რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო და ქალაქებში – გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე – არსებული მემორიალები, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად, ყვავილების გვირგვინებით შეამკეს, ხოლო იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 

web--შიდა-1.png

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის განცხადებით, სამშობლოს ერთიანობის და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნა ქვეყნის სიყვარულსა და თავდადებას შთაგვაგონებენ.

როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლება, არსებულ ყველა სამართლებრივ გზას იყენებს, რათა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ფაქტებით დაადასტუროს ოკუპაცია, პარალელურად კი მშვიდობას იცავს, რაც ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია. 

„ქედს ვიხრით სამშობლოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის გმირულად დაღუპული ვაჟკაცების წინაშე. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ტკივილით სავსე დღეებდან უკვე 16 წელი გავიდა, ჩვენს მეხსიერებაში კი მძაფრად აღიბეჭდა აგვისტოს ომის უმძიმესი შედეგები – დაღუპულები, დაჭრილები, დევნილობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. 189 დროებით ოკუპირებული სოფელი, სადაც წაშლილია ადამიანის ცხოვრების კვალი და ნასახლარები ტყედაა ქცეული.

web--შიდა-2.png

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ისტორია მხოლოდ აგვისტოს ომის ტრაგედიას არ მოიცავს. რუსული ოკუპაცია მრავალ ათეულ წელს ითვლის. პროცესს კი გმირულად შეეწირნენ თაობები.

ამ ბრძოლების სიმბოლოს, ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს რამდენიმე დღეში 40 წელი შეუსრულდებოდა. აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ სამშობლოსთვის მებრძოლი ვაჟკაცები, რომელთა შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც იყვნენ. მათ ხსოვნას მარადიულად შეინახავს საქართველოს ისტორია.

დიდება გმირებს! მათი სახელის უკვდავსაყოფად, ვაგრძელებთ განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას იმ იმედით, რომ დაკარგულ ტერიტორიებს მალე დავიბრუნებთ“, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

სტუ-ის ჟურნალი „შრომები“ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ინდექსირდა და impact Factor-ი მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალი „შრომები“ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში (International Scientific Indexing (ISI) ინდექსირდა და impact Factor-ი მიენიჭა. 

სტუ-ის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის impact Factor-ი 3 792 ნიშნულით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირებად ბაზაში რეგისტრირებული 33 ჟურნალიდან იმპაქტ-ფაქტორი მინიჭებული აქვს მხოლოდ 19-ს, რომელთა შორის უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ჟურნალი „შრომებიც“ არის. 

როგორც საგამომცემლო სახლის – „ტექნიკური უნივერსიტეტი“, დირექტორი მარინე მეძმარიაშვილი აცხადებს ბაზაში რეგისტრირებულ ჟურნალებს შორის, ჟურნალი „შრომები“ ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა. 

„საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირების ამერიკული სერვერი ISI მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებისა და საკონფერენციო კრებულების ინდექსირებას აწარმოებს. ISI-ს ძირითადი მიზანია, გაზარდოს სამეცნიერო გამოცემების ხელმისაწვდომობა, ხილვადობა და გამოყენების სიმარტივე.

ბაზა ათი ათასზე მეტ საერთაშორისო ჟურნალს მოიცავს. მასში რეგისტრაციის მეშვეობით, სამეცნიერო ნაშრომის ავტორს – მეცნიერს შეუძლია გაზარდოს პირადი რეიტინგი და მსოფლიოს თავისი სამეცნიერო კვლევების შედეგები გააცნოს.

ასევე, ავტორს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ჟურნალების იმპაქტ-ფაქტორის, სამეცნიერო შრომებისა და მომავალ ღონისძიებათა შესახებ. სამეცნიერო ჟურნალი „შრომები“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1924 წელს დაარსდა.

ჟურნალის პერიოდულობა წელიწადში 4 ნომერს მოიცავს, სადაც სამეცნიერო სტატიებს ბეჭდავენ როგორც ქართველი, ასვე უცხოელი მეცნიერები. დღეისთვის გამოცემულია სამეცნიერო შრომების 532 ნომერი.

საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირებადი ბაზა (ISI) ყოველწლიურად გამოთვლის და გამოაქვეყნებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორს.

