სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ლავრენტი გუდავაძე აირჩიეს

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი) პროფესორი ლავრენტი გუდავაძე გახდა.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით, 2023 წლის 29 დეკემბერს სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) ოქმის საფუძველზე, კონკურსი გამოცხადდა. 2024 წლის 9 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბჭომ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატად სტუ-ის პროფესორი, ლავრენტი გუდავაძე წარადგინა. პროცედურების დაცვით, წარდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13-ვე ფაკულტეტმა და ინსტიტუტებმა. 2024 წლის 5 თებერვალს სტუ-ის წარმომადგენლობითმა საბჭომ კი კენჭი უყარა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურას და პროფესორ ლავრენტი გუდავაძეს ერთხმად დაუჭირა მხარი. აკადემიური საბჭოს შესაბამისი დადგენილების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, 4 წლის ვადით, ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, დამსწრე წევრთა უმრავლესობით, არჩეულ იქნა სტუ-ის პროფესორი ლავრენტი გუდავაძე, რომელიც უფლებამოსილებას 2024 წლის 15 თებერვლიდან შეუდგება.

ინფორმაციისთვის: პროფესორი ლავრენტი გუდავაძე არის სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი, საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი), ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი (გერმანია), აკადემიკოს ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემათა და ჰიდროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საპატიო დოქტორი (სომხეთი), ლატვიის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი. ლავრენტი გუდავაძე არის საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. ლავრენტი გუდავაძე სხვადასხვა დროს იყო თბილისის საკრებულოს დეპუტატი, საკრებულოს მდივანი, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე და ა.შ.

სტუ-მ „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის“ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის (Silk Road Culture Hub – SRCH) ფარგლებში დაფუძნებული ახალი პლატფორმის – „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქები“ – I საერთაშორისო ფორუმის მესამე დღეს უმასპინძლა.

საერთაშორისო ფორუმი მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ „კავკასიასთან“ (SCF) პარტნიორობით, ასევე, ევროპის ფესტივალების ასოციაციასთან (EFA), იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტთან (UNESCO ITI) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუნესკოს კათედრასთან – „ინფორმაციული საზოგადოება“ – მჭიდრო კოორდინაციით ჩატარდა.

„აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის ფარგლებში შექმნილი ახალი პლატფორმის – „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების“ I საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა ქვემო ქართლისა და კახეთის მხარეებში, მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და დელეგატებმა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, იტალია, შვეიცარია, ნიდერლანდების სამეფო, ბელგია, შვედეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, იაპონია, ჩინეთი, ინდოეთი, არაბეთის გაერთიანებული საემირო, ეგვიპტე. 

ფორუმი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. როგორც რექტორმა აღნიშნა, თანამედროვე რეალობაში ეკონომიკური აღმავლობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სამეცნიერო-შემოქმედებითი აზროვნების, კულტურის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სინთეზით.

„ამ შესანიშნავი შესაძლებლობის შექმნისთვის მადლობას ვუხდით ახალი პლატფორმის დამფუძნებლებს, სახელმწიფო რწმუნებულებს ქვემო ქართლისა და კახეთის მხარეებში, მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, რომელთა ძალისხმევაზე ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის, რეგიონების, კონკრეტული მუნიციპალიტეტების, ქალაქებისა და სოფლების განვითარება. ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობას ვუხდით დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დელეგატებს ევროპისა და აზიის იმ ქალაქებიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ეკონომიკის განვითარება, კულტურული ტურიზმი, ქალაქების ინფორმირებულობა კულტურის, ღვინისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით, ინსტიტუციური და ინდივიდუალური ეკონომიკური ინიციატივებითა და ქალაქებს შორის თანამშრომლობით.

შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ ახალი პლატფორმის პარტნიორი და ფორუმის მონაწილეა. თანამედროვე რეალობაში რეგიონების, მუნიციპალიტეტების, ქალაქებისა და დასახლებების განვითარება შეუძლებელია სამეცნიერო-შემოქმედებითი აზროვნების, კულტურის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სინთეზის გარეშე. ჩვენი უნივერსიტეტი პირველია საქართველოში, სადაც ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დაარსდა. ფაკულტეტმა, რომელიც დღეს ინფორმატიკისა და მართვის სიტემების სახელითაა ცნობილი, თავისი არსებობის 65 წლის მანძილზე, სამეცნიერო და აკადემიური მიღწევებითა და ინოვაციებით, უდიდესი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. ჩვენს უნივერსიტეტში, ამ ფაკულტეტზე წარმატებით ფუნქციონირებს იუნესკოს კათედრა – „ინფორმაციული საზოგადოება“, სწორედ იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ იუნესკოს როლი მსოფლიოს კულტურულ განვითარებასა და ისტორიაში უაღრესად დიდია. იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრა, რომელსაც გასულ წელს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა, დააფუძნა და მას წლების მანძილზე სათავეში ედგა აწ განსვენებული აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყოფილი რექტორი და საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში. დღეს იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრა, მეცნიერების დარგში რექტორის მოადგილის, პროფესორ თამარ ლომინაძის ხელმძღვანელობით, წარმატებით საქმიანობს. იუნესკოს კათედრის კოორდინატორია, პროფესორი ლევან ხეთაგური, რომელიც, ასევე, აქტიურად არის ჩართული ახალი პლატფორმის – „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქები“ განხორციელებაში. იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის მუშაობის ძირითადი თემატიკაა შემოქმედებითი აზროვნება, ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. პროფესორი თამარ ლომინაძე ფორუმის ერთ-ერთ სექციაში მონაწილეებს „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას გააცნობს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის იუნეკოს კათედრასა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, პროექტის ფარგლებში, შეუძლიათ მნიშვნელოვანი მისია იტვირთონ – პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე, განახორციელონ შემოქმედებითი, კულტურული, საგანმანათლებლო პროგრამები, რეალური პროექტები, მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და დასახლებებში ჩაატარონ ვორქშოფები, სემინარები, ტრენინგები იმ მიზნით, რომ რეგიონების ქალაქები და სოფლები გახდეს ტექნოლოგიური და ინოვაციური, რომ იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ყველა სახის რესურსზე, შეძლონ მათი მართვა-გამოყენება. ვიმედოვნებთ, იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრა, ჩვენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად ითანამშრომლებენ აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბსა და მის პლატფორმასთან, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები და მუნიციპალიტეტებში მცხოვრებნი კი ქმედითად დაინტერესდებიან ამ სიახლით, მიიღებენ თეორიულ ცოდნას და განივითარებენ აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს, რაც მათ ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევაში, ხოლო მუნიციპალიტეტებს კი ცნობადობის გაზრდასა ეკონომიკის განვითარებაში შეუწყობს ხელს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, წარმატებებს ვუსურვებთ მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს“, – აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში.

ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ნიდერლანდების სამეფოს ფონდი „კავკასიის“ მდივანი ჰენდრიკ მენნო ვან უილიამ სილფჰოუტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორი მინდია ჯალაბაძე.

ახალი პლატფორმის – „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქები“ – I საერთაშორისო ფორუმი 4 სესიად წარიმართა, რომელთაგან ორს – მოდერაციას უწევდნენ მეცნიერების დარგში სტუ-ის რექტორის მოადგილე, იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ლომინაძე და იუნესკოს კათედრის კოორდინატორი, პროფესორი ლევან ხეთაგური. სესიებზე ქართველმა და უცხოელმა დელეგატებმა, ეკონომიკის, კულტურული ტურიზმის, ინოვაციური ტექნოლოგიების, ღვინის ტექნოლოგიებისა და ინსტიტუციური მიმართულებით, პრეზენტაციები წარადგინეს.

