სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენება მოისმინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დავით მახვილაძე, სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული არჩევნების ფარგლებში, სტუ-ის აკადემიური საბჭოს, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, სტუ-ის სენატის და ფაკულტეტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარსდგა. 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და ასევე, სამომავლო გეგმები.

დავით მახვილაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს მხარდაჭერისათვის. როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა და ამასთანავე, თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა განაცხადა, რომ სამოქმედო პროგრამა –  „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარება და საერთაშორისო აღიარება”, მიზანმიმართულია საუნივერსიტეტო ცხოვრების თითოეული მიმართულებისთვის შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტის და საუკეთესო  რეკომენდაციის დაკმაყოფილებაზე და აერთიანებს სასწავლო და კვლევითი პროცესის, სასწავლო და კვლევითი გარემოს, ინფორმაციის მართვის, ინოვაციების, ტექნოლოგიური ტრანსფერის, ინტერნაციონალიზაციისა და უნივერსიტეტის მესამე მისიის განხორციელების მაჩვენებლის მუდმივი გაუმჯობესების მიზნებს.

„ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ მივიღო მონაწილეობა ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის განვლილმა ოთხმა წელმა საშუალება მომცა ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა უნივერსიტეტის მუშაობის წარმატებაში.

4 წლის წინ უნივერსიტეტი  სხვა გამოწვევების წინაშე იდგა. ჩვენ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, შევძელით არსებული პრობლემების აღმოფხვრა, ახლა ჩვენს წინაშე სხვა გამოწვევები დგას.

აკადემიური საბჭოს წინაშე, ჩემს მიერ წარმოდგენილი სამოქმედო პროგრამის მიხედვით, უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის პოზიტიური ზემოქმედების მიმართულებებად  განიხილება: ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი გაუმჯობესება; ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანი პოზიციონირება; მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების შემუშავებისა და დამტკიცების, განვითარების პროცესის მუდმივი სრულყოფა; სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება-სწავლა და შეფასება; სამეცნიერო-კვლევითი პროცესების ინტერდისციპლინურობა, ინტერნაციონალიზაცია და ტრანსდისციპლინურობა; ინტელექტუალური საკუთრების და არამატერიალურ სიკეთეთა დაცვის ეფექტიანობა; სამეცნიერო კვლევების კომერციალიზიის შესაძლებლობების გაძლიერება; სტუდენტების მხარდაჭერის სერვისები; საუნივერსიტეტო ცხოვრების გამრავალფეროვნება, მათ შორის, კულტურული და სპორტული მიმართულებით; ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში დამკვიდრებული ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა.

შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის გაძლიერება და განხორციელება მხარდაჭერილია უნივერსიტეტის რექტორატის, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურული ერთეულის, ხოლო ფაკულტეტზე – დეკანატის, ფაკულტეტის საბჭოს და ფაკულტეტის ყველა დამხმარე სტრუქტურული ერთეულის მიერ.

შესაბამისად, უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომელი, სათანადო კვალიფიკაციით, დაკავებული თანამდებობის შესაბამისი სამსახურებრივი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობითი და/ან შემსრულებლის ფუნქციით ჩართულია შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის განხორციელებაში. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული სწორედ მონაცემთა ბაზების შექმნის, ოპტიმიზების და საუნივერსიტეტო კვლევებისთვის მათი ეფექტიანი გამოყენების მიმართულებით.

უნივერსიტეტში იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა შინაარსის და მასშტაბის ღონისძიებები ყველა კატეგორიის პერსონალისთვის, სიახლეების გაცნობის, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების, მიმდინარე გამოწვევების განხილვის, დაგეგმილი ღონისძიებების მომზადების, მხარდაჭერის გაძლიერების, მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების გაზიარების, აღიარების და სხვა მიზნებისათვის.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ ვიცე-რექტორებს, კანცლერს, დეკანებს, ყველას, ვინც გასული 4 წლის განმავლობაში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობდა, განსაკუთრებული მადლობა რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით მახვილაძემ. 

აკადემიურმა საბჭომ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გამოაცხადა.

აკადემიურმა საბჭომ N01-05-04/162 დადგენილებით 31 ოქტომბრისთვის კანდიდატთა სამოქმედო პროგრამის მოსმენა, არჩევნები კი 1 ნოემბრისთვის ჩანიშნა.

