„უნივერსიტეტმა ჩამომაყალიბა პროფესიონალად და მომცა ბიძგი კარიერული განვითარებისთვის“ – ფატი ხალვაში

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო გადამწყვეტი ფაქტორი ჩემი პროფესიული განვითარების პროცესში. აქ მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ფასეულობები მაძლიერებს“, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში აცხადებს. 

ფატი ხალვაშმა უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო. მან 1986 წელს დაასრულა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრული მანქანების სპეციალობით, ხოლო 2023 წელს სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტურა, არის საჯარო მმართველობის დოქტორი. 

ფატი ხალვაშის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მისი წინსვლის მთავარი მიზეზია. ასწლოვანი უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო გამოცდილება, ასევე, ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან, კვლევით ცენტრებთან და ლაბორატორიებთან ურთიერთობა იძლევა საუკეთესო, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.

„მიზნებმა, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას მქონდა, მიმიყვანა საქართველოს პარლამენტამდე, სადაც მქონდა პატივი, მემსახურა ჩემი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. სწავლის პერიოდში გამიმართლა – მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები და თანაკურსელები, რომლებმაც მაქციეს უკეთეს სტუდენტად, დამეხმარნენ აზროვნების განვითარებაში და მოტივაცია მომცეს, ყოველთვის მეძებნა ახალი შესაძლებლობები. სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ მომცა მყარი საფუძველი, რომელიც მთელი კარიერის მანძილზე დამეხმარა. დოქტორანტურაზე საჯარო მმართველობის სპეციალობით დავიცავი დიპლომი. ეს არის სფერო, რომელმაც მომცა მმართველობის, პოლიტიკის დაგეგმვისა და საჯარო ინსტიტუტების მუშაობის შესახებ ღრმა ცოდნა. უნივერსიტეტმა მასწავლა პასუხისმგებლობა – გააზრება იმისა, რომ კარგი მმართველობა და ეფექტიანი ლიდერობა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. დღეს ვარ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საჯარო მმართველობის მიმართულებით, რაშიც დიდი წვლილი ჩემს ალმა-მატერში მიღებულ ცოდნას მიუძღვის.

ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ ახალგაზრდებს, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, არ შეუშინდეთ გამოწვევებს და ყოველთვის ისწრაფეთ სრულყოფილებისკენ. თქვენი პოტენციალი უსაზღვროა, მჯერა, რომ დაუღალავი შრომით შეძლებთ დიდი მიზნების მიღწევას, რაშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაგეხმარებათ“, – აცხადებს ფატი ხალვაში.

„საქართველო IV-VI საუკუნეებში, ქრისტიანობასა და მაზდეანობას შორის“ — პროფესორ გიორგი ჭეიშვილის საჯარო ლექცია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ჭეიშვილმა გამართა საჯარო ლექცია, თემაზე „საქართველო IV-VI საუკუნეებში, ქრისტიანობასა და მაზდეანობას შორის“.

ღონისძიება ორგანიზებული იყო „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორიის მიერ.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მამუკა გიორგაძე, სტუდენტები და მოწვეული პირები. 

როგორც სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტი – „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.

2 (17).png

„საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ეს მორიგი შეხვედრაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სასულიერო პირთა, მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით. პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, შეახსენებს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანეს ეტაპებს, რომლებმაც განსაზღვრეს ეროვნული ფასეულობები. პროფესორი გიორგი ჭეიშვილი აუდიტორიის წინაშე წარდგა მნიშვნელოვანი საჯარო ლექციით, რომელმაც მსმენელების დიდი ინტერესი გამოიწვია. საუკუნეების წინ, ისევე როგორც დღეს, საქართველოს მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენი დიდი წინაპრების გადაწყვეტილებებს შესწავლა, გაანალიზება, შეჯერება და თანამედროვეობისთვის მისაღები ფორმების მიცემა სჭირდება — უნივერსიტეტში გამართული მსჯელობა სწორედ ამის მაგალითია. ძალიან გვახარებს ჩვენი ახალგაზრდობის ასეთი აქტიურობა და დაინტერესება“, — აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.

საჯარო ლექციის დასასრულს პროფესორმა გიორგი ჭეიშვილმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ პირებს საქართველოში IV-VI საუკუნეებში განვითარებულ მოვლენებზე არაერთი დამატებითი ცნობა მიაწოდა.

ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა.

პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომლებმაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

„სტუ-მ მომცა საშუალება, ჩემი მოწოდება პროფესიად მექცია“ – გაეროს სტოკჰოლმისა და როტერდამის კონვენციების ბიუროების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტი

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა საშუალება, ჩემი მოწოდება – გარემოს დაცვა, პროფესიად მექცია და მუდმივად ვყოფილიყავი პროფესიის სრულყოფის გზების ძიებაში. ვამაყობ, რომ ვიყავი კათედრის დამაარსებლის პროფესორ ერისთავის სახელობის სტიპენდიატი“, – ამის შესახებ ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელი ანა ბერეჟიანი აცხადებს. 

ანა ბერეჟიანმა უმაღლესი განათლების სამივე საფეხური — ბაკალავრიატი (2007 წელი), მაგისტრატურა (2009 წელი) და დოქტორანტურა (2017 წელი) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე გაიარა. ის ორგზის იყო არჩეული გაეროში — პირველად „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“ სტოკჰოლმის კონვენციის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო მეორედ — „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ როტერდამის კონვენციის ბიუროს პრეზიდენტად.

Cover gtu (12).png

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა გამოცდილებამ და განათლებამ მნიშვნელოვანი სამსახური გამიწია არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე და სამსახურში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი. მინდა, სტუდენტებმა იცოდნენ, რომ იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაწილი, ნიშნავს წარმოადგენდე იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც საკუთარ თავს მოვიხსენიებთ ინჟინრებად, ტექნოლოგებად, განურჩევლად პროფესიული მიმართულებისა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს გვაერთიანებს გარკვეული ხედვა, რომლითაც ვეძებთ და ვპოულობთ სხვადასხვა პრობლემების და საკითხების გადაჭრის განსხვავებულ გზებს.

აბიტურიენტებს, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ ზუსტი და საბუნებისმეტყველო დარგები, ვურჩევდი, არჩევანი შეაჩერონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე, რადგან ამ მიმართულებით ეს არის საქართველოში პირველი, ყველაზე გამოცდილი საინჟინრო და ტექნოლოგიური პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლა, სადაც მოღვაწეობენ ამ დარგის მაღალი კლასის პედაგოგები, რომლებიც ყველანაირად ხელს გიწყობენ პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში. აქვე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უდიდესთაგანაა და მოიცავს უნიკალურ სამეცნიერო ლიტერატურას, რომლითაც სწავლის პერიოდში არაერთხელ მისარგებლია. მიმაჩნია რომ ტექნიკური უნივერსიტეტის არჩევის შემთხვევაში, მომავალ სტუდენტებს ექნებათ ყველანაირი საშუალება სასურველი პროფესიის დაუფლებისა და სამომავლო თვითრეალიზაციისთვის“, – აცხადებს ანა ბერეჟიანი. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთ წამყვანი და უმსხვილესი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. ის მოიცავს 13 ფაკულტეტს, სადაც დაახლოებით 22 ათასი სტუდენტი სწავლობს. 2020 წლიდან უნივერსიტეტის რექტორის პოსტს აკადემიკოსი დავით გურგენიძე იკავებს.

საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), ადრე ცნობილი როგორც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1922 წელს დაარსდა. აქ პირველი ლექცია წაიკითხა ცნობილმა მათემატიკოსმა და პროფესორმა ანდრია რაზმაძემ. ამჟამინდელი სახელი და სტატუსი უნივერსიტეტს 1990 წელს მიენიჭა.

სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიამ „მოდინახემ“ საგასტროლო ტურნე დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ „მოდინახემ“, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულ თეატრსა და სენაკშის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი გამართა. 

„მოდინახეს“ დასი მაყურებლის წინაშე წარდგა მიხო მოსულიშვილის დრამის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „უკანასკნელი თოლია“, რომელშიც მოქმედება 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ვითარდება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების გმირულ თავგანწირვაზე მოგვითხრობს.
 
სპექტაკლის რეჟისორის, „მოდინახეს“ დირექტორის, გიორგი ჭანტურიას თქმით, სპექტაკლი „უკანასკნელი თოლია“, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ, სრული ანშლაგით გაიმართა.

