სტუ-ის ახლადგახსნილ სტროუ ლაბორატორიაში მეცნიერები, მსოფლიოში პირველად, ახალი თაობის სტროუ ტრეკულ მილებს დაამზადებენ

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს ჩაეყარა საფუძველი. ინოვაცია, რომელიც დაინერგა ჩვენი უნივერსიტეტის კედლებში და პირველად განხორციელდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც, დიდ მნიშვნელობას ატარებს როგორც სამეცნიერო, ისე ეროვნული თვალსაზრისით. ახალი თაობის სტროუ ტრეკული მილების წარმოების საპილოტე დანადგარი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბირთვული და მაღალი ენერგიების ფიზიკის თანამედროვე კვლევების ეპიცენტრში აყენებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატება ჩვენი მეცნიერების, მკვლევრებისა და ინჟინრების მაღალი პროფესიონალიზმის დადასტურებაა. ის კარს გვიღებს მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებთან ახალი, უფრო მაღალკვალიფიციური კოლაბორაციისკენ“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტში, საქართველოში პირველად, ახალი თაობის სტროუ ტრეკული მილების საპილოტე წარმოების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

სტროუ ლაბორატორიის ბაზაზე, სტროუ ტრეკული მილების საპილოტე წარმოებისას, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა საინჟინრო ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები, მსოფლიოში პირველად, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, 5 მმ-იანი დიამეტრის სტროუ მილებს უკვე ალუმინიზირებული მაილარის 12 და 15-მიკრონიანი (µm) ლენტისგან დაამზადებენ. 

ახალი თაობის სტროუ ტრეკული მილების საპილოტე წარმოება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორმა, სტუ-ის CERN-CMS ჯგუფის ხელმძღვანელმა, CERN-ში საქართველოს მtავრობის წარმომადგენელმა, პროფესორმა ზვიად წამალაიძემ ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ კომპლექსში გახსნეს.
 
Cover gtu (33).png

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, პირველად მსოფლიოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შემუშავებული უზუსტესი და დახვეწილი ულტრაბგერითი შედუღების ტექნოლოგიის მეშვეობით, ახალი თაობის სტროუ ტრეკული მილების დამზადება უკვე შესაძლებელია ალუმინიზირებული მაილარის 12 და 15-მიკრონიანი (µm) ლენტისგან. საპილოტე წარმოებაში მოხდება სტროუ ტრეკერებისთვის ახალი თხელკედლიანი სტროუ მილების გამოკვლევა, დამზადება, ტესტირება, მათი დეტექტორში ინსტალაცია და სისტემის მახასიათებლების ტესტირება. 

დავით გურგენიძის განცხადებით, სტროუ მილები, გაზური გაძლიერების პრინციპზე მომუშავე ტრეკულ დეტექტორთა სისტემის მთავარი რგოლი და განუყოფელი ნაწილია, ხოლო ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ტრეკულ დეტექტორებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა სტროუ კამერებმა (Straw chamber), რომლებსაც – დროითი, სივრცითი და ენერგეტიკული მახასიათებლების გამო – მსოფლიოში მიმდინარე უდიდეს სამეცნიერო ექსპერიმენტებში ტრეკულ დეტექტორებად იყენებენ. 

როგორც რექტორმა განმარტა, სტროუ დეტექტორები, საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებისა და ხელმისაწვდომობის გამო, ფართოდ გამოიყენება ისეთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში, როგორიცაა: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN, შვეიცარია), ექსპერიმენტები: ATLAS, NA-62, SHIP (სამომავლოდ); იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაცია (KEK, იაპონია), J-PARC-ში მიმდინარე COMET ექსპერიმენტი; ფერმის ლაბორატორია (FERMILAB, აშშ), ექსპერიმენტები: DUNE, Mu2e. 