სტუ-ის რექტორმა მეცნიერებს, მარინა მენთეშაშვილს და ვაჟა ტარიელაძეს, საპატიო დიპლომები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის  ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატს, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს მარინა მენთეშაშვილს და ამავე ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ინსტიტუტის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების განყოფილების ხელმძღვანელს, პროფესორ ვაჟა ტარიელაძეს საპატიო დიპლომები გადასცა.

როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მარინა მენთეშაშვილმა და ვაჟა ტარიელაძემ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდეს და უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში. 

„ილია ჭავჭავაძემ ბრძანა: „დიდბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის და დიდებულნი საქმენი გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, ამხნევებენ. ერი თავისი გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა სურს და ეგრეც არის, საცა ერი ერობს”, – ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თითოეული ჩვენგანის, მეცნიერისა და მკვლევრის მოღვაწეობის ქვაკუთხედი. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს ღირსეული მეცნიერების დაფასება და მივცეთ მაგალითი.

სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, დააფასოს გამორჩეული ადამიანები.

უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე მარინა მენთეშაშვილის და ვაჟა ტარიელაძის  დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ღვაწლმოსილი პედაგოგიებსა და მეცნიერებისთვის უნივერსიტეტის საპატიო დიპლომის გადაცემის თაობაზე. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ქალბატონ მარინას და ბატონ ვაჟას და წარმატებებს ვუსურვებ”, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის სტუდენტები ეროვნულ მუზეუმში შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ

„ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ყველას, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის წარსული, კულტურა, ტრადიციები მთავარი ღირებულებებია, ვურჩევ ეროვნულ მუზეუმში გაეცნონ ქართული ქრისტიანული კულტურის პირველსაწყისსა და მუზეუმში დაცულ ექსპონატებს, რომელთა შორის, იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი, არის საქართველოს უკვდავი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნოდარ ტაბიძის კლუბის პრეზიდენტმა, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა არჩილ გურგენიძემ, ეროვნულ მუზეუმში შემეცნებითი ექსკურსიის შეფასებისას განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ქრისტიანული კულტურის კვლევითი ლაბორატორიის ინიციატივითა და ნოდარ ტაბიძის კლუბის, ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტები იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის გასაცნობად საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორის, ქრისტიანული კულტურის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელის კახა ძაგანიას თქმით, ეროვნულ მუზეუმში ვიზიტს შემეცნებითი ექსკურსიის დატვირთვა ჰქონდა.

„ქრისტიანული კულტურის კვლევითი ლაბორატორია, რექტორის მხარდაჭერით, მუდმივად ატარებს გასვლით ღონისძიებებს, რომლის ძირითადი მიზანია, სტუდენტებს შორის, ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბება და დაცვა.

სტუდენტების ეროვნულ მუზეუმში ვიზიტი, შემეცნებითი ექსკურსია უკავშირდება იოანე ზოსიმეს უნიკალურ ხელნაწერს.

ბერმა იოანემ დაგვიტოვა „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, რომლის ოთხი ხელნაწერიდან სამი სინას მთაზე, მეოთხე კი პეტერბურგში, ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება.

Cover gtu.png (16).jpg

პალიმფსესტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და აჩუქა მუზეუმს, იოანე ზოსიმეს პირველი ხელნაწერია, რომელმაც საქართველოში დაიდო სავანე. ამ უნიკალური ხელნაწერის და სხვა ღირსშესანიშნაობების გასაცნობად, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის გადაწყვეტილებით, ნოდარ ტაბიძის კლუბთან ერთად მოვაწყვეთ შემეცნებითი ექსკურსია.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო და საინტერესო, ემოციებით დატვირთული გასვლითი ღონისძიება, რისთვისაც მადლობას ვუხდი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძეს, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორს ნიკა ახალბედაშვილს და მოადგილეს კახა ჭუმბაძეს“, – აცხადებს კახა ძაგანია. 

ცნობისთვის: ლონდონში, Christie’s-ის აუქციონზე იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი მეცენატმა და ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის ივნისში შეიძინა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა საჩუქრად.

