სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტი მიწისქვეშა წყაროების მარაგების ოპტიმალური განაწილების მეთოდიკას იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის, საგანმანათლებლო პროგრამის  – მშენებლობა, დოქტორანტი ნიკოლოზ კახიძე, პროფესორ ზურაბ გვიშიანის ხელმძღვანელობით, მუშაობს თემაზე – „დასახლებული პუნქტებისთვის მიწისქვეშა წყაროების მარაგების ოპტიმალური განაწილების მეთოდიკა“.

სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის მიზანია წყალმომარაგების მიმართულებით ქვეყანაში არსებული პრობლემების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, წყალმომარაგება დღემდე რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. როგორც პროფესორი ზურაბ გვიშიანი აღნიშნავს, ნიკოლოზ კახიძე სადოქტორო ნაშრომით დარგის სპეციალისტებს ახალ მეთოდოლოგიას შესთავაზებს.

„სადისერტაციო ნაშრომში კვლევის ობიექტებად განხილული იქნება საქართველოს ქალაქებისა და სოფლებში  წყალმომარაგების არსებული სისტემები. წყალსამეურნეო სისტემის მართვის ორგანიზაციას ახორციელებს წყალსამეურნეო კომპლექსი. იმდენად, რამდენადაც წყლის რესურსების გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, ცვლის დადგენილ ბუნებრივ კანონზომიერებებს, დადებითი ეფექტების კვალდაკვალ წარმოიშობა უარყოფითი შედეგებიც, რომელთა მინიმიზაცია შესაძლებელია წყალსამეურნეო სისტემის ერთიან კომპლექსად განხილვისა და მრავალწლიური დაკვირვებების შედეგად დაპროექტების საფუძველზე. წყალსამეურნეო კომპლექსი განხილული იქნება, როგორც წყლისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების მიზნით გატარებული ღონისძიებების ერთობლიობა, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, მიწისქვეშა წყაროების მარაგები ოპტიმალურად გაანაწილონ. დოქტორანტი დარგის სპეციალისტებს შესთავაზებს ახალ მეთოდოლოგიას, რაც, ვფიქრობ, მათთვის საინტერესო იქნება“, – აცხადებს ზურაბ გვიშიანი.

საქართველოს წყლის რესურსების 75%-ი  დასავლეთ საქართველოშია, მდინარეების ჯამური წლიური ხარჯი კი 61.45 მლრდ მ²-ია. საქართველო მდიდარია მიწისქვეშა წყლებით, რასაც უხვი ატმოსფერული ნალექები, გეოლოგიური აგებულება და ჰიდროგეოლოგიური თავისებურებები განაპირობებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოს მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსები 573 მ³/წმ-ს შეადგენს, რაც სასმელად გამოსადეგია. საქართველოში მთავარი წყალმომხმარებლები სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და საყოფაცხოვრებო სექტორი არიან. სოფლის მეურნეობა წყლის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. ამ სექტორში წყლის უდიდესი რაოდენობა სარწყავი მიზნებისთვის გამოიყენება, ხოლო საყოფაცხოვრებო სექტორი სიდიდით მეორე წყალმომხმარებელია. სექტორი წყალს ძირითადად სასმელ-სამეურნეო მიზნებისათვის მოიხმარს.

„სასმელი წყალი ყოველდღიური მოხმარების, სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტია, რომლის შექმნა-დამუშავება და მომხმარებლამდე მიწოდება კომპლექსური პროცესია. ჩემი მიზანია, სადისერტაციო კვლევისას მაქსიმალურად შევისწავლო ქვეყანაში წყალმომარაგების კუთხით არსებული პრობლემები, შევიმუშაო მეთოდოლოგია და დავეხმარო საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებს წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრაში. წყლის რესურსების მენეჯმენტი გულისხმობს წყლის რესურსების ოპტიმალურად გამოყენების დაგეგმვას, განვითარებას, განაწილებას და მართვას. იდეალურ შემთხვევაში, წყლის რესურსების მენეჯმენტის დაგეგმვა ითვალისწინებს წყალზე არსებულ ყველა კონკურენტ მოთხოვნას და მათ დასაკმაყოფილებლად ცდილობს წყლის განაწილებას სამართლიან საფუძველზე. საჭიროა ინტეგრირებული მიდგომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ წყლის რესურსების მენეჯმენტი არ იყოს იზოლირებული სექტორის სილოსებში, რაც გამოიწვევს არაეფექტიანობას, კონფლიქტებსა და რესურსების არამდგრად გამოყენებას. ამრიგად, ზემოაღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, დასახლებული პუნქტებისთვის მიწისქვეშა წყაროების მარაგების ოპტიმალური განაწილების საკითხი დღეის მდგომარეობით ძალზედ აქტუალურია და ახლო მომავალში უფრო მკაცრად გამახვილდება ყურადღება მიწისქვეშა წყლის საექსპლუატაციო რესურსის დამტკიცებასა და ათვისებაზე. ხოლო, კვლევისას მიღებული შედეგები შეიძლება პერსპექტივაში რეალიზებულ  იქნეს საქართველოს ქალაქების/დაბების/სოფლების და ა.შ. წყალმომარაგების სისტემებში“, – ამბობს სტუ-ის დოქტორანტი ნიკოლოზ კახიძე.