„პირველად მსოფლიოში, უახლესი ტექნოლოგიით მიღებული 5 მმ დიამეტრის სტროუ მილები მზადდება ალუმინიზირებული მაილარის 12 და 15-მიკრონიანი ლენტისგან. მას, პირველად ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები უახლესი, ულტრაბგერითი შედუღების ტექნოლოგიის გამოყენებით დაამზადებენ. სწორედ ამ მიზნით, უნივერსიტეტში, სტროუ ლაბორატორიის ბაზაზე, გაიხსნა საპილოტე წარმოება, რაც ასევე პირველად მოხდა საქართველოში. უმნიშვნელოვანესია, რომ საუნივერსიტეტო ლაბორატორიაში ჩვენმა მეცნიერებმა გადაჭრეს აქამდე არსებული პრობლემა – სტაბილური, გრძელი სტროუ მილების დამზადება. კონკრეტულად, უნივერსიტეტში შექმნილ უახლეს დანადგარზე განხორციელდა 5 მეტრამდე სიგრძის მილების წარმოება. ადრინდელი დიზაინის ორმაგხვეული სტროუ მილისგან განსხვავებით, ახალი თაობის სტროუ მილების დამზადებაში არ გამოიყენება წებო. არაერთმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ორმაგხვეული მილების სუსტი მხარე ვაკუუმში მუშაობისას სწორედ შეწებების ადგილი იყო (მაგალითად, ტრეკული სისტემა Mu2e ექსპერიმენტში). უახლესი ულტრაბგერითი ტექნოლოგიის გამოყენებით, სტროუ მილს, მთელი ცილინდრის გასწვრივ, მხოლოდ შედუღების ადგილი აქვს განსხვავებული. მას უკვე, სპირალური ხვეულის გადაბმის ადგილის ნაცვლად, გააჩნია ერთი ზოლი, რომელიც ჯამურად უფრო ნაკლები სიგრძისაა, ვიდრე ხვეული სტროუს შემთხვევაში, რაც განაპირობებს გაზისთვის გაჟონვის მინიმალურ ფართს და, ასევე, საშუალებას გვაძლევს სტროუ მილები დავაფიქსიროთ დაჭიმულ მდგომარეობაში, ხანგრძლივი დროით“, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

სტუ-ის რექტორი მზადყოფნას აცხადებს, ღია სატელევიზიო დებატებში საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელ გიული ალასანიას შეხვდეს, პროფესორ-მასწავლებლები კი – რექტორ კონსტანტინე თოფურიას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში საუკუნეზე მეტია ქმნის ჩვენი ქვეყნის საფუძველს, რომლის ნათელი დადასტურება დღევანდელი დღეცაა – პირველად, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უახლესი ტექნოლოგიით მიღებული 5 მმ დიამეტრის სტროუ მილები ალუმინიზირებული მაილარის 12 და 15-მიკრონიანი ლენტისგან დამზადდება. ეს არის უდიდესი წარმატება და ამ ფონზე ჩვენი კანონიერი მოთხოვნის – დაუბრუნდეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სააკაშვილის რეჟიმის დროს მითვისებული ქონება – საპასუხოდ მიმდინარეობს ორგანიზებული შეტევა უნივერსიტეტზე, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებზე, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აკადემიური საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

დავით გურგენიძემ, აკადემიურ საბჭოსთან ერთად, განიხილა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის გამოკითხვის შემდეგ განვითარებული მოვლენები, რაც გამოიხატა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, კონსტანტინე თოფურიას მიერ სხვადასხვა სატელევიზიო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებში.

„საჯაროდ და ოფიციალურად ვაცხადებ მზადყოფნას – ნებისმიერ სატელევიზიო სივრცეში, პირდაპირ ეთერში, დებატების ფორმატში, შევხვდე პროფესორ გიული ალასანიას, საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელს. გიული ალასანიამ და მისმა ჯგუფმა, სახელმწიფო მანქანის საშუალებით, დაშინებითა და უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის შეჩერებით, რა თქმა უნდა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებით, უკანონოდ მიითვისეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ჩვენი გამოკითხვის შემდეგ კი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საზოგადოებას და კომისიას ცრუ ინფორმაციას აწვდის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მტკივნეულ თემას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების მითვისება არის არა პოლიტიკური თემა, არამედ პოლიტიკური და ელიტარული კორუფციის ნათელი მაგალითი, რაც სათავეს 2004 წლიდან იღებს და შემხებლობაშია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან.

