუდენტები, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის ფარგლებში, ინტერვიუერებად დასაქმდებიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოცხადებული ერთჯერადი მოკლევადიანი ვაკანსიებით ისარგებლებენ და ინტერვიუერის პოზიციაზე დასაქმდებიან. 

დასაქმების თაობაზე შეთავაზება სტუდენტებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე საქსტატის ხელმძღვანელობისგან მიიღეს. 

ახალგაზრდებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა წარუდგინა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღწერის პროცესში საქსტატს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა. 

in-2.png

როგორც რექტორმა აღნიშნა, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროცესში საქსტატის მხრიდან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების პოტენციალის სათანადო გამოყენება, მეორე მხრივ, აღწერის მოცულობით საქმიანობაში მონაწილეობა სტუდენტებს კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის.

შეხვედრას, სტუდენტებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი და თბილისის სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელი ირაკლი კახიძე.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, თუმცა ამინდის შესაძლო გაუარესებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის აღწერა მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.

გოგიტა თოდრაძემ აღწერის მიზნებისა და ამოცანების, აღწერის ჩატარების თარიღის, მონაცემთა შეგროვების მეთოდების, მეთოდოლოგიისა და კითხვარის შინაარსის შესახებ სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მან აღნიშნა, სტუდენტებს აღწერის პროცესში ინტერვიუერის პოზიციაზე ჩართვის შესაძლებლობა სპეციალური ტრენინგის გავლის შემდეგ მიეცემათ. სამუშაოს შესასრულებლად ახალგაზრდებისთვის განსაზღვრულია თავისუფალი გრაფიკი, დასაქმების პერიოდი კი ორ კვირას მოიცავს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორთან ინტეაქციულ რეჟიმში წარიმართა. 

„ქართველას თასი 2024“ — სტუ ქვიშის ფრენბურთში საერთაშორისო შეჯიბრის მასპინძელია

თბილისში, 26-29 სექტემბრის ჩათვლით, გაიმართება ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ჩემპიონატი „EEVZA TOUR ქართველას თასი“ ვაჟთა წყვილებს შორის.

ჩემპიონატი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ.თბილისის მერია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფრენბურთის, აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაცია კონფედერაცია.
„ქართველას თასის“ მასპინძელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. თამაშები სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის გარე ტერიტორიაზე მოეწყობა.

ტურნირზე სპორტსმენებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ელოდებიან. „ქართველას თასისთვის“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, უკრაინის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს წყვილები, რომელთა შემადგენლობაში სტუ-ის მოთამაშეები არიან.  
ტურნირის საკვალიფიკაციო თამაშები 26 სექტემბერს გაიმართება.

როგორც სპორტის სამსახურის უფროსი არჩილ იოსელიანი აღნიშნავს, „სპორტის სახეობებში საერთაშორისო ტურნირები ხელს უწყობს როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის კონკრეტული სახეობების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, ასევე მათ აძლევს საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობის გამოცდილებას.

ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ის, რომ მსგავს სპორტულ აქტივობებს და, ზოგადად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტული ცხოვრებას აქვს რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უდიდესი მხარდაჭერა.“

ცნობისათვის — „ქართველას თასი“ 2009 წლიდან ტარდება და ტურნირისთვის  სპეციალურად შეიქმნა ჰიმნიც, რომელსაც ჯგუფი „ფრანი“ ასრულებს. 
როგორც ტურნირზე, ასევე კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

ტურნირის მიზანია, პირველი ქართველი ლიბეროს და საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრის, დავით ქართველიშვილის ხსოვნის უკვდავყოფა და ქვიშის ფრენბურთის პოპულარიზაცია საქართველოში.