ISI ასევე უზრუნველყოფს ხარისხიანი ჟურნალების ხელმისაწვდომობას. სერვერმა უნდა მოიცვას ღია წვდომის ყველა სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც ხარისხის კონტროლის შესაბამის სისტემას იყენებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალი „შრომები“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას სხვა მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებისა და იმპაქტ-ფაქტორის მოპოვებისთვის, ვინაიდან ჟურნალის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში გაწევრიანება მისი პოპულარიზაციის, სხვადასხვა სამეცნიერო დარგებში ჩატარებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენისა და ქართული სამეცნიერო აზრის საერთაშორისო ინტეგრაციის გარანტია“, – აცხადებს მარინე მეძმარიაშვილი. 

ინფორმაციისთვის, სტუ-ის ჟურნალი „შრომები“ ინდექსირებულია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ საინფორმაციო ბაზაში. მას მინიჭებული აქვს სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი ISSN 1512-0996 ( International Standard Serial Number). 2000 წლიდან „შრომების“ სტატიები რეფერირდება პოლითემატურ ქართულ რეფერატულ ჟურნალში (ქრჟ) ქართულ და ინგლისურ ენებზე.

2015 წლიდან შრომების კრებული რეგისტრირებულია ცენტრალური ევროპის სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალების მონაცემთა ბაზაში Index Copernicus International. 2019 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის − „ტექინფორმის“ ხელშეწყობით, სამეცნიერო შრომების კრებულს მიენიჭა ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი DOI (Digital Object Identifier). 2021 წლიდან შრომების კრებული რეგისტრირებულია და მასში გამოქვეყნებული ყველა სტატია აისახება მაძიებელ სისტემაში Google scholar.

2022 წლიდან კრებული რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბიბლიოთეკის ფონდში „ივერიელი“.

2023 წლიდან სტუ-ის რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პერიოდული ჟურნალი „შრომები“ ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 International-ით (CC BY-NC 4.0.)

2024 წლის მარტიდან კრებულს მინიჭებული აქვს ევრაზიის სამეცნიერო ჟურნალების ინდექსი და განთავსებულია ბაზაში Eurasian Scientific Journal Index.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „მთავარი არხისგან“ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელშიც მედიასაშუალებამ უნივერსიტეტისთვის, ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ასამოქმედებლად, ავსტრიული კომპანია VICE SYSTEMTECHNIK GmbH-გან ხელშეკრულების საფუძველზე შეძენის მიზნით, თანამედროვე ტიპის აპარატურა-დანადგარების გადაცემის ფაქტის შესახებ დეზინფორმაცია მიზანმიმართულად გაავრცელა.

უნივერსიტეტის განცხადებით, 2015 წლიდან, სტუ-ის ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიისთვის თანამედროვე აღჭურვილობის შეძენის მიზნით, მოლაპარაკებები დაიწყო ავსტრიის მთავრობის მიერ შერჩეულ ავსტრიულ კომპანია BILFINGER VAM Anlagentechnik GmbH-თან, რომელსაც ანალოგიური პროექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს განხორციელებული. თუმცა, მოგვიანებით, ავსტრიის მთავრობის მიერვე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვება სხვა, ასევე ცნობილმა ავსტრიულმა კომპანიამ – VICE SYSTEMTECHNIK GmbH-მა მოიპოვა. აღჭურვილობის ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს. სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტების გადამოწმება ტელეკომპანიის ჟურნალისტებს არ უცდიათ.

აღნიშნულ საკითხზე სტუ-ის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა მაისურაძემ ჟურნალისტის შეკითხვებს ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები გასცა. მიუხედავად ამისა, სიუჟეტის ავტორებმა სტუ-ის წარმომადგენლის კომენტარი მაქსიმალურად შეკვეცილი სახით მიაწოდეს მაყურებელს იმგვარად, რომ შეუძლებელია, როგორც სრული და ობიექტური ინფორმაციის მიღება, ასევე, ზოგადად, სიუჟეტში წამოჭრილ საკითხში გარკვევაც კი.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგი დამატებითი განმარტებები გააკეთოს.

უპირველეს ყოვლისა, ავსტრიული კომპანიის მიერ ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ასამოქმედებლად გადმოცემული აღჭურვილობის გამოყენება შეუძლებელია წყალდიდობების, ღვარცოფებისა თუ სხვა სტიქიური მოვლენების წინასწარი პროგნოზირების ან მონიტორინგის მიზნით.

აღნიშნული სტაციონარული ლაბორატორიის დანიშნულებაა მაღალი დონის სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო სამუშაოების განხორციელება, ასევე, ასაშენებელი ჰიდროტექნიკური ობიექტების პროექტირების პროცესში ტექნიკური მონაცემებისა და ტექნოლოგიური ციკლების მაღალი სიზუსტით გათვალისწინება და ლაბორატორიის სიმძლავრეების გამოყენება სიმულირების პროცესებისთვის ლაბორატორიულ სივრცეში და არა საველე პირობებში.

ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში განსახორციელებელ კვლევებში და საექსპერტო თუ საპროექტო სამუშაოებში ჩაერთვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები.

რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევითი სტაციონარული ლაბორატორიის ამოქმედებას, ავსტრიული კომპანია VICE SYSTEMTECHNIK GmbH-ის მოთხოვნებისა და არსებული ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული პროცესი საჭიროებს სპეციფიკური შენობა-ნაგებობის მობილიზებას. ხელშეკრულებით გაწერილი პუნქტების მიხედვით, ამ ეტაპზე შერჩეულია ტერიტორია (მისამართი: მოციქულთა სწორი ნინოს ქუჩა, #6; მიწის ნაკვეთის ფართობი 10 000 კვ/მ; შენობის საერთო ფართი – 2850 კვ/მ, მოცულობა 28 000 მ3). შედგენილია შენობისა და მისი შიდა გეგმარების პროექტი, რომლის განხილვა რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უშუალო ხელმძღვანელობით, რამდენჯერმე შედგა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. უახლოეს მომავალში იგეგმება ტენდერის გამოცხადება და სამშენებლო სამუშაოების დაწყება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავსტრიელ სპეციალისტებთან პარტნიორობით, მოხდება ლაბორატორიისთვის გადმოცემული აპარატურის დაკალიბრება და ინსტალაცია-მონტაჟი.

საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მოძიებულია სახსრები ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის პროექტის განხორციელების მიზნით.

ლაბორატორიისთვის განკუთვნილი 7 მლნ ევროს ღირებულების აღჭურვილობა შეძენილია სახელმწიფო კრედიტით, რომლის დაფარვასაც, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების საფუძველზე, 2024 წლიდან უზრუნველყოფს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაიწყო 2024 წლიდან და გაგრძელდება 17 წლის განმავლობაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც სამომავლოდ ამოქმედდება, ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივი კატასტროფების სასიგნალო, წინასწარი შეტყობინების ან სამონიტორინგო დანიშნულების საველე ლაბორატორიულ კვლევებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და უნივერსიტეტის დისკრედიტაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაუშვებლად მიიჩნევს და მედიასაშუალებისგან იმავე ფორმატში ბოდიშის მოხდას ითხოვს.

სტუ-ის დოქტორანტმა გლობალური ბიზნესის განვითარებაში მიწოდების ჯაჭვების მართვის ოპტიმიზაციის საკითხებზე კვლევა ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დოქტორანტმა ნინო ქვარაიამ, პროფესორ არჩილ სამადაშვილის ხელმძღვანელობით, გლობალური ბიზნესის განვითარებაში მიწოდების ჯაჭვების როლსა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოყენებით, მიწოდების ჯაჭვების მართვის ოპტიმიზაციის საკითხებზე კვლევა ჩაატარა.

სადისერტაციო თემის – „მიწოდების ჯაჭვების რეინჟინერინგი“, მიზანს წარმოადგენს ე.წ. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის („ინდუსტრია 4“-ის) ტექნოლოგიური შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებით და გლობალური მიწოდების ჯაჭვების მართვაში წარმოქმნილი გამოწვევების გათვალისწინებით, ცენტრით საქართველოში, ლოკალური მიწოდების ჯაჭვის ჰაბის მოდელის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოთხოვნების დაკმაყოფილებას მომსახურებასა და მიწოდებაზე და ამავდროულად, იფუნქციონირებს როგორც ღირებულების შექმნის სრულფასოვანი მიმწოდებელი, საწარმოო შეთავაზებებით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის იმ მეზობელი ქვეყნებიდან, რომელთაც არა აქვთ უშუალო გასასვლელი შავ ზღვაზე.

დოქტორანტ ნინო ქვარაიას თქმით, გლობალური მომარაგების ჯაჭვები ყოველთვის დაუცველი იყო რისკებისაგან, რომლებიც ასოცირებულია ისეთ არაპროგნოზირებად მოვლენებთან. როგორიცაა, ბუნებრივი კატასტროფები, სავაჭრო ომები, პანდემიები, საშინაო პოლიტიკური არასტაბილურობა და სხვა. 

„კორონავირუსის პანდემიამ თითქმის შეაჩერა გლობალური საქმიანობა ეკონომიკის ყველა სექტორსა და ინდუსტრიაში. ვირუსის გაჩენამ ჩინეთში, რომელიც გლობალურად წარმოების და დისტრიბუციის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, დიდი გავლენა იქონია მზა და ნახევარფაბრიკატების მიწოდებაზე მთელს მსოფლიოში, რომლებიც ლოგისტიკურად არიან დაკავშირებული ჩინეთთან.