დღეს, გიული ალასანია ამ დანაშაულის დაფარვას ცდილობს და აღნიშნული თემის, თითქოს საქართველოს უნივერსიტეტში მისი მოღვაწეობის პერიოდს არ ეხებოდეს, განხილვა უნივერსიტეტის ამჟამინდელ რექტორს მიანდო, რომელმაც დარწმუნებული ვარ, თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ იცის ელიტარული კორუფციისა და ძალადობის ფონზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების მითვისების დეტალები.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ – სატელევიზიო დებატებში მონაწილეობას მივიღებ, მხოლოდ გიული ალასანიასთან და არა კონსტანტინე თოფურიასთან, რომელიც, ამჟამად, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორია და არანაირი კავშირი არ ჰქონია იმ პროცესთან, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ. მხოლოდ გიული ალასანიამ იცის, როგორ მიითვისა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება და მხოლოდ მან უნდა გასცეს პასუხები შეკითხვებს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

აკადემიური საბჭოს წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მონაწილეობა მიიღონ დებატებში საქართველოს უნივერსიტეტის რექტორთან, ნებისმიერ სატელევიზიო სივრცეში, იმდენად, რამდენადაც ისინი ქონების ხელყოფის უშუალო მოწმეები არიან.

„ჩვენ ავუხსნით ბატონ კონსტანტინეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. სამწუხაროდ, მან, როგორც ჩანს, არ იცის დეტალები, თუმცა, უაპელაციოდ აცხადებს, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პოლიტიკური მოტივით დაიწყო მითვისებული ქონების დასაბრუნებლად ბრძოლა. უნივერსიტეტში ამ საკითხს უკვე რამდენიმე წელია განვიხილავთ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია”, – განაცხადა პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა.

სტუ-ის დელეგაცია აშშ-ში გამართულ „ABET სიმპოზიუმი – 2025”-ში მონაწილეობდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორებმა, პროფესორებმა თამარ წერეთელმა და თამარ ლომინაძემ, ასევე, სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირინე გოცირიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სან-დიეგოში გამართულ ყოველწლიურ სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს. 

„ABET სიმპოზიუმი – 2025”-ში, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ABET აკრედიტაციის მოსამზადებელი პროცესების განხილვას მიეძღვნა და ოთხ დღეს გასტანა, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების დელეგაციები მონაწილეობდნენ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, უნივერსიტეტი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების – ქართულენოვანი: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია, ბიოსამედიცინო ინჟინერია და ინგლისურენოვანი: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია – ABET აკრედიტაციისთვის ემზადება.

Cover gtu (28).png 
„სიმპოზიუმმა უნივერსიტეტებს შესთავაზა ფასდაუდებელი ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა გაუთანაბრონ თავიანთი საგანმანათლებლო პროგრამები საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებაში ხაზს უსვამს ჩვენი უნივერსიტეტის მიზანს უზრუნველყოს და მიაღწიოს უმაღლეს აკადემიურ სტანდარტებს და კიდევ მეტად გაიძლიეროს პოზიციები გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში. ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ABET აკრედიტაციისთვის ამზადებს ხუთ აკადემიურ პროგრამას. აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ ერთმა პროგრამამ, ინგლისურენოვანმა ბიოსამედიცინო ინჟინერიამ, მოიპოვა ABET აკრედიტაცია, რაც უნივერსიტეტის მიერ ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობის ნათელი მაგალითია. ABET აკრედიტაცია წარმოადგენს მაღალპროფესიულ და ავტორიტეტულ შეფასებას, რომელიც ადასტურებს, რომ აკადემიური პროგრამა შეესაბამება ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სფეროში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო სტანდარტებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ეს ნიშნავს გაზრდილ საერთაშორისო აღიარებას, სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებას და კურსდამთავრებულთა დასაქმების მეტ შესაძლებლობებს. სტუდენტებისთვის კი ეს ნიშნავს საერთაშორისო კონკურენტუნარიან განათლებას, პროფესიული წარმატების საფუძვლიან მომზადებას და გლობალურ კარიერულ შესაძლებლობებზე წვდომას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი და ABET სიმპოზიუმში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებისა და საგანმანათლებლო ხარისხის ამაღლების გზაზე. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის გაძლიერებაში“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ, სიმპოზიუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრებში, სადაც განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამების ABET აკრედიტაციისთვის მომზადების ეტაპები. მისივე თქმით, უნივერსიტეტის დელეგაცია შეხვდა ABET პრეზიდენტს, დოქტორ სარა რაჯალს და ABET აკრედიტაციის განყოფილების მთავარ დირექტორ ჯეინ ემმეტს. 
 
