სტუ-ის რექტორი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხვას. თქვენი ცხოვრების ეს ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი არის ფუნდამენტი, საიდანაც იწყება საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური გზა განათლებისა და მეცნიერებისკენ, შემეცნებისა და პიროვნული განვითარებისკენ. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ამ გზაზე შექმნის თავის ისტორიას, უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას კი მაქსიმალურად მოახმარს ქვეყნის აღმშენებლობას. 

დარწმუნებული ვარ, იცით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში უძველესი და უდიდესი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლაა, რომელიც მრავალი წელია წარმატებით ავითარებს ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც. აქ განათლების მიღება სრულად შეესაბამება ევროატლანტიკურ აკადემიურ და კვლევით სტანდარტებს და გაძლევთ საშუალებას, პარალელურად, პრაქტიკული გამოცდილება მიიღოთ, რაც პროფესიული განვითარებისა და წინსვლის საფუძველს მოგცემთ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თქვენ დაგხვდებათ განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აუდიტორიები, ლაბორატორიები და ინოვაციური სწავლების სივრცეები, სადაც საშუალება გექნებათ განივითაროთ საინჟინრო, ტექნოლოგიური და სამეცნიერო უნარები. საქართველოს ხელისუფლების მიერ პრიორიტეტულად აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, ჩვენს უნივერსიტეტში, ქვეყნის მასშტაბით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, ყველაზე მეტი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული მხარდაჭერა შესაძლებელი გახდა საქართველოს ხელისუფლების საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის შედეგად, რაც ნათლად უსვამს ხაზს ხელისუფლების ხედვას განათლებაში ინვესტირების, როგორც ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორის, მნიშვნელობაზე.

ვამაყობთ, რომ უნივერსიტეტში მოქმედებს თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები და სამეცნიერო ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტები და მეცნიერები ერთობლივი კვლევების საფუძველზე ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს ქმნიან. 

ჩვენთვის უმთავრესია, ახალგაზრდებმა მიიღონ ისეთი განათლება, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას როგორც საქართველოს შრომით ბაზარზე, ასევე საერთაშორისო სივრცეში. ამ მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალმხრივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პარტნიორობა აკავშირებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან, უმსხვილეს კვლევით ცენტრებსა და ორგანიზაციებთან. მათთან თანამშრომლობით აქტიურად ხორციელდება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამები, ასევე, ორდიპლომიანი საგანმანათლებლო პროგრამები. საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ერთადერთია ქვეყანაში, რომელმაც საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა. ახლო მომავალში კი უნივერსიტეტი საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად კიდევ რამდენიმე პროგრამას წარადგენს. 

გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გთავაზობთ მრავალფეროვან სპორტულ აქტივობებს და მათ შესაბამის თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რაც ხელს შეუწყობს თქვენს ფიზიკურ განვითარებასა და გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას; ხელოვნების მოყვარულ ახალგაზრდებს კი შესაძლებლობა მოგეცემათ, საუნივერსიტეტო სივრცეში ჩაერთოთ ქორეოგრაფიულ, მუსიკალურ, თეატრალურ და სხვა საშემსრულებლო ჯგუფებში, მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა კულტურულ პროექტში, რაც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ხედვის განვითარებას და მრავალფეროვანს გახდის თქვენს სტუდენტურ ცხოვრებას.

ძვირფასო სტუდენტებო, თქვენ უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი ოჯახის ნაწილი ხართ. მჯერა, რომ თქვენი ძალისხმევა, მიზანდასახულობა და ინტელექტუალური პოტენციალი თქვენი პროფესიული და პიროვნული წინსვლის მყარი საფუძველი გახდება. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ღირსეულ მონაწილეობას და ბედნიერ სტუდენტურ წლებს“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში. 

სტუ-ის მეცნიერებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წყლებში, ნიადაგსა და სასურსათო პროდუქტებში კვლევა ჩაატარეს

„პროექტის ფარგლებში GIS სისტემაში შეიქმნა ნიადაგის დარიშხანით დაბინძურების რუკა და გამოვლინდა დაბინძურების ცხელი წერტილები, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოსდაცვითი გადამჭრელი ღონისძიებების განხორციელების, ბუნებრივი წყლების, ნიადაგებისა და სასურსათო პროდუქტების სისუფთავის დადგენის საკითხებში, რაც უშუალო კავშირშია რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობასთან, ხოლო ფიტორემედიაციის განხორციელება მაღალმთიან რეგიონში და თანაც ღია გრუნტის პირობებში ნამდვილად ინოვაციურია, რადგან ასეთი კვლევები პირველად ჩატარდა რეგიონში. ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების განხორციელების შემდეგ შესაძლებელი იქნება გარემოს დაბინძურებით უარყოფითი მოვლენების თავიდან აცილება, რაც უდავოდ პროექტის დიდი წარმატებაა და რაც უდავოდ დიდ გავლენას მოახდენს მიმართულების სფეროზე და მის განვითარებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერი ლალი შავლიაშვილი აცხადებს. 

სტუ-ის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფმა საგრანტო პროექტის – „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ბუნებრივი წყლების, ნიადაგების და სასურსათო პროდუქტების დარიშხანით დაბინძურების კვლევა და ნიადაგის ფიტორემედიაცია“ ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ, ამბროლაურსა და ლენტეხში ბუნებრივი წყლებში, ნიადაგებსა და სასურსათო პროდუქტებში დარიშხანის კონცენტრაციის დონის გამოვლენისა და შეფასების მიზნით  კომპლექსური კვლევა ჩაატარეს.

მეცნიერებმა – ლალი შავლიაშვილმა, მარიამ ტაბატაძემ, ეკატერინა შუბლაძემ და გულჩინა კუჭავამ მდინარეების ლუხუნისა და ცხენისწყლის ჰიდროქიმიური შედგენილობისა და დაბინძურების კლასიფიკაცია დაადგინეს. 