მიწოდების შოკმა, რომელიც დაიწყო ჩინეთში 2020 წლის თებერვალში და მოთხოვნის შოკმა, რომელიც მას მოჰყვა გლობალური ეკონომიკის ნაწილობრივი დახურვის შემდეგ, გამოავლინა დაუცველობა წარმოების სტრატეგიებსა და მიწოდების ჯაჭვებში.

ამ მოვლენებმა, აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომთან ერთად, გამოიწვია ეკონომიკური ნაციონალიზმის ზრდა. შედეგად, მსოფლიოში მწარმოებლები უფრო მეტ პოლიტიკურ და კონკურენტულ ზეწოლას განიცდიან, რომ გაზარდონ თავიანთი შიდა წარმოება, გაზარდონ დასაქმება საკუთარ ქვეყნებში, შეამცირონ ან თუნდაც აღმოფხვრან დამოკიდებულება რისკებად მიჩნეულ წყაროებზე და გადახედონ მათ გამოყენებას.

ამ ფონზე საწარმოო პროცესების დაგეგმვამ, აუტსორსინგის გამოყენებამ, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული თანამედროვე ინდუსტრიებში, აიძულა კომპანიების უმეტესობა გადახედონ გლობალური მიწოდების ჯაჭვის საჭიროებებს და მხარი დაუჭიროს ლოკალური ჰაბების შექმნის იდეას.

ისტორიულად, საქართველოს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, როგორიცაა ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების, პრეფერენციული და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების განვითარება, ასევე აქტივობები საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების მიზნით, გამარტივებული საგადასახადო და საბაჟო პროცედურები, ახალ პერსპექტივებს ხსნის საქართველოსთვის, როგორც რეგიონული ჰაბის სტატუსის მქონე ქვეყნის პოზიციონირებისათვის”, – აცხადებს დოქტორანტი.

სტუ-ის ასოცირებული პროფესორის არჩილ სამადაშვილის თქმით, დოქტორანტ ნინო ქვარაიას ნაშრომში გაანალიზებულია მიწოდების ჯაჭვების როლი გლობალური ბიზნესის განვითარებაში.

ასევე, მიწოდების ჯაჭვების მართვის ოპტიმიზაციის საკითხები ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოყენებით, გამოვლენილია პანდემიის პირობებში გლობალური მომარაგების ჯაჭვების ფუნქციონირების ხარვეზები და დასაბუთებულია მათი ღრმა ორგანიზაციული გარდაქმნის – რეინჟინერინგის აუცილებლობა.

„გარდაქმნის განხორციელების თეორიულ და სამოქმედო საფუძვლად შერჩეულია ბიზნეს პროცესების რეინჟინერინგის მეთოდოლოგია BPR (Business Processes Reengineering), დასაბუთებულია მისი სტრატეგიულ ინსტრუმენტად გამოყენების მიზანშეწონილობა, განხილულია „ინდუსტრია 4.0“-ის ტექნოლოგიების საფუძველზე მოქმედი ლოკალური მიწოდების ჯაჭვების ორგანიზების და მართვის უპირატესობები და ჩვენი ქვეყნის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, დასაბუთებულია საქართველოში მიწოდების ჯაჭვის ჰაბის შექმნის შესაძლებლობა“, – აცხადებს არჩილ სამადაშვილი.

ჩატარებული კვლევებით ცალსახად დასტურდება, რომ  კოვიდპანდემიამ და არასტაბილურმა პოლიტიკურმა გარემომ პრობლემები შეუქმნა გლობალური მიწოდების ფუნქციონირებას, რაც ძირითადად გამოიხატა მისი მდგრადობის რღვევაში; მსოფლიოში მწარმოებლები მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის გაზრდის მიზნით ავითარებენ შიდა წარმოებას საკუთარ ქვეყნებში, რათა შეამცირონ ან თუნდაც სულ აღმოფხვრან დამოკიდებულება რისკიანად მიჩნეულ წყაროებზე და გადახედონ მათი გამოყენების სტრატეგიებს, რაც გულისხმობს არსებული მიწოდების ჯაჭვების რეინჟინერინგს და ლოკალური ჯაჭვების ორგანიზებას; მიწოდების ჯაჭვებში, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა სამრეწველო დარგში, “ინდუსტრია 4.0-ის” შესაძლებლობების და ინსტრუმენტების სისტემური გამოყენება ღირებულების მატების ახლებურად ორგანიზების საფუძველი ხდება; „ციფრული ტყუპის“ დანერგვა საწარმოო ინდუსტრიებში იძლევა მიწოდების ჯაჭვის ვირტუალური მართვის მოდელის შექმნის საშუალებას, რომლის ყველა ეტაპის პროცესი რეალურ დროში იქნება ვირტუალური წარმომადგენლობით რეალიზებული.