„უკანასკნელი თოლია“ ჩემი სადებიუტო სპექტაკლია და, შესაბამისად, როგორც დამოუკიდებელი რეჟისორი გასტროლზე პირველად წარვდექი მაყურებლის წინაშე. ჩვენი დასი სამტრედიამ და სენაკმა, უკვე მერამდენედ, დიდი სიყვარულითა და ოვაციით მიიღო, რაც ნამდვილად დიდი მოტივაციაა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის, ხოლო სამტრედიისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერებს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრებს – გულთბილი მიღებისთვის. უღრმესი მადლობა მაყურებელს, რომელთა მხრიდან გამოხატული სიყვარულის სითბო დიდხანს ემახსოვრება ჩვენი დასის მოყვარულ მსახიობებს. აღსანიშნავია, რომ „მოდინახე“ საგასტროლო ტურნეს განაგრძობს“, – აცხადებს გიორგი ჭანტურია.

„მოდინახეს” დასთან ერთად, ქალაქ სენაკში იმყოფებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მრჩეველი დავით ოქიტაშვილი. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მათ ყვავილებით შეამკეს ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას მემორიალები. 

Untitled design.png.jpeg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მიერ დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში – „უკანასკნელი თოლია“ – მთავარ როლებს ასრულებენ სტუ-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები: ლაშა შარაშენიძე (ჟიული შარტავა), მინდია ქიტიაშვილი (ჩინდიკოვი), ნატა მეშველიანი (ირმელა შუტცე), ზუკა ბერუაშვილი (გურამ გაბესკირია), შოთა კაჭარავა (რაულ ეშბა), გიორგი ონიანი (ჯუმბერ ბეთაშვილი), ნიკოლოზ მღებრიშვილი (გურამ ჯანიაშვილი), ლუკა აკობია (ვალმერ ბუტბა), გიორგი ანთიძე (ჯოკერი), ნიკოლოზ კალმახელიძე (მულტიკი), ანანო გოგია (კორესპონდენტი); მეორეხარისხოვან როლებში მონაწილეობენ: გიორგი კუტალია, რომან ნებიერიძე, გუგა ჩარგეიშვილი, მერაბ ზუზაძე, საბა გაგელიძე, საბა ჯოლოხავა, დათი ტატულიშვილი; სპექტაკლის რეჟისურა სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის გიორგი ჭანტურიას, რეჟისორის თანაშემწეა ზურა ბერუაშვილი, გახმოვანება – ჯეკო დათუაშვილი, განათება: გვანცა ნოზაძე, გიორგი თათულაშვილი, ამირან ჩარგეიშვილი; ტექნიკური ჯგუფი: დავით ჭეიშვილი და კობა სულაძე.

ერთ-ერთ უძველეს საუნივერსიტეტო ტრადიციების მქონე სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ 2022 წელს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის CERN-თან, ამ ერთ-ერთ უმსხვილეს კვლევით ცენტრთან კოლაბორაცია არაერთი სასიკეთო შედეგის მომტანი გახდა”, — რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, CERN-ის ასოცირებული წევრი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ცერნში, ასევე CMS ექსპერიმენტზე ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად წამალაიძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმების ფარგლებში, ჟენევაში, CERN-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის სამეცნიერო კოლაბორაცია ორ ათეულ წელს ითვლის. ახალ მემორანდუმებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ქართულ სამეცნიერო სივრცეში და ითვალისწინებს სტუ-ის მეცნიერთა და მკვლევართა გლობალურ კვლევით პროცესებში გაცილებით ღრმა ინტეგრაციას, გასული წლის ოქტომბერში მოეწერა ხელი.

04.10.2024-სტუ-რექტორი-CERN-ახალი მემორანდუმები (1).png

“ურთიერთგაგების პირველი მემორანდუმი CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერიმენტის HL-LHC ფაზის ფარგლებში განახლებას და მასში ჩვენი უნივერსიტეტის მკვლევართა მონაწილეობის გაგრძელებას ეხება, მეორე კი – CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის, FCC-ის რეალიზების სამუშაოებში უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. CERN-ის სამომავლო სამეცნიერო საქმიანობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის მონაწილეობა, რაც საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, უმნიშვნელოვანესია როგორც უნივერსიტეტისა და მისი მკვლევრებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტებისთვის, ასევე, CERN-თვის”, – აცხადებს აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

როგორც რექტორი აღნიშნავს, CERN-ში ბოლო სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც თებერვლის ბოლოს დასრულდა, მხარეებმა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი შეაჯერეს, რასაც ახალი მემორანდუმები მოიცავს.

“განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო მეორე დოკუმენტზე. მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „საუკუნის მემორანდუმი“, რომელიც რეგიონის სამეცნიერო სივრცეში პირველად, სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმდა. საუბარია მომავლის, 100 კილომეტრი სიგრძის ციკლური კოლაიდერის შექმნაზე და მისი ფიზიკური პროგრამის განხორციელებაზე. ეს სამუშაოები დიდი ადრონული კოლაიდერის, LHC-ის ფიზიკური პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება. ამჟამად, LHC-ის რეალიზების პარალელურად, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები, მათ შორის, FCC კოლაბორაციაში ქვეყნების გაერთიანება, სამუშო ჯგუფების შექმნა – სამუშაო ვიზიტისას ყველა ეს საკითხი განვიხილეთ. საგულისხმოა, რომ FCC-თვის ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ამაჩქარებლის და უახლესი ტიპის დეტექტორების მიმართულებით. ამ სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი, ინსტიტუტის დირექტორის, CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის, პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით. ისინი ამ ეტაპზე FCC პროგრამის ტექნიკური დიზაინის რეპორტის – TDR-ის შექმნაზე მუშაობენ”, – ამბობს დავით გურგენიძე.

მისი თქმით, სამუშაო ვიზიტი ნაყოფიერი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ განიხილეს CERN-ში მიმდინარე ერთ-ერთი უმსხვილესი CMS ექსპერიმენტის განახლების საკითხები HL-LHC ფაზის ფარგლებში, რაშიც ასევე აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი.

“HL-LHC-თვის CMS ექსპერიმენტის განახლება ითვალისწინებს არა მხოლოდ ამჟამად მოქმედი დეტექტორების განახლებას, არამედ, ზოგიერთი მათგანის ახლით ჩანაცვლებასაც. განახლების პროგრამაში უაღრესად პრიორიტეტულია ახალი ტიპის მაღალი გრანულირების კალორიმეტრის – HGCAL-ის შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უნივერსალური კალორიმეტრი, რომლის მსგავსიც მეცნიერებაში დღემდე არ შექმნილა და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები და მეცნიერები შეიტანენ.

მნიშვნელოვანია, რომ წლების მანძილზე, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ჯეროვნად აფასებს და გვიცხადებს ნდობას, რასაც მეგობრული განწყობებიც აძლიერებს. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, როცა გასულ წელს CMS ექსპერიმენტის ასოცირებულ წევრად ამირჩიეს – ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან სამეცნიერო ურთიერთობის გაღრმავებისა და CMS კოლაბორაციაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, პირადი საორგანიზაციო და სამეცნიერო მიღწევებისთვის. უნივერსიტეტის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიმართულებით ქმედითი მხარდაჭერისთვის, რადგან ყველა მსგავსი ძალისხმევა ქართველ მეცნიერთა ახალგაზრდა თაობას საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში შეუწყობს ხელს“, – აცხადებს რექტორი.

CERN-ში ვიზიტისას აკადემიკოსი დავით გურგენიძე უშუალოდ გაეცნო განახლებული დეტექტორების კომპონენტების შექმნის, ტესტირების და ინტეგრაციის პროცესებს, შეაფასა მათი შესრულების ხარისხი და საიმედოობა. გარდა ამისა, მან CMS ექსპერიმენტში ჩართულ ქართველ მეცნიერებს გაუწია კონსულტაცია დეტექტორების ინჟინერიის საკვანძო ასპექტებზე, ოპტიმიზაციის სტრატეგიებსა და მომავალი კვლევითი მიმართულებების დაგეგმვაზე.

