სტუ-ში ერეკლე მეორის დაბადებიდან 304-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მისი დაბადებიდან 304-ე წლისთავი საჯარო ლექციით აღინიშნა. 

საჯარო ლექცია – „ერეკლე მეორე ფრანგი ოფიცრის, შარლ დე გრაი დე ფუას მემუარებში”, რომელიც სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა ბესიკ გაფრინდაშვილმა გამართა, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. როგორც პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა აღნიშნა, მეფე ერეკლეს ისტორიკოსები შემთხვევით მიიჩნევენ „აღმოსავლეთის ნაპოლეონად”.

მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში „პატარა კახს” არანაკლებ 500 დიდი და მცირე ბრძოლა აქვს გადატანილი.

„შარლ დე გრაი დე ფუამ, XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ფრანგმა ოფიცერმა, რომელიც რუსეთ-ოსმალეთის ომის (1768-1774) დროს რუსეთის არმიაში კაპიტნად მსახურობდა და გენერალ ტოტლებენის ადიუტანტი იყო, თავის მემუარებში აღწერა იმდროინდელ საქართველოში არსებული ვითარება.

დე გრაი დე ფუა მომსწრე იყო ქართველ-რუსთა ჯარის ოსმალებთან ბრძოლისა აწყურის ციხის აღების დროს. იგი დეტალურად აღწერს საომარი კამპანიის მსვლელობას და, როგორც სამხედრო საქმის მცოდნე, სწორ შეფასებას აძლევს ერეკლე II-ის ტაქტიკას და სტრატეგიას.

აღსანიშნავია, რომ მემუარული ხასიათის რელაცია, რომლის შესახებაც დოქტორი ბესიკ გაფრინდაშვილი ისაუბრებს, 1777–1783 წლებში დაიწერა და იგი ინახებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში და პირველად, 1954 წელს გამოსცა ინგლისელმა კავკასიოლოგმა დევიდ მარშალ ლენგმა.

იმის გამო, რომ ქართველი ხალხი თვისი არსებობის ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა ჯურის დამპყრობთა წინააღმდეგ გამუდმებით ბრძოლებს აწარმოებდა და მშვიდობიანობის პერიოდები ძალზე ხანმოკლე იყო, ამიტომ ჩვენი სამშობლოს ისტორია ფაქტობრივად ,,ომების ისტორიაა”, როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავენ მეცნიერ-ისტორიკოსები. 

„კახეთის უკანასკნელი დიდი ხელმწიფე”, ერეკლე მეორე კი ერთ-ერთი სახელოვანი მხედართმთავარი. განუწყვეტელმა ომებმა და ამ ომებში გამარჯვებებმა სახელი ევროპაშიც კი იმდენად გაუთქვა, რომ ფრიდრიხ II დიდმა (1712-1786) თქვა: “დასავლეთში მე ვარ და აღმოსავლეთში პრინცი ერეკლე, ქართველთა მეფე”. იმედი მაქვს, საჯარო ლექცია ბევრ, სტუდენტებისათვის ამ დროისთვის პასუხგაუცემელ კითხვებს უპასუხებს”, – აღნიშნა ივანე ჯაგოდნიშვილმა. 

დოქტორმა ბესიკ გაფრინდაშვილმა საჯარო ლექციის ფარგლებში სტუდენტებს, გარდა ფრანგი ოფიცრის, შარლ დე გრაი დე ფუას მემუარებისა, სტუდენტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით, მეფე ერეკლე მეორის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ივანე ჯაგოდნიშვილის საავტორო წიგნი „ერეკლეს ეპოსი” გააცნო, რომელიც დიდი ქართველი მეფის ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 4 წლის წინ გამოიცა. 

„ერეკლეს ეპოსი” წარმოადგენს ქართული ისტორიის ნაწილს, ქართველი ხალხის მიერ შექმნილი პოეტური ეპოსის ტექსტს და მის თეორიულ -მეცნიერული საფუძვლების შესწავლას.