წიგნი პალიმფსესტია, თავდაპირველ ტექსტზე მოგვიანებით სხვა ტექსტი არის დატანილი. ძველი ნაწერი დასავლური არამეული დიალექტია, რომელზეც ქრისტიანები V-XII საუკუნეებში პალესტინასა და ტრანსიორდანიაში ლაპარაკობდნენ.

ეს დიალექტი მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერში შემორჩა. უკვე X საუკუნეში იმავე ფურცლებზე ქართული ტექსტია გადაწერილი, ხუცური ანბანით. წიგნის ფორმატი 200Х150 მილიმეტრია, 70 გვერდი. დაწერილია 979 წელს, რასაც ერთ-ერთ გვერდზე თავად გადამწერი, იოანე ზოსიმე მიუთითებს.

სტუ-ის სამი ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა პრემია და ყოველთვიური სტიპენდია გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სამი სტუდენტი, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა ყოველთვიური სტიპენდიით დააჯილდოვა, ამასთან ერთად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით სტუ-ში ჩარიცხული უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი, ამჟამად აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი ბაკალავრი ფონდის პრემიის მფლობელი გახდა. 

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიატები გახდნენ გასული სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: გეგა ჯერენაშვილი – სამშენებლო ფაკულტეტიდან, უჩა მჭედლიშვილი – არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან და შოთა იველაშვილი – აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან; ფონდის პრემია კი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2024/2025 სასწავლო წელს უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტს, ნატალი კუპრეიშვილს გადაეცა, რომელიც არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია. 

2 (3).png

სტიპენდიატ და პრემიის მფლობელ სტუდენტებს ჯილდოების დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელმა გოგა ჩანადირმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე გადასცეს, რომელსაც სამშენებლო, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების სტუდენტები, დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელის განცხადებით, სტუ-ის სამივე სტიპენდიატი საგანმანათლებლო ფონდისგან, შემოდგომის სემესტრში, ყოველთვიურად, 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს, ხოლო პრემიის მფლობელ სტუდენტს ფონდი ერთჯერად ჯილდოს – 1500 ლარს გადასცემს. 

უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტებს მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა სტუ-ის ვიცე-რექტორმა.

თამარ წერეთლის განცხადებით, საგანმანათლებლო ფონდიდან სტიპენდიისა და პრემიის მიღება მოტივაციას უზრდის არა მხოლოდ ჯილდოს მფლობელ ახალგაზრდებს, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებსაც. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს მნიშვნელოვანი ინიციატივისა და სწავლის წახალისებისთვის.

სტიპენდიების მოპოვება ძლიერი სტიმულის მიმცემია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ მათი პედაგოგებისთვისაც. სასიხარულოა, რომ სტუდენტების შრომა ამდენად ფასდება და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ, სახელმწიფოს გარდა, დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ფონდიც გადასცემს ყოველთვიურ სტიპენდიას.

სწავლის წახალისება და მოპოვებული ჯილდოები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სწავლაზე ორიენტირებული ყველა ახალგაზრდისთვის. სწორედ მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენს საზოგადოებაში სწავლა დაფასებულია.

ღრმად ვართ დარწმუნებული, მათ მიმბაძველებიც გამოუჩნდებიან. ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს! ნებისმიერი ახალგაზრდისთვის მსგავსი წარმატება უტყუარი წინაპირობაა იმისა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, როგორც მაღალპროფესიონალებმა, ღირსეული ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში და უნივერისიტეტში შეძენილი ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმარონ“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.

როგორც ფონდის ერთ-ერთმა სტიპენდიატმა, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრმა უჩა მჭედლიშვილმა დაჯილდოების ღონისძიებაზე აღნიშნა, სასიხარულოა, როცა სტუდენტის შრომა ფასდება და მას, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის კერძო საგანმანათლებლო ფონდი სტიპენდიას უნიშნავს.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა არა მხოლოდ მოპოვებული სტიპენდიით, არამედ უნივერსიტეტში სწავლის, ახლის შემეცნების პროცესითაც შეძლოს სიამოვნების მიღება და ამასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს ცოდნის მაძიებლად.

ჯილდოების გადაცემის შემდეგ, გოგა ჩანადირი სტუდენტებს საგანმანათლებლო ფონდის სასტიპენდიო პროგრამის მიზნებისა და მნიშვნელობის, ასევე, მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, სემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს. 

