სტუ-მ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

თანამშრომლობის დოკუმენტი კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. 

სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანი საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებაა, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა.

დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, კონკურენციის, მომხმარებლის დაცვისა და ანტიდემპინგურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, ასევე, კვალიფიციური კადრების მომზადებას და სხვადასხვა კვლევითი თუ შემეცნებითი პროექტების ერთობლივად შემუშავებას. 

სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული კოლაბორაცია, მხარეთა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით, მკვეთრად დადებით ასახვას პოვებს სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე. 

„მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სააგენტოს უზრუნველყოფს მისთვის საჭირო, მაღალრეიტინგული და მოტივირებული მომავალი სპეციალისტებით, ასევე, უნივერსიტეტი და სააგენტო, უფლებამოსილებათა ფარგლებში, მაქსიმალური გამჭვირვალობის დაცვით, დაინტერესებულ პირებს სათანადო ინფორმაციას გაუზიარებს.

გარდა ამისა, მემორანდუმი გამომგონებლებისა და მკვლევრებისთვის არის ერთგვარი გარანტი საქმიანობისა და მიღებული შედეგების დაცვის მიმართულებით. მხარეები ვკისრულობთ ვალდებულებას ერთობლივად განვახორციელოთ სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი პროექტები, რაც, თავისთავად, სტუდენტების კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმი ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

დოკუმენტის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას მხარეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეძლებენ. 

სტუ-ის სტუდენტებისთვის FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტი მევენახეობის დარგში ხულიო პრიეტო დიასი ტრენინგს ჩაატარებს

25 ნოემბერს, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა და მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის – ENPARD IV-ის ფარგლებში,  ტრენინგს ატარებს.

ტრენინგი, რომლის თემაა „ვაზის სხვლა და ფორმირება“, 09:30 საათზე დაიწყება და მას FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტი მევენახეობის დარგში ხულიო პრიეტო დიასი გაუძღვება.

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს. 

ხულიო პრიეტო დიასი მევენახე ინჟინერია, ვენახის მართვის მრავალწლიანი გამოცდილებით როგორც ესპანეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ასევე, იგი უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ტრენინგებისა და სხვადასხვა პროექტის მიმართულებით. 

ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილია თეორიული და შემდეგ პრაქტიკული კურსი, რომელიც საგურამოში ჩატარდება. 

სტუ-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოში – სამართლებრივი მექანიზმები და გამოწვევები“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა, ნინო ომანაძემ მონაწილება მიიღო კონფერენციაში „პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოში – არსებული სამართლებრივი მექანიზმები და პრაქტიკული გამოწვევები”.

კონფერენციაში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრის (IP & Tech Law Research Center) ორგანიზებითა და სტუ-ის მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები, იურიდიული კომპანიები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტები. 

კონფერენცია გახსნეს IP & Tech Law Research Center-ის დამფუძნებელმა ლიკა შიხიაშვილმა და თანადამფუძნებელმა ნინო ჯიბუტმა.

1 (14).png

მათი ინფორმაციით, კონფერენციაზე დარეგისტრირდა 100-მდე პრაქტიკოსი იურისტი, დარგის სპეციალისტი, სტუდენტი, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი. ისინი განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი საკითხები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი, ხელოვნური ინტელექტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვა, საქართველოში არსებული გამოწვევები. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის, ნინო ომანაძის თქმით, პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ძალაში შესვლისთანავე უნივერსიტეტში შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია, უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობს.

„საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებისთანავე უნივერსიტეტში შეიქმნა შესაბამისი სამსახური, გავიარეთ ტრენინგები და შევუდექით საქმიანობას. პირველ რიგში, შევიმუშავეთ სამართლებრივი აქტები, რითაც ჩვენი საქმიანობა მოვიყვანეთ კანონთან შესაბამისობაში. კონფერენცია მეტად მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუცია ახალი შექმნილია და IP & Tech Law Research Center-ს, რომელიც ევროპაში მოქმედი ორგანიზაციაა, საშუალება აქვს, გაგვიზიაროს ევროპული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია”, – აცხადებს ნინო ომანაძე. 