თუ წარმოება იმუშავებს ნაწარმის ციფრული ტყუპის განივთების მოდელით, ხელოვნური ინტელექტის (AI) და ბლოკჩეინის კომბინაციის გამოყენებით, გარანტირებული იქნება ღირებულების ჯაჭვში მარაგების მინიმიზება, ინფორმაციის მიკვლევადობა და ხილვადობა, კონტრაქტების თვალყურის მიდევნება, ხარჯების შემცირება და მოქნილობის გაზრდა; ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც ახდენენ მიწოდების ჯაჭვების მოქმედების ავტომატიზაციას, აპლიკაციების დაკავშირების, პროცესების გამარტივებისა და აჩქარების თვალსაზრისით აუმჯობესებენ მიწოდების ჯაჭვების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას; საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და სატრანსპორ¬ტო ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე რეალური პერსპექტივა აქვს უახლეს ტექნოლოგიებზე დაყრდნობით გახდეს მიწოდების რეგიონული ჰაბი, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს ჩინეთიდან რუსეთზე გამავალი სატრანზიტო გზა ევროპისკენ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ; საქართველოს აქვს შანსი “ინდუსტრია 4.0”-ის ტექნოლოგიურ შესაძლებლობების გამოყენებით, საწარმოების ბიზნეს მოდელების გარდაქმნისა და მათი გადაიარაღების საფუძველზე იქცეს ღირებულების სრულფასოვან მიმწოდებლად ევროპისათვის, საწარმოო შეთავაზებებით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის იმ მეზობელი ქვეყნებიდან, რომელთა არა აქვთ უშუალო გასასვლელი შავ ზღვაში; მიწოდების ჯაჭვების რეინჟინერინგის პროცესში, რომელიც დაკავშირებულია ლოკალური ჯაჭვების შექმნასთან და ალტერნატიული სატრანზიტო სქემების შემუშავებასთან, კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად ასევე აქტუალურია კვალიფიციური კადრების მომზადება, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება, ქვეყნებს შორის სატარიფო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ინფორმაციის დაცულობა, დამუშავების სისწრაფე, სიზუსტე და სხვა.

ინფორმაციისთვის: ნინო ქვარაიას საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, კერძოდ, ფორტ ლუისის კოლეჯში (კოლორადო, აშშ), კვალიფიკაციით, ბაკალავრი ბიზნესის ადმინისტრირებაში, კონცენტრაცია საერთაშორისო ბიზნესი. ასევე, ბინგჰემტონის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის საშტატო უნივერსიტეტი, მენეჯმენტის სკოლა.

მინიჭებული კვალიფიკაცია – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, კონცენტრაციით მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი. 2018 წლიდან მუშაობს ფირმების პროფესიონალური სერვისების მრავალეროვნულ ბრენდში, PwC (PricewaterhouseCoopers International Limited), რომელიც არის მსოფლიოში სიდიდით მეორე პროფესიული სერვისების ქსელი და ითვლება დიდ ოთხეულში, Deloitte, EY და KPMG-თან ერთად და 2022 წლიდან ნიუ-იორკის ოფისში საბაჟო და საერთაშორისო ვაჭრობის მენეჯერის პოზიციაზე. 

სტუ-ის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრას — „პროფესიულ სასწავლებლებში ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის დაგეგმვა და განვითარება“ დაესწრნენ

30-31 ივლისს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით,  პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის სამუშაო შეხვედრა — „პროფესიულ სასწავლებლებში ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის დაგეგმვა და განვითარება“  ჩატარდა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები ქეთევან წულეისკირი და მაია მჭედლიშვილი. 

შეხვედრის  დღის წესრიგი  მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სტრატეგიისა და სამოქმედო  გეგმის შემუშავება;
  • ვებგვერდის ორგანიზება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მნიშვნელოვან საკითხებზე;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება;
  • ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით დამხმარე მასალების, მათ შორის, კატალოგის პრეზენტაცია და სხვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს უნივერსიტეტის გამოწვევას, შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით, რომლის რეალიზება უზრუნველყოფს სტუ-ის კურსდამთავრებულის შრომის საერთაშორისო ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობას. 