სტუ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფმა კლაუს ჰიპმა კონკურსის – „HIPP – 2024“ – გამარჯვებულები დაასახელა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა გერმანელმა მეცენატმა, ხელოვანმა და მეწარმემ, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდ HIPP-ის დამფუძნებელმა, სტუ-ის საპატიო დოქტორმა კლაუს ჰიპმა 2024 წლის ჰიპის კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა.

ჰიპის კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად გამართული ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა.

როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კომპანია HIPP-თან მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის საფუძველზე, კომპანია სტუდენტებისათვის, წელიწადში ორჯერ,  ატარებს კონკურსს და გამარჯვებულები გერმანიაში გადიან სტაჟირებას.

ვიცე-რექტორის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტმა გაიარა სტაჟირება.

Cover gtu (2).jpg

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მსოფლიო ბრენდ HIPP-ის დამფუძნებელთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. კლაუს ჰიპი ატარებს კონკურსს და გამარჯვებულ სტუდენტებს იწვევს გერმანიაში, საკუთარ საწარმოში ერთთვიანი საზაფხულო პრაქტიკის გასავლელად. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების მოგზაურობის, ცხოვრებისა და კვების სრულ დაფინანსებას კლაუს ჰიპი უზრუნველყოფს.

კონკურსის გამარჯვებულებს საშუალება ეძლევათ, ერთი თვის განმავლობაში იმუშაონ HIPP-ის საწარმოს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ, საფინანსო თუ ლოჯისტიკურ განყოფილებებში. ეს არის უნიკალური საშუალება, სტუდენტებმა მიიღონ ევროპული გამოცდილება ისეთ მაღალტექნოლოგიურ და წარმატებულ კომპანიაში, როგორიცაა HIPP-ი“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ. 

კლაუს ჰიპმა სტუდენტებს შესთავაზა, ქართული ბიზნესისთვის შექმნან კრეატიული, ექსკლუზიური, მარტივი, ბრენდირებული პროდუქტი. 

მეცენატის განცხადებით, კონკურსის გამარჯვებულებმა – არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ სულაბერიძემ და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა ელისაბედ გუნთაიშვილმა წარმოადგინეს უნიკალური და ორიგინალური იდეები, რომლებსაც პრაქტიკულობა და ჰიპის ღირებულებებთან შესაბამისობა ახასიათებთ. 

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური კონკურსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ კრეატიული და პრაქტიკული დიზაინისა და ბიზნესიდეები, რაც ხელს უწყობს ახალ თაობას საკუთარი ხედვებისა და შემოქმედების განვითარებაში.

რუსიკო ჯანელიძის ხსოვნას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოება და ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს რუსიკო ჯანელიძის გარდაცვალების გამო.

ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ოპტიკურად მართვადი ანიზოტროპული სისტემების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკა – მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი რუსიკო ჯანელიძე, 1974 წლიდან მოღვაწეობდა ინსტიტუტში.

ამ პერიოდში გამოაქვეყნა 76 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო გამოცემებში.

რუსიკო ჯანელიძეს 30-ზე მეტ სამეცნიერო ფორუმში აქვს მონაწილეობა მიღებული და 9 პატენტისა და გამოგონების ავტორია. 

ირინე კამკამიძის ხსოვნას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოება და ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს ირინე კამკამიძის გარდაცვალების გამო. 

ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი ირინე კამკამიძე 1963 წლიდან მოღვაწეობდა კიბერნეტიკის ინსტიტუტში.

მოღვაწეობის პერიოდში 40 – მდე ნაშრომის გამოაქვეყნა.

მონაწილეობა აქვს მიღებული 8 სამეცნიერო ფორუმში და ავტორია 10 გამოგონებისა და პატენტის, ასევე, მონაწილეობდა 3 საერთაშორისო საგრანტო პროექტში. 

სტუ-ში ახალი წიგნის – „Python კომპიუტერული მეცნიერებისა და მონაცემთა მეცნიერებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მკვლევრებმა, სტუდენტებსა და აკადემიურ-სამეცნიერო წრეებს ცნობილი ამერიკელი მკვლევრების – პაულ და ჰარვი დეიტელების წიგნის – „Python კომპიუტერული მეცნიერებისა და მონაცემთა მეცნიერებისთვის“ (Python for Computer Science and Data Science) ქართული თარგმანი წარუდგინეს. 