საჯარო ლექციის დასასრულს, დოქტორმა ბესიკ გაფრინდაშვილმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა. 

 

სტუ- ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროპული კვლევები: წარსული აწმყო მომავალი“ გაიმართება

2024 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროპული კვლევები: წარსული აწმყო მომავალი“ გაიმართება. 

კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული. 

კონფერენციის თემატური მიმართულებები: 

  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • სოციალური მეცნიერებები;

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს;
  • სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს;
  • დამოუკიდებელ მკვლევარებს.

კონფერენციის მიზანი: ევროპული კვლევების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია. 

ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში, ხოლო საუკეთესო სტატიები ღია წვდომის ელექტრონულ ჟურნალში „საქართველო და ევროპა“. 

  • კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური. 
  • კონფერენციაში მონაწილეობა: უფასო. 
  • აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 დეკემბემბერი. 
  • წინასწარი რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 დეკემბემბერი. 
  • სატატიის/ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 დეკემბემბერი. 
  • შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირების ვადა: 2024 წლის 11-12 დეკემბემბერი. 
  • კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2024 წლის 13 დეკემბემბერი. 
  • კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი. თბილისი. კოსტავას ქ. #77. 
  • კონფერენციის ორგანიზატორი: სტუ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი: პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. 

ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: conference.cea.2023@gmail.com.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმულები:

ვებგვერდი.

წინასწარი რეგისტრაცია.

სტატიის მომზადების სახელმძღვანელო.

ყურადღება! უნივერსიტეტი ხვალ, 8 ნოემბერს, სწავლება – სწავლის პროცესს ერთი დღით აჩერებს

ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო და თანამშრომლებო, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 8 ნოემბერს სწავლება – სწავლის პროცესი ერთი დღით შეაჩეროს, რაც ეფუძნება თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისაგან“ მიღებული ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თბილისის გარკვეულ უბნებს, მათ შორის საბურთალოს რაიონს, წყალი 24 საათით შეუწყდება.

აქვე გაცნობებთ, რომ 8 ნოემბრის სალექციო კურსების აღდგენა შესაძლებელი იქნება ორშაბათს, 11 ნოემბერს.

სტუ-ის მოცურავეთა გუნდმა 17 მედალი და გუნდური ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“ მოცურავეთა გუნდმა, ბათუმში გამართულ გიორგი კალანდაძის და ალექსანდრე ცინცაძის სახელობის პირველობაზე, 17 მედალი და გუნდური ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. 

ტურნირში „ტონუსის“ (მწვრთნელები – მანანა თურქია და ირინა მინჟულინა) გარდა, მონაწილეობდნენ 2011-2012 წლებში დაბადებული ვაჟები და 2012-2013 წლებში დაბადებული გოგონები აჭარის, გორის, რუსთავის, საჩხერის, ჭიათურის და თბილისის გუნდებიდან.

„ტონუსის“ გუნდის წევრებმა: დავით ახვლედიანმა (2011 წლეს დაბადებული) – 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, მარკოზ ნებუნიშვილმა (2011 წელს დაბადებული) – 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, სანდრო არუთინოვმა (2011 წელს დაბადებული) – 1 ოქრო, 2 ბრინჯაო, სემიონ გავრლიჩენკომ (2011 წელს დაბადებული) – 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო; ივან გავრლიჩენკომ (2013 წელს დაბადებული) – 1 ბრინჯაო, მოიპოვეს. 

ასევე, გუნდურ შეჯიბრში 4X50 კომბინირებულ ესტაფეტაში (გუნდის შემადგენლობა დავით ახვლედიანი, მარკოზ ნებუნიშვილი, სანდრო არუთინოვი და სემიონ გავრილიჩენკო), „ტონუსის“ გუნდმა ოქროს მედლები მოიპოვა, 4X50 თავისუფალი სტილით ცურვაში (გუნდის შემადგენლობა: დავით ახვლედიანი, მარკოზ ნებუნიშვილი, ივან გავრილიჩენკო და სემიონ გავრილიჩენკო) კი – ვერცხლის მედლები.