სტუ-ის სტუდენტმა ინფორმატიკის საერთაშორსო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრანტმა მიქაელ მალანიამ თურქმენეთის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტში (აშხაბადი) გამართულ „ინფორმატიკის II ღია საერთაშორისო ოლიმპიადაზე  (OIOIUS-2024) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

OIOIUS-2024-ში მონაწილეობა მიიღო სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა შალვა დავითაშვილის, მიქაელ მალანიას, ლაშა იაკობიძის, ნოდარ და გიორგი ალექსაშვილების შემადგენლობით. სტუ-ის გუნდს იმს ფაკულტეტის დოქტორანტი თორნიკე ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდს საერთაშორისო ოლიმპიადაში მოპოვებულ წარმატებას ულოცავს. 

როგორც რექტორი აღნიშნავს, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობით სტუდენტები არა მხოლოდ იღებენ ინფორმაციას მეცნიერების უახლესი მიღწევების შესახებ, არამედ  მსგავსი აქტივობები მათ უხსნის სამომავლო ერთობლივი კვლევებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელების გზებს, გამოცდილების გაცვლისა და კოლაბორაციების გაღრმავების შესაძლებლობებს.

აშხაბადში, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში 18 ქვეყნის – მათ შორის: საქართველოს, გერმანიის, თურქეთის, რუმინეთის, კატარის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩინეთის – 52 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 350 სტუდენტი მონაწილეობდა. 

„II ღია საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში – OIOIUS-2024“ ორ ეტაპად, კიბერუსაფრთხოებისა და პროგრამირების მიმართულებით წარიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტმა მიქაელ მალანიამ ორივე ტურში წარმატებით იასპარეზა და ოლიმპიადის 350 მონაწილე სტუდენტს შორის მე-2 ადგილზე გავიდა, შესაბამისად, ვერცხლის მედალი და მე-2 ხარისხის დიპლომი მოიპოვა.

„OIOIUS-2024-ის პირველ ეტაპზე, რაც კიბერუსაფრთხოებას მოიცავდა, მოცემული დავალების შესაბამისად, ვინდოუსის სისტემაში, კონკრეტულ ფოლდერებში უნდა აღმოგვეჩინა ვირუსები და, ამასთან ერთად, სხვადასხვა მოდიფიკაცია ჩაგვეტარებინა. მეორე ეტაპზე კი, რომელიც პროგრამირებას ეხებოდა, განსხვავებული სირთულის 4 ამოცანა უნდა ამოგვეხსნა. დავალების სწორად შესრულება ითხოვდა შესაბამისი სპეციფიკური ალგორითმების მორგებას, რათა ტექსტირების შემდგომ სწორი პასუხები მიგვეღო. მოხარული ვარ, რომ ორივე ეტაპს თავი ნორმალურად გავართვი და ჩვენს საუნივერსიტეტო გუნდს ოლიმპადაზე წარმატება მოვუტანე“, – ამბობს სტუ-ის მაგისტრანტი მიქაელ მალანია.

როგორც სტუ-ის სტუდენტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, დოქტორანტი თორნიკე ჯაფარიძე აღნიშნავს, OIOIUS-2024-ის ფარგლებში სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული  აქტივობები გაიმართა, რომელზეც მონაწილე ახალგაზრდებმა, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები წარმოადგინეს. მისივე თქმით, ოლიმპიადის მონაწილეებმა ინფორმატიკისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს უახლესი ტენდენციები და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიების პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს.