სტუ-ში, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პტი ცენტრის ტექნიკური პერსონალის გადასამზადებლად, ტრენინგ-პროგრამები დაინერგა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) ცენტრის ტექნიკური პერსონალის გადასამზადებლად, საწყისი და განმეორებითი ტრენინგ-პროგრამები დაინერგა. 

ტრენინგ-პროგრამებს ახორციელებს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეული – „პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო“, რომელიც აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ არის აკრედიტებული.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ბორის გითოლენდია აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ტექნიკური პერსონალის მიმართ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მხრიდან ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა, სწორედ, საწყისი და განმეორებითი ტრენინგების გავლაა.

„ამ მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამუშავებულია სასწავლო პროგრამები, რომლებიც უშუალოდ მორგებულია პტი ცენტრის ტექნიკური პერსონალის მომზადება-გადამზადების მოთხოვნებზე, რაც განისაზღვრება #511 რეგლამენტის საფუძველზე.

პტი ცენტრის ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამის, საწყისი ტრენინგის ხანგრძლივობად 120 აკადემიური საათი განისაზღვრა, რაც 15 დღეზე ნაწილდება.

გადამზადების პროგრამა, ანუ, განმეორებითი ტრენინგი კი, 40 აკადემიურ საათს მოიცავს. ამ შემთხვევაში სწავლების ხანგრძლივობა 5 დღეა“, – განმარტავს ბორის გითოლენდია.

ფაკულტეტის დეკანის ინფორმაციით, საწყის და განმეორებით ტრენინგ-პროგრამებს სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები გაუძღვებიან, ხოლო სწავლების გრაფიკი მაქსიმალურად იქნება მორგებული მსმენელთა მოთხოვნებზე.

მისივე თქმით, კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებზე შესაბამისი მოწმობა გაიცემა.

ტრენინგით დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მსურველებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, კერძოდ კი, სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევით და საექსპერტო ცენტრს – მისამართზე: მერაბ კოსტავას 68; სტუ-ის I სასწავლო კორპუსი, V სართული, ოთახი # 539; ან დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის ცხელ ხაზს: 0322 77 11 11 (72 56) ან გაგზავნონ შეკითხვა ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: avtopersonalso@gtu.ge

ცნობისათვის: სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულის – „პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს“ უმთავრესი საქმიანობაა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება, ასევე, #511 ტექნიკური რეგლამენტის („ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები“) შესაბამისად, პტი ცენტრის ტექნიკური პერსონალისთვის საწყისი და განმეორებითი ტრენინგების ჩატარება.

სტუ-ის წყალთა მეურნეობის კვლევით ინსტიტუტში საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევით ინსტიტუტში საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი – ,,ინოვაციური მიდგომები წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვასა და სამოქალაქო მშენებლობაში“ ჩატარდა, რომელიც ინსტიტუტის დაარსებიდან 99 წლისთავს მიეძღვნა. 

სემინარი ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა გახსნა.

მან საერთაშორისო სემინარში აქტიური ჩართულობისთვის სტუმრებსა და ინსტიტუტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. 

სემინარზე, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, მთის მდგრადი განვითარების და აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მაგისტრანტები და დოქტორანტები ესწრებოდნენ, მოხსენებით წარდგნენ ვარმია-მაზურის უნივერსიტეტის (ოლშტინი, პოლონეთი) გეოინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორები – ჯოანა პავლოვიჩი და ალდონა სკოტნიცკა–შეპშაკი.

პროფესორმა ჯოანა პავლოვიჩმა წარმოადგინა ისტორიულ–კულტურული ძეგლებისა და დაძველებული ნაგებობის, ასევე, დაბალდაწნევიანი კაშხლების დეფორმაციის პროგნოზი თანამედროვე 3D ლაზერული სკანერისა და დრონით ფოტოგრაფირების საშუალებით. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ინოვაციური მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია სამგანზომილებიან სივრცეში შენობებისა და კონსტრუქციების ნებისმიერი დეფორმაციისა და დაზიანების, მათ შორის ბზარების, ფიქსაცია. 

გარდა ამისა, პოლონელმა მკვლევარმა განიხილა ლაზერული სკანირების, დრონისა და BIM-ის ტექნოლოგიების გამოყენებით მდინარეებში, შესაბამისი დეფექტების დადგენის მიზნით, დაბალდაწნევიან ჰიდროკვანძებზე არსებული მდგომარეობის განსაზღვრის საკითხი.

მანვე იმსჯელა ნებისმიერი ტიპის ობიექტის რემონტისა და რეაბილიტაციის დაგეგმვითი სამუშაოების პროცესში 3D ლაზერული სკანირების მნიშვნელობასა და სარგებელზე. 