სტუ-ის პროფესორი UNESCO-UIA-ის არქიტექტურული პროგრამების ვალიდაციის საბჭოს სააკრედიტაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის მოადგილემ და არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UNESCO-UIA) არქიტექტურული პროგრამების ვალიდაციის საბჭოს წევრმა, პროფესორმა გოჩა მიქიაშვილმა კაიროს (ეგვიპტე) უნივერსიტეტის არქიტექტურული ინჟინერიის და ტექნოლოგიების პროგრამის სააკრედიტაციო შეფასების პროცესში მიიღო მონაწილეობა. 

ხუთწევრიანმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში, სტუ-ის პროფესორთან ერთად არიან ბრიტანელ არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის (RIBA) და აფრიკის კონტინენტზე UIA-ის რეგიონული წარმომადგენლები, საფუძვლიანად შეისწავლა კაიროს უნივერსიტეტიდან წინასწარ მიღებული სააკრედიტაციო დოკუმენტაცია და სტუდენტთა პორტფოლიოები და დაადგინა სააკრედიტაციოდ წარმოდგენილი პროგრამის სწავლის შედეგების სრული შესაბამისობა UIA-ის არქიტექტურული განათლების ქარტიის მოთხოვნებთან, შედეგად, მას 5 წლიანი უპირობო ვალიდაცია მიანიჭა.

3 (1).png

სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, დიზაინის საერთაშორისო სკოლის (IDS) დეკანის მოადგილის, პროფესორ გოჩა მიქიაშვილის მონაწილეობა UNESCO-UIA-ის ვალიდაციის კომისიის საქმიანობაში, მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისა და გლობალური ურთიერთობების გაფართოების თვალსაზრისით. 

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ასეთი თანამშრომლობა და ინსტიტუციურ აქტივობებში ჩართვა აძლიერებს როგორც ფაკულტეტის, ისე უნივერსიტეტის რეპუტაციას და აკადემიურ პარტნიორობას, ამავდროულად ხელს უწყობს განათლების განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფისა და კულტურული გაცვლის უფრო ფართო მიზნებს.

უპირველეს ყოვლისა, UNESCO-UIA-ის ეგიდით საერთაშორისო აკრედიტაციის კომისიებში აქტიური ჩართულობა აძლიერებს მასში მონაწილე ინსტიტუტების ხილვადობას და პრესტიჟს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თავისი პროგრამების გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით და მაღალი ხარისხის აკადემიური პრაქტიკისადმი ერთგულების დადასტურებით, საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობს აღიარებული იყოს არქიტექტურული განათლების საზოგადოების აქტიურ მოთამაშედ. ასეთი ურთიერთქმედება ნიშანს აძლევს ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს, ისევე როგორც პროფესორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, რომ უნივერსიტეტი ესწრაფვის დაადაროს თავისი საგანმანათლებლო შეთავაზებები საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

ხარისხისადმი ამ ერთგულებამ შეიძლება გააძლიეროს სტუდენტების მოზიდვის მცდელობები და გაზარდოს ჩვენი, როგორც სასურველი აკადემიური პარტნიორის მიმზიდველობა. მეტიც, ასეთ მისიებში მონაწილეობა ხელს უწყობს აკადემიურ სივრცეში პარტნიორობის განვითარებას. აკრედიტაციის პროცესში ექსპერტთა მრავალმხრივ კომისიებთან და სხვა პრესტიჟული ინსტიტუტების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუძლია ჩამოაყალიბოს მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რომლებიც გზას გაუხსნის ერთობლივი კვლევის ინიციატივებს, თანამშრომელთა გაცვლას და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს კულტურათაშორისი სწავლების გამოცდილების გაზიარებას და სწავლების ინოვაციური მეთოდოლოგიების დანერგვას. ასეთი მცდელობები ქმნის ურთიერთდაკავშირებულ საგანმანათლებლო ლანდშაფტს, სადაც პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ერთნაირად სარგებლობენ გლობალური იდეებისა და პრაქტიკის მდიდარი სპექტრით“, – აცხადებს თამარ წერეთელი. 

