სტუ- ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებული კონკურსის შედეგი 1 აპრილს გამოცხადდება

სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებული კონკურსის შედეგი 1 აპრილს, 12:00 საათზე გახდება ცნობილი. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მე-3 სართულის ფოიეში გაიმართება.

რექტორის ბრძანებით, შექმნილმა საკონკურსო ჟიურიმ, 25 მარტს სამი თანაბარი შეფასების მქონე პროექტი გამოავლინა და პროექტის ავტორებს დამატებითი  რეკომენდაციები მისცა. 

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული მხოლოდ ერთი სტუდენტი გახდება, რომელსაც ჯილდოს სახით, 2000 (ორი ათასი) ლარი გადაეცემა. იმავე დღეს, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მე-3 სართულის ფოიეში საკონკურსო პროექტები გამოიფინება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით, კონკურსი 2 მარტს გამოაცხადა.

კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. საკონკურსო პირობები უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ბრძანების შესაბამისად განისაზღვრა. სტუდენტებს საკონკურსო მასალები 2024 წლის 20 მარტის ჩათვლით, 18.00 საათამდე უნდა წარმოედგინათ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საკონკურსო წინადადება მსუბუქი მასალისგან დამზადებულ A2 ვერტიკალურ პლანშეტზე ნაბეჭდი პროექტის სახით, უნდა წარმოედგინათ. ასევე, ელექტრონულ ვერსიაში (CD/DVD). საკონკურსო წინადადებას აუცილებლად უნდა ახლდეს ამობეჭდილი განმარტებითი ბარათი (A4 ზომის ფორმატი, N 12 შრიფტი), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს და მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ესკიზის კონცეფცია, ასევე, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა, მასალაში შესრულების შემთხვევაში.

 

ცნობისათვის:  სტუ-ის რექტორის თავდაპირველი ბრძანების თანახმად, რომელიც 2024 წლის 1 მარტით თარიღდება, საკონკურსო ჟიურის  კონკურსის შედეგები 22 მარტს უნდა გამოეცხადებინა. თუმცა, სტუ-ის რექტორის თავდაპირველ ბრძანებაში  შეტანილი ცვლილების  შედეგად,  კონკურსის შედეგების გამოცხადების თარიღად 1 აპრილი დასახელდა.

შესაბამისად, სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით კონკურსის შედეგი 1 აპრილს გამოცხადდება.

 

საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსში“ მომავალი არქიტექტორების გამოფენა — „კომპოზიცია სივრცეში“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა „კომპოზიცია სივრცეში“.

ექსპოზიციას, რომელშიც 130 სტუდენტის მიერ შექმნილი სივრცული კომპოზიციები გაერთიანდა, საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსმა“ უმასპინძლა. გამოფენა არქიტექტურული კომპოზიციის სასწავლო კურსის ფარგლებში მოეწყო. ღონისძიების გახსნაში ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, აბიტურიენტები და სხვა მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ აღნიშნა, ექსპოზიციისთვის საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრები, რომლებიც პირველ სასწავლო სემესტრში შეძენილი ცოდნის საფუძველზე შეიქმნა, პედაგოგებმა და სტუდენტებმა, შიდასაფაკულტეტო კონკურსის საფუძველზე, 180 პირველკურსელი ბაკალავრის ნამუშევრებს შორის ერთობლივად შეარჩიეს.

„სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტები, მომავალი არქიტექტორები, იჩენენ კრეატიულობას, ქმნიან სივცულ კომპოზიციებსა და მოდელებს, რაშიც, ხშირად, მეორად მასალებსაც იყენებენ. „კომპოზიცია სივრცეში“ – ეს ჩვენი გამოფენის კონცეფციაა. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პირველი კურსის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად აწყობს მსგავს გამოფენებს. მნიშვნელოვანია, რომ ამის მოტივაციას შემოქმედებითად მოაზროვნე ახალგაზრდები თვითონ გვაძლევენ. გარდა ამისა, პირველკურსელთა სწავლების მეთოდიკაში სიახლე გვაქვს იმ თვალსაზრისითაც, რომ სტუდენტებმა სივრცული კომპოზიციების ციფრული ვერსიების შექმნაზეც იმუშავეს და წარმოადგინეს გამოფენაზე. რას ემსახურება უნივერსიტეტის მხრიდან მსგავსი ღონისძიებები!? – უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მიზანია, სტუდენტებს მაქსიმალურად გავუღვივოთ შემოქმედებითი აზროვნება, შევუქმნათ მყარი საფუძველი არქიტექტურული პროექტირებისთვის, რათა სამომავლოდ, ახალგაზრდებმა შემოქმედებითი სიახლეებით დატვირთული ობიექტების შექმნა შეძლონ. გამოფენაზე სპეციალურად მოვიწვიეთ აბიტურიენტები. მათაც უნდა ნახონ, თუ რას ისწავლიან, როგორი იქნება მათი პირველი ნაბიჯები, არქიტექტურულ შემოქმედებაში შემდგომი სვლა. საწყისი კი კომპოზიციების შექმნაა – თავდაპირველად, ორგანზომილებიან, შემდეგ კი – სამგანზომილებიან სივრცეში“, – განაცხადა ნინო იმნაძემ.

სასურველი შემოქმედებითი შედეგის მიღწევისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის დეკანმა მადლობა გადაუხადა გამოფენის მონაწილე სტუდენტებსა და  არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლებში მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს – პროფესორებს: სასწავლო დარგში დეკანის მოადგილეს, თამარ ჭანტურიას, არქიტექტურის საფუძვლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მარინა მაისურაძეს, ვანდა მუჯირს და ნინო ჩაჩავას.

გამოფენის მონაწილის, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტის, გიორგი ოთიაშვილის თქმით, სივრცითი კომპოზიციების შესრულებით, ახალგაზრდებმა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს არქიტექტურულ აზროვნებაში. „ვფიქრობთ, საინტერესო ნამუშევრები წარმოვადგინეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის, რადგან სწორედ ეს გვეხმარება, განვავითაროთ არქიტექტურული ხედვა, შევძლოთ წარმოსახვის ვიზუალიზაცია, სივრცითი კომპოზიიის აგება, შევიგრძნოთ მასალა და კიდევ ბევრი რამ, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებასი დაგვეხმარება. მადლობას ვუხდით ჩვენს პედაგოგეგბს, რომლებმაც, სტუდენტებთან ერთად, დიდი შრომა ჩადეს მიზნის მისაღწევად“.

სტუდენტ ნინო ჩაგელიშვილის აზრით, გამოფენა მომავალი არქიტექტორებისთვის პირველი უდიდესი მოტივატორია შემოქმედებით გზაზე: „ექსპოზიციის ყველა მონაწილეს, და მეც მათ შორის, ამაღლებული განწყობა გვაქვს, რადგან ამ საგამოფენო სივრცეში ვხედავ არა მარტო ჩემს, არამედ, ჩემი ჯგუფელებისა და თანაკურსელების ნამუშევრებს. ჩვენ ერთად გავიარეთ ეს რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო გზა  პირველ ჯგუფურ გამოფენამდე. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩვენი კურსის პირველი წარმატებაა, რაც ნიშნავს, რომ უკვე გვაქვს სივრცითი აღქმის უნარი და ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის“.

ღონისძიების ორგანიზატორებმა – სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გამოფენის მონაწილე პირველკურსელებს სეტიფიკატები გადასცეს. მათი განმარტებით, გამოფენაზე – „კომპოზიცია სივრცეში“ – წარმოდგენილი ნამუშევრები პირველი კურსის სტუდენტებისთვის სწავლების პროცესში გავლილი პირველი ეტაპია.