ვაჟთა საუნივერსიტეტო გუნდებმა ქვიშის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატი უპირობო გამარჯვებით — ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდებმა ქვიშის ფრენბურთში 2024 წლის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე უპირობო გამარჯვება და შესაბამისად, ჩემპიონის ტიტული, ასევე, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქვიშის ფრენბურთში წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატზე სამი გუნდით წარდგა, რომლებმაც სამივე საპრიზო ადგილი გაინაწილეს. საუნივერსიტეტო გუნდმა – „სტუ 1“ ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა, „სტუ 2“ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო „სტუ 3“-მა ბრინჯაო მოიპოვა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ქვიშის ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატში ერთი უნივერსიტეტიდან სამი სტუდენტური გუნდის გამარჯვება მნიშვნელოვანი მოვლენაა საუნივერსიტეტო სპორტულ ცხოვრებაში. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდებმა მართლაც რომ ღირსეულად იასპარეზეს. მათ ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს, მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილებიც მოხსნეს და თავიანთ ალმა-მატერს უდიდესი წარმატება, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოუტანეს.

ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების სახელით, ვულოცავ ჩვენს სტუდენტურ გუნდებს ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტულის, ასევე, ვერცხლისა და ბრინჯაოს მოპოვებას.

სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სპორტულ ტრადიციებს ასე ღირსეულად აგრძელებენ. მადლობას ვუხდით მათ და ვუსურვებთ, კიდევ მრავალი გამარჯვება ეზეიმოთ“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

ქვიშის ფრენბურთში საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატი, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში გაიმართა.

სტუ-ში ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია იმართება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტურიზმის მსოფლიო დღეს საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციით – „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი – გამოწვევები და შესაძლებლობები“ ეხმაურება. ღონისძიების ჩატარების ინიციატორი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან კოორდინაციით, უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტია. 

საერთაშორისო კონფერენციის თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ). კონფერენციის მთავარი პარტნიორები არიან გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია (UN TOURISM) და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

გარდა ამისა, კონფერენცია იმართება მთის პარტნიორობის (MOUNTAIN PARTNERSHIP, FAO) ეგიდითაც, რომლის წევრიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, 2024 წლის 12 მარტიდან, ოფიციალურად გახდა.

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის მხარდამჭერები, ასევე, არიან: დაცული ტერიტორიების სააგენტო, კურორტების განვითარების სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA), სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი “ტექინფორმი”, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო-საქართველოს ოფისი (JICA), გრასრუტ ინსტიტუტი (The GRASSROOTS INSTITUTE, კანადა), მილანის უნივერსიტეტი (იტალია), სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers, ტურისტული კომპანია Magic Roads Georgia, გარემოს დაცვის ეკოცენტრი (გაეროს ECOSOC საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია), კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაცია, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრი.

New-shortcut.lnk.png
 
ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

რექტორი ღონისძიების მონაწილე სტუდენტებს, მოწვეულ სტუმრებსა და მეცნიერ-მკვლევრებს მიესალმა და, უნივერსიტეტის სახელით, ტურიზმის მსოფლიო დღე მიულოცა. 

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთ მიმზიდველ მიმართულებად ჩამოყალიბდა. რექტორის განცხადებით, სასიხარულოა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველო 2024 წლის ტურიზმის მსოფლიო დღის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა. 

„წლევანდელი ტურიზმის მსოფლიო დღის მთავარი თემა „მშვიდობა და ტურიზმია“. სასიხარულო და საამაყოა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიამ საქართველო წლევანდელი ტურიზმის მსოფლიო დღის მასპინძელ ქვეყნად დაასახელა და ეს შემთხვევითი არ არის.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემა გახლდათ – „ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას“. თავის გამოსვლაში პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ „საქართველო იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ უზრუნველვყავით საქართველოს განვითარება სწორედ ამ ტრაექტორიით – ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს და ღირსებას“. 

სწორედ გლობალური და ლოკალური მშვიდობის აქტუალურ გამოწვევას ეხმიანება საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმართება.

კონფერენციის ჩატარების ინიციატივა ეკუთვნის ჩვენს ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს, რომელმაც უკვე ხელშესახებ წარმატებებს მიაღწია როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო სივრცეში. მას გვერდში უდგას უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული – ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი. ორივე მათგანი განსხვავებული ცოდნისა და უნარების მქონე სპეციალისტებს ამზადებს ტურიზმის სფეროში. ამასთან ერთად, მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტულად არის აღიარებული. 

