„მსოფლიო და კავკასია“ – XIV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ში

20 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტისა და საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდება XIV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“. 

კონფერენციის სამუშაო ენებია – ქართული, ინგლისური, რუსული. 

Those wishing to participate in the conference must register in advance (განაცხადის ფორმა). 

მომხსენებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოხსენების გაგზავნის ბოლო ვადაა ამა წლის 15 ივნისი. 

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

სტუ-ის წარმომადგენლები ვიზიტით მილანის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის CIF საგრანტო პროექტისა და საერთაშორისო გაცვლითი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე და ასისტენტ-პროფესორი ინგა ხუციშვილი იტალიაში, მილანის უნივერსიტეტის (University of Milan) მთიანი რეგიონების სასწავლო-კვლევით ჰაბ UNIMONT-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

მილანის უნივერსიტეტში ვიზიტის მიზანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, UNIMONT-თან მჭიდრო პარტნიორობით, მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, რაც არა მხოლოდ ახალგაზრდა სპეციალისტების მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებას შეუწყობს ხელს, არამედ გააძლიერებს ინტერნაციონალიზაციის პროცესსა და კავშირებს ორ უნივერსიტეტს შორის. 

1 (9).png

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ნოე ხოზრევანიძემ, იტალიელ კოლეგებთან ერთად, განიხილეს სამაგისტრო პროგრამის შემუშავების აქტუალური საკითხები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები კვლევისა და სწავლების სფეროში, მათ შორის, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობის შესაძლებლობები ევროკავშირის პროგრამა ERASMUS+-ის K1 და K2 აქტივობების ფარგლებში.

საუბარი შეეხო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა HORIZON EUROPE-ის ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ერთობლივი საგრანტო კვლევითი პროექტების მომზადების შესაძლებლობებს და პროფესიული სასწავლო პრეზენტაციების შემუშავებას, რომელთა მიზანი მთის მდგრადი განვითარება იქნება. 

საერთაშორისო გაცვლითი კვირეულის განმავლობაში, სტუ-ის წარმომადგენლები UNIMONT-ის საქმიანობას გაეცნენ, დაათვალიერეს სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები და სასწავლო სივრცეები, ესაუბრნენ იტალიელ და საერთაშორისო სტუდენტებს, ასევე, სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და სტაჟირების, ასევე, კურსდამთავრებულთა დასაქმების ევროპული მოდელების გაზიარების მიზნით, მოინახულეს იტალიის ალპების ედოლოს მთის რეგიონის მნიშვნელოვანი ადგილები – სტელვიოს ეროვნული პარკი (Stelvio National Park), ბორმიოს ბოტანიკური ბაღი (Bormio Botanical Garden), ჩეტოს, ჩიმბერგოს და პასპარდოს კლდის მხატვრობის რეგიონული ნაკრძალი (Regional Reserve of Rock Engravings of Ceto, Cimbergo and Paspardo), ედოლოს ჰიდროელექტროსადგური და ეწვივნენ სამთო-სათხილამურო ტურიზმის ცენტრს, შეხვდნენ დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ადგილობრივ ფერმერებს და მთაში მოქმედი საწარმოების – მათ შორის მონკიერის სამთო მევენახეობისა და ღვინის ქარხნის – ახალგაზრდა სპეციალისტებს, გაეცნენ სიმინდის უძველესი ჯიშის – Mais Nero Spinoso-ს მიწოდების ჯაჭვის სპეციფიკას.

4 (2).png

ვიზიტის დასასრულს, მილანის უნივერსიტეტის აგრარულ და გარემოსდაცვით მეცნიერებათა დეპარტამენტში (DISAA), კვირეულის შედეგების შეჯამების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი შეხვდნენ მილანის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიმართულების ვიცე-რექტორს, პროფესორ პაოლა კატენაჩოს, UNIMONT-ის სხვადასხვა დეპარტამენტის და კვლევით ცენტრ Ge.S.Di.Mont-ის ხელმძღვანელებს, მეცნიერებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

როგორც სტუ-ის კანცლერი აღნიშნავს, მილანის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ საინტერესო იყო, როგორც გამოცდილების გაზიარების, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ახალი მიდგომების შემუშავებისა და ახალი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების თვალსაზრისით. 

