სტუ – ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციის – “მთის პარტნიორობა” წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მთის პრობლემატიკაზე მომუშავე მეჩვიდმეტე უნივერსიტეტია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის – „მთის პარტნიორობა“, წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ამჟამად მოიცავს 66 ქვეყანას, 12 სუბნაციონალურ ხელისუფლებას(ქალაქები, რეგიონები), სამოქალაქო საზოგადოებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან 21 სამთავრობათშორისო და 33 გლობალურ მთავარ ჯგუფს. ასევე, კერძო სექტორიდან 389 ძირითად ჯგუფს და მთის პრობლემატიკაზე მომუშავე 17 უნივერსიტეტს. საერთო ჯამში ორგანიზაციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 537 წარმომადგენელია გაერთიანებული.

როგორც სტუ- ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე აცხადებს, „მთის პარტნიორობა“ გაეროს მიერ 2002 წელს ჩამოყალიბებული ნებაყოფლობითი ალიანსია, რომლის ოფისი რომში, მთავარი დამფინანსებლის, FAO-ს შტაბ-ბინაშია განთავსებული. ალიანსი, წევრებთან ერთობლივი საქმიანობით, მსოფლიო მასშტაბით, მთის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მთის ეკოსისტემების დაცვაზე მუშაობს. 

„სამთო პარტნიორობას ჰყავს 280-ზე მეტი წევრი, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, წარმომადგენლები სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებიდან, კერძო სექტორიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან. ამდენად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ჩვენი ფაკულტეტის ამ მეტად მნიშვნელოვან ორგანიზაციაში გაერთიანება, არის წარმატებისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი რამდენიმე წლის წინ, 2021 წლის 11 დეკემბერს ჩამოყალიბდა. ჩვენ, როგორც ევროპაში დაფუძნებული ძირითადი ჯგუფის ორგანიზაციის წევრები, Euromontana და ალბანეთის ალპების ალიანსის მიერ, წარდგენილნი ვართ დეპუტატის მმართველ კომიტეტში Centro de Investigação de Montanha (CIMO) და გვაქვს უფლება გამოვიყენოთ MP ლოგო, ჩავატაროთ ღონისძიებები, მონაწილეობა მივიღოთ კვლევებში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო FAO-ს წევრი ქვეყანა1995 წელს გახდა. 2004 წლიდან საქართველო FAO-სცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის ნაწილია. იმავე წლის 4 ნოემბერს თბილისში გაიხსნა FAO-ს წარმომადგენლობის ოფისი. FAO-ს მანდატია საქართველოში სასურსათო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მხარდაჭერა. საქართველოში FAO-ს პრიორიტეტები იმ სახელისუფლებო მიზნებისადა პრიორიტეტების მიხედვით განისაზღვრება, რომლებიც ქვეყნის მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახა. FAO ხელისუფლებას ინსტიტუციური, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ინსტრუმენტების შემუშავებასა და დანერგვაში ეხმარება”, – აცხადებს ნოე ხოზრევანიძე. 

როგორც სამთო პარტნიორობის სამდივნოს კოორდინატორის როზა ლაურა რომეოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისადმი მიწერილ წერილშია აღნიშნული: „მოუთმენლად ველით მთის მდგრადი განვითარების მიღწევის საქმეში სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ჩართვას და ამ მიზნით გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ინიციატივებში, რაც მსოფლიოს მთიან რეგიონებში აუმჯობესებს სიცოცხლისა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნების ხარისხს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალური და რეგიონული მიზნებისა და ხედვის განხორციელებაში“. 

