„ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები და გარემოს ინჟინერია“ – VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი სტუ-ში

26-31 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს „ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები და გარემოს ინჟინერია“ უმასპინძლებს.

სემინარი ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თანადამფუძნებელ უნივერსიტეტებთან ერთად: ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლუბლინის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტი, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტი და ტაშკენტის არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის უნივერსიტეტი.

სემინარის სამეცნიერო სექციები:

  • ენერგოეფექტური მშენებლობა
  • ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები
  • გარემოს ინჟინერია
  • წყლის რესურსები
  • მშენებლობა და ურბანული ეკოლოგია
  • მწვანე მშენებლობა
  • მშენებლობის ზედამხედველობა და უსაფრთხოება

სემინარის სამეცნიერო კომიტეტი გამოსცემს მონოგრაფიას.

მასალები უნდა წარმოადგინოთ, არა უგვიანეს 15/10/2026, ელექტრონული ფოსტით eit@gtu.ge.

დასარეგისტრირებლად გთხოვთ, მიჰყვეთ სარეგისტრაციო ბმულს.

სტატიის გაფორმების წესი იხილეთ დანართში.

საკონტაქტო პირი: გინა გურეშიძე, WhatsApp: +995 591 17 30 10.

„საპოლიციო სტრუქტურების სამართალი“ — წიგნის პრეზენტაცია სტუ-ში

17 ივლისს, 15:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დარბაზში, პროფესორების გივი და დავით ლობჟანიძეების წიგნის „საპოლიციო სტრუქტურების სამართალი” პრეზენტაცია გაიმართება.  ღონისძიება  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინიციატივით და საჯარო სამართლის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდება.

ღონისძიებაზე მოწვეული  არიან  საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი მუშაკები, პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლები.

პროფესორი სატოში მიჰარა სტუ-ში საჯარო ლექციას ჩაატარებს

30 ივნისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი სატოში მიჰარა (იაპონია) ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე – “Introduction to KEK and J-PARC: Frontiers of Particle Physics and Accelerator Development in Japan”.

ლექცია ჩატარდება სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, IV სართულზე, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში.

საერთაშორისო კონფერენცია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე

30 ივნისს,  11:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე   ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება  საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს.

კონფერენცია, რომელიც  ფაკულტეტზე 403-ე აუდიტორიაში  ჩატარდება,  ქართულ და ინგლისურ ენაზე წარიმართება.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გალერეა “უნივერსში”

30 ივნისს და 1 ივლისს, გალერეა “უნივერსში”, სტუ-ის  არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

ენერგეტიკის ფაკულტეტზე გრძელდება პროექტი -„ენერგეტიკული ოთხშაბათი ყველასათვის“

პროექტის ფარგლებში, 24 ივნისს, 15:00 საათზე, ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში, რიგით მეშვიდე საჯარო ლექცია გაიმართება.

თემის დასახელებაა: “ენერგიის დამაგრებული ბატარეების გამოყენება ენერგოსისტემებში”.

მეშვიდე ლექციის სპიკერი იქნება პროფესორი არჩილ კოხტაშვილი.

შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

“წყალბადის ენერგეტიკა – გლობალური პრობლემების გადაჭრის გზა” – მეექვსე საჯარო ლექცია ენერგეტიკის ფაკულტეტზე

17 ივნისს, 15:00 საათზე, ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში გაგრძელდება პროექტი „ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასათვის“ და რიგით  მეექვსე საჯარო ლექცია გაიმართება.

ლექციის სპიკერი აკადემიკოსი რევაზ ქავთარაძე დარბაზში შეკრებილ მსმენელის წინაშე თემით – “წყალბადის ენერგეტიკა – გლობალური პრობლემების გადაჭრის გზა” წარდგება.

შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტზე საჯარო ლექციები 13 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს, 15:00-17:00 საათზე ტარდება.

“დანტეს დღე 2026” და „დანტე ალიგიერის საზოგადოების – თბილისის კომიტეტის“ 20 წლის იუბილე სტუ-ში

15-16 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი სეზონის ფარგლებში, მნიშვნელოვან საერთაშორისო კულტურულ და აკადემიურ ღონისძიებებს მასპინძლობს, რომლებიც საქართველო-იტალიის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და იტალიური ჰუმანიზმისა და ენის პოპულარიზაციას ეძღვნება.

