სტუ-ის რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე CoARA-ს კოალიციის დამფუძნებელი, პროფესორი შტეფან ბერგმანსი მოხსენებით წარდგა

„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის რიგგარეშე შეკრება CoARA-ს კოალიციის დამფუძნებლის, პროფესორ შტეფან ბერგმანსის ვიზიტს უკავშირდება. დღეს ჩვენ საშუალება გვექნება მივიღოთ დეტალური ინფორმაცია მნიშვნელოვანი კვლევების დაგეგმვის, შეფასებისა და განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე“, — ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა,  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა.

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძისა და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმათლებლო დაწესებულების რექტორებისა და ვიცე-რექტორების წინაშე CoARA-ს კოალიციის დამფუძნებელი, პროფესორი შტეფან ბერგმანსი მოხსენებით – „EUA Research & Innovation Agenda 2027, seizing the moment, driving the change“ (ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კვლევებისა და ინოვაციების 2027 წლის დღის წესრიგი, მომენტის გაცნობიერება, ცვლილებათა სტიმულირება), წარდგა.

CoARA-ს კოალიციის დამფუძნებელმა, პროფესორმა შტეფან ბერგმანსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედ კონფერენციას და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკითხით დაინტერესებისა და მასპინძლობისთვის. როგორც მან თავის მოხსენებაში აღნიშნა, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია (EUA) წევრ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ერთიან ევროპულ პროექტებში და დაინტერესებულ მხარეებს საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილება გაუზიარონ.

პროფესორ შტეფან ბერგმანსის თქმით, საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტებს საშუალება მიეცემათ საინტერესო, საჭირო და მაღალკვალიფიციური კვლევები წარადგინონ და მიიღონ შესაბამისი მხარდაჭერა. მითუმეტეს, რომ ასოციაცია თანამშრომლობს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან და წევრ ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის უმაღლესი განათლების სამომავლო პოლიტიკისა და ინიციატივების ფორმირებაში. მოხსენების დასასრულს, პროფესორმა შტეფან ბერგმანსმა დასმულ კითხვებს გასცა პასუხი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის  თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, CoARA, რომლის დამფუძნებელი პროფესორი შტეფან ბერგმანსია, კვლევების დამფინანსებელი ორგანიზაციებისა და შეფასების ეროვნული ორგანიზაციების სააგენტოების გლობალური კოალიციაა.

“საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მუშაობაში პროფესორ შტეფან ბერგმანსის მონაწილეობა არა მხოლოდ დიდი პატივია, არამედ საჭირო და დროულიც, რამეთუ ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს მიეცემათ შესაძლებლობა კვლევები და ინოვაციები კოალიცია CoARA-ში წარადგინონ და ქმედითი მხარდაჭერა დამსახურებულად მოიპოვონ. ქართული მეცნიერების განვითარებისთვის ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. თავის მხრივ, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლების მეცნიერ-მკვლევრებისა და აკადემიური კორპუსისთვის უცხოელ კოლეგებთან კოლაბორაცია სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება იმდენად, რამდენადაც ქართველი მეცნიერებისგან, რომლებსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიო დონის მკვლევრები, უცხოელი მეცნიერები ნაშრომებისა და უახლესი კვლევების, ასევე, ინოვაციური იდეების შესახებ იღებენ ინფორმაციას. წარმატებები მინდა ვუსურვო კოლეგებს და მადლობა გადავუხადო კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, მადლობას ვუხდი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად გიორგი ამილახვარს ურთიერთთანამშრომლობისა და უნივერსიტეტებისთვის მხარდაჭერისთვის“, — განაცხადა დავით გურგენიძემ.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციას 47 ქვეყანაში 850-მდე წევრი ჰყავს. ორგანიზაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და უზრუნველყოფს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლას ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების კუთხით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს. 

სტუ-ში ფორუმი – „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისათვის“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) თანაორგანიზებით, სიმპოზიუმი – „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისათვის“ გაიხსნა.

