„მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ – პირველკურსელთა ნამუშევრების გამოფენა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა – „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ – გაიხსნა. 

ექსპოზიციას, რომელშიც 100-ზე მეტი სტუდენტის მიერ შექმნილი სივრცული კომპოზიციები გაერთიანდა, საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსმა“ უმასპინძლა. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნუგზარ ხვედელიანმა აღნიშნა, გამოფენა არქიტექტურული კომპოზიციის სასწავლო კურსის ფარგლებში მოეწყო და ექსპოზიციისთვის საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრები შიდასაფაკულტეტო კონკურსის საფუძველზე შეირჩა. 

„სივრცული კომპოზიცია არქიტექტურის არსია, ის არის მოცულობების, ფორმებისა და სივრცეების გააზრებული განლაგება, რათა შეიქმნას ჰარმონია და ესთეტიკური ღირებულება. ნებისმიერი სტრუქტურა, ყველაზე მარტივი საცხოვრებელი სახლიდან დაწყებული და ყველაზე რთული ურბანული ლანდშაფტით დამთავრებული, სივრცული კომპოზიციის პროდუქტია. ის განსაზღვრავს, როგორ ვგრძნობთ თავს, როგორ ვურთიერთობთ გარემოსთან და გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე, ქცევებზე, კულტურულ იდენტობაზეც კი.

დღევანდელი გამოფენა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც პირველკურსელების ნამუშევრებში ასახულია მათი ცოდნა. თითოეულ ნამუშევარში ჩანს როგორ ახერხებს სტუდენტი ელემენტთა დაბალანსებას, როგორ მანიპულირებს შუქ-ჩრდილებით, როგორ გარდაქმნის აბსტრაქტულ იდეებს რეალურ ფორმებში. ეს არის ჩვენი, პედაგოგების მისია და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტუდენტები წარმატებით ივითარებენ შემოქმედებით აზროვნებას“, – აცხადებს დეკანი. 

სასურველი შემოქმედებითი შედეგის მიღწევისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის დეკანმა მადლობა გადაუხადა გამოფენის მონაწილე სტუდენტებსა და არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლებში მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს, პროფესორებს, სასწავლო დარგში დეკანის მოადგილეს, თამარ ჭანტურიას. 

როგორც დეკანის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ჭანტურიამ ღონისძიების გახსნისას განაცხადა, სტუდენტური გამოფენა, რომელსაც ფაკულტეტი ყოველწლიურად ატარებს, ხელს უწყობს მომავალი არქიტექტორებს, პროფესორებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას. 

„სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა შესაძლებლობას გვაძლევს ერთმანეთს გავუზიაროთ შეხედულებები, მივიღოთ კონსტრუქციული უკუკავშირი. ამგვარად, ის მნიშვნელოვანი ხიდია აკადემიურ სამყაროსა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის. დღეს, როდესაც სტუდენტების ნამუშევრებს დაათვალიერებთ, მოგიწოდებთ, არა მხოლოდ აღფრთოვანდეთ ექსპოზიციით, არამედ დაფიქრდეთ სივრცული კომპოზიციის ღრმა მნიშვნელობაზეც.

გაიაზრეთ, როგორ გამოხატავს ეს პროექტები იდეებს, როგორ იწვევს ემოციებს და როგორ ურთიერთქმედებაშია გარემოსთან. პირველკურსელებს ვულოცავთ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც არქიტექტურული კარიერისკენ გადადგეს. ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალში ცოდნა დიდ წარმატებას მოუტანს ახალგაზრდებს. მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის – ჩვენ დღეს ერთად ვაფასებთ მომავალი არქიტექტორების კრეატიულობას, ინოვაციას და არქიტექტურული დიზაინის უსაზღვრო შესაძლებლობებს. წარმატებები!“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ჭანტურიამ. 

გალერეა „უნივერსში“ არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოფენა – „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ მიმდინარე წლის 30 მარტს დაიხურება. საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.

