„საქკაბელთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანია ,,საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია სტუდენტთა ხელშეწყობა სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობების მოძიებაში, საკადრო რეზერვის შექმნა და კომპანიის სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
დოკუმენტის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ სრულყოფილი წვდომა კარიერული განვითარების მხრივ „საქკაბელში“ არსებულ ინფორმაციაზე, ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ აქტიური კომუნიკაცია მომავალ დამსაქმებელთან, მიიღონ კონსულტაციები ვაკანსიებთან დაკავშირებით და საზოგადოების სწრაფად ცვალებადი მოთხოვნებიდან გამომდინარე, გახდნენ კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.
ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „საქკაბელს“ შორის თანამშრომლობა მრავალი წელია წარმატებით ხორციელდება. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, მემორანდუმი კიდევ უფრო გაამყარებს უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის ურთიერთობას და დაეხმარება სტუდენტებს პროფესიული უნარების განვითარებაში, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების მოძიებაში, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა კონკურენტუნარიანობის ზრდას შრომის ბაზარზე და გააძლიერებს უნივერსიტეტის როლს მომავალი სპეციალისტების მომზადებაში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უმთავრესი პრიორიტეტი შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის ზრდაა. „საქკაბელი“ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და მასთან თანამშრომლობა სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ საწარმოო პრაქტიკის გავლას უშუალოდ ქარხანაში, გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესებს და რაც მთავარია, წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ რეალური დასაქმების პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, სტუდენტმა უნივერსიტეტის კედლებშივე მიიღოს ის პრაქტიკული უნარები, რაც ბიზნესს დღეს სჭირდება. დღევანდელი შეთანხმება არის ბიზნესისა და აკადემიური სივრცის წარმატებული ინტეგრაციის მაგალითი. საინჟინრო განათლება წარმოუდგენელია მძლავრი პრაქტიკული ბაზის გარეშე – „საქკაბელი“ კი სწორედ ის პარტნიორია, რომელსაც შეუძლია სასწავლო პროცესი რეალური ინდუსტრიული გამოცდილებით გაამდიდროს. ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური ინჟინრები და ტექნოლოგები, რომლებიც არა მხოლოდ დააკმაყოფილებენ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს, არამედ წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ კერძო სექტორი ასე აქტიურად ერთვება საგანმანათლებლო პროცესში. დაბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებას ღონისძიების ორგანიზებისთვის“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
როგორც „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა აღნიშნა, ახალგაზრდა სპეციალისტთა მოზიდვის მხრივ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა. დავით კაპანაძის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში „საქკაბელი“ იზრუნებს, შესაბამისი ფაკულტეტების საუკეთესო სტუდენტებს ერთი წლის განმავლობაში სახელობითი სტიპენდია დაუნიშნოს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის თქმით, უნივერსიტეტის მიზანია, სტუდენტებსა და დამსაქმებელ ინდუსტრიებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის არხები შექმნას.
როგორც ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე ამბობს, უახლოეს მომავალში სტუდენტებისთვის დაიგეგმება საინფორმაციო ტურები საწარმოში, გამოცხადდება სპეციალიზებული სტაჟირების პროგრამები, ხოლო კომპანიის წამყვანი სპეციალისტები ახალგაზრდებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ.
„კარიერული განვითარების განყოფილება მუდმივ რეჟიმში მუშაობს კერძო სექტორთან, რათა ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა ყოველთვის მზარდი იყოს შრომის ბაზარზე. „საქკაბელი“ არის კომპანია, რომელიც მუდმივად ეძებს ტექნიკური დარგის ნიჭიერ კადრებს, ამიტომ მათი დაახლოება უნივერსიტეტთან მრავალმხრივ არის პრიორიტეტული. მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტურად ვმართოთ სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების პროცესი, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია აქტიური ვაკანსიების შესახებ და ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ ზრდას ჯერ კიდევ დიპლომის აღებამდე“, – აცხადებს ნატო ქათამაძე.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია ,,საქკაბელს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ფაკულტეტის პროფესორ-პედაგოგები და სტუდენტები, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და კომპანიის წარმომადგენლები.
Related
Signed Memorandum of Cooperation Between GTU and Belarusian State University of Informatics and Radio Electronics
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, and the Rector of the Belarusian State University of Informatics...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კავკასიის რეგიონიდან პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) დეტექტორების კვლევებისა და განვითარების ახალი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და BIM Solutions Georgia შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„BIM ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა უზრუნველყოფს განათლების პროცესის ჰარმონიზაციას საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ სტანდარტებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო, საინჟინრო და...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „ჰელიგარდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანია „ჰელიგარდის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი თარგამაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია...