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს,  საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, მათ შორის, კონფლიქტური რეგიონებიდან —  უკრაინის ლვოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სერგეი ბერეჟკო, ისრაელის ტექნიონის უნივერსიტეტის პროფესორი იუვალ გარინი, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი ეუჟენიუ ვიზირი, გაეროს უნივერსიტეტის შედარებითი რეგიონული ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტის (UNU-CRIS) წარმომადგენელი ერიკ პიაჟე, ასევე, ქართული სამეცნიერო დიასპორის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

სიმპოზიუმი გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. რექტორის განცხადებით, სამეცნიერო დიპლომატია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ქართველ მეცნიერთა, მძლავრ სამეცნიერო ცენტრებსა და ორგანიზაციებში მომუშავე მკვლევართა ფუნდამენტურ კონცეფციებსა და ერთობლივ კვლევებს ემყარება, მძლავრი ბერკეტია მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარებისთვის.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს მნიშვნელოვან სიმპოზიუმს – „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისათვის“, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ორგანიზებით ტარდება და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან. მივესალმებით განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს, თეიმურაზ დოჭვირს, AUF-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონის უფროსს, მუჰამედ კეტატას, ფორუმის მონაწილე ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს – ყველას, ვინც თავისი დაუღალავი ინტელექტუალური შრომით, მეცნიერებისა და განათლების ინტერნაციონალიზაციით, სამეცნიერო კოლაბორაციებით აძლიერებს სამეცნიერო დიპლომატიას.

სამეცნიერო ურთიერთობები და ქვეყნებს შორის კვლევითი კოლაბორაციები მძლავრად ავითარებს სამეცნიერო დიპლომატიას, რაშიც, დაგვეთანხმებით, დიდია უნივერსიტეტების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მის მკვლევართა წვლილი. საქართველოს მთავრობის –  პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პირადად, მინისტრ გიორგი ამილახვრის უდიდესი მხარდაჭერით, საერთაშორისო კოლაბორაციებში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი მეცნიერები, ქართული სამეცნიერო ცენტრები. ეს კი განაპირობებს ქართული სამეცნიერო-აკადემიური სფეროს საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას, ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოება-გაღრმავებას, ფუნდამენტურ კონცეფციებში, ერთობლივ საერთაშორისო კვლევებსა და სამეცნიერო ექსპერიმენტებში ჩართულობას, ხელს უწყობს მეცნიერთა ახალგაზრდა თაობების აღზრდას და გლობალური გამოწვევების ერთობლივად დაძლევისკენ სწრაფვას. სწორედ ყველა ეს პროცესი აყალიბებს სამეცნიერო დიპლომატიას და მსოფლიო მასშტაბით, მძლავრ ბერკეტებს უქმნის მას მშვიდობისა და განვითარებისთვის.

„მეცნიერების გასარწმუნოება და სარწმუნოების გამეცნიერება“- წმინდა გაბრიელ ქიქოძის ხსოვნისადმი მიძღვნილი დიდი ილიას ეს სიტყვები არის მისი უმთავრესი ანდერძი და გზავნილი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე დანარჩენი კაცობრიობისთვისაც. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ სიტყვების ჭეშმარიტი არსია სამეცნიერო დიპლომატიის საფუძველთა საფუძველი.

მინდა ჩვენმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპული მსოფლმხედველობის ქვეყანა და ჩვენს მომავალსა და ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში მოვიაზრებთ. ჩვენი ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე მრავალი ქარტეხილი გამოიარა, 2012 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, უდიდეს წარმატებებს აღწევს – ერთ-ერთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. საქართველო მრავალი პარამეტრით, განსაკუთრებით დემოკრატიის და ეკონომიკის განვითარების მხრივ, წარმატებული და ძლიერი სახელმწიფოა არა მხოლოდ რეგიონში, შესაძლებელია ითქვას, მსოფლიოშიც. ამ პროცესებში დიდია უნივერსიტეტების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილი. საუნივერსიტეტო დიპლომატია კი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერ-მკვლევრები და სტუდენტთა მრავალათასიანი არმია ერთობლივად ვქმნით, საერთაშორისო სამეცნიერო დიპლომატიის განუყოფელი ნაწილია.  