რექტორი ამბობს, რომ უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად მონაწილეობენ CERN-ის მოწინავე ექსპერიმენტული ფიზიკის პროექტებში, განსაკუთრებით CMS ექსპერიმენტის მიონური სისტემის RPC და HGCAL ჯგუფებში. მიმდინარე წელს მათ წარმატებით დაასრულეს 80 უახლესი iRPC კამერის, მათთვის საჭირო გაცივების სისტემის და ახალი თაობის ელექტრონიკის შექმნა, რაც CMS ექსპერიმენტის მოდერნიზაციის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ამ კამერების საბოლოო ტესტირება კი მიმდინარეობს კოსმოსური მიონების დანადგარზე, რომელიც CERN-ის #904 ლაბორატორიაში უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა – იური ბაღათურიამ და ირაკლი ლომიძემ ააწყვეს. 

სტუ-რექტორი-CERN-ვიზიტი-CMS კოლაბორაციის წევრი.jpg

როგორც დავით გურგენიძე აღნიშნავს, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში სამუშაო ვიზიტს წინ უძღოდა კონფერენცია – “წარსული, აწმყო და მომავალი თანამშრომლობა – Georgia-CERN”, რომელიც CERN-ის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ეგიდით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გასული წლის 17-18 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტი: CG – 24 – 234) გაიმართა.

კონფერენციაში CERN-ის საბჭოს ახლად არჩეული პრეზიდენტი, პროფესორი კოსტას ფონტასი და ორგანიზაციის ცნობილ მეცნიერთაგან შემდგარი დელეგაცია მონაწილეობდა. რექტორის თქმით, ეს ნათელი დადასტურებაა CERN-ის პარტნიორული დამოკიდებულებისა და ხაზს უსვამს კოლაბორაციის გაღრმავების სურვილს ქართულ უნივერსიტეტთან, მის მეცნიერებთან. 

“ჩვენი უნივერსიტეტი CERN/CMC კოლაბორაციის იმ წევრ ქვეყნებსა და წევრ უნივერსიტეტებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის დელეგაცია, საიუბილეო თარიღის ფარგლებში, საქმიანი ვიზიტით სტუმრობდა. კონფერენცია რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ CERN-ის საბჭოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, პროფესორი კოსტას ფონტასი, რომელიც პირველად იმყოფებოდა საქართველოში, და ცნობილი მეცნიერები – CMS კოლაბორაციის რესურსმენეჯერის მოადგილე ანჟეი ხარკიევიჩი, CMS/HGCal კოორდინატორი დევიდ ბარნი, CMS/RPC სუბდეტეტორის ხელმძღვანელი სალვატორე ბუონტემპო, CERN-ის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კოორდინატორი, არაწევრი ქვეყნების კომიტეტის ხელმძღვანელი ლუჩანო მუსა, CMS-ის ლიდერი ტიციანო კამპორეზი, CMS-ის წამყვანი მეცნიერი კიარა მარიოტი, CMS-ის რესურსების კოორდინატორი კირსტი ასპოლა.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღო ჩვენს უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ცნობილმა იაპონელმა მეცნიერმა, იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაცია KEK-ის ეგიდით, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექს J-PARC-ში მიმდინარე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი COMET ექსპერიმენტის მენეჯერმა, იაპონიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მრჩეველმა, პროფესორმა სატოში მიჰარამ. ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის აღიარებაა. აღსანიშნავია, რომ CERN-ის საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ფონტასი და CERN-ის მეცნიერები შეხვდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ალექსანდრე წულაძეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს და ქართველ აკადემიკოსებს. ეს შეხვედრა, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობდით, მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა. 

წლების მანძილზე, მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უმსხვილეს კვლევით ცენტრთან კოლაბორაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არაერთი სასიკეთო შედეგის მომტანი გახდა. ჩვენს წარმატებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ CMS-ის რუკებზე ჩვენი უნივერსიტეტის გერბი განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების გერბებთან ერთად. ჩვენი კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი – პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით, იური ბაღათურიას, დავით ლომიძის, ოთარ კემულარიას, ირაკლი ლომიძის, სანდრო მელქაძის, გიორგი ადამოვის, დავით ჩოხელის და სხვათა შემადგენლობით – ურთულეს სამუშაოებს ასრულებს დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში”, – ამბობს დავით გურგენიძე.