სტუ-ი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, ავტორიზაციის თვითშეფასების ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურებისა და ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“, რექტორის 2023 წლის 13 თებერვლის N166224 ბრძანების პირველი პუნქტით შექმნილი ავტორიზაციის თვითშეფასების ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც  უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული თვითშეფასების დოკუმენტის პროექტი განიხილეს.
სხდომას ესწრებოდნენ: თვითშეფასების ჯგუფის წევრები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიური საბჭოს მდივანი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, სტუ-ის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სტუდენტური სერვისების ცენტრის და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფაკულტეტების დეკანები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშის პროექტის განხილვა და საბოლოო რედაქციის დადასტურება“ – შესახებ,  სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით მახვილაძემ მიაწოდა ინფორმაცია.
დავით მახვილაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ავტორიზაციის 7 სტანდარტის და მასში შემავალი 19 კომპონენტის შესრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ: უნივერსიტეტის აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ჩაატარა „ავტორიზაციის სტანდარტების შესრულებისა და პროცედურების შესახებ“ ტრენინგები/ვორკშოპები 3 ეტაპად. თითოეულმა ეტაპმა გაითვალისწინა კონკრეტული სამიზნე აუდიტორია და გაგრძელდა 2-2 დღე. უნივერსიტეტის რექტორის ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად, სტუ-ის სტრუქტურულმა ერთეულებმა უზრუნველყვეს უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით განსახორციელებელი თვითშეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის დიდი ნაწილის საქმისწარმოების დადგენილი წესით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარდგენა, ხოლო  ურთიერთთანამშრომლობის პირობებში, შემდგომ პერიოდში, მოხდა არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის დარჩენილი ნაწილით მაქსიმალური შევსება. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყველა სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობით, შეიმუშავა  ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის აღწერა / შეფასება / ანალიზის დოკუმენტი და გასცა კონკრეტული რეკომენდაციები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ მოქმედი ავტორიზაციის 7 სტანდარტისა და 19 კომპონენტის შესაბამისად.
თვითშეფასების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე იმართებოდა თვითშეფასების ჯგუფის სხდომები, სადაც განიხილებოდა კონკრეტული, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
ხაზგასასმელია, რომ უნივერსიტეტში ავტორიზაციის სტანდარტების, ისევე როგორც გარე შეფასების სხვა წარმოების ფარგლებში გათვალისწინებული/შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების პროცესი, არ არის შეზღუდული გარკვეული პერიოდულობით. უნივერსიტეტის ყველა მმართველი სუბიექტი, მართვის ორგანო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული თუ სტრუქუტურული ერთეული, მისთვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია ყოველდღიურად იზრუნოს პროცესის ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე.
წარმოდგენილი თვითშეფასების ანგარიშის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის თითოეული მიმართულებისა და ყველა რანგის თანამშრომელმა, შესაბამისი სამსახურებრივი კომპეტენციით. პროცესში მონაწილეობას იღებდნენ აგრეთვე დაინტერესებულ პირთა ფართო წრე.
სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ავტორიზაციის თვითშეფასების ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეფასდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, მზადაა სათანადო მტკიცებულებებით წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი.

სტუ ცნობილი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ცნობილი კომპოზიტორის ოჯახს, მეგობრებს, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და სამუსიკო საზოგადოებას.

,,მწუხარებას გამოვთქვამთ იმ დიდი დანაკლისის გამო, რაც ჩვენმა საზოგადოებამ გამორჩეულად საყვარელი კომპოზიტორის, პედაგოგის, საქართველოს სახალხო არტისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალებით განიცადა. მისი სახელი, ბრწყინვალე მელოდიები და სიმღერები, ყველა თაობაში რომ გასაოცარი პოპულარობით სარგებლობს, ღირსეულ  ადგილს დაიმკვიდრებს ქართული მუსიკალური ხელოვნების მატიანეში. სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ვაჟას ოჯახს, მეგობრებს, კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, ჩვენი ქვეყნის სამუსიკო საზოგადოებას – ყველას, ვისთვისაც ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ასე ძვირფასია“.

სტუ დასავლეთ საქართველოსა და სოფელ ასურეთთან დატრიალებული ტრაგედიების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, სამძიმარს უცხადებს დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად და სოფელ ასურეთთან, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულთა ოჯახებს.

„საუნივერსიტეტო საზოგადოება შეძრულია ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად  დატრიალებული ტრაგედიის, აჭარაში  – ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში ჩამოწოლილი ზვავისა და განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, რამაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. მწუხარებას გამოვთქვამთ სოფელ ასურეთთან საჰაერო ბურთის ჩამოვარდნით დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ასევე შეიწირა ადამიანების სიცოცხლე. სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებთ სტიქიისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტელეკომპანია „იმედს“… თვალს ვადევნებთ სტიქიის ზონებში მომუშავე მაშველთა კორპუსს და იმედს არ ვკარგავთ, რომ მეწყრის ზონაში დაკარგული ადამიანები უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“.