სიმპოზიუმის თემა და მომხსენებელთა გამოსვლები სრულად ეხმიანება დღევანდელობას, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე, მსოფლიოში. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ფორუმის დროულად გამართვისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს, მეცნიერებს, რომლებიც მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარებისთვის იღვწიან“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში.

ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) სამხრეთ კავკასიის რეგიონის უფროსი მუჰამედ კეტატა.

როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, სიმპოზიუმის მიზანია, გააერთიანოს მეცნიერება, დიპლომატია, პოლიტიკა და აკადემიური სფეროები და ხელი შეუწყოს სამეცნიერო დიპლომატიის ერთიანი ქსელის შექმნას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. მათი განცხადებით, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა გააძლიერებს სამეცნიერო დიპლომატიის როლს და გავლენას იქონიებს დიპლომატიაზე, პოლიტიკის შემუშავებასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სიმპოზიუმი – „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ორ სესიად მიმდინარეობს: მეცნიერება დიპლომატიისთვის; დიპლომატია მეცნიერებისთვის და დიასპორის როლი სამეცნიერო დიპლომატიისთვის.

სტუ-ის დოქტორანტი საქართველოში ცათამბჯენების მშენებლობის შესაძლებლობებს იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის — მშენებლობის დოქტორანტი სოფიო გელაშვილი, პროფესორ ირაკლი ქვარაიას ხელმძღვანელობით, ცათამბჯენების მშენებლობის ტექნოლოგიის განვითარების ტენდენციებს იკვლევს.

სოფიო გელაშვილის სადისერტაციო თემის მიზანია ცათამბჯენების მშენებლობის ტექნოლოგიების შესწავლა და სამშენებლო სამუშაოთა წარმოების ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს შენობის სიმყარეს. ასევე, თემა მოიცავს კვლევას, არის თუ არა საქართველოში ცათამბჯენების მშენებლობის შესაძლებლობა.

სოფიო გელაშვილის თქმით, კვლევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის სწორი შეფასება და მისი გამოყენება, ხოლო, ნაშრომში გამოქვეყნებული ახალი ტექნოლოგია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მშენებლობის პროცესის ყველაზე ხელსაყრელი კონსტრუქციული და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შერჩევაში.

„თემა მოიცავს მაღლივი შენობების მშენებლობის განვითარების ეტაპებს, ასევე მოიცავს 1 კმ-ზე მაღალი შენობების შესამსუბუქებლად, მეცნიერებისა და ინჟინრების მიერ შემუშავებული მაღალდაძაბულ არმატურიანი რკინაბეტონის შექმნას. ასეთი ფოლადი დამდნარი ლითონის წნევის ქვეშ გაფრქვევით მიიღება და ბევრად მეტი სიმტკიცე გააჩნია. თემა მომავალ მშენებლებს ხელს შეუწყობს უკეთ დაეუფლონ მაღლივი შენობებისა და ცათამბრჯენების აგების ტექნოლოგიას, მაღლივი შენობების განვითარების ეტაპს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თემა მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენს ქვეყანაშიც არის და ვითარდება მაღლივი შენობების ტენდეციები, ხოლო მის ასაშენებლად აუცილებელია აგების ტექნოლოგიების დახვეწა და მზიდი კონსტრუქციების შემსუბუქება“, – აცხადებს დოქტორანტი.

სტუ-ში აბიტურიენტებთან შეხვედრები გრძელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პროფესორ-მასწავლებლები თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ იმ მიზნით, რომ მათ ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ და სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტულად აღიარებული პროგრამის დასრულების შემდგომ არსებულ პერსპექტივებზე ესაუბრონ.