„ჩვენ გავდივართ სწავლების მნიშვნელოვან ეტაპს – ხუთი პროგრამა მზადდება ABET აკრედიტაციისთვის, რაც მარტივი ამოცანა არ არის. ის მოითხოვს აკადემიური პროცესების ყველა კომპონენტის ყოვლისმომცველ და დეტალურ ანალიზს, იქნება ეს სასწავლო გეგმა, სწავლის შედეგები, პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სტუდენტების მიღწევები თუ ჩართულობა და უწყვეტი გაუმჯობესების მექანიზმები. სწორედ ამ მნიშვნელოვანი დეტალებით გახდა ABET-ი საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც მთელ მსოფლიოში აღიარებენ ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სფეროში. უნივერსიტეტმა განახორციელა მიზანმიმართული და გუნდური მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენმა პროგრამებმა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ABET-ის მაღალი სტანდარტები. რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ჩვენი პროფესორები, ადმინისტრაცია, პროგრამების კოორდინატორები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები დაუღალავად მუშაობდნენ. მათ გაანალიზეს, განაახლეს და გააუმჯობესეს ჩვენი საგანმანათლებლო საქმიანობის თითოეული ელემენტი. ჩვენ ვაძლიერებთ შედეგებზე ორიენტირებულ სწავლებას, შეფასებისა და ანალიზის სისტემებს. შედეგად, სტუდენტები, სასწავლო პროცესისთვის დღეს დაწესებული მიზერული საფასურის ფარგლებში, იღებენ მაღალი სტანდარტის განათლებას, იმ მიზნით, რომ მზად იყვნენ არა მხოლოდ დღევანდელი შრომის ბაზრისთვის, არამედ მომავლისთვისაც. ABET აკრედიტაცია ადასტურებს, რომ ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები აკმაყოფილებს ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები მზად არიან, საერთაშორისო შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი პოზიცია დაიკავონ. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი უნივერსიტეტის პრესტიჟს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. რაც მთავარია, ABET აკრედიტაცია სტუდენტებს აძლევს უნივერსიტეტისადმი მეტი მხარდაჭერისა და სანდოობის განცდას, რომ ისინი იღებენ მომავლისთვის საჭირო განათლებას, ასევე – მხარდაჭერას ინდუსტრიისგან, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები მზად არიან წვლილი შეიტანონ პროგრესში“, – აცხადებს თამარ წერეთელი.

სტუ-ის აუზის „ტონუსის“ გუნდმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა

4-6 აპრილს, ქ.ქუთაისში, ცურვაში, აბსოლუტურ და ასაკობრივ ჯგუფებში (გოგონები, ბიჭები 2009-2010წწ დაბადებულების) გაზაფხულის თასის გათამაშება ჩატარდა.

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აუზის „ტონუსის“, საჩხერის, ჭიათურის, აჭარის, გორის, ქარელის, თავდაცვის აკადემიის, დიღმის, გლდანის, ბლექსის, თექმის, „ჯი ეს სის“, ელიტის, სპლეშის, რუსთავის და ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 185-მა სპორტსმენმა. 

წარმატებით გამოვიდნენ ტონუსის ბავშვები.

აბსოლუტურ კატეგორიაში:

  • მამუკა შენგელია – 3 ოქრო, 1 ვერცხლი
  • გიორგი უგრეხელიძე – 1 ვერცხლი
  • სანდრო ქვილორია – 1 ბრინჯაო
  • ალექსანდრე ჯიქიძე – 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
  • სალი შერბაევა – 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო

 ასაკობრივი ჯგუფი:

  • შერბაევა სალი – 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
  • მღებრიშვილი აკაკი – 1 ოქრო, 2 ვერცხლი
  • ლუკა მარწყვიშვილი – 2 ბრინჯაო

4X100 კომბინირებულ ესტაფეტაში ტონუსის გუნდმა, შემადგენლობით: მამუკა შენგელიამ, აკაკი მღებრიშვილმა, ალექსანდრე ჯიქიძემ, გიორგი უგრეხელიძემ  ოქროს მედლები მოიპოვეს. 