რექტორის შეფასებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ნაყოფიერი იქნება CERN-თან და მსოფლიოს სხვა უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებთან სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის პროცესი, რადგან წარმატებით განხორციელებული საერთაშორისო პროექტები, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილეობა საგრძნობლად ზრდის ტექნიკური უნივერსიტეტის, მის მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში წარმატებით ინტეგრირების შესაძლებლობებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სწავლის ადგილი“ — სტუ-ის კურსდამთავრებული

„უნივერსიტეტის არჩევა არ არის მხოლოდ დაწესებულების შერჩევა. ეს უნდა იყოს გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ზრდას, სტუდენტს აღჭურავს წარმატებისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სწავლის ადგილი — ის არის ცენტრი, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციებს და სადაც სტუდენტები მზად არიან, გახდნენ ლიდერები თავიანთ სფეროებში“, — ამის შესახებ სტუ-ის ყოფილი სტუდენტი თამთა ბრეგვაძე აცხადებს.

თამთა ბრეგვაძემ უმაღლესი განათლების ორივე საფეხური – ბაკალავრიატი და მაგისტრატურა – სტუ-ში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიარა.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებულ პროფესორ მამუკა გიორგაძის თქმით, უნივერსიტეტი წარმატებულ სტუდენტებს აძლევს საშუალებას თავიანთი ცოდნა მომავალ იურისტებსა და დიპლომატებს გაუზიარონ. დეკანის განცხადებით, თამთა ბრეგვაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სწავლის დასრულების შემდეგ მშობლიური ფაკულტეტის თანამშრომელი გახდა.

„თამთა ბრეგვაძე იმ წარმატებულ სტუდენტთაგანია, რომელმაც კარიერული განვითარება თავის ალმა-მატერს დაუკავშირა. დღეს ის უფროს სპეციალისტად მუშაობს და, პარალელურად, მომავალ იურისტებს უზიარებს გამოცდილებას, უძღვება სემინარებს. სამართალმცოდნეობა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სფეროა, რომელიც არა მხოლოდ მცოდნე, არამედ ეთიკურ, ანალიტიკური აზროვნებისა და სამართლიანობისადმი თავდადებულ ინდივიდებს ითხოვს. თამთა სწორედ ასეთი კადრია, წარმატებებს ვუსურვებ მას“, — აცხადებს მამუკა გიორგაძე. 

თამთა ბრეგვაძის თქმით, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო პროგრამას, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან. ფაკულტეტზე მოღვაწე მაღალკვალიფიციური პედაგოგები და მკვლევრები კი, სტუდენტებს კანონშემოქმედად და კანონის სამართლიან აღმსრულებლად ჩამოყალიბებაში ეხმარებიან. 

„სწორედ ტექნიკურ უნივერსიტეტში მომეცა შესაძლებლობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში გაცვლითი პროგრამით წავსულიყავი იტალიაში, მილანის უნივერსიტეტში, რამაც გარდამტეხი მნიშვნელობა იქონია ჩემს კარიერულ თუ პიროვნულ განვითარებაზე.

ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ ამ ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობის სტილი მთლიანად მორგებული და ორიენტირებულია ახალგაზრდების ინტერესებსა და საუკეთესო წლების – სტუდენტური ცხოვრების პროდუქტიულად, სასიამოვნოდ გატარებაზე. უნივერსიტეტი უამრავ შესაძლებლობას იძლევა პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებიდან თუ იმიტირებული სასამართლო პროცესებიდან დაწყებული, იურიდიულ ფირმებსა და საჯარო უწყებებში სტაჟირებებით დათავრებული, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და პრაქტიკაში განავრცონ. ეს გამოცდილება ფასდაუდებელია იურისტის პროფესიისთვის, საჭირო ნდობისა და გამოცდილების გასავითარებლად“, — ამბობს თამთა ბრეგვაძე.

სტუ ცნობილ მეცნიერს, ეკონომისტს, ნოდარ ჭითანავას დაბადებიდან 89-ე წელს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილ მეცნიერსა და დამსახურებულ ეკონომისტს, ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი საუნივერსიტეტო ცენტრის მკვლევარს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, პარლამენტის ყოფილ წევრს, მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არაერთი ჯილდოს, მათ შორის სტუ-ის ოქროს მედლის მფლობელს, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას დაბადებიდან 89-ე წელს ულოცავს. 