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის მოადგილის თქმით, აკრედიტაციის პროცესი მოიცავდა ყოვლისმომცველ დისკუსიებს სასწავლო გეგმის შემუშავების, სწავლების სტრატეგიებისა და შეფასების მეთოდების ირგვლივ, რამაც სააკრედიტაციო კომისიის წევრებს მიაწოდა ღირებულ ინფორმაცია უახლესი საგანმანათლებლო მოდელებისა და არქიტექტურული განათლების განვითარებადი ტენდენციების შესახებ. 

1 (6).png

„ცოდნის გაცვლა ამდიდრებს ჩვენს სასწავლო გეგმას, რაც უზრუნველყოფს მისი აქტუალურობის და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა ასევე ხელს უწყობს უფრო მოქნილი და გლობალურად აღიარებული ჩარჩოების მიღებას, რაც ხელს უწყობს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობის პროცესს ინსტიტუტებს შორის.

გარდა ამისა, საერთაშორისო აკრედიტაციის კომისიაში მონაწილეობა ხაზს უსვამს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სტრატეგიულ როლს კულტურათაშორისი დიალოგისა და აკადემიური სრულყოფის ხელშეწყობაში.

UNESCO-UIA-ის ვალიდაციის კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა უზრუნველყოფს სტუ-ის არქიტექტურული პროგრამების უნიკალური ძლიერი მხარეების წარმოჩენას.

დისკუსიებში ჩართვით, რომლებიც განიხილავდნენ კაიროს უნივერსიტეტის არქიტექტურული პროგრამის შესაბამისობას გლობალურ სტანდარტებთან, შესაძლებლობა მომეცა გამეზიარებინა საკუთარი შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორ შეესაბამება ან აღემატება სტუ-ის არქიტექტურული პროგრამები სტანდარტებს. მსგავსი ჩართულობა უზრუნველყოფს უფრო მყარ საერთაშორისო პარტნიორობას, აძლიერებს ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ რეპუტაციას, ხელს უწყობს  საუკეთესო გლობალური პრაქტიკის ათვისებას და საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობების გაფართოებას“, – აცხადებს გოჩა მიქიაშვილი. 

სტუ-ში სემინარების ახალი ციკლი იწყება – “ABET აკრედიტაციის სტანდარტები და გამოწვევები“

11-22 ნოემბერს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ორგანიზებით,  შიდა საუნივერსიტეტო, online სემინარების ახალი ციკლი (6 სემინარი) ტარდება. 

სემინარის – “ABET აკრედიტაციის სტანდარტები და გამოწვევები“ ხელმძღვანელია საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე.

სემინარები, მიზნად ისახავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის საერთაშორისო, ABET აკრედიტაციის კონცეფციის, აკრედიტაციის პროცესის, ABET სტანდარტებისა და მიღების პროცედურების გაცნობას. 

სემინარების მიმდინარეობისას განიხილება შემდეგი თემები : 

  • ABET სტანდარტები და მიღების პროცედურები;
  • საინჟინრო პროგრამების აკრედიტაციის ABET სტანდარტები;
  • ABET თვითშეფასები ანგარიში; 
  • სტუდენტების სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმები ABET კრიტერიუმებთან მიმართებაში; 
  • პროგრამის სწავლის შედეგების რუბრიკებით შეფასების ეფექტურობა; 
  • დოკუმენტების ორგანიზება ABET აკრედიტაციის შემფასებელთა გუნდისთვის;  
  • როგორ მოვემზადოთ ABET შეფასებისთვის

სტუ-ის მეცნიერები Erasmus+ ოფისის თანამშრომლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, Erasmus K2 პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც სპიკერებმა მარიამ სულაშვილმა და გიორგი მჭედლიძემ საუნივერსიტეტო საზოგადოებას უნივერსიტეტის კვლევითი ტრანსფერისა და უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის მეშვეობით შესაძლებლობების გაზრდის შესახებ განახლებული ცნობები მიაწოდეს. 

სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის გიორგი მიქიაშვილის თქმით, Erasmus+ -ის ოფისის თანამშრომლებთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და მკვლევრების შეხვედრის მიზანია, ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს შორის, თანამშრომლობითი გარემოს ხელშეწყობა, რაც მომავალში მათ დაეხმარებათ, Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში, კონსორციუმის შედგენასა და პარტნიორების მოძიებაში.

2 (5).png

„პროექტის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტების კვლევითი გარემოს განახლება სამიზნე უნივერსიტეტებში კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად უკვე მოქმედებს ერთობლივი კვლევითი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს მიზნობრივ უნივერსიტეტებში, მათ შორის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კვლევითი აქტივობების დაგეგმვას, დანერგვასა და შეფასებას.

მორიგი საინფორმაციო შეხვედრა, ჩვენი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის არის ახალი კონტაქტების მოძიების, ახალი კვლევების ჩატარებისა და მონაცემთა ანალიზისთვის აუცილებელი და საჭირო. Erasmus K2-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები.

დღევანდელ შეხვედრას 13-ვე ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლები ესწრებოდნენ. მათ, ასევე, აქვთ შესაძლებლობა, ინფორმაციის დასაზუსტებლად მომართონ ჩვენს ოფისს. დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტი ნოემბრიდან, თებერვლის ჩათვლით პერიოდს ნაყოფიერად გამოიყენებს და ჩვენი მეცნიერები არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში ჩაერთვებიან. წარმატებებს ვუსურვებ მათ”, – აცხადებს გიორგი მიქიაშვილი.

შეხვედრის დასასრულს,  Erasmus+-ის ოფისის წარმომადგენლებმა შეკითხვებს უპასუხეს. 

სტუ-ის სენატმა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ასოცირებული პროფესორი დავით მახვილაძე დაამტკიცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დავით მახვილაძე, სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) და ფაკულტეტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარდგა. 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და ასევე, სამომავლო გეგმები.

დავით მახვილაძემ, რომელსაც სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, 31 ოქტომბერს მოუსმინა, მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, თანამდებობაზე ყოფნის განვლილი 4 წლის განმავლობაში მხარდაჭერისა და აქტიური, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

როგორც დავით მახვილაძემ კენჭისყრის პროცედურამდე განაცხადა, მისთვის დიდი პატივია, საპასუხისმგებლო პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში განმეორებით მიიღოს მონაწილეობა. 

„ჩემთვის საპასუხისმგებლოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე მოხსენებით გამოსვლა. ჩემი, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილის სამოქმედო გეგმას – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარება და საერთაშორისო აღიარება”, რამდენიმე დღის წინ აკადემიურმა საბჭომ მოუსმინა.

დღეს კი თქვენს წინაშე წარმოვადგენ პროგრამას, რომელიც აერთიანებს სასწავლო და კვლევითი პროცესის, სასწავლო და კვლევითი გარემოს, ინფორმაციის მართვის, ინოვაციების, ტექნოლოგიური ტრანსფერის, ინტერნაციონალიზაციისა და უნივერსიტეტის მესამე მისიის განხორციელების მაჩვენებლის მუდმივი გაუმჯობესების მიზნებს. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმატებით გააგრძელებს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით მახვილაძემ.

წარმომადგენლობითმა საბჭომ დავით მახვილაძის მოხსენება დადებითად შეაფასა და მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. 