დეპარტამენტმა, ამჯერად, თბილისის საჯარო სკოლა „ლომისის“ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა.

როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა ქურდაძემ აღნიშნა, შეხვედრების მიზანი დარგის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობების აქტუალური პროფესიით – ციფრული ტელეკომუნიკაციის ინჟინერიით დაინტერესებაა.

„ღია კარის ფორმატში რეგულარულად ვატარებთ ღონისძიებებს, ვხვდებით როგორც თბილისის საჯარო სკოლების, ასევე, საქართველოს რეგიონების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს, ვაწვდით ამომწურავ ინფორმაციას ამ პრიორიტეტულ პროგრამაზე, სადაც სწავლას სახელმწიფო აფინანსებს. სამიზნე ჯგუფებს ასევე ვაცნობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიას, ვმართავთ პრეზენტაციებს, ვუზიარებთ ინფორმაციას, ზოგადად, ჩვენი უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის შესაძლებლობების შესახებ, ვაცნობთ სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას, სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკასა და მუზეუმებს, მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას, რაც მთავარია, ვესაუბრებით კარიერული განვითარების შესაძლებლობებსა და იმ ბენეფიტებზე, რასაც ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ახალგაზრდა პროფესიონალი კადრები მიიღებენ. თებერვლიდან მოყოლებული, არაერთი ინტერაქციული შეხვედრა ჩავატარეთ იმერეთის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, ასევე დედაქალაქის სკოლებში. გარდა ამისა, უნივერსიტეტში ხშირად გვსტუმრობენ დაინტერესებული ახალგაზრდები თბილისისა და ახლომდებარე ქალაქების საჯარო სკოლებიდან. ამჯერად, ჩვენი სტუმრები თბილისის საჯარო სკოლა „ლომისის“ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები არიან. უახლოეს დღეებში კი, უნივერსიტეტში თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ველით. ამ ტიპის შეხვედრები 15 ივლისამდე გაგრძელდება. სასიხარულოა, რომ ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოპულარიზაციის პროცესში ჩვენი სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულნი და თავის მხრივ, ისინიც აწყობენ გასვლით ღონისძიებებს საჯარო სკოლებში. ამას გარდა, დიდი მხარდაჭერა გვაქვს კურსდამთავრებულთა მხრიდან, რომლებიც ცნობილ მსხვილ კომპანიებსა და ორგანიზაციებში არიან დასაქმებული. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაინტერესოთ ახალგაზრდა თაობები ციფრული ტელეკომუნიკაციის ინჟინერიით, რაც დღესდღეობით ძალიან პერსპექტიული პროფესიაა, უკლებლივ ყველა დარგისთვის საჭირო – სამშენებლო საქმითა და ენერგეტიკით დაწყებული, ბიოსამედიცინო ინჟინერიითა და  საბანკო საქმით დამთავრებული“, – განაცხადა მარინა ქურდაძემ.

პროფესორმა მარინა ქურდაძემ და საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ აბულაძემ სკოლა „ლომისის“ მოსწავლეებს ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ინფორმაცია ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარუდგინეს. როგორც მათ მოზარდებს განუმარტეს, სტუ-ის დეპარტამენტი ქვეყნის საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო სფეროში მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა: მასობრივი მომსახურების სისტემები, ციფრული კავშირის, ინფორმაციისა და მდგრადი კოდირების თეორიები, მოდულაცია, ბოჭკოვან-ოპტიკური, კოდირების და ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და ქსელების კომპიუტერული ინჟინერინგი.

სტუ-ის პროფესორები, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცნობილი თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები – სერგო შავგულიძე, ომარ შამანაძე, ვახტანგ აბულაძე და ია ცქვიტინიძე, რომელთა კვლევები აშშ-ის და ევროპის სამეცნიერო გამოცემებში ქვეყნდება, მოსწავლეებს ციფრული სატელეკომუნიკაციო დარგის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ ესაუბრნენ, ასევე, გააცნეს საქართველოში კავშირგაბმულობის დარგის განვითარების ისტორია, რასაც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტის დაარსებით ჩაეყარა საფუძველი.