მოხარული ვართ, რომ კონფერენციას აძლიერებს საერთაშორისო ორგანიზაციების – გაერთიანებული ერების ტურიზმის ორგანიზაციისა და მთის პარტნიორობის, ასევე, საქართველოს სახელმწიფო უწყებების, კერძო ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მხარდაჭერა. უნივერსიტეტისა და სტუდენტების სახელით, მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს.

ღონისძიება ვერ გაიმართებოდა, რომ არ ყოფილიყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის დახმარება.

შედეგად, კონფერენცია მოიაზრება როგორც ტურიზმის მსოფლიო დღის აღმნიშვნელი პარალელური ღონისძიება. გვერდში დგომისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას და ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, ზურაბ პოლოლიკაშვილს და გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის დირექტორ ბექა ჯაყელს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ კორდულა ვოლმუტერს, რომელიც ჩვენი საპატიო სტუმარია.

მასთან ორმხრივ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის, გაეროს მდგრადი ტურიზმის ობსერვატორიების საერთაშორისო ქსელში უნივერსიტეტის ჩართულობასა და მდგრადი ტურიზმის ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაზე. ეს პროგრამა სერტიფიცირებული იქნება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის, UN Tourism.TedQual-ის მიერ. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონფერენცია სტუდენტურია და მას სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მონაწილეები ჰყავს. ჩვენი მომავალი სპეციალისტები იმსჯელებენ და ერთმანეთს გაუზიარებენ იდეებს, გეგმებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გახადონ ტურიზმი უფრო ხელმისაწვდომი და ჰარმონიული, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობის განმტკიცებას ჩვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოში.

კონფერენცია ემსახურება ქვეყნებს შორის მეგობრობის დამყარებას, რისი დასტურიცაა კონფერენციაში უცხოელი სტუდენტების, მათ შორის დოქტორანტების, ასევე, უცხოელი მკვლევრების ონლაინ ჩართულობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ტურიზმის მსოფლიო დღეს და გისურვებთ წარმატებულ, მშვიდობიან, უსაფრთხო და ნაყოფიერ საქმიანობას“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში. 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი კორდულა ვოლმუტერი, მთის პარტნიორობის სამდივნოს წარმომადგენელი როსალაურა რომეო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდი, საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიებისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების დეკანები რუსუდან ქუთათელაძე და ნოე ხოზრევანიძე.

როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის თემატიკა მრავალმხრივ ინტერესებს ეხმიანება და მასში მონაწილეობა ახალგაზრდებს შორის ახალი სამეცნიერო კვლევითი კონტაქტების დამყარებას ჩაუყრის საფუძველს. 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა. ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, დავით გურგენიძემ და მაია ომიაძემ მოაწერეს ხელი.

ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია – „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი – გამოწვევები და შესაძლებლობები“ – სამი დღის განმავლობაში, 3 სექციად, ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება. სტუდენტების გარდა, კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი და უცხოელი მკვლევრები, რომლებიც მოხსენებებს გააკეთებენ და ახალგაზრდებთან ერთად იმსჯელებენ მთის ტურიზმის მდგრადი განვითარების გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებსა და საკითხებზე. 

კონფერენციის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობით, ჩატარდება ეკოტურისტული ლაშქრობა – მონაწილეები მოინახულებენ ტანას დაცულ ტერიტორიას, ამასთან ერთად, კონფერენციის სასექციო მუშაობაც ტანას ხეობაში, სოფ. ბოშურში გადაინაცვლებს. 

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია 28 სექტემბერს დასრულდება.

სტუ-ში გამართული საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის – „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი – გამოწვევები და შესაძლებლობები“ – შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საერთაშორისო ორგანიზაცია “მთის პარტნიორობის” (MOUNTAIN PARTNERSHIP, FAO) ოფიციალურ ვებგვერდზე.