„არქიტექტურული კომპოზიცის სასწავლო კურსის ფარგლებში, რამდენიმე წელია ვაწყობთ გამოფენებს.  სტუდენტებს შევთავაზეთ გეომეტრიული ფიგურებისგან აბსტრაგირებული ფორმები და მოცულობითი სივრცითი კომპოზიციები შეექმნათ. შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია, სტუდენტების ინტერესი კი – ყოველწლიურად მზარდი. სწავლების პროცესში შემდეგი მასშტაბური დავალება იქნება კომპოზიცია – „აბსტრაქციიდან რეალობამდე“. მსგავსი ღონისძიებები მომავალი არქიტექტორებისთვის ძლიერი სტიმულის მიმცემია და რაც მთავარია, მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, – აღნიშნავენ პროფესორ-მასწავლებლები.

გალერეა „უნივერსში“ არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოფენა – „კომპოზიცია სივრცეში“ 21 მარტს, 17:00 საათზე დაიხურება. საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.

სტუ აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილსა და მის ოჯახს, შვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ცნობილ მეცნიერს, სტუ-ის პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს, თამაზ ნატრიაშვილსა და მის ოჯახს, შვილის – ავთანდილ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ ავთანდილ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო – საზოგადოებას კიდევ ერთი, გულისხმიერებით, სიკეთითა და ჰუმანურობით გამორჩეული ადამიანი გამოაკლდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეების, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, უდიდესი გულისტკივილით ვუცხადებთ სამძიმარს ღვაწლმოსილ კოლეგას, ცნობილ მეცნიერსა და პედაგოგს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ბატონ თამაზ ნატრიაშვილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ქალბატონ ქეთევან ნატრიაშვილს, შვილისა და ძმის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს, გარდაცვლილის შვილებს.  

ავთანდილ ნატრიაშვილის სახელი დიდხანს იცოცხლებს მეგობრების, კოლეგებისა და ახლობლების ხსოვნაში.

ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!..“

 

სტუ -ში დანტეს საერთაშორისო დღე, პოეტ დათო მაღრაძესთან ერთად, თემით – “მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად”, აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობითა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტეტთან პარტნიორობით, დანტე ალიგიერის საზოგადოების წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – დანტეს საერთაშორისო დღე (Dantedi 2024), პოეტ დათო მაღრაძესთან ერთად, თემით  – “მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად”, აღნიშნა.

ღონისძიებას, რომელიც გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ,  ესწრებოდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონო, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე, პოეტი და საზოგადო მოღვაწე დათო მაღრაძე, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, ქართული აკადემიური, კულტურისა და ხელოვნების წრეების წარმომადგენლები, ასევე, ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პედაგოგები,  კურსების მსმენელები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. სტუ-ის რექტორმა მადლობა გადაუხადა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანს ელჩს საქართველოში ღონისძიებაში მონაწილეობისა და უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით საინტერესო პროექტების მხარდაჭერის წინადადების გაჟღერებისთვის. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, ყოფილ ელჩს, ბატონ ენრიკო ვალვოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მეგობრობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებდა და გამოთქვა იმედი სამომავლოდ ურთიერთობის გაღრმავების შესახებ. დავით გურგენიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტში მიმდინარე ერთობლივ საერთაშორისო პროექტებზე, რომლებიც საქართველოში იტალიის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.