როგორც პროექტის ხელმძღვანელი ლალი შავლიაშვილი აცხადებს, განხორციელებული კვლევების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის  ნიადაგების დარიშხანით დაბინძურების რუკა შედგა და გამოვლინდა დაბინძურების ცხელი წერტილები, ხოლო, დარიშხანით დაბინძურებულ ნიადაგებზე მოხდა ფიტორემედიაციული ბიოტექნოლოგიის დანერგვა და მისი ეფექტურობის დადგენა ნიადაგის გაწმენდის მიზნით.

ლალი შავლიაშვილის თქმით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საველე სამუშაოები ჩატარდა, კერძოდ, აღებული ნიადაგის ნიმუშების ტრანსპორტირება საერთაშორისო სტანდარტული ორგანიზაციის (ISO) მეთოდიკით და ასევე, ლაბორატორიული კვლევა ISO და US EPA სტანდარტული მეთოდებით განხორციელდა. 

„საქართველოში დარიშხანით დაბინძურება განსაკუთრებით მაღალია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც ათეული წლების მანძილზე მიმდინარეობდა დარიშხანის მადნების მოპოვება,  გადა¬მუ-შავება და დარიშხანშემცველი ნაერთების წარმოება. დღეისათვის, ორივე საბადო დაკონსერვებულია და დარიშხანის წარმოება არ ხდება, მაგრამ მომავალ თაობებს მაინც რჩებათ დაბინძურებული ნიადაგები. დღემდე სოფლებში ურავსა და ცანაში მდებარე სამთოქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე ინახება საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი დარი¬შხ¬ანის წარმოების შედეგად დარჩენილი ტოქსიკური ნარჩენების (4-9 % თეთრი დარიშხანის შემცველი 130 ათას ტონაზე მეტი, რასაც ემატება რუსეთიდან შემოტანილი ათასობით ტონა დარიშხანშემცველი ნარჩენი მათ შორის, ღია ცის ქვეშ მიმობნეული)  დიდი პარტიები. დაბინძურების მთავარ წყაროდ მიგვაჩნია ის ნიადაგები, რომლებიც განთავსებულია უშუალოდ დარიშხანის გადამამუშავებელი საწარმოების მიმდებარე ტერიტორიებზე. სასურსათო პროდუქტებში As-ის განსაზღვრის შედეგები გვიჩვენებს, ყველა პროდუქტში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) დარიშხანის შემცველობა აღემატება ზდკ-ს, განსაკუთრებით მაღალია ეს შემცველობები ხახვში, კარტოფილი, სტაფილოში, ვაშლში, ყურძენსა და ლობიოში. შედარებით ნაკლებია დარიშხანის შემცველობა ლენტეხის მუნიციპალიტეტში აღებულ სასურსათო პროდუქტებში, ზოგიერთ პროდუქტში დარიშხანის შემცველობა უმნიშვნელოდ აღემატება ზდკ-ს (ხახვი, ვაშლი, ყურძენი და ლობიო)“, – აცხადებს მეცნიერი. 

სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, დაბინძურებული ნიადაგის აღდგენაში მცენარეებისა და მიკროორგანიზმების საშუალებით ნიადაგისა და წყლის მავნე ნივთიერებებისგან გაუვნებელყოფას დიდი როლი აქვს.

როგორც ჯანიკაშვილი აცხადებს, ფიტორემედიაციული მეთოდებით, პრაქტიკულად, ყველა ტიპის ტოქსიკანტი, შეიძლება გარემოდან იყოს მოცილებული,  რადგან  ახლოსაა ზედაპირთან, შესწევს შეუქცევადობის უნარი, არ უქმნის რისკს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს, ფარავს დიდ ზედაპირებს, ამავე დროს, ეკოლოგიურად უსაფრთხოა და არაა ძვირად ღირებული, ამიტომ ეს მეთოდი ფართოდ გამოყენება მრავალ განვითარებულ ქვეყანაში. 

„საგრანტო პროექტის – „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ბუნებრივი წყლების, ნიადაგების და სასურსათო პროდუქტების დარიშხანით დაბინძურების კვლევა და ნიადაგის ფიტორემედიაცია“, ფარგლებში, ნიდაგის ფიტორემედიაციისა და ფიტომიგრაციის მიზნით შერჩეული იყო სხვადასხვა ჯიშის კოსმოპოლიტური მცენარეები, რომლებიც კარგად ეგუებიან ადგილობრივ კლიმატურ პირობებს: ჯიჯლაყა-Amaranthus gangeticus, თეთრი ნაცარქათამა-Chenopodium album და მზესუმზირა- Helianthus annuus. ფიტოექსტრაქციისას მცენარეები ნიადაგიდან და წყლიდან დამაბინძურებელს ითვისებენ და ინახავენ მცენარეთა მოსავლიან ბიომასაში. ჰიპერაკუმულატორი მცენარეების მიერ შეთვისებული ლითონის კონცენტრაცია საშუალოდ 100-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი მცენარის სახეობებში. ჩვენს მიერ შერჩეული მცენარეები მიეკუთვნებიან ჰიპერაკუმულატორებს. ჯიჯლაყა დარიშხანით დაბინძურებულ ნიადაგზე ერთ თვეში-ზრდის პერიოდში ნიადაგს დარიშხანისაგან ასუფთავებს 72-81%-ით“, – აცხადებს მიხეილ ჯანიკაშვილი. 

სტუ-ის მეცნიერები მთიანი რეგიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროებას იკვლევენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის მიხეილ ფიფიას ხელმძღვანელობით, საგრანტო პროექტის – „საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროება და მისი შერბილების რეკომენდაციები” ფარგლებში,  საქართველოში მთიანი რეგიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროებას იკვლევენ. 