„მილანის უნივერსიტეტსა და UNIMONT ჰაბში სამუშაო ვიზიტი შესანიშნავი შესაძლებლობაა, რათა გავაღრმაოთ სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობა და საფუძველი ჩავუყაროთ მაღალ დონეზე ორგანიზებულ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას, რომელიც სრულად იქნება ორიენტირებული მთიანი რეგიონების მდგრად განვითარებასა და ამ მიმართულებით ახალგაზრდა პროფესიონალი სპეციალისტებისა და მკვლევრების აღზრდაზე. მნიშვნელოვანია, რომ ინტენსიური დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების გზით, ჩვენ შევძელით ახალი ხედვებისა და იდეების გენერირება, კონკრეტული ამოცანების დასახვა როგორც ერთობლივი კვლევითი ინიციატივების, ასევე, მობილობის პროგრამებისა და ცოდნის გაცვლის მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, მილანის უნივერსიტეტსა და UNIMONT-თან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდება. ვიმედოვნებთ, იტალიელ კოლეგებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვან შედეგს მივიღებთ, რომელიც წაადგება არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ მთიანი რეგიონების უნიკალური გამოწვევების დაძლევას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში“, – აღნიშნავს კარლო კოპალიანი.

მილანის უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია განთავსებულია UNIMONT-ისა და LA STATALE NEWS-ის ოფიციალურ გვერდებზე.

სტუ-ის სტუდენტებისთვის აშშ-ის საელჩოში საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტისა და ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საჯარო ლექცია გაიმართა. 

სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით – „მეოთხე შესწორება, ჩხრეკა და ჩამორთმევა“ (Fourth Amendment and Search and Seizure) ყოფილი ფედერალური პროკურორი, ამჟამად პროგრამა INL-ის ადვოკატი ჩარლზ შმიტსი წარდგა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საუნივერსიტეტო დელეგაციას ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე ხელმძღვანელობდა. საჯარო ლექციას, სტუდენტებთან ერთად, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ჩარლზ შმიტსმა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალწარმოების ნიუანსები მიმოიხილა, საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში პარალელები გაავლო და ახალგაზრდებს აღნიშნული კანონმდებლობის პრაქტიკაში გატარებასთან დაკავშირებული გამოცდილება რეალურ ქეისებზე დაყრდნობით გაუზიარა.

საჯარო ლექციაზე, რომელიც ინტერაქციურ ფორმატში მიმდინარეობდა, ჩარლზ შმიტსმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ვიზიტი ნაყოფიერი გამოდგა საგანმანათლებლო-კვლევით პროცესში ამერიკული პროგრამების გაზიარების თვალსაზრისითაც.

მისი თქმით, საელჩოს თანამშრომლებმა, გაცვლით პროგრამებში აქტიურად ჩართვის ხელშესაწყობად, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს. 

„მსურს, მადლიერება გამოვხატო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ ჩვენი სტუდენტებისთვის საინტერესო საჯარო ლექციის ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად ამდიდრებს საგანმანათლებლო პროცესს და დიდ როლს ასრულებს ახალგაზრდა პროფესიონალების ჩამოყალიბებაში. ბატონი ჩარლზ შმიტსის საჯარო ლექცია მეოთხე შესწორებისა და ჩხრეკა-დაკავების შესახებ, იყო არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ ინტერაქციითაც გამორჩეული. მის მიერ გაზიარებული პრაქტიკული ცოდნა, გამდიდრებული რეალური ქეისებით, დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, უფრო ღრმად გაიაზრონ ამერიკის სამართლებრივი სისტემა და მისი გამოყენება პრაქტიკაში, რადგან ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ შეკითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები. სწორედ მსგავსი ურთიერთობით იქმნება წამახალისებელი გარემო საერთაშორისო სამართლისადმი ინტერესის გასაღრმავებლად. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საელჩოს წარმომადგენლებს ამერიკული საგანმანათლებლო-კვლევითი გაცვლითი პროგრამების შესახებ იმ პრაქტიკული ინფორმაციისთვის, რომელიც მათ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გაუზიარეს. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და კოლაბორაციის გასაფართოებლად. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერა ნათლად გამოხატავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას. მადლობა მათ საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს თამარ ლომინაძე.