აბიტურიენტების საყურადღებოდ!

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ღია კარის დღე ჩატარდება: 11 აპრილს; 16:00 სთ-ზე; სტუ I კორპუსი; სახვითი ხელოვნების აუდიტორია (402).

ამასთანავე, გაცნობებთ რომ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე შემოქმედებით ტურზე ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება 1 მაისიდან – 31 მაისის ჩათვლით. 

გასაუბრება დაიწყება 2 ივნისიდან – 24 ივნისის ჩათვლით.

ღია კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ბუნებრივი საფრთხეებისა და გარემოს დაცვის განყოფილება:

  • მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული
  • მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული

განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 22 აპრილიდან – 24 აპრილის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსი, მეორე სართული, №206, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, საკონტაქტო პირი: მარინე მღებრიშვილი, ტელ: 579 08 95 79.

კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 28 აპრილს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 28 აპრილს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2025 წლის პირველი მაისის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა და განცხადება, გასაუბრების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
მეცნიერის (მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

  • კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;
  • საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სტუ-სა და ,,ჯი ემ ფარმასიუთიქალს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის – „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვარდუაშვილმა უნივერსიტეტსა და ფარმაცევტულ საწარმოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კვალიფიციური განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რაც ერთი მხრივ, განავითარებს სტუდენტთა პრაქტიკულ უნარებს, ხოლო მეორე მხრივ, გააძლიერებს კომპანიის კვლევით და პროფესიულ რესურსებს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამის დარგში ინოვაციების დანერგვასა და პროფესიონალური კადრების მომზადებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, უნივერსიტეტის მიზანია სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მისცეს, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, ,,ჯი ემ ფარმასიუთიქალსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, ბიოტექნოლოგიის, ქიმიის, ფარმაციისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებების სტუდენტებს ექნებათ კვლევით პროექტებში ჩართვისა და წამყვან ფარმაცევტულ კომპანიაში პრაქტიკული ტრენინგის გავლის შესაძლებლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, თეორიული ცოდნა რეალურ პრაქტიკასთან დააკავშირონ და მიიღონ ის უნარები, რომლებიც წარმატებული კარიერისთვის არის აუცილებელი.

Untitled design (8).png

„განათლება, მეცნიერება და ინდუსტრია ერთად ქმნიან მომავალს, სადაც ინოვაცია და მაღალი ხარისხი დგას განვითარების სათავეში. „ჯი ემ ფარმასიუთიქალსთან“ პარტნიორობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ინოვაციებისა და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა. ამ თანამშრომლობით ჩვენ შევქმნით ერთობლივ კვლევით პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი ფარმაცევტული ტექნოლოგიების, ხარისხის კონტროლის მეთოდებისა და ჯანდაცვის გადაწყვეტილებების განვითარებას. ეს არა მარტო ჩვენს სტუდენტებს და მეცნიერებს წაადგება, არამედ საქართველოს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს. მჯერა, რომ ეს პარტნიორობა მოიტანს კონკრეტულ და ხანგრძლივ შედეგებს, რომლებიც ჩვენს სტუდენტებსა და საქართველოს ფარმაცევტულ სექტორს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ჩვენ ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას კომპანიასთან და იმ წარმატებებს, რასაც ჩვენი სტუდენტები ამ შესაძლებლობის სრული გამოყენებით მიაღწევენ“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, მემორანდუმი სტუდენტთა კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მათ ექნებათ საშუალება შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, ჩამოაყალიბონ პროფესიული კავშირები და მნიშვნელოვნად გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ისწრაფვის სტუდენტებისთვის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებისკენ, რაც მათ რეალურ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. „ჯი ემ ფარმასიუთიქალსთან“ თანამშრომლობა ამ ხედვის ნათელი დასტურია. მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენს სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტების გამოცდილება, გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიებს და განავითარონ პრაქტიკული უნარები, რაც მათ პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირის გაძლიერება, რათა ჩვენი სტუდენტები სრულად მომზადებულნი შეხვდნენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს. დიდი მადლობა კომპანიას სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და განათლების მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა არაერთ მნიშვნელოვან მიღწევას მოგვიტანს და გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების სიმბოლო გახდება“, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტისა და ამავდროულად, ახალგაზრდა კოლეგის, გურამ ადუაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უმძიმესი აღმოჩნდა ცნობა ჩვენი სტუდენტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ნიჭიერი და იმედისმომცემი ბაკალავრისა და ჩვენი ახალგაზრდა კოლეგის, გულისხმიერებით, სიკეთითა და სიყვარულით სავსე გურამ ადუაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ. 