სტუ-ში სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

„სწორედ ასეთ კონფერენციებზე დაწყებული სტუდენტური სამეცნიერო საქმიანობა იქნება ის, რასაც მომავალში საქართველოს ეკონომიკა დაემყარება. ჩვენ გვქონდა საშუალება გავცნობოდით სტუდენტების მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებსა და თეზისებს. კონფერენციის მონაწილეების მიერ იმდენად მრავლისმომცველი კვლევის თემატიკა და საკვლევი საგანი იქნა წარმოდგენილი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალში, საქართველოს სახელით, მსოფლიო სამეცნიერო წრეების წინაშე სერიოზული მკვლევრები წარდგებიან. კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, მადლობას ვუცხადებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის  530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. კონფერენცია 56 სექციას მოიცავს, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე – 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე – 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე – 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე – 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე – 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი.

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა განაცხადა, კონფერენციაში მონაწილეობის მურველ სტუდენტთა აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაციისას სტუდენტთა მხრიდან მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რაც აჩვენებს, რომ ჩვენი ძალიან ნიჭიერი, მოტივირებული და სასახელო სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია აზრის გაზიარება, თანატოლებთან ერთმანეთის შედეგებზე საუბარი. სწორედ ასეთ კონფერენციებზე დაწყებული სამეცნიერო საქმიანობა იქნება ის, რასაც მომავალში საქართველოს ეკონომიკა დაემყარება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რექტორის და შესაბამისად,  უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტი სტუდენტი და სტუდენტის ინტერესების დაცვაა. კონფერენციის ორგანიზებაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ჩართულობა სწორედ ამ პრინციპის ურყევ დაცვასა და მხარდაჭერაზე მეტყველებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული სტუდენტების ყოველდღიურ საქმიანობაში, ჩვენი ყოველი ნაბიჯი გათვლილია იმისკენ, რომ თითოეულ სტუდენტს, მაღალკვალიფიციური განათლების მიღების პარალელურად, საინტერესო და სხვადასხვა აქტივობით დატვირთული ცხოვრება ჰქონდეს”, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ. მან წარმატებები უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ კონფერენციის მუშაობა წარიმართება სხვადასხვა დარგობრივი სექციის მიხედვით: საინჟინრო მექანიკის; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის; ჰიდროსაინჟინრო; ტელეკომუნიკაციის; თბო- და ჰიდროენერგეტიკის; ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკის და ელექტრომექანიკის; საწარმოო ინოვაციების და ოპერაციული მენეჯმენტის; საინჟინრო გეოდეზიის; სამთო ტექნოლოგიის; გეოლოგიის; ნავთობის და გაზის ტექნოლოგიის; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის; მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების; არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის (ურბანისტიკის); არქიტექტურის საფუძვლების და თეორიის; კომპიუტერული ინჟინერიის; საინჟინრო კიბერნეტიკისა და ხელსაწყოთმშენებლობის; ორგანიზაციული მართვის; ფიზიკის; მათემატიკის; მანქანათმშენებლობის; სატრანსპორტო; საგზაო; საინჟინრო გრაფიკის და ტექნიკური მექანიკის; საზოგადოებრივი მეცნიერებების; უცხო ენების და კომუნიკაციის; ეკონომიკის და ბიზნესის მართვის; სამართლის; თეოლოგიის.

„კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევები ისეთ მნიშვნელოვან დარგებს და სფეროებს ეხება, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ამდენად, სტუდენტების მხრიდან დაინტერესება, მიანიშნებს მათ მოტივაციაზე აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ ფაკულტეტს და სტუდენტს”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ გუდავაძემ.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მუშაობას 29 აპრილს დაიწყებს და 17 მაისს დაასრულებს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება.

იხილეთ კონფერენციის დეტალური განრიგი აქ.

სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ქართველ და ამერიკელ მკვლევრებს საპატიო ჯილდოები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ამერიკელ მეცნიერებს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგსა და თანამშრომელს კი სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია აკადემიური საბჭოს სხდომაზე გაიმართა, რომელსაც სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – ცნობილი მეცნიერი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი, ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აკადემიურ საბჭოზე რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და უცხოელმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, ცნობილი მეცნიერ-ჰიდროლოგისა და გეოგრაფის  პროფესორ თენგიზ ცინცაძის ხსოვნას. 

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აუდიტორიას აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმადაც ამერიკელ მკვლევრებს – დოქტორებს: ალბერტ ჯოზეფ ტერნერ ჯუნიორს, ფრენსის ედვარდ ნოელს და უილიამ ჰენრი ჰაითერს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით გაწეული მოცულობითი სამუშაოსა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. რექტორმა ამერიკელ მეცნიერებს საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი ჯილდოები გადასცა.