ვარმია-მაზურის უნივერსიტეტის პროფესორმა ალდონა სკოტნიცკა–შეპშაკმა მოხსენების შესავალ ნაწილში ყურადღება გაამახვილა პოლონეთში, მაზურის რეგიონში, კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით, წყლის რესურსებისა და ტბების ინტეგრალურ მართვაზე. მისი თქმით, ეს  ადგილი სპეციფიკური ტერიტორიაა და წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების პერიოდში განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს.

მომხსენებელმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა წვიმის ინტენსივობასთან კორელაციურად დაკავშირებული წყალდიდობის გამომწვევ მიზეზებზეც. 

საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის დასკვნითი ნაწილი თემასთან დაკავშირებულ კითხვა-პასუხსა და დისკუსიას დაეთმო. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძიუდოისტ ილია სულამანიძეს პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, კურსდამთავრებულს, ძიუდოისტ ილია სულამანიძეს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სამრეწველო ინჟინერიის და ტექნოლოგიის ბაკალავრმა ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიადაზე გამარჯვებით საქართველოს მე-2 ვერცხლი მოუტანა.

„ახლა მსოფლიოს ყურადღება და ვნებათაღელვა პარიზის ოლიმპიადისკენ არის მიმართული. ჩვენი კურსდამთავრებულის, ძიუდოისტ ილია სულამანიძის ღირსეული გამარჯვება განუზომელი სიხარულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის! ვულოცავთ ილიას ოლიმპიურ ვერცხლს, დიდ საერთაშორისო აღიარებას და ოლიმპიელის საპატიო ტიტულს! გვჯერა, სამომავლოდ, ილია სულამანიძე ახალ მწვერვალებს დაიპყრობს, ჩვენს ქვეყანას არაერთ გამარჯვებას მიუძღვნის, გულშემატკივარს კი დაუვიწყარ სიხარულს და ბედნიერ წუთებს განაცდევინებს“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

ძიუდოისტი ილია სულამანიძე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. პარიზის ოლიმპიადის 1/4 ფინალურ შეხვედრაში სულამანიძემ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ აარონ ვულფს ვაზარით სძლია, ნახევარფინალში გადავიდა, მეტოქეობა შვეიცარიელ დანიელ აიხს გაუწია, რომელიც 11 წამში იპონით დაამარცხა, რის შემდეგაც, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან შეუპოვარ ფინალურ ორთაბრძოლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სტუ-მ Erasmus+KA2-ის სამი პროექტის დაფინანსება მოიპოვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა Erasmus+KA2-ის შესაძლებლობათა განვითარების მიმართულებით გამოცხადებულ სამ პროექტში – EU-AGM, OPTIFY და ReGROW – გამარჯვება და შესაბამისი დაფინანსება მოიპოვა. 

Erasmus+KA2-ის პროექტები უმაღლესი განათლების გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას და უნივერსიტეტის მდგრადი განვითარებას ისახავს მიზნად.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, Erasmus+KA2-ის პროექტებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა უდავოდ მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სწრაფვას ინოვაციების, მდგრადობისა და გლობალური თანამშრომლობისკენ.

როგორც სტუ-ის რექტორი აღნიშნავს, სამივე პროექტი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების უნივერსიტეტებთან პარტნიორობით განახორციელებს, საგანმანათლებლო პროცესების გაუმჯობესებას და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში წარმატებულ პოზიციონირებას ისახავს მიზნად.

სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის გიორგი მიქიაშვილის განმარტებით, Erasmus+KA2-ის პროექტი EU-AGM-ი რვა უნივერსიტეტს აერთიანებს – აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებიდან: საქართველოს, აზერბაიჯანისა და მოლდოვის, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან – რუმინეთისა და საბერძნეთის.

პროექტი ენერგეტიკის სექტორში სასწავლო კურსებისა და პროგრამების მოდერნიზებას ისახავს მიზნად, ასევე, ენერგეტიკული მდგრადობის ცირკულარულ ეკონომიკაზეა აქცენტირებული. EU-AGM-ის ფარგლებში გათვალისწინებულია დისტანციური ლაბორატორიების დაფუძნება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 500-ზე მეტ სტუდენტს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს და მათი დასაქმების პერსპექტივებს გაზრდის.