„ბატონო ნოდარ, გულითადად გილოცავთ 89-ე დაბადების დღეს! თქვენმა გამორჩეულმა კარიერამ და ფასდაუდებელმა წვლილმა მეცნიერებასა თუ საჯარო სამსახურში, წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის განვითარების მიმართულებით. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ჟორდანიას სახელობის საქართველოს სამრეწველო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი საუნივერსიტეტო ცენტრის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მკვლევარმა, რომლის სამეცნიერო ინტერესები მოიცავს გლობალიზაციისა და საქართველოში გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემატიკის, ასევე, სახელმწიფოსა და ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულების თანამედროვე პრობლემების შესწავლას, 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 15 მონოგრაფიის ავტორმა და არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელმა, თქვენ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ ქართული მეცნიერების განვითარებაში, ხოლო როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერმა, გადამწყვეტი როლი ითამაშეთ ჩვენი ქვეყნის სწრაფვაში სუვერენიტეტისკენ. 

თქვენი თავდადება, სიბრძნე და დაუღალავი ძალისხმევა მაგალითს აძლევს მეცნიერთა, მკვლევართა და პროფესიონალთა თაობებს. მადლობელი ვართ თქვენი ხანგრძლივი აკადემიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამო. გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს”, – აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

რექტორის მილოცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სამეცნიერო-აკადემიური წრეები უერთდებიან.

PSP-მ სტუდენტებისთვის მუდმივი ფასდაკლებების ბარათი შექმნა

სპეციალურად სტუდენტებისთვის, ფარმაცევტულმა კომპანიამ — PSP ახალი ფასდაკლების ბარათი — PSP სტუდენტური ბარათი შექმნა, რომლის სარგებლობა შეუძლიათ სტუდენტის სტატუსის მქონე, (18-დან 23 წლის ჩათვლით) ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ. 

PSP-ს სტუდენტური ბარათით კომპანია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, შერჩეულ ბრენდებზე, მუდმივი ფასდაკლებებით ისარგებლონ.

ბარათის აღება შესაძლებელია, მხოლოდ შერჩეულ აფთიაქებში, რომლებიც უნივერსიტეტთან ახლოს მდებარეობს. იხილეთ, ფილიალების სრული ჩამონათვალი. 

სტუ-ში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებს სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტისა და სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, ნარჩენების მართვის, ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისა და ამ მიმართულებით კვლევითი თანამშრომლობის თემებზე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. სამეცნიერო ღონისძიებაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სტუ-ის საპატიო დოქტორი, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილი, ინდოეთის ჯადავპურის უნივერსიტეტის ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი სადჰან კუმარ გოში, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციის გარემოს დაცვის მენეჯერი ხათუნა ჩიკვილაძე, ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისის“ თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ბიზნესკომპანიების გარემოს დაცვის მენეჯერები, სტუ-ის მეცნიერები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ. 

ვიცე-რექტორის განცხადებით, ნარჩენების სწორად მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მდგრადი განვითარების ჭრილში. მისი თქმით, სამეცნიერო კონფერენცია ყურადღებას ამახვილებს ნარჩენების მართვის მსოფლიოში აპრობირებულ პრაქტიკებსა და ცირკულაციურ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობებზე.