„გვამოძრავებს საუკეთესო სურვილები და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამერიკელი მეცნიერები, რომლებიც ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების მანტიით შეიმოსნენ, საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიურ სივრცეში გახდებიან ერთგვარი დესპანები, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი მეცნიერ-მკვლევრებისა და სტუდენტების საერთაშორისო წარმატებებს დამსახურებულად შეუწყობენ ხელს. დოქტორი ალბერტ ჯოზეფ ტერნერ ჯუნიორი ამერიკის კლემსონის უნივერსიტეტის ემერიტუსი და კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი, ასევე, ABET პროგრამის მიმართულებით წამყვანი ტრენერია. მას უდიდესი გამოცდილება აქვს კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამების შეფასების მიმართულებით. დოქტორი უილიამ ჰენრი ჰაითერი მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტის (UMASS) სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის ფაკულტეტის მკვლევარია, რომელიც ამავე უნივერსიტეტის ტრანსპორტირების ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი გახლდათ. რაც შეეხება დოქტორ ფრენსის ედვარდ ნოელს, ის სირაკუსის, ორეგონისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების აკადემიური ხარისხების მფლობელი და ABET აკრედიტაციის კომიტეტის წევრია, მრავალი წელი მუშაობდა IBM-ში, ასევე, მის სახელზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 34 გამოგონებაა დაპატენტებული.

მადლობას ვუხდით ამერიკელ კოლეგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, იმ უდიდესი სამუშაოსთვის, რაც მოიცავდა ხანგრძლივ სწავლებას – ტრენინგებს, ვორქშოფებს, შეხვედრებს, მათ შორის ონლაინ ფორმატში, რომელშიც ჩართული იყო ჩვენი უნივერსიტეტის ფაკულტეტები, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, სტუდენტები. ყველა ეს პროცესი ჩვენს უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობის წარმატებით განხორციელებასა და საერთაშორისო კოლაბორაციის გაფართოებაში დაეხმარება. პროცესები აქტიურად არის დაძრული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მრავალ პროგრამაში დაინერგა კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპი, ვხედავთ ხელშესახებ შედეგებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროცესების უდიდეს მნიშვნელობას“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ღვაწლმოსილ თანამშრომელს – ლევან მაცაბერიძეს უნივერსიტეტში 68-წლიანი მოღვაწეობისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ, დღეგრძელობა უსურვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებმა – ალბერტ ჯოზეფ ტერნერ ჯუნიორმა, უილიამ ჰენრი ჰაითერმა და ფრენსის ედვარდ ნოელმა მადლობა გადაუხადეს აკადემიურ საბჭოს რექტორის ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ამერიკელმა მკვლევრებმა უნივერსიტეტს, მის რექტორს, სტუდენტებსა და მკვლევრებს საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მრავალმხრივი წარმატებები უსურვეს.

სტუ ღვაწლმოსილი მეცნიერის, ჰიდროლოგ თენგიზ ცინცაძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით, რექტორი დავით გურგენიძე, ჰიდროლოგის, გეოგრაფის, მეცნიერის, სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თენგიზ ცინცაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეთხოვება ცნობილ მეცნიერს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დარგობრივი კომისიის ექსპერტს,  თენგიზ ცინცაძეს.

ბატონი თენგიზი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქართულ მეცნიერებას, ისეთ რთულ და საჭირო მიმართულებას, როგორიცაა, ჰიდროლოგია. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრობლემების, მდინარეთა აუზების ძირითადი ბუნებრივი რესურსების, ფუნქციებისა და ინტეგრირებული მართვის მექანიზმების შესწავლასა და გადაჭრაში და ა.შ.

თენგიზ ცინცაძე თითქმის ნახევარი საუკუნე მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში. იყო ღირსების მედლის და ღირსების ორდენის კავალერი. 2023 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა ,,ოქროს მედლით“. 

თენგიზ ცინცაძე იყო მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა თუ სიმპოზიუმის მონაწილე. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 4 მონოგრაფია. მისი სამეცნიერო კვლევები ძირითადად ეძღვნებოდა საქართველოს ზედაპირული და მიწის­ქვეშა წყლების მარაგის და მისი ცვლი­ლების შეფასებას, კლიმატის გლობალუ­რ დათბობაზე მზარდი ანთრო­პო­გენური დატვირთვის გავლენას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მწუხარებას გამოვთქვამ თენგიზ ცინცაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებსა და კოლეგებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული”, – აღნიშნულია სტუ-ის რექტორის სამძიმრის წერილში.