„ჩვენი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს გასაგები ენით ავუხსნათ, რას მოიცავს ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგი, რამდენად მნიშვნელოვანია მზარდი ტექნოლოგიური პროგრესის ხანაში ციფრული სატელეკომუნიკაციო ინჟინერია და რამდენად ფასობენ ამ დარგის პროფესიონალები. მოზარდები აქედანვე უნდა იყვნენ ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ შრომის ბაზარზე ჩვენი დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი უაღრესად მოთხოვნადია და ის აუცილებლად მოიძიებს მაღალანაზღაურებად სამსახურს. ახალგაზრდებს ხშირად უნდა ვესაუბროთ, თუ რა პერსპექტივები აქვს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო სივრცეში ამ დარგს. ვფიქრობთ, ციფრული საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო მიმართულებები, სირთულის მიუხედავად, ძალიან საინტერესო უნდა იყოს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც  STEM მიმართულებებით არიან დაინტერესებული“, – აღნიშნა  სერგო შავგულიძემ.

 

საპრეზენტაციო ნაწილის დასრულების შემდეგ, თბილისის საჯარო სკოლა „ლომისის“ მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების თანხლებით, აუდიტორიები, დეპარტამენტის მუზეუმი და სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები დაათვალიერეს.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა №01-06-02/05

დღის წესრიგი

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის ანგარიშის დამტკიცების შესახებ – მომხსენებელი აკადემიური საბჭოს სწავლული მდივანი პროფესორი იაშა კუტუბიძე;

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საათობრივი ანაზღაურების ოდენობის  განსაზღვრის შესახებ – მომხსენებელი ვიცე რექტორი ასოც. პროფესორი თამარ წერეთელი;

3. „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე“ ჩარიცხულ პირთათვის სწავლის საფასურის განსაზღვრის შესახებ –  მომხსენებელი ვიცე რექტორი ასოც. პროფესორი თამარ წერეთელი;

4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გადაცემის  შესახებ  – მომხსენებელი  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი;

5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ -მომხსენებელი  სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ბექა მაისურაძე;

6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ – მომხსენებელი  სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ბექა მაისურაძე;

7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დებულებაში შესატანი ცვლილების შესახებ – მომხსენებელი  სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ბექა მაისურაძე;

8. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერინგის ფაკულტეტის დებულებაში შესატანი ცვლილების შესახებ – მომხსენებელი  სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ბექა მაისურაძე;

9. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს – „გიორგი ნიკოლაძის მედლის“ ნიმუშისა და დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ – მომხსენებელი  სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ბექა მაისურაძე;

10. მიმდინარე საკითხები.

წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა №01-06-02/05 ჩატარდება

2024 წლის 17 აპრილს 15:00 საათზე

ადმინისტრაციული კორპუსი, გიორგი ნიკოლაძის დარბაზი

სტუდენტური კონკურსი – „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, გაეროს განვითარების პროგრამა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი სტუდეტებისთვის კონკურსს – „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“, აცხადებენ.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ცნობიერების ამაღლება, ოზონის შრის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ზოგადად, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის; თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ოზონის შრის დაცვას და იმ ახალ გამოწვევებზე, რომლებიც დღის წესრიგში დადგა კლიმატის ცვლილების ფონზე. ასევე სამაცივრო, ჰაერის კონდიცირების და თბური ტუმბოების კვალიფიცირებული სპეციალისტების ნაკლებობაზე საქართველოში.

