სტუ-ის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 28 აპრილს დაიწყება და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. 

მსურველები, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მისამართზე

ქ. თბილისში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ ცხრილში

სტუ-ში შუალედური გამოცდები იწყება!

28 აპრილიდან სტუ-ში შუალედური გამოცდებები იწყება. გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე – elearning.gtu.ge.

საგამოცდო ცხრილებში მითითებულია სასწავლო კურსის დასახელება, გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო.

ტესტების ფორმით ჩასაბარებელი საგნების საგამოცდო ნიმუშები განთავსებულია Testing.gtu.ge-ზე.

გამოცდებზე დასასწრებად აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განვითარების მაღალ სტანდარტს იძლევა“, – სტუ-ის დოქტორანტი

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოცდილი პროფესორების მენტორობით მიღებული ცოდნა და უახლესი ინდუსტრიული ტენდენციების გაცნობა დამეხმარა იმ აუცილებელი უნარების გამომუშავებაში, რასაც ჩემს სამუშაო გარემოში წარმატებით ვიყენებ“, – ამის შესახებ სტუ-ის დოქტორანტი ლაშა ყაველაშვილი აცხადებს.

ლაშა ყაველაშვილმა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2009 წელს დაასრულა, 2023 წელს – მაგისტრატურა, ამჟამად კი, დოქტორანტურაში წყლის რესურსების ინჟინერიის მიმართულებით სწავლობს, პარალელურად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ოპერირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს.

როგორც დოქტორანტი აცხადებს, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის პროფესიულ ჩამოყალიბებასა და კარიერულ განვითარებაში, რადგან სწორედ უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და ჩართულობით კომპანიაში სტაჟირება გაიარა, მუშაობა დაიწყო და, აკადემიური ხარისხის ამაღლებასთან ერთად, თანამდებობრივი წინსვლა შეძლო.

„როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტს, რომელმაც თავის ალმა-მატერში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებიც გაიარა, ღრმად მქონდა გააზრებული ის მნიშვნელოვანი როლი, რასაც წყლის მომარაგების სისტემები მშენებლობის სექტორში ასრულებენ. ამ სფეროს განვითარება აუცილებელია თანამედროვე ინფრასტრუქტურის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი ამ მიმართულებით განვითარების მაღალ სტანდარტს იძლევა. ეს დარგი ურბანული განვითარების ხერხემალს წარმოადგენს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, გარემოს დაცვასა და ცხოვრების საერთო ხარისხზე. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლილი აკადემიური გზა მნიშვნელოვნად დამეხმარა პროფესიულ განვითარებაში. უნივერსიტეტმა მომცა მტკიცე თეორიული საფუძველი ჰიდრავლიკურ ინჟინერიაში, გარემოს დაცვაში და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებში. პრაქტიკული სწავლების, ლაბორატორიული სამუშაოებისა და ინდუსტრიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით, რეალურ სამყაროში ჩემი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა მომეცა, რამაც გააუმჯობესა ჩემი უნარები და გააღრმავა ჩემი ცოდნა წყლის ინფრასტრუქტურაში. გარდა ამისა, გამოცდილი პროფესორების ხელმძღვანელობით უახლესი ინდუსტრიული ტენდენციების გაცნობა დამეხმარა იმ აუცილებელი უნარების გამომუშავებაში, რასაც ჩემს სამუშაო გარემოში წარმატებით ვიყენებ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურდამთავრებული და ამჟამად დოქტორანტი, მადლიერი ვარ მიღებული ცოდნისა და გამოცდილებისთვის და იმისთვის, რომ სწავლასთან ერთად, ახლაც ვაგრძელებ ჩემი პროფესიული გზის ფორმირებას და სურვილი მაქვს, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო დარგის განვითარებაში“, – აცხადებს ლაშა ყაველაშვილი. 

სტუ-ში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია – „ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია – „ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები“ – გაიმართა. 

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, 2021 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, მხარეები, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერმანენტულად ახორციელებენ ერთობლივ სემინარებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს და სხვა ღონისძიებებს.

კონფერენციის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა. თბილისის მერიამ კონკურსის მონაწილეთათვის პრიზები დააწესა. თამარ წერეთლის განცხადებით, საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქპატენტის, როგორც ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკისა და სტრატეგიის განმსაზღვრელი ინსტიტუციის აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ, საქპატენტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და თბილისის მერიასთან ერთად, საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის ორგანიზატორია.  