სტუ-ის პროფესორმა ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტში სალექციო კურსი ჩაატარა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, უკვე მეორედ იმყოფებოდა ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტში (პოლონეთი), სადაც  სამოქალაქო მშენებლობისა და გარემოს დაცვის სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებისათვის  სალექციო კურსი ჩაატარა და ინოვაციური საპროექტო სამუშაოები შეასრულა.

გივი გავარდაშვილი შეხვდა ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ ჯერზი ჯარასზევსკის. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირისა და ნატოს საგრანტო პროექტების მომზადების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ასევე,  Erasmus + ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მომზადების შესახებ.

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, 2021 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტს შორის, გაფორმებული კონტრაქტი ითვალისწინებს სალექციო კურსის (60 საათი) ჩატარებას თემაზე – ,,ინოვაციური მეცნიერება სამოქალაქო და გარემოს დაცვის მშენებლობაში“, ხოლო პრაქტიკული კი საკურსო სამუშაოების განხორციელებას  ინოვაციური გარემოსდამცავი კონსტრუქციების, კერძოდ, სამიარუსიანი კომბინირებული დრენაჟის, ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის, თოვლის ზვავის საწინააღმდეგო ინოვაციური კონსტრუქციის, მდინარის კალაპოტური ეროზიული პროცესების სტაბილიზაციისათვის ინოვაციური ნაგებობების და მთის ფერდობის წყლისმიერი ეროზიის მარეგულირებელი ბიო-საინჟინრო ღონისძიებების დაპროექტებისათვის მეცნიერული მეთოდოლოგიის დამუშავებას.  

„ვიზიტის ფარგლებში ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის გეოინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ დარიუზ პოპილარჩიკსთან განვიხილეთ 2024-2028 წლებში გეოინჟინერინგის ფაკულტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივა. პროფესორ დარიუზ პოპილარჩიკის თხოვნით,  ფაკულტეტის სამეცნიერო სემინარზე წარვდექი მოხსენებით – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ინოვაციური კვლევები და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში ინსტიტუტის მონაწილეობა“. ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის გეოინჟინერინგის ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო სემინარი რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები, გეოდეზიისა და სამოქალაქო მშენებლობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი იაცეკ რაპინსკი, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და უნივერსიტეტის სამოქალაქო მშენებლობისა და გარემოს დაცვის ინჟინერინგის სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი, რომელსაც აქტიურად დაუჭირა მხარი რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებ“, – აცხადებს გივი გავარდაშვილი. 

სალექციო კურსის დასრულების შემდგომ, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ ჯერზი ჯარასზევსკის მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და მოიწვია მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“. ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 99 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024 წლის 13-18 ივლისს   გაიმართება. 

სტუ-სა და ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მოხალისეთა ორგანიზაციას – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ შორის, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით,  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  დოკუმენტს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და მოხალისეთა ორგანიზაციის დირექტორმა, მალხაზ ქარაზანიშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა, სტუმრის სტატუსით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ესწრებოდა.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, მემორანდუმის  მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ახალგაზრდა თაობის ჩართვას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის არის და იქნება ქვეყნის აღმშენებლობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ავანგარდში. ჩვენი უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობა აქტიურად იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. უნივერსიტეტს დიდი წვლილი მიუძღვის სამხედრო ინჟინერიის განვითარების კუთხით. 30 წელზე მეტია საქართველო დამოუკიდებელია და მხოლოდ 2012 წლის შემდგომ პერიოდში არ ყოფილა უთანასწორო ომში ჩართული. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას მშვიდობა მოუტანა. დღეს უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა მოხალისეთა ორგანიზაციასთან – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“. დოკუმენტი მოხალისეთა სათანადო მომზადებას ითვალისწინებს. ვიმედოვნებ, ახალგაზრდა თაობას არასოდეს დასჭირდება სამხედრო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და საქართველო მშვიდობიანი გზით გაერთიანდება თავის ისტორიულ საზღვრებში, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის უპირველესი სამშობლოს დაცვაა და სწორედ თავდაცვის გასაძლიერებლად უნდა გავითავისოთ ყველა წესი, რაც მშვიდობის საფუძველს ქმნის“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

„ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორმა სტუდენტებს მოხალისეთა ორგანიზაციის ისტორია გააცნო. მალხაზ ქარაზანიშვილის ინფორმაციით, ორგანიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და „საქართველოს გენერალთა კლუბმა“ დააფუძნეს. მისი თქმით, რეკრუტირების პროგრამა, რომელიც პირველ ეტაპზე თბილისის მუნიციპალიტეტსა და ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა, მიმდინარე წლიდან მთელ საქართველოს მოიცავს.