გიორგი მიქიაშვილის თქმით, Erasmus+KA2-ის მეორე პროექტის – OPTIFY-ის ფარგლებში, აღმოსავლეთ სამეზობლოს, ცენტრალური აზიის, ევროკავშირისა და თურქეთის, ასევე, რვა უნივერსიტეტი ითანამშრომლებს იმ მიზნით, რომ შეიმუშაოს ოპტიკურ საკომუნიკაციო ქსელებთან დაკავშირებული ახალი, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტით იქნება ინსპირირებული. სასწავლო პროგრამის მიზანი თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული სწავლება და პროფესიონალთათვის კვალიფიკაციის ამაღლებაა.

როგორც სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობითა და სასწავლო მასალებზე ღია წვდომის უზრუნველყოფით, პროექტი ხელს შეუწყობს პარტნიორ ქვეყნებში როგორც ციფრულ ტრანსფორმაციას, ასევე, შესაბამისი კომპეტენციების განვითარებას.

რაც შეეხება Erasmus+KA2-ის მესამე პროექტს – ReGROW-ს, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის თქმით, მისი მიზანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სოფლის მეურნეობის მაგისტრის ერთობლივი პრეციზიული საგანმანათლებლო კურსის შემუშავებაა.

პროექტი, თანამედროვე ტენდენციებისა და საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად, სასწავლო პროგრამაში მოწინავე ტექნოლოგიებისა და მდგრადი პრაქტიკების ინტეგრირებას, ასევე, მათ ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. 

გარდა ამისა, ReGROW-ს მიზანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს მდგრადობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობაა. 

აკადემიკოს დავით გურგენიძეს, BSES-ის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, ADA უნივერსიტეტის რექტორი მადლობას უხდის

რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA) რექტორი, პროფესორი ჰაფიზ ფაშაევი „ბაქოს ენერგეტიკის საზაფხულო სკოლა 2024“-ის (Baku Summer Energy School 2024 – BSES) მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობას უხდის. 

როგორც ADA უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჰაფიზ ფაშაევი ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო პარტნიორობით, მიმდინარე წლის 8-19 ივლისს, ბაქოს ენერგეტიკის საზაფხულო სკოლა, წარმატებით განხორციელდა როგორც ბაქოში, ასევე, თბილისში, კერძოდ კი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელმაც BSES-ს ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში მაღალ დონეზე უმასპინძლა ენერგეტიკის დარგში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტთა გუნდს და 50-მდე მონაწილეს 15 ქვეყნიდან.

„ძვირფასო რექტორო, სიხარულით ვიხსენებთ თქვენს ვიზიტს ბაქოში და შეხვედრებს ADA უნივერსიტეტში, ასევე, ჩვენს ვიზიტს თბილისში და თქვენს გულითად მიღებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

სწორედ ამ ვიზიტების წყალობით, ჩვენმა უნივერსიტეტებმა შეძლეს მიმდინარე წლის 8-19 ივლისს ბაქოს მე-18 ყოველწლიური საზაფხულო ენერგეტიკული სკოლის (BSES) ინიციირება და წარმატებით განხორციელება როგორც ბაქოში, ასევე, თბილისში – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ქართულ უნივერსიტეტთან ერთად, პროგრამის პარტნიორები არიან ADA უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფონდი, bp აზერბაიჯანი, აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR-ი, GL-ი და KOLIN-აზერბაიჯანი. 

მოხარული ვართ, რომ ყოველწლიურმა, ორკვირიანმა სასერტიფიკატო პროგრამამ შემოიკრიბა მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები და პოლიტიკის შემქმნელები, რომლებმაც განიხილეს გლობალური და რეგიონული ენერგეტიკის, ასევე, მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის: ენერგეტიკული გეოპოლიტიკა, მდგრადი განვითარება და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები ენერგოსისტემის კონტექსტში, განახლებადი ენერგიის შესაძლებლობების გამოყენების გზები რეგიონულ და გლობალურ პერსპექტივაში. წელს BSES-ს შეუერთდა მაღალი რანგის 30-მდე საერთაშორისო ექსპერტი და 50-მდე მონაწილე 15 ქვეყნიდან.

მსურს ვისარგებლო შემთხვევით და გულითადი, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ მაღალი დონის მხარდაჭერისა და სტუმართმოყვარეობისთვის, თქვენ, ბატონო რექტორო და თქვენი გუნდის წევრებს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორებს – პროფესორ თამარ ლომინაძესა და დოქტორ თამარ წერეთელს, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ლენა შატაკიშვილს, ფაკულტეტის პროფესორს, მაკა ჯიშკარიანს.
 
ვიმედოვნებთ, სამომავლოდ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩვენი ძმური კავშირების განსამტკიცებლად, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას განვახორციელებთ“, – აღნიშნულია ADA უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ჰაფიზ ფაშაევის წერილში.

Support

Why are you writing to us?