ინფორმაციისთვის, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, საქართველოს (კავკასიის) მთიანი რეგიონების მოსახლეობის სიღარიბის დაძლევისა და მთაში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური გარემოს შექმნაში ხელშეწყობის მიზნით ფართო პროფილის, საერთაშორისო სტანდარტის, ერთიან ევროპულ სამთო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისად და გაეროს მდგრადი განვითარების სტრატეგიის შესაბამისად სტუდენტებს ოთხ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, სთავაზობს, ესენია: მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება(კვალიფიკაცია-გარემოსმცოდნეობის ბაკალავრი); მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი (კვალიფიკაცია-ტურიზმის ბაკალავრი); მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა (კვალიფიკაცია-მენეჯმენტის ბაკალავრი); ბუნებრივი საფრთხეები მდგრადი გარემო და დაცვა (კვალიფიკაცია-ინჟინერიის ბაკალავრი გარემოს ინჟინერიაში). საგანმანათლებლო პროგრამები ახალია და მისი ანალოგი, როგორც საქართველოს ისე მის სამეზობლო ქვეყნების სხვა უნივერსიტეტებში არ არის. ახალგაზრდა ფაკულტეტს ევროპულ სტანდარტთან სრული იდენტური ფორმირებისა და სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა განვითარებისათვის თანამშრომლობს და იყენებს ევროპული, წარმატებული უნივერსიტეტების გამოცდილებას, როგორიცაა იტალიის მთის საერთაშორისო უნივერსიტეტი, შოტლანდიის მაღალმთისა და კუნძულების უნივერსიტეტი.

სტუ – ის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაოვიზიტად მყოფი, AGH მეცნიერებისა დატექნოლოგიების უნივერსიტეტის (AGH University of Science and Technology, კრაკოვი, პოლონეთი), პროფესორი იოლანტა ბიეგანსკასამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისმეცნიერ-მკვლევრებს შეხვდა. 

AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისუნივერსიტეტის პროფესორმა, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მეცნიერებსა დასტუდენტებს ქიმიური პესტიციდების წინააღმდეგბრძოლის მეთოდების შესახებ კვლევების შედეგებიგააცნო. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, იოლანტაბიეგანსკა სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისსამთო-ტექნოლოგიების დეპარტამენტისპროფესორს,  ევროპის საბუნებისმეტყველომეცნიერებათა აკადემიის წევრს, გელა მაჩაიძესშეხვდა. 

როგორც პროფესორი გელა მაჩაიძე აცხადებს, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის მიზანისაქართველოში ქიმიური პესტიციდების წინააღმდეგბრძოლის ერთ-ერთი მეთოდის  აპრობაცია-დანერგვის სესაძლებლობების განხილვა  და ამმიმართულებით, კვლევებში უნივერსიტეტისმეცნიერთა და სტუდენტთა ჩართვა იყო. 

“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ქალბატონიიოლანტა პირველად რამდენიმე თვის წინ ესტუმრა, რა დროსაც მან გამოთქვა სურვილი მომავალივიზიტის ფარგლებში შეხვედროდა ბურღვა-აფეთქებითი მიმართულების სპეციალისტებს. ჩვენიშეხვედრა შედგა. პროფესორი იოლანტა ბიეგანსკამუშაობს ქიმიური პესტიციდების წინააღმდეგბრძოლის საკითხებზე. ქიმიური ან ბიოლოგიურიპრეპარატები მცენარეთა დაავადებებისა და მათიგადამტანების, მავნებლებისა და სარეველამცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობისპროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგგამოიყენება. მიუხედავად ამისა,  ისინი ნიადაგშიდიდხანს რჩებიან და მათი სრული დეკომპოზიცია არხდება, რაც იწვევს მიწის, წყლის, მცენარეებისმოწამვლას და ეკოსისტემის დაზიანებას. ეს არისმსოფლიოს პრობლემა, რომელიც მთელი სიმწვავით1984 წელს ინდოეთში, ბჰოპაში პესტიციდებისქარხანაში მომხდარი ავარიის შემდეგ, რა დროსაცმომწამლავი გაზის ემისიამ 20 000 ადამიანისსიცოცხლე იმსხვერპლა და 500 000 ადამიანიდაშავდა, დადგა დღის წესრიგში. როგორცქალბატონმა იოლანტამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისუნივერსიტეტში შემუშავებულია ქიმიურიპესტიციდების წინააღმდეგ ტექნოლოგიები, რომელთაგან ერთ-ერთია აფეთქების შედეგად მისიგანადგურება. აფეთქების შედეგად დიდიტემპერატურა გამოიყოფა, რაც პესტიციდებს კლავს. იოლანტა ბიეგანსკას აქვს ჩატარებული კვლევები, რომელსაც პრაქტიკაში რამდენიმე ევროპულქვეყანაში იყენებს და მას აქვს სურვილი, დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაშიცდანერგოს პესტიციდების წინააღმდეგ ბრძოლის ესმეთოდი. ამ საკითხების ირგვლივ, ქალბატონმაიოლანტა ბიეგანსკამ, სტუ-ის სამთო-გეოლოგიურიფაკულტეტის მკვლევრებისა და სტუდენტების წინაშემოხსენების ფარგლებში ისაუბრა. მისი სურვილიასტუ-ის მეცნიერებთან, სამთო-გეოლოგიურიფაკულტეტს შესაბამისი ბაკალავრიატის დამაგისტრატურის საფეხურის საგანმანათლებლოპროგრამის სტუდენტებთან ერთად ჩაატაროსკვლევა”, – აცხადებს გელა მაჩაიძე. 