„საქართველოს სახელმწიფო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს  სამოქალაქო აქტიურობას ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების მქონე სამოხალისეო სამსახურის ფორმირების საქმეში. ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურისა და „საქართველოს გენერალთა კლუბის“ მიერ დაფუძნდა მოხალისეთა ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“. ამ საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მოსახლეობის მოზიდვას სამოხალისეო საწყისებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. შესაბამისად, დგება  ხელმისაწვდომი, სათანადო კადრების, მათ შორის საუნივერსიტეტო კონტიგენტის მომზადების ამოცანა. ქვეყნის უსაფრთხოება შეუძლებელია სათანადოდ მომზადებული მოხალისეების გარეშე, რისთვისაც ვერთიანდებით  მემორანდუმზე ხელმომწერი ორგანიზაციები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დიდ ინტერესს იჩენენ და ჩვენს რიგებში ყველაზე მეტი მოხალისე სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია. წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტებს და მადლობა უნივერსიტეტის რექტორს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მალხაზ ქარაზანიშვილმა.

გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ სტუდენტებს საქართველოს უახლეს ისტორიაში წარმოებული ომების ისტორია გააცნო.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელთაც ახალგაზრდებს ინტერესი გაუღვივეს, რაც შეხვედრაზე აისახა. სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოამჟღავნეს, რაც პროექტში მათი ჩართულობის გარანტიაა. წარმატება მინდა ვუსურვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

შეხვედრის დასასრულს კობა კობალაძემ და მალხაზ ქარაზანიშვილმა სტუდენტების შეკითხვებს გასცეს პასუხები.

სტუ-ში აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“ ჩატარდა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილი ისტორიკოსის, ღირსების ორდენისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“, ჩატარდა.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის სანჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა, გახსნა სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. რექტორმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილე მეცნიერებს, დამსწრე საზოგადოებას, ნანა ხაზარაძის ოჯახის წევრებს და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონფერენციის დაფუძნების იდეა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020 წელს, ნანა ხაზარაძის დაბადებიდან 89 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე გაჟღერდა. ამავე წელს, მისი სახელის უკვდავსაყოფად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიკოს ნანა ხაზარაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. დავით გურგენიძემ ვრცლად ისაუბრა ნანა ხაზარაძის სამეცნიერო ღვაწლსა და პიროვნულ თვისებებზე. როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, 90-იან წლებში, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და სულისკვეთების გაღვივების პირველ ეტაპზე, ტექნიკური უნივერსიტეტში შეიქმნა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ისტორიის კათედრა, რითაც დაიწყო უმაღლესი საინჟინრო სკოლის ცხოვრების ახალი ეტაპი.

„აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე წლების მანძილზე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. სწორედ მისი თაოსნობით, 1990 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრა. კათედრა ორი სპეციალობის მაგისტრებსა და ბაკალავრებს ამზადებდა – სიძველეთა ტექნიკურ ექსპერტებს (ხელოვნებათმცოდნეებს) და კონფლიქტოლოგებს. 2015 წლიდან ნანა ხაზარაძე სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტს, სადაც მომავალ არქეოლოგებს სამივე საფეხურზე დღესაც ამზადებენ. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნანას, იმისთვის, რომ მან პირნათლად მოიხადა ვალი და აღზარდა შესანიშნავი თაობები. შემთხვევითი არაა დღევანდელი კონფერენციის თემა. დიახ, გზა ძველი ცივილიზაციიდან თანამედროვეობამდე – ეს არის ნანა ხაზარაძის მოღვაწეობის ძირითადი ასპექტი. წარმატებები მინდა ვუსურვო კონფერენციის მონაწილეებს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, თეოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ;  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ; ვესტმინსტერის უნივერსიტეტისა და სამეფო ანთროპოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა თამარ დრაგაძემ; კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა გურამ ლეჟავამ; უნივერსიტეტის სანჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა თემურ ჯაგოდნიშვილმა; ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ნიკო ჯავახიშვილმა და ალექსანდრე დაუშვილმა. ასევე,  ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერმა, პროფესორმა ვახტანგ ჯაფარიძემ, სხვა მოწვეულმა სტუმრებმა და სტუ-ის მკვლევრებმა. გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და სანჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს დიდი მეცნიერის ღვაწლის დაფასებისთვის.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“ სამ სექციად ჩატარდა, სადაც განსახილველად წარმოდგენილი იყო 60-მდე ნაშრომი. ღონისძიების დასასრულს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, ხოლო საქართველოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ქეთევან გაბრუაშვილმა სტუ-ის არქეოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარ ქალებს: ლია მელიქიშვილს, ნანა ბახსოლიანს, დარეჯან ცუცქირიძეს და თამარ ხოხობაშვილს სამეცნიერო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის მადლიერების სიგელები გადასცა.

