თენგიზ თავზარაშვილის ხსოვნას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს თავზარაშვილების ოჯახსა და სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტს, ამავე ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერის თენგიზ თავზარაშვილის გარდაცვალების გამო.

„სამძიმარს ვუცხადებ თავზარაშვილების ოჯახსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტს, ღვაწლმოსილი თანამშრომლის ბატონ თენგიზ თავზარაშვილის გარდაცვალების გამო.

თენგიზ თავზარაშვილი მრავალი წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტს. იგი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, გულშემატკივრობითა და პასუხისმგებლობით.

თენგიზ თავზარაშვილის ღვაწლი და ადამიანური ღირსებები სამუდამოდ დარჩება როგორც თანამშრომლების, ისე სტუდენტებისა და მეგობრების გულებში.

გულით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – აღნიშნულია რექტორის
სამძიმრის წერილში.

სტუ-ის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი ჭიათურაში ეკოსისტემების მდგრადი განვითარების მიზნით კომპლექსურ კვლევას ატარებს

„პირველად, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ეკოსისტემებისა და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურების რისკების შეფასების მიზნით, კომპლექსური მეცნიერული კვლევა ხორციელდება. ჩვენი მიზანია შევაფასოთ ბუნებრივი და ანთროპოგენური გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პროცესების რისკები, მოვახდინოთ საშიში გეოლოგიური პროცესების იდენტიფიკაცია, ნიადაგის ეროზიის პროგნოზირებისათვის მეთოდოლოგიის ციფრული მოდელების გამოყენებით დავამუშაოთ, შევიმუშავოთ ეროზიის საწინააღმდეგო პრევენციული, ინოვაციური, საინჟინრო ღონისძიებები და რაც მთავარია, შევადგინოთ შესაბამისი მასშტაბის საფრთხეების ზონირების რუკა“, -აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერი გულჩინა კუჭავა. 

სტუ-ის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი საგრანტო პროექტის – „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოსისტემების და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურებისა და სტიქიური მოვლენების რისკების მინიმიზაცია ნიადაგის დეგრადაციის შემცირების მიზნით“ ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის კომპლექსურ კვლევას ატარებენ. 

მეცნიერები: გულჩინა კუჭავა (პროექტის ხელმძღვანელი), ლალი შავლიაშვილი (კოორდინატორი), მკვლევრები გივი გავარდაშვილი და გიორგი კორძახია, ახალგაზრდა მეცნიერები ეკატერინა შუბლაძე და ზურაბ რიკაძე შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, მუნიციპალიტეტში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამოსავლენად და  მათი გავლენის შესაფასებლად როგორც ეკოსისტემებზე, ისე სასურსათო პროდუქტზე. გარდა ამისა, პროექტის მიზანია ნიადაგის დეგრადაციის შემცირებისთვის ეფექტური გზების მოძიება. 

სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერის ლალი შავლიაშვილის განცხადებით კვლევა აქტუალური, ინოვაციური და პრიორიტეტულია. რეგიონში არსებული მანგანუმის დაბინძურების კერები დეტალურად იქნება შესწავლილი და განისაზღვრება მათი ზეგავლენა ეკოსისტემებსა და სასურსათო პროდუქტებზე.

GTU Cover (3).png

შემუშავდება და გაიცემა ბუნებრივი საფრთხეების დონეებისა და ეროზიის საწინააღმდეგო რეკომენდაციები ნიადაგის დეგრადაციის მინიმიზაციისათვის, მოხდება საშიში გეოლოგიური პროცესების ინვენტარიზაცია, განისაზღვრება მოსალოდნელი საშიშროები და მასთან დაკავშირებული რისკები. 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია უნიკალური ბუნებრივი გარემოთი. თუმცა, მანგანუმის ინტენსიურმა მოპოვებამ სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები წარმოშვა. ჩვენი კვლევის მიზანია სწორედ ამ გამოწვევების სამეცნიერო ანალიზი და ისეთი რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც პრაქტიკულად გამოყენებადი იქნება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, ასევე, სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შედეგები არა მხოლოდ ნიადაგის დეგრადაციის შემცირებას, არამედ ეკოსისტემების სისუფთავის აღდგენას და მომავალში სტიქიური მოვლენების პრევენციასაც შეუწყობს ხელს”, – აცხადებს ლალი შავლიაშვილი.

სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, პროექტის შედეგები არ შემოიფარგლება მხოლოდ კვლევითი მიზნებით, არამედ მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება პრაქტიკულ დონეზეც, მიღებული რეკომენდაციები კი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ადგილობრივი გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ეკოსისტემების მდგრადობის განმტკიცებას.

„ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მისიაა ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონების პრობლემებზე რეაგირება და ინოვაციური სამეცნიერო კვლევების განხორციელება. ჭიათურის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად აუცილებელია გარემოსდაცვითი საკითხების სიღრმისეული შესწავლა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის თვალსაზრისითაც. ვამაყობ ჩვენი მეცნიერებით, რომლებიც რეალურ გამოწვევებს ცოდნისა და კვლევის საფუძველზე პასუხობენ”, – აცხადებს მიხეილ ჯანიკაშვილი.

სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

  • ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგისა და პროგნოზების განყოფილებაში: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული

განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 06 ოქტომბრიდან – 08 ოქტომბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 150გ, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, პასუხისმგებელი პირი ნაილი კაპანაძე, ტელ: 555 48 84 09, 032 295 10 47, 032 265 03 22.

კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 10 ოქტომბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 10 ოქტომბრისა, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2025 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; 

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსებისა და საქმისწარმოების სამსახურში. 
 
III. კონკურსის ჩატარების წესი

  • კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;
  • საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სტუ-ის მეცნიერები კლიმატური ცვლილებებისა და საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების შესწავლის მიზნით კვლევას ატარებენ

„კლიმატის გლობალური ცვლილებების ფონზე საქართელოში მკვეთრად გაიზარდა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების ინტენსივობა და ხანგრძლივობა. ამის დასტურია გრიგალური ქარისა და ქარბორბალას გახშირებული შემთხვევები, რაც ადრე არ დაფიქსირებულა. მაგალითად, 2021 წლის 25 სექტემბერს, ქალაქ ფოთში ერთ-ერთ ტერმინალზე, განვითარდა ტორნადო (ქარბორბალა), რასაც მოჰყვა ინფრასტრუქტურის დაზიანება. 2023 წლის 4 ივნისს კი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა ტორნადო. სოფელ ვაჩიანში ძლიერ სეტყვას ქარი მოჰყვა, რომელიც ტორნადოში გადაიზარდა და სოფელში ბევრ სახლს სახურავი გადახადა. 2024 წლის 25 ივნისის ტორნადომ კახეთში დაგლიჯა ხეები. სტიქიამ დააზიანა ალავერდის გუმბათი, როგორც შიდა, ასევე, გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. 2024 წლის 9 ივნისს, იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სტიქიამ დააზარალა მოსახლეობა. საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები და საცხოვრებელი სახლები.მოსალოდნელია, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეები, როგორიცაა ძლიერი წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, ზვავი, სეტყვა, ქარიშხალი, გვალვა და ა.შ. უფრო ხშირი და მძიმე გახდება კლიმატის ცვლილების, ეკოსისტემის დეგრადაციის, მოსახლეობის ზრდისა და ურბანიზაციის გამო”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მიხეილ ფიფია საგრანტო პროექტის – „საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების კვლევა საქართველოს ტერიტორიაზე”, შეფასებისას აცხადებს. 

საგრანტო პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თანაწამყვანი კი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შესაბამისად, პროექტი ხორციელება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ბაზებზე, სადაც დასახული ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი კვლევითი გარემოა შექმნილი. 

ქავერი-კლიმატური-ცვლილებები.png

პროექტში ჩართულნი არიან – სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნაზიბროლა ბეგლარაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი) და მიხეილ ფიფია (პროექტის კოორდინატორი), თანაწამყვანი ორგანიზაციიდან კი, თსუ-ის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფეროს ფიზიკის სექტორის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ნინო ჯამრიშვილი (პროექტის ძირიტადი შემსრულებელი). ზემოთ ჩამოთვლილი მეცნიერები საგრანტო პროექტის “საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების კვლევა საქართველოს ტერიტორიაზე” ფარგლებში, კვლევას ატარებენ. 