1 (36).png

„საქართველოს ტექნიკურ  უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია, რომელიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, როგორც აკადემიური და იურიდიული წრეებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. დღევანდელი რეალობა, რომელიც ცოდნასა და ტექნოლოგიურ პროგრესზეა დამყარებული, გვიჩვენებს, რომ ინტელექტუალური საკუთრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამაყობს იმით, რომ არის მეცნიერებისა და ინოვაციების წამყვანი ცენტრი. ჩვენი მკვლევრები, მეცნიერები და სტუდენტები ახალი იდეების, ინოვაციური აღმოჩენების განხორციელებასა და თანამედროვე გამოწვევების გადაჭრაზე მუშაობენ, რაც დაცვას საჭიროებს. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გარეშე, ჩვენი მეცნიერების ნამუშევრები შეიძლება არაკეთილსინდისიერად იქნას გამოყენებული. ინტელექტუალური საკუთრების სამართალი მხოლოდ იურიდიული ფორმალობა არ არის – ეს არის საყრდენი, რომელიც იცავს შემოქმედებას, ახალისებს ინოვაციას და აფასებს შრომას. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი დღევანდელი კონფერენცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ გამოწვევები, სამართლებრივი მექანიზმები და საუკეთესო პრაქტიკები, რათა უკეთ დავიცვათ გამომგონებელთა და ავტორთა უფლებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ ჩვენი სტუდენტებიც – მომავალი მეცნიერები, ინჟინრები და იურისტები. გილოცავთ კონფერენციის გახსნას და მადლობას გიხდით ამ მნიშვნელოვან დიალოგში მონაწილეობისთვის. თქვენი იდეები და ჩართულობა გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი უნივერსიტეტის და ქვეყნის მომავალი იქნება უფრო ინოვაციური, სამართლიანი და მეტად დაცული“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ წერეთელმა. 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქპატენტის თავჯდომარე სოსო გიორგაძემ, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის  ფაკულტეტის დეკანმა მამუკა გიორგაძემ და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ქარსელაძემ.  

კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა: იტალიისა და ესტონეთის უნივერსიტეტების სტუდენტები ზუმ-პლატფორმის მეშვეობით ჩაერთნენ, ხოლო ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებმა მოხსენებები ადგილზე წარადგინეს. 

სტუდენტური მოხსენებები სპეციალურმა, სამი წევრისგან (სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მირანდა გურგენიძე; საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერი მაჭარაშვილი; ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ქარსელაძე) შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. 

ხუთი საუკეთესო მოხსენების ავტორი სტუდენტები: ნიცი გოდაბრელიძე (სტუ), რუსუდან სადღობელაშვილი (სტუ), ნუცა მარგიშვილი (თსუ), ანა ფაცაცია (თსუ) და საბა სეფერთელაძე (ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია), ქ. თბილისის მერიის დაფინანსებით, ბაკურიანში სამეცნიერო-შემეცნებითი ახალგაზრდული ბანაკის საგზურებით დაჯილდოვდნენ. 

კონფერენციის დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები და, ქ. თბილისის მერიის დაფინანსებით, მოკლევადიან ახალგაზრდულ კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, საგზურები გადაეცათ. კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო თეზისები, უახლოეს მომავალში, კრებულის სახით გამოიცემა. 

სტუ ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მსოფლიოში ცნობილი მოქანდაკის, მხატვარ-მონუმენტალისტისა და საზოგადო მოღვაწის, ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

რექტორის სამძიმარს უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეები უერთდებიან. 

„მწუხარებას გამოთქვამთ სახელგანთქმული მოქანდაკისა და მხატვარ-მონუმენტალისტის, სიკეთით სავსე ადამიანისა და ქველმოქმედის, იუნესკოსა და მრავალი საერთაშორისო ჯილდოსა თუ პრემიის მფლობელის, არაერთი მასშტაბური პროექტის ავტორის, 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრის, წლების მანძილზე საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანის – ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო. 