პროფესორ იოლანტა ბიეგანსკას ვიზიტისფარგლებში, მხარეებს შორის განხილულ იქნასაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა დაკრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისუნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შემდგომიპერსპექტივები.

სტუ – ის სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი შეხვდა.

ღონისძიება, რომელიც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, გახსნა რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ.  

სტუ-ის რექტორის მოადგილის განცხადებით, უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი მყარი პარტნიორობის გარანტიაა, რაც საშუალებას იძლევა, მხარეებმა ერთობლივად იზრუნონ ახალგაზრდა, კონკურეტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე. 

„მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალრეიტინგული სტუდენტები, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ენერგეტიკულ კომპანიებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია იმ ხუთ უმაღლეს სასწავლებელს შორის, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები პროგრამის პრეზენტაციას მართავენ. აღსანიშნავია, რომ შემოთავაზება ეხებათ არა მხოლოდ ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტებს. ამ მეტად მნიშვნელოვან სფეროში დასაქმების პერსპექტივა აქვს სამშენებლო, სამართალმცოდნეობის, ინფორმატიკის,  ელექტროენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის,  თბოენერგეტიკის, ავტომატიზებული მართვის სისტემებს, სამთო-გეოლოგიის, გარემოს დაცვის, ქიმიის და სხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. ახალგაზრდებს აქვთ საშუალება გაიღრმავონ ცოდნა, შეიძინონ ახალი უნარები, ჩამოყალიბდნენ როგორც მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები. მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსს ჯუბო ტურაშვილს და წარმატებები ვუსურვო ჩვენს სტუდენტებს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, სისტემის შემადგენელი ენერგეტიკული კომპანიების გამართული მუშაობა დიდწილადაა დამოკიდებული კადრების კვალიფიკაციაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი ის საინჟინრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სტუდენტები განათლებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეუფლებიან. როგორც ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები შეძლებენ გაიარონ 1 წლიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, რომლის შემდგომ შესაძლებელია, დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის გაგრძელდეს შრომითი ხელშეკრულება.

შეხვედრამ ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა.

ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის მსმენელთა რეგისტრაცია

სტუ – ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის  საგაზაფხულო სესიისთვის  მსმენელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

სესიები უფასოა და მასზე დასწრება შეუძლია, საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის 9-12 კლასის მოსწავლეს.

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2024 წლის 25 მარტამდე,  სარეგისტრაციო ბმული

საშუალო სკოლების მიერ, სესიაში მონაწილე მოსწავლეთა ჯგუფური სარეგისტრაციო თხოვნა უნდა გამოიგზავნოს ელფოსტაზე: m.mikelashvili@gtu.ge

ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი არის კრეატიული, თავისუფალი და ლიდერული აზროვნების პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს  იმ მნიშვნელოვანი უნარებს უმუშავებს, რაც პროფესიის სწორად არჩევაში დაეხმარებათ.