 

სტუ-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა – Music Art House, საგარეჯოში კონცერტი გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ ბაზაზე არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა საგარეჯოში, მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის მიწვევით, კონცერტი გამართა.

კონცერტი საგარეჯოს კულტურის სასახლის დიდ დარბაზში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფის – Music Art House, აქტიურ შემადგენლობაში შემავალმა არტისტებმა, მათ შორის: სოლო შემსრულებელმა (პიანისტი) – საბა ბასიაშვილმა, გოგონათა ვოკალურმა ბენდმა – Stars Wings და მუსიკალურმა ჯგუფმა – „მარე “.

კონცერტზე, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები, შემოქმედებითმა ჯგუფმა – Music Art House, შეასრულა კომპოზიტორების გია ყანჩელის, ჯანსუღ კახიძის კომპოზიციები, The Beatles-ის შემოქმედებიდან ცნობილი სინგლები და  ასევე, ჯგუფის მონაწილე სტუდენტების საავტორო კომპოზიციები.

საუნივერსიტეტო შემოქმედებითმა ჯგუფის – Music Art House, მუსიკალური პროდიუსერის გიორგი ქურასბედიანის თქმით, კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, რაც დიდი მოტივაციაა ჯგუფის წევრებისთვის, იმ ფონზე, როცა, ჯგუფმა ერთი წელია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ახალი თაობა შემოიერთა და ამ პერიოდში საუკეთესო რეპერტუარი შექმნა.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ოდითგანვე წარმოადგენდა შემოქმედებითი ახალგაზრდების კერას. ჩვენ ვამაყობთ, რომ შევძელით ღირსეულად გაგვეგრძელებია დიდი ტრადიციები. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავით ოქიტაშვილს, ადმინისტრაციას, იმ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს მაღალი დონის საუნივერსიტეტო განათლების მიღებასთან ერთად, პროფესიონალურ დონეზე განვახორციელოთ შემოქმედებითი აქტივობები”, – აცხადებს გიორგი ქურასბედიანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფი – Music Art House, წელს პირველად მონაწილეობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან ღონისძიებაში “სტუდენტური ფესტივალი-2024”, სადაც Music Art House-ის არტისტები სამ კატეგორიაში – სოლო სიმღერა, დუეტი და მუსიკალური ბენდების კონკურსი –  მონაწილეობენ.

 

სტუ-ში CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილი ფიზიკოსი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით – „True Measurements… False Discoveries“ („უტყუარი გაზომვები… ცრუ აღმოჩენები“) წარსდგა.

CERN-ის მეცნიერის საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის სტუდენტები, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუ-ის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, რექტორის მრჩეველი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ინსტიტუტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, ასევე, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და მეცნიერ-თამნამშრომლები.  

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, დოქტორი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი, რომელიც ამჟამად CERN/CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი და CERN/CMS კოლაბორაციის ყოფილი სპოუკსპერსონია, მრავალი წელია ბირთვული და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი კვლევებითაა დაკავებული. მისი განცხადებით, ტიციანო კამპორეზი არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია, არამედ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ცნობილ ქართველ, ევროპელ, აზიელ და ამერიკელ მეცნიერებთან ერთად, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს არჩეული წევრია. თამარ ლომინაძის თქმით: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა CERN-LHC ჯგუფი და ახალგაზრდა მკვლევრები, პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით, არაერთი წელია ეფექტურად მუშაობენ CMS ექსპერიმენტის ისეთ სუბდეტექტორებზე, როგორიცაა მიონური სპექტრომეტრის (RPC) დეტექტორები და ადრონული კალორიმეტრი (HCAL), აქტიურად არიან ჩართული სუბდეტექტორებში მიმდინარე საკვანძო ამოცანებში. გარდა ამისა, მონაწილეობენ, როგორც ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის CMSSW პლატფორმის ოპტიმიზაციასა და ანალიზში, ასევე, CMS ექსპერიმენტის GEANT4-ს გეომეტრიულ ანალიზში“.

სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ზვიად წამალაიძის განცხადებით, საჯარო ლექცია, რომელშიც მაღალი ენერგიის ფიზიკისა და CERN/CMS ექსპერიმენტის მიმართულებით, თავმოყრილია პროფესორ ტიციანო კამპორეზისა და CERN-ის მეცნიერთა მრავალწლიანი გამოცდილება თუ უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო დაკვირვებები, მრავალმხრივ საინტერესოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.

ტიციანო კამპორეზის განცხადებით, მაღალი ენერგიის ფიზიკის (HEP) მეცნიერთა მიერ შემუშავებულია სტრატეგია ახალი ფენომენის აღმოჩენისა და მისი გასაჯაროების კრიტერიუმების შესახებ.  