მისი ცნობილი მონუმენტები მსოფლიოს თვრამეტ ქვეყანაში დგას და დღესაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. თბილისის შემოსასვლელს მისი „წმინდა ნინოს მონუმენტი“, თავისუფლების მოედანს კი – „წმინდა გიორგის“ ქანდაკება ამშვენებს. საქვეყნოდ არის ცნობილი ზურაბ წერეთლის მიერ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისას დაღუპულთა პატივსაცემად, ამერიკელი ხალხისთვის საჩუქრად გადაცემული 30-მეტრიანი სტელა – „გლოვის ცრემლი“, რომელიც „თავისუფლების ქანდაკების“ მოპირდაპირე მხარეს, მდინარე ჰუდსონის სანაპიროზე დგას. თვალწარმტაცია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, მის მიერ შესრულებული, მოზაიკით მხატვრულად მოპირკეთებული ბიჭვინთის ხელოვნების სახლები, საცურაო აუზები, თბილისში – პროფკავშირების სასახლე, ავტოვაგზალი და მრავალი სხვა. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიდი ხელოვანის, ზურაბ წერეთლის სახელი და ხსოვნა მუდამ იქნება უკვდავყოფილი მისგან სახსოვრად გადმოცემული, ლითონითა და მინანქრით შესრულებული დიდებული ვრცელი პანოთი – “მეცნიერება”, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მესამე სართულის ფოიეს ამშვენებს და ყველა სტუდენტისა თუ უცხოელი კოლეგისთვის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი დიდ ხელოვანს!”, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმარში.

სტუ-ში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

„დედამიწის დღე საერთაშორისო საზოგადოებას ყოველწლიურად ახსენებს, რომ ბუნება და გარემო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიწა, რომელზეც დავდივართ, ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, წყალი, რომელსაც ვსვამთ და ყოველი ცოცხალი არსება ერთიანობაში ქმნის ჰარმონიულ მთლიანობას, რომელიც სიცოცხლეს გვინარჩუნებს. გარემოს მდგრად დაცვას მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიის სინთეზი უზრუნველყოფს. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ თითოეული ჩვენგანი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი თუ სტუდენტი – იყენებს სხვადასხვა პლატფორმას, იმ მიზნით, რომ დაინტერესებულ პირებსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევის და მდგრადი განვითარების იდეებს გაუზიაროს. ეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ გარემო, რაც ნიშნავს სუფთა ჰაერს, უსაფრთხო და სუფთა წყალს, მდიდარ ტყეებს, სიცოცხლით სავსე ოკეანეებს, ზღვებს, ტბებსა და მდინარეებს, სტაბილურ კლიმატს და ჯანსაღ მომავალს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა. 

უნივერსიტეტში დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება. აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტების ჩართულობით, ტარდება სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები არიან ჩართული.

„22 აპრილი შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებისა და გარემოს დაცვა, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი ყოველდღიური ქცევა გარემოზე და გვაერთიანებს საერთო მიზნისთვის – დავიცვათ პლანეტა და მისი მდგრადი მომავალი. სტუდენტებს, ახალგაზრდებს გაქვთ ძალა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანოთ გარემოს დაცვის მიმართულებით. ნარჩენების გადამუშავება, წყლის დაზოგვა, ხის დარგვა, ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილება, თუ უბრალოდ ნაგვის აკრეფა – ეს ყოველდღიური ქმედებები, როცა მასში საზოგადოების დიდი ნაწილია ჩართული დიდი ცვლილებების მომტანია. თქვენ უნდა დაიცვათ პლანეტა, რადგან დედამიწა მხოლოდ ჩვენი სახლი არ არის, ის მომავლის იმედიც არის“, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

ცნობისათვის, 1970 წელს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებები ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარა ხდება. ცნობიერების ზრდასთან ერთად, იზრდება სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციაც, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილებას ერთიანი ძალით აპროტესტებს.

22 აპრილი, ამ თვალსაზრისით, გამორჩეული თარიღია. ეს დღე 1990 წლიდან საქართველოშიც აღინიშნება და მის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავებისა და გამწვანების აქციები ტარდება.

სტუ-ის რექტორი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ქართველ ხალხს, სტუდენტებსა და კოლეგებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„ძვირფასო თანამემამულენო, ქრისტიანებო, განსაკუთრებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებო, კოლეგებო, თანამშრომლებო, ყველას, ვინც საქართველოსა და მსოფლიოში დღეს მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს – გილოცავთ!

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობის დღესასწაულია ქრისტიანისთვის. იგი არის სიცოცხლის სიკვდილზე და ნათელის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლო, რომელიც გვახსენებს რაოდენ დიდი ძალა აქვს უსაზღვრო სიყვარულს, თავგანწირვასა და მოწყალებას. 