სტუ-ში ისრაელის არიელის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის „მევენახეობა და მეღვინეობის“ ხუთი სტუდენტი საწარმოო პრაქტიკას გადის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტზე ისრაელის სახელმწიფოს არიელის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის – „მევენახეობა და მეღვინეობა“, ხუთი სტუდენტი საწარმოო პრაქტიკას გადის. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საწარმოო პრაქტიკას ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების არაერთი სტუდენტი გადის. 

ისრაელის არიელის უნივერსიტეტის სტუდენტები კი საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ. ისინი საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში ყურძნის მიღების, ნედლეულის ხარისხის კონტროლის, გადამუშავების, ასევე, ქვევრში ღვინის დაყენებისა და სხვა ენოლოგიურ პროცესებში მონაწილეობენ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის დეკანის, აკადემიკოს ედიშერ კვესიტაძის თქმით, არიელის უნივერსიტეტის სტუდენტების ღვინის საწარმოო პრაქტიკის მიზანი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის, ქართული იშვიათი ვაზის ჯიშების, ღვინის დაყენების კლასიკური და ქართული ტრადიციული წარმოების მეთოდში მონაწილეობა და ქვევრის ფენომენის გაცნობა და გაზიარებაა.

Cover gtu.png (11).jpg

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ისრაელის არიელის უნივერსიტეტის პროფესორი, ისრაელის უძველესი ღვინოებისა და ყურძნის მკვლევარი, მსოფლიოში ცნობილი მეღვინე და სამსონის ოჯახის ღვინის დირექტორი შივი დრორი ეწვია.

ვიზიტის მიზანს ორ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და  არიელის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სამეცნიერო და საერთაშორისო კუთხით სამომავლო გეგმების განხილვა და შემუშავება წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის, ამავე დეპარტამენტის ექსპერტის, პროფესორ დავით მაღრაძის ჩართულობით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განვიხილეთ. საუბარი შეეხო სამეცნიერო პროექტებისა და საერთაშორისო კონგრესის ჩატარების საკითხებსაც.

ვიზიტის ფარგლებში შივი დრორმა ქართლსა და კახეთის რეგიონებში, საერთაშორისო პრაქტიკის გავლის მიზნით, არიელის უნივერსიტეტის ხუთი სტუდენტი მოინახულა. 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საწარმოო პრაქტიკა საქართველოს ტექნიკურ და ისრაელის არიელის უნივერსიტეტებს შორის 2022 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მომავალში კიდევ უფრო ფართო ხასიათს მიიღებს“, – აცხადებს ედიშერ კვესიტაძე.

ისრაელის სახელმწიფოს არიელის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ერთი თვის განმავლობაში, ქართლისა და კახეთის რეგიონების წარმატებული ღვინის საწარმოები „შატო მუხრანი“ და „ღვინის კომპანია შუმი“ მასპინძლობენ, რომლებიც  ჩართულნი არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განვითარებასა და გაძლიერებაში და ხელს უწყობენ ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

სტუ მსოფლიო ტურიზმის დღეს ეხმაურება კონფერენციით: „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი – გამოწვევები და შესაძლებლობები“

27 სექტემბერს ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის დღეს და ამ მოვლენას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციით ეხმაურება.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ.

„მშვიდობა და ტურიზმი“ – ეს არის 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა. სწორედ ამ თემას პასუხობს ჩვენი კონფერნციაც: „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი – გამოწვევები და შესაძლებლობები“.

კონფერენციის მთავარი პარტნიორია გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ასევე, კონფერენცია იმართება მთის პარტნიორობის ეგიდითაც, რომლის წევრიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ოფიციალურად გახდა 2024 წლის 12 მარტს.

მთის პარტნიორობის ალიანსმა თავის გვერდზე განათავსა კონფერენციის ანონსი.

ამდენად, მთის მდგრადი განვითარების ახალგაზრდა ფაკულტეტი არის კონფერენციის ინიციატორი, რომელსაც მხარში უდგას ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი.