ინფორმაციისთვის: აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე ფლობდა გიორგი მელიქიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემიებს. 2012 წელს ის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსი) იქნა არჩეული. ეკუთვნის 200-ზემეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 მონოგრაფია, მათგან 4 თანაავტორობით, 3 სახელმძღვანელო. მისი სტატიები დაბეჭდილია ქართულ, რუსულ და უცხოურ კრებულებში. მონაწილეობდა 128 სამეცნიერო კონფერენციასა თუ ფორუმში. 

 

სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერად პროფესორი ზაზა სოფრომაძე აირჩიეს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს (სენატი) პროფესორი ზაზა სოფრომაძე უხელმძღვანელებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის  და სენატის მეხუთე მოწვევის წევრების უფლებამოსილება  წარმომადგენლობითი საბჭოს დღევანდელმა სხდომამ სცნო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ბრძანების თანახმად წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მორიგი არჩევნები 2024 წლის 25 იანვარს დაინიშნა. სენატის წევრთა არჩევნები 13 ფაკულტეტსა და 12 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიმართა,  კენჭისყრა 23 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა. წარმომადგენლობით საბჭოს არჩევნებზე სულ რეგისტრირებული იყო 
102 კანდიდატი, აქედან: 30 პროფესორი, 44  სტუდენტი და 28  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი. საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა, სენატის არჩევნების კენჭისყრის პროცესი 17:00 საათზე დასრულდა. არჩევნები გაიმართა მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურამ და სტუდენტებმა წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრები აირჩიეს. სტუ-ის სენატის არჩევნები წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გაიმართა. კენჭისყრის შედეგად აირჩა წარმომადგენლობითი საბჭოს 85 წევრი, აქედან: 28  – აკადემიური პერსონალი, 28 – სტუდენტი, 28 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი.

სენატის სხდომაზე არჩევნების შედეგები დამსწრე საზოგადოებას სტუ-ის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით გორგიძემ გააცნო. ამავე სხდომაზე, წესდების შესაბამისად წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი იქნა არჩეული. დღეიდან სტუ-ის სენატს პროფესორი ზაზა სოფრომაძე უხელმძღვანელებს.

სტუ-ის სენატი აირჩევა 4 წლის ვადით უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე. ფაკულტეტებიდან სენატის წევრებად აირჩევიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი სენატის არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. სტუდენტები შეადგენენ სენატის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს.

 

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე „ამერიკული საბჭოების“ სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ორგანიზაციის – „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ – სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს, ტიმოთი კ. ბლაუველთს შეხვდა და მასთან ერთად სტუ-სა და ამერიკის უნივერსიტეტებთან სამომავლო კოოპერაციისა და კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრა „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (University Capacity Building Program – UCBP) მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაში, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა, მონაწილეობდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების საგრანტო პროექტებისა და უმაღლესი განათლების პროგრამების ხელმძღვანელი, სოფო ბზიშვილი, „ამერიკული საბჭოების“ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ კოორდინატორი ნათია სირდაძე, მეცნიერების დარგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ ლომინაძე, რექტორის მრჩეველი – აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, დოქტორი დავით მახვილაძე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ პირველ ფაზაზე მიზნად ისახავდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამეწარმეო კულტურის განვითარებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას, ასევე, უნივერსიტეტებს, ბიზნესსექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.  