ცენტრის  მიზანია, ხელი შეუწყოს თავისუფალი, კონკურენტუნარიანი, მიზანდასახული თაობის ჩამოყალიბებას; თითოეულ მოზარდს დაეხმაროს, შექმნას საკუთარი წარმატების ისტორია.

ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის პროგრამის დასრულების  შემდეგ  მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

საგაზაფხულო სესია 30 მარტიდან 11 მაისის  ჩათვლით ჩატარდება. ექვსკვირიანი ტრენინგები შაბათობით გაიმართება და ყოველი ტრენინგი 2 აკადემიური საათის განმავლობაში გაგრძელდება.

სტუ-ის რექტორმა ჟიული შარტავას მემორიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საუნივერსიტეტო საზოგადოებამ მონაწილეობა მიიღეს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაში.

ღონისძიება, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ჟიული შარტავას საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა, გახსნა ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს და ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას ეროვნული გმირის სახელის უკვდავყოფისთვის გამართული ღონისძიების ორგანიზებისთვის. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, ჟიული შარტავა თავდადების და სამშობლოს სიყვარულის მაგალითია, რომლის სახელი უნივერსიტეტის ისტორიაში სამარადისოდ დარჩება.

„მადლობა ორგანიზატორებს, რომ მოგვეცა საშუალება, ჟიული შარტავას თანამებრძოლების, მეგობრების, ოჯახის წევრების მონაწილეობით გავხსნათ საქართველოს ეროვნული გმირის მემორიალური დაფა და გავიხსენოთ ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს. მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ მოგონებები გმირებზე და რაც მთავარია, მათ მაგალითად ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ისეთი გმირების ცხოვრება, როგორიც იყო ბატონი ჟიული. ჟიული შარტავა უშიშრად შეეგება სიკვდილს, ის არის თავდადების, სამშობლოს, მოყვასის სიყვარულის მაგალითი. მან ამ თავგანწირვით მომავალ თაობებს ერთგვარად უანდერძა, რომ ბრძოლა ყველაზე წმინდა, მამულიშვილური მიზნისთვის აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. აფხაზეთი აუცილებლად დაუბრუნდება დედა-სამშობლოს და ჩვენ, ყველა ერთად, აფხაზ ძმებთან ერთად სოხუმში მივაგებთ პატივს თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტს და ჟიული შარტავას საზოგადოებას ღონისძიების ორგანიზებისთვის და აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის შეიტანს წვლილს მამულიშვილურ საქმიანობაში“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ჟიული შარტავას თანამებრძოლებმა და მეგობრებმა.

სტუ-ის რექტორმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მემორიალური დაფა გახსნეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საფრანგეთის რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის – „ინფორმაციული საზოგადოება“ – დამაარსებლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მემორიალური დაფა გახსნეს.

 

მემორიალური დაფა ვაკის რაიონში, ირაკლი აბაშიძის ქუჩა #20-ში, ცნობილი მეცნიერის, დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის, გოჩა ჩოგოვაძის საცხოვრებელი სახლის ფასადზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით გაიხსნა. დედაქალაქის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მემორიალური დაფის გახსნის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიმართა.  

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე ათეული წლის განმავლობაში ქართულ დიპლომატიას, მეცნიერებასა და ახალი თაობების აღზრდას ემსახურებოდა. მემორიალური დაფის გახსნის გადაწყვეტილება სწორედ ამ ღირსეული ადამიანის, საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის  სახელის უკვდავყოფად იქნა მიღებული. გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას უკვე მიენიჭა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ იმ უდიდესი დამსახურების შესახებ ისაუბრა, რომელიც აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძეს, როგორც გამორჩეულ მეცნიერს, ნოვატორსა და ყოფილ რექტორს, უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე მიუძღვის.