კონფერენციაზე უხვად იქნება წარმოდგენილი მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტთა მოხსენებები. კონფერენციას აძლიერებს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან კანადის, იტალიისა და იაპონიის ორგანიზაციები, რომლებიც თავის მისიას საგანმანათლებლო საქმიანობას უკავშირებენ. მისასალმებელია ტურიზმთან მჭიდრო კოლაბორაციაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებების, კერძო ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მხარდაჭერა: 

  • დაცული ტერიტორიების სააგენტო; 
  • კურორტების განვითარების სააგენტო; 
  • გარემოს ეროვნული სააგენტო; 
  • სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers; 
  • გარემოს დაცვის ეკოცენტრი (გაეროს ECOSOC საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია); 
  • ტურისტული კომპანია Magic Roads; 
  • კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაცია; 
  • კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრი. 

კონფერენციაზე ახალგაზრდები იმსჯელებენ და ერთმანეთს გაუზიარებენ იდეებს, გეგმებს უფრო ხელმისაწვდომი და ჰარმონიული ტურიზმის მომავლის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობის განმტკიცებას ჩვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოში.

კონფერენცია ემსახურება ქვეყნებს შორის მეგობრობის დამყარებას, რისი დასტურიცაა კონფერენციაში უცხოელი სტუდენტებისა (მათ შორის, დოქტორანტების) თუ პროფესორების ჩართულობა;  კონფერენციაზე დარეგისტრირდა 60-ზე მეტი მონაწილე, რომელთაგან საუკეთესოები შეირჩა. 

აღსანიშნავია, საგარეო საკითხებში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დირექტორის, ბექა ჯაყელის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის თანადგომა და ჩართულობა, რომლის შედეგადაც კონფერენცია მოიაზრება, როგორც ტურიზმის მსოფლიო დღის აღმნიშვნელი პარალელური ღონისძიება.

კონფერენციას დაესწრება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი კორდულა ვოლმუტერი.

კონფერენცია ჰიბრიდულია – გაიხსნება 26 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შემდეგ კი გაგრძელდება და დაიხურება საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიან ტერიტორიაზე – ტანას დაცულ ტერიტორიაზე; მონაწილეებს 27 სექტემბერს ელოდებათ ტანას დაცულ ტერიტორიაზე ეკოტურისტული ლაშქრობა, რომლის განმავლობაშიც მოხდება ტერიტორიის დასუფთავება.

ამ დღეს გაუძღვება დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხოლო 28 სექტემბერს კონფერენციის პირისპირ მონაწილეთა სექცია იმუშავებს სასტუმრო Solo Grand Boshuri-ში.

აქვე მოხდება შეჯამდება კონფერენციის მუშაობა, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, გამოვლინდება საუკეთესო მოხსენებები, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კურორტების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის სპეციალური საჩუქრებით.

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გილოცავთ ტურიზმის მსოფლიო დღეს და კონფერენციაზე წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ.

სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა №01-06-02/08

2024 წლის 26 სექტემბერს, 14:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის დიდი დარბაზში ჩატარდება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა №01-06-02/08.

სხდომის დღის წესრიგის საკითხებია:

  • სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრის, იამზე კალანდაძისთვის სენატის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ  – მომხსენებელი სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, პროფესორი ზაზა სოფრომაძე;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2024 წლის ნაერთ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ – მომხსენებელი სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი; 
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გადაცემის შესახებ  – მომხსენებელი  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ – მომხსენებელი სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე; 
  • მიმდინარე საკითხები.

სტუ-ში სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულები გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „ენების ევროპულ დღესთან“ (European Day of Languages) დაკავშირებით, მოწოდებით – „ქართული და აფხაზური ენებით, კულტურებითა და ტრადიციებით მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველოთი ევროპისკენ“ – საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულები გაიხსნა. 

კვირეულების გახსნა დააანონსა და აღნიშნული ციკლური ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, სტუ-თან არსებული „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“ დირექტორი კონსტანტინე ფხაკაძე, ცენტრის მკვლევრები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ვიცე-რექტორის, თამარ ლომინაძის განცხადებით, 26 სექტემბერს „ენების ევროპულ დღეს“ ევროპის საბჭო ყველა ქვეყნისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი დევიზით – „ენები მშვიდობისთვის“ (Languages for Peace) აღნიშნავს. თამარ ლომინაძის თქმით, 21-ე საუკუნეში, მსოფლიოს ქვეყნები დგანან ტექნოლოგიური ანბანების შემუშავების უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე, ხოლო მკვლევრები აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად ერთიანდებიან. 