„საქართველოს ტექნიკურ უკვე  უნივერსიტეტში ტრადიციად დამკვიდრდა დანტე ალიგიერის საზოგადოების წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, დანტეს საერთაშორისო დღის აღნიშვნა. შემთხვევითი არაა, რომ წელს ჩვენი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სტუმარი პოეტი და საზოგადო მოღვაწე დათო მაღრაძეა, რომელსაც იტალიასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. ის არის „სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერი“, ხოლო დანტე ალიგიერის საზოგადოებამ ოქროს მედლითა და საპატიო დიპლომით დააჯილდოვა. პოემა „ბარაქიანი მიწა“ ნათარგმნია ინგლისურ, იტალიურ, შვედურ, ესპანურ, რუსულ ენებზე და მას უაღრესად მაღალი შეფასებები მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში. ხოლო ფრაზა – “აჩრდილი დადის ევროპაში, პოეზიის აჩრდილი დადის, – მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად…” არის მთავარი გზავნილი. სასიხარულოა, რომ დათო მაღრაძე ჩვენი მეგობარია და მადლობა მას სტუმრობისთვის. მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენს საპატიო სტუმრებს მასიმილიანო დ’ანტუონოს და ფაბიოლა ალბანეზეს, ყველას, ვინც ღონისძიების ორგანიზებაში მიიღო აქტიური მონაწილეობა და მათ, ვინც გვეწვია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით, იტალიაში საქართველოს საელჩოს  და ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მხარდაჭერით, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ჩართულობითა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს ჰიბრიდული დიდაქტიკური ცენტრი  – „დანტეს კაბინეტი“. ასევე, იტალიური ენა, სილაბუსის სახით, ჩვენი უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაშია ასახული. დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტსა და საელჩოს, ასევე დანტეს საზოგადოებას შორის თანამშრომლობა და მეგობრობა სამომავლოდ იმდენად გაძლიერდება, რომ შეიქმნება მყარი ფუნდამენტი ორი ქვეყნის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული სივრცეების დაახლოებისთვის“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ. მან მადლობა გადაუხადა აკადემიკოს დავით გურგენიძეს მზაობისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და  იტალიის წამყვან უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილის გამოხატვისთვის. „დღეს გავიცანი განსაკუთრებული ადამიანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია უნივერსიტეტის წარმატებებთან. ბატონ დავითს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს“, – აღნიშნა ელჩმა თავის გამოსვლაში.

დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ნინო ცერცვაძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს მხარდაჭერისთვის, ასევე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონოს, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზეს, პოეტ და საზოგადო მოღვაწე დათო მაღრაძეს, სტუმრებს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს.

დავით მაღრაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და  დანტე ალიგიერის საზოგადოებას  საღამოს ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ისაუბრა პოეზიის როლსა და მისიაზე თანამედროვე სამყაროში. პოეტმა წაიკითხა ლექსები იტალიაში გამოცემული თავისი კრებულებიდან, ამავე ლექსების იტალიური თარგმანები კი დანტე ალიგიერის საზოგადოების პედაგოგებმა წაიკითხეს.

ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოების წინაშე სტუ-ის სახალხო-თეატრ „მოდინახეს“ მოყვარული მსახიობები წარდგნენ.

სტუ-ში, 24 -27 ივნისს, საერთაშორისო სამეცნიერო შავი ზღვის კონფერენცია — „კომუნიკაცია და ქსელები “ გაიმართება

2024 წლის 24-27 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო შავი ზღვის კონფერენცია – „კომუნიკაცია და ქსელები“ (IEEE BlackSeaCom) ჩატარდება, რომელიც ტრადიციულად, შავი ზღვის აუზის ქვეყნებშიიმართება. 

კონფერენციაზე რეგისტრაციის და სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://blackseacom2024.ieee-blackseacom.org/

 

სტუ-ის სტუდენტებმა ახალი თემატური გაერთიანება — „ნოდარ ტაბიძის კლუბი“ დააფუძნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური თემატური გაერთიანება დაფუძნდა, რომელსაც ცნობილი პუბლიცისტისა და მწერლის, ჟურნალისტიკის ისტორიკოსის,  ლიტერატურათმცოდნის, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, პროფესორ ნოდარ ტაბიძის სახელი მიენიჭა.

„ნოდარ ტაბიძის კლუბის“ დაფუძნების შესახებ ინფორმაცია საუნივერსიტეტო გაერთიანების დამფუძნებლებმა – უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა – ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე გაასაჯაროვეს.