გურამი იყო არამხოლოდ შრომისმოყვარე და მიზანდასახული სტუდენტი, არამედ აქტიური მკვლევარიც, გამორჩეული გონიერებით, ცნობისმოყვარეობითა და ინოვაციისადმი ერთგულებით. მისი საქმიანობა უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევით ლაბორატორიაში ნათელი მაგალითი იყო ცოდნისა და მეცნიერებისადმი მისი სიყვარულისა. 

მისი მოულოდნელი და უდროო გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი აკადემიური საზოგადოებისათვის, მისი თანაჯგუფელებისთვის, კოლეგებისა და მეგობრებისთვის. გვიჭირს ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმრით მივმართოთ ოჯახს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გამორჩეული სტუდენტისა და კოლეგის, გურამ ადუაშვილის სახელი დიდხანს დარჩება მოუშუშებელ იარად. მსუბუქი ყოფილიყოს გურამისთვის ქართული მიწა“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

სტუ-სა და კომპანია „აუტოტესტ გეორგიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკებსა და პროფესიისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას ამიერიდან კომპანია „აუტოტესტ გეორგიაში“ შეძლებენ. 

აღნიშნულის შესახებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „აუტოტესტ გეორგიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის დირექტორმა დავით მესხიშვილმა მოაწერეს ხელი. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა განაცხადა, მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ერთობლივი სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას, რაც შესაძლებელს გახდის ახალგაზრდების ეფექტიანად დახელოვნებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. 

თამარ წერეთლის განცხადებით, თანამშრომლობით დაინტერესება ორმხრივია, შესაბამისად, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ სტუდენტთა კარიერული განვითარების, სამეცნიერო, პედაგოგიური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების, ასევე, კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადების ღონისძიებების შემუშავების მიმართულებით, რაც, ვიცე-რექტორის თქმით, ხელს შეუწყობს საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას.

2 (18).png 
„ამ მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ფაქტორია აკადემიური საზოგადოებისა და ავტოინდუსტრიის სფეროს მჭიდრო პარტნიორობისთვის. „აუტოტესტ გეორგია“, რომელიც საქართველოში გერმანული ინვესტიციით განხორციელებული ერთ-ერთი პირველი პროექტია, ყველა კატეგორიის ავტომობილს გერმანული MAHA-ს დანადგარების საშუალებით უტარებს ტექნიკურ ინსპექტირებას. საგულისხმოა ისიც, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი, დავით მესხიშვილი ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 

კომპანიასთან თანამშრომლობით, ჩვენს სტუდენტებს ექმნებათ კარგი შესაძლებლობა, გამოიყენონ უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ გარემოში. ეს პარტნიორობა არა მხოლოდ განავითარებს ახალგაზრდების უნარ-ჩვევებს, არამედ ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ კარიერულ განვითარებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, კომპანიასთან პარტნიორობით განახორციელოს ერთობლივი სტაჟირების პროგრამები, სპეციალიზებული ტრენინგები და კვლევითი ინიციატივები, რომლებიც როგორც სტუდენტებისთვის, ისე მთლიანად საავტომობილო სექტორისთვის სარგებლის მომტანი იქნება.