ინფორმაციისთვის: პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 2023 წელს მიიღო.

ამ თანამდებობის შემოღების აუცილებლობა გათვალისწინებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს სამართლებრივი აქტებით. კანონი უკვე მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში.

სტუ-ში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასი ტარდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სტუდენტური კლუბების ერთობლივი ღონისძიება – პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასი ტარდება. 

მასტერკლასი, სტუ-ის ნიკო ნიკოლაძის სტუდენტური კლუბის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად ეწყობა.

ღონისძიების ბენეფიციარები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგები არიან. პროექტის მხარდამჭერია თსსუ-ის სტუდენტური კლუბი „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“. 

როგორც ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტი მარიამ კაკაურიძე აღნიშნავს, პროექტის მიზანია, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით მიაწოდოს საბაზისო ცოდნა, რომლის გამოყენებასაც პროექტის ბენეფიციარები პრაქტიკაში შეძლებენ. 

1 (11).png

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის კლუბი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურ კლუბთან ერთად, ვახორციელებთ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისთვის და, ასევე, ჩვენი პედაგოგებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასების ჩატარებას. ჩვენი მიზანია ამ მიმართულებით საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების ტრანსფერი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები აკეთილშობილებს საზოგადოებას, რაც, საბოლოო ჯამში, სოციუმის კეთილდღეობაზე აისახება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანატოლების მხრიდან დაინტერესება დიდია. ეს გვაძლევს მოტივაციას და იმის საფუძველს, რომ პროექტი გაცილებით მასშტაბური გავხადოთ“, – ამბობს მარიამ კაკაურიძე.

თსსუ-ის სტუდენტური კლუბის „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, თორნიკე ფუტკარაძის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პირველადი სამედიცინო დახმარების ორდღიანი მასტერკლასი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, სიტუაციურ ანალიზსა და შეფასებებს, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით.

როგორც თორნიკე ფუტკარაძე განმარტავს, მასტერკლასის გავლის შემდეგ ახალგაზრდები პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და გადაუდებელი დახმარების გაწევას შეძლებენ.

„დაზარალებული ადამიანი შეიძლება შეგვხვდეს ქუჩაში, სამსახურში, თავშეყრის ადგილებში. ის შეიძლება იყოს უცნობი, ჩვენი მეგობარი ან ოჯახის წევრი. დროულად და სწორად აღმოჩენილი პირველადი სამედიცინო დახმარება ზრდის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ჩვენი ერთობლივი პროექტის მიზანიც ეს არის – ახალგაზრდებმა სამედიცინო მიმართულებით შეიძინონ კრიტიკული მდგომარეობის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და შეძლონ ნებისმიერი მოქალაქისთვის პირველადი დახმარების გაწევა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, ანუ იქამდე, ვიდრე პაციენტის მდგომარეობის მართვაში პროფესიონალი მედიკოსები ჩაერთვებიან”, – აღნიშნავს თორნიკე ფუტკარაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ორდღიანი მასტერკლასის ფარგლებში, თეორიულ სწავლებასთან ერთად, გაიარეს გადაუდებელი შემთხვევების ანალიზისა და მართვის პრაქტიკული სავარჯიშოები, შეისწავლეს სხვადასხვა ტრავმისას სისხლდენის სწრაფად შეჩერების, ჭრილობაზე ნახვევის სწორად დადების, ინტოქსიკაციისა და გულყრის შემთხვევების მართვის, სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფის, ასევე, გულზე მასაჟისა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარების მეთოდები. 

სამომავლოდ, პროექტის ორგანიზატორები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბები, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასის გაფართოებას და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩატარებას გეგმავენ. 

სტუ-ში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტის პერსონალური გამოფენა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გალერეა „უნივერსში“, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, პირველი კურსის სტუდენტის კონსტანტინე კაკაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა. 