კვლევის ფარგლებში მეცნიერები საავტომობილო გზების ზვავსაშიშროების მონაცემთა ბაზას შექმნიან; თითოეული საგზაო მონაკვეთისთვის ზვავსაშიშროების სქემატურ რუკას ჩამოაყალიბებენ;  დაადგენენ ზვავების ძირითად არეალს,  ხანგრძლივობას და ამ მახასიათებლების გეოგრაფიული კანონზომიერებების გამოვლინებას.  

საგრანტო პროექტში – „საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროება და მისი შერბილების რეკომენდაციები”, ჩართული არიან: სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნაზიბროლა ბეგლარაშვილი; წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზირების განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი სოფიო გორგიჯანიძე და წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზირების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ნათელა კობახიძე. 

GTU Cover (5).png

პროექტის ხელმძღვანელის, სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის მიხეილ ფიფიას თქმით, საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროების ამსახველი თანამედროვე მსხვილმასშტაბიანი გეოინფორმაციული რუკა, რომელიც ზვავსაწინააღმდეგო სამუშაოების დაგეგმვისას სახელმძღვანელოს როლს შეასრულებს, არ არსებობს. 

როგორც მიხეილ ფიფია აღნიშნავს, აუცილებელია შეიქმნას მონაცემთა სრული ბაზა, სადაც აისახება საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროების მახასიათებლები, გამოიკვეთება ზვავის წარმოშობის გეოგრაფიული კანონზომიერებები და შემუშავდება რისკის შემცირების რეკომენდაციები. აღნიშნული კომპლექსური კვლევის შედეგი მიზნად უნდა ისახავდეს მთიანი რეგიონების საავტომობილო გზებზე ზვავსაშიშროების ყოვლისმომცველი და თანამედროვე აღწერის უზრუნველყოფას.

„კვლევის ობიექტია საქართველოს მთიანი რეგიონების საავტომობილო გზები, კერძოდ, ჟინვალი-ლარსის, ონი-მამისონის, ბათუმი-ახალციხის, სვანეთის გზის ოთხი მონაკვეთის: ხაიში ჩიპერ-აზაუს, სკორმეთი-ჯორკვალის, ჩოლური-მესტიის, ხაიში-ჭუბერი-საკენის; ასევე ჩოხატაური-ბახმაროს, რიკოთის უღელტეხილის სურამი-შორაპნის მონაკვეთის, ზეკარი-აბასთუმნის, ბაკურიანი-ცხრაწყაროს, ლაგოდეხი-კახის, ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზების მონაკვეთები, საერთო ჯამში 13 საავტომობილო მონაკვეთი, რომელთაც განსაკუთრებული სტრატეგიული და ეკონომიკური დანიშნულება აქვთ და რომელთა შეუფერხებელი ექსპლუატაცია  მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მიერ, სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად დაგეგმილი და ნაწილობრივ შესრულებულია საავტომობილო გზების მშენებლობა. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება ამ საავტომობილო გზების უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით რისკების შეფასება, მათ შორის სტიქიური მოვლენების რისკების გათვალისწინება, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ზვაზსაშიშროების შესწავლას იმ მონაკვეთებზე, რაც ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს.

მთიანი რეგიონების სავტომობილო გზების მნიშვნელობა განპირობებულია იმითაც, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, რომელიც მიმართულია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ. მათ შორის, მთის კურორტების ხელშეწყობას, რაც ქვეყნის ოთხი სეზონის საკურორტო ზონად გადაქცევის საკითხში ძალზედ მნიშვნელოვანია. სამთო კურორტები და სათხილამურო სპორტი მნიშვნელოვანია, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის, ასევე ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის. ზამთრის კურორტების უმეტესობა ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს, ამიტომ აუცილებელია მთაში საავტომობილო გზებზე გადაადგილების წესების დაცვა და სამაშველო სამუშაოების დროული ჩატარება. ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც დღეს უნდა გადაიდგას ზვავის რისკის შემცირებისთვის, არის ის, რომ საავტომობილო გზაზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, უნდა მოხდეს საავტომობილო გზის მიმდებარე ფერდობებზე არსებული ტყის საფარის შენარჩუნება, აგრეთვე საშიში ზვავშემკრებების ტერიტორიაზე ახალი ტყის საფარის გაჩენის, გაზრდისა და გახშირებისათვის ყველანაირი ხელის შეწყობა”, – აცხადებს მიხეილ ფიფია. 

პროექტის „საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროება და მისი შერბილების რეკომენდაციები” დასასრულს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონოგრაფიას გამოსცემს, სადაც თავმოყრილი იქნება პროექტის მიმდინარეობისას მიღებული კვლევის შედეგები. მათ შორის, მონოგრაფიის ერთ-ერთი თავი მიეძღვნება ზვავსაშიშროების შერბილების რეკომენდაციებს საქართველოს საავტომობილო გზებისთვის. 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 29 აგვისტო ოფიციალურად გამოცხადდა უქმე დღედ. 

შესაბამის დადგენილებას (№381, 25 აგვისტო 2025) ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა. 

28 აგვისტო (მარიამიობის დღესასწაულია) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, უქმეა და მომდევნო, 29 აგვისტოც უქმე დღედ გამოცხადდა. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო პროცესი 1 სექტემბრიდან განახლდება.

სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრი ინოვაციური შესაძლებლობების პლატფორმაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა აგროსექტორის განვითარების საფუძველს ქმნის

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს აგროსექტორის სტრატეგიული განვითარების პროცესში. In vitro ბიოტექნოლოგიური მეთოდების მოდიფიკაცია და მათი ადგილობრივ გეოგრაფიულ-კლიმატურ პირობებთან ადაპტაცია ქმნის შესაძლებლობას, ქვეყანაში ჩამოყალიბდეს გენეტიკურად სუფთა, დაავადებებისადმი მდგრადი და მაღალი ხარისხის სარგავი მასალის წარმოება. ეს ინოვაციური მიდგომა ხელს უწყობს აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის შექმნასა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. შედეგად, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები არა მხოლოდ მეცნიერული, არამედ ეკონომიკური და ეკოლოგიური მნიშვნელობისაა, რაც, თავის მხრივ, ქართული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს“, – აცხადებს სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრის დირექტორი, პროფესორი მაია კუხალეიშვილი. 