იმის გათვალისწინებით, რომ კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება აქტუალურია საავტომობილო ინდუსტრიისთვის, ამ დარგის პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მსგავსი მემორანდუმებით ჩამოვაყალიბებთ მყარ სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას, რაც უზრუნველყოფს, არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენი სტუდენტების მომზადებას დარგში მომავალი ლიდერობისთვის, ასევე, ხელს შევუწყობთ საავტომობილო დარგის განვითარებას სტანდარტების ამაღლებითა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით”, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.

„აუტოტესტ გეორგიას“ დირექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, რომელიც განათლების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციაა, აქვს მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია და ინტელექტუალური რესურსი, შესაბამისად, მასთან თანამშრომლობა ახალი კონცეფციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, საავტომობილო ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციებისა და ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. როგორც დავით მესხიშვილმა აღნიშნა, ბიზნესი აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს უნივერსიტეტთან, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობის მომზადების მიმართულებით.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები, კომპეტენციისა და საერთო ინტერესების ფარგლებში, ასევე იზრუნებენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის განვითარების, საწარმოო ბაზის სრულყოფის და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარების კუთხით.  

მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კომპანია „აუტოტესტ გეორგიას“ დამფუძნებლები დავით ჩიქოვანი და რევაზ კლდიაშვილი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

სტუდენტებმა ვენახის გაშენებაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა, საგაზაფხულო საველე პრაქტიკის ფარგლებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, ღვინის კომპანია „მტევინოში” ვენახის გაშენების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს. 

საველე პრაქტიკა მოიცავდა არაერთ პროცედურას, მათ შორის: ვენახის გაშენებისას სამეურნეო საფუძვლების განსაზღვრას, ვენახის გასაშენებლად ნაკვეთის მომზადებას, ნერგის დარგვასა და საყრდენი სისტემის მოწყობას, სტრესული ფაქტორების წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას, ასევე, ახალგაზრდა ვაზის მოვლის პროცედურას, დაავადებებისა და მავნებლებისგან ვაზის დაცვის თეორიული საფუძვლების განსაზღვრასა და ვაზის დაცვას დაავადებებისა და მავნებლებისგან.

Cover gtu (18).png

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მევენახეობა-მეღვინეობის კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ პროფესიონალი კადრების მომზადების მიმართულებით.

როგორც პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი აცხადებს, სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის მიზანს მევენახეობის პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება, სამუშაოების გარემოსა და პირობების უშუალოდ გაცნობა, ვენახის მოვლის პრაქტიკული წესების, გაშენების, გასხვლის, ნერგის წარმოების თანამედროვე მეთოდების პრაქტიკული სწავლება წარმოადგენს.

„აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე საველე და საწარმოო პრაქტიკების განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ვენახი ის ადგილია, საიდანაც ღვინის დაბადება იწყება. სტუდენტები, პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების ფარგლებში, თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გაღრმავებისა და უნარების გამომუშავების მიზნით, საველე და საწარმოო პრაქტიკებს ღვინის სხვადასხვა საწარმოში გადიან. საწარმოო პრაქტიკა საუნივერსიტეტო სივრცესა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „მტევინოს“, რომელიც აქტიურადაა ჩართული ჩვენი სტუდენტების, როგორც პროფესიონალი მევენახეებისა და მეღვინეების ჩამოყალიბებაში, ხელს უწყობს მათ, შეიძინონ და გაითავისონ ის აუცილებელი პროფესიული უნარები, რომელიც საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობას სჭირდება“, – ამბობს ნინო ჩხარტიშვილი.

კომპანია „მტევინოს“ დირექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კომპანიასთან მრავალი წელია თანამშრომლობს. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება არა მარტო საველე და საწარმოო პრაქტიკები, არამედ სტუდენტებისთვის იმართება პრაქტიკული საჯარო ლექციები და იგეგმება ერთობლივი ღონისძიებები. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს კვალიფიციური ახალგაზრდა სპეციალისტების ჩამოყალიბებისა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების საკითხში“, – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ზაუტაშვილი.