„თუ გადავხედავთ HEP-ის ისტორიას, დავინახავთ, როგორია შეცდომების დაშვების ალბათობა და როგორია მათი თავიდან აცილების შესაძლებლობები. სამყაროსა და მისი ქცევების გაგება მუდმივად მოითხოვს გაუმჯობესებული, გაცილებით სრულყოფილი ხელსაწყოებისა და საზომი მოწყობილობების შექმნას, რომლებსაც უდიდესი ფუნქცია ეკისრებათ კოლაიდერებზე მიმდინარე ექსპერიმენტებში. თანამედროვე კვლევებში გამოყენებული ინსტრუმენტების სირთულე, მათი ზედმიწევნით დახვეწილობა, გაზომვების უდიდესი სიზუსტე მოითხოვს უაღრესად მკაცრ და ზუსტ მიდგომებს, რათა სამეცნიერო კვლევების შედეგებმა მოლოდინი მაქსიმალურად გაამართლოს. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა, რომლებიც CERN-ის კოლაბორაციების წევრები ვართ, შევიმუშავეთ ერთგვარი სიღმისეული მიდგომა – სტრატეგია ახალი ფენომენების აღმოჩენასთან დაკავშირებით. შევეცდები, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომლებსაც ვიყენებთ „აღმოჩენის“ მანიფესტირებისთვის, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან წარსულის შეცდომები. ჩემი საჯარო ლექცია სწორედ აღნიშნულის გაზიარების მცდელობაა“, – აღნიშნა ტიციანო კამპორეზიმ.

საჯარო ლექციაზე CERN-ის მეცნიერმა სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებელებს გაუზიარა მაგალითები  HEP-ის ისტორიიდან, ესაუბრა მნიშვნელოვანი  აღმოჩენების,  მონაცემების ალბათობის, „5 სიგმის“ კრიტერიუმისა და მისი თანამედროვე გამოყენების, სისტემური შეცდომების, გარკვეული მოდელების არაადეკვატურობის, მეცნიერებაში ქვეცნობიერი „მოლოდინის“, თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთკვეთის, ჯერ კიდევ უპასუხოდ დარჩენილი გლობალური შეკითხვებისა და მომავალი სამეცნიერო გეგმების შესახებ.

საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და დიალოგები, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ინსტიტუტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები.   

 

სტუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებას აცხადებს.  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია 2024 წლის 22 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

პროფესიული განათლების მიღების მსურველებმა სავალდებულო რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე: https://vet.emis.ge/#/registration  

ქ. თბილისში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი:

პროგრამის დასახელება

დონე

ადგილების რაოდენობა

კრედიტები

სწავლის ხანგრძლივობა (თვე)

1.

სამრეწველო ავტომატიზაცია

V

9

120 (ქართულენოვანი)

      150 (არაქართულენოვანი)

20

25

2.

მექატრონიკა

V

10

120 (ქართულენოვანი)

      150 (არაქართულენოვანი)

20

25

3.

ხის მხატვრული დამუშავება

III

10

90 (ქართულენოვანი)

      105 (არაქართულენოვანი)

15

17

4.

ავტომობილის ძრავას შეკეთება

III

15

58 (ქართულენოვანი)

     73 (არაქართულენოვანი)

10

12

ქ. ტყიბულში სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი:

პროგრამის დასახელება

დონე

ადგილების რაოდენობა

კრედიტები

სწავლის ხანგრძლივობა (თვე)

1.

სამთო ტექნიკოსი

III

22

60 (ქართულენოვანი)

       75 (არაქართულენოვანი)

11

14

2.

სამთო ელექტრომექანიკოსი

III

22

60 (ქართულენოვანი)

       75 (არაქართულენოვანი)

11

14

3.

მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი

III

10

60 (ქართულენოვანი)

      75 (არაქართულენოვანი)

11

14

4.

მღებავი

III

10

59 (ქართულენოვანი)

     74 (არაქართულენოვანი)

9

12

5.