როგორც ნაზიბროლა ბეგლარიშვილი აცხადებს, კვლევის მიზანია საქართველოში საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების (თავსხმა ნალექი, გვალვა, წაყინვა, ძლიერი ქარი, სეტყვა, ნისლი) კლიმატური მახასიათებლების გამოკვლევა (ინტენსივობა, დღეთა რიცხვი, არეალები, განმეორადობა, ხანგრძლიობა). 

„საქართველოსთვის შეიქმნება ბოლო 50 წლის პერიოდის1973-2022 წლებისთვის, მეტეოროლოგიური მოვლენების მონაცემთა ბაზა, შემუშავდება კლიმატური მახასიათებლების – ინტენსივობის, დღეთა რიცხვის, განმეორადობის გეოინფორმაციული რუკები. დადგინდება ძირითადი არეალები, ხანგრძლიობა და გამოვლინდება ამ მახასიათებლების გეოგრაფიული კანონზომიერებები. პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების (თავსხმა ნალექი, გვალვა, წაყინვა, ძლიერი ქარი, სეტყვა, ნისლი) მონაცემთა ბაზის ფორმირებაში მდგომარეობს. ხდება მონაცემთა დამუშავება, ეს მონაცემებია: ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისა და მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის საარქივო მასალები, მუნიციპალიტეტებიდან მიღებული კლიმატური ცნობარები სტიქიისგან მიყენებული დაზიანებების შესახებ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით და ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციები. თითოეული საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა თავისებურებებით ხასიათდება, სწორედ ამ თავისებურებების გათვალისწინებით მოხდება ამ მოვლენების ინტენსივობის კომპლექსური შეფასება. შესრულებული სამუშაოს საფუძველზე შეიქმნება სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების ინტენსივობის, აგრეთვე მათი საშუალო და უდიდეს დღეთა რიცხვის გეოინფორმაციული რუკები. ასევე, მოხდება საკვლევი საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების შეფასება. დასკვნით ეტაპზე მოხდება წინა პერიოდებში შესრულებული სამუშაოების შეჯამება. ჩატარდება შემუშავებული გეოინფორმაციული რუკების და გამოკვლეული საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების სივრცულ-დროითი ანალიზი, მათი მრავალწლიური ცვლილების შეფასება, გამოვლინდება ახალი გეოგრაფიული კანონზომიერებები. საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კვლევაში მეთოდების კომპლექსური გამოყენებით განისაზღვრება პროექტის განხორციელების ინოვაციური მიდგომა“, – აცხადებს ნაზიბროლა ბეგლარიშვილი.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტის დასრულების შედეგად შეიქმნება დამხმარე/საგანმანათლებლო ლიტერატურა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ინტელექტუალურ საკუთრებად და მკვლევართა გუნდის წევრების მიერ გამოყენებული იქნება უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის შესაბამისი სალექციო კურსებში. 

სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე – register.gtu.ge, 2025 წლის 25 აგვისტოდან 1-ელი სექტემბრის ჩათვლით;
  • სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის 4 ნაწილიდან, რომელიმე სამში მაინც აქვს გადალახული მინიმალური ზღვარი;
  • გამოცდა/გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2025 წლის 3 სექტემბერს, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდება 2025 წლის 4 სექტემბერს. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2025 წლის 3 სექტემბრიდან 5 სექტემბრის 12:00 საათამდე, გამოცდის ჩატარების ადგილზე. საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2025 წლის 5 სექტემბერს;
  • სასპეციალიზაციო გამოცდები ჩატარდება 2025 წლის 5 სექტემბერს და პირველადი შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 6 სექტემბერს, რომელიც იმავე დღესვე განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე 2025 წლის 5 სექტემბრიდან 8 სექტემბრის 12:00 საათამდე; სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები (აპელაციის გათვალისწინებით) გამოცხადდება 2025 წლის 8 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისა და სასპეციალიზაციო გამოცდის შედეგების საფუძველზე (საკონკურსო ქულა) შექმნილი სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტი (ჩასარიცხ აპლიკანტთა სიები) განთავსდება 2025 წლის 9 სექტემბერს;
  • სტუ-ის ფაკულტეტების დეკანატებში მაგისტრანტობის კანდიდატებმა სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ 2025 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით (კვირა დღის გარდა).