ბიოტექნოლოგიის ცენტრი ინტეგრირებულად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებაზე, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს in vitro ბიოტექნოლოგიური მეთოდების მოდიფიკაცია და მათი საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატურ პირობებთან ადაპტაცია, რაც საფუძველს ქმნის სუფთა და ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებისთვის. ამასთანავე, ცენტრი აქტიურად იკვლევს სამკურნალო, შხამიანი (ბიოლოგიურად სასარგებლო), თაფლოვანი, საღებარი და სანელებელი მცენარეების ბიომრავალფეროვნებას, ახორციელებს მათ მონიტორინგს და მუშაობს მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

3.png

პროფესორ მაია კუხალეიშვილის თქმით, ცენტრის საქმიანობაში მნიშვნელოვანი მიმართულებაა აგრეთვე ფიტოგენეტიკური რესურსების გაუმჯობესება და კონსერვაცია, ეთნობოტანიკური უნარ-ჩვევების შესწავლა და მათი პოპულარიზაცია, აგრეთვე მცენარეთა მდგრადი გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა. როგორც ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, კვლევები, ერთიანობაში, ხელს უწყობს როგორც აგრობიომრავალფეროვნების დაცვას, ასევე სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო წარმოების განვითარების მდგრადობას.

„ბიოტექნოლოგიის ცენტრში მიმდინარეობს კვლევები ყურძნის და ხილის შენახვის ახალი ტექნოლოგიების შემუშავების მიმართულებით, მათი შემდგომი დანერგვის მიზნით. ასევე, ფუნქციონალური დანიშნულების კვების პროდუქტების წარმოება ადგილობრივი მცენარეული რესურსების გამოყენებით და ს/მ კულტურებისთვის ნაკლებ ნაყოფიერი ნიადაგის და ფესვის პათოგენი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების მიზნით, ბიოპრეპარატების გამოცდა. 2025 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში, სოფელ აჯამეთში, ღია გრუნტში, დაირგა ბიოტექნოლოგიის ცენტრის in vitro კარტოფილის სინჯარის მცენარე, ჯიში „სანტე“-ს ჩითილები, რომელთა წარმოება მოხდა ცენტრის ლაბორატორიაში. გარდა ამისა, სოფელ აჯამეთში დაირგა, კომპანია „აგრიკოს“ მიერ გადმოცემულია კარტოფილის ახალი, ელიტური სათესლე ჯიშები ( „Jolloene“; „Meriemi“; „Twinner“; „Armedi“; „Artzona“; „Rabilon“; „Fontane“; „Pikasso“, „Paradiso“; „Fajah“; „Lugano“; „Lenoro“), „sante“ პირველი რეპროდუქცია (ა კლასი). „Pikasso“-სა და „Sante“-ს გარდა, ყველა ჯიში ახალი, ჰოლანდიური, ჰიბრიდული ჯიშებია, რომელიც რეპროდუქციის მიზნით, პირველად შემოიტანეს საქართველოში.

ამჟამად, აჯამეთში აგროტექნიკა-მოვლას აწარმოებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მაგისტრანტი თამაზ კობახიძე, რომელიც 2024 წლიდან მონაწილეობს ცენტრის სამეცნიერო კვლევებში. მიუხედავად იმისა, რომ 12 ჯიში შემოტანილია, როგორც უმაღლესი კლასის ელიტა, ჩვენს მიერ ჩატარებული იმუნოფერმენტული ანალიზის შედეგების მიხედვით ( Daz-Eliza), 4 ჯიშში (პიკასო, ფონტანე, პარადისო, ლუგანო) აღმოჩნდა კარტოფილის ვირუსები (PVM, PVS) მცირე რაოდენობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ჯიშები, დასაშვები ვირუსების ზღვარზეა, ხოლო „სანტე“-ში დაფიქსირდა PVY ვირუსი, რაც მოსალოდნელი იყო, ხოლო ახალ ელიტურ ჯიშ „ბაბილონ“-ში კი ასევე მცირე რაოდენობით – PVY ვირუსი. მასალა მიღებულია დაგვიანებით, ამიტომ კვლევები ჩატარდა ზაფხულში, როდესაც კარტოფილის ჯიშები ახალციხეში, გლეხების მიერ, უკვე დარგული, თუმცა ჩვენი მონაცემები მიწოდებულია კომპანიის წარმომადგენელთან. ბიოტექნოლოგიის ცენტრი მიღებულ მოსავალში ყველა ჯიშს შეამოწმებს ვირუსზე. შვიდი უვირუსო, ჰოლანდიური ჰიბრიდული ჯიშიდან მიღებული სინჯარის მცენარეები კი მოთავსდა ცენტრის in vitro კარტოფილის სინჯარის მცენარეების კოლექციაში, აგვისტოში მოხდა მათი რეპროდუქცია. მცენარეები იზრდება ნორმალურად“, – აცხადებს მაია კუხალეიშვილი. 

1.png

როგორც სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ჯანიკაშვილი აცხადებს, ბიოტექნოლოგიის ცენტრი არის ინოვაციური შესაძლებლობების პლატფორმა, რომელიც მაღალხარისხიანი, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა აგროსექტორის განვითარების საფუძველს ქმნის. 