მებათქაშე

III

10

59 (ქართულენოვანი)

      74 (არაქართულენოვანი)

9

12

 

სტუ-ის დოქტორანტმა პირველადი ჯანდაცვის სფეროში ინოვაციური პროექტების მართვის ინტეგრირებული მოდელი შეიმუშავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა მირანდა ჯანხოთელმა, ასოცირებული პროფესორის ნატალია ჭანტურიას ხელმძღვანელობით, საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სფეროში ინოვაციური პროექტების მართვის მექანიზმი შეისწავლა და შეიმუშავა მმართველობითი მოდელი, რომელიც სპეციალურად შექმნილია საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სექტორში ინოვაციური პროექტების მართვის გამოწვევების გადასაჭრელად, ინოვაციური პროექტების მართვის ყოვლისმომცველი ეკოსისტემის ჩამოყალიბებისთვის და მოიცავს პროექტების მართვის პლატფორმას, მედიკამენტების მართვის აპლიკაციას და მკვლევართა რეესტრს.  

დოქტორანტ მირანდა ჯანხოთელის საკვალიფიკაციო ნაშრომი მოიცავს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სექტორში ინოვაციური პროექტების მართვის მექანიზმების სრულყოფაზე ორიენტირებულ თანმიმდევრულ კვლევით სამუშაოებს.

ასოცირებული პროფესორის, ნატალია ჭანტურიას, განცხადებით, დოქტორანტი წლების განმავლობაში იკვლევდა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს, ხოლო სადოქტორო თემის – ,,ინოვაციური პროექტების მართვის მექანიზმები საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სექტორში”ფარგლებში, შეეცადა აღნიშნული პრობლემების იდენტიფიცირებას და მეცნიერულად გაანალიზებას პროექტების მართვის მახასიათებლებისა და მექანიზმების ფუნდამენტური შესწავლის გზით.

„პირველადი ჯანდაცვის ინოვაციური პროექტების წარმატების გასაზომად, სისტემაში მომხმარებელთა, მენეჯმენტური რგოლისა და კლინიცისტ-თანამშრომელთა აზრის კვლევის, ურთიერთმოქმედ მაჩვენებელთა გამოვლენისა და სისტემატიზაციის საფუძვლებზე, ინოვაციური პროექტების მმართველობითი მოდელის შემუშავება,  აქტუალური და მნიშვნელოვანი პრაქტიკული ღირებულების მომცველია, რადგან სთავაზობს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი პირველადი სამედიცინო სერვისების მიწოდებას. კვლევის ფარგლებში,  დოქტორანტის მიერ შემუშავებულია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის ფორმულა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე, სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას და ხელმისაწვდომობის პრიორიტეტიზაციას. მოსახლეობის თანამედროვე, კეთილდღეობის ეკოსისტემის მოთხოვნებიდან გამომდინარე,  ნაშრომში ახლებურადაა გააზრებული და დადასტურებული პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ოჯახის ექიმის, როგორც ჯანდაცვის „მეკარიბჭის“ როლის ტრანსფორმაციის აუცილებლობა და „მესაჭედ“ ჩამოყალიბება“, – აცხადებს ნატალია ჭანტურია.

როგორც დოქტორანტი მირანდა ჯანხოთელი აცხადებს, ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელია სისტემაში არსებული უნიკალური გამოწვევებისა და ჩართული მხარეების მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მუდმივი გაუმჯობესებისათვის.

„ჩვენი კვლევა ინოვაციური პროექტების მართვის მექანიზმების შესახებ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სექტორში არა მხოლოდ ხელს უწყობს ამ კრიტიკული საკითხების ახლებურად გააზრებას, არამედ გთავაზობთ პრაქტიკულ შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც დადებითად აისახება პირველადი ჯანდაცვის სისტემებზე გლობალურად. პროცესების გამარტივებით და რესურსების განაწილების ოპტიმიზაციით, აგრეთვე ინტეგრირებული, ინოვაციური პროექტების მართვის ეკოსისტემის დანერგვით, ჯანდაცვის დაწესებულებებს შეუძლიათ მიაღწიონ მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ხოლო მმართველობითი სტრუქტურის ჩამოყალიბება მკვლევართა რეესტრისა და ონლაინ პლატფორმის მონაცემთა მართვასთან, კონფიდენციალურობასთან, უსაფრთხოებასთან და ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევით, ხელს შეუწყობს ინოვაციური პროექტების წარმატებით განხორციელებას და დანერგვას, რაც გააუმჯობესებს პაციენტებისთვის მიწოდებული პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხს. ჩვენს მიერ შემუშავებული მოდელის მოქნილობა კონკრეტულ საჭიროებებზე ადაპტირების საშუალებასაც იძლევა, მაგალითად, გააფართოოს პაციენტების ზრუნვაზე წვდომა მაღალმთიან და ე.წ. საზღვრისპირა რაიონებში“, – აცხადებს მირანდა ჯანხოთელი.