საჭირო დოკუმენტები და ინსტრუქცია:

  • დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

სტუ-ის ინსტიტუტი „ტექინფორმი” ERASMUS+ CBHE-ის ERIC-GE პროექტის კოორდინატორია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტმა “ტექინფორმი” ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსში გაიმარჯვა. ინსტიტუტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში პროექტის  „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“  (ERIC-GE), კოორდინატორი იქნება.  ეს კი,  მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული სამეცნიერო სივრცისთვის, იმდენად, რამდენადაც პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური შესაძლებლობების გაფართოებას, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, მეცნიერების თანამედროვე  მეთოდების შეფასების გაცნობას და მათ სასწავლო პროცესში ინტეგრირებას.   

საქართველოდან კონკურსში მხოლოდ ხუთმა პროექტმა გაიმარჯვა, რომელთაგან სამი კოორდინატორის სტატუსით განხორციელდება. ერთ-ერთი ასეთი წამყვანი პროექტის  ERIC-GE-ის კოორდინატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი” გახდა. 

სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარიამ რაზმაძის თქმით,  ERIC-GE (Enhancing Research and Innovation Capacities in Georgia’s Higher Education) მიზნად ისახავს ევროპული გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას. ასევე, კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

როგორც მარი რაზმაძე აცხადებს, პროექტის ფარგლებში შემუშავდება ახალი სასწავლო საუნივერსიტეტო კურსი მეცნიერებათმზომელობაში და ინოვაციური ინტენსიური ტრენინგ-მოდული აკადემიური პერსონალისა და მეცნიერთათვის. 

„პროექტი მიზნად ისახავს ამერიკული კომპანია Clarivate Analytics-სა და ორ ევროპელ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად სრულიად ახალი სასწავლო კურსის შემუშავებას და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესში მის ინტერგრირებას. ასევე,  უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით მეცნიერების მენეჯმენტის საუნივერსიტეტო პოლიტიკის მოდერნიზებას ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე ინსტრუმენტების დანერგვას და ERA-ს სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანას. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირის პარტნიორთა კონსორციუმი, რაც გააუმჯობესებს უმაღლესი სასწავლებლების შესაძლებლობებს კვლევის გავლენის შეფასებაში, ინოვაციების ხელშეწყობასა და სწავლებისა და კვლევის პრაქტიკების დახვეწაში, საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კურსი საქართველოში პირველად განხორციელდება საუნივერსიტეტო დონეზე და სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცევა. მისი შინაარსობრივი მრავალფეროვნება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეცნიერების პოპულარიზაციასა და მის საგანმანათლებლო პროცესთან მჭიდრო ინტეგრაციაში. პროექტის – „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE), კონსორციუმში ჩართულია 8 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – 6 საქართველოს, 2 კი, ევროპის მასშტაბით. პროექტმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში  355,977 ევროს ოდენობის დაფინანსება  მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ინსტიტუტი „ტექინფორმი“ დარჩენილი ოთხი პროექტიდან, პარტნიორი ორგანიზაციის სტატუსით, დამატებით ორშიც გახდა გამარჯვებული. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ, ევროპისა და აზიის ქვეყნების პარტნიორობით, სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესების განხორციელებას ვუხელმძღვანელებთ, რაც ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს”, – აცხადებს მარი რაზმაძე. 

სტუ-ის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის, დოქტორ ნელი მახვილაძის განცხადებით, ERIC-GE პროექტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობის დასტურია და იგი განიხილება როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პლატფორმა საქართველოს უმაღლესი განათლების ინსტიტუტებისთვის, რაც კვლევითი ხარისხის, აკადემიური სტანდარტების და ინოვაციური შესაძლებლობების ევროპულ ხარისხთან კიდევ მეტად დაახლოების საშუალებას იძლევა.  