2 (2).png

„21-ე საუკუნეში, მსოფლიოს ქვეყნები და ერები კიდევ ერთხელ დადგნენ თავიანთი ენებისთვის ტექნოლოგიური ანბანების შემუშავების აუცილებლობის წინაშე, რაც ამ ენებისა და ამ ენებით მოცემული სააზროვნო და საკომუნიკაციო სისტემების სრულყოფილად მცოდნე, ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემების შემუშავებას გულისხმობს.

გამოწვევა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვისაც, სადაც ორი სახელმწიფო ენაა – ქართული და აფხაზური. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ასეთი ტექნოლოგიური ანბანების არმქონე ენები განწირულნი არიან ციფრული კვდომისთვის, რაც კულტურის მატარებელი და მაწარმოებელი ენის სტატუსის დაკარგვას ნიშნავს. პრობლემის გლობალურობიდან გამომდინარე, ევროპის საბჭო, დევიზით – „ენები მშვიდობისათვის“, ენების ევროპულ დღეს აღნიშნავს და ყურადღებას ამახვილებს ენების სამშვიდობო მისიაზე.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი“, რომლის ეგიდით 2020 წლიდან ჩვენს უნივერსიტეტში ქართული და აფხაზური ენების დღეებს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება მიეძღვნა, მოწოდებით – „ქართული და აფხაზური ენებით ევროკავშირში“.

კვირეულები მნიშვნელოვანი ციკლური ღონისძიებაა და ის გაიხსნება მოხსენებით, რომელსაც საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე წარმოადგენს. ვფიქრობთ, მოხსენებაც და კვირეულებიც განსაკუთრებით საინტერესო ჩვენი მომავალი თაობისთვის, სტუდენტებისთვის აღმოჩნდება“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ. 

ღონისძიების მონაწილეთა დიდი დაინტერესება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“ დირექტორის, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრის, პროფესორ კონსტანტინე ფხაკაძის მოხსენებამ გამოიწვია. 

თავის მოხსენებაში – „ქართული და აფხაზური ენების ტექნოლოგიური ანბანების შემუშავების აუცილებლობები და საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნების მიზნები“ – მან ისაუბრა სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულების მისიაზე, ასევე, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გადადგმული იმ მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის ეპოქალური მნიშვნელობის მქონე კულტურულ გამოწვევებთან.

როგორც კონსტანტინე ფხაკაძემ აღნიშნა, სამეცნიერო ღონისძიება, გარდა ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის ეპოქალური მნიშვნელობების მქონე გამოწვევებისა, არსებითად ეხმიანება აგრეთვე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და მშვიდობიანი გზებით საქართველოს გაერთიანების მიზნებს.

კონსტანტინე ფხაკაძის განცხადებით, „უკვე კარს მომდგარ ციფრულ ეპოქაში ანუ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საქართველოს მთავარი სახელმწიფო ენა – ქართული და, ასევე, საქართველოს მეორე სახელმწიფო ენა – აფხაზური ციფრული კვდომის საფრთხის ქვეშ მყოფ ენათა შორის იმყოფებიან, მთელ რიგ სხვა ევროპულ ენებთან ერთად.

ამდენად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს და არის კიდეც ციფრულ ეპოქაში საქართველოს სახელმწიფო ენების ანუ ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვა. ეს კი, თავის მხრივ, აუცილებლობით ითხოვს სწავლის უნარებით აღჭურვილი ქართული და აფხაზური ენების თითქმის სრულყოფილად მცოდნე ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემების, სხვა სიტყვებით, ქართული და აფხაზური ენების ტექნოლოგიური ანბანების შემუშავებას, რის გარეშეც, ცხადია, ვერაფრით ვერ მოხერხდება მომავლის ციფრულ სამყაროში თვითმყოფადი ქართული და აფხაზური ენებისა და კულტურების ვერც დაცვა, ვერც შენარჩუნება და ვერც განვითარება. 