„დღევანდელ რეალობაში თითოეული ჩვენგანი ღრმად ვიაზრებთ ნარჩენების სწორად მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების დიდ მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარების ჭრილში. ამავე მიზეზით დღევანდელი სამეცნიერო კონფერენცია ფართოდ წარმომადგენლობითია და მონაწილენი ყურადღებას ვამახვილებთ როგორც ნარჩენების მართვის მსოფლიოში აპრობირებულ პრაქტიკებზე, ასევე, ცირკულაციურ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობებზე. ნარჩენების მართვა არ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი პრობლემა. ის მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და ჯანდაცვის ასპექტებსაც. ნარჩენების სწორად მართვით თავიდან ავიცილებთ გარემოს დაბინძურების საფრთხეებს, რომელიც თავის მხრივ ანგარიშგასაწევ საფრთხეებს უქმნის ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ ეკოსისტემებს და საზოგადოებრივ ჯანდაცვას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გავიზიაროთ, შევიმუშაოთ ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობით შევძლებთ ნარჩენების მინიმიზაციას, მათ სათანადო გადამუშავება-რეციკლირებას და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავებას ცირკულაციური ეკონომიკის განვითარებით შევძლებთ. საქართველოში გვაქვს შესაძლებლობა, შევიმუშაოთ და დავნერგოთ ცირკულაციური ეკონომიკის უახლესი მოდელები, რომლებიც არა მხოლოდ პრობლემების გადაჭრას, არამედ ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას მოემსახურება. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, ნიჭიერ სტუდენტებს აქვთ ფართო პოტენციალი აქტიურად ჩაერთონ ნარჩენების მართვა-შემცირების და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვაში. მიგვაჩნია ეს პროცესი მოითხოვს ერთიან ძალისხმევას – სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ასევე, ინდუსტრიების აქტიურ ჩართულობას და ეფექტიან კოლაბორაციას, რათა შევძლოთ ნარჩენების სრულყოფილად მართვა და ცირკულაციური ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ყველა შესაძლო მიმართულებით, საქართველოს მდგრადი მომავლისთვის“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

2 (16).png

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. სოლომონ პავლიაშვილმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და მეცნიერებს. 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელი ხდება ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა მდგრადი განვითარება და რესურსების მდგრადი მოხმარება, გარემოს დაბინძურების აღმოფხვრა და კლიმატური ცვლილებების შერბილება. 

„ცირკულარული ეკონომიკა ქმნის შესაძლებლობებს, მოვიზიდოთ ახალი ინიციატივები, რომლებიც გარემოს დაცვასთან ერთად ეკონომიკის მოდერნიზებასა და გარდაქმნას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია ისეთი მდგრადი პროდუქტების წარმოება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იქნება გამოყენებული, ამასთან ერთად, ჩვენს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთონ ცირკულარულ ეკონომიკაში და მიიღონ მისგან გამომდინარე სარგებელი. საგულისხმოა, რომ ცირკულარული ეკონომიკა ბუნებრივ რესურსებს ეფექტიანად მოიხმარს, მასალებისა და საქონლის წრებრუნვის მეშვეობით ინარჩუნებს მათ ღირებულებას. ცირკულარ ეკონომიკაში პროდუქტები იმგვარად იქმნება, რომ იყოს გამძლე, შესაძლებელი იყოს მათი მოდერნიზაცია, შეკეთება და ხელახლა გამოყენება; ამასთან, ცირკულარული ეკონომიკა პროდუქტის ხმარებიდან ამოღების შემდეგ ითვალისწინებს მათ დასამზადებლად გამოყენებული მასალების მეორად გამოყენებას, ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას. ყოველივე ამცირებს ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე და ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარების დამატებით მყარ გარანტიებს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სამეცნიერო კონფერენციაზე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ნინო ჩხობაძე, მარიამ ქიმერიძე, ხათუნა ჩიკვილაძე, GGU ჯგუფის გარემოს დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო სულხანიშვილი, პროფესორი სადჰან კუმარ გოში, სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი და ღონისძიების სხვა მონაწილეები.

ჯადავპურის უნივერსიტეტის პროფესორმა სადჰან კუმარ გოში, რომელიც, ამავდროულად, მდგრადი განვითარებისა და ცირკულარული ეკონომიკის კვლევითი ცენტრის გენერალური დირექტორია, კონფერენციის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციით – „ნარჩენების მართვა, ცირკულარული ეკონომიკა და კვლევითი თანამშრომლობა“ წარდგა.

ბოლო სატელეფონო საუბარი ჟიული შარტავასთან — იხსენებს პროფესორი ჯემალ გაბელია

დღეს საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა 81 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია იხსენებს ჟიული შარტავასთან გამართულ ბოლო, მნიშვნელოვან სატელეფონო საუბარს.

1993 წლის 18 სექტემბერს, დღის 12:00 საათზე გალის რაიონის კრიმინალური პოლიციის მაშინდელ უფროსს ჯემალ გაბელიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, გენერალ-მაიორმა ჟიული შარტავამ დაურეკა.

პროფესორ ჯემალ გაბელიას წერილს უცვლელად გთავაზობთ.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?