„ბატონი გოჩა ჩოგოვაძე პირველი არჩეული რექტორი იყო და უნივერსიტეტს 1988-1994 წლებში უძღვებოდა. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი, როგორც მშობლიური ალმა-მატერის, ასევე, ჩვენი ქვეყნის წინაშე. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მისი თაოსნობით, უნივერსიტეტში მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა დაარსდა. აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე პარიზში, იუნესკოს განათლების სექტორის ინფორმატიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. წლების მანძილზე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოში, იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში, ასევე, იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი და მისი ვიცე-პრეზიდენტი. გარდა ამისა, ხელმძღვანელობდა იუნესკოს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მისიას. აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე მუდმივად ზრუნავდა საერთაშორისო სივრცეში საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ქართული მეცნიერებისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის. მის უდიდეს საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მისი რეკომენდაციით საქართველო ფრანკოფონიის წევრი ქვეყანა გახდა, ხოლო 2002 წელს საფუძველი ჩაეყარა ფრანგულ-ქართულ ინსტიტუტს, რომელიც ინფორმატიკისა და ეკონომიკის მიმართულებით ახალგაზრდებს ამზადებს. აღსანიშნავია, რომ აკადემიკოსმა გოჩა ჩოგოვაძემ 20 წლის წინ ჩვენს უნივერსიტეტში დააარსა იუნესკოს კათედრა – „ინფორმაციული საზოგადოება“, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან მის სახელს ატარებს. გამორჩეულია გოჩა ჩოგოვაძის სამეცნიერო მოღვაწეობა – მისი მონოგრაფიები, გამოგონებები, სამეცნიერო ნაშრომები და კვლევები. ის იყო არაერთი ევროპული უნივერსიტეტის, მრავალი საერთაშორისო აკადემიის, ასოციაციის თუ სამეცნიერო საბჭოს საპატიო დოქტორი, ნამდვილი წევრი, საპატიო პრეზიდენტი. აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, საფრანგეთის „აკადემიური პალმის კომანდორის“ ორდენით, გიორგი ნიკოლაძის მედლით. მადლობას ვუხდით დედაქალაქის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მემორიალური დაფის გახსნისთვის – ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის უდიდეს ძალისხმევას, ღვაწლს, დამსახურებას მშობლიური უნივერსიტეტის, მეცნიერებისა და ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა, დავით გურგენიძემ.

აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, სტუ-ის  სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, საზოგადო მოღვაწეები, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ოჯახი, მეგობრები და აღზრდილები ესწრებოდნენ.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტისა და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, ცნობილ პიანისტ გიორგი ვაჩნაძეს, კონსერვატორიის რექტორად არჩევას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების, ასევე, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, ცნობილ პიანისტსა და პედაგოგს, საერთაშორსო საფორტეპიანო კონკურსების ლაურეატს, ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორს, გიორგი ვაჩნაძეს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად არჩევას ულოცავს და ახალი პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი გამოწვევებით აღსავსე გზაზე წარმატებებს უსურვებს.

„აღიარებულ პიანისტს, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატს, მათ შორის ალაბამის, ცინცინატისა და პალმ ბიჩის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების გამარჯვებულს, ცნობილს მრავალი ქვეყნის უდიდეს საკონცერტო დარბაზებში შთამბეჭდავი გამოსვლებით, ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი ვაჩნაძეს, ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი ტრადიციების მქონე უმაღლესი სამუსიკო სკოლის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად არჩევას.

ბატონო გიორგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების, ასევე, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, გისურვებთ წარმატებით დაგეძლიოთ ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა. დარწმუნებული ვართ, თქვენი რექტორობის პერიოდში, სახელმწიფო კონსერვატორიაში ახალგაზრდა თაობებს არაერთი საინტერესო პერსპექტივა და ახალი შემოქმედებითი შესაძლებლობები გაეხსნებათ, გახდებიან თანამედროვეობის აღიარებული, მეტიც, ლეგენდარული მუსიკოსები, მომღერლები, შემსრულებლები, რომლებიც შორს გაიტანენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და საქართველოს სახელს.“

 

ამერიკულმა საერთაშორისო გამომცემლობამ, Nova Science Publishers, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მონოგრაფია გამოსცა

ამერიკულმა საერთაშორისო ავტორიტეტულმა  გამომცემლობამ – Nova Science Publishers – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ახალი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია – Technical Systems of Protection of Hydro Resources, Management end Monitoring of Processes („ჰიდრორესურსების დაცვის საინჟინრო სისტემები,  პროცესების მართვა და მონიტორინგი) გამოსცა.