ღონისძიებების განრიგი:

  • 15 ივნისს, 19:00 საათზე, „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ გენერალური მდივანი, ხელოვნებათმცოდნე და ესეისტი, პროფესორი ალესანდრო მაზი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „იტალიური ტრიპტიქი: ჯოტო, წმინდა ფრანცისკე, დანტე და იტალიური ჰუმანიზმის დაბადება“. ის მსმენელს გააცნობს იტალიური და ევროპული ცივილიზაციის სამი უდიდესი ფიგურის შემოქმედებით და სულიერ მემკვიდრეობას. პროფესორი მაზი განიხილავს შუა საუკუნეებიდან რენესანსზე გადასვლის პროცესს და ადამიანის როლის დაბრუნებას კულტურის, ხელოვნებისა და აზროვნების ცენტრში.
  • 16 ივნისს, 17:00 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დანტეს საერთაშორისო დღე 2026“ და „დანტე ალიგიერის საზოგადოების – თბილისის კომიტეტის“ დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღინიშნება.

საიუბილეო ღონისძიება მიეძღვნება იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის ოცწლიანი საქმიანობის შეჯამებასა და საქართველო-იტალიის კულტურული თანამშრომლობის გაძლიერებას.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან „დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი” და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით.

ღონისძიებას, რომელსაც საქართველოსა და იტალიის აკადემიური, კულტურული და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე გახსნის.

ღონისძებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონო, პროფესორი ალესანდრო სალაკონე და თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე; წარდგებიან პოეტი დათო მაღრაძე და მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე.

პროგრამა მოიცავს ოფიციალურ გამოსვლებს, საიუბილეო ნაწილს, სერტიფიკატების გადაცემას და კულტურულ ნაწილს, რომელიც ეძღვნება საქართველო-იტალიის მეგობრობასა და საერთო ევროპულ კულტურულ მემკვიდრეობას.

ღონისძიებების ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი (მისამართი: მერაბ კოსტავას ქ. №77)

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელას საიუბილეო კონცერტი

19 ივნისს, 20:00 საათზე სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, საიუბილეო კონცერტს გამართავს.

საერთაშორისო პროექტის ფარგლებში შემუშავებული წიგნის პრეზენტაცია სტუ-ში

9 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართება წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით – „წარმატების სტრატეგიები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: შემთხვევების ანალიზი პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პარტნიორი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობს ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტში „საოჯახო მეურნეობები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: გამოცდილების ტრანსფერი ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან“, რომლის მიზანია მდგრადი სასოფლო-სამეურნეო განვითარების ხელშეწყობა, საოჯახო მეურნეობების ეკონომიკური გაძლიერება და ევროპული გამოცდილების გაზიარება სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვების (Short Food Supply Chains – SFSC) მიმართულებით.

პროექტი აერთიანებს ევროპის წამყვან საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციებს, მათ შორის მენდელის უნივერსიტეტს (ჩეხეთის რესპუბლიკა), პოზნანის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტს (პოლონეთი), სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტს ნიტრაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე მომზადდა წიგნი, რომელიც ასახავს პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის წარმატებულ პრაქტიკებს სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვების განვითარებაში.

წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, რომელშიც თავმოყრილია საოჯახო მეურნეობების განვითარების წარმატებული მაგალითები, ინოვაციური ბიზნესმოდელები და სტრატეგიები, რომლებიც ფერმერებს ეხმარება პროდუქციის დამატებითი ღირებულების შექმნაში, ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და მომხმარებლებთან პირდაპირი კავშირების გაძლიერებაში. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სასურსათო უსაფრთხოების, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისა და სოფლის რეგიონების მდგრადი განვითარების საკითხებს.

ღონისძიების სპეციალური სტუმარი იქნება პროექტის კოორდინატორი, მენდელის უნივერსიტეტის (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) ექსპერტი ივო ზდრაჰალი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას გააცნობს პროექტის ძირითად შედეგებს, ევროპულ გამოცდილებასა და სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვების განვითარების თანამედროვე მიდგომებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები აქტიურად არიან ჩართული პროექტის კვლევით საქმიანობაში, ცოდნის გავრცელებისა და საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში დანერგვის პროცესში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო თანამშრომლობაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მკვლევრები, სტუდენტები, ფერმერები, აგრობიზნესის სფეროს წარმომადგენლები და სოფლის განვითარების საკითხებით დაინტერესებული პირები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ექსპერტებთან ერთად იმსჯელონ საქართველოს აგროსექტორის განვითარების პერსპექტივებზე, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის გზებსა და ადგილობრივი სასურსათო სისტემების მომავლის შესახებ.

ღონისძიება წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს და მიზნად ისახავს მეცნიერების, განათლებისა და პრაქტიკის დაახლოებას სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ინტერესებში.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?