4X100 თ/ყ ესტაფეტაში ტონუსის გუნდმა, შემადგენლობით:  გიორგი უგრეხელიძემ, ლუკა მარწვიშვილმა, ალექსანდრე ჯიქიძემ, მამუკა შენგელიამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 

სტუდენტებისთვის – „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო სტუდენტებისთვის – „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ საგრანტო კონკურსს აცხადებს. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს, რომელიც პროექტის ადმინისტრირების მიზნით აერთიანებს საინიციატივო ჯგუფში არანაკლებ 5 სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს.
 
განაცხადების მიღება დაიწყო 31 მარტიდან და გაგრძელდება 25 აპრილის ჩათვლით.

საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი:

  • კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 240 000 ლარს;
  • ერთ პროექტზე მოთხოვნილი ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა არის არაუმეტეს 15 000 ლარი.

საგრანტო პროექტების თემატური მიმართულებები:

  • მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და ინტერკულტურული დიალოგი;
  • მოხალისეობრივი კულტურის განვითარება და სოციალური ინიციატივები;
  • ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება და დასაქმების ხელშეწყობა;
  • პროფესიული განვითარების, ტრენინგებისა და ფორუმების ორგანიზება სტუდენტებისთვის;
  • არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების შექმნა;
  • მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების განვითარება;
  • ნაკლებ შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა და ინკლუზია;
  • ჯანმრთელობის, ეკოლოგიის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ციფრული წიგნიერების ხელშეწყობა;
  • საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება;
  • სტუდენტური კლუბებისა და თვითმმართველობების გაძლიერება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სააგენტოს მოცემული საკონტაქტო მონაცემების დახმარებით:

  • 032 230 51 65; 595 294 901; 598 932 300.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

ფუტსალში საუნივერსიტეტო ტურნირის თასი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გუნდმა მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ვაჟთა გუნდი ფუტსალში (დარბაზის ფეხბურთი) საუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულია. სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის გუნდმა ფინალურ შეხვედრაში სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის თასი მოიპოვა.

ტურნირი, რომელიც 2 თვეა მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდა და მასში უკლებლივ ყველა ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

გამარჯვებულ გუნდს საუნივერსიტეტო ტურნირის თასი, მედლები და დიპლომები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ და ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა გადასცეს.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი სხვადასხვა ტურნირში 2004 წლიდან მონაწილეობს და 20 წლის მანძილზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა.

სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო ტურნირები მიმდინარეობს სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

Cover gtu (29).png

ამ ეტაპზე ტურნირები დასრულებულია ბილიარდში (pool), ბოულინგში, კალათბურთსა და ფუტსალში. უახლოეს მომავალში ტურნირები დასრულდება მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთსა და სპორტის კიდევ რამდენიმე სახეობაში.

საუნივერსიტეტო ტურნირების ორგანიზატორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, საუნივერსიტეტო ტურნირებში გამარჯვებული სტუდენტები და გუნდები, სამომავლოდ, სხვადასხვა გარე ტურნირებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებენ, მათ შორის უნივერსიადასა და ახალგაზრდულ ფესტივალზე. 

საუნივერსიტეტო სპორტული ღონისძიებების ჩატარების მიზანია სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე, ახალგაზრდებს შორის მეგობრობის გაღრმავება, გუნდური უნარების განვითარება და საუკეთესო პიროვნული თვისებების გამოვლენა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შიდასაუნივერსიტეტო ტურნირების მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებებს უსურვებს და სტუდენტებს მოუწოდებს, შეუერთდნენ სპორტულ აქტივობებს, უქომაგონ თავიანთ გუნდებს და გამარჯვების სიხარული მათთან ერთად გაიზიარონ. 

სტუ-ში ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

„47 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს სტუდენტებმა, პროფესორებმა, საზოგადოებამ ერთხმად აღიმაღლა ხმა და დაიცვა ეროვნული თვითმყოფადობის, აზროვნებისა და ერთიანობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლის – ქართული ენის – სახელმწიფო სტატუსი. ეს იყო გამორჩეული სიმამაცის გამოვლენა უზარმაზარი ზეწოლის ფონზე. ქართული ენისთვის კონსტიტუციური სტატუსის გაუქმება არ იყო მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი, ეს იყო თავდასხმა ენაზე, რომელითაც შეიქმნა უდიდესი ეროვნული და საკაცობრიო საგანძური, თავდასხმა მის ფესვებზე, მის კულტურაზე, მის მომავალზე“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. 