ჩვენთვის, ქართველებისთვის, მართლმადიდებლობა ყოველთვის იყო, არის და იქნება სულიერი და ფიზიკური გადარჩენის გზა – საქართველოს ისტორია ამის ნათელი დადასტურებაა. როგორც ილია მართალმა ბრძანა, მამული, ენა და სარწმუნოება – ეს სამი სვეტი არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის საყრდენი, რაც ნიშნავს, რომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, კულტურისა და სულიერების დასაცავად. ეს კი გამოიხატება მეტ განათლებაში და ქვეყნის მშენებლობის სურვილით.

ძვირფასო სტუდენტებო, განსაკუთრებით მოგმართავთ თქვენ, მინდა შეგახსენოთ ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სიტყვები – „ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა“. საქართველომ გამოიარა გოლგოთა, ახლა ჩვენ აღდგომისა და აღმშენებლობის გზაზე ვდგავართ, ამდენად თქვენი, მომავალი თაობის ჭეშმარიტი რწმენა, ცოდნა და შრომა იქნება ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი და გზა ძლიერი, განათლებული საქართველოსაკენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, დაე, აღდგომა იყოს თქვენთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის ქვეყნის გამთლიანების და წარმატებების მომტანი. 

მშვიდობა საქართველოს.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! გილოცავთ!“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სააღდგომოდ საქველმოქმედო ღონისძიებები დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ, სტუ-ის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ნაზი კუციავამ და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში (უსინათლოთა და მცირე მხედველთა სკოლა-პანსიონი) საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს. 

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველ დღესასწაულზე ატარებს საქველმოქმედო აქციებს და რეგულარულად ზრუნავს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე – მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.

„გვიახლოვდება სინათლის, იმედისა და განახლების დღესასწაული – ბრწყინვალე აღდგომა. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, დაიწყო საქველმოქმედო აქციათა ციკლი. პირველი ღონისძიება უსინათლოთა და მცირე მხედველთა სკოლა-პანსიონში გავმართეთ, სადაც სპეციალური საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადავეცით. ქველმოქმედება მხოლოდ მატერიალური დახმარება არ არის. უპირველეს ყოვლისა, ეს სულიერი კავშირისა და ერთობის გამოხატულება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი დიდი დღესასწაულის დროს, როგორიცაა აღდგომა, რომელიც მორწმუნეებისთვის სინათლის ბნელზე გამარჯვების სიმბოლოა. ჩვენ მხრივ, ვცდილობთ სინათლე სხვის ცხოვრებაშიც შევიტანოთ – გავუზიაროთ სიკეთე და სითბო მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. დღეს მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეხარებინა უსინათლო ბავშვები, რომლებიც გვაგრძნობინებენ, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს სულიერებას და რაოდენ მშვენიერია მათი გულებით დანახული სამყარო“, – განაცხადა ლიანა თარგამაძემ. 

სტუ-ის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, 2025 წელს საქველმოქმედო აქციათა ციკლი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წინასაახალწლო და საშობაო ღონისძიებებით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გორის ხანდაზმულთა სახლის – „შენი თბილი კერა”, თბილისის პანსიონატ „იმედის“ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს, ასევე, წეროვანში, სოციალურად დაუცველ ცეზარ და ავთანდილ ჟამურელების მრავალშვილიან ოჯახებს სხვადასხვა სახის პროდუქტი, პირველადი დახმარებისა და პირადი ჰიგიენის ნივთები გადაეცათ. ღონისძიებათა ციკლი სააღდგომოდ განახლდა და თვის ბოლომდე გასტანს. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხოლოდ აკადემიური ხარისხით, მეცნიერთა და სტუდენტთა წარმატებებით არ იზომება. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და გვეამაყება, რომ წლების განმავლობაში ვზრუნავთ სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზე. ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ისინი იგრძნობენ მხარდაჭერას, სითბოსა და მათ მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას. დღევანდელი ღონისძიება მხოლოდ ერთჯერადი აქტი არ არის. ეს არის გზავნილი, რომ თითოეული ბენეფიციარი იმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერასა და სიყვარულს, რომ ისინი მარტონი არ არიან. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელი დღის ორგანიზებაში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის მენეჯერს, რატი გურგენიძეს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მოხალისეებს და თითოეულ ადამიანს, ვინც უშურველი შემოწირულობით, შრომითა და სიყვარულით ამ საქმეს გვერდში დაუდგა. ეს სიკეთეა აღდგომის ჭეშმარიტი არსის გამოხატულებაა“, – განაცხადა ნაზი კუციავამ. 