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი ინსტიტუტი „ტექინფორმი“ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ პროექტის განხორციელებაში, როგორც კოორდინატორები, რაც უზრუნველყოფს დაგეგმილი ყველა აქტივობის ჩატარების ხარისხისა და ევროპული სტანდარტების სრული დაცვას. ტექინფორმის ხელმძღვანელის როლი ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან იგი ადასტურებს, რომ ქართულ აკადემიურ სივრცეს როგორც წამყვან პარტნიორს ენდობიან ევროპულ კვლევით და საგანმანათლებლო ინიციატივებში. პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების მოტივაციის გაძლიერებაში. ამით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აძლიერებს თავის საერთაშორისო რეპუტაციას, ხელს უწყობს კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას და აქტიურად მონაწილეობს უმაღლესი განათლების სფეროს მდგრადი განვითარების სტრატეგიების რეალიზებაში”, – აცხადებს ნელი მახვილაძე. 

სტუ-ის მეცნიერები სამხედრო გზის – ნატახტარი – მლეთის მონაკვეთს სწავლობენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი, საგრანტო პროექტის – „საქართველოს სამხედრო გზის ნატახტარი-მლეთის მონაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა სატრანსპორტო მიმოსვლის უსაფრთხოების მიზნით“, ფარგლებში საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას ატარებს. 

კვლევას აწარმოებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ზურაბ კაკულიას, გიორგი გაფრინდაშვილის, ირაკლი რამიშვილის, დალი ჩუტკერაშვილის, გიორგი ტლაშაძის შემადგენლობით.

პროექტის ხელმძღვანელია ზურაბ ვარაზაშვილი. კვლევის მთავარი მიზანია საქართველოს სამხედრო გზის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ მონაკვეთზე საინჟინრო-გეოლოგიური პროცესების დეტალური შესწავლა და იმ რისკ-ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც საფრთხეს უქმნის გზის სტაბილურობასა და სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოებას. კვლევა მოიცავს რთული გეოდინამიკური პროცესების – მეწყრული, ეროზიული და ნალექებით გამოწვეული დესტრუქციული მოვლენების მონიტორინგსა და ანალიზს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის ზურაბ ვარაზაშვილის თქმით, საქართველოში სენსიტიური უბნები და რაიონები მრავლადაა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი თავისი აქტიურობითა და შედეგებით მდინარე არაგვის ხეობა, იქ არსებული ფერდობებიდან მომდინარე სხვადასხვა სახის საშიშროებაა. 

„სატრანსპორტო დერეფანი, სადაც ვატარებთ კვლევას, მაღალმთიან რელიეფშია გაყვანილი. აქ არსებული გეოლოგიური პირობები საკმაოდ რთულია, რაც თანამედროვე გეოდინამიკური მოვლენებისა და პროცესების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს, ყოველივე ეს კი, გზის უსაფრთხო ფუნქციონირებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. საქართველოს სამხედრო გზა და მისი მონაკვეთი ნატახტარი – მლეთა, დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მასშტაბური გარდაქმნების ფონზე არა მხოლოდ საავტომობილო მიმოსვლის საშუალებაა, არამედ პოლიტიკური არტერიაა, რომელზეც დაკიდებულია როგორც ჩვენი უშუალო მეზობელი სახელმწიფოების, არამედ აზიის სხვა ქვეყნების ინტერესები. ამ სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა არაა დამაკმაყოფილებელი. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, სწორედ ღვარცოფული და სხვა გეოდინამიკური მოვლენებიც აფერხებენ მას. კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ კონკრეტულ უბნებზე საშიში გეოლოგიური მოვლენების (ჩვენ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ღვარცოფები იგულისხმება), ზემოქმედების მასშტაბები და განვსაზღვროთ ის პირობები, რომლის დროსაც ამ მოვლენის წარმოქმნას ექნება ადგილი. ასევე შესაძლებელია შევარჩიოთ შესაბამისი დამცავი ღონისძიებები. ყველაფერი ეს ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა შენობების და განსაკუთრებით ხაზობრივი ნაგებობების დასაცავად“, – აცხადებს ზურაბ ვარაზაშვილი. 

სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, კვლევის საბოლოო შედეგები ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მყისიერი გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხო და მდგრად ფუნქციონირებას.

„საქართველოს სამხედრო გზის ნატახტარი–მლეთის მონაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა წარმოადგენს მაღალმნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო არტერიაზე მოქმედი გეოდინამიკური პროცესების სისტემურ შესწავლასა და მათი პროგნოზირების მეცნიერულ უზრუნველყოფას. სამუშაოები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მონაკვეთი გამოირჩევა რთული პირობებით და მრავალფეროვანი საფრთხის მომტანი ბუნებრივი პროცესებით. ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევები ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის, გეომორფოლოგიისა და დისტანციური ზონდირების თანამედროვე მეთოდებს. ასეთი ინტეგრირებული ანალიზი შესაძლებლობას იძლევა მოხდეს არსებული და პოტენციური გეოლოგიური რისკების იდენტიფიკაცია, მათი სივრცითი გავრცელების ზუსტი დადგენა და დინამიკის პროგნოზირება. მიღებული შედეგები არა მხოლოდ გააფართოვებს ჩვენს ცოდნას რეგიონის გეოლოგიურ სტრუქტურასა და პროცესებზე, არამედ შექმნის მეცნიერულ საფუძველს პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, პროექტი ხაზს უსვამს უნივერსიტეტის კვლევით პოტენციალს, რომელიც მიმართულია როგორც ფუნდამენტური მეცნიერული ამოცანების გადაჭრისკენ, ისე მათი პრაქტიკაში ეფექტიანი დანერგვისკენ“, – აცხადებს ჯანიკაშვილი. 

საგრანტო პროექტი – „საქართველოს სამხედრო გზის ნატახტარი-მლეთის მონაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა სატრანსპორტო მიმოსვლის უსაფრთხოების მიზნით“, 2027 წელს დასრულდება. 

სტუ-ის მეცნიერები პოლიმერული ნარჩენების გადამუშავებისთვის ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად ეფექტური ტექნოლოგიის შესამუშავებლად კვლევას ატარებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები, ნათელა ძებისაშვილი და დარეჯან დუღაშვილი, საგრანტო პროექტის – „პოლიმერული ნარჩენების თერმული დამუშავებით ახალ მრავალფუნქციური მასალის მიღება“ – ფარგლებში,  პოლიმერული ნარჩენების გარდაქმნის პროცესებს და ახალი მასალების მიღების შესაძლებლობებს იკვლევენ. 

თერმული დამუშავების შედეგად მიღებული ახალი მასალა გამოირჩევა მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობით, განსაკუთრებით სამშენებლო, ენერგეტიკულ და ელექტრონულ სფეროებში. შესაბამისად, კვლევის მთავარი მიზანია პლასტმასისა და სხვა პოლიმერული ნარჩენების შემცირება და მათი გადამუშავება ისე, რომ ნარჩენი გარდაიქმნას ღირებულ და პრაქტიკულად გამოყენებად რესურსად.

სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, პროექტი არა მხოლოდ გარემოსდაცვით გამოწვევებზე რეაგირებაა, არამედ საშუალებას იძლევა შეიქმნას ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური და სამრეწველო განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.

„პოლიმერული ნარჩენების თერმული დამუშავებით ახალი, მრავალფუნქციური მასალის მიღების კვლევა წარმოადგენს განსაკუთრებით აქტუალურ და აუცილებელ მიმართულებას, რომლის მიზანიც არის თანამედროვე გარემოსდაცვითი და ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის არგუმენტირებული პასუხის გაცემა. ცნობილია, რომ პლასტმასისა და სხვა პოლიმერული ნარჩენების მასშტაბური ზრდა ქმნის როგორც ეკოლოგიურ, ისე ეკონომიკურ პრობლემას, რომლის ეფექტიანი გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ ინოვაციური და ინტერდისციპლინარული მიდგომების გამოყენებით. კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ თერმული გარდაქმნის პროცესის შედეგად შესაძლებელია ნარჩენების მოცულობის შემცირება და პარალელურად, ახალი ტიპის მრავალფუნქციური მასალის მიღება. მსგავსი მასალები, თავისი მექანიკურ-ფიზიკური და ქიმიური თვისებების მიხედვით, პოტენციურად ფართოდ გამოიყენება როგორც სამშენებლო ინდუსტრიაში, ისე ენერგეტიკაში, ელექტრონიკაში და მასალათმცოდნეობაში. გარდა ამისა, ნარჩენების ღირებულ პროდუქტად ტრანსფორმაცია სრულად ერგება წრიული ეკონომიკის პრინციპებს, რაც თანამედროვე ეკონომიკურ პოლიტიკაში ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აცხადებს მიხეილ ჯანიკაშვილი.