ახალგაზრდების ორგანიზებით გამართულ შეხვედრას სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

როგორც ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის დამფუძნებლებმა – სტუ-ის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ალიკა ქიქავამ, მარიამ აბუთიძემ, ნიკოლოზ კვირკვიამ და საზოგადოებრივი ურთიერთობების პროგრამის ბაკალავრმა არჩილ გურგენიძემ შეხვედრაზე აღნიშნეს, საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტური თემატური გაერთიანებების შექმნის იდეა რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ეკუთვნის. მათი თქმით, კლუბის შექმნის მიზანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითგანვითარების ხელშეწყობა, მათი უნარებისა და ნიჭის გამოვლენა და ახალი იდეების გენერირებაა.

„კლუბი ღიაა უნივერსიტეტის ნებისმიერი სტუდენტისთვის. ჩვენი მიზანია, გაცილებით მრავალფეროვანი გავხადოთ სტუდენტური ცხოვრება. „ნოდარ ტაბიძის კლუბის“ დაარსება სტუდენტთა თვითგანვითარებისთვის ხდება, რათა მათ მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი იდეების, უნარებისა და ნიჭის გამოვლენა. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი იდეები შესთავაზონ კლუბს. ჩვენი სტუდენტური გაერთიანება კი, ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით, ორგანიზებას გაუწევს ჟურნალისტიკასა და მის მომიჯნავე სფეროებში, ასევე, სამართლის, ინფორმატიკისა და საინჟინრო დარგებში მოღვაწე პროფესიონალებთან და მკვლევრებთან შეხვედრებს, რაც საჯარო ლექციების,  მასტერკლასების, საინტერესო პროექტების განხორციელების გზით წარიმართება. კლუბის წევრები მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან ფაკულტეტების აკადემიურ და სამეცნიერო წრეებთან, სტუდენტებთან, ახალგაზრდა მკვლევრებთან. მთავარია, სტუდენტებმა თავიანთი იდეები და ინტერესები გაგვიზიარონ. მხარდაჭერისა და ინიციატივისთვის მადლობას ვუხდით რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. საუნივერსიტეტო სივრცეში ეს ახლად ჩამოყალიბებული მესამე სტუდენტური გაერთიანებაა, ნიკო ნიკოლაძის და მიხეილ მუსხელის კლუბებთან ერთად“, – აღნიშნეს კლუბის დამფუძნებლებმა.

სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა, ასევე, ნოდარ ტაბიძის აღზრდილებმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორებმა – ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, თამარ მალაღურაძემ და მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, გიგლა გობეჩიამ, სტუდენტების თხოვნით, დიდი მაესტროს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

როგორც მათ აღნიშნეს, გალაკტიონის ძმისშვილი და მისი შემოქმედების მკვლევარი, პროფესორი ნოდარ ტაბიძე, 1982-დან 1999 წლამდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო; გარდაცვალებამდე, მრავალი წლის მანძილზე კი, ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტში მოღვაწეობდა. გამომსვლელებმა პროფესორ ნოდარ ტაბიძის სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომები მიმოიხილეს და ყურადღება გაამახვილეს იმ უდიდეს ღვაწლზე, რომელიც დიდ მაესტროს ქართული ჟურნალისტიკის, პუბლიცისტიკის, ლიტერატურათმცოდნეობის, ასევე, საგამომცემლო საქმიანობის განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში მიუძღვის.

უახლოეს მომავალში ნოდარ ტაბიძის კლუბი საუნივერსიტეტო სივრცეში აქტიურად დაიწყებს პოზიციონირებას. სტუდენტური გაერთიანების დამფუძნებლები მიზნების, სამომავლო  საქმიანობისა და პერსპექტივების შესახებ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას გეგმავენ. 

სტუ-ის რექტორი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

21 მარტს საქართველოში ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს და პროფესიულ წინსვლას უსურვებს.

„ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, გისურვებთ პროფესიულ წარმატებებს.  მედიის ობიექტურობა დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმაღლესი სკოლაა, სადაც მომავალი ჟურნალისტებიც ეუფლებიან ამ მეტად საპასუხისმგებლო პროფესიას. მინდა, ჩვენს სტუდენტებს ვუსურვო წარმატებები სამომავლო საქმიანობაში – იყავით თავისუფლები, დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები. 