მირანდა ჯანხოთელის კვლევაში, ინოვაციური პროექტების მართვის სპეციფიკური მეთოდების და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების, ინოვაციური პროექტების მართვის ალგორითმის ახლებური გააზრებისა და გამოყენებით,  შემუშავებულია მმართველობითი მოდელი, რომელიც ეფუძნება ინოვაციური ტექნოლოგიების ქმედითობის შეფასების სქემას, ინოვაციური პროექტების მართვის პლატფორმას, მედიკამენტების მართვის აპლიკაციებს; ინტეგრირებულია საქართველოს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ მკვლევართა რეესტრთან და პროექტის მართვის ონლაინ პლატფორმასთან.  კვლევით დადასტურებული სიახლეებისა და მიგნებების ერთობლიობა ქმნის აღნიშნული მოდელის მეშვეობით, პროექტების წარმატებით განხორციელების საფუძველს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში.  ხოლო, მოდელის ინტეგრაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდთან იძლევა მონაცემთა ანალიტიკის საშუალებას, ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებას.

სტუ-ში პროექტ „PROMENT“-ის მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის – „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” (PROMENT) ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ლვოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), ვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ავსტრია), პერუჯის უნივერსიტეტი (იტალია), სილესიანის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (პოლონეთი), შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტი (საქართველო), ჩერნიგოვის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა), პეტრო მოჰილას სახელობის შავი ზღვის უნივერსიტეტი (უკრაინა), დნიპროს ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (უკრაინა).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის თეა მურვანიძის თქმით, პროექტი PROMENT მიზნად ისახავს სტუდენტების შესაბამისი პროფესიული კომპეტენციების, ასევე, სამოქალაქო ჩართულობის განვითარებას.

„პროექტის ფარგლებში ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს მათი გამოცდილება მენტორინგსა და ტუტორინგში, რაც ითვალისწინებს ყველა პარტნიორ უნივერსიტეტში ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრების გახსნას. ეს არის სრულიად ინოვაციური მიდგომა. პირველ ეტაპზე დაინერგება მენტორობის 12 სქემა, რომლებშიც დეტალურად იქნება გაწერილი სწავლების, მენტორობის და ტუტორობის მეთოდოლოგია. საპილოტე სქემები მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: პროფესიონალური,  მენტორინგი;  მენტორინგი და ტუტორინგი იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის; სტარტაპები მენტორინგი; მწვანე გარემო; ადგილობრივი მთავრობის სქემა; ციფრული მენტორინგი; პირველი წლის სტუდენტების მენტორინგი; გენდერული მენტორინგი (ქალები მეცნიერებაში); საერთაშორისო ტუტორინგი და მენტორინგი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მქონე სტუდენტებისათვის; ახალგაზრდა მასწავლებლის მენტორინგი; უცხოელი სტუდენტების მენტორინგი; მენტორინგი შშმ პირთათვის“, – აცხადებს თეა მურვანიძე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შეჯამებისას რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის კომენტარში აღნიშნა, რომ PROMENT ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სტუდენტებს აძლევს საშუალებას აქტიურად იყვნენ ჩართული საუნივერსიტეტო და სამოქალაქო ცხოვრებაში, აგრეთვე, დადებითად აისახება სწავლის დონის ამაღლებაზე.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის – „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” (PROMENT) მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, რექტორებს, ვიცე-რექტორებსა და მეცნიერებს. ღონისძიების მონაწილეებმა ერთურთს გაუზიარეს გამოცდილება, რომელიც პროექტის ფარგლებში მუშაობის პერიოდში დაგროვდა. თითოეული ჩვენგანი ორიენტირებულნი ვართ სტუდენტზე, მათთვის ევროპული სტანდარტის განათლების მიცემასა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობაზე. ეს არის ჩვენი, როგორც მეცნიერებისა და პედაგოგების მთავარი ამოცანა. მოხარული ვარ, რომ მიუხედავად არსებული ვითარებისა, შეხვედრაში მონაწილეობენ ჩვენი უკრაინელი კოლეგები, მშვიდობას ვუსურვებ მათ. აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაიხსნა ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი. წარმატებებს გისურვებთ“, –  განაცხადა დავით გურგენიძემ.

„ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის – „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” (PROMENT) ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სტუდენტთა წამახალისებელი პროგრამები, სტუდენტთა კარიერული და ფსიქოლოგიური კონსულტაცია, მენტორინგი, გაცვლითი პროგრამის სტუდენტთა ორგანიზაცია, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, საერთაშორისო პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და სხვა.

Support

Why are you writing to us?