ბილიარდის შიდა ტურნირი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 13-ვე ფაკულტეტის სტუდენტებს შორის ბილიარდის სახეობაში, „pool“ ფორმატში, საუნივერსიტეტო ტურნირი იმართება, რომელიც მიმდინარე წლის 26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. 

საუნივერსიტეტო ტურნირის ორგანიზატორია სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, მხარდამჭერი კი – საბილიარდო „უნივერსი“. სპორტული ღონისძიების მიზანია სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩართულობით, ახალგაზრდებს შორის მეგობრობის გაღრმავება და გუნდური უნარების განვითარება.

Cover gtu (15).png

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლევან ფიფიას განცხადებით, ტურნირის ფორმატი მაქსიმალურად უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას შეჯიბრებაში, უღვივებს ასპარეზობის მოტივაციას, აძლევს მათ საშუალებას, მაქსიმალურად გამოავლინონ სპორტული უნარები და კონკურენტულობა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, თითოეულ ფაკულტეტზე იმართება მატჩების სერია, რომელიც საუკეთესო საფაკულტეტო მოთამაშეებს გამოავლენს. 

„მსგავსი სპორტული ინიციატივებითა და აქტივობებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პირადად რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მიზნად ისახავს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას. დარწმუნებული ვართ, რომ ტურნირში მონაწილეობა დადებითად აისახება როგორც სტუდენტთა პიროვნული თვისებების გამოვლენაზე, ისე მათ აკადემიურ წარმატებებზე“, – აღნიშნავს ლევან ფიფია.

სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელის, არჩილ იოსელიანის ინფორმაციით, ბილიარდის საუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებული გუნდი, სამომავლოდ, სხვადასხვა გარე ტურნირებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებს, მათ შორის უნივერსიადასა და ახალგაზრდულ ფესტივალზე.

როგორც ის აღნიშნავს, სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში იგეგმება შიდა ტურნირების ორგანიზება სხვადასხვა სახეობებში, მათ შორის: ბოულინგში, მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთში, ფუტსალსა და ფრენბურთში.

„გაზაფხულის დადგომასთან ერთად, უნივერსიტეტი გადადის სპორტული აქტივობის ფაზაში. ბილიარდში შეჯიბრება დიდი აქტიურობით დაიწყო და სტუდენტებში ფართო ინტერესი გამოიწვია, რაც აქედანვე მიუთითებს ტურნირის წარმატებაზე. მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღონ მომავალ უნივერსიადასა და ახალგაზრდულ ფესტივალში. ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებთ”, – ამბობს არჩილ იოსელიანი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოუწოდებს სტუდენტებს, შეუერთდნენ სპორტულ ღონისძიებას, თავიანთ საფაკულტეტო გუნდებს უქომაგონ და მათთან ერთად გაიზიარონ გამარჯვების სიხარული. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის მრავალმხრივი შესაძლებლობის გარანტი”, – სტუ-ის კურსდამთავრებული

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა ნიშნავს წარმოადგენდე იმ პირთა წრის ნაწილს, რომლებსაც დადგენილი მაღალი სტანდარტით შესწევთ უნარი განიხილონ სხვადასხვა პრობლემური საკითხი და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ სტუ-ის კურსდამთავრებული ნესტორ ლაბარტყავა აცხადებს. 

ნესტორ ლაბარტყავამ 2016 წელს დაამთავრა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და მოწვეული მასწავლებლის რანგში საერთაშორისო საჯარო, საერთაშორისო ჰუმანიტარული და საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით, სალექციო კურსები მიჰყავდა. 

„უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ, დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩემი საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, სტუდენტებს, რომლებმაც უკვე აირჩიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ან/და აბიტურიენტებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა, ნიშნავს წარმოადგენდე იმ პირთა წრის ნაწილს, რომლებსაც დადგენილი მაღალი სტანდარტით შესწევთ უნარი განიხილონ სხვადასხვა პრობლემური საკითხი და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ფაკულტეტზე სწავლობ, მთავარია ის, რომ თითოეულმა სტუდენტმა გამოიყენოს შესაძლებლობა მიიღოს განათლება და სამომავლოდ გახდეს წარმატებული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის მრავალმხრივი შესაძლებლობის გარანტი. მომავალ თაობას შესწევს უნარი კარგ განათლებასთან ერთად, უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიების მეშვეობით მიიღოს პრაქტიკული გამოცდილებაც, რომელიც საბოლოო ჯამში წარმატებული კარიერული წინსვლის საწინდარი გახდება. ასევე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის შესახებ, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მრავლისმომცველი სამეცნიერო ლიტერატურით გამოირჩევა“, – აცხადებს ნესტორ ლაბარტყავა. 

ცნობისთვის, ნესტორ ლაბარტყავა 2015-2017 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ინიციირებულ იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობდა. 

სტუ-მ და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით, ხელი შეეწყობა სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და ზოგადად, საავტომობილო დარგის განვითარებას. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა განაცხადა, თანამშრომლობით დაინტერესება ორმხრივია და ის ითვალისწინებს განათლების სფეროში სტუდენტთა კარიერულ განვითარებისთვის მჭიდრო სამეცნიერო, პედაგოგიური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, საავტომობილო დარგში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადების ღონისძიებების შემუშავებას. 

Untitled design (6).png

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი საერთო მისიის შესასრულებლად, რაც მიზნად ისახავს განათლების, კვლევისა და პრაქტიკული სწავლების გაძლიერებას ტრანსპორტისა და საავტომობილო ინჟინერიის სფეროში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და არის ინოვაციებისა და აკადემიური სრულყოფის ერთგული. დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ კვლავ ვადასტურებთ მზადყოფნას, უზრუნველვყოთ სტუდენტები ცოდნით, უნარებითა და პროფესიული კომპეტენციებით, რომლებიც აუცილებელია ტრანსპორტის სექტორის მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ტრანსპორტის სფერო სწრაფი ცვლილებების პროცესშია, რასაც ტექნოლოგიური პროგრესი, გარემოსდაცვითი მოთხოვნები და, შესაბამისად, ახალი რეგულაციები განაპირობებს. ქვეყნის საავტომობილო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ფონზე, კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება განსაკუთრებით აქტუალურია. აღნიშნული მემორანდუმით ჩვენ ვქმნით მყარ სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას, რაც უზრუნველყოფს, არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენი სტუდენტების მომზადებას დარგში მომავალი ლიდერობისთვის.

აკადემიური სწავლების პრაქტიკულ საჭიროებებთან ადაპტირებით, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს პრაქტიკული სწავლების, სტაჟირებისა და ერთობლივი კვლევითი პროექტებისთვის. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმას, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები აღიჭურვონ როგორც თეორიული საინჟინრო ცოდნით, ისე პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული უნარებითა და პროფესიული გამოცდილებით.

ამასთან ერთად, ეს პარტნიორობა ასახავს ჩვენს საერთო ხედვას მდგრადი განვითარების და ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით. ერთობლივი ძალისხმევით, შევიტანთ წვლილს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და საავტომობილო სტანდარტების ამაღლებაში, ასევე, მხარს დავუჭერთ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. 

მადლობას ვუხდით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლობის სურვილისა და ტრანსპორტის სფეროში მომავალი პროფესიონალების ფორმირებაში მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ეს მემორანდუმი მნიშვნელოვან პროგრესს და გრძელვადიან წარმატებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ წერეთელმა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები კომპეტენციის ფარგლებში, წაახალისებენ ურთიერთობათა განვითარებას განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში, საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციის, ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით.

თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საჭიროებისთვის სპეციალისტთა ერთობლივი მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას დარგის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, კომპეტენციის შესაბამისად უზრუნველყოფს ახალი მოკლე და გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება-შეთავაზებას სააგენტოს თანამშრომლებისთვის. 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?