აბიტურიენტთა საყურადღებოდ – შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაცია დაიწყო!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაცია დაიწყო: არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ქართულენოვან პროგრამებზე, ხოლო დიზაინის საერთაშორისო სკოლაში – ინგლისურენოვან პროგრამებზე. 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შესაბამისი ფაკულტეტების ვებგვერდებს.

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი:

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე გასაუბრებები გაიმართება 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრაციის ბმული: https://gtu.ge/arch/apply/registration/ 

პროგრამები:

  • არქიტექტურა (სწავლება ქართულ ენაზე)
  • მოდის დიზაინის ტექნოლოგიები (სწავლება ქართულ ენაზე)
  • არქიტექტურა (სწავლება რუსულ ენაზე)

მისამართი: მ. კოსტავას 68, სტუ-ის I კორპუსი.

დიზაინის საერთაშორისო სკოლა:

დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ინგლისურენოვან პროგრამაზე შემოქმედებითი ტურის ფარგლებში გასაუბრებები გაიმართება 2 ივნისიდან – 25 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრაციის ბმული: https://gtu.ge/ids/apply/registration/ 

პროგრამები:

  • დიზაინი (სწავლება ინგლისურ ენაზე)
  • არქიტექტურა (სწავლება ინგლისურ ენაზე)

მისამართი: მ. კოსტავას 75ა, სტუ-ის მე-8 კორპუსი.

გისურვებთ წარმატებას!

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 22-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების, 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 06 მაისის სხდომაზე (სხდომის ოქმი №3) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

1. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის 12 ივნისს.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. 

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;

ბ) აქვს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.

4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ 2025 წლის 29 მაისიდან 05 ივნისის ჩათვლით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში – თბილისი, კოსტავას, 77, სტუ-ს მე-6 სასწავლო კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი №709. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა. 

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;

გ) ინფორმაცია განათლების, შრომითი გამოცდილების, აკადემიური ხარისხის თაობაზე (CV), გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების მითითებით;

დ) სამოქმედო გეგმა.

6. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტში 2025 წლის 27 მაისამდე. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება. 

7. კანდიდატთა მიერ სამოქმედო გეგმის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 11 ივნისს.

სტუდენტურ ჯგუფ „მარეს“ სოლო კონცერტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური საუნივერსიტეტო შემოქმედებითი გაერთიანება „MUSIC ART HOUSE“-ის მუსიკალური ჯგუფის – ,,მარე” – სოლო კონცერტი გაიმართა.

კონცერტი, ცოცხალი შესრულებით, ,,სტუდფესტი 2025”-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილე სტუდენტების მხარდასაჭერად, პირველი სასწავლო კორპუსის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში მოეწყო. 

კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, დეკანები და პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტმა – DJ ლაშა სულთანიშვილმა გახსნა.

ჯგუფ „მარემ“ – დავით კიკნაძის, ლევან ზუზაძის, საბა ბასიაშვილის, ალექსანდრე თურმანიძის, ნინო ქიბროწაშვილის, გიორგი დობაძიშვილისა და ელენე ფარტენაძის შემადგენლობით – ცნობილ ქართველ კომპოზიტორთა და ჯგუფის საავტორო კომპოზიციები შეასრულა.

შიდა-21.05.2025-სტუ-ჯგუფი მარე-სოლო კონცერტი.png

საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფის – „MUSIC ART HOUSE“ მუსიკალურმა პროდიუსერმა გიორგი ქურასბედიანმა სტუდენტური შემოქმედების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, კონცერტმა, რომელიც ,,სტუდფესტი 2025”-ის მონაწილეთა გასამხნევებლად და შემოქმედებითი მუხტის ასამაღლებლად გაიმართა, უნივერსიტეტის სტუდენტების, მათი მეგობრების და პროფესორ-მასწავლებლების დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც „მარეს“ წევრებს მოტივაციას უქმნის კიდევ უფრო მეტად დახვეწონ და გაამრავალფეროვნონ თავიანთი რეპერტუარი. 