აქვე, შეუძლებელია არ გავიხსენოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჟურნალისტები, უფალმა დაუმკვიდროს მათ სასუფეველი. თქვენ კი, მოქმედ თუ მომავალ ჟურნალისტებს, არასოდეს გამოგეცადოთ ომის სუსხი. მშვიდობა საქართველოს და მსოფლიოს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს. წარმატებები თქვენ!“

 

სტუ-ში მზის ელექტროსადგური და თერმული სისტემების ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრში მზის ელექტროსადგური და თერმული სისტემების ლაბორატორია გაიხსნა.

ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი მატუშ ბუშოვკსი და საელჩოს წარმომადგენლები, სლოვაკეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (STU) მკვლევრები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს, ასევე, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA), საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლები, გახსნა სტუ-ის ვიცე-რექტორმა.

პროფესორმა თამარ ლომინაძემ მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს მხარდაჭერისთვის და სლოვაკეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორმა აღნიშნა, მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების ლაბორატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სლოვაკეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად SLOVAKAID-ის დაფინანსებით დამონტაჟდა სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე გაიხსნა კიდევ ერთი, ევროპული სტანდარტის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების ლაბორატორია აუცილებელია პროფესიული განათლების მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ მოკლევადიან პროგრამას, ოთხი მიმართულებით: ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი); ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის თერმული სისტემების მონტაჟი); ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ბიომასის ბოილერების და ღუმელების მონტაჟი); ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ზედაპირული გეოთერმული სისტემების და თბური ტუმბოების მონტაჟი), სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. ისინი ამ სივრცეში გაივლიან სწავლებას. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, სლოვაკეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს და წარმატებები ვუსურვო ენერგეტიკის ფაკულტეტს“, — განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სლოვაკეთის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად წარმატებით განხორციელდა პროექტი —  „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებისა და შესაძლებლობების გაძლიერება გარემოს დაცვის სფეროში“, რომელშიც ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებიც იყვნენ ჩართულნი.

„ენერგეტიკის ფაკულტეტზე მოქმედებს მემონტაჟეთა გადამზადების ოთხი მოკლევადიანი პროგრამა. სასიხარულოა, რომ მალე კიდევ ოთხ პროგრამას დავიწყებთ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გადავამზადოთ ორი მიმართულების ენერგოაუდიტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამებია. ფაკულტეტს ექნება რვა პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც უნივერსიტეტის, ასევე ქვეყნისთვის. მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების ლაბორატორია კი მაღალკვალიფიციური კადრის მომზადების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ლაბორატორია მაქსიმალურად უნდა იყოს სტუდენტებით დატვირთული და მაქსიმალურად უნდა მოვარგოთ სტუდენტებს, ჩავატაროთ სხვადასხვა კვლევა და ა.შ. ანუ, სტუდენტებს, გარდა იმისა, რომ მათი მუშაობის პრინციპები უნდა ვასწავლოთ, უნდა მივცეთ საშუალება, ნახონ რა სიკეთეს გვაძლევს მზის ენერგია, როგორც ცხელი წყლის, ასევე ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს პროექტის განხორციელების ინიციატივისთვის, ასევე, სლოვაკეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს პარტნიორობისთვის”, — აცხადებს ლენა შატაკიშვილი.

მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების ლაბორატორია გაიხსნის ღონისძიების დასასრულს, ჩატარდა ორსექციიანი სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასვე სლოვაკი მკვლევრები და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები. 

სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კადრების მომზადებაში ბიზნესსექტორი მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის დირექტორი, პროფესორი ირინე გოცირიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი თალიკო ჟვანია, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ბუაჩიძე, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ზვიად ღურწკაია ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის კურსდამთავრებულებს და კომპანიების: „ივერმედი“, „ემტექი“, „ჯეომედი“, „ინტერმედსერვისი ჯორჯია“ ხელმძღვანელ პირებს – ლევან ლაზარაშვილს, ანდრო ათოშვილს, მამუკა ლოლაძეს, ზურაბ ათოშვილს, დავით აბდუშელიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობა და დარგის პოპულარიზაცია.

ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ დაარსების იდეა ეკუთვნის საგანმანათლებლო პროგრამა ბიოსამედიცინო ინჟინერიის კურსდამთავრებულ ბიზნესმენებს. პროფესორ ირინე  გოცირიძის განცხადებით, ფონდის დამფუძნებლების სურვილია წვლილი შეიტანონ ბიოსამედიცინო ინჟინრების მომზადებაში.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდს“ შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მხარეებს საშუალებას მისცემს სპეციალისტების აღზრდაში თავიანთი წვლილი შეიტანონ- უნივერსიტეტმა ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლება მისცეს სტუდენტებს, ხოლო ფონდმა უზრუნველყოს წარმატებული სტუდენტების სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი არსებობის 40 წელზე მეტს ითვლის და დარგს კვალიფიციური კადრებით ავსებს. დღევანდელი დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციების ეპოქაში, ბიოსამედიცინო ინჟინერიის სექტორში გაჩნდა მზარდი მოთხოვნა კვალიფიციურ ახალგაზრდა კადრებზე. სწორედ ამ მიზნით, ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელად, შექმნეს ფონდი, რაზედაც მათ მადლობას მოვახსენებ“, – აცხადებს ირინე გოცირიძე.

როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორმა მეცნიერების დარგში აღნიშნა, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ საერთასორისო, ABET აკრედიტაცია მოიპოვა და ამჟამად, უნივერსიტეტი და ფაკულტეტი მუშაობს ბიოსამედიცინო ინჟინერიის ქართულენოვანი პროგრამის ABET აკრედიტაციის მისაღებად. პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, ABET აკრედიტაციის მოპოვება, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის, ასევე, STEM მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა უნივერსიტეტისთვის, მისი სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტებისთვის. ABET-აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა და შესაბამისად, საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომის მიღება ახალგაზრდებისთვის, როგორც სამეცნიერო ასპარეზზე, ასევე, ღირსეული დასაქმებისთვის, წარმატების მომტანია და ამდენად, ბიზნესსექტორის ინიციატივა, დროული.

ბიზნესსექტორის ინიციატივას ეხმაურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. აკადემიკოსი დავით გურგენიძე მადლობას უხდის  ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულ ბიზნესმენებს და აცხადებს, რომ უნივერსიტეტი მზად არის პარტნიორული გამოწვევებისთვის.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულები, საქართველოში უდიდესი სამედიცინო ტექნოლოგიური ცენტრების დამფუძნებლები, ჩვენი მუდმივი პარტნიორები არიან. მათ ინიციატივას,  შეექმნათ ფონდი, რომელიც ბიოსამედიცინო დეპარტამენტს და სტუდენტებს გამოუცხადებდა მხარდაჭერას, უნივერსიტეტი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი მყისვე გამოეხმაურა. ევროპასა და ამერიკაში აპრობირებულია მსგავსი ქველმოქმედება. ბიზნესსექტორი მოაწყობს ლაბორატორიებს, წარმატებულ სტუდენტებს სახელობით სტიპენდიას დაუნიშნავს, მკვლევრებსა და სტუდენტებს დაეხმარება მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებში. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩვენს კურსდამთავრებულებს და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებას 1983 წელს ჩაეყარა საფუძველი.  პროფესორ  ოთარ ხომერიკის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების კათედრა. ბატონი ოთარის დაწყებული საქმე გააგრძელა პროფესორმა რაულ კუპრავამ. დღეს ამ ორი დიდი მეცნიერის და მამულიშვილის გზას აგრძელებენ პროფესიონალები, წარმატებები მინდა ვუსურვო მათ“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენის და  ბიზნესსექტორის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრების ციკლი გაგრძელდება.