სტუდენტებისთვის ცესკო-ს თავმჯდომარემ საჯარო ლექცია ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა. 

საჯარო ლექცია, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა და მასში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. 

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სტუდენტებს საარჩევნო პროცესებში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

Cover gtu (32).png 
„შეხვედრისა და საჯარო ლექციის მიზანი იყო სტუდენტები ადგილზე გასცნობოდნენ ცესკოს მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციის პირველი პირისგან მოესმინათ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ გახმაურებულ კითხვებზე პასუხები. გიორგი კალანდარიშვილმა სტუდენტებს გაუზიარა ინფორმაცია, როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში ის თეორიული ცოდნა, რომელიც მათ კონკრეტული სალექციო საგნით – საარჩევნო სისტემები და კანონმდებლობა – მიიღეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს საჯარო ლექციებით, შემეცნებითი ტურებით სტუდენტებს მისცეს საშუალება გაიღრმაონ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და ხელი შეუწყოს მათ კარიერულ ზრდასა და განვითარებას“, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.

საჯარო ლექციის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სამუშაო პროცესის სპეციფიკას, ადმინისტრაციის მუშაობის წესს და საარჩევნო პროცედურებს. 

სტუ-ში საჯარო ლექცია – „ადამიანის უფლებები დემოკრატიულ სახელმწიფოში“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებითა და 161-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ჩართულობით, თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა.

საჯარო ლექციაზე – „ადამიანის უფლებები დემოკრატიულ სახელმწიფოში“, რომელსაც ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი კახა ძაგანია და ლაბორატორიის კონსულტანტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი უძღვებოდნენ, მომხსენებლებმა განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს განვითარებასა და მათ გამოყენებაზე პრაქტიკაში.

როგორც კახა ძაგანიამ განაცხადა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლობა საშუალებას იძლევა, სკოლის მოსწავლეებისათვის, მარადიულ ღირებულებებსა და საყოველთაო თუ განუყოფელ თემებზე საინტერესო და აქტუალური დისკუსიები ჩატარდეს.

მისივე თქმით, უფლებები თითოეული ადამიანის ღირსეულ არსებობას განაპირობებს, ამდენად, ადამიანის ძირითად უფლებებს საფუძვლად უდევს ღირსებისა და თანასწორობის ცნებები, უნივერსიტეტი კი ის სივრცეა, სადაც მომავალი თაობები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ მარადიულ, საყოველთაო და განუყოფელ საკითხზე – ადამიანის უფლებებზე. 

„ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად მთავრდება ჩვენი უფლებები და იწყება სხვისი. ვიცოდეთ, რომ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს შორის არ არის თვისობრივი განსხვავება. ორივე მათგანი ინდივიდს ანიჭებს გარკვეული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას, ან იცავს გარე ზემოქმედებისგან. უფლება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას აკისრებს და მისგან აქტიურ მოქმედებასა და უფლების დასაცავად სათანადო ზომების მიღებას მოითხოვს, ხოლო თავისუფლება, უპირველესად, თავად ადამიანებს ანიჭებს მოქმედების თავისუფლების შესაძლებლობას, სახელმწიფოს კი უზღუდავს ამ შესაძლებლობათა შეზღუდვას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს“. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება წარმოადგენს კონსტიტუციური კანონმდებლის მიერ ადამიანის უფლებების, როგორც წინარესახელმწიფოებრივი ღირებულებების აღიარებისა და დაცვის ვალდებულებას. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, ადრეულ ასაკშივე ჰქონდეთ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეული ინფორმაცია, რათა აღიზარდოს ახალი თაობა, რომელიც შეძლებს იყოს ლიდერი და მხარი დაუჭიროს ცვლილებებს“, – აღნიშნა კახა ძაგანიამ. 

საჯარო ლექციის დასასრულს, ადამიანის უფლებების თემაზე შემეცნებით-გასართობი თამაში გაიმართა, რის შემდეგაც მოსწავლეებს საპატიო დიპლომები გადაეცათ.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?