სტუ-ში საჯარო ლექცია გაიმართა – „ილია და ქართული ევროპეიზმი”

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის 187 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში,  სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა მამუკა ჭანტურიამ, საჯარო ლექცია – „ილია და ქართული ევროპეიზმი” ჩაატარა.  

ღონისძიება საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გახსნა.  როგორც  პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტში ილიას კვირეული  8 ნოემბერს დაიწყო.
 
„ფაკულტეტი, ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში შემეცნებით ტურს საჯარო ლექციით აგრძელებს.

ჩვენ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოში ილია ჭავჭავაძემ შექმნა ახალი ნაციონალური თვითშეგნება, ერთიანი ეროვნული სააზროვნო სივრცე და ნაციონალური კუთვნილების გარემო.

დიდი ილია ამბობდა: „ისტორია და წარმატება – მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის კუთვნილია. ამისთანად აღმოჩნდა ევროპიელი”. ქართული კულტურა, მწერლობა, ფილოსოფიური და ფილოლოგიური აზროვნება იმდაგვარია, რასაც მოგვიანებით ევროპულის სახელი დაერქვა.

იგი ევროპული კულტურის სადავეებთან დგას, მარად ეხმიანება იმით, რომ ევროპეიზმის დიდი შინაარსის განსაზღვრაში მონაწილეობს. ქართული ისტორიის კატაკლიზმების გამო ქართული კულტურა ევროპულს დრო და დრო ძალადობრივად მოწყდებოდა ხოლმე, მაგრამ გენეტიკური ერთიანობის განცდა კვლავ და კვლავ აბრუნებდა ევროპისაკენ.

ქართული კულტურა ამჟამადაც ევროპეიზმის კულტურული არეალის დიდი შინაარსის გამოვლენას წარმოადგენს. ამჟამად, ევროპასთან დაახლოებისა და ევროპულ კულტურაში ინტეგრირების თვალსაზრისით უპრეცედენტო  შესაძლებლობების ეპოქაში ქართულ კულტურულ ცნობიერებას, მისი ღირებულებითი სისტემის ელემენტებს-ფილოლოგიას, ხელოვნებას, მწერლობას, ჰუმანიტარულ აზროვნებას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ევროპული კულტურის ამჟამინდელი კრიზისის დაძლევაში.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპეიზმის ერთ უაღრესად აქტუალურ, გამოვლინებად წარმოდგა ქართული საზოგადოებრივი აზრის მანიფესტაციის ევროპული ტექნოლოგია – პუბლიცისტიკა – აქტუალური საზოგადოებრივი პრობლემების გამოხატვის ფორმა. პუბლიცისტიკის ენა გახდა პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერების პრობლემათა მასობრივ აუდიტორიამდე მიტანის საუკეთესო ფორმა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში პუბლიცისტიკის პოპულარობას ის ფაქტიც ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივ ასპარეზზე ნიჭიერი პუბლიცისტების მთელი თაობა გამოვიდა, რომელთა შორის განსაკუთრებით ორი დიდი მოღვაწე გამოირჩა – ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი. მათ ძალიან მალე გვერდში ამოუდგა ქართული პუბლიცისტიკის მესამე დიდი სახელი – ნიკო ნიკოლაძე. სწორედ პუბლიცისტიკის ენით შექმნა ილია ჭავჭავაძემ ქართული XIX საუკუნე, განსაზღვრა (რაც მთავარია, გაუცნობიერა ხალხს) ქვეყნის განვითარების გეზი და ქართველად მყოფობის პოლიტიკური ფილოსოფია“, – განაცხადა დეკანმა.

საჯარო ლექციის  დასასრულს,  ასოცირებულმა პროფესორმა მამუკა ჭანტურიამ სტუდენტების კითხვებს უპასუხა.  

სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრის სამეცნიერო საბჭო სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე – (1 საშტატო ერთეული).

სამეცნიერო მიმართულება: ბიომრავალფეროვნება, ფიტოგენეტიკური რესურსების მონიტორინგი, კონსერვაცია, კულტივირება და გამოყენების ტექნოლოგიები.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 12 დეკემბრიდან – 16 დეკემბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, აბაის ქუჩა №47 (თემქა, ყოფილი სასამართლოს შენობა, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია), ბიოტექნოლოგიის ცენტრი, მეორე სართული, ოთახი №1, პასუხისმგებელი პირები: ლალი მეძველია, ტელ: 597 717 010.

კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 18 დეკემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2024 წლის 18 დეკემბერს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ცენტრის ვებგვერდზე

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2024 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

II. საკონკურსო პირობები.

კონკურსის ძირითადი პირობები:

მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

  • სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
  • სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
  • სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; 
  • სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
  • 2 ფოტოსურათი 3X4;
  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი.

  • კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,ბიოტექნოლოგიის ცენტრის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ცენტრის ვებ-გვერდებზე;
  • საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სტუ-ში მკვლევრები დააჯილდოვეს და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი დააფუძნეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ, მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ „ტალღის“ დირექტორს, პროფესორ მედეა ბურჯანაძეს უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“, ხოლო ნაყოფიერი და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის გიორგი ომსარაშვილს საპატიო დიპლომი გადასცა. 

ღონისძიება სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.

2.JPG.png

„10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების, ასევე, ახალგაზრდა და ღვაწლმოსილ მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა მეცნიერების ამ ზეიმზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ბაზაზე, არსებული მოსწავლეთა ჯგუფი გრანპრის მფლობელი გახდა,  პროექტით – „ეკომეგობრული ჭკვიანი თევზის ფერმა“, ხოლო, პირველ ადგილზე ამავე ცენტრის გუნდი, პროექტით – „წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი“, გავიდა.

პრემიით, ასევე, დაჯილდოვდნენ სამეცნიერო პროექტებსა და პროგრამებში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა მკვლევრები და მეცნიერები, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ლომიძე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ძალიან ამაყები ვიყავით იმით, რომ გამარჯვებული გუნდების მენტორები ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტები და მეცნიერები არიან. კიდევ ერთხელ გამოჩნდა რაოდენ დიდი პოტენციალი აქვს უნივერსიტეტს“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ. 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, რომელმაც ილიას კვირეულის ფარგლებში საუნივერსიტეტო სივრცეში ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა.

3 (3).png

როგორც ვიცე-რექტორმა განაცხადა, კლუბს უხელმძღვანელებს სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის წევრი ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასა (CERN) და იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციაში (KEK), ასევე, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კომპლექს J-PARC-ში, მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ლომიძე. 

„უფროს თაობას კარგად ახსოვს, 50 წლის წინ, ჟიული შარტავას ინიციატივით დაარსებული, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, სადაც თავს იყრიდნენ მომავალი მეცნიერები, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ჩვენს უნივერსიტეტში მოღვაწეობს. 50 წლის შემდეგ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იხსნება კლუბი, სადაც გაერთიანდებიან ნიჭიერი, მოტივირებული და კვლევებზე ორიენტირებული ახალგაზრდა მეცნიერები.

კლუბის მიზანია მეცნიერების პოპულარიზება, სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა, ახალი სამეცნიერო კვლევების წარმოება და ასე შემდეგ. სასიხარულოა, რომ ახლადშექმნილ კლუბში უკვე 90 ახალგაზრდაა გაწევრიანებული. წარმატებებს ვუსურვებ მათ”, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 

ცნობისათვის, მეცნიერების საერთაშორისო დღე გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია „იუნესკოს“ მიერ 2001 წელს დაფუძნდა.

ამ დღის მიზანია მეცნიერების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და აქტუალური სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობა.

ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია „დემოკრატიის ორი კრიტიკა: პლატონი და ფრიდრიხ ნიცშე“

20 ნოემბერს, 16:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია – „დემოკრატიის ორი კრიტიკა: პლატონი და ფრიდრიხ ნიცშე“ გაიმართება. 

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე.

რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მეცნიერებსა და აკადემიურ წრეებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების და საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს ქართველ და უცხოელ კოლეგებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორებსა და მეცნიერებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს და ნაყოფიერ მოღვაწეობას უსურვებს.

„წელს 23 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც UNESCO-მ 10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 2001 წლიდან, მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად ვიკრიბებით მეცნიერები, რათა ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უახლესი მიღწევების შესახებ.

10 ნოემბერი ხაზს უსვამს მეცნიერების აქტუალობას ჩვენს ყოფით ცხოვრებაში. პროგრესი შეუძლებელია მეცნიერების გარეშე, – ეს უნდა გააცნობიეროს ახალმა თაობამ და გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომელსაც სახელმწიფო აძლევს.

საქართველოში მეცნიერებამ რთული გარდამავალი პერიოდი გაიარა. იყო დრო, როცა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარება სერიოზული რისკის ქვეშ იდგა.