სტუ-ის სტუდენტებმა, ზამთრის უნივერსიადაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობისთვის მზადება დაიწყეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა,ზამთრის უნივერსიადაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ,რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, მასშტაბურ სტუდენტურ ღონისძიებაში – „ახალგაზრდული ფესტივალი 2024“ – მონაწილეობისთვის მზადება დაიწყეს. 

ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული სპორტული გუნდები და შემოქმედებითი ჯგუფები: ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელა, მუსიკალური ჯგუფები და ბენდები, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მსახიობები, ასევე, ფორმირების პროცესში მყოფი სტუდენტთა საუნივერსიტეტო თემატური გაერთიანებები, რომლებიც საფესტივალო შეჯიბრებებში საგანმანათლებლო-ინტელექტუალური, ინტერმედიისა და მოხალისეობის მიმართულებით ჩაერთვებიან. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა სპორტულმა გუნდებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს და პირველი საპრიზო ადგილები დაიკავეს ახლახან დასრულებულ ყოველწლიურ სტუდენტურ სპორტულ ღონისძიებაში – „ზამთრის უნივერსიადა 2024“, რომელიც  სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოსკულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დაბაბაკურიანში მიმდინარეობდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდმათოვლის რაგბიში, ალექსი ალიბეგაშვილის, ნიკოლოზ კუპრაშვილის, გოჩა თავართქილაძისა და მათე ბლაგიძის შემადგენლობით, ფინალურ შეხვედრაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხადა პირველი ადგილი მოიპოვა. 

წლევანდელი ზამთრის უნივერსიადის გამარჯვებულის ტიტული და ოქროს მედალი თოვლის ხელბურთის სახეობაშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდმა დაისაკუთრა. სტუ-ის ხელბურთელებმა – ლევან ფანცხავამ, ლუკა მუკბანიანმა, ლაშა თიგიშვილმა, ოთარ ჭურღულიამ დაგიორგი ბერაიამ – ტურნირის ფინალში ბსუ-ის ხელბურთელებსსძლიეს. 

რაც შეეხება სათხილამურო სლალომს, ვაჟებს შორის ტურნირში მე-3 ადგილი და ბრინჯაოს მედალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრმა, ლაშა კურტანიძემ მოიპოვა, ხოლო ამავე სახეობაში, გოგონათა შორის მე-4 ადგილი სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტს, ლინდა შარაძეს ერგო.   

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განაცხადებით, სტუდენტურტურნირებსა და ახალგაზრდულ ფესტივალშიუნივერსიტეტების მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებს შორისპოზიტიური ურთიერთობების და მეგობრული გარემოსჩამოყალიბებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის, განათლების, მეცნიერების, ინოვაციების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ამასთან ერთად, ახალ თაობაში სოციალურ პასუხისმგებლობას და მოქალაქეობრივ თვითშეგნებას ავითარებს, ასევე, ახალგაზრდულ ინიციატივებს აძლიერებს. 

„ვიმედოვნებთ, წლევანდელი ახალგაზრდულიფესტივალისთვის ჩვენი სტუდენტური გუნდები სათანადოდ მოემზადებიან, ღირსეულად იასპარეზებენ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არაერთ გამარჯვებას მოუტანენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, ვულოცავთ ზამთრის უნივერსიადის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში გამარჯვებულებს,  თავდაუზოგავი სპორტული აქტივობისთვის მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ მასშტაბური სტუდენტური ღონისძიების – „ახალგაზრდული ფესტივალი 2024“ მონაწილეებს, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე. 

„ახალგაზრდული ფესტივალი 2024“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 6 აპრილიდან აიღებს სტარტს და 10 ივნისს დასკვნითი ღონისძიებითა და გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ავტორიზებულიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

 

Support

Why are you writing to us?