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რექტორის, დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, პროგრამის პირველ ფაზაზე, განვითარებისა და მდგრადობის მიმართულებით, არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა და შესაბამისად, მაღალი შეფასება მიიღო, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას.  

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროგრამის მეორე ფაზის განხორციელების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მაქსიმალურად მოხდება სტუ-ის მიმდინარე გამოწვევების გათვალისწინება, ამერიკის სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში აპრობირებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ამერიკულ უნივერსიტეტებთან თუ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან პარტნიორობის გაძლიერება-განმტკიცება; განიხილეს ყველა ქმედითი შესაძლებლობისა და არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენების გზები, ასევე, მოსაზრებები შეაჯერეს პროგრამის მეორე ფაზის იმ ძირითად აქცენტებზე, რაც მოიცავს კვლევების ადმინისტრირების, კვლევის მენეჯმენტის, ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, ამერიკელი ექსპერტების მიერ ინტენსიური ვებინარებისა და სემინარების ჩატარებისა თუ ფონდების მოძიების საკითხების შესახებ.

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ხაზი გაუსვა ამერიკის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, თანადგომის მნიშვნელობას ქვეყნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცის განვითარებაში. მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოსა და „ამერიკულ საბჭოებს“ და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირადად მინისტრის, გიორგი ამილახვარის უშუალო ჩართულობით, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ წარმატებით ხორციელდება. დავით გურგენიძის განცხადებით, ამერიკულ უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან კოოპერაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ხელშესახებ შედეგებს მოუტანს.

შეხვედრაზე სტუ-ის რექტორმა სტუმრებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამერიკის შემსწავლელი ინსტიტუტის დაფუძნების ინიციატივა გააცნო.

„მიგვაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ერთ-ერთი მყარი საფუძველი სწორედ ჩვენს საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეებს შორის კოოოპერაცია იქნება. ამ პროცესში უნივერსიტეტებს თვალსაჩინო როლი აკისრიათ.  სწორედ ამ მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დავაფუძნოთ ამერიკანისტიკის ინსტიტუტი, რაც კავშირების გაძლიერების ქმედით გზად გვესახება. ამერიკის კვლევების ინსტიტუტის ამოქმედება არა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების სწრაფვას დემოკრატიისკენ, არამედ სტუდენტებს, მკვლევრებს და აკადემიურ პერსონალს ხელს შეუწყობს მეტად ახლოს გაიცნონ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია, ეზიარონ მის აწმყოსა და მომავალის გეგმებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკადემიური მიმართულებით, მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე გვაქვს კოლაბორაცია არიზონის უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სამეცნიერო კოლაბორაცია გვაკავშირებს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ სამეცნიერო ცენტრთან – Fermilab-თან, რომლის DUNE ექსპერიმენტში ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობენ. დიდი სურვილი გვაქვს, ამერიკულ უნივერსიტეტებთან მრავალმხრივი კოოპერაციის შესაძლებლობები გაგვიჩნდეს, გაფართოვდეს და გაღრმავდეს როგორც აკადემიური, ასევე, სამეცნიერო კოლაბორაციები და ისეთ მრავალფეროვან, გლობალურ ჭრილში წარიმართოს, როგორც ეს ევროპისა თუ აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, უდიდეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, პროგრამის ფარგლებში, საშურია, მჭიდრო ურთიერთობა დავამყაროთ, იმ ამერიკულ უნივერსიტეტებთან, რომლებიც სამეცნიერო-კვლევით ბმაში არიან ფერმის ლაბორატორიათან. ვფიქრობთ, სწორედ ეს იქნება დასაწყისი იმ მიზნობრივი სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობისა, რომელშიც ჩაერთვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები. უნივერსიტეტსა და მის ადმინისტრაციას, პროგრამის მეორე ფაზის მიმდინარეობის პროცესში, კონკრეტული მიზნები გვამოძრავებს – ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეალური შედეგები დავდოთ, რაც უნივერსიტეტს, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, აქტიური და მდგრადი განვითარების საშუალებას მისცემს. ამ დიდი საქმისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძალისხმევას არ დაიშურებს“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა, დავით გურგენიძემ.

„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამას“ (University Capacity Building Program – UCBP), საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ორგანიზაცია – „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ ახორციელებს.

 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?