სტუ-ში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია – „ქართული და აფხაზური ენებით, კულტურებითა და ტრადიციებით მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველოთი ევროპისკენ, ანუ სტუ-ში საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნების მიზნები, ამოცანები, მნიშვნელობები”, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. 

აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტი ყოველწლიურად აღნიშნავს სახელმწიფო ენის დღეს, რადგან პედაგოგებსა და სტუდენტებს უნდა ახსოვდეთ, რომ ენა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ არის, ის კულტურის, აზროვნებისა და სახელმწიფოებრიობის გამომხატველია. 

„1978 წლის 14 აპრილს, სტუდენტები და ათასობით ადამიანი შეიკრიბა არა ძალაუფლებისთვის ან ხელისუფლებაში მოსვლისთვის, არამედ ეროვნულობის, ჩვენი მშობლიური ენის, ჩვენი მომავლის დასაცავად, იმისთვის, რომ ჩვენს მიწაზე, სადაც ქართული ენა უხსოვარი დროიდან იშვა, მის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე არ შექმნოდა. იცოდნენ მაშინ, თუ რა რისკის ქვეშ იდგნენ. უბრალო სტუდენტები იყვნენ, რომლებიც ბევრად ძლიერ სისტემას ეწინააღმდეგებოდნენ. 

ახალგაზრდებო, გახსოვდეთ – თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მიგვიღია, ის თაობებმა მოიპოვეს, ისეთმა სტუდენტებმა, როგორებიც თქვენ ხართ. ისტორია მხოლოდ წიგნებში არ ცხოვრობს, ის თითოეული თქვენგანის გადაწყვეტილებებშია – იმაში, როგორ საუბრობთ, როგორ იქცევით და როგორ იცავთ ფუნდამენტურ ღირებულებებს. არასოდეს დაგვავიწყდეს – „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“, დავკარგავთ წარსულს, მომავალს და საკუთარ თავსაც, მაგრამ თუ მას მოვუვლით, განვავითარებთ და გადავცემთ მომავალ თაობებს, ვერცერთი ძალა ვერ მოგვერევა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალ თაობას მოგიწოდებთ, იაზროვნეთ არა მხოლოდ როგორც მეცნიერების და ტექნოლოგიის შემსწავლელებმა, არამედ როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის მცველებმა. ილაპარაკეთ ქართულად, წერეთ ქართულად, იაზროვნეთ ქართულად, დაიცავით ენა და ასწავლეთ მომავალ თაობებს, რომ 14 აპრილი არ არის რიგითი კალენდარული თარიღი – ეს არის ჩვენი დაუმორჩილებლობისა და სიცოცხლის უწყვეტობის დღე“, – განაცხადა რექტორმა. 

დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით – „ქართული და აფხაზური ენებით, კულტურებითა და ტრადიციებით მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველოთი ევროპისკენ, ანუ სტუ-ში საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნების მიზნები, ამოცანები, მნიშვნელობები”, წარსდგა სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრი, სტუ-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი, სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე, რომელმაც ისაუბრა სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების მისიაზე, ასევე, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გადადგმული იმ მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის ეპოქალური მნიშვნელობის მქონე კულტურულ გამოწვევებთან. 

როგორც კონსტანტინე ფხაკაძემ აღნიშნა, სამეცნიერო ღონისძიება არსებითად ეხმიანება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და მშვიდობიანი გზებით საქართველოს გაერთიანების მიზნებს.

დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს და ქართული პოეზიის შედევრები წაიკითხეს.

ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ფაკულტეტი, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართულობით, უცხოური ტერმინების განმარტებით ლექსიკონზე დაიწყებს მუშაობას და მას გამოსაცემად მოამზადებს.

დეკანის თქმით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ლექსიკონის ციფრულ ვერსიასაც შეიმუშავებს, რომელზეც წვდომის შესაძლებლობა, სტუ-ის სტუდენტებისა და პედაგოგების გარდა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება.