900-გვერდიანი სამეცნიერო გამოცემის ქართულ ენაზე თარგმნის პროექტზე, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საგრანტო პროექტის – „ამერიკელი ავტორების წიგნების თარგმნის პროგრამის“ ფარგლებში მომზადდა, მუშაობდა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორთა და მკვლევართა ჯგუფი: დეკანის მოადგილე ლილი პეტრიაშვილი – პროექტის ხელმძღვანელი, დეკანის მოადგილე ნონა ოთხოზორია, ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ჩხაიძე და მოწვეული პედაგოგი ნათია ქუხილავა. წიგნის ქართულ ენაზე თარგმანი ეკუთვნის ნანა ქუჩულორიას, რედაქტორი კი ნელი ქაფიანიძეა. 

Cover gtu.png (14).jpg

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი წიგნის – „Python კომპიუტერული მეცნიერებისა და მონაცემთა მეცნიერებისთვის“ პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი თამარ ლომინაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი თალიკო ჟვანია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გრანტების მენეჯერი ანა ხარიბეგაშვილი, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის (AFRD) პრეზიდენტი კახა ნადირაძე, საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ „ამერიკელი ავტორების წიგნების თარგმნის პროგრამის“ ფარგლებში მოპოვებული შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოში ამერიკის საელჩოსა და პროგრამის მესვეურებს, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის კი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს. 

თამარ ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ძალისხმევასა და უდიდეს შრომაზე, რაც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ სტუდენტებისა თუ დაპროგრამების შესწავლით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის საერთაშორისო სივრცეში მოწინავე, ამავდროულად, ძალიან ღირებული ახალი სამეცნიერო ლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე შესთავაზოს სტუდენტებსა და დაპროგრამების შესწავლით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს მნიშვნელოვანი სპეცლიტერატურა, რომელიც ცნობილი ამერიკელი მეცნიერების, პაულ და ჰარვი დეიტელების ავტორობით არის შექმნილი.

Python-ი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული ენაა, რომლის პოპულარობის ინდექსი PYPL-ის მიხედვით ყველაზე მაღალია. წიგნში თავმოყრილია Python-ის შესწავლის უნიკალური მიდგომები, ყველაზე აქტუალური თემები და აპლიკაციები, ასობით მაგალითი, სავარჯიშო და პროექტი (EEP), რომელთა შესწავლა სტუდენტებს აძლევს საინტერესო, სახალისო, მაგრამ, ამავე დროს, რთულ წიაღსვლებს Python-ით დაპროგრამებაში, კომპიუტერულ და მონაცემთა პრაქტიკულ მეცნიერებებში.

რაც მთავარია, ამ წიგნის მოდულური არქიტექტურა, რეალური სამყაროს მონაცემთა ეს ნაკრები და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში წვდომა ჩვენს ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ გაიღრმაონ ცოდნა დაპროგრამების მიმართულებით, არამედ იმუშაონ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებსაც არსებითი გავლენა აქვს ჩვენს ყოფითობაზე, ბიზნესსა და ინდუსტრიაზე“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ. 

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, წიგნი კომპლექსურია და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა დიდი ზომის მონაცემები, ხელოვნური ინტელექტი და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები.

მისი თქმით, ახალი გამოცემა სტუდენტებს გააცნობს მონაცემთა მეცნიერებაში ყველაზე ცნობილ და ხშირად გამოყენებად ბიბლიოთეკებს, კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მთავარ იდეებს, მონაცემთა იერარქიას, დაპროგრამების ენების სხვადასხვა ტიპებს, ამასთანავე, შეუქმნის შესაძლებლობას, Python-ით დაპროგრამების თეორიულ ცოდნასთან ერთად, შეიძინონ პროგრამული ინსტრუქციების წერის პრაქტიკული გამოცდილება და შეძლონ თვითშემოწმება.  

ქართულ ენაზე გამოცემული წიგნით – „Python კომპიუტერული მეცნიერებისა და მონაცემთა მეცნიერებისთვის“ – განსაკუთრებული დაინტერესება ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა გამოხატეს.