„ბიოტექნოლოგიის ცენტრის საქმიანობა ნათლად აჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში მეცნიერებისა და პრაქტიკის ინტეგრაცია შესაძლებელია. ცენტრის მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ქმნის წინაპირობას, რომ საქართველოს აგროსექტორი მომავალი წლებში კონკურენტუნარიანი და ინოვაციური განვითარების გზაზე დადგეს, ხოლო კვლევების შედეგები პრაქტიკულ დონეზე აისახოს როგორც ფერმერთა, ისე მომხმარებელთა სასარგებლოდ“, – აცხადებს სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

ბიოტექნოლოგიების ცენტრში, ნექტარინის ორ ჯიშზე – „კალდეზი2000“ და „ბიგტოპი“, კრეფის ოპტიმალური ვადების დადგენისა და სიმწიფის დონის გავლენის შესწავლის მიზნით, მათ შენახვისუნარიანობაზე  კვლევები ტარდება. ცენტრის მიკრობიოლოგიური ჯგუფის მიერ კი, სოფელ ლილოში, ადგილობრივი ფერმერის ნაკვეთზე, მიმდინარეობს კვლევა – ბიოპრეპარატ „ბიომიქსის“ გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურების: ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა და პომიდორი, სასარგებლო და პათოგენი მიკრობების განვითარებაზე. 

სტუ-ის რექტორი აკადემიკოსი დავით გურგენიძე რევაზ გრიგოლიას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს მეცნიერის, მათემატიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, თსუ-ის ასოცირებული პროფესორის და სტუ-ის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის რევაზ გრიგოლიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კიბერნეტიკის ინსტიტუტს, გარდაცვლილის მეგობრებსა და აღზრდილებს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რევაზ გრიგოლია იყო ალგებრული ლოგიკის გამოჩენილი სპეციალისტი. მან გადაჭრა n-ნიშნა ლუკასევიჩის ლოგიკების და მათი შესაბამისი ალგებრული მოდელების, MVn ალგებრების აქსიომატიზაციის პრობლემა.

რევაზ გრიგოლია, იტალიელ მეცნიერ ანტონიო დინოლასთან და სხვა უცხოელ კოლეგებთან ერთად, არის თავისუფალი და პროექციული MV და MMV ალგებრების და მათი უნიფიკაციის პრობლემების კვლევებთან დაკავშირებული მრავალი ნაშრომის ავტორი. აღსანიშნავია მისი მონოგრაფია (ა.დინოლასა და ე.ტურუნენთან ერთად) “Fuzzy Logic of Quasi-Truth: An Algebraic Treatment” (2016).

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ  გამორჩეული მეცნიერის და პედაგოგის რევაზ გრიგოლიას გარდაცვალების გამო. რევაზ გრიგოლია იყო გამორჩეული მეცნიერი, ღირსეული კოლეგა და დამსახურებული პედაგოგი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ მეცნიერებასა და განათლების სფეროში. მისი წვლილი კიბერნეტიკის ინსტიტუტის საქმიანობაში და სამეცნიერო სკოლის განვითარებაში ფასდაუდებელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გულწრფელ თანაგრძნობასა და სამძიმარს ვუცხადებ ბატონ რევაზ გრიგოლიას ოჯახს, კიბერნეტიკის ინსტიტუტს, კოლეგებს, სტუდენტებსა და მის აღზრდილებს. რევაზ გრიგოლიას გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული მეცნიერებისა და განათლების სისტემისთვის. მისი ღვაწლი დარჩება როგორც მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, მისი ხსოვნა კი მომავალი თაობებისთვის იქნება ერთგულებისა და მეცნიერებისადმი თავდადების ნათელი მაგალითი”, – აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში. 

პირველადი არჩევანის მიხედვით, სტუ-ის საბაკალავრო პროგრამებზე დარჩენილი ვაკანტური ადგილები

ცხრილში მოცემულია, პირველადი არჩევანის მიხედვით დარჩენილი, ვაკანტური ადგილების რაოდენობა სხვადასხვა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე. 

კოდი პროგრამის დასახელება ვაკანტური ადგილები
0030103 სამოქალაქო ინჟინერია 5
0030104 სამოქალაქო ინჟინერია (ინგლისურენოვანი)

8
0030109 სამთო და გეოინჟინერია 29
0030112 ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები (რუსულენოვანი) 2
0030113 ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია 15
0030115 მეტალურგია 8
0030116 მასალათმცოდნეობა 10
0030117 გარემოსდაცვითი ინჟინერია 24
0030118 სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია 22
0030119 ფარმაცია 11
0030120 ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზა 5
0030121 ტრანსპორტი 5
0030122 სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია 11
0030126 სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა 23
0030127 საავიაციო ინჟინერია 1
0030135 ინფორმატიკა 59
0030136 ინფორმატიკა (რუსულენოვანი) 2
0030137 კომპიუტერული ინჟინერია 16
0030138 კომპიუტერული ინჟინერია (ინგლისურენოვანი) 21
0030139 მათემატიკა 10
0030140 საინჟინრო ფიზიკა 6
0030142 ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისურენოვანი) 13
0030144 ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები

1
0030145 კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) 2
0030147 კომპიუტერული ინფორმაციული ტექნოლოგიები 2
0030148 დიზაინი (ინგლისურენოვანი) 13
0030150 აგრარული ტექნოლოგიები 16
0030154 მეცხოველეობა 2
0030155 ნიადაგის და წყლის რესურსების ინჟინერია 6
0030156 აგროინჟინერია 5
0030157 სატყეო საქმე 3
0030160 ბიზნესის ადმინისტრირება (რუსულენოვანი) 5
0030162 ბიზნესის ადმინისტრირება (180 კრედიტი) 6
0030163 საბანკო და საფინანსო ტექნოლოგია (180 კრედიტი) 6
0030165 სასტუმრო მომსახურება 7
0030166 საზოგადოებასთან ურთიერთობა 4
0030167 ევროპისმცოდნეობა 9
0030168 ეკონომიკა 16
0030169 არქეოლოგია 13
0030170 ჟურნალისტიკა 11
0030171 მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება 1
0030173 მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა 11
0030174 ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა 8