დღეს, საბედნიეროდ, მეცნიერება არის საქართველოს მთავრობის,  პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრ ალექსანდრე წულაძის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული ნაწილი. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით, ხელისუფლების ინიციატივითა და მხარდაჭერით, არაერთი პროექტი ხორციელდება საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის,  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მეცნიერების განვითარებაში, საქართველოს სწრაფ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაში უდიდესი წვლილი შეაქვს მსოფლიო მნიშვნელობის მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერთა გაერთიანებას, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, აკადემიკოს როინ მეტრეველის ხელმძღვანელობით.

დღეს ქართველი მეცნიერები მოღვაწეობენ ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებსა და უდიდეს კვლევით ცენტრებში. ჩნდება მეტი შესაძლებლობა, გაცილებით მეტი მკვლევარი, მათ შორის ახალგაზრდა ჩაერთოს სამეცნიერო კვლევებში, ჩვენი რიგები ნიჭიერი ახალგაზრდა თაობით ივსება. წარმატებებს ვუსურვებ მათ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას გისურვებთ”, – აღნიშნულია აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.

ინფორმაციისთვის: 10 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა, მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

სტუ-ის რექტორი ცნობილ მეცნიერს, ინჟინერსა და საზოგადო მოღვაწეს, აკადემიკოს რამაზ ხუროძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, ცნობილ მეცნიერს, ინჟინერსა და საზოგადო მოღვაწეს, 1993-2006 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, საქართველოს პრეზიდენტის ოქროს მედლისა და ღირსების ორდენის კავალერს, სტუ-ის გიორგი ნიკოლაძის მედლის მფლობელს, ღრმა ერუდიციითა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ მკვლევარსა და შესანიშნავ პედაგოგს, აკადემიკოს რამაზ ხუროძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წიაღიდან გამოსულ გამოჩენილ მეცნიერს, ინჟინერს, საზოგადო მოღვაწეს, ჩვენს ერთ-ერთ ყოფილ სახელოვან რექტორს, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს რამაზ ხუროძეს – გამორჩეულს სამეცნიერო ნაშრომებით, მონოგრაფიებითა და გამოგონებებით, საუკეთესო პიროვნული თვისებებით დაჯილდოებულ კოლეგასა და უფროს მეგობარს, შესანიშნავ პედაგოგს, რომელიც ქვეყანას პროფესიონალთა და ცნობილ მკვლევართა თაობებს უზრდის – 80 წელი შეუსრულდა. 

აკადემიკოსი რამაზ ხუროძე ქართველ მოაზროვნეთა თაობის ის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც თავდადებით იღვწის მეცნიერების განვითარებისთვის და მრავალი ათეული წელია მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო თემებზე, როგორიცაა: მართვის მრავალელემენტიანი დარეზერვებული აღდგენადი სისტემების საიმედოობრივი დაგეგმვა, მათემატიკური მოდელირება, ხელოვნური ინტელექტის ამოცანები, სახეთა ამოცნობის პროცესისთვის ნეირონული ქსელების გამოყენება და სხვა. მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია მრავალ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და უკრაინაში.

ცხოვრების მისეული გზა, საერთაშორისო ავტორიტეტი და საყოველთაო აღიარება სამშობლოსთვის გაწეული დიდი ღვაწლის ჭეშმარიტი დადასტურებაა. მისი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, სხვადასხვა დროს, არაერთი ჯილდოთი, ღირსების ორდენით, საქართველოს პრეზიდენტის ოქროს მედლით, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის მედლით აღინიშნა. ის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და ორგანიზაციის ნამდვილი წევრია, მათ შორისაა Sigma Xi და the Scientific Research Society-ი.

შესაშური და ცალკე აღნიშვნის ღირსია ის განუზომელი ენთუზიაზმი და სიყვარული, რომლითაც აკადემიკოსი რამაზ ხუროძე მეცნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან მუშაობს, უთმობს უდიდეს დროს, უღვივებს მათ შემეცნებისა და ახლის ქმნადობის სურვილს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გულითადად ვულოცავთ ბატონ რამაზს ღირსშესანიშნავ თარიღს, ვუსურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, ოჯახის კეთილდღეობასა და წარმატებას სამეცნიერო მოღვაწეობაში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

სტუ-ის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეთა გუნდები „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისთვის ემზადებიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ბაზაზე, მოსწავლეთა გუნდების მიერ, შესრულებული ექვსი პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“, ფინალისტია. 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გამარჯვებულებს, ხვალ, 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოავლენს.