როგორც ახალგაზრდებმა აღნიშნეს, დაპროგრამების შესასწავლად Python-ი, JavaScript-თან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენაა ინდუსტრიაში, რომელზეც მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. მათი თქმით, სტარტაპების უმეტესობა Python-ზე დაფუძნებულ backend ფრეიმვორქს იყენებს, როგორიცაა Django და Flask-ი. 

ახალ გამოცემას მაღალი შეფასება მისცეს და ზოგადად, უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნის საჭიროებაზე ისაუბრეს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და დარგის მკვლევრებმა. 

სტუ-ში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულების ფარგლებში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა.

პროფესორმა თამარ წერეთელმა დამსწრე საზოგადოებას აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა, ამდენად, უნივერსიტეტის მეცნიერებისთვის აფხაზური ენის დაცვის მიზნით ენის კვლევა და სამეცნიერო შესწავლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

„დროებით ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ტკივილია, ხოლო აფხაზური ენა, რომელიც ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაა, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შემადგენელი ნაწილია. ძნელია ემოციების გარეშე ისაუბრო აფხაზეთზე. გვჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლების კეთილგონივრული, მშვიდობიანი ნაბიჯებით, აფხაზეთი დედა-სამშობლოს წიაღს აუცილებლად დაუბრუნდება.

აფხაზური ენის დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს დებსა და ძმებს, ვისთვისაც აფხაზური ენა მშობლიურია, ასევე მათ, ვისთვისაც აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ღირებულებაა. სამწუხაროა, რომ აფხაზური ენა მსოფლიოს იმ ენებს შორისაა, რომელსაც გაქრობა ემუქრება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი. ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეები ჩართული არიან აფხაზური ენის დაცვა-შენარჩუნების პროცესში. მნიშვნელოვანია, ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს აფხაზური ეთნოსის, ენისა და კულტურის დასაცავად. ეს მკაფიო ნაბიჯია იმისათვის, რომ უფრო აქტიურად განვახორციელოთ სამშვიდობო პოლიტიკა”, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 

შეხვედრაზე, რომელიც წარიმართა მოწოდებით “ქართული და აფხაზური ენებით, კულტურებითა და ტრადიციებით მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველოთი ევროპისკენ”, დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით “ქართული და აფხაზური ენების ტექნოლოგიური ანბანების შემუშავების აუცილებლობები და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ციფრული ჰუმანიტარიისა და გამოთვლითი ლინგვისტიკის“ სამსაფეხურიანი (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) სასწავლო პროგრამის დაფუძნების მიზნები“ წარდგა სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის დირექტორი, ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ გოჩა ჩიტაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მკვლევრისა და პედაგოგის, გოჩა ჩიტაიშვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს ჩიტაიშვილის ოჯახს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტსა და საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტს. 

„67 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გოჩა ჩიტაიშვილი. მკვლევარი, პედაგოგი, რომელმაც მრავალი წარმატებული და მაღალკვალიფიციური კადრი აღზარდა. 

გოჩა ჩიტაიშვილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ნაყოფიერი 40 წელი აკავშირებს და ამ ხნის მანძილზე მან საუნივერსიტეტო საზოგადოებას და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა როგორც მაღალკვალიფიციურმა, დიდბუნებოვანმა კოლეგამ და შესანიშნავმა პედაგოგმა.

სამძიმარს ვუცხადებთ, ჩიტაიშვილების ოჯახს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტსა და საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტს, მის მეგობრებს, კოლეგებს და აღზრდილებს“, – აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

ინფორმაციისთვის: გოჩა ჩიტაიშვილი დაიბადა 1956 წ. 27 აგვისტოს, თბილისში. 1973-1978 წლებში სწალობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ლითონსაჭრელი ჩარხები და იარაღების სპეციალობაზე და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია.

1984 წლიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე და ეკავა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა.

წლების განმავლობაში იყო მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრის გამგის მოადგილე, ასევე იყო საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2014 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე სივრცითი გეომეტრიული ამოცანების გადაწყვეტა AutoCAD-ის უახლესი ვერსიის გამოყენებით.

იყო მრავალი სახელმძღვანელოს, მეთოდიკური მითითებების, სამეცნიერო სტატიის და მონოგრაფიის ავტორი. 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?