სტუ-ის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას „თეგეტა გრინ პლანეტში“ გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტში“ გაივლიან და საავტომობილო ნარჩენების ეფექტიანი მართვა-გადამუშავების მიმართულებით კომპანიის საქმიანობას ადგილზე გაეცნობიან. აღნიშნულის შესახებ შეთანხმება უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმით გამყარდა.

დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა და „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა მოაწერეს ხელი.

უნივერსიტეტში მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციისა და კომპანიის წარმომადგენლები, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის, ასევე, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტების მეცნიერ-მკვლევრები და სტუდენტები.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, მემორანდუმის მიზანი ახალგაზრდების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. დოკუმენტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიისა და გარემოსდაცვითი ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების 40 სტუდენტი – მესამე და მეოთხე კურსის ბაკალავრები, ასევე, მაგისტრანტები დამატებით თეორიულ სწავლებას სამ საგანში გაივლიან: ატმოსფეროს დაცვის ტექნიკა, ჰიდროსფეროსა და ნიადაგის დაცვის ტექნიკა და საწარმოო პრაქტიკა გარემოსდაცვით ინჟინერიაში.

კურსის თეორიული ნაწილის დაძლევის შემდეგ, სტუდენტები ადგილზე გაეცნობიან „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობას, რაც საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას უზრუნველყოფს. 

2 (8).png

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების გლობალური გამოწვევების დაძლევაზე მეცნიერები, ინდუსტრიებთან პარტნიორობით, აქტიურად მუშაობენ. 

„კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და ნარჩენების მდგრადი მართვა – ეს დღევანდელი მსოფლიოს რეალური გამოწვევებია. მათი დაძლევა საჭიროებს მეცნიერების, განათლებისა და ინდუსტრიის გაერთიანებულ ძალისხმევას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გარემოსდაცვითი ინჟინრებისა და მკვლევრების ახალგაზრდა თაობის მომზადება ნიშნავს მათთვის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიწოდებას, არამედ პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში მხარდაჭერას და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაღრმავებას. ჩვენს პარტნიორობას „თეგეტა გრინ პლანეტთან“ საუნივერსიტეტო ხედვისა და მიდგომების რეალიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად მოვიაზრებთ. პრაქტიკული სწავლის ინტეგრირებით, უნივერსიტეტი შესაძლებლობას უქმნის სტუდენტებს გამოიმუშაონ არა მხოლოდ ნარჩენების მართვისა და გადამუშავების ტექნიკური უნარები, არამედ შედგნენ როგორც მომავალი ლიდერები გარემოსდაცვით სფეროში, რადგან კომპანიის საქმიანობაში უშუალო ჩართულობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან შემხებლობა მათ სრულფასოვან კარიერულ განვითარებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ეს თანამშრომლობა უპასუხებს ჩვენს მიზანს – ცირკულარული ეკონომიკის მხარდასაჭერად გავაძლიეროთ უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის კოოპერაცია ინტერდისციპლინური სწავლებით, ინოვაციური იდეების განვითარებით. დარწმუნებული ვართ, მემორანდუმის ფარგლებში პარტნიორობა ხელშესახებ სარგებელს მოუტანს სტუდენტებს, ინდუსტრიას და მთლიანად ქვეყანას“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.

„თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორის, შალვა ახვლედიანის თქმით, კომპანიის საქმიანობაში ჩართვით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებულ სტუდენტებს ექმნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სიღრმისეული ცოდნა და სამომავლოდ თავიანთი პროფესიული არჩევანი გარემოსდაცვით სფეროებს დაუკავშირონ.

„მემორანდუმის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაუტარდებათ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ლექციები, ისინი ტექნიკურად იმუშავებენ გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. „თეგეტა გრინ პლანეტი”, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, საავტომობილო სპეციფიკურ ნარჩენებს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მართავს. ჩვენი სპეციფიკური და ტექნიკური საქმიანობა ქმნის კარგ შესაძლებლობას, რომ სწორედ ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მიიღონ სიღრმისეული ცოდნა ამ საკითხებზე და სამომავლოდ თავიანთი პროფესიული არჩევანი გარემოსდაცვით სფეროს დაუკავშირონ. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა პროგრესული და ნაყოფიერი იქნება როგორც ჩვენი ორგანიზაციისა და უნივერსიტეტისთვის, ისე ქვეყნისთვის“, – განაცხადა შალვა ახვლედიანმა.

მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „თეგეტა გრინ პლანეტის“ პარტნიორობით, ასევე, შემუშავდება ერთობლივი სასწავლო თეორიული თუ პრაქტიკული კურსები და „მწვანე პროექტები“, გაიმართება ციკლური სემინარები და ვორქშოფები ცირკულარული ეკონომიკის შესახებ.

ცირკულარულ ეკონომიკის განვითარების მიზნით, სტუდენტები შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს, მათ შორის შეისწავლიან მეორადი გამოყენების ნივთების აღდგენას. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „თეგეტა გრინ პლანეტს“ შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმი პარტნიორობას 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ითვალისწინებს.

სტუ-ში საერთაშორისო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერთათვის, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის სამეცნიერო პროექტების მიმართულებით საერთაშორისო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებზე მორიგი ღია საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

საინფორმაციო შეხვედრაზე ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა მეცნიერ-მკვლევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა HORIZON EUROPE-ისა და განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროკავშირის პროგრამის – ERASMUS+ ფარგლებში საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობების, მიმდინარე და დაგეგმილი საგრანტო კონკურსებისა და საგრანტო მიმართულებში სიახლეების შესახებ. 

გიორგი მიქიაშვილის თქმით, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ღია საინფორმაციო შეხვედრების მოქნილი ფორმატი უნივერსიტეტის მეცნიერებს დახმარებას უწევს კვლევების განვითარებაში, რაც გულისხმობს როგორც დაფინანსების შესაძლებლობების მოპოვებას, ასევე, უნივერსიტეტის მასშტაბით, საგრანტო წინადადებების შემუშავებას და უკვე დაფინანსებული პროექტების მართვის კოორდინირებას. 

შიდა-27.05.2025-სტუ-საგრანტო ოფისი-Horizon_Erazmus-საინფორმაციო შეხვედრა.png

შეხვედრაზე გიორგი მიქიაშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა კვლევითი პროექტების დაფინანსების პირობებსა და სქემებზე. 

საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდა ჰორიზონტი ევროპის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ლუკა ქემოკლიძე, რომელმაც უნივერსიტეტის მეცნიერებს კონსულტირება გაუწია და მათ შეკითხვებს უპასუხა.

როგორც შეხვედრის დასასრულს გიორგი მიქიაშვილმა აღნიშნა, საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებების მომზადების მიმართულებით უნივერსიტეტის მეცნიერებს ქმედით დახმარებას ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისის თანამშრომელი ანა ტყემალაძე აღმოუჩენს.

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, ასევე, სტუდენტების საგრანტო საქმიანობის კულტურის დანერგვა-პოპულარიზაციის, მასში თანამშრომელთა მაქსიმალური ჩართვის, კვლევითი პროგრამების ფართო სპექტრის განვითარებისა და განხორციელების მხარდამჭერის მიზნით, ღია საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულად მართავს. 

სტუ-სა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას ავსტრიის ელჩი რობერტ გერშნერი დაესწრო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს (Montanuniversity Leoben) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც, სტუ-ის მხრიდან, ვიცე-რექტორებმა – პროფესორებმა თამარ წერეთელმა და თამარ ლომინაძემ, ხოლო ავსტრიული უნივერსიტეტის მხრიდან, პრეზიდენტმა, პროფესორმა პიტერ მოზერმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის ხელმოწერას ესწრებოდნენ ავსტრიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება რობერტ გერშნერი, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები, ასევე, ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი რიაზ ხარატი.

ქართულ და ავსტრიულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ნიკო ნიკოლაძის დარბაზში მოეწერა ხელი, ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას, გაცვლით პროგრამებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა აქტიურ ჩართულობას, ასევე, კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით კოლაბორაციას ითვალისწინებს. 

შიდა-27.05.2025-სტუ-ავსტრიის ლეობენის უნი-მემო.png

ვიცე-რექტორ თამარ წერეთლის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სამთო-გეოლოგიის, მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ენერგეტიკის სფეროში წამყვან ავსტრიულ უნივერსიტეტთან კოლაბორაცია მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საინტერესოა მომავალი თაობის მკვლევართა და სპეციალისტთა მომზადებისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მხრივ.