Გამომცემლობა Nova Science Publishers აქვეყნებს მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების ფართო სპექტრს მსოფლიოს მასშტაბით და თანამშრომლობს დარგში გამოჩენილ მკვლევარებსა და ექსპერტებთან, მოწინავე კვლევების გლობალურ დონეზე წარმოჩენისა და განვითარების მიზნით. Გამოქვეყნებული ნაშრომები გადიან მკაცრ ექსპერტულ შეფასებას და რეფერირდებიან Elsevier, Scopus, Gardners და სხვა მონაცემთა ბაზებში.

მონოგრაფია – Technical Systems of Protection of Hydro Resources, Management end Monitoring of Processes, რომელიც ეფუძნება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და პროცესების ავტომატიზაციის მეთოდების გამოყენებით ჩატარებულ  ხანგრძლივ სამეცნიერო კვლევას, ინგლისურ ენაზე გამოიცა და მასში განხილულია ჰიდრორესურსების საინჟინრო დაცვის თანამედროვე სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობები, მონიტორინგისა და მართვის საკითხები, ეუტროფიკაციის გამომწვევი მიზეზები, წყლის რესურსების ბიოგენური ელემენტებით დაბინძურებული წყაროები, დამაბინძურებლების წყალში შეღწევის გზები და მათი უარყოფითი გავლენა გარემოსა და ადამიანზე.

როგორც გამომცემლობა Nova Science Publishers-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ანოტაციაშია ნათქვამი, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობა, როგორც საინჟინრო საქმის ერთ-ერთ უმთავრესი და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, განსაზღვრავს ენერგეტიკის დარგის, მდინარეებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური, სოციალური და სხვა მიმართულებების განვითარებისა და ეფექტიანობის პერსპექტივებს. გამომცემლობა მიუთითებს, რომ სწორედ ეს მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული აკადემიკოს დავით გურგენიძის სამეცნიერო ნაშრომში, რომლის უპირატესობაც ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საიმედო და ხანგრძლივი მუშაობის, მთის მდინარეების ეფექტიანი სტაბილიზაციისა და დიდი ეკონომიკური ეფექტის მიღების კვლევაა. მონოგრაფიაში,  ჰიდროტექნიკური ინოვაციური ნაგებობების ეფექტურობის დასადგენად, წარმოდგენილია კონსტრუქციების ტექნიკურ-ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშების მეთოდოლოგია და შეფასებულია თითოეული ნაგებობის ეკონომიკური ეფექტი, გარდა ამისა,  განხილულია გარემოსდაცვითი პროგრამების განხორციელების ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების გზები და ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას კომპლექსური პროგრამების ფორმირების ინტეგრირებული მიდგომები. ნაშრომში ხაზგასმულია წყლის რესურსების საინჟინრო დაცვის თანამედროვე სისტემების გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების მონიტორინგისა და მართვის საკითხები.

გამომცემლობა აღნიშნავს, რომ პლანეტის ჰიდროსფეროში არსებული ბუნებრივი წონასწორობის რღვევის პროცესი საგანგაშო ხასიათს იღებს. ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევები, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლები დაბინძურებულია, წყლის დონეები კატასტროფულ ნიშნულებამდეა დაწეული, წყლის მრავალი წყარო კი დაკარგულია. გარემოში წონასწორობის შენარჩუნების, ბუნებრივი, ტექნოგენური და ანთროპოგენური ზემოქმედების შერბილებისა და კორექციის ღონისძიებების გატარებას მრავალი საერთაშორისო ინსტიტუცია ისახავს მიზნად. წყლის რესურსებისა და სანიტარიული სისტემის მდგრადი მართვა და განვითარება დიდი ხანია აღარ არის ცალკეული ქვეყნების საზრუნავი – ეს გლობალურად გადასაწყვეტი საკითხია, რაშიც  თითოეული ქვეყნის როლი მნიშვნელოვანია. ამდენად, გამომცემლობის განმარტებით, აკადემიკოს დავით გურგენიძის მონოგრაფიაში განხილული კვლევა და მისი შედეგები მნიშვნელოვანია როგორც დარგის სპეციალისტისტებისა და  ინჟინერ-პრაქტიკოსებისთვის, ასევე, საინჟინრო ნაგებობების სისტემებში მოღვაწე მკვლევრებისთვის, დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის.