.tr1 td {
border: 0px solid black !important;
background: #fff;
}

სტუ-ის მეცნიერებმა პლაზმონური ნანონაწილაკების მიერ სინათლის გაბნევაზე დაფუძნებული მზის კონცენტრატორი შეიმუშავეს

„ჩვენს მიერ შემუშავებული, პლაზმონური ნანონაწილაკების მიერ სინათლის გაბნევაზე დაფუძნებული მზის კონცენტრატორის გამოყენება შეამცირებს ელექტროენერგიის გამომუშავების ტრადიული წყაროების წილს, რომლებიც იწვევენ გარემოს დაბინძურებას. ეს კი, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება უფრო მდგრადი და ხელმისაწვდომი მზის ენერგიის მომავლისკენ. შემუშავებული მზის კონცენტრატორის ექსპლოატაციის ხანგრძლიობაა 10-15 წელი, დამზადების ტექნოლოგია არის მარტივი და იაფი. ამ სფეროში კვლევისა და განვითარების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პერსპექტიული ტექნოლოგიების სრული პოტენციალის გამოსავლენად და სუფთა ენერგიაზე გადასვლის დასაჩქარებლად“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, გია პეტრიაშვილი აცხადებს. 

სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა, გია პერტიაშვილის ხელმძღვანელობით, პლაზმონური ნანონაწილაკების მიერ სინათლის გაბნევაზე დაფუძნებული მზის კონცენტრატორი შეიმუშავა. 

როგორც გია პეტრიაშვილი აცხადებს, მცირე ენერგიის წყაროების განვითარებაში გამოიყენება პლაზმონურ ნანონაწილაკებზე დაფუძნებული ტექნოლოგიები, რომელთა საშუალებით და გარკვეული პირობების შექმნით, ხდება მინის ზედაპირებზე სინათლის ინტენსიობების მიმართულებების მართვა.  

„მზის კონცენტრატორი წარმოადგენს მინის ზედაპირზე თანაბრად დაფენილ ნანოკომპოზიციას, რომელიც შედგება გამჭირვალე პოლიმერში დისპერგირებული პლაზმონური ნანონაწილაკებისაგან. მზის მიერ გამოსხივებული ოპტიკური სპექტრის ხილული და ახლო ინფრაწითელი უბნები პლაზმონური ნანონაწილაკების მიერ გაიბნევა იმგვარად, რომ სინათლის გარკვეული რაოდენობა ვრცელდება მინაში, მისი ზედა და ქვედა ზედაპირებიდან არეკვლის სახით. მზის მიერ გამოსხივებული ინტენსიობის ეფექტურობის გაზრდის ძირითადი არსი მდგომარეობს დიდი ფართობების ზედაპირებზე დაცემული სინათლის ენერგიის მიმართვაში ამ ფართობების პერიმეტრებისაკენ, რომელიც ხორციელდება სინათლის ტალღგამტარული გავრცელების პრინციპით. შედეგად, მოცემულ ზედაპირზე დაცემული სინათლის ენერგია მიემართება და კონცენტრირდება მოცემული ზედაპირის პერიმეტრის გასწვრივ, რაც მოცემულ ადგილებში სინათლის ინტენსიობებს მკვეთრად ზრდის. წინასწარი გაანგარიშებით, მინის ზედაპირზე დაცემული სინათლის დაახლოებით 30–35 პროცენტი გარდაიქმნება ელექტროენერგიად. თუკი მინის პერიმეტრზე მივამაგრებთ მზის ელემენტებს, ისინი გარდაქმნიან დაცემულ სინათლეს ელექტროენერგიად, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობების ექსპლოატაციისათვის. შემოთავაზებული კონცეპციის საფუძველზე შესაძლებელია დამზადდეს მზის გამოსხივების კონცენტრატორი-ფანჯარა, რომელსაც არსებულ ანალოგებთან შედარებით ექნება შემდეგი უპირატესობები: გამოყენებული იქნება მზის გამოსხივების როგორც ხილული, ისე ახლო ინფრაწითელი უბნები, გარდაქმნილი სინათლის ინტენსიობა არ იქნება დამოკიდებული სინათლის დაცემის კუთხეზე, გაიზრდება სინათლის ელექტროენერგიად გარდაქმნის ეფექტურობა, დაცემული სინათლის უკუგაბნევის გამო, შემცირდება შენობებში შემომავალი სითბოს რაოდენობა, არ მოხდება მზის ელემენტების გადახურება, ფანჯრები იქნება გამჭირვალე გამოკვეთილი ფერის გარეშე” – აცხადებს გია პეტრიაშვილი. 

სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, მეცნიერთა ჯგუფის მიერ შემუშავებული მზის კონცენტრატორის დასამზადებლად გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალები. მაგალითისათვის, პლაზმონური ნანონაწილაკები, რომელსაც ვიყენებთ, ასევე გამოიყენება კვების მრეწველობაში. 

„ჩვენი მეცნიერების მიერ შემუშავებული მზის კონცენტრატორის დამონტაჟება შესაძლებელია როგორც მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, ისე ძნელად მისადგომ ლოკაციებზე. ყველგან, სადაც შესაძლებელია შენობებში ჩვეულებრივი ფანჯრების გამოყენება. მეცნიერთა მიერ ტარდება ოპტიკური, თერმული, ელექტროოპტიკური და მზის კონცენტრატორის შემადგენელი კომპონენტების კონცენტრაციული თანაფარდობების და პლაზმონური ნანონაწილაკების ზომების ოპტიმიზაციის ექსპერიმენტები.  უკვე შექმნილია სამუშაო პროტოტიპები და მიმდინარეობს მათი ფიზიკური პარამეტრების ოპტიმიზაცია, რათა მოხდეს მზის, ან ხელოვნური სინათლის წყაროების მიერ გამოსხივებული სინათლის ინტენსიობების მაქსიმალურად გარდაქმნა ელექტროენერგიად. საქართველოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომელთა შორისაა ქარის და თერმული ენერგიები, თუმცა, მზის ენერგიას შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს სუფთა, განახლებადი და ენერგოდამოუკიდებელი სამყაროსკენ გადასვლის საქმეში. მინდა აღვნიშნო, რომ მწვანე ენერგიის შემუშავება–განვითარების მიმართულებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. იგი ამ მხრივ, ლიდერია საქართველოში და მისი მზარდი პოტენციალის გათვალისწინებით, შესაძლებელია უახლოეს მომავალში მსოფლიოს იმ წამყვანი სამეცნიერო ცენტრების რიგში ჩადგეს, რომლებიც მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებით მუშაობენ” – აცხადებს მიხეილ ჯანიკაშვილი. 
 

სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა ახალი სახეობის საღებარით სენსიბილიზირებული მზის ელემენტი შეიმუშავა

„ჩვენს მიერ შემუშავებული მზის ელემენტის სიიაფის, ხანგამძლეობის, მედეგობის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და გამოყენების სიმარტივის გამო, საღებარით სენსიბილიზირებული ფოტონური თხევადკრისტალური მზის ელემენტის დამონტაჟება შესაძლებელია როგორც მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, ისე ძნელად მისადგომ ლოკაციებზე. ამ ეტაპზე ვატარებთ ოპტიკური, თერმული, ელექტროოპტიკური და მზის ელემენტის შემადგენელი კომპონენტების კონცენტრაციული თანაფარდობების ოპტიმიზაციის ექსპერიმენტებს. უკვე შექმნილია სამუშაო პროტოტიპები და მიმდინარეობს მათი ფიზიკური პარამეტრების ოპტიმიზაცია, რათა მოხდეს მზის ან ხელოვნური სინათლის წყაროების მიერ გამოსხივებული სინათლის ინტენსივობების მაქსიმალურად გარდაქმნა ელექტროენერგიად”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, გია პეტრიაშვილი აცხადებს. 

სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა, გია პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, ახალი სახეობის საღებარით სენსიბილიზირებული ფოტონური თხევადკრისტალური მზის ელემენტი შეიმუშავა, რომლის ფართო წარმოებაში გამოყენება, როგორც გია პეტრიაშვილი აცხადებს, შეამცირებს ელექტროენერგიის გამომუშავების ტრიადული წყაროების წილს, რომლებიც, თავის მხრივ, იწვევენ გარემოს დაბინძურებას.

სტუ-ის მეცნიერის თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უფრო მდგრადი და ხელმისაწვდომი მზის ენერგიის მომავლისკენ და ამდენად, სფეროში კვლევისა და განვითარების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პერსპექტიული ტექნოლოგიების სრული პოტენციალის გამოსავლენად და სუფთა ენერგიაზე გადასვლის დასაჩქარებლად. 

Untitled design (5).png

„როდესაც ვსაუბრობთ ამ სისტემების ენერგეტიკულ ეფექტიანობასა და წარმადობაზე, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს მზის მიერ გამოსხივებული ინტენსივობის ელექტრო ენერგიად გარდაქმნის რამდენიმე მეთოდი, და მათზე დაფუძნებული ხელსაწყოები. ყველაზე პერსპექტიულია მზის ელემენტები, ანუ ფოტოვოლტური უჯრედები, რომლებიც მზის ენერგიას გარდაქმნიან ელექტრო ენერგიად. ამათგან, ყველაზე გავრცელებულია სილიციუმზე დაფუძნებული მზის ელემენტები. თუმცა, მათ გააჩნიათ მთელი რიგი ნაკლოვანებები, როგორიცაა, ფოტომგრძნობიარე ფენის სისქე, დამზადების რთული ტექნოლოგია, სიძვირე და სინათლის ელექტროენერგიად გარდაქმნის ტემპერატურული დამოკიდებულება. კერძოდ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, მკვეთრად ეცემა სინათლის ელექტროენერგიად გარდაქმნის ეფექტურობა. ამჟამად შემუშავებულია, ან შემუშავების სტადიაზეა, მზის ელემენტები, რომლებიც გვიჩვენებენ სინათლის ელექტროენერგიად გარდაქმნის უფრო მაღალ ხარისხს, ვიდრე ტრადიციული სილიკონის ელემენტები. 

მთელ მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს ისეთი ახალი სახეობის მზის ელემენტების შემუშავება, რომლებიც დაფუძნებული არიან დამზადების მარტივ ტექნოლოგიაზე, ექნებათ სინათლის ელექტროენერგიად გარდაქმნის მაღალი კოეფიციენტი და არ ექნებათ ტემპერატურული დამოიდებულებები. ამ მხრივ ყველაზე პერსპექტიულ გარდამქმნელს წარმოადგენს საღებარით სენსიბილიზირებული მზის ელემენტი, რომლის პარამეტრების გასაუმჯობესებლად აქტიური კვლევები მიმდინარეობს. იგი შედგება ელექტროგამტარი მინის ზედაპირზე დაფენილი პლაზმონური ნანონაწილაკებისაგან, ორგანული ლუმინესცენციური საღებარებისაგან და გარკვეული სახეობის ელექტროლიტებისაგან. ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა რომ, ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი სახეობის საღებარით სენსიბილიზირებული მზის ელემენტის ეფექტურობა უფრო მაღალია, ვიდრე სილიციუმზე დაფუძნებული მზის ელემენტები. ამჟამად მიმდინარეობს ოპტიმიზაციის კვლევები, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს წარმოდგენილი მზის ელემენტის ოპტიკური და თერმოოპტიკური პარამეტრები”, – აცხადებს გია პეტრიაშვილი.