პროექტის კოორდინატორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ნათელა ძებისაშვილის თქმით, კვლევა გამოირჩევა მაღალი პრაქტიკული სარგებლიანობითა და მეცნიერული ღირებულებით, მის შედეგებს კი რეალური პოტენციალი აქვს გახდეს როგორც სამრეწველო გამოყენების, ისე ახალი თეორიული ცოდნის წყარო.

„ჩვენი კვლევის მთავარი მიზანია პოლიმერული ნარჩენების ეფექტური გადამუშავება ისეთი პროცესებით, რომელიც იქნება როგორც ეკოლოგიურად უსაფრთხო, ასევე ეკონომიკურად ხელმისაწვდომი. თერმული დამუშავების პროცესის ოპტიმიზაციით, ჩვენ ვღებულობთ ახალ, მრავალფუნქციურ მასალას, რომელსაც აქვს ფართო გამოყენების პოტენციალი სამშენებლო, ენერგეტიკულ და ელექტრონულ სფეროებში. გარდა ამისა, CaO-ს გამოყენება საშუალებას გვაძლევს მინიმუმამდე შევამციროთ მავნე აირების გამოყოფა, რაც ამ კვლევას ასრულებს როგორც გარემოსდაცვითად მნიშვნელოვანს პროექტს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მიდგომა არ არის მხოლოდ ნარჩენების ნეიტრალიზაცია. მიღებული მასალა წარმოადგენს პრაქტიკულად გამოყენებად რესურსს, რაც ხელს უწყობს როგორც ინოვაციური პროდუქციის შექმნას, ისე წრიული ეკონომიკის პრინციპების საქართველოში დანერგვას. კვლევა აერთიანებს ინჟინერიას, ქიმიას და მასალათმცოდნეობას და გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანიც აღმოჩნდეს“, – აცხადებს ნათელა ძებისაშვილი. 

მეცნიერული თვალსაზრისით, კვლევა – „პოლიმერული ნარჩენების თერმული დამუშავებით ახალ მრავალფუნქციური მასალის მიღება“, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, იმდენად, რამდენადაც, ხელს უწყობს თერმული პროცესების მექანიზმების სიღრმისეულ შესწავლას, კატალიზატორული სისტემების ოპტიმიზაციასა და ახალი მასალების სტრუქტურული მახასიათებლების აღმოჩენას, ამასთან, კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად შეავსებს არსებული ცოდნის ბაზას პოლიმერული ნარჩენების დამუშავების, მასალათმცოდნეობისა და ეკოლოგიურად ორიენტირებული ინჟინერიის სფეროში. კვლევის განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეროვნული სამეცნიერო სივრცისთვის, არამედ გლობალური თანამშრომლობის კონტექსტშიც.

გამოცხადდა ღია კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ,,ტალღას“ სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

  • სამეცნიერო-ტექნიკური განყოფილების 
  • მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული

განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 02 ოქტომბრიდან – 06 ოქტომბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №5, ინსტიტუტი ,,ტალღა“, მე-6 სართული, ოთახი№622. პასუხისმგებელი პირი: ვალერიან ვაჩაძე, ტელ: 599 145 413.

კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 08 ოქტომბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 08 ოქტომბრისა, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2025 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; 

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში. 