ერთი დღით ადრე კი, სტუ-ის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრში ექვსივე ჯგუფის მოსწავლეები, მენტორებთან ერთად, ბოლო ექსპერიმენტებს ატარებენ.

ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესს სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია გაეცნენ. 

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ბაზაზე არსებული მოსწავლეთა გუნდები ყოველწლიურად მონაწილეობენ კონკურსში – „ლეონარდო და ვინჩი” და უმეტეს შემთხვევაში საპრიზო ადგილებზე გადიან.

როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს ფინალში გასული პროექტებია: SMART ლიფტი – ლიფტის უსაფრთხო და შშმ პირებზე ადაპტირებადი სისტემა (მოსწავლეთა გუნდი: დავით ოსეფაიშვილი, ვახტანგ მგელაძე, მაკინე თოდუა); ქვევრში ღვინის დაყენება მაღალტექნოლოგიური მეთოდით (მოსწავლეთა გუნდი: ნიკოლოზ კარბელაშვილი, ნინო სულამანიძე, იაკობ ავთანდილაშვილი); მდინარეების მონიტორინგის სისტემა (მოსწავლეთა გუნდი: საბა გულბიანი, გიორგი გაბელია, ანდრია კოსტავა); მებაღე რობოტი (მოსწავლეთა ჯგუფი: დავით ვახტანგაძე, ლადო ადამია, მარიამ ვახტანგაძე); წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი (მოსწავლეთა გუნდი: ზვიად ფრუიძე, ლუკა ფორჩხიძე, ელენე ქაჩიბაია, ლუკა წოწორია და ანა სალდაძე) და ეკომეგობრული, ჭკვიანი თევზის ფერმა (მოსწავლეთა გუნდი: გიორგი გობაძე, ალექსანდრე ჯელია, ნიკა აბულაძე, მართა თოდუა, ელისაბედ გეგეშიძე). 

„კონკურსის მიზანია ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სტიმულირება, ასევე მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და იგი ხორციელდება ორი – სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით.

წარდგენილი საკონკურსო განაცხადები მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ქიმია, ბიოქიმია, ასტრონომია, კოსმოლოგია, ფიზიკა, საინჟინრო მექანიკა, რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.

ამ კონკურსში მონაწილეობა თითოეული გუნდისთვის დიდი პატივია, ფინალში გასვლა კი, უკვე გამარჯვებაა, თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეები, ტადიციულად საპრიზო ადგილებზე გავლენ.

წარმატებებს ვუსურვებ ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრის ექვსივე გუნდს, რომელთა უმრავლესობა STEM აკადემიის მოსწავლეებიც არიან, ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ დავით სონღულაშვილს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტს, კონკურსის მონაწილე გუნდების ერთ-ერთ მენტორს უტა კილასონიას”, – აცხადებს თამარ ლომინაძე. 

ფინალისტი ჯგუფის წევრი ვახტანგ მგელაძე (SMART ლიფტი – ლიფტის უსაფრთხო და შშმ პირებზე ადაპტირებადი სისტემა): „ლიფტი შშმ პირებზეა მორგებული და უბედური შემთხვევის პრევენციაზეა გათვლილი. ლიფტი ასრულებს მგზავრის ხმოვან ბრძანებას და აჰყავს მითითებულ სართულზე.

ჩვენ განვაახლეთ საევაკუაციაო გეგმა, რომელიც შშმ პირებზეა ადაპტირებული. ვთქვათ, ლიფტი გაჩერდა სართულებს შორის, ან გაითიშა ელექტოენერგია, ან ხანძარი გაჩნდა, ავტომატურად ირთვება ალტერნატიული ენერგია, რომელსაც ლიფტი აჰყავს ახლო სართულთან და ავტომატურად იღება კარი”. 

ფინალისტი ჯგუფის წევრი ანდრია კოსტავა (მდინარეების მონიტორინგის სისტემა): „შევქმენით ადრეული წყალდიდობების შეტყობინების სისტემა, რომელიც დამონტაჟდება მდინარეში, გარკვეული ინტერვალებით. როდესაც წყლის დონე იმატებს, ავტომატურად იკვრება წრედი, ინფორმაცია გადაეცემა და ეკრანზე გამოდის მონაცემები. ასევე, გვაქვს აპლიკაცია გაკეთებული, რომელიც მოსახლეობას მომენტალურად უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. ჩვენი მოწყობილობა იძლევა წყლის დონის მუდმივი კონტროლის საშუალებას და არ საჭიროებს ადამიანის ჩარევას”. 