სტუ-ის მეცნიერის თქმით, საქართველოს განახლებადი ენერგიების მიმართულებით, უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომელთა შორისაა ქარის და თერმული ენერგიები. თუმცა, მზის ენერგიას შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს სუფთა, განახლებადი და ენერგოდამოუკიდებელი სამყაროსკენ გადასვლის საქმეში. 

როგორც გია პეტრიაშვილი აცხადებს, დადგენილია, რომ დედამიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დასხივებული მზის ინტენსიობა დაახლოებით 1000 ვატის ტოლია. გამოსხივების ამ რაოდენობას კი გლობალურად, შეუძლია მოახდინოს 85000 ტერავატის გენერირება, მაშინ როდესაც ამჟამად მსოფლიოში მოხმარებული მთლიანი ენერგიის სიდიდე 15 ტერავატის ტოლია. 

„როგორც წესი, არსებულ მზის ელემენტებსა და სინათლის ელექტროოენერგიად გარდამქმნელებში ელექტროლიტებად გამოიყენება მჟავა/ტუტეზე დაფუძნებული ორგანული და არაორგანული სითხეები, თუმცა მათ გააჩნიათ მრავალი ნაკლოვანებები, როგორებიცაა, აქროლადობა, გარემოს დაბინძურება, გაჟონვის მაღალი ალბათობა და შედეგად, განსაკუთრებული იზოლირების საჭიროება. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ეფექტურობის ტემპერატურული დამოკიდებულებები. პირველად, ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მზის ელემენტში, ელექტროლიტად გამოყენებულია თხევადრისტალური ნივთიერება. თხევადკრისტალური ელექტროლიტის ჩანაცვლებით მკვეთრად უმჯობესდება საღებარით სენსიბილიზირებული ფოტონური თხევადკრისტალური მზის ელემენტის პარამეტრები. კერძოდ, თხევადი კრისტალი არის ეკოლოგიურად უსაფრთხო, იგი არ არის აქროლადი და არ საჭიროებს ღრმა იზოლაციას, ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება სინათლის ელექტროენერგიად გარდაქმნის ეფექტურობა, აქვს ექსპლოატაციის ხანგრძლივი ვადა, დამზადების ტექნოლოგია არის მარტივი და იაფი. ფოტონური კრისტალის მიერ სინათლის მრავალჯერადი შიდა არეკვლის შედეგად, მზის ელემენტის ეფექტურობა მნიშვნელოვნად იზრდება”, – აცხადებს გია პეტრიაშვილი.

ვიცე-რექტორი სტუ-ის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი და სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, სასწავლო პროცესის დაწყების მზადებასთან დააკაშირებით, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნენ. 

თამარ წერეთელი ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელს გრიგოლ ცნობილაძეს, თანამშრომლებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი და სამომავლო განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების დაგეგმვა, ასევე,  ვიცე-რეტორი ინსტიტუტში მიმდინარე სასწავლო, ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ პროცესებს გაეცნო.

GTU Cover (2).png
 
პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტის ადმინისტრაციასა და პედაგოგებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამთო-ტექნოლოგიური ლაბორატორიების მდგომარეობის, სასწავლო რესურსების განახლების და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაუმჯობესების შესაძლებლობების განხულვას. მისივე თქმით, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია რეგიონული სასწავლო ერთეულების განვითარება და მათთვის მეტი რესურსის მოზიდვა. ამ კონტექსტში ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი ერთ-ერთ პრიორიტეტულ ობიექტად განიხილება.

„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული სასწავლო ცენტრების როლი ინჟინერიული და ტექნოლოგიური პროფილის სპეციალისტების მომზადებაში. ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი დარგის ერთ-ერთ საყრდენ რგოლს წარმოადგენს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, რეგიონის ფარგლებში მაღალკვალიფიციური განათლება მიიღოს. ჩვენი მიზანია, პროფესიული და აკადემიური პროგრამების გაძლიერებით, ისეთი საგანმანათლებლო გარემო შევქმნათ, რომელიც უპასუხებს როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული ეკონომიკის მოთხოვნებს. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებას, ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განახლებასა და მჭიდრო კავშირების განვითარებას ინდუსტრიასთან. სწორედ ეს გახდება ის საფუძველი, რაზეც შეიქმნება კონკურენტუნარიანი კადრები როგორც შიდა ბაზრისთვის, ისე საერთაშორისო სივრცისთვის“, – აცხადებს თამარ წერეთელი. 

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის განცხადებით, პროფესიული და აკადემიური კომპონენტების ინტეგრირებული განვითარება, როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაკულტეტებისთვის, რომელთა საგნობრივი არეალი პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიულ სექტორს. 

„პროფესიული განათლების განვითარებასა და ინტეგრაციას, ტექნიკური უმაღლესი განათლების სისტემაში, სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს როგორც ადგილობრივი ინდუსტრიის მოთხოვნებზე მორგებული კადრების მომზადების, ისე ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, სპეციალიზებული ცოდნა გაიღრმაონ და, რაც მთავარია, დაეუფლონ პრაქტიკულ, ინდუსტრიაში მოთხოვნად უნარებს. რექტორის, აკადმიკოს დავით გურგენიძის სამოქმედო გეგმა სწორედ ამ მიმართულებებზეა აგებული, შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მომავალი განვითარების სტრატეგიაა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების ჰარმონიული თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცის ერთიან და მძლავრ პლატფორმად ჩამოყალიბებას. ამ მიზნის მისაღწევად მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება და რესურსები გავუზიაროთ ტყიბულის ინსტიტუტს და ხელი შევუწყოთ მის პროფესიულ წინსვლას“, – აცხადებს ლიანა თარგამაძე. 

ინფორმაციისთვის, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტში ექვსი მოდულური პროფესიული პროგრამა ხორციელდება, მათ შორის: „სამთო ტექნიკოსი“, „სამთო ელექტრომექანიკოსი“, „მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი“, „მებათქაშე“, „მღებავი“, „საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერა“. 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?