„მოხარული ვართ, რომ საფუძველი ეყრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობას ევროპის ერთ-ერთ წამყვან – ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტთან. გვსურს, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის გულითადი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ ავსტრიის ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება რობერტ გერშნერს, ლეობენის სამთო უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ პიტერ მოზერს, ავსტრიული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისის ხელმძღვანელს, პროფესორ რიაზ ხარატს, რადგან რექტორი, ამჟამად, სამუშაო მივლინებით ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში – CERN-ში იმყოფება. 

საგულისხმოა, რომ ლეობენის უნივერსიტეტი განსაკუთრებით ცნობილია თავისი აკადემიური პროგრამებით სამთო ინჟინერიისა და გვირაბთმშენებლობის, შრომის უსაფრთხოების, ნავთობისა და გაზის მოპოვების, ბურღვის ტექნოლოგიების, მასალათმცოდნეობისა და ლითონთა გადამუშავების, მეტალურგიის, კერამიკისა და პოლიმერების, გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და საწარმოო ნარჩენების მართვის მიმართულებით. საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში უძველესი და წამყვანი უმაღლესი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სკოლისთვის – საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტისთვის ავსტრიულ უნივერსიტეტთან მემორანდუმის ფარგლებში კოლაბორაცია მნიშვნელოვანია აღნიშნულ დარგებში ახალგაზრდა მაღალპროფესიონალ სპეციალისტთა და მკვლევართა მომზადების და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ლეობენის სამთო უნივერსიტეტთან სამომავლო ურთიერთობის დიდ სურვილს აძლიერებს ის ფაქტიტც, რომ გასული საუკუნის დასაწყისში ავსტრიაში, სწორედ ამ უნივერსიტეტში განათლებას იღებდა ახალგაზრდა გრიგოლ წულუკიძე – შემდგომში უკვე ცნობილი მეცნიერი, ქართული სამთო სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დამაარსებელი და პირველი დეკანი გახლდათ. ვიმედოვნებთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა ორივე ინსტიტუციისთვის მრავალმხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდება და ასევე, გააძლიერებს ურთიერთობებს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის. წარმატებებს ვუსურვებთ დამეგობრებულ უნივერსიტეტებს!“ – აღნიშნა თამარ წერეთელმა.  

როგორც საქართველოში ავსტრიის ელჩმა რობერტ გერშნერმა აღნიშნა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ამოქმედება ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის განსამტკიცებლად მნიშვნელოვანი სტიმული იქნება. 

„მოხარული ვარ, რომ ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის პრეზიდენტი იმყოფება საქართველოში იმ მიზნით, რომ გაღრმავდეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ჩემთვის, როგორც ელჩისთვის, დიდი პატივია დავსწრებოდი ამ დოკუმენტის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა“, – განაცხადა რობერტ გერშნერმა. 

ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის პრეზიდენტის თქმით, მემორანდუმის ამოქმედების ერთ-ერთი მიზანი მინერალური რესურსების მდგრადი ათვისების მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო მუშაობის წარმართვაა. 
 
„ლეობენის უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი მომენტია პარტნიორობის დაწყება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ამ მიზნით, ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ჩვენ დაინტერესებული ვართ კოლაბორაციით სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი კვლევითი სამუშაოები მინერალური რესურსების დაცვის გაძლიერებისა და მათი მდგრადი ათვისების მიმართულებით. მემორანდუმი მოიცავს სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების გაცვლით პროგრამებსაც, მათ შორის „Erasmus+“-ის ფარგლებში. ვიმედოვნებთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს“, – აღნიშნა პროფესორმა პიტერ მოზერმა.

ცნობისათვის, ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტი ევროპაში ერთ-ერთი სპეციალიზირებული წამყვანი უნივერსიტეტია, რომელიც კონკურენციას უწევს არაერთ ცნობილ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მათ შორის: TU Bergakademie Freiberg (გერმანია), RWTH Aachen (გერმანია), Politecnico Di Torino (იტალია), AGH University of Scienco and TECHNOLOGY (პოლონეთი) და, ამასთანავე, არის ნედლეულის სექტორში მსოფლიოში უდიდესი ინოვაციური საზოგადოების, EIT Raw Materials-ის აქტიური წევრი, რაც უნივერსიტეტის აკადემიურ, სამეცნიერო და პრაქტიკულ გავლენებს კიდევ უფრო აძლიერებს.