 

სტუ-ის სტუდენტები MVNO-ს შესახებ ინფორმაციას გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კომუნიკაციების კომისიის(ComCom) წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საჯარო ლექცია გამართა. 

საჯარო ლექცია, რომელიც ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების პერსპექტივების შესახებსტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებისა და ComCom-ის ორგანიზებით ჩატარდა. 

საჯარო ლექციაზე სტუ-ის სტუდენტები მობილური მომსახურების ტრადიციული და ახალი მოდელის ოპერატორების ფუნქციონირების სპეციფიკაციებს გაეცნენდა ასევე, მობილური ქსელის ოპერატორსა (MNO) და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორს (MVNO) შორისგანსხვავებაში გაერკვნენ. კომუნიკაციების კომისიის წევრიეკატერინე იმედაძე ახალგაზრდებს იმ შესაძლებლობებზეესაუბრა, რასაც მომხმარებელს MVNO სთავაზობს და ყურადღება იმ სარგებელზე გაამახვილა, რაც სტუდენტებმა,შესაძლოა, ახალი შეთავაზებით მიიღონ. 

როგორც ეკატერინე იმედაძემ აღნიშნა, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის ქართულ ბაზარზე დაშვება ტელეკომბაზრის გახსნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რაც ბარიერების მოხსნისა და კონკურენციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ამასთან ერთად, მომხმარებლისთვის მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას უზრუნველყოფს. 

შეხვედრაზე კომისიის წევრმა საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული სხვადასხვა ქეისი განიხილა, ასევე, სტუდენტებს ქართულ ტელეკომბაზარზე არსებული მდგომარეობის,სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებაში ComCom-ისროლისა და სხვადასხვა სეგმენტისთვის განკუთვნილისერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ ნატო ქათამაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეორე სასწავლო სემესტრიდან დაიწყო შეხვედრების სერია, რომელიც ითვალისწინებსროგორც საჯარო ლექციათა ციკლის ორგანიზებას, ასევე,დამსაქმებელ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის გაღრმავება-გაფართოებას. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი კარიერული განვითარების პლატფორმის მეშვეობით,დამსაქმებელი ორგანიზაციები სტუდენტებს სთავაზობენროგორც სტაჟირების პროგრამებსა და აქტიურ ვაკანსიებს, ასევე, თემატურ საჯარო ლექციებს, რაც ახალგაზრდების თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. საჯარო ლექცია, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წევრმა გამართა,ინტერაქციურ რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩვენი უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილება აგრძელებს სტუდენტებს შორის მოკვლევის ჩატარებას, თუ რა მიმართულებით და რომელ ორგანიზაციასთან სურთ ახალგაზრდებს შეხვედრა და მეტი ინფორმაციის მიღება. ჩვენთვის მთავარი ორიენტირისტუდენტების ინტერესებია, თუმცა აუცილებლადგავითვალისწინებთ იმ ორგანიზაციების ინტერესებსაც, რომლებთანაც უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმი აკავშირებს. სწორედ ამ დოკუმენტებშია გაწერილი ის სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა, რაცსტუდენტთა კარიერულ განვითარებას უზრუნველყოფს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კვლავინდებურად აქტიურად აორგანიზებს სტუდენტების ინტერაქციურ შეხვედრებს შრომის ბაზარზე მოქმედ ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან და ხელს უწყობს დამსაქმებელსა და სტუდენტს შორის ბარიერის შემცირებას სწორედ იმ მიზნით, რომ სამომავლოდ, ახალგაზრდებმა მაღალანაზღაურებადი სამსახური მოიძიონ, ხოლო დამსაქმებელმამაღალკვალიფიციური კადრები მოიზიდოს“, – აღნიშნა ნატო ქათამაძემ.