მევენახეობა-ენოლოგიის მაგისტრებს სტუ-ის და ევროპული უნივერსიტეტების დიპლომები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ევროკავშირის ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ის მენეჯერმა პატრის ლალემანმა სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-ენოლოგიის ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ერთდოულად ორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპული უნივერსიტეტების დიპლომები გადასცეს. 

სტუ-ის მევენახეობა-ენოლოგიის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხუთმა კურსდამთავრებულმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან ერთად, ევროპის ხუთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის – მონპელიე სუპაგრო (საფრანგეთი), უდინეს (იტალია), გეიზენჰაიმის (გერმანია), მადრიდის პოლიტექნიკური (ესპანეთი), ტურინის (იტალია) უნივერსიტეტების მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვეს. 

ქართული და ევროპული უნივერსიტეტების დიპლომების გადაცემის ცერემონიას, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე, ევროკავშირის სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ის მონაწილე ინსტიტუციების მეცნიერ-მკვლევრები მონპელიედან, ბორდოდან და დიჟონიდან – პროფესორები: ჟან-ლიუკ ლეგრასი, შარლ რომიე, პარტის ტისი, ანეს დესტრაკი, დომინიკ ტისი, ოლივიე ზეკრი, ან-ლიზ გუმონი, ფარიდა ბოგადია, ან მოკერი, რობერტო ბაჩილიერი და ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

შიდა-14.04.2025-სტუ-აგრო-ენოლოგია-5 მაგისტრი-ორმაგი დიპლომი.jpg

რექტორმა დავით გურგენიძემ და Vinifera EuroMaster-ის მენეჯერმა პატრის ლალემანმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-ენოლოგიის ინგლისურენოვანი სამიგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს: ირინა ქუთათელს, ნუგზარ მამალაძეს, ნიკოლოზ კირვალიძეს, ანდრია ადეიშვილს და ლაშა ხაზარაძეს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ქართულ-ევროპული უნივერსიტეტების დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
 
რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ევროკავშირის ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ის ფარგლებში, ქართული და ევროპული უნივერსიტეტების დიპლომები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-ენოლოგიის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა რიგით მესამე გამოშვებამ მოიპოვა.

როგორც რექტორმა აღნიშნა, Vinifera EuroMaster-ი ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო პროგრამაა მსოფლიოში. მას წარმართავს კონსორციუმი, რომლის წევრი, საფრანგეთის აგრო მონპელიეს ინსტიტუტთან და ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი. დავით გურგენიძის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პროგრამის განხორციელებაში დახმარებას უწევს ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტი, რომელიც ასევე ზრუნავს შერჩეული სტუდენტების სწავლების დაფინანსებაზე ევროპულ უნივერსიტეტებში. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროკავშირის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ს შორის, ასევე, ევროპული უნივერსიტეტების კონსორციუმთან კოლაბორაცია ყოველწლიურად ფართოვდება. საგულისხმოა, რომ ნაყოფიერი პარტნიორობა გვაკავშირებს ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრავალმხრივი მხარდაჭერით დაარსდა. 

სასიხარულოა, რომ ჩვენი მევენახეობა-ენოლოგიის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა მესამე გამოშვებამ – უმაღლესი აკადემიური მიღწევებით შერჩეულმა ხუთმა მაგისტრმა, ნიჭიერმა, მოტივირებულმა და ერუდირებულმა ახალგაზრდებმა მოიპოვეს ერთდროულად ორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპის ხუთი უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისად, მათ გადაეცათ ორი – ქართული და ევროპული უნივერსიტეტების დიპლომები. ეს მნიშვნელოვანი წარმატება არ იყო იოლად მოსაპოვებელი, ეს სტუდენტებისა და მათი პედაგოგების დიდი შრომის შედეგია. 

მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ ალექსანდრე წულაძეს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტს, ევროკავშირის პროგრამა Vinifera EuroMaster-ს და ევროპული უნივერსიტეტების კონსორციუმს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება და მაღალი რანგის ახალგაზრდა სპეციალისტების ერთობლივად მომზადება. ვულოცავ ჩვენს მაგისტრებს ამ დიდ წარმატებას! გვჯერა, ისინი სწავლას დოქტორანტურაშიც გააგრძელებენ, შეძენილ ცოდნას და პროფესიონალიზმს კი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისკენ მიმართავენ“, – აღნიშნა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

ევროკავშირის ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაში -Vinifera EuroMaster – ჩართული ინსტიტუციების მეცნიერ-მკვლევრები, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში, რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან სამომავლო თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებულ დეტალებს განიხილავენ, ასევე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სალექციო კურსებს წაიკითხავენ.

„უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩემი პროფესიული წარმატებისთვის“, – სტუ-ის მაგისტრანტი

„როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, რომელსაც წარმატებული კარიერა აქვს „ინვინოს“ ღვინის ქარხანაში, შემიძლია სრული დარწმუნებით განვაცხადო, რომ ამ ფაკულტეტზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩემი პროფესიული წარმატებისთვის“, – ამბობს სტუ-ის მაგისტრანტი სანდრო ძერია. 

სანდრო ძერიამ 2023 წელს დაამთავრა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით და სწავლა ამავე პროგრამის მაგისტრატურაზე განაგრძო. 

როგორც სანდრო ძერია ამბობს, მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეროვნულ ეკონომიკაზე, ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს, იზიდავს ტურისტებს და ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას, რამაც განაპირობა მისი არჩევანი, ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტი გამხდარიყო.

მაგისტრანტის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლის პროცესში, ცოდნა სხვადასხვა დისციპლინაში, კერძოდ, ნიადაგმცოდნეობაში, ვაზის ფიზიოლოგიაში, მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებსა და ღვინის მარკეტინგში გაიღრმავა. უნივერსიტეტმა მას მყარი საფუძველი მისცა მიეღო ცოდნა – ჯიშების შერჩევიდან დაწყებული, დამთავრებული თანამედროვე მეღვინეობის ტექნიკებით, რასაც დღეს წარმატებით იყენებს პრაქტიკაში. 

„დღეს წარმატებით ვმუშაობ მეღვინეობის ქარხანაში, სადაც ყოველდღიურად ვიყენებ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნა-გამოცდილებას. დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე სწავლა საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც დაინტერესებულია მევენახეობა-მეღვინეობის დარგით და სურს ამ სფეროში წარმატებული კარიერის შექმნა.

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ფაქტორი იყო ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საველე პრაქტიკები. ამ გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა თეორიული ცოდნა რეალურ გარემოში გამომეყენებინა, რაც სწავლას უფრო საფუძვლიანსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულს ხდიდა. მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო ვენახის გაშენებასა და მოვლაში, სადაც შევისწავლე გასხვლა, სარწყავი სისტემების მართვა და დაავადებების პრევენციის სტრატეგიები. ეს პრაქტიკული გამოცდილებები ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვენახის მართვისა და კულტივაციის უკეთ გასაგებად.

გარდა ამისა, ჩემი პრაქტიკული სწავლება მოიცავდა კერძო ღვინის საწარმოებთან თანამშრომლობას. გამიმართლა, რომ შესაძლებლობა მომეცა ახლოს გავცნობოდი მათ საქმიანობას, შევისწავლე თანამედროვე დუღილის ტექნოლოგიები, ხარისხის კონტროლის ზომები და ბიზნესსტრატეგიები, რაც მეღვინეობის ინდუსტრიაში გამოიყენება. კერძო კომპანიების ჩართულობა საუნივერსიტეტო პრაქტიკებში უაღრესად ღირებული იყო, რადგან საშუალება მქონდა პროფესიონალების საქმიანობა რეალურად დავკვირვებოდი და გამეგო თანამედროვე მეღვინეობის გამოწვევები და ინოვაციები.

საერთო ჯამში, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტზე მიღებულმა განათლებამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ ამ დინამიკურ სფეროში წარმატებული კარიერისთვის მომამზადა. მადლობა ამისთვის უნივერსიტეტს, ჩემს თითოეულ პედაგოგს“, – ამბობს სანდრო ძერია. 

სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

  • კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილება: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 2 (0,5 საშტატო ერთეული)

განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 13 მაისიდან – 15 მაისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 150გ, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, პასუხისმგებელი პირი ნაილი კაპანაძე, ტელ: 555 48 84 09, 032 295 10 47, 032 265 03 22.

კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 19 მაისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 19 მაისს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2025 წლის 22 მაისის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; 

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

  • კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;
  • საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?