რექტორი აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტეტებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ასევე, საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების რექტორებსა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გულითადად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – ჩვენს საუნივერსიტეტო საზოგადოებას, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების რექტორებსა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს და ყველა იმ პატრიოტს, ვისაც გულწრფელად აღელვებს ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი. 

დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, წარსულის ხსოვნასთან ერთად, მომავლის საქართველოს შენების მოწოდებაა, სიმბოლოა ქართველი ხალხის ურყევი ნებისა – თავად განსაზღვროს და გამოჭედოს თავისი ბედი. ეს თარიღი ჩვენი ერის უდრეკობისა და სიბრძნის, ნიჭისა და ნებელობის გამოვლინებაა – ერის ყველა თაობის მამულიშვილთა, რომელთაც მუდამ სწამდათ და სწამთ ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი და განვითარებული საქართველოს იდეისა. 

დღეს, ჩვენი თაობა ვიღებთ პასუხისმგებლობას, ღირსეულად გავაგრძელოთ მათი გზა – განუხრელი სვლა აღმშენებლობისკენ. განვავითაროთ ცოდნა, განათლება, მეცნიერება და ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, თვალი გავუსწოროთ მომავლის გამოწვევებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ისევე როგორც ყველა სხვა უმაღლეს სასწავლებელს, თავისი განსაკუთრებული მისია აქვს საქართველოს ღირსეული მომავლის შექმნის გზაზე – აღზარდოს პროფესიონალ სპეციალისტთა და მკვლევართა ახალი თაობა, ნიჭიერი და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეები და ამით გაამყაროს ქართული სახელმწიფოებრიობა, რათა ჩვენმა ქვეყანამ თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო თანამეგობრობაში.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! #ესდღეჩვენია“, – ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მიმართვაში.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, 26 მაისის დადგომისთანავე, საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

სტუ-ში ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორმა საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, ლეობენის სამთო უნივერსიტეტის (Die Montanuniversität Leoben) რექტორმა, პროფესორმა პიტერ მოზერმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საჯარო ლექცია გამართა. 

საჯარო ლექცია, რომელსაც სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები, მკვლევრები და მეცნიერები ესწრებოდნენ, გახსნა სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ (პრეზიდენტი). პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ მადლობა გადაუხადა ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ პიტერ მოზერს და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელს, პროფესორ რიაზ ხარატს ვიზიტისთვის და ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1922 წელს დაფუძნდა.

დღეს ფაკულტეტის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, უმაღლესი განათლების სამივე – საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.

ტექსტი.png

„ფაკულტეტი დაარსების დღიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში, რომლებიც შემდეგ აქტიურად და ნაყოფიერად მოღვაწეობენ საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ სამთო და გეოლოგიის დარგები, ისევე როგორც ყველა ის პროგრამა, რომელსაც სწავლა-სწავლების პროცესში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტები გადიან, მხოლოდ აკადემიური სფეროები არაა, ესაა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი ქვეყანა ავითარებს თავის ინდუსტრიულ პოტენციალს, იცავს ბუნებრივ გარემოს და იმკვიდრებს ადგილს გლობალურ არენაზე. ამ პროცესში გადამწყვეტია პროფესიონალების მომზადება – ადამიანების, რომლებსაც ექნებათ როგორც სიღრმისეული ცოდნა, ასევე მაღალი პასუხისმგებლობა. სწორედ ამ ამოცანის განხორციელებისათვის ასრულებს საკვანძო როლს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამთო მეცნიერებების მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელთან, ლეობენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას. ჩვენი პარტნიორობის მიზანია არა მხოლოდ ცოდნის გაცვლა, არამედ ინოვაციების ხელშეწყობა, ერთობლივი კვლევების განხორციელება და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა. გვწამს, რომ ასეთი თანამშრომლობა განაპირობებს როგორც საგანმანათლებლო პროგრესს, ასევე რეალურ სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი ოპარტნიორი კომპანიის შესახებ. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას „არემჯის“, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ფაკულტეტს. „არემჯი“ არის ერთ-ერთი მოწინავე, კერძო სექტორიდან, რომელმაც წარმატებული სტუდენტებისათვის სტიპენდია დააწესა და რომელიც ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმების მიმართულებით ფაკულტეტის მთავარი პარტნიორია“, – განაცხადა ზურაბ გუდავაძემ. 

ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა პიტერ მოზერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და ფაკულტეტის წარმომადგენლებს გულთბილი მასპინძლობისთვის.

როგორც პიტერ მოზერმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიება იგეგმება. 

ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ პიტერ მოზერის საჯარო ლექციის დასრულების შემდგომ სამთო უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე არსებული უნიკალური შახტი-ლაბორატორია, გეოლოგია-პალეონტოლოგიის, სასარგებლო წიაღისეულის და მინერალოგიის და ასევე, პეტროგრაფიის მუზეუმები დაათვალიერეს. 

„ტერმინოლოგიური მუშაობის თანამედროვე მიდგომები“ – ქართული ტერმინთბანკის პირველი პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმისა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის პარტნიორობით, გაიმართა ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიება თემაზე – „ტერმინოლოგიური მუშაობის თანამედროვე მიდგომები”. 

სამეცნიერო ღონისძიებაზე „ტექნიფორმისა“ და არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის კოლაბორაციით, ქართული ტერმინთბანკის ონლაინ ვერსია პირველად იქნა წარდგენილი. 

ღონისძიება, რომელშიც სტუ-ის სამეცნიერო წრეები და სხვადასხვა უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები მონაწილეობდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა და სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორმა, პროფესორმა ნელი მახვილაძემ გახსნეს. 

Untitled design.png.jpeg

როგორც სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ სივრცეში მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებისთვის ტერმინოლოგიაზე მუშაობის თანამედროვე მიდგომების შემუშავება, უდავოდ, მნიშვნელოვანი პროცესია. 

„სწრაფად განვითარებად და სწრაფად ცვლად ტექნოლოგიურ სივრცეში მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებისთვის ტერმინოლოგიის სრულყოფასა და ახალი ტერმინების შექმნაზე მუშაობისას უმნიშვნელოვანესია თანამედროვე მიდგომები სამეცნიერო კომუნიკაციის თანმიმდევრულობის, სიზუსტისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ტერმინოლოგიური ბანკების შექმნა და განვითარება, როგორიცაა ქართული ტერმინთბანკი, არა მხოლოდ ენის განვითარების ინსტრუმენტია, არამედ სტრატეგიული რესურსია, რომელიც ხელს უწყობს განათლებას, კვლევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას. ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მეშვეობით, მეცნიერებს დიდი წვლილი შეაქვთ ენის, როგორც ცოცხალი და მუდმივადგანვითარებადი ფენომენის დაცვასა და მის ადაპტირებაში თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოთხოვნებთან. გარდა ამისა, ქართული ტერმინთბანკის პირველი ონლაინ ვერსიის შემუშავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს პოზიციის გასამტკიცებლად“, – განაცხადა მიხეილ ჯანიკაშვილმა. 

ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია ქაროსანიძე, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა ქართული ტერმინთბანკის მნიშვნელობის, მისი შექმნის ეტაპების, შემდგომი დამუშავების საჭიროებისა და აღნიშნული მიმართულებით არსებული სხვადასხვა გამოწვევის შესახებ.

შეხვედრის მონაწილე მეცნიერებმა დეტალურად განიხილეს და შეაფასეს ქართული ტერმინთბანკის პირველი საცდელი ონლაინ ვერსია, რომელმაც აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია.

სტუ-ში, პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიის ინიციატივით, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც პაატა სააკაძის თავის კვეთის 400 წლისთავსა და დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველოს იდეის განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკურ მნიშვნელობას მიეძღვნა.

სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ციკლური ღონისძიებების ფარგლებში იმართება, მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის, ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატენოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მკვლევრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერები, საქართველოს საერთაშორისო, სუხუმის, ასევე, ბოლონიის (იტალია) და ტოკიოს (იაპონია) უნივერსიტეტების მეცნიერ-მკვლევრები.

Untitled design (3).png

კონფერენციაში, მოწვეული სტუმრის სტატუსით ასევე მონაწილეობდა ცნობილი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, რომელიც მიხეილ ჭიაურელის ფილმში – „გიორგი სააკაძე“ – პაატა სააკაძის როლს ასახიერებდა. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.

საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ გახსნა. მან ქართველ და უცხოელ მკვლევრებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც დეკანმა აღნიშნა, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის 2026 წელს აღნიშვნასთან დაკავშირებით, ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა.

ივანე გიორგაძის თქმით, პროგრამის მიზანია, საზოგადოებას და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას შეახსენოს საქართველოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს ქართული სახელმწიფოს უნიკალური კულტურა და ეროვნული ფასეულობები.

„საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ჩვენი ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიისა და მისი ხელმძღვანელის, პროფესორ გივი ლობჟანიძის ინიციატივით, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში ტარდება, ეძღვნება პაატა სააკაძის თავის კვეთის 400 წლისთავს და დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველოს იდეის განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკურ მნიშვნელობას. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არა მხოლოდ აქტიური საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესები მიმდინარეობს, არამედ ხორციელდება რიგი პროგრამებისა იმ მიმართულებით, რომ ახალგაზრდებმა შეიმეცნონ ქართული სახელმწიფოს ეროვნული, ისტორიული და კულტურული ფასეულობები, გაითავისონ საქართველოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები და მომენტუმები, რომლებმაც განსაზღვრეს ეროვნული თვითმყოფადობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ თემების აქტუალიზაცია, რომელიც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. საგულისხმოა, რომ კონფერენცია 400 წლის წინ სამშობლოსათვის სრული გაცნობიერებით თვითშეწირული ახალგაზრდის, დიდებული ისტორიული ფიგურისა და ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწის – გიორგი სააკაძის შვილს ეძღვნება. კონფერენციაში მონაწილეობენ ჩვენი გამორჩეული მკვლევრები, რომლებიც თავიანთი სამეცნიერო მოხსენებებით ცდილობენ ნათელი მოფინონ მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტუმების საჭოჭმანო საკითხებს, უზუსტესი შეფასება მისცენ ისტორიულ მოვლენებსა და პიროვნებებს, და გარდა ამისა, გამოაფხიზლონ და დააფიქრონ საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობა და შეახსენონ თუ რამდენად რთული გზა განვლო საქართველომ წარსულიდან დღემდე და რას ეფუძნება ჩვენი ეროვნული ფასეულობები თუ ღირებულებები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, წარმატებას ვუსურვებ საერთაშორისო კონფერენციას, მის მონაწილე ქართველ და უცხოელ მკვლევრებს და ვიმედოვნებ, არაერთ საინტერესო და ფაქტსა და მოვლენას შევაფასებთ და ერთიანი საქართველოს იდეის განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა ივანე გიორგაძემ.

კონფერენციაზე წარდგნენ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი ლობჟანიძე – მოხსენებით: „ერთიანი საქართველოს იდეა და მისი განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა“; პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი – მოხსენებით: „გიორგი სააკაძის ფენომენი“; ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველოლოგი და ირანოლოგი იროტაკე მაედა – მოხსენებით: გიორგი სააკაძის მოღვაწეობა და მისი მნიშვნელობა ქართულ ისტორიოგრაფიაში“; გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი ასლან აბაშიძე – მოხსენებით: „ადამიანის უფლებები და საქართველო“; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მკვლევარი, პროფესორი ქეთევან ახობაძე – მოხსენებით: „ქართული სახვითი ხელოვნების იდენტობის საკითხი – 21-ე საუკუნის 20-იანი წლების ციფრული გამოწვევები ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ჭრილში“; პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ავთანდილ ასათიანი – მოხსენებით: „სახალხო განათლების დემოკრატიული გარდაქმნის მცდელობები საქართველოს პირველ რესპუბლიკაში“; სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი ნინო ნიშნიანიძე – მოხსენებით – „დემოკრატიული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის სამართლებრივი მნიშვნელობა“.

კონფერენციაზე რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა მიხეილ ჭიაურელის ცნობილ ფილმ „გიორგი სააკაძის“ გადაღებების შესახებ აუდიტორიას მოგონებები გაუზიარა და ისაუბრა ქართული ისტორიული ფილმების მნიშვნელოვან როლზე ქართული თვითმყოფადობისა და იდენტობის გაძლიერების ჭრილში.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის, „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიის ინიციატივით, გასულ წელს გამართული პირველი სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – ქეთევან დედოფლის წამების 400 წლისთავს მიეძღვნა.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?