სტუ-ის სტუდენტებს კომპანიამ – „ჰანიველ ცემენტი“ ვაკანსიები შესთავაზა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების სტუდენტები კომპანიის – „ჰანიველ ცემენტი“ (ჰაიდელბერგცემენტი) ცემენტის ქარხნის მენეჯერს გიორგი გურასპაშვილს, კომპანიის რეკრუტინგისა და ტალანტების მოზიდვის მენეჯერს ჩარიტა ჩავლეიშვილი და ხარისხისა და კვლევა-განვითარების მენეჯერს თეონა რობაქიძეს შეხვდნენ. 

კომპანიის – „ჰანიველ ცემენტი“, წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი ორგანიზაციების სპეციფიკის, პრიორიტეტული ბიზნესმიმართულებების, ძირითადი ტექნიკური საჭიროებების, მოკლე თუ გრძელვადიანი სტაჟირებების, სამომავლო დასაქმების პერსპექტივების, მენტორინგის სისტემის, სასწავლო მექანიზმებისა და კარიერის განვითარების შესახებ.

გარდა ამისა, დეტალურად ესაუბრნენ აქტიური ვაკანსიების შესახებ და გააცნეს მათ შეთავაზებულ პოზიციებზე დასაქმების რეალური შესაძლებლობა.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძობს დამსაქმებლებთან – საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პროფილის კომპანიებთან სტუდენტების ინტერაქციული შეხვედრების ციკლის ორგანიზებას, სტაჟირების, ასევე, სამომავლო დასაქმების მიზნით. 

Cover gtu.png (20).jpg

„სტუდენტების დასაქმება კომპანიაში შესაძლებელი გახდება სტაჟირების გავლის შემდეგ. ის სტუდენტები, რომლებიც მაქსიმალურად გამოავლენენ თავიანთ უნარებსა და ცოდნას, წარმატებით დასაქმდებიან „ჰანიველ ცემენტში“, და მომავალშიც მიეცემათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

უნივერსიტეტის მთავარი მიზანია, მუდმივად ვიყოთ კოლაბორაციაში დამსაქმებელთან, შევახვედროთ სტუდენტებს, გავუადვილოთ დასაქმების პროცესი ახალგაზრდებს, და რაც ყველაზე მთავარია, ვიყოთ ხიდი ახალგაზრდა თაობასა და დამსაქმებელს შორის, რათა სტუდენტებმა უნივერსიტეტის მხრიდან ცალსახად იგრძნონ ძლიერი მხარდაჭერა და ზრუნვა მათი კარიერული განვითარებისთვის, ხოლო დამსაქმებელმა თვალნათლივ დაინახოს, რომ უნივერსიტეტთან აქტიური კოლაბორაციის შედეგად, გაცილებით მარტივად მოიძიებს ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებს”, – აცხადებს ნატო ქათამაძე. 

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა თეონა რობაქიძემ აღნიშნა: „ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი დასაქმების პროგრამა თქვენთვის. ჩვენი თრეინი პროგრამის მიზანია, მოტივირებული, ყოჩაღი და მოცემული სფეროთი დაინტერესებული თქვენგანი მოვიზიდოთ, დავაინტერესოთ და განვავითაროთ როგორც ერთ-ერთი მიმართულების მენეჯერი“. 

„ჰანიველ ცემენტმა“ სტუდენტებს წარმოების მიმართულებით ცვლის უფროსის, ტექნოლოგის, ელექტრიკოსის, მექანიკოსის, ლოჯისტიკის, ქარხნის მენეჯერის თანაშემწის, საერთო ჯამში 13 ვაკანსია შესთავაზეს. 

სტუ-ში სტუდენტების ინდივიდუალურ საგანმანათლებლო გეგმაზე გადაყვანისთვის განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, სტუ-ის სტუდენტების ინდივიდუალურ საგანმანათლებლო გეგმაზე გადაყვანისთვის განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრა. 

განცხადებების მიღება, 2024 წლის 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 31 ოქტომბრის დადგენილება (N 01-05-04/166)

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?