III. კონკურსის ჩატარების წესი

  • კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ინსტიტუტი ,,ტალღას“ სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე.
  • საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სტუ-ის მეცნიერები რაჭა-ლეჩხუმსა და თბილისში ისტორიული ძეგლების დაცვის მექანიზმის შესამუშავებლად კვლევებს ატარებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი საგრანტო პროექტის „ისტორიულ-არქიტექტორული მემკვიდრეობის გრძელვადიანი დაცვის შენარჩუნების მექანიზმების მეთოდოლოგიის შემუშავება კლიმატის ცვლილების პირობებში” ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმსა და თბილისში ისტორიული ძეგლების დეგრადაციის მიზეზების იდენტიფიკაციასა და გრძელვადიანი დაცვის მექანიზმების შემუშავებაზე კვლევებს ატარებენ. ამასთანავე, მუშაობის პროცესში მკაცრად დაცულია ძეგლების ავთენტურობის და პირვანდელი სახის შენარჩუნება. 

პროექტის „ისტორიულ-არქიტექტორული მემკვიდრეობის გრძელვადიანი დაცვის შენარჩუნების მექანიზმების მეთოდოლოგიის შემუშავება კლიმატის ცვლილების პირობებში”, სამეცნიერო ხელმძღვანელია ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნათელა ძებისაშვილი, ინტერდისციპლინარული მიდგომის უზრუნველსაყოფად კვლევაში ჩართული არიან ამავე ინსტიტუტის ქიმიკოსები, ეკოლოგები, გეოგრაფები, მასალათმცოდნეები და რესტავრატორები: ნუგზარ ბუაჩიძე, ლელა ნინოშვილი, ელენე შაფაქიძე, დარეჯან დუღაშვილი. ქართველ მეცნიერთა ჯგუფს კონსულტაციებს უწევს ბაიროითის უნივერსიტეტის პროფესორი ოლივერ სასი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დეგრადაციის ფაქტორების კვლევისა და რეაბილიტაციის სფეროში.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის თქმით, კვლევისთვის შერჩეულია ორი რეგიონი განსხვავებული კლიმატური პირობებით, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმი (ნიკორწმინდა, ბარაკონი) და თბილისი (სიონი, ანჩისხატი). როგორც ნათელა ძებისაშვილი აღნიშნავს, კვლევისას პრიორიტეტი ენიჭება ძეგლებს, რომლებიც ისტორიულად და კულტურულად განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენენ და ამასთანავე, მეტ-ნაკლებად მოწყვლად მდგომარეობაში არიან.

GTU Cover.png

„კულტურულ მემკვიდრეობაზე ანთროპოგენული ზეგავლენის ნეგატიური შედეგები თვალსაჩინოდ ვლინდება ჩვენი ქვეყნის როგორც მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ურბანულ გარემოში. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმში XX საუკუნის 50-იან წლებში მოწყობილმა შაორის წყალსაცავმა მნიშვნელოვნად შეცვალა ადგილობრივი მიკროკლიმატი, ხოლო მსხვილ ქალაქებსა და ინდუსტრიულ რაიონებში ძეგლები განიცდიან მძიმე ზეწოლას როგორც კლიმატური, ისე ინტენსიური ანთროპოგენული ფაქტორების ერთობლივი გავლენის შედეგად. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ძეგლების დეგრადაცია აზიანებს მოსახლეობის კულტურულ თვითშეგნებას, იწვევს ისტორიული მეხსიერების და ტურისტული ინტერესის დაკარგვას, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს ძეგლების მიმართ მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას და ადგილობრივ ინიციატივებში ჩართულობას. დაგეგმილია რეკომენდაციების და სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც დაეხმარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპეციალისტებს. მთავარ კითხვაზე – რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული პოლიტიკის დონეზე ამ პრობლემის გასამკლავებლად? ჩვენი პასუხი ასეთია – აუცილებელია პრევენციული დაცვის სისტემის დანერგვა, მეცნიერული მონიტორინგის გაძლიერება, რეგულაციების ეფექტური აღსრულება, საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია, საზოგადოების ჩართულობა მათი ცნობიერების ამაღლება“, – აცხადებს ნათელა ძებისაშვილი.

კვლევის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგია და რეკომენდაციები გამოყენებული იქნება, როგორც ახალი რესტავრაციის სტრატეგიებში, ასევე, ძეგლების პრევენციულ დაცვის ღონისძიებებში როგორიცაა, მაგალითად ტენიანობის კონტროლი, სორბენტების გამოყენება და ა.შ.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?