კონკურსის თემები

  • თანამედროვე ტექნოლოგიები სამაცივრო, თბური ტუმბოების და ჰაერის კონდიცირების სისტემებში;

  • ენერგოეფექტური გათბობის და გაგრილების სისტემები;

  • პასუხი გამოწვევაზე – ოზონის შრის დაცვა და კლიმატს ცვლილება.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

2024 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, უნდა იყოს საქართველოში ავტორიზებული სასწავლებლების პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი;

წარმომდგენი პირი თავად უნდა იყოს ნაშრომის ავტორი. თანაავტორი არ უნდა იყოს 2-ზე მეტი არასტუდენტი პირი;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირებული უნდა იყოს შემდეგ ბმულზე.

ნაშრომების წარდგენა

  • ნაშრომის გვერდების რაოდენობა უნდა იყოს არაუმეტეს – 30 გვერდისა (ნახაზების და დანართების გარეშე)

  • ფონტი: Sylfaen; ზომა: 11

  • ნაშრომის ფორმატი: Word და/ან pdf

შეფასების კრიტერიუმები

  • გამოწვევა და მისი სიღრმისეული ანალიზი

  • ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული სათბურის აირების ემისიების შემცირების საკითხის გადაწყვეტა საქართველოში

  • ინოვაციურობა

  • გენდერული საკითხების ინტეგრირება

  • სტილისტური გამართულობა

საკონკურსო კომისია

საკონკურსო კომისია დაკომპლექტებული იქნება გაეროს განვითარების პროგრამის (2), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (2), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (2) და ა(ა)იპ საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის (2) წარმომადგენლებით.

საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული იქნება სამი საუკეთესო ნაშრომი. ნაშრომის ავტორები დაჯილდოვდებიან ტექნიკის მაღაზიის ფასიანი ვაუჩერით:  I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი 1300; III ადგილი – 1000 ლარი.

დაჯილდოების ღონისძიება

გამარჯვებული ნაშრომების ავტორებისთვის ჯილდოების გადაცემა მოხდება სტუდენტურ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (მისამართი: მერაბ კოსტავას ქ. # 68, თბილისი).

ღონისძიებაზე მოწვეული იქნება ყველა ის სტუდენტი, რომელიც წარმოადგენს საკონკურსო მასალებს.

საკონკურსო ნაშრომების წარდგენის ვადები და პირობები

ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელი იქნება, 2024 წლის 1 ივნისიდან 10 სექტემბრამდე, ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: Ugrekhelidzeirine05@gtu.ge და lali.tevzadze@undp.org

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

  • ირინა უგრეხელიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 551 970301, Ugrekhelidzeirine05@gtu.ge

  • ლალითევზაძე, პროექტის მენეჯერი, გაეროს განვითარების პროგრამა, 557 736919, lali.tevzadze@undp.org

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მსოფლიო და კავკასია“ გაიმართება

2024 წლის 31 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (თბილისი, საქართველო) XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მსოფლიო და კავკასია“ გაიმართება.

კონფერენციის ორგანიზატორია სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიასთან პარტნიორობით.

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები:

I სექცია – საერთაშორისო ურთიერთობები. საერთაშორისო ორგანიზაციები.

II სექცია – თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა. გლობალიზაცია. მიგრაცია.

III სექცია – საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები. ტერორიზმი.

IV სექცია – დიპლომატია. ეკონომიკა. სამართალი.

V სექცია – ადამიანის უფლებები: გენდერი, უმცირესობები და ა.შ.

VI სექცია – ჰუმანიტარული მეცნიერებები (ისტორია, არქეოლოგია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია და ა.შ.)

VII სექცია – რელიგია. კულტურა. განათლება. გენდერი, პიარი, თანამედროვე ტექნოლოგიები.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

რეგლამენტი: მოხსენება – 15 წუთი; მსჯელობა – 5 წუთი.

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მონაწილეობა შესაძლებელია ონლაინ ჩართვით, ასევე,  კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია დაუსწრებლად.

განაცხადის ფორმისა და თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 5 მაისი, ელ.ფოსტის მისამართზე: world.caucasus@mail.ru

საკონფერენციო მოხსენებებს საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს.