საჯარო ლექციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა დაComCom-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სტუ-ში ტრენინგ კურსი “ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები” იწყება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტი, 14 -დან 24 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ტრენინგ კურსს “ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები” იწყებს. ოთხკვირიანი კურსი, 1 აპრილს დაიწყება და 1 მაისამდე გაგრძელდება. შეხვედრების ნაწილი ონლაინ რეჟიმშიც გაიმართება. მონაწილეებს კონკრეტული კალენდრის და ფორმატის შესახებ, ინფორმაცია კურსის დაწყებამდე მიეწოდებათ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის ფარგლებში, ტრენინგი უსასყიდლოდ ტარდება და მისი დასრულების შემდეგ, მონაწილეებს  სერტიფიკატები გადაეცემათ. 

კურსებზე დასწრება,  საქართველოს ნებისმიერი სკოლის 10-12 კლასის მოსწავლეებსა და ყველა ფაკულტეტის ბაკალავრებს შეუძლიათ.

ტრენინგ კურსი ეხმაურება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონცეფციას, რომ ადამიანის უფლებები ვრცელდება როგორც ონლაინ, ისე რეალურ სამყაროში, რადგან მოვლენებმა, რომლებიც ონლაინ ხდება, შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე.

კურსი მიზნად ისახავს: გამოხატვის თავისუფლების, კონფიდენციალურობის, თანასწორობის უფლებისა და ხელოვნური ინტელექტის კვეთას, რომელიც ბადებს მნიშვნელოვან კითხვას – ხელოვნური ინტელექტი აძლიერებს თუ საფრთხეს უქმნის ადამიანის ღირსებას?

კურსის ფარგლებში, მსმენელები მიიღებენ ცოდნას, როგორ მოქმედებს ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურ უფლებებზე, რა უპირატესობები აქვს და რა რისკები ახლავს მის გამოყენებას.  კრიტიკული აზროვნებისა და  მონაცემთა წიგნიერების უნარების განვითარებით, შეძლებენ  შეაფასონ  ეთიკური დილემები და გამოწვევები;  ასევე  ხელოვნური ინტელექტის სისტემების რომელი დიზაინი უწყობს ხელს ადამიანის უფლებების დაცვას.

ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ადამიანებს, მაგრამ მისი გამოყენების შესახებ ცოდნა, მსმენელს შრომის პროდუქტიულობის გაზრდაში დაეხმარება. 

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს შეეძლებათ ახსნან, თუ როგორ ვლინდება მიკერძოება და დისკრიმინაცია ხელოვნური ინტელექტის პირობებში, როგორ მოქმედებს ადამიანის უფლებებზე ხელოვნური ინტელექტი (AI), რა სტრატეგიები არსებობს მანქანური სწავლების მიკერძოების შესამცირებლად და რა როლი აქვთ ალგორითმებს AI-ის ეთიკური განვითარებისა და გამოყენების გასაუმჯობესებლად.

ტრენინგს გაუძღვებიან:

მარიამ ცაცანაშვილი – პროფესორი, სტუ – ის  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის  საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დირექტორი;

სულხან ტაბატაძე – მოწვეული ასისტენტ-პროფესორი, IT სპეციალისტი

ქეთევან ცაცანაშვილი – საჯარო მმართველობის დოქტორი, ინოვაციების მართვის მკვლევარი.

ტრენინგ კურსებზე დასწრების მსურველებმა, განაცხადი უნდა გააგზავნონ  20 მარტამდე.

სარეგისტრაციო ბმული

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს: ქეთევან ცაცანაშვილის – მობ: 555 16 32 32

Support

Why are you writing to us?