ცხადია, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერა ზემოაღნიშნული უმნიშვნელოვანესი მიზნების მიღწევაში, რასთან დაკავშირებითაც მოხსენებისას კონსტანტინე ფხაკაძემ ხაზი გაუსვა შემდეგს: „23 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით გამართულ “მომავლის სამიტზე” საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 4-წუთიანმა გამოსვლამ გეგმები მცირედ შეგვიცვალა, რისი მიზეზიც ბატონი პრემიერის ამ სიტყვის შინაარსისა და ჩვენი დღევანდელი მოხსენების მიზნების პირდაპირი ურთიერთკავშირებია.

უფრო გასაგები რომ იყოს, ვციტირებთ ამ 10-აბზაციანი გამოსვლის ერთ-ერთ მთავარ აბზაცს: „ჩვენს ციფრულ სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები წარმოადგენენ უზარმაზარ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, გლობალურმა ციფრულმა შეთანხმებამ უნდა ითამაშოს საგზაო რუკის როლი ღია, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული მომავლის ფორმირებაში. ასევე, ამ შეთანხმებას ენიჭება საკვანძო როლი უახლესი ტექნოლოგიების უპირატესობების ფართო გამოყენებასა და საინტერნეტო და არასაინტერნეტო სივრცეებში ადამიანის უფლებების დაცვაში.“

ირაკლი კობახიძის ამ მეტად მნიშვნელოვან სიტყვაში, რომელიც ქართულ მედიაში მისი მნიშვნელობების შესაბამისად ვერ გაშუქდა, ხაზი ესმება „ღია, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული მომავლის“ ფორმირების საკითხს, რაც არსებითად ეხმიანება ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის ეპოქალური მნიშვნელობების მქონე გამოწვევებს.“

საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაარსებასთან დაკავშირებით კონსტანტინე ფხაკაძემ განაცხადა, რომ ინსტიტუტი დაფუძნდება „სტუ-თან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“ ბაზაზე და შესაბამისად, დაფუძნებისთანავე კვლევითი ინსტიტუტი ცენტრში მოქმედი ორი გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში – „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ და „აფხაზური ენის სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის გეგმა-პროგრამა“ – იმუშავებს.“ ასევე, მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ინსტიტუტში იფუნქციონირებს ლოგიკის, ენისა და ხელოვნური ინტელექტის განყოფილება და ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია.“

კონსტანტინე ფხაკაძის თქმით, „საქართველოს სახელმწიფო ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და აკადემიური საბჭოს მხარდაჭერით და, აგრეთვე, სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) შესაბამისად უკვე დაგეგმილია ფაკულტეტთაშორისო სამსაფეხურიანი (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) სასწავლო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია და გამოთვლითი ლინგვისტიკა“ დაფუძნება-ამოქმედება.“

მოხსენების დასრულების შემდეგ შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. პროფესორმა კონსტანტინე ფხაკაძემ სტუდენტებისა და კოლეგების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

„საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულების“ ფარგლებში, სტუ-სთან არსებული „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი“ გეგმავს ერთი თვის განმავლობაში სადისკუსიო რეჟიმში გამართოს ღონისძიებები საქართველოს თითქმის ყველა მოწინავე უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტებში.

ციკლური ღონისძიება მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი კვირეულით დასრულდება. 

სტუ-ის მომავალმა არქიტექტორებმა „კვადრუმ გლობალ ჯორჯიას“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფმა, ანა ჩილინგარაშვილის, ეკატერინე კახიძის, ნინი სალუქვაძისა და ლიკა ბენდელიანის შემადგენლობით, კომპანია „კვადრუმ გლობალ ჯორჯიას“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. 

მისივე ცნობით, „კვადრუმ გლობალ ჯორჯიამ“ მიმდინარე წლის მაისში ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი ტყავ-ფეხსაცმლის ქარხნის მიმდებარედ არსებული პარკის რეაბილიტაციაზე კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის უფლება მხოლოდ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს ეძლეოდა. 

არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორის, არქიტექტურის დოქტორის, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორის, ბესარიონ ტატიშვილის თქმით, რეალურ პროექტებზე მუშაობა სტუ-ის სტუდენტებისათვის, მომავალი არქიტექტორებისთვის, სიახლე არ არის და უნივერსიტეტი მრავალი წელია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტისა და კომპანიისათვის მსგავს პროექტებს ასრულებს. 

Cover gtu (7).jpg

 „კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. დარეგისტრირდა 70-ზე მეტი სტუდენტი. სასიხარულოა, რომ კონკურსში მონაწილე სტუდენტთა უმრავლესობას მეორე კურსის სტუდენტები წარმოადგენდნენ. ამიტომ, თავიდანვე, სავალდებულოდ მივიჩნიეთ შუალედური განხილვა კონსულტაცია. საკონკურსო პირობების მიხედვით, კომპანია ვალდებულებას იღებდა, რეგისტრაცია გავლილ სტუდენტებთან ერთად გავსულიყავით საპროექტო ტერიტორიაზე, რათა ავტორებს საკუთარი შეხედულებისამებრ, გამოეკვლიათ, შეევსოთ ინფორმაცია და მოეხდინათ ტერიტორიის ფოტოფიქსაცია, რაც ასევე გამოადგებოდათ პროექტის სრულყოფილებისათვის და დასრულებისას ფოტომონტაჟის გასაკეთებლად.

საველე სამუშაოების ჩასატარებლად სტუდენტთა ჯგუფთან ერთად გავემგზავრეთ ქუთაისში, სადაც შევხვდით დამკვეთსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს.

ამის შემდეგ ფაკულტეტზე შუალედური დათვალიერება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა დამკვეთი ორგანიზაციის წარმომადგენელი იური ვასილენკო. შუალედურ დათვალიერებისას გამოიკვეთა 8 საავტორო ჯგუფის, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პროექტები“, – აცხადებს ბესარიონ ტატიშვილი. 

გამარჯვებული პროექტი გამოავლინა საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით: ნინო იმნაძე – არქიტექტორი, ფაკულტეტის დეკანი; გიორგი რუსია – “კვადრუმ გლობალ ჯორჯიას” ტექნიკური დირექტორი; თეიკო ლომინაძე – “კვადრუმ გლობალ ჯორჯიას” მარკეტინგის დირექტორი; ვასილ ქობულია – პროფესორი; ბესარიონ ტატიშვილი – პროფესორი. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ, ასევე, ქუთაისის მერიისა და მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები. 

სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი აცხადებს, დამკვეთმა კომპანიამ გამარჯვებული პროექტებისთვის საპრიზო ფონდი დააწესა: პირველი პრემია (სარეალიზაციო პროექტი) – 3000 ლარი, მეორე პრემია -1500 ლარი, მესამე პრემია -1000 ლარი.

„ქუთაისში ტყავის გალანტერეის ქარხნის ტერიტორიაზე შენდება სავაჭრო ცენტრი. ამ კონკურსში გაიმარჯვა ჩვენი ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ვასილ ქობულიამ.

შემდეგ ეტაპზე, როცა დღის წესრიგში ტერიტორიის კეთილმოწყობის საკითხი დადგა, პროექტი ტექნიკურ უნივერსიტეტს გადმოეცა და გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც 70-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

გამოვლინდა სამი საუკეთესო ნამუშევარი, რომელთაგან პირველ ადგილზე გასული ჯგუფის პროექტი განხორციელდება. ქუთაისში 26 სექტემბერს საფუძველი ჩაეყრება მშენებლობას. ფაკულტეტისთვის თითოეული პროექტი მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

ჩვენი, პედაგოგების მისია სწორედ ისაა, რომ სტუდენტებს თავიდანვე მივცეთ საშუალება, რეალური პროექტები განახორციელონ, რაც მათთვის დიდი მოტივაციაა. ამ მიმართულებით ფაკულტეტს მხარდაჭერას უცხადებს უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, რისთვისაც მათ მადლობას მოვახსენებ. წარმატებებს ვუსურვებ ფაკულტეტს და სტუდენტებს“, – აცხადებს ნინო იმნაძე. 

Support

Why are you writing to us?