იხილეთ საკონფერენციო მოხსენების გაფორმების წესი.

კონფერენციაში მონაწილეობაზე დადებითი პასუხი აპლიკანტებს ელექტრონული ფოსტით ეცნობებათ.

მსურველმა უნდა გადაიხადოს მონაწილეობის საფასური და წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი პირადად, ან გამოგზავნოს ქვითრის სკანირებული ვერსია ელ.ფოსტის მისამართზე.

იხილეთ კონფერენციაში მონაწილეობის პირობები

კონფერენციის პროგრამა და სერთიფიკატები დარიგდება კონფერენციის მსვლელობისას.

დაუსწრებლად მონაწილეობის შემთხვევაში, სერტიფიკატის სკანირებული ვერსია მონაწილეს გაეგზავნება ელ.ფოსტის მისამართზე, პირადი მიმართვის საფუძველზე.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: +995 595 29 89 07; +995 595 20 23 33

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

განცხადება ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საბჭოს 2024 წლის 15 აპრილის სხდომაზე (სხდომის ოქმი № 4) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე,

1. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2024 წლის 11 ივნისს.

2. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;

ბ) გააჩნია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 5 წლის გამოცდილება.

4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ  2024 წლის 21 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში ქალაქი თბილისი, კოსტავას 77, სტუ-ს მე-6 კორპუსი მე-3 სართული, ოთახი №303ა,   განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;

გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას;

დ) სამოქმედო გეგმა.

6. კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2024 წლის 10 ივნისს.  

7. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2024 წლის 17  მაისის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. #77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული).

პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

8. არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.

 

 

სტუ-ში პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგი — „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება“ — ჩატარდა.

ტრენინგი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტების მონაწილეობით, სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრის ჩართულობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსის ზაზა ბუაჩიძის თქმით, ტრენინგები მიზნად ისახავს ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით პროფესიული განათლების მასწავლებლების როლისა და საქმიანობის გამოკვეთას.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 27 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, რომელიც მთლიანად სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ პროგრამა ძალიან მოთხოვნადია და შესაბამისად, კონკურსიც დიდია. უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმინილი იმისათვის, რომ სტუდენტი სიღრმისეულად დაეუფლოს პროფესიას. აქ მაღალკვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან. ტრენინგი, რომლის ორგანიზებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრის უფროსს, ასოცირებულ პროფესორ ეკა ნარეშელაშვილს, ძალიან საინტერესო და რაც მთავარია შედეგზე ორიენტირებულია, იმდენად, რამდენადაც მისი მიზანი პროფესიული განათლების მასწავლებლების მხარდაჭერა, სწავლების დაგეგმვის და განხორციელების პროცესის მართვა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაა”, — აცხადებს ზაზა ბუაჩიძე.

ტრენინგის — „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება“ — მონაწილეები დეტალურად გაეცნენ პროფესიული ავტორიზაციის სტანდარტებს. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 27 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, მათ შორის: 

  • ჰაერის კონდიცირება;

  • სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა; 

  • საოფისე საქმე; 

  • ღონისძიების ორგანიზება; 

  • ავტომობილის ელექტრული სისტემის შეკეთება; 

  • ავტომობილის ძრავის შეკეთება; 

  • სამკერვალო წარმოება;

  • ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება; 

  • საბაჟო საქმე; 

  • გრაფიკული დიზაინის შესრულება; 

  • ხის მხატვრული დამუშავება; 

  • სარკინიგზო გადაზიდვები; 

  • ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები; 

  • მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი;

  • მექატრონიკა; სამრეწველო ავტომატიზაცია;

  • მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი;

  • სამთო ტექნიკოსი;

  • სამთო ელექტრომექანიკოსი;

  • მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი;

  • მღებავი;

  • მებათქაშე;

  • ინფორმაციული ტექნოლოგიის მხარდაჭერა;

  • მევენახეობა;

  • მეფუტკრეობა;

  • ბუღალტრული აღრიცხვა. 