ექსპოზიციაში პირველკურსელის 50-ზე მეტი ნამუშევარი – ფერწერული ტილოები, შავ-თეთრი გრაფიკა, სხვადასხვა მასალისგან შესრულებული კოლაჟები, მინიატიურული ფორმის ნახატები და დიდი პანოები იყო წარმოდგენილი.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე აღნიშნავს, კონსტანტინე კაკაშვილის პერსონალური გამოფენა უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირისა და ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა.

Cover gtu.png (23).jpg

„ორიგინალური ნახატები ხალასი, ნათელი ფერებით და ინდივიდუალური შესრულების ტექნიკით, – ასე შეიძლება შევაფასოთ კონსტანტინე კაკაშვილის შემოქმედება. ნამუშევრები გამოირჩევა იდეების მრავალფეროვანი გადაწყვეტით, კომპოზიციური ფორმით, რომლებიც მკვეთრად ორიგინალური, ინდივიდუალური და მხატვრული პროფესიული უნარ-ჩვევებითაა შესრულებული.

იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სტუდენტის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. ტექნოლოგიებმა, ხელოვნურმა ინტელექტმა არ უნდა ჩაახშოს ჩვენი შემოქმედებითი აზროვნება. სწორედ ამ ნიშნითაა კონსტანტინეს შემოქმედება განსაკუთრებული – ის აზროვნებს, ხატავს ხელით და გვთავაზობს საინტერესო თემატიკას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტს”, – აცხადებს ნინო იმნაძე. 

კონსტანტინე კაკაშვილის ნამუშევრებს ფაკულტეტის დეკანმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა, ასევე, მოწვეულმა სტუმრებმა – ცნობილმა მხატვრებმა და გალერისტებმა მაღალი შეფასება მისცეს. 

სტუ-ში, პროექტის UNI4VERSE ფარგლებში, შიდასაუნივერსიტეტო კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის UNI4VERSE, ფარგლებში, შიდასაუნივერსიტეტო კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული სტუდენტური ჯგუფი. 

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა.

როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, Uni4Verse საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებული საუნივერსიტეტო კონკურსია, რომლის განმახორციელებელია ინოვაციური განათლების ფონდი.

2024 წელს პროექტი მწვანე ეკონომიკის თემას ეძღვნება და მასში საქართველოში აკრედიტებული 18 უნივერსიტეტი, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მონაწილეობს.

„UNI4VERSE ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და ჩართულობა.

Cover gtu.png (24).jpg

შიდასაუნივერსიტეტო კონკურსში, რომელშიც ცამეტივე ფაკულტეტი იყო ჩართული, ექვსი გუნდი მონაწილეობდა. სტუდენტურმა ჯგუფებმა,  მწვანე ეკონომიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ძალიან საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

გამარჯვებული გუნდის იდეა ეხებოდა ცემენტის (ბეტონის) შემადგენლობაში ცემენტის წარმოების საკვამლე აირებით (CO2,SOx,NOx) ატმოსფეროში შეუქცევადი ემისიის პრევენციასა და უტილიზაციას.

წარმატებებს ვუსურვებ გამარჯვებულ გუნდს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებს გიორგი კოტორაშვილს და ანასტასია დვალიშვილს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ფაკულტეტის სტუდენტს თორნიკე რევინოვს, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტს გეგა ჯერენაშვილს და მათ მენტორს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორს რაჟდენ სხვიტარიძეს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საუნივერსიტეტო კონკურსზე UNI4VERSE რეგისტრაცია 15 ოქტომბერს გამოცხადდა და კონკურსში უნივერსიტეტის ცამეტივე ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

შიდასაუნივერსიტეტო კონკურსის ჟიურიმ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მაია მელიქიძისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჯობავას შემადგენლობით, გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, რომელიც ოთხდღიან ტრენინგსა და მენტორშიფ სესიებს თბილისის ტექნოპარკში გაივლის. 

ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების საუნივერსიტეტო ცენტრსა და კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ მონაწილეებს გამარჯვება მიულოცეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ასევე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“ (LEO 2024) – გამარჯვებულ მოსწავლეთა გუნდებს მნიშვნელოვან წარმატებას ულოცავენ. 

გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ გრან-პრისა და 10 000 ლარის მფლობელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ბაზაზე შექმნილი მოსწავლეთა ერთ-ერთი გუნდი გახდა, რომლის შემადგენლობაში არიან გიორგი გობაძე, ალექსანდრე ჯელია, ნიკა აბულაძე, მართა თოდუა, ელისაბედ გეგეშიძე, პროექტით – „ეკომეგობრული, ჭკვიანი თევზის ფერმა“, ხოლო I ადგილი და 5000 ლარი მოიპოვა ამავე ცენტრის მეორე გუნდის პროექტმა – „წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი“, ზვიად ფრუიძის, ლუკა ფორჩხიძის, ელენე ქაჩიბაიას, ლუკა წოწორიას და ანა სალდაძის ავტორობით.

როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების საუნივერსიტეტო ცენტრი, დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდებით გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში რამდენიმე წელია მონაწილეობს. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი მოზარდ თაობაში შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობაა. უნივერსიტეტში მრავალი წელია მოქმედებს ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრი, რომლის მოსწავლეთა გუნდებისთვის უკვე ტრადიციად იქცა „ლეონარდო და ვინჩის” კონკურსში გამარჯვების მოპოვება.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. კონკურსში გამარჯვებას ასევე, ვულოცავთ ბათუმის N6, ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის N41 და ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლებსა და მათ მოსწავლეებს”, – აცხადებს თამარ წერეთელი. 

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, თალიკო ჟვანიას თქმით, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრი საგანმანათლებლო სივრცეში სხვადასხვა მიმართულებითაა ჩართული. 

„ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლების მიღებას, შესაბამისად – თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღზრდას.

გარდა ამისა, უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისთვის ახორციელებს არაერთ წარმატებულ პროექტს, რომელთა შორის ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრის საქმიანობას გამოვყოფ. წლების განმავლობაში, დავით სონღულაშვილის, თეიმურაზ ჩიჩუასა და ჩვენს მეცნიერთა მენტორობით, მოსწავლეთა გუნდები სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ, მათ შორის, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. სასიხარულოა, რომ ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბებული მოსწავლეთა გუნდები კონკურსების არაერთგზის გამარჯვებულები და პრიზიორები არიან. ვულოცავ მორიგ წარმატებას ცენტრსა და მის მოსწავლეებს“, – ამბობს თალიკო ჟვანია. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“ – მონაწილეებს გამარჯვებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.

აკადემიკოსი დავით გურგენიძე ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების საუნივერსიტეტო ცენტრს, მოსწავლეებს და გამარჯვებული გუნდების სკოლებს წარმატებებს უსურვებს.

„ვულოცავ მორიგ წარმატებას ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრსა და მის მოსწავლეებს. კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული პროექტია, რომელსაც ფონდი სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს. კონკურსში მონაწილეობა სკოლის ნებისმიერი მოსწავლისთვის არა მხოლოდ პრესტიჟულია, არამედ, დიდწილად განაპირობებს თითოეული ახალგაზრდის სამომავლო ინტერესებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ახალგაზრდებს და მათ მენტორებს კონკურსში გამარჯვებას”, – აცხადებს დავით გურგენიძე. 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“ (LEO 2024) – ფინალურ ეტაპზე გადავიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ბაზაზე შექმნილი მოსწავლეთა ექვსი გუნდი შემდეგი პროექტებით: „SMART ლიფტი – ლიფტის უსაფრთხო და შშმ პირებზე ადაპტირებადი სისტემა“ (დავით ოსეფაიშვილი, ვახტანგ მგელაძე, მაკინე თოდუა); „ქვევრში ღვინის დაყენება მაღალტექნოლოგიური მეთოდით“ (ნიკოლოზ კარბელაშვილი, ნინო სულამანიძე, იაკობ ავთანდილაშვილი); „მდინარეების მონიტორინგის სისტემა“ (საბა გულბიანი, გიორგი გაბელია, ანდრია კოსტავა); „მებაღე რობოტი“ (დავით და მარიამ ვახტანგაძეები, ლადო ადამია); „წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი“ (ზვიად ფრუიძე, ლუკა ფორჩხიძე, ელენე ქაჩიბაია, ლუკა წოწორია, ანა სალდაძე); „ეკომეგობრული, ჭკვიანი თევზის ფერმა“ (გიორგი გობაძე, ალექსანდრე ჯელია, ნიკა აბულაძე, მართა თოდუა, ელისაბედ გეგეშიძე).

სტუ-ში მე-18 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება-2024“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის „ხელისუფლება და საზოგადოება – ისტორია, თეორია, პრაქტიკა“ ორგანიზებით, ყოველწლიური, რიგით მე-18 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება-2024“ გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენცია  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს.

მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ კონფერენციაში  ქართველი მეცნიერების გარდა, Zoom პლატფორმის მეშვეობით მონაწილეობენ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები.

როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, საჯარო მმართველობა საქართველოში შედარებით ახალი დარგია, თუმცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ სფეროში საგანმანათლებლო პროგრამა დანერგა. 

2 (12).png

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მრავალი წარმატებისა და სიახლის შემოქმედია. დიდია მისი წვლილი მეცნიერების განვითარებაში. ერთ-ერთი დასტური დღევანდელი კონფერენციაა, რომელმაც მეთვრამეტედ შეკრიბა  მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რათა ფორუმზე წარმოადგინონ  სამეცნიერო საქმიანობის შედეგები ისეთ ურთულეს დარგში, როგორიცაა საჯარო მმართველობა და განიხილონ სახელმწიფოსა და საზოგადოების თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი პრობლემები.  მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ დღეისთვის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის პროფესორთა შემადგენლობის 60%-ი სწორედ  საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულია.

საჯარო მმართველობის დოქტორანტებმა მრავალჯერ მოიპოვეს შოთა რუსთაველის გრანტი, რითაც საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ  საზღვარგარეთის საჯარო მმართველობის პრაქტიკას.

საჯარო მმართველობის მიმართულების სტუდენტები პრაქტიკას გადიან გერმანიაში, განსაკუთრებით აქტიური თანამშრომლობა აკავშირებთ მათ ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტთან. ამ ინსტიტუტის  პროფესორი ვილჰელმ ჰოიზერი, ასევე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და საპატიო დოქტორი. 

ვილჰელმ ჰოიზერი, სხვა გერმანელ კოლეგებთან ერთად თითქმის ყოველ წელს  ჩამოდის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და ასევე საჯარო ლექციების ჩასატარებლად. მას მიჰყავს სასწავლო კურსი მაგისტრატურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაში, ხოლო პროფესორი შტეფან ჰუტერი „საჯარო მმართველობის“ ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელია. ვსარგებლობ შემთხვევით და  დიდი პატივისცემით მოგესალმებით კონფერენციის მონაწილეებს, მადლიერებით მივმართავ ორგანიზატორებს, დეკანს, რუსუდან ქუთათელაძეს და დიდ წარმატებას ვუსურვებ დღევანდელ ფორუმს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ. 

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი მიესალმა.  
„წელს კონფერენციაზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის უცხოელი მეცნიერების. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, გამოვა შრომების კრებული, რომელსაც ექნება საერთაშორისო ინდექსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა. 

ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვილჰელმ ჰოიზერმა კონფერენციის ორგანიზატორებს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

როგორც ჰოიზერმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ზარლაანის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს, რაც საშუალებას იძლევა ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა, ასევე სტუდენტებმა, ერთობლივი კვლევები აწარმოონ.

კონფერენცია გაგრძელდა სექციურ ფორმატში. მომხსენებლები განაწილდნენ 3 სექციად: საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და მეთოდოლოგია; პოლიტიკა და კულტურა; საჯარო მმართველობის ეკონომიკური საკითხები და სამართლებრივი ბაზა.

სტუ-ში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მოსამზადებელ პროგრამებზე მიღება დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ,  მოკლევადიან (5 კვირიან) პროგრამაზე,  მეხუთე ნაკადის მსმენელთა მიღება დაიწყო. 

პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია 13-27 ნოემბრის პერიოდს მოიცავს, ხოლო  სწავლის პროცესი 2024 წლის  2 დეკემბერს დაიწყება. 

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხი მოკლევადიანი პროგრამა (თითოეული 75 საათის ხანგრძლივობით).

  • ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის ფოტოელექტრული სისტემები);
  • ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის თერმული სისტემები);
  • ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ბიომასის ბოილერები და ღუმელები);
  • ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ზედაპირული გეოთერმული სისტემები და თბური ტუმბოები) – მომზადდა დონორი ორგანიზაციის მიერ დაქირავებული საგანმანათლებლო და განახლებადი ენერგიის დარგის ექსპერტებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორების მიერ.

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, ლენა შატაკიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ სრულად დაფინანსებულ ოთხივე პროგრამაზე ოთხმა ნაკადმა უკვე წარმატებით დაასრულა სასწავლო პროცესი, 13 ნოემბრიდან კი მეხუთე ნაკადის მიღება გამოცხადდა.

მისი თქმით, მეხუთე ნაკადშიც თითოეულ პროგრამაზე 10-10 მსმენელის მიღება იგეგმება, დაინტერესებულ პირებს კი, მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ონლაინ, ვებგვერდზე.

როგორც პროფესორი ლენა შატაკიშვილი აღნიშნავს, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი გაივლის სერტიფიცირებას, ხოლო სერტიფიცირებულ მემონტაჟეთა სია განთავსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ცნობისათვის, საქართველოსთვის ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება სამართლებრივი ვალდებულების აღებასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციას გულისხმობს.

კერძოდ, საქართველომ უნდა მოახდინოს ადგილობრივ კანონმდებლობაში ევროკავშირის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი იმ დირექტივებისა და რეგულაციების ასახვა, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების XXV დანართშია მოცემული.

საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა კანონი – „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“, რომელიც სრულად შეესაბამება განახლებადი ენერგიის შესახებ ევროკავშირის დირექტივას, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების კვალიფიციური და სერტიფიცირებული მემონტაჟეების მომზადებას. 

საქართველოში აღნიშნული პროგრამის დასანერგად საჭირო გახდა უწყებათაშორისი თანამშრომლობა და კოორდინაცია, რა მიზნითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ შორის, 2020 წლის 11 დეკემბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის – „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში’’ ფარგლებში.

სტუდენტების საველე ექსპედიცია ქვემო ქართლის მთიან რეგიონში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ქვემო ქართლის მთიან რეგიონში საველე ექსპედიცია განახორციელეს. 

მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, საველე პრაქტიკის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის მუზეუმ-ნაკრძალსა და საქართველოს ერთ-ერთ უძველეს, მე-5 საუკუნით დათარიღებულ ბოლნისის სიონს ეწვივნენ. 

2 (8).png

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის განცხადებით, სტუდენტებს ადგილზე სემინარი ჩაუტარდათ, რამაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა ექსპედიციის არეალის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, შემდეგ კი უშუალოდ განეხილათ ისტორიული და არქეოლოგიური ადგილები. 

3 (2).png

„მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედითი მხარდაჭერით, რეგულარულად აწყობს საველე ექსპედიციებს ფაკულტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის.

საველე პრაქტიკით, რომელიც, ამჯერად, მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის ბაკალავრებისთვის იყო განკუთვნილი, ახალგაზრდები შეიძენენ სამუშაო გამოცდილებასა და აუცილებელ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ დაეხმარება მთის მდგრადი ტურისტული მიმართულებების განსაზღვრასა და მათ განვითარებაში, არსებული მდგომარეობის შეფასებაში, აქტუალური პროექტების შემუშავებასა და პრეზენტაციების მომზადებაში. მნიშვნელოვანია, რომ ექსპედიციის ფარგლებში ჩატარებულმა სემინარმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ არეალის შესახებ და მენტორებთან ერთად ემსჯელათ ქვემო ქართლის მთიანი რეგიონის მუზეუმ-ნაკრძალისა და ისტორიულ-არქეოლოგიური ადგილების შესახებ“, – აღნიშნავს ნოე ხოზრევანიძე.  

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?