ფინალისტი ჯგუფის წევრი მარიამ ვახტანგაძე (მებაღე რობოტი): „რობოტი უვლის მცენარეებს, თუმცა აქამდე არსებულისგან ძალიან განსხვავებული მოდელია.

რობოტი ინდივიდუალურად უვლის ნარგავებს. ანუ, მას გამოიძახებს მცენარე, რომელსაც სჭირდება, ვთქვათ, წყალი. მცენარე, ხელსაწყოს მეშვეობით შეტყობინებას უგზავნის რობოტს, რომელიც პოულობს მას და წყლის იმ დოზას აწვდის, რაც მცენარეს სჭირდება. ასევე, მცენარეს და რობოტს ერთმანეთთან დიალოგი აქვთ, საუბრობენ”. 

ფინალისტი ჯგუფის წევრი ნიკოლოზ კარბელაშვილი: (ქვევრში ღვინის დაყენება მაღალტექნოლოგიური მეთოდით): „იდეა ჩვენი გუნდის წევრის, იაკობ ავთანდილაშვილისაა. ჩვენი მოდელი მაგრდება ქვევრის თავზე, ღვინოსთან შეხება არ აქვს. მისი საშუალებით ავტომატურად, ადამიანის ჩარევის გარეშე, დისტანციურადაა შესაძლებელი ღვინოში მიმდინარე პროცესის გაკონტროლება. ქვევრებისთვის მსგავსი მოწყობილობა არ არსებოს, ეს სიახლეა”. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ დიმიტრი კუჭუხიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მკვლევრისა და პედაგოგის, დიმიტრი კუჭუხიძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს კუჭუხიძის ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტს.

78 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი დიმიტრი კუჭუხიძე. მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, რომელმაც მრავალი წარმატებული და მაღალკვალიფიციური კადრი აღზარდა.

დიმიტრი კუჭუხიძეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ნაყოფიერი 54 წელი აკავშირებს და ამ ხნის მანძილზე მან საუნივერსიტეტო საზოგადოებას და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა, როგორც მაღალკვალიფიციურმა, დიდბუნებოვანმა კოლეგამ და შესანიშნავმა პედაგოგმა.

სამძიმარს ვუცხადებთ, კუჭუხიძეების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტს და ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტს ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტს მის მეგობრებს, კოლეგებს და აღზრდილებს“, – აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

დიმიტრი კუჭუხიძე დაიბადა 1946 წელს.  1970 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამშენებლო ფაკულტეტის თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობით. იმავე წელს დაიწყო მუშაობა თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობის კათედრაზე, 1985 წლიდან კი მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტად. 2021 წლიდან დღემდე იყო ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესები ძირითადად  იყო სათბობის ეკონომიის საკითხები და ეკოლოგიის, კერძოდ,  გამონაბოლქვი აირების გაწმენდის საკითხები. არის 20-ზე მეტი ნაშრომის ავტორი. 

სტუ-ში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ქალთა სამართლებრივი მდგომარეობა შუა საუკუნის საქართველოში და თანამედროვე მსოფლიოში“

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალ ქეთევანის  მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ქალთა სამართლებრივი მდგომარეობა შუა საუკუნის საქართველოში და  თანამედროვე მსოფლიოში“, ჩატარდა. 

კონფერენცია, რომელიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა, გახსნა ვიცე-რექტორმა. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ისტორიის ყველა ეტაპზე ქალებმა განსაკუთრებული მისია იტვირთეს კულტურულ, სოციალურ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრების განვითარებაში. 

ქალთა უფლებები სამართალი.jpg

„დიდია ქალის როლი საქართველოს ისტორიაში. საქართველო ამაყობს პირველი ქალი მეფით, თამარი იყო „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. გვეამაყება, რომ საქართველოში ქალმა, მოციქულთასწორმა ნინომ იქადაგა ქრისტიანობა. საქართველოს ისტორიას ქმნიდნენ და ქმნიან ქალი პარლამენტარები, ეროვნული გმირი ქალები. ქეთევან დედოფალი საქართველოს ისტორიის გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც თავისი წარუშლელი კვალი დატოვა ერის გადარჩენის საღმთო და ეროვნულ გზაზე. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის თემა თანამედროვე ეპოქაში აქტუალურია, სწორედ ამიტომ, კონფერენციაზე განსახილველადაა წარმოდგენილი ჩვენი მეცნიერების მრავლისმომცველი ნაშრომები, სადაც ასახულია ქალთა მდგომარეობა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. ვფიქრობ, ეს საკითხები დიდ ინტერესს გამოიწვევს სტუდენტთა შორის“, – აღნიშნა კონფერენციის გახსნისას თამარ ლომინაძემ. 

კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს სტუ-ის  ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ხოლო, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია გოას არქეოლოგიური მუზეუმის  ქეთევან დედოფლის საექსპოზიციო ნაწილისთვის თამარ თაგვაძის მიერ გადაღებული ვიდეორგოლის შესახებ. როგორც პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ აღნიშნა საუნივერსიტეტო სივრცეში ვიდეორგოლის პრეზენტაცია მიზანმიმართულად დაუკავშირეს საერთაშორისო კონფერენციას. 

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე წარდგენილ იქნა შემდეგი მოხსენებები: ქეთევან დედოფლის წამება ქართულ და უცხოურ წყაროებში; პირველი ქართველი ქალი, პროფესორი თინათინ წერეთელი; ქალის საარჩევნო უფლებები; XVII საუკუნის ქართულ-სპარსული ურთიერთობები და ქეთევან დედოფლის წამება; ქალის უფლებრივი სტატუსის საკითხი ქართულ სახელმწიფოსა და სამართალში; ქართველი მსახიობი ქალები კინოსა და თეატრში; ფემინიზმი პოლიტიკასა და სამართალში; ქალის სამართლებრივი მდგომარეობა შუასაუკუნეების საქართველოში და თანამედროვე პერიოდში; ნიკო ნიკოლაძის ეროვნული იდეოლოგია; დანაშაული და სასჯელი ძველ ქართულ სამართალში; XII საუკუნის კანონიკური სამართალი; ქართული ემიგრაციული პრესის სათავეებთან; სოციოფილოსოფიური რეალობის ენობრივი კონსტრუქცია სამართალში; ინფორმაციული ტექნოლოგიები და თანამედროვეობა; რუის-ურბნისის ძეგლისწერის საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ასპექტები; ქალის უფლებათა კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები.

სტუ-ში ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის 187 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, შემეცნებითი ტური გაიმართა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წმინდა ილია მართლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა გამართა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივას ილია ჭავჭავაძის,  მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში,  ღონისძიებების ჩატარების შესახებ.

ტექნიკური უნივერსიტეტი - ილია ჭავჭავაძის კვირეული.png

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 8 ნოემბერს დაიწყო და 14 ნოემბრამდე გასტანს ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას უკეთ გააცნობს სტუდენტებს, საქართველოს მომავალ თაობას. ღონისძიებათა ციკლი მიზანმიმართულად დავიწყეთ   ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან. ეს არის ადგილი, სადაც უდიდესმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ, მწერალმა, პოეტმა და პუბლიცისტმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. აქ იმართებოდა ცნობილი „ხუთშაბათობები“, აქ იბადებოდა და იწერებოდა ილიას ნააზრევი, რაც დღეს ჩვენი ეროვნული საგანძურია. აქ იყო გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. „საპოლიტიკო და სალიტერატურო“ „ივერიამ“ დიდი როლი ითამაშა როგორც ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში, ასევე ევროპეიზმის იდეის დამკვიდრებაში. ილია ჭავჭავაძე ყოველთვის ფხიზლად იდგა ქართული ზნეობისა და იდეოლოგიის მცველად. ის ყურს უგდებდა თავისი „ქვეყნის ძარღვის ცემას“, ნატრობდა ევროპაში მოზეიმე „ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა“ გაეგონა საქართველოში.

დღეს, დიდი საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 184 წლის შემდეგ, ქართველი ერი, წმინდა ილია მართლის სამშობლო დამოუკიდებელი და თავისუფალია. დღეს, როგორც არასდროს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ილიას წარსულისაგან შობილმა აწმყომ შვა მომავალი, რომელსაც ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით მივყავართ. ჩვენი, პედაგოგების ვალია მომავალ თაობებს გადავცეთ ილიას მოძღვრების ბრწყინვალება ისე, რომ მათ შეძლონ მამულისთვის, ენისა და სარწმუნოებისთვის დაუღალავი სწავლა და შრომა –  ეს არის „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“, რომელიც უკეთესი მომავლის გარანტიაა“, – აცხადებს დავით გურგენიძე.  

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილის თქმით, ილია ჭავჭავაძის კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმში ჩატარებული შემეცნებითი ტურის შემდეგ, ფაკულტეტი გეგმავს სამეცნიერო კონფერენციის და საჯარო ლექციების ჩატარებას. 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?