სტუ-ის სტუდენტებმა, არქეოლოგიური ექსპედიციისას, რომის იმპერიის დამაარსებლის მონეტა აღმოაჩინეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, ცნობილი არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ხელმძღვანელობით, ქვემოჭალის (ქართლი) მიმდებარე ტერიტორიაზე, არქეოლოგიური არტეფაქტების გადარჩენის სამუშაოები აწარმოვეს და  მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენის უშუალო თანამონაწილეები გახდნენ. 

ქვემოჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელშიც სტუ-ის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მკვლევრები და არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ, მიაკვლია გვიანელინისტური და შუასაუკუნეების ხანის სამაროვანსა და ნამოსახლარებს. მათ შორის საყურადღებოა სამაროვნის რიგით N3 სამარხი, რომელშიც ორი მიცვალებული იყო დაკრძალული.  ექსპედიციის მონაწილეებმა პირველი მიცვალებულის თავის ქალასთან  ახ.წ. I-II საუკუნით დათარიღებულ ოქროს ორ  საყურეს და  რომის იმპერიის დამაარსებლისა და მისი პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დროინდელ მონეტას მიაკვლიეს.

არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდნენ მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორები მერაბ ძნელაძე და ვაჟა სადრაძე.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილის განცხადებით, არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა აღმოჩენილი სამარხი შეისწავლეს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია მომავალი არქეოლოგების პროფესიული დახელოვნების კუთხით. დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ექსპედიციისთვის სტუდენტები სათანადოდ მომზადებულები და კარგად ეკიპირებული იყვნენ.

„ქვემოჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე  არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების რამდენიმე წელია ეპიზოდურად მიმდინარეობს. ექსპედიციის მიზანი სტრატიგრაფიული მონაცემების დაზუსტება იყო. გათხრითი სამუშაოების ჩატარებისას კი ექსპედიციამ მიაკვლია გვიანელინისტური და შუასაუკუნეების ხანის სამაროვანსა და ნამოსახლარებს. სამარხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეისწავლეს, მიიღეს უშუალო მონაწილეობა, როგორც დაზვერვით სამუშაოებსა და სტაციონარულ გათხრებში, ასევე, ძეგლის აღმოჩენილი მონაკვეთის აგეგმვაში, ქვაყრილის ზედაპირის გაწმენდასა და სამარხების პრეპარაციაში.

 „არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ცნობილი არქეოლოგი მერაბ ძნელაძე და მკვლევარი, პროფესორი ვაჟა სადრაძე. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა მათი ხელმძღვანელობით გაიარეს საველე კვლევა-ძიების მეთოდიკის კურსი და გახდნენ კიდეც არქეოლოგიური აღმოჩენის თანამონაწილეები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია სათანადოდ იყო მომზადებული, მონაწილეები უზრუნველყოფილი იყვნენ ეკიპირებით: კარვებით, საძილე ტომრებით, კარვის ნათურებით, სამუშაო და საპრეპარაციო იარაღებით, სტაციონარული კარვით, კვებითა და ტრანსპორტით. დარწმუნებული ვართ, სტუდენტებისთვის დაუვიწყარი იქნება ექსპედიცია, რომელიც მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენას უკავშირდება. გარდა ამისა, საველე სამუშაოებით მათ თეორიული ცოდნაც გაიღრმავეს და პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც შეიძინეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უშუალო მხარდაჭერით, არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა  არაერთ საინტერესო არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებთ“, – განაცხადა ივანე ჯაგოდნიშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, ქვემოჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე  ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის აღმოჩენის შედეგები სტუ-ის არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ჟურნალში „ალმანახი“ გამოქვეყნდება, სამარხებში აღმოჩენილი არქეტიპების გამოფენა კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის სამუზეუმო ფონდებში მოეწყობა.

Support

Why are you writing to us?