„ტექნიკური უნივერსიტეტი შემოქმედებითი ჯგუფების – ფოლკლორული და საესტრადო მომღერლების, ჯაზისა და როკის ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული კერაა საქართველოში. ის ფაქტი, რომ ძველი საუნივერსიტეტო ტრადიციები დღესაც ღირსეულად გრძელდება, მრავალ გარემოებაზე მეტყველებს. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს მხარდაჭერისთვის, სტუდენტური შემოქმედების პოპულარიზაციისა და საუნივერსიტეტო სივრცეში კომფორტული გარემოს შექმნისთვის. ხარისხიანი განათლების მიღებასთან ერთად, სწორედ ეს ფაქტორებიც გვიქმნის მოტივაციას, შემოქმედებითი აქტივობები პროფესიონალურ დონეზე ჩავატაროთ, მეტი ნიჭიერი სტუდენტი მოვიზიდოთ, ახალი ჯგუფები ჩამოვაყალიბოთ და ორიგინალურ რეპერტუარებზე ვიმუშაოთ ”, – აღნიშნა გიორგი ქურასბედიანმა. 

ჯგუფი „მარეს“ სოლისტის, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტ დავით კიკნაძის შეფასებით, საღამო დაუვიწყარი იქნება როგორც ჯგუფის წევრებისთვის, ასევე, მაყურებლისთვის.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი სოლო კონცერტი, თავისი ემოციებით და განწყობით, დაუვიწყარი იქნება მაყურებლისთვის. მრავალი კომპლიმენტი მივიღეთ სტუდენტებისგან, ჩვენი მეგობრებისა და პროფესორ-მასწავლებლებისგან. ვფიქრობთ, კონცერტი უნივერსიტეტის რექტორსაც და კანცლერსაც ძალიან მოეწონათ – მადლობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ხელშეწყობისთვის, მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, როცა ახალგაზრდულ კონცერტს რექტორიც ესწრება და მეტიც, ბოლომდე რჩება ამ კონცერტზე. მთავარია, მთლიანად ვართ გაჯერებული იმ ძლიერი მუხტით, რაც მაყურებლისგან მივიღეთ. მადლობას ვუხდით ყველას!“, – აღნიშნა კონცერტის დასრულების შემდეგ დავით კიკნაძემ.

უნივერსიტეტში შემოქმედებითი ჯგუფებისა და კოლექტივების საანგარიშო კონცერტები მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„ERASMUS+“ თანამშრომელთა მობილობის კვირეული სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროკავშირის პროგრამის „ERASMUS+“-ის ეგიდითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის – „ERASMUS+ Credit Mobility“-ს ფარგლებში, თანამშრომელთა მობილობის კვირეული მიმდინარეობს.

„ERASMUS+“-ის კვირეულში, რომელიც ტრენინგების კურსს მოიცავს, მონაწილეობენ „ERASMUS+ Credit Mobility“-ის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან:

  • საფრანგეთი – ტულუზის უნივერსიტეტი;
  • რუმინეთი – კლუჟ-ნაპოკის ტექნიკური უნივერსიტეტი
  • პოლონეთი – ვარმია და მაზურის უნივერსიტეტი ოლშტინში, ვროცლავის, ჟეშუვის და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტები;
  • თურქეთი – სივასის რესპუბლიკის, გაზის, კასტამონუს, სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტები;
  • ჩეხეთის რესპუბლიკა – მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში. 

Erasmus+ თანამშრომელთა მობილობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძესა და ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მოეწყო, რომელზეც კვირეულის საკვანძო საკითხები განიხილეს.

შეხვედრას სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, პროექტი „ERASMUS+ Credit Mobility” და „ERASMUS+ თანამშრომელთა კვირეული მრავალმხრივ შეუწყობს ხელს საქართველოს ტექნიკურ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას.

შიდა-21.05.2025-სტუ-ERASMUS კვირეული-შეხვედრები.png

„სასიხარულოა, რომ „ERASMUS+ თანამშრომელთა მობილობის კვირეულის ფარგლებში, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მაღალი რანგის კოლეგები გვსტუმრობენ. მინდა მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადავცე და მისი სახელით, წარმატებები ვუსურვო. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავების, ასევე, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სამუშაო შეხვედრების, დისკუსიებისა და ერთობლივი ინიციატივების გზით, ერთობლივად ვაყალიბებთ გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძვლებს, რაც მხოლოდ თუ გააძლიერებს სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას. ცოდნისა და ახალი გამოცდილების გაზიარება ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩვენს სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებს და აკადემიურ პერსონალს. დარწმუნებული ვართ, კვირეულის ფარგლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობები ნაყოფიერი სამომავლო თანამშრომლობის გარანტი გახდება“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

Erasmus+ კვირეულის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო და კვლევითი კოლაბორაციის გაღრმავების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალთან, ასევე, ERASMUS+ მობილობის კონკურსში მონაწილე აპლიკანტებთან შეხვედრებს მართავენ, პრეზენტაციის სახით, მათ წარუდგენენ თავიანთ უნივერსიტეტებს, ეცნობიან სტუ-ის სასწავლო-კვლევით ინფრასტრუქტურას, ფაკულტეტების ლაბორატორიულ ბაზებს, მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებს. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის – „ERASMUS+ Credit Mobility” ფარგლებში, თანამშრომელთა მობილობის კვირეული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 23 მაისამდე გაგრძელდება.

სტუ-ის რექტორი აშშ-ის საელჩოსა და „ამერიკული საბჭოების“ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (University Capacity Building Program – UCBP) ფარგლებში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალის, ორგანიზაციის – „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ – სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორ ტიმოთი კ. ბლაუველთს და ბუფალოს უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ ბასკარ დასს შეხვდა და მათთან ერთად UCBP-ის მესამე ფაზის ფარგლებში კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილა. 

შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, ასევე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების საგრანტო პროექტებისა და უმაღლესი განათლების პროგრამების ხელმძღვანელი სოფიო ბზიშვილი და „ამერიკული საბჭოების“ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ კოორდინატორი ნათია სირდაძე. 

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, თანადგომის მნიშვნელობაზე ქვეყნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცის განვითარებაში. მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და „ამერიკულ საბჭოებს“ და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უშუალო ჩართულობით, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ (University Capacity Building Program – UCBP) წარმატებით გრძელდება. 

შიდა-19.05.2025-სტუ- განვითარების პროგრამა-აშშ საელჩო-საბჭოები.png

დავით გურგენიძემ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ პირველი და მეორე ფაზის შედეგები მიმოიხილა. როგორც რექტორმა აღნიშნა, პირველ ფაზაზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამეწარმეო კულტურის განვითარებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობასთან ერთად, გაძლიერდა პარტნიორული ურთიერთობები უნივერსიტეტს, ინდუსტრიასა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის.

რექტორის თქმით, პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში მაქსიმალურად მოხდა უნივერსიტეტის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინება, ამერიკის სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში აპრობირებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ამერიკულ უნივერსიტეტებთან თუ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან პარტნიორობის გაძლიერება.

დავით გურგენიძის განცხადებით, მდგრადობის მიმართულებით გადადგმულმა წარმატებულმა ნაბიჯებმა ექსპერტების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. 

„მიგვაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ერთ-ერთი მყარი საფუძველი საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეებს შორის კოოპერაცია გახდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკადემიური მიმართულებით, მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მის პრეზიდენტს, ქალბატონ ადელა დე ლა ტორეს უახლოეს მომავალში ვუმასპინძლებთ. ასევე, გვაქვს კოლაბორაცია არიზონის უნივერსიტეტთან. საგულისხმოა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სამეცნიერო კოლაბორაცია გვაკავშირებს მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ სამეცნიერო ცენტრ FERMILAB-თან. იქ მიმდინარე DUNE ექსპერიმენტში ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობენ. დიდი სურვილი გვაქვს, ამერიკულ უნივერსიტეტებთან მეტად მრავალმხრივი კოოპერაციის შესაძლებლობები გაგვიჩნდეს, გაფართოვდეს და გაღრმავდეს როგორც აკადემიური, ასევე, სამეცნიერო კოლაბორაციები და ისეთ მრავალფეროვან, გლობალურ ჭრილში წარიმართოს, როგორც ეს ევროპისა თუ აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, უდიდეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან გვაქვს. ვიმედოვნებთ, პროგრამა UCBP-ის ფარგლებში, მჭიდრო ურთიერთობა დავამყარებთ იმ ამერიკულ უნივერსიტეტებთან, რომლებიც სამეცნიერო-კვლევით ბმაში არიან ფერმის ლაბორატორიასთან, რაც მიზნობრივ თანამშრომლობის გააძლიერებს. მასში ჩაერთვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პროგრამის მესამე ფაზაზე კონკრეტული მიზნები ამოძრავებს – ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეალური შედეგები დავდოთ, რაც უნივერსიტეტს, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, აქტიური და მდგრადი განვითარების საშუალებას მისცემს. წარმატებას ვუსურვებთ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამას“ და მის მონაწილე მხარეებს“, – განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს პროგრამის მესამე ფაზის სამუშაოებსა და არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენების გზებზე, ასევე, მოსაზრებები შეაჯერეს UCBP-ის მესამე ფაზის ძირითად აქცენტებზე. 

შეხვედრის დასასრულს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოების“ წარმომადგენლებმა, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძესა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც მათ აღნიშნეს, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ მესამე ფაზა ისეთივე წარმატებით განხორციელდება, როგორც წინამორბედი ფაზები და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ამერიკულ უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან კოოპერაცია ხელშესახებ კომერციულ შედეგებს მოუტანს. 

„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ მესამე ფაზის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მხარეები განიხილავენ უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ შემუშავებულ სამ სამეცნიერო პროექტს: „ახალი კორონავირუსის ბიოინფორმატიკული მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფა“, „მხედველობის არეალის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომპიუტერული ანალიზი“ და „ჭკვიანი სოფლის მეურნეობა თაფლის ფუტკრის მოშენებაში“, რომლებიც ბუფალოს უნივერსიტეტის მედიკამენტებისა და ბიოთერაპიული აღმოჩენების განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ ბასკარ დასის მიერ იქნა შერჩეული. სამუშაო შეხვედრებზე სტუ-ის მკვლევრები, ამერიკელ მეცნიერთან ერთად, საგრანტო წინადადებების მომზადებაზე იმუშავებენ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საგრანტო წინადადების მომზადების შემდგომ, აღნიშნულ პროექტებს ამერიკის შეერთებული შტატების ფონდებში ამერიკულ უნივერსიტეტებთან კოლაბორაციაში წარადგენს.

ცნობისათვის, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამას“ (University Capacity Building Program – UCBP), საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ორგანიზაცია – „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ ახორციელებს. 

კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში ვიზიტად მყოფი მეცენატი, ცნობილი გერმანელი ხელოვანი და მეწარმე, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებელი, სტუ-ის საპატიო დოქტორი კლაუს ჰიპი შეხვდა და მათთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.

კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციასა და ბრენდინგს მიეძღვნა.

როგორც HIPP-ის დამფუძნებელმა, სტუ-ის საპატიო დოქტორმა აღნიშნა, ქვევრის ღვინო სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით, ბუნებრივი და ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოების მოყვარულთა შორის.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან კლაუს ჰიპმა ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის გლობალურ მასშტაბებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით, სტუდენტებს შესთავაზა იდეები, რაც ქვევრის ღვინის უნიკალურობასა და კულტურულ მნიშვნელობაზე დაფუძნებულ კონცეფციას გამოხატავს. 

საჯარო ლექციას ესწრებოდა ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, კლაუს ჰიპის თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალმხრივია და მოიცავს როგორც აკადემიურ, ისე კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს.

ეს საჯარო ლექცია კი მორიგი, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართულ-გერმანული განათლებისა და ბიზნესკავშირების გაღრმავებისკენ. თამარ ლომინაძის თქმით, ინოვაციებისა და დიზაინის როლზე მარკეტინგში კლაუს ჰიპის გამოცდილება და ხედვა შთააგონებს როგორც სტუდენტებს, ასევე, პროფესიონალებს საქართველოში.
 11.png

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მსოფლიო ბრენდ HIPP-ის დამფუძნებელთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.

კლაუს ჰიპის ყოველი ვიზიტი ახალ შთაგონებას და მოტივაციას აძლევს ჩვენს სტუდენტებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა რეალურად ნახონ ასეთი მაგალითები – ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ საზოგადოების განვითარებაზე, ინვესტირებენ განათლებაში და ზრუნავენ უკეთესი მომავლის შექმნაზე.

წლების განმავლობაში კლაუს ჰიპი დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის ატარებდა კონკურსს და გამარჯვებულ სტუდენტებს იწვევდა გერმანიაში, საკუთარ საწარმოში ერთთვიანი პრაქტიკის გასავლელად. ამგვარად, ათობით სტუდენტმა ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, სტუდენტებისთვის, მიეღოთ ევროპული გამოცდილება ისეთ მაღალტექნოლოგიურ და წარმატებულ კომპანიაში, როგორიცაა HIPP-ი.

რაც ეხება დღევანდელ საჯარო ლექციას, ის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ღვინის ქვეყანაა, და დღევანდელ თემას – ქვევრის ღვინო – განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს კულტურაში. ქვევრის ღვინო მხოლოდ საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, მას საერთაშორისო დონეზე გავუწიოთ პოპულარიზაცია. ამ თემასთან დაკავშირებით, ბატონი ჰიპის მოსაზრებები, რეკომენდაციები და შეხედულებები საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება ჩვენი სტუდენტებისთვისაც.

კლაუს ჰიპის ინიციატივით, ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები, არამედ ქიმიური ტექნოლოგიების, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ბიზნესტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებიც. 

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ არაერთხელ უმასპინძლებს კლაუს ჰიპს, რომელიც შთააგონებს მომავალ თაობებს და ახალგაზრდებს დაუღალავად უზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის სტუდენტებმა კონსტანტინე აფხაზისა და მასთან ერთად დახვრეტილი 14 ოფიცრის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის ხელმძღვანელობით, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის დისწულის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის გენერალ-მაიორის, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრისა და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული გმირის კონსტანტინე აფხაზისა და მასთან ერთად დახვრეტილი 14 ოფიცრისა და ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

სტუდენტებმა ვაკის პარკში, 1923 წლის 20 მაისს, ჩეკისტების მიერ დახვრეტილი ეროვნული გმირების – გენერალ-მაიორ კონსტანტინე აფხაზის, და სამხედრო ცენტრის 14 წევრის: გენერლების – ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, გენერალ-მაიორ ვარდენ წულუკიძის, პოლკოვნიკების – გიორგი ხიმშიაშვილისა და როსტომ მუსხელიშვილის, ოფიცრების – ივანე ქუთათელაძისა და ნიკოლოზ ზანდუკელის, როტმისტრების – სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელისა და ფარნაოზ ყარალაშვილის, იასონ კერესელიძის, ლევან კლიმიაშვილის, დიმიტრი ჩრდილელის, სიმონ ჭიაბრიშვილის, პოლკოვნიკების – ალექსანდრე მაჭავარიანისა და ელიზბარ გულისაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ქართველი პატრიოტების დახვრეტიდან 102 წლის შემდეგ, ჯალათების წინაშე უდრეკად მდგომი 15 ქართველის გმირობა მომავალი თაობებისთვის მუდამ ზნეობრივ გაკვეთილად დარჩება.

„კოტე აფხაზი და 14 რჩეული მამულიშვილი შეეწირა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნას. შეუძლებელია დავიწყება იმისა, თუ ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები, როგორ იცავდნენ სამშობლოს და როგორ სწირავდნენ თავს. შეუძლებელია დავივიწყოთ კონსტანტინე აფხაზის უკანასკნელი სიტყვები – „ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“ სწორედ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა იცხოვრო სამშობლოსთვის“, – აღნიშნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მემორიალთან.

ცნობისთვის, კონსტანტინე აფხაზი და მასთან ერთად დახვრეტილი 14 თანამებრძოლი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ.

სტუ-ის რექტორი და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გადაცემაში – „ბიზნესპარტნიორი“

რა როლი აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში, რა პროექტები ხორციელდება ენერგეტიკის სექტორში განათლების ხელშეწყობის მიზნით – ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე. 

სტუ-ის რექტორმა რენის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობებზე იმსჯელა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რენის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, სებასტიან ლე პიკარს შეხვდა და ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობებზე იმსჯელა. 

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან რექტორის შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის საერტაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ნატო ჭუჭულაშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. როგორც რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საფრანგეთის უნივერსიტეტებთან მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს, რაც სტუდენტთა და სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევებსა და სამეცნიერო კონფერენციების ფორმატს ითვალისწინებს.

რექტორის თქმით, პარტნიორობა ასევე ყოველწლიურად ფართოვდება  უნივერსიტეტ რენ 1-თან, მონპელიე სუპაგროსთან, რომლებთან ერთადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, კოორდინაციას უწევს სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალავრო და მეღვინეობა-მევენახეობის სამაგისტრო ორდიპლომიანი პროგრამების განხორციელებას.

დავით გურგენიძემ ისაუბრა რამდენიმეწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობის შესახებ ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრავალმხრივი მხარდაჭერით დაარსდა. 

გარდა ამისა, რექტორმა რენის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და გლობალურ ექსპერიმენტებში მონაწილეობისა და ევროპის, ამერიკის, აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორობის შედეგები გააცნო.  

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მჭიდრო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაცია აქვს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან. ჩვენი მეცნიერთა ჯგუფები, ახალგაზრდა მკვლევრები, სტუდენტები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები აქტიურად არიან ჩართულნი გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან, როგორიცაა: შევეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და  J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი და სხვ. მუდმივად იხვეწება უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. თითქმის ყველა ფაკულტეტზე მოქმედებს თანამედროვე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები, სადაც ჩვენი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, კვლევებს ატარებენ. მათ შორისაა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ლაბორატორიული კომპლექსი, რომელიც უნიკალურია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. აქ  ერთდროულად 700-ზე მეტი ლაბორატორიული, სამეცნიერო და საექსპერტო კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, მათ შორის, CERN-თან ერთად. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, გააღრმაოს კოლაბორაცია რენის უნივერსიტეტთან, შეიმუშაოს ერთობლივი კვლევითი პროექტები, დაგეგმოს სამეცნიერო კონფერენციები და გააქტიუროს გაცვლითი პროგრამები, როგორც ჩვენი წარმატებული სტუდენტებისთვის, ასევე სამეცნიერო-აკადემიური პერსონალისთვის“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ. 

რენის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა სებასტიან ლე პიკარმა აკადემიკოს დავით გურგენიძესა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რენის უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელით, თანამშრომლობაზე მზაობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან კოლაბორაცია ორმხრივი წარმატების საწინდარი იქნება. 

„რენის უნივერსიტეტი დაინტერესებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სასწავლო-სამეცნიერო პროცესების გაღრმავებით, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელებით, ასევე, სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის მობილობის გააქტიურებით, რაც ორ უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს საფუძველი ჩაუყაროს მყარ პარტნიორულ კოლაბორაციას“, – განაცხადა სებასტიან ლე პიკარმა. 

სტუ-ში „დასაქმების კვირეული – 2025“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, ფაკულტეტების ჩართულობით და სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, მასშტაბური ფორუმი – „დასაქმების კვირეული – 2025“ გაიხსნა, რომელშიც 170-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, სტუ-ის ყველა ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ.

3 (3).png

დასაქმების ფორუმით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერას. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დასაქმების კვირეულზე ყველა ის ახალგაზრდა მიიწვია, ვინც წელს სტუ-ის კურსდამთავრებული ხდება, ასევე ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.

2 (6).png

საუნივერსიტეტო „დასაქმების კვირეული – 2025“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ პირველ სასწავლო კორპუსში გახსნა და სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს წარმატებები უსურვა. 

რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიზანია, დასაქმებისა და კარიერული ზრდის მიმართულებით, ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ახალგაზრდებს და ისინი საქართველოს შრომის ბაზარზე მოქმედ ავტორიტეტულ ორგანიზაციებსა და ბიზნესკომპანიებთან საუნივერსიტეტო სივრცეში დააკავშიროს. 

„რამდენიმე წელია დასაქმების ფორუმმა შთამბეჭდავი მასშტაბები შეიძინა და ეფექტიანი საუნივერსიტეტო პლატფორმა გახდა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა მხარდასაჭერად, ასევე, უნივერსიტეტს, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ინდუსტრიებს შორის პარტნიორობის გასაღრმავებლად. მოხარული ვართ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე ქართული კომპანიების ასეთი სიმრავლეა. დასაქმების კვირეული დღეს გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სასწავლო კორპუსში, ფაკულტეტების აქტიური ჩართულობით გაგრძელდება. საუნივერსიტეტო ფორუმზე დამსაქმებელი ორგანიზაციების ასეთი სიმრავლე ოპტიმიზმის რეალურ საფუძველს გვაძლევს. კვირეულზე ველით ქვეყნის შრომის ბაზარზე მოქმედ 170-მდე ავტორიტეტულ ორგანიზაციას და ბიზნესკომპანიას, რომლებიც ახალგაზრდებს აქტიურ ვაკანსიებსა და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამებს შესთავაზებენ. ეს პროფესიის მიხედვით დასაქმების უნიკალური შესაძლებლობაა. სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა და მასთან დაკავშირებული მიდგომების საუნივერსიტეტო სივრცეში გააქტიურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. თავისთავად, აღნიშნული პროცესი მომავალი თაობის პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ამავდროულად, მიზნად ისახავს უმაღლესი თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, დამსაქმებელ ორგანიზაციებთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნებას და მათი რიგების შევსებას იმ ახალგაზრდა პროფესიონალებით, რომელთაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეს. ორგანიზაციებსა და ინდუსტრიებს სწორედ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ კვალიფიციურ კადრებზე დაყრდნობით შეაქვთ უდიდესი წვლილი საქართველოს ეკონომიკის აღმავლობაში. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ყველა ორგანიზაციას, რომელიც საუნივერსიტეტო დასაქმების ფორუმში მონაწილეობს“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე ამბობს, დასაქმების ყოველწლიური მასშტაბური ფორუმის ჩატარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად იქცა. ფორუმი, რომელმაც მიმდინარე წელს კვირეულის ფორმატი შეიძინა, საუნივერსიტეტო სივრცეში უკვე მეოთხედ ტარდება.  

„სხვა პრიორიტეტებთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ჯანსაღი ამბიცია, ააშენოს ხიდი სტუდენტებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს შორის. უნივერსიტეტის ერთ-ერთი და უმთავრესი საზრუნავი, მაღალხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვის გარდა, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდა და მათი ღირსეულად დასაქმებაა. ვფიქრობთ, საუნივერსიტეტო სივრცეში კარიერული განვითარების მიმართულებით მძლავრი და ქმედითი პლატფორმა მოქმედებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს, ყველა ახალგაზრდას განვითარებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები შეუქმნას. აღნიშნულის ნათელი დადასტურება წლევანდელი საუნივერსიტეტო ფორუმიც არის, რომელიც ამჯერად, მასშტაბების გაფართოების გათვალისწინებით, უკვე კვირეულის სახით შევთავაზეთ ჩვენს ახალგაზრდებს. ვიმედოვნებთ, საუნივერსიტეტო ღონისძიება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მრავალ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს გაუკვალავს გზას და ღირსეულად დასაქმებაში მხარდაჭერას აღმოუჩენს”, – აღნიშნავს ნატო ქათამაძე.

„დასაქმების კვირეული – 2025“-ს ვიცე-რექტორები, თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ფაკულტეტების დეკანები და აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, დამსაქმებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

5.png

დასაქმების კვირეული, რომელშიც ჩართულია ყველა ფაკულტეტი, 23 მაისის ჩათვლით, მონაცვლეობით ტარდება სტუ-ის სასწავლო შენობებში: 19 მაისს – პირველ კორპუსში; 20 მაისს – მე-6 კორპუსში; 21 მაისი – მე-11 კორპუსში; 22 მაისს – მე-3 კორპუსში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმის ფარგლებში, 170-მდე სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის სტენდი იქნება განთავსებული.

დამსაქმებელი ორგანიზაციები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საერთო ჯამში, 1500-ზე მეტ ვაკანსიასა და სტაჟირების ანაზღაურებად პროგრამებს შესთავაზებენ.

ახალგაზრდები ამომწურავ ინფორმაციას თუ კონსულტაციებს უშუალოდ ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მიიღებენ, სასურველ ვაკანსიებს შეარჩევენ და განაცხადებს ადგილზე შეავსებენ. 23 მაისს კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია „დასაქმების კვირეული – 2025“-ის შედეგებს შეაჯამებენ.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?