პროექტი GPSEducation – იტალიელი სტუდენტის პრეზენტაცია ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე


2026 წლის 23 თებერვალს ფოჯის უნივერსიტეტის (University of Foggia) (ფოჯა, იტალია) სტუდენტმა ემილიო კასიელომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სტუ-ში ჩატარებული კვლევისა და ფოჯის უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიებას ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ემილიო კასიელო საქართველოში იტალიური პროექტის – „მწვანე და ვარდისფერი მდგრადი განათლებისთვის – GPSEducation“ – ფარგლებში იმყოფება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორთვიანი ვიზიტის განმავლობაში მან განახორციელა კვლევითი პროექტი – „BEYOND PROFIT: NEW ECONOMIC PARADIGMS AND RELATIONAL GOODS“. სტუდენტი იკვლევდა, რამდენადაა ინტეგრირებული სოციალური და გენდერული თანასწორობის (PINK) პრინციპები სტუ-ის აკადემიურ გარემოსა და სასწავლო პროგრამებში. ემილიო კასიელომ ჩაატარა ანალიზი მდგრადი მევენახეობის მომავლის შესახებ, სადაც გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის ჩარჩოები დააკავშირა ბლოკჩეინის ტექნოლოგიებთან.

იტალიის მხრიდან ემილიო კასიელოს ხელმძღვანელია პროფესორი მარიანტონიეტა ფიორე, საქართველოს მხრიდან კი – პროფესორი თინათინ იაშვილი.

საქართველოში ყოფნის პერიოდში ემილიო კასიელო შეხვდა მეწარმე ბაია აბულაძეს („Baia’s Wine“) და დოქტორ ენდრიუ თორნჰილს, რომელიც Cardano ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პრომოუტერია. ინტერვიუებისა და საველე ანალიზის საფუძველზე,  სტუდენტმა შეიმუშავა იტალიასა და საქართველოს შორის შედარებითი კვლევა, რომელიც შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს მდგრად მევენახეობაში.

როგორც ემილიომ რეზენტაციაზე აღნიშნა, შედეგიანი მუშაობა შესაძლებელი გახდა ფაკულტეტის დეკანის, რუსუდან ქუთათელაძისა და დეკანის მოადგილის, გიორგი სულაშვილის, მხარდაჭერით. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თანახელმძღვანელს, პროფესორ თინა იაშვილს, პროფესორ გიორგი ბაღათურიას მეთოდოლოგიური კონსულტაციისთვის, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს.

GPSEducation პროექტი  მოიცავს სტუდენტთა და პროფესორთა მობილობას, ორმაგი ხარისხის პროგრამებსა და სპეციალიზაციის კურსებს. მასში 300-ზე მეტ სტუდენტი და პროფესორი მონაწილეობს. მათ შორისაა 5 ქართველი პროფესორი (მათგან 2 სტუ-ის წარმომადგენელი) და 5 სტუდენტი, რომლებმაც პროექტის დაფინანსებით 2 თვე გაატარეს ფოჯის უნივერსიტეტში.

პროექტი შეიქმნა იტალიურ და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მდგრადი განვითარების თემაზე ტრენინგებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით. პროექტი დაფინანსებულია ეროვნული აღდგენისა და მდგრადობის გეგმის ფარგლებში, ტრანსნაციონალური საგანმანათლებლო ინიციატივების (TNE) ხელშეწყობისა და განხორციელების მიზნით.

აღნიშნული პროექტით, ფოჯის უნივერსიტეტი, როგორც წამყვანი პარტნიორი, კოორდინაციას უწევს იტალიის 9 უნივერსიტეტს: მილანის პოლიტექნიკურ, მესინის, ბაზილიკატის, კალაბრიის, სანიოს, ენის კორის, ტუშის, ვერონის და მოდენისა და რეჯო ემილიის უნივერსიტეტებს, ასევე, თანამშრომლობს 41 უცხოურ უნივერსიტეტთან არგენტინაში, ბრაზილიაში, კამბოჯაში, ჩინეთში, საქართველოში, მაროკოში, კენიაში, პალესტინაში, ტაილანდსა და ვიეტნამში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფოჯის უნივერსიტეტთან 10 წელიწადზე მეტია თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი ერთობლივი პროექტი განხორციელდა. ქართველმა სტუდენტებმა წარმატებით ისარგებლეს პროექტებით იტალიური პროექტებით – MUSA და MOBIS. სტუ-ის სტუდენტები და თანამშრომლები წარმატებით მონაწილეობენ “ერაზმუს+” გაცვლით პროგრამაში.

ფოჯის უნივერსიტეტი მულტიპროფილური უნივერსიტეტია და მოიცავს რამდენიმე დეპარტამენტს, მათ შორის ეკონომიკის, სამართლის, კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის, აგრარული, კვებისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებებისა და სხვ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ფოჯის უნივერსიტეტი წარმატებით აგრძელებენ თანამშრომლობას.